„თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, მისი ნაწილი ივანიშვილთან მიდის. მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ პოზიციების გასამყარებლად ერთი კლანი მეორეს ებრძვის“ – მოკლედ ასე აფასებს ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის [„ზარალას“] დაკავება, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრა, რაც შსს-ს ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაა და ასე შემდეგ.
„ბათუმელები“ რომან გოცირიძეს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა.
- ბატონო, რომან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესი ძირითადად „ოცნების“ „მხარეს არის“ და შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“ ამ ნაწილში რაიმე დისკომფორტის ნიშნებს ვერ ხედავს, საზოგადოების ნაწილი მაინც თვლის, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ თავად რამიშვილმა შემთხვევას „შეცდომა“ უწოდა, მაინც იყო სიგნალი ბიზნესისთვის. ეს ასეა?
საქართველოში არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ბელარუსში ან თურქმენეთში, ან თუნდაც აზერბაიჯანში.
ჩვენ მივდივართ ავტორიტარული რეჟიმისაკენ. თუ დავაკვირდებით, როგორ კანონებს იღებს რუსული ხელისუფლება და რა რეპრესიულ ნაბიჯებს დგამს… მაგრამ ჯერჯერობით აქ არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც რუსეთში, რომ უფრო მეტად ამოიღოს ხმა ბიზნესმა და ციხეში მოხვდეს.

რომან გოცირიძე
მსხვილი ბიზნესი შექმნილ ვითარებაში არის დამნაშავე, ვინაიდან მორჩილებამ, მათმა სიხარბემ და ანგარებამ, იმ პროექტებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან მიიღეს სასათბურე პირობებში – საუკეთესო მიწები, ტენდერებში გამარჯვებები, ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს თუ სხვა, მიიღეს ასევე საუკეთესო ადგილებზე მშენებლობის უფლებები და აშენებენ ცათამბჯენებს და ეგრეთ წოდებული ბიზნესასოციაცია, სადაც არის თავმოყრილი ეს ბობოლა ბიზნესმენები, წლებია, არათუ ხმას არ იღებენ, როდესაც ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, არამედ ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოდიან ამ რეჟიმის გამაძლიერებლად.
მაგრამ ეს ძალიან მარტივია და ავტორიტარული ქვეყნების ისტორია ამას გვასწავლის, რომ ჯერ იწყება ოპოზიციის განადგურება და შემდეგ ნადგურდება ბიზნესი. მოახრჩობენ ამ ბიზნესს და ფაქტობრივად ეს იქნება ივანიშვილის, ასე ვთქვათ, კლანური მმართველობა.
თუნდაც ძალიან სკანდალური საქმე ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ავლენს ამ ქვეყნის უკვე მაფიოზურ ბუნებას, ავტორიტარული ქვეყნები ერთმანეთის მოკავშირე რომ არიან. ამიტომ უნდა ივანიშვილს ააშენოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის სამეზობლოში, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანში, საემიროებში…
უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, ჯერ დეპორტაცია არ მოუხდენია, სასამართლო პროცესები არ გაუვლია, მოიტაცეს ბაჩიაშვილი. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ კოდები, რომელიც ბიტკოინის გასაღებია, გამოსძალონ. ჯერჯერობით ჰყავს მშვიდად, მაგრამ დაიწყება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ალბათ მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ აიძულებენ დათმოს ეს და იღებენ კანონებს, რომ არ გადააფორმოს რაიმე ოჯახზე.
აბსურდული კანონი მიიღეს, რომელიც არის ივანიშვილის პირადი მომსახურებისთვის და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება.
თუ ვინმეს ვალი აქვს და ვერ დაფარავს, უცხოეთში არ გაუშვებენ და მისი ოჯახის წევრისგან შეუძლია ამოიღონ ყველა ქონება, ბინაც გაუყიდონ და ყველა აქტივი, ანუ ასე ვთქვათ, მთელი კანონმდებლობა ივანიშვილის ფულის შოვნის ირგვლივ არის აგებული, მათ შორის ოფშორების კანონი.
- სინამდვილეში გავლენების განაწილებას დაარქვეს კორუფციასთან ბრძოლა?
ვყალიბდებით მაფიოზურ სახელმწიფოდ, ხოლო მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების მოსაპოვებლად და პოზიციების გასამყარებლად, ერთი კლანი მეორეს ებრძვის.
იგივე, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თვითმკვლელობის მცდელობა… თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლის… საბოლოო ჯამში მისი ნაწილი მიდის ივანიშვილთან.
ასევე, მიდის ღარიბაშვილის კლანის მეორედ ჩამოცურება.
ჯერ პირველად როცა იყო პრემიერ-მინისტრი [ღარიბაშვილი], თქვა, ნათესავები უშლიან ხელს, თორემ კარგი ბიჭიაო და მოხსნა ამის გამო და მერე მისი ნათესავები გაყარა ხელისუფლებიდან, თუმცა ფული არავისთვის წაურთმევია. მისი ნათესავები მშვენივრად აგრძელებენ და დღეს მილიონერები არიან, არავინ არ დასჯილა იმ ფულის მიტაცებისათვის, კახურ კლანს ეძახდნენ და გვახსოვს ის გამონათქვამი ღარიბაშვილის, რომ ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიანო.
მეორედ მობრუნებულს ახლა ხელახლა უკეთებენ იმავეს, ფაქტობრივად გააგდეს პარტიიდან, მისი გუნდიდან ყველა ჩახსნეს.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი [თორნიკე რიჟვაძე] თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ვინაიდან მას აბრალებენ ნარკოდამნაშავეების მფარველობას და ტოტალურ კორუფციას რეგიონში.
კობახიძემ უტიფრად განაცხადა, თავს იმიტომ იკლავდა, რომ ჟურნალისტებმა შეაწუხესო. არცერთ სიუჟეტში არავის არ დაუბრალებია მისთვის ნარკოვაჭრობის მფარველობა, ეტყობა ვერ მიაღწია ამ თემამ ჟურნალისტებამდე, თორემ შეიძლება ამაზეც ყოფილიყო გამოძიება, მაგრამ ეს არის ის საკითხები, რაც მან ყველაზე კარგად იცის და რაც დაწერა, მას არ უთქვამს ჟურნალისტების გამო ვიკლავ თავსო, მან ფაქტობრივად ივანიშვილს და კობახიძეს მოსთხოვა მისი ოჯახის და ახლობლების დაცვა, თქვა – მე ვარ ყველაფერში თავი და თავი და ჩემი გარემოცვა აქ არაფერ შუაშია, ყველა გადაწყვეტილება ჩემს მიერ მიიღებოდაო.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ გადარჩება, იმიტომ, რომ სიკვდილისთვის არავის არ ემეტება და თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო ოდესმე და ზნეობრივად გაიაზრა ეს ყველაფერი, როდესაც ის გამოჯანმრთელდება და არ აჰყვება ამ ხელისუფლების მიერ დადგმულ სცენარს, გაბედავს და იტყვის სიმართლეს… თუმცა ეჭვი მეპარება, რადგან აქ მის პირად სიცოცხლეზე არ არის საუბარი, ამიტომ, რასაც დაუწერენ, იმას წაიკითხავს.
- ანუ ეს წერილი თქვენთვის სარწმუნოა? ფიქრობთ, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა?
მე მგონია, რომ კი. არა აქვს მნიშვნელობა ორი ფერის კალმით დაიწერა, თუ ერთი ფერის კალმით და ეს წერილი ჯიბეში ედო თუ სხვაგან, ეს არის ფაქტობრივად ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა, აიძულეს, რომ თვითმკვლელობა ჩაედინა, ეს აიძულა ხელისუფლებამ, ოღონდ ამ შემთხვევაში პოლიცია კი არ მოქმედებდა სამართლებრივად, საჯაროდ, ბრალის ოფიციალური წაყენებით, კორუფციული ბრალდებების ჩამონათვალით, არამედ კულუარულად.
არა იმისთვის, რომ დაესაჯათ დამნაშავე, დასასჯელად კი არა, არამედ დამნაშავის კლანის სხვა კლანით ჩასანაცვლებლად და შემდეგ ნაშოვნი ფულის სხვადასხვა ყულაბაში გადასანაწილებლად.
ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დევნა, მაშინ სხვაა, მაგრამ ეს იყო ქურდული, კრიმინალური დევნა და ვერ გაუძლო ამ დევნას, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა, პირდაპირ თვითმკვლელობის მცდელობა ივანიშვილისა და იმ ძალოვნებისა, რომლებიც მას აშანტაჟებდნენ არაფორმალურად, თუმცა შესაძლებელია, სამართლიანად უყენებდნენ ბრალს.
- მაბრალებენო წერს და ბოლოს ივანიშვილს და კობახიძეს სთხოვს ოჯახის დაცვას, ვის უნდა დაებრალებინა, ვის გულისხმობს თქვენი ვერსიით?
ეს არის ზოგადად აგონიაში მყოფი ადამიანის ილუზია.
კარგად არის ცნობილი გამოთქმა, რომ „სტალინმა არ იცოდა“, ათეულობით მილიონი ადამიანი დახვრიტეს და მსხვერპლი ფიქრობდა, რომ ეს იყო შუალედური რგოლის უსამართლობა. ზოგი სიკვდილის წინ დიდება სტალინსო – იძახდა და ეგონა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელსაც უშვებდნენ საბჭოთა ხელქვეითები, რომ ამას როგორ გააკეთებდა სტალინი.
ესეც ასეა.
თავის მოტყუებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა და ბიძინას გარეშე კეთდება რამე. ამ დონის რეპრესიებს, სადაც აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს ფორმალურად თუ არაფორმალურად და სხვა რეზონანსია მისი დევნა, ისევე როგორც მინისტრის მოადგილის დაპატიმრებაც არ არის უბრალო ამბავი და ის მინისტრის მოადგილეც შეიძლება გულუბრყვილოდ ფიქრობდეს, რომ ივანიშვილმა არ იცის, შეიძლება კობახიძემ მოუწყო…
ან თავს იტყუებს. როდესაც ადამიანი აგონიაშია, ის წყალწაღებული ხავსს ეჭიდება და ფიქრობს, რომ ივანიშვილი არ არის ამაში დამნაშავე და მშველელად მას მიმართავს ამ წერილში. ეს ცნობილი მოვლენაა და ბევრჯერ მომხდარა ასე ისტორიაში.
- სხვადასხვა დროს, პრემიერების წასვლის შემდეგ იყო მხოლოდ გათავისუფლებები თანამდებობიდან, დაკავებები არ ყოფილა. „ოცნების“ პრემიერი ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ეს ხდება კორუფციასთან ბრძოლის სახელით.
რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ პირებზე გადიხარ…
ჯერ ერთი აჭარაში კლანური ურთიერთობებია, მთელი სანათესავოა ჩართული, ფულის შოვნის მექანიზმების აგებაა საჭირო, შპს-ების შექმნა, ტენდერებში მონაწილეობა, რაღაც სფეროებში მონოპოლიის აგება, ეს იქნება ვაჭრობა, მშენებლობა თუ ასე შემდეგ…
ნარკოტიკების თემა საიდან გაჩნდა, ესეც გასაკვირია, თუმცა აჭარა კარიბჭეა, ზღვიდან შემოდის ბევრი რამ, შეიძლება თვალს ხუჭავდა იქ სასაზღვრო, საბაჟო თუ სხვა სამსახურები.
ეს არის ქსელი და პირველ რიგში ეს ამბები ემსახურება ამ ქსელის სხვა ქსელით ჩანაცვლებას. ასე მოხდა ყველგან.
მაგალითად, როცა გაუნადგურეს კადრები პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს, ანაკლიის მშენებლობის მხარდამჭერი იყო კვირიკაშვილი და ანაკლიის მშენებლობაზე ბარი რომ დაჰკრა ოთხმა ადამიანმა, აქედან ორი ციხეშია. კვირიკაშვილს ეჭირა ბარი, როცა სიმბოლურად გახსნეს ანაკლიის პორტის თემა და ხაზარაძე, ჯაფარიძე და მეოთხე ქუმსიშვილი იყო მგონი – სად არიან ესენი?! ან ოპოზიციაში არიან ან ციხეში.
იმის შემდეგ იყვნენ უსახური პრემიერ-მინისტრები, რომლებიც გაქრნენ, საკუთარი კლანის შექმნაც კი ვერ მოასწრეს, ბახტაძე და სხვები… შემდეგ ღარიბაშვილი.
შემდგომში, თუ ეს ხელისუფლება მანამდე არ ჩამოიშალა, იქნება დევნა კობახიძის კადრების და ასე შემდეგ.
ანუ მიდის ბრძოლა ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, ტოტალური შიშის დანერგვა ახლავს თან. ამ კრიმინალურ ფულის შოვნაში მონაწილე ადამიანები გადაიხდიან და მერე, რა თქმა უნდა, ბოლომდე ფულს არავინ წაართმევს, ბლომად ფულიც შერჩებათ და იქნებიან პოლიტიკურად ლოიალურები, მონა-მორჩილები და თავის პატარა სახრავს ისინი ყოველთვის იშოვიან.
ეს არის მიზანი – დაშინება და ფინანსური ნაკადების გადანაწილება.
- რადგან ამ საკითხს ვრცლად შევეხეთ, ალექსი ახვლედიანის როლზე მინდა გკითხოთ.
ამ ცხელ ზაფხულში კახეთიდან აჭარაში რომ ჩასულიყო ადამიანი უფრო ლოგიკური იქნებოდა და სადღაც, მეგობარ ოჯახში დასასვენებლად წასულ ადამიანად იქნებოდა აღქმული, აჭარაში რომ მომხდარიყო ეს ამბავი. მთელი ოჯახი ესტუმრა კახეთში. ანუ რაღაც საკითხების დასაზუსტებლად, გასარკვევად და მოსაგვარებლად და ეს ადამიანი [ალექსი ახვლედიანი] ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც სხვადასხვა პროცესებში შუამავალი და ვიცით ეს ყველამ.
ნიკა გვარამიასაც მან შესთავაზა „რუსთავი 2-ის“ დატოვება, იმ პირობით, რომ ხელს არ ახლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „რუსთავი 2-ს“ დახურავდნენ, დაიწყებოდა მის წინააღმდეგ დევნა და ეს თავად გვარამიამ თქვა.
ეს ადამიანი შუამავალის ფუნქციით, კარგი ურთიერთობებით, კლანური მმართველობით, მუდამ მაღალ პოსტებს ინარჩუნებდა. ძალიან სარფიან სამუშაოებზე იყო, იგივე ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი იყო, მაღალჩინოსანია რამდენიმე წელია, წინა ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლების დროსაც მაღალ პოსტებზეა, რაღაც უნარებით. ეს უნარები არის ხელისუფლებების დავალების შესრულება და დარწმუნება ადამიანების, რომ მოიქცნენ ჭკუით, ისე, როგორც დამბარებელს სურს.
თუმცა ნიკა გვარამიასთან არ გაუვიდა ეს. ნიკამ საჯაროდ მოყვა ეს ისტორია.
როგორც ამბობენ, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ახლა თვითონ არის მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მას არავინ არ დაიჭერს, ამ დაუდევრად იარაღის შენახვის გამო მერე შეიძლება თქვან, რომ მერე რა ფანჩატური რომ შუშის იყო, ის ხომ იკეტებოდა და ის იქ ინახავდა მუდამ იარაღს… შეიძლება პირობითი მიუსაჯონ ან დააჯარიმონ. ყოველ შემთხვევაში ეს არ მოხდება 2 თვეში და ყურებით ეყოლებათ ეს კაცი კიდევ უფრო დაჭერილი, თუმცა მისი საშუამავლო ფუნქცია ამით მორჩა, მორჩა მისი მედიატორობა.
- ოჯახის წევრები იყვნენო რიჟვაძესთან ერთად…
კი, რა თქმა უნდა. მთელი ოჯახი ჩავიდა კახეთში, ამ სიცხეში რა უნდოდათ კახეთში?!
რიჟვაძის ტრანსპორტირება საშიში იყო. მართვითი სუნთქვის აპარატზე მიმაგრებული თურქეთში გადააფრინეს. აქაური ექიმების განცხადებით მას მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, მაინც გარისკეს ასე შორ მანძილზე გადაყვანა. როგორც ჩანს, აქ უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ თავს.
- ბიზნესი ჩუმად არის, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციაში ადამიანი მაღალჩინოსნებთან კავშირების გარეშე ვერ შევა, ხომ?! ტენდერები ახსნეთ, მიწების გადაცემა და ასე შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავიც არ უქმნის მათ რაიმე დისკომფორტს და მხოლოდ დასანქცირება იქნება ის, რის გამოც შეიძლება მსხვილი ბიზნესი, ასე ვთქვათ, შეწუხდეს?
რა თქმა უნდა.
როგორც კი ბრიტანეთში მოთმინების ფიალა აევსებათ… ბრიტანელი მინისტრის განცხადება, ისევე როგორც ევროკავშირის მინისტრების სპეციალური შეკრება საქართველოსთან დაკავშირებით, იხილავდა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს… თუ მომინების ფიალა აევსებათ და ივანიშვილი დასანქცირდება კიდევ უფრო მეტად და არა მხოლოდ ამერიკის პერსონალური სანქციებით, ბუნებრივია, რომ ვერც ივანიშვილის კლანთან დაკავშირებული ბიზნესი გადარჩება.
ზოგიერთები ცდილობენ თავის დაძვრენას და თავის გამართლებას, დასავლეთის ქვეყნებთან სიგნალების გაგზავნას, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, რომ თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ზოგოერთები ძალიან ბრიყვულად გამოდიან, მაგალითად ერთი ბიზნესმენი bm.ge-ს ეთერში ლაპარაკობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთია და გადაარჩინა საქართველო. ზოგი გაჩერებულია, ზოგი აგრძელებს აპოლოგეტიკას ივანიშვილის, ძალიან მცირე ნაწილი, ერთი-ორი ბიზნესმენი პატიოსნად იქცევა.
- იგივე საკითხს მინდა დავუბრუნდე, რაზეც ვსაუბრობდით – კორუფციასთან ბრძოლას ვიწყებო „ოცნების“ პრემიერმა რომ თქვა, ვიღაცები დააკავეს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ახლა „ოცნებას“ მსხვეპრლის გაღება დასჭირდა, რომ ხალხს დაანახოს მართლა კორუფციას ვებრძვიო?
არაფერთან ბრძოლა არ მიდის, არავითარი. ერთადერთი დასჭირდათ საჩვენებლად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა, რომ ბრძოლა მიდის.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ კორუფციით ვინმე დაეკავებინოთ „ქართული ოცნების“ პერიოდში. ერთი ბიჭი დააკავეს მერიაში, რამდენიმე თვე ჰყავდათ ციხეში, რომელმაც თანამშრომლებს რაღაც პროექტისთვის ტორტი აჩუქაო და 3000 ლარი აიღო ვიღაცისგან – აი, ეს გახმაურებული ისტორია გვახსოვს და მეორე – ეკონომიკის მინიტრის მოადგილის დაკავება…
ხომ შეიძლებოდა გიორგი რამიშვილისთვის ამ შეცდომის გამო დაეწერათ ოქმი , მეორე დღეს მიეყვანათ სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდებინათ. არა, ის ღამე იქ აყურყუტეს.
ხდება მაფიოზურ-კლანური შიდა გარჩევები ფინანსების გადასანაწილებლად.
არ არსებობს რაიმე მაგალითი კორუფციის გამოვლენის. „ქართული ოცნების“, თუნდაც იგივე კობახიძის მმართველობის პერიოდში, სად არიან ეს ადამიანები, სად არიან მინისტრები, 90 მინისტრი გამოიცვალა „ქართული ოცნების“ დროს და დღემდე არ არის აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის გზა, 10 წელზე მეტია პატარა მონაკვეთი ვერ ააშენეს, იმდენად კორუფციული ამბები განვითარდა იქ.






