დღეს, 10 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა სინდისის პატიმარს, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
„მეგობრებო, უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს თანადგომისთვის, გულშემატკივრობისთვის. მოტივაციაა ეს და იმის შეხსენება, რომ მარტო არ ვართ.
მეგობრებო, ცოტა მარტივი ნათქვამია. უკვე დიდი ხანია, ერთ ოჯახად ვიქეცით, ერთი მიზნის ირგვლივ. ეს მიზანი კი რუსული რეჟიმის თავიდან მოშორებაა, რისთვისაც შეუპოვრად ვიბრძვით.
ჩვენთვის, ოთხ კედელში გამომწყვდეულებისთვის, რთულია იმის ყურება, თუ როგორ ცდილობენ, იძალადონ თქვენზე ყველანაირი მეთოდით, როგორ ცდილობენ, ჩაახშონ თავისუფალი აზრი. მაგრამ ვხედავთ იმასაც, როგორ იცავთ ერთმანეთს, ვხედავთ უფრო მეტ თავისუფალ აზრს, რაც გვაძლევს იმედს, რომ რაღაც იქნება.
პროცესებზეც იმიტომ დავდივართ, 5-6 საათს ვიცდით მოსაცდელ საკანში, რომ ვიცით, აქ გველოდებით და ჩვენც გაჩვენოთ, რომ არ შეგვშინებია, არ გავმტყდარვართ.
თუმცა მაინც მაქვს შინაგანი შიში. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, მომავალმა თაობებმა ამ მარცხის გამო გაგვკიცხონ. მე მეშინია დამარცხების, რადგან არ მინდა, რომ ბავშვები უსამართლო ქვეყანაში და დიქტატურაში გაიზარდოს. ამიტომ რითაც შევძლებ, სადამდეც შევძლებ, ვიბრძოლებ ბოლომდე. შეიძლება 18 წლის ბიჭისგან ამის მოსმენა უცნაურია, მაგრამ ეს ასეა, ჩემო მეგობრებო. მე არ დავნებდები.
დიდად არ მახარებს ის ფაქტი, რომ 4-დან 7 წლამდე ციხეში აბსურდული ბრალდებით მიწევს წასვლა და ახალგაზრდული წლების ციხეში გატარება, მაგრამ ჩემს დაპატიმრებას თავისი დადებით რაღაცების მოჰყვა. დიდი ოჯახი შევიძინე, მაგარი ბიჭები გავიცანი, გავიგე თავისუფლების ფასი, რა მდგომარეობაა ქვეყანაში და ყველაზე მაგარი რაცაა, შვილიშვილებისთვის ძაან მაგარი ისტორიები მექნება მოსაყოლი. მოყოლა კი არ შემრცხვება, რადგან ისტორიის სწორ მხარეს ვდგავარ“ – თქვა საბა ჯიქიამ დასკვნით სიტყვაში.
19 წლის საბა ჯიქია დეკემბერში დააკავეს. მას პირველ დეკემბერს ნაშუაღამევს აქციაზე გდდ-ს თანამშრომელ, სპეცრაზმელ ბექა გოტიაშვილზე წიხლის ჩარტყმას ედავებიან. ბექა გოტიაშვილის ჩვენების მიხედვით, ის წაიქცა და წიხლი მიაყოლეს. თვითონვე ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.
თავად ამბობს, რომ „გააჩნია, რას ნიშნავს დარბევა”, მაგრამ „მისი შეხედულებით“, აქციის მონაწილეები არასდროს დაურბევია.
შეგახსენებთ, რომ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი პარალელურად უძღვება სხვა სინდისის პატიმრების საქმეებსაც: 8 პირის საქმეს, ნიკუშა კაციას საქმეს, თედო აბრამოვის საქმეს.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 030 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +920]
ტანკი – 11 011 ერთეული [+11]
ჯავშანტექნიკა – 22 972 ერთეული [+3]
საარტილერიო სისტემა – 30 140 ერთეული [+38]
MLRS – 1 437 ერთეული [+3]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 781 ერთეული [+324]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 445 ერთეული [+6]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 54 656 ერთეული [+81]
სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლისთვის. საბოლოო ჯამში, მისი ნაწილი ივანიშვილთან მიდის. მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ პოზიციების გასამყარებლად ერთი კლანი მეორეს ებრძვის“ – მოკლედ ასე აფასებს ეკონომისტი, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი რომან გოცირიძე საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ ისეთ მოვლენებს, როგორიც იყო ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის [„ზარალას“] დაკავება, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის დაჭრა, რაც შსს-ს ვერსიით თვითმკვლელობის მცდელობაა და ასე შემდეგ.
„ბათუმელები“ რომან გოცირიძეს სწორედ ამ საკითხებზე ესაუბრა.
ბატონო, რომან მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მსხვილი ბიზნესი ძირითადად „ოცნების“ „მხარეს არის“ და შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“ ამ ნაწილში რაიმე დისკომფორტის ნიშნებს ვერ ხედავს, საზოგადოების ნაწილი მაინც თვლის, რომ ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის დაკავების ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ თავად რამიშვილმა შემთხვევას „შეცდომა“ უწოდა, მაინც იყო სიგნალი ბიზნესისთვის. ეს ასეა?
საქართველოში არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც არის ბელარუსში ან თურქმენეთში, ან თუნდაც აზერბაიჯანში.
ჩვენ მივდივართ ავტორიტარული რეჟიმისაკენ. თუ დავაკვირდებით, როგორ კანონებს იღებს რუსული ხელისუფლება და რა რეპრესიულ ნაბიჯებს დგამს… მაგრამ ჯერჯერობით აქ არ არის ისეთი რეჟიმი, როგორიც რუსეთში, რომ უფრო მეტად ამოიღოს ხმა ბიზნესმა და ციხეში მოხვდეს.
რომან გოცირიძე
მსხვილი ბიზნესი შექმნილ ვითარებაში არის დამნაშავე, ვინაიდან მორჩილებამ, მათმა სიხარბემ და ანგარებამ, იმ პროექტებმა, რომლებიც ხელისუფლებისგან მიიღეს სასათბურე პირობებში – საუკეთესო მიწები, ტენდერებში გამარჯვებები, ინფრასტრუქტურული პროექტები იქნება ეს თუ სხვა, მიიღეს ასევე საუკეთესო ადგილებზე მშენებლობის უფლებები და აშენებენ ცათამბჯენებს და ეგრეთ წოდებული ბიზნესასოციაცია, სადაც არის თავმოყრილი ეს ბობოლა ბიზნესმენები, წლებია, არათუ ხმას არ იღებენ, როდესაც ქვეყანაში რეპრესიები მიმდინარეობს, არამედ ემსახურებიან ხელისუფლებას და გამოდიან ამ რეჟიმის გამაძლიერებლად.
მაგრამ ეს ძალიან მარტივია და ავტორიტარული ქვეყნების ისტორია ამას გვასწავლის, რომ ჯერ იწყება ოპოზიციისგანადგურება და შემდეგ ნადგურდება ბიზნესი. მოახრჩობენ ამ ბიზნესს და ფაქტობრივად ეს იქნება ივანიშვილის, ასე ვთქვათ, კლანური მმართველობა.
თუნდაც ძალიან სკანდალური საქმე ბაჩიაშვილთან დაკავშირებით, რომელიც ავლენს ამ ქვეყნის უკვე მაფიოზურ ბუნებას, ავტორიტარული ქვეყნები ერთმანეთის მოკავშირე რომ არიან. ამიტომ უნდა ივანიშვილს ააშენოს ისეთი ქვეყანა, როგორიც არის სამეზობლოში, როგორიც არის, მაგალითად, აზერბაიჯანში, საემიროებში…
უკანონოდ, ყოველგვარი სამართლებრივი პროცედურის გარეშე, ჯერ დეპორტაცია არ მოუხდენია, სასამართლო პროცესები არ გაუვლია, მოიტაცეს ბაჩიაშვილი. ახლა მთავარი ამოცანაა, რომ კოდები, რომელიც ბიტკოინის გასაღებია, გამოსძალონ. ჯერჯერობით ჰყავს მშვიდად, მაგრამ დაიწყება ფსიქოლოგიური ზეწოლა და ალბათ მიიყვანენ იმ მდგომარეობამდე, რომ აიძულებენ დათმოს ეს და იღებენ კანონებს, რომ არ გადააფორმოს რაიმე ოჯახზე.
აბსურდული კანონი მიიღეს, რომელიც არის ივანიშვილის პირადი მომსახურებისთვის და მთელ ქვეყანაზე ვრცელდება.
თუ ვინმეს ვალი აქვს და ვერ დაფარავს, უცხოეთში არ გაუშვებენ და მისი ოჯახის წევრისგან შეუძლია ამოიღონ ყველა ქონება, ბინაც გაუყიდონ და ყველა აქტივი, ანუ ასე ვთქვათ, მთელი კანონმდებლობა ივანიშვილის ფულის შოვნის ირგვლივ არის აგებული, მათ შორის ოფშორების კანონი.
სინამდვილეში გავლენების განაწილებას დაარქვეს კორუფციასთან ბრძოლა?
ვყალიბდებით მაფიოზურ სახელმწიფოდ, ხოლო მაფიოზური სახელმწიფოსთვის დამახასიათებელი ყველა ატრიბუტი სახეზეა, მათ შორის შიდა ბრძოლები გავლენისათვის მეფის კარზე, ანუ ივანიშვილის ირგვლივ ძალაუფლების მოსაპოვებლად და პოზიციების გასამყარებლად, ერთი კლანი მეორეს ებრძვის.
იგივე, თუნდაც ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თვითმკვლელობის მცდელობა… თამაში მიდის ივანიშვილის კარზე, მასთან სიახლოვის მოსაპოვებლად, ფინანსური ნაკადების ერთი ხელიდან მეორეში გადასვლის… საბოლოო ჯამში მისი ნაწილი მიდის ივანიშვილთან.
ასევე, მიდის ღარიბაშვილის კლანის მეორედ ჩამოცურება.
ჯერ პირველად როცა იყო პრემიერ-მინისტრი [ღარიბაშვილი], თქვა, ნათესავები უშლიან ხელს, თორემ კარგი ბიჭიაო და მოხსნა ამის გამო და მერე მისი ნათესავები გაყარა ხელისუფლებიდან, თუმცა ფული არავისთვის წაურთმევია. მისი ნათესავები მშვენივრად აგრძელებენ და დღეს მილიონერები არიან, არავინ არ დასჯილა იმ ფულის მიტაცებისათვის, კახურ კლანს ეძახდნენ და გვახსოვს ის გამონათქვამი ღარიბაშვილის, რომ ცოლის ნათესავები ნათესავები არ არიანო.
მეორედ მობრუნებულს ახლა ხელახლა უკეთებენ იმავეს, ფაქტობრივად გააგდეს პარტიიდან, მისი გუნდიდან ყველა ჩახსნეს.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი [თორნიკე რიჟვაძე] თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, ვინაიდან მას აბრალებენ ნარკოდამნაშავეების მფარველობას და ტოტალურ კორუფციას რეგიონში.
კობახიძემ უტიფრად განაცხადა, თავს იმიტომ იკლავდა, რომ ჟურნალისტებმა შეაწუხესო. არცერთ სიუჟეტში არავის არ დაუბრალებია მისთვის ნარკოვაჭრობის მფარველობა, ეტყობა ვერ მიაღწია ამ თემამ ჟურნალისტებამდე, თორემ შეიძლება ამაზეც ყოფილიყო გამოძიება, მაგრამ ეს არის ის საკითხები, რაც მან ყველაზე კარგად იცის და რაც დაწერა, მას არ უთქვამს ჟურნალისტების გამო ვიკლავ თავსო, მან ფაქტობრივად ივანიშვილს და კობახიძეს მოსთხოვა მისი ოჯახის და ახლობლების დაცვა, თქვა – მე ვარ ყველაფერში თავი და თავი და ჩემი გარემოცვა აქ არაფერ შუაშია, ყველა გადაწყვეტილება ჩემს მიერ მიიღებოდაო.
რა თქმა უნდა, ძალიან კარგი იქნება თუ გადარჩება, იმიტომ, რომ სიკვდილისთვის არავის არ ემეტება და თუ ადამიანი ასეთ მდგომარეობაში იყო ოდესმე და ზნეობრივად გაიაზრა ეს ყველაფერი, როდესაც ის გამოჯანმრთელდება და არ აჰყვება ამ ხელისუფლების მიერ დადგმულ სცენარს, გაბედავს და იტყვის სიმართლეს… თუმცა ეჭვი მეპარება, რადგან აქ მის პირად სიცოცხლეზე არ არის საუბარი, ამიტომ, რასაც დაუწერენ, იმას წაიკითხავს.
ანუ ეს წერილი თქვენთვის სარწმუნოა? ფიქრობთ, ნამდვილად თორნიკე რიჟვაძემ დაწერა?
მე მგონია, რომ კი. არა აქვს მნიშვნელობა ორი ფერის კალმით დაიწერა, თუ ერთი ფერის კალმით და ეს წერილი ჯიბეში ედო თუ სხვაგან, ეს არის ფაქტობრივად ადამიანის სიკვდილამდე მიყვანა, აიძულეს, რომ თვითმკვლელობა ჩაედინა, ეს აიძულა ხელისუფლებამ, ოღონდ ამ შემთხვევაში პოლიცია კი არ მოქმედებდა სამართლებრივად, საჯაროდ, ბრალის ოფიციალური წაყენებით, კორუფციული ბრალდებების ჩამონათვალით, არამედ კულუარულად.
არა იმისთვის, რომ დაესაჯათ დამნაშავე, დასასჯელად კი არა, არამედ დამნაშავის კლანის სხვა კლანით ჩასანაცვლებლად და შემდეგ ნაშოვნი ფულის სხვადასხვა ყულაბაში გადასანაწილებლად.
ეს რომ ყოფილიყო სამართლებრივი დევნა, მაშინ სხვაა, მაგრამ ეს იყო ქურდული, კრიმინალური დევნა და ვერ გაუძლო ამ დევნას, ეს არის პირდაპირ პასუხისმგებლობა, პირდაპირ თვითმკვლელობის მცდელობა ივანიშვილისა და იმ ძალოვნებისა, რომლებიც მას აშანტაჟებდნენ არაფორმალურად, თუმცა შესაძლებელია, სამართლიანად უყენებდნენ ბრალს.
მაბრალებენო წერს და ბოლოს ივანიშვილს და კობახიძეს სთხოვს ოჯახის დაცვას, ვის უნდა დაებრალებინა, ვის გულისხმობს თქვენი ვერსიით?
ეს არის ზოგადად აგონიაში მყოფი ადამიანის ილუზია.
კარგად არის ცნობილი გამოთქმა, რომ „სტალინმა არ იცოდა“, ათეულობით მილიონი ადამიანი დახვრიტეს და მსხვერპლი ფიქრობდა, რომ ეს იყო შუალედური რგოლის უსამართლობა. ზოგი სიკვდილის წინ დიდება სტალინსო – იძახდა და ეგონა, რომ ეს იყო შეცდომა, რომელსაც უშვებდნენ საბჭოთა ხელქვეითები, რომ ამას როგორ გააკეთებდა სტალინი.
ესეც ასეა.
თავის მოტყუებაა, რომ ბიძინა ივანიშვილმა არაფერი იცოდა და ბიძინას გარეშე კეთდება რამე. ამ დონის რეპრესიებს, სადაც აჭარის რეგიონის ხელმძღვანელი, რომელსაც ავტონომიური სტატუსი აქვს ფორმალურად თუ არაფორმალურად და სხვა რეზონანსია მისი დევნა, ისევე როგორც მინისტრის მოადგილის დაპატიმრებაც არ არის უბრალო ამბავი და ის მინისტრის მოადგილეც შეიძლება გულუბრყვილოდ ფიქრობდეს, რომ ივანიშვილმა არ იცის, შეიძლება კობახიძემ მოუწყო…
ან თავს იტყუებს. როდესაც ადამიანი აგონიაშია, ის წყალწაღებული ხავსს ეჭიდება და ფიქრობს, რომ ივანიშვილი არ არის ამაში დამნაშავე და მშველელად მას მიმართავს ამ წერილში. ეს ცნობილი მოვლენაა და ბევრჯერ მომხდარა ასე ისტორიაში.
სხვადასხვა დროს, პრემიერების წასვლის შემდეგ იყო მხოლოდ გათავისუფლებები თანამდებობიდან, დაკავებები არ ყოფილა. „ოცნების“ პრემიერი ამბობს, რომ ებრძვიან კორუფციას და ეს ხდება კორუფციასთან ბრძოლის სახელით.
რა თქმა უნდა, როდესაც ასეთ პირებზე გადიხარ…
ჯერ ერთი აჭარაში კლანური ურთიერთობებია, მთელი სანათესავოა ჩართული, ფულის შოვნის მექანიზმების აგებაა საჭირო, შპს-ების შექმნა, ტენდერებში მონაწილეობა, რაღაც სფეროებში მონოპოლიის აგება, ეს იქნება ვაჭრობა, მშენებლობა თუ ასე შემდეგ…
ნარკოტიკების თემა საიდან გაჩნდა, ესეც გასაკვირია, თუმცა აჭარა კარიბჭეა, ზღვიდან შემოდის ბევრი რამ, შეიძლება თვალს ხუჭავდა იქ სასაზღვრო, საბაჟო თუ სხვა სამსახურები.
ეს არის ქსელი და პირველ რიგში ეს ამბები ემსახურება ამ ქსელის სხვა ქსელით ჩანაცვლებას. ასე მოხდა ყველგან.
მაგალითად, როცა გაუნადგურეს კადრები პრემიერ-მინისტრობის შემდეგ ღარიბაშვილს, კვირიკაშვილს, ანაკლიის მშენებლობის მხარდამჭერი იყო კვირიკაშვილი და ანაკლიის მშენებლობაზე ბარი რომ დაჰკრა ოთხმა ადამიანმა, აქედან ორი ციხეშია. კვირიკაშვილს ეჭირა ბარი, როცა სიმბოლურად გახსნეს ანაკლიის პორტის თემა და ხაზარაძე, ჯაფარიძე და მეოთხე ქუმსიშვილი იყო მგონი – სად არიან ესენი?! ან ოპოზიციაში არიან ან ციხეში.
იმის შემდეგ იყვნენ უსახური პრემიერ-მინისტრები, რომლებიც გაქრნენ, საკუთარი კლანის შექმნაც კი ვერ მოასწრეს, ბახტაძე და სხვები… შემდეგ ღარიბაშვილი.
შემდგომში, თუ ეს ხელისუფლება მანამდე არ ჩამოიშალა, იქნება დევნა კობახიძის კადრების და ასე შემდეგ.
ანუ მიდის ბრძოლა ფულისთვის, ძალაუფლებისთვის, რასაც, რა თქმა უნდა, ტოტალური შიშის დანერგვა ახლავს თან. ამ კრიმინალურ ფულის შოვნაში მონაწილე ადამიანები გადაიხდიან და მერე, რა თქმა უნდა, ბოლომდე ფულს არავინ წაართმევს, ბლომად ფულიც შერჩებათ და იქნებიან პოლიტიკურად ლოიალურები, მონა-მორჩილები და თავის პატარა სახრავს ისინი ყოველთვის იშოვიან.
ეს არის მიზანი – დაშინება და ფინანსური ნაკადების გადანაწილება.
რადგან ამ საკითხს ვრცლად შევეხეთ, ალექსი ახვლედიანის როლზე მინდა გკითხოთ.
ამ ცხელ ზაფხულში კახეთიდან აჭარაში რომ ჩასულიყო ადამიანი უფრო ლოგიკური იქნებოდა და სადღაც, მეგობარ ოჯახში დასასვენებლად წასულ ადამიანად იქნებოდა აღქმული, აჭარაში რომ მომხდარიყო ეს ამბავი. მთელი ოჯახი ესტუმრა კახეთში. ანუ რაღაც საკითხების დასაზუსტებლად, გასარკვევად და მოსაგვარებლად და ეს ადამიანი [ალექსი ახვლედიანი] ყოველთვის ცნობილი იყო, როგორც სხვადასხვა პროცესებში შუამავალი და ვიცით ეს ყველამ.
ნიკა გვარამიასაც მან შესთავაზა „რუსთავი 2-ის“ დატოვება, იმ პირობით, რომ ხელს არ ახლებდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში „რუსთავი 2-ს“ დახურავდნენ, დაიწყებოდა მის წინააღმდეგ დევნა და ეს თავად გვარამიამ თქვა.
ეს ადამიანი შუამავალის ფუნქციით, კარგი ურთიერთობებით, კლანური მმართველობით, მუდამ მაღალ პოსტებს ინარჩუნებდა. ძალიან სარფიან სამუშაოებზე იყო, იგივე ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი იყო, მაღალჩინოსანია რამდენიმე წელია, წინა ხელისუფლებაში და ამ ხელისუფლების დროსაც მაღალ პოსტებზეა, რაღაც უნარებით. ეს უნარები არის ხელისუფლებების დავალების შესრულება და დარწმუნება ადამიანების, რომ მოიქცნენ ჭკუით, ისე, როგორც დამბარებელს სურს.
თუმცა ნიკა გვარამიასთან არ გაუვიდა ეს. ნიკამ საჯაროდ მოყვა ეს ისტორია.
როგორც ამბობენ, კოკა ყოველთვის წყალს ვერ მოიტანს, ახლა თვითონ არის მძიმე მდგომარეობაში. რა თქმა უნდა, მას არავინ არ დაიჭერს, ამ დაუდევრად იარაღის შენახვის გამო მერე შეიძლება თქვან, რომ მერე რა ფანჩატური რომ შუშის იყო, ის ხომ იკეტებოდა და ის იქ ინახავდა მუდამ იარაღს… შეიძლება პირობითი მიუსაჯონ ან დააჯარიმონ. ყოველ შემთხვევაში ეს არ მოხდება 2 თვეში და ყურებით ეყოლებათ ეს კაცი კიდევ უფრო დაჭერილი, თუმცა მისი საშუამავლო ფუნქცია ამით მორჩა, მორჩა მისი მედიატორობა.
ოჯახის წევრები იყვნენო რიჟვაძესთან ერთად…
კი, რა თქმა უნდა. მთელი ოჯახი ჩავიდა კახეთში, ამ სიცხეში რა უნდოდათ კახეთში?!
რიჟვაძის ტრანსპორტირება საშიში იყო. მართვითი სუნთქვის აპარატზე მიმაგრებული თურქეთში გადააფრინეს. აქაური ექიმების განცხადებით მას მდგომარეობის გაუმჯობესების ნიშნები ეტყობოდა. მიუხედავად ამისა, მაინც გარისკეს ასე შორ მანძილზე გადაყვანა. როგორც ჩანს, აქ უსაფრთხოდ არ გრძნობდნენ თავს.
ბიზნესი ჩუმად არის, მიუხედავად იმისა, რომ კორუფციაში ადამიანი მაღალჩინოსნებთან კავშირების გარეშე ვერ შევა, ხომ?! ტენდერები ახსნეთ, მიწების გადაცემა და ასე შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავიც არ უქმნის მათ რაიმე დისკომფორტს და მხოლოდ დასანქცირება იქნება ის, რის გამოც შეიძლება მსხვილი ბიზნესი, ასე ვთქვათ, შეწუხდეს?
რა თქმა უნდა.
როგორც კი ბრიტანეთში მოთმინების ფიალა აევსებათ… ბრიტანელი მინისტრის განცხადება, ისევე როგორც ევროკავშირის მინისტრების სპეციალური შეკრება საქართველოსთან დაკავშირებით, იხილავდა ივანიშვილის დასანქცირების საკითხს… თუ მომინების ფიალა აევსებათ და ივანიშვილი დასანქცირდება კიდევ უფრო მეტად და არა მხოლოდ ამერიკის პერსონალური სანქციებით, ბუნებრივია, რომ ვერც ივანიშვილის კლანთან დაკავშირებული ბიზნესი გადარჩება.
ზოგიერთები ცდილობენ თავის დაძვრენას და თავის გამართლებას, დასავლეთის ქვეყნებთან სიგნალების გაგზავნას, რომ ისინი არაფერ შუაში არ არიან, რომ თავის საქმეს აკეთებენ, მაგრამ ზოგოერთები ძალიან ბრიყვულად გამოდიან, მაგალითად ერთი ბიზნესმენი bm.ge-ს ეთერში ლაპარაკობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ღმერთია და გადაარჩინა საქართველო. ზოგი გაჩერებულია, ზოგი აგრძელებს აპოლოგეტიკას ივანიშვილის, ძალიან მცირე ნაწილი, ერთი-ორი ბიზნესმენი პატიოსნად იქცევა.
იგივე საკითხს მინდა დავუბრუნდე, რაზეც ვსაუბრობდით – კორუფციასთან ბრძოლას ვიწყებო „ოცნების“ პრემიერმა რომ თქვა, ვიღაცები დააკავეს, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, ახლა „ოცნებას“ მსხვეპრლის გაღება დასჭირდა, რომ ხალხს დაანახოს მართლა კორუფციას ვებრძვიო?
არაფერთან ბრძოლა არ მიდის, არავითარი. ერთადერთი დასჭირდათ საჩვენებლად ეკონომიკის მინისტრის მოადგილის დაჭერა, ვიღაცას ხომ უნდა ეთქვა, რომ ბრძოლა მიდის.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ კორუფციით ვინმე დაეკავებინოთ „ქართული ოცნების“ პერიოდში. ერთი ბიჭი დააკავეს მერიაში, რამდენიმე თვე ჰყავდათ ციხეში, რომელმაც თანამშრომლებს რაღაც პროექტისთვის ტორტი აჩუქაო და 3000 ლარი აიღო ვიღაცისგან – აი, ეს გახმაურებული ისტორია გვახსოვს და მეორე – ეკონომიკის მინიტრის მოადგილის დაკავება…
ხომ შეიძლებოდა გიორგი რამიშვილისთვის ამ შეცდომის გამო დაეწერათ ოქმი , მეორე დღეს მიეყვანათ სასამართლოში და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდებინათ. არა, ის ღამე იქ აყურყუტეს.
ხდება მაფიოზურ-კლანური შიდა გარჩევები ფინანსების გადასანაწილებლად.
არ არსებობს რაიმე მაგალითი კორუფციის გამოვლენის. „ქართული ოცნების“, თუნდაც იგივე კობახიძის მმართველობის პერიოდში, სად არიან ეს ადამიანები, სად არიან მინისტრები, 90 მინისტრი გამოიცვალა „ქართული ოცნების“ დროს და დღემდე არ არის აშენებული სამტრედია-გრიგოლეთის გზა, 10 წელზე მეტია პატარა მონაკვეთი ვერ ააშენეს, იმდენად კორუფციული ამბები განვითარდა იქ.
„ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს,“ – ამბობს თინა ხიდაშელი, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ვესაუბრეთ. რაზე მიუთითებს „ოცნების“ ლიდერების მოქმედებები და განცხადებები მას შემდეგ, როცა თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლსასროლი იარაღიდან ნასროლი ტყვიით დაჭრილი კლინიკაში მოათავსეს?
„თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილი არ დაუწერია,“ – თინა ხიდაშელი განმარტავს, როგორ ეწინააღმდეგება გამოძიების ვერსიას ის წერილი, რომელიც სამთავრობო მედიის მტკიცებით, თორნიკე რიჟვაძემ დაწერა.
„ბათუმელები“ თორნიკე რიჟვაძის საქმეზე თინა ხიდაშელს ესაუბრა. იგი „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელია და თავდაცვის ყოფილი მინისტრი.
ქალბატონო თინა, დაჭრილი თორნიკე რიჟვაძე თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. რას აჩვენებს თქვენთვის თორნიკე რიჟვაძის საქმე და „ოცნების“ მაღალჩინოსნების ქცევა? ირაკლი კობახიძე აცხადებს, სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრება, უამრავ ტყუილს და ცილისწამებას ავრცელებენ ჟურნალისტებიო…
ძალიან ბევრი კუთხიდან შეიძლება შევხედოთ ამ საქმეს. პირველ რიგში, იმედი მაქვს, რომ თორნიკე რიჟვაძე გამოჯანმრთელდება და მის ჯანმრთელობას არ მიადგება მძიმე შედეგის მქონე ზიანი. გარემოში, სადაც ასეთი რამ ხდება, მნიშვნელობა აღარ აქვს, ვინ რომელ ბანაკშია, ან აქამდე რას ფიქრობდი მასზე.
ამ საქმეს ბევრი მახასიათებელი აქვს. თავისთავად ამბავს, რასაც მოგვიყვნენ, აქვს ძალიან ბევრი მიზეზი, მივიჩნიოთ არადამაჯერებლად. ძალიან ცოტა ადამიანს თუ სჯერა ამ ვერსიის გამართულობის და სიმართლის, მათ შორის, იმის, რომ მართლაც თვითმკვლელობის მცდელობასთან გვაქვს საქმე. ადამიანები უფრო ფიქრობენ, რომ მას ესროლეს და გადარჩა, ან აშინებდნენ, დასცინოდნენ, როგორც ეს ხდება „რაზბორკების“ დროს და იარაღი გაუვარდათ.
რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს სიმართლე, ყველა ერთმანეთზე უარესია. აბსოლუტურად არავითარი განსხვავება ამ სამ ვერსიას შორის სინამდვილეში ჩვენთვის, საზოგადოებისთვის არ არის: ესროლეს, მართლაც თვითმკვლელობამდე მიიყვანეს, თუ გვერდზე დაუდეს პისტოლეტი, როგორც კაგებეს შესახებ გადაღებულ ძველ ფილმებშია და მიუთითეს, რაც უნდა გაეკეთებინა.
ნებისმიერ შემთხვევაში, სახეზე გვაქვს ჩვეულებრივი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ბანდის მოქმედება, რომელიც ზუსტად მაფიოზური, კაგებეშნიკური პრინციპებით უსწორდება ადამიანებს, ვისთანაც ივანიშვილს რაღაც გასარჩევი აქვს: გნებავთ, ეს საკითხი იყოს ფინანსური, პოლიტიკური და ასე შემდეგ.
ამ საქმემ გამოაჩინა, ამოატივტივა „ქართული ოცნების“ ყველაზე უფრო მახინჯი სახე – ჰყავთ სადამსჯელო ბრიგადა, რომელსაც ჰყავს თავისი მეთაური – ბატონი ფარცხალაძე ჩანაცვლებულია, როგორც ჩანს, ის იბარებს ადამიანებს, გაივლი 400 კილომეტრს, ჩახვალ და შემდეგ გაგისწორდებიან.
პროსახელისუფლებო მედიამ ამ შემთხვევიდან მალევე წერილი გამოაქვეყნა, თორნიკე რიჟვაძეს ტანსაცმელში ვუპოვეთო… რა დროს გამოაქვეყნა „ოცნებამ“ ეს წერილი და რაზე მიუთითებდა მისი შინაარსი თქვენთვის?
აქ შემოდის პროპაგანდისტული მედიის როლი – მაშინვე დაიწყეს ვერსიის შექმნა, მისი ფორმირება, მასზე მუშაობა.
ძალიან საინტერესოა ეს წერილი. ჩემი აზრით, ძალიან ჭკვიანი კაცის დაწერილია, იმიტომ, რომ თავდაპირველად ემოცია გიჩნდება, რომ ეს წერილი თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია, რადგან ასე არ ხდება: მიდიხარ მეგობართან სახლში, იარაღი თან არ მიგაქვს და მერე იქ სადღაც, გვერდით მიგდებული იარაღი გხვდება და თავის მოკვლას ცდილობ, ეს წერილი კი, წინასწარ გაქვს დაწერილი?
ამიტომაც, ეს აბსურდია, მაგრამ ამასობაში ამავე წერილში გვხდება ფრაზები, რომელიც გაფიქრებინებს, რომ რიჟვაძემ თუ ეს არ დაწერა, ამათ ეს ფრაზები რატომ ჩაუწერეს? ვგულისხმობ ფრაზებს, რაც ერთგვარად მთელი სისტემის მაინკრიმინირებელია, მაგალითად, როცა წერს, რომ დაიღალა ამ ზეწოლით და ძალადობით.
პრინციპში ამ სისტემის მხილებისკენაა წერილის ეს ნაწილი მიმართული.
ეს შეგნებულად და გამიზნულად ჩაწერეს, რომ ყველამ იცოდეს – იმ ადამიანებმა, რომლებიც გუშინ ან დღეს არიან „ოცნების“ ხელისუფლების მსახურებაში: მერები, გამგებლები, მინისტრები თუ მათი მოადგილეები, რომლებსაც ხელი წაუცდათ კორუფციაზე, ფავორიტიზმზე, ათას უბედურებაზე, რომელსაც თანამდებობაზე ყოფნა გაკეთებინებს ადამიანს, თუ ამის უფლება მიეცი შენს თავს.
ამათთვისაა ეს გზავნილი, რომ მარტო რიჟვაძეს არ ეხება ეს. ვიღაც კორუფციაშია ჩართული, ვიღაც ბარიგებთანაა გარიგებული, ან ნათესავების უკანონო საქმიანობას უწყობს ხელს… აქ იგულისხმება ყველა ტიპის მორჩილება, მათ შორის, თორნიკე რიჟვაძის მიმართ მანამდე ცნობილი გახდა ის, რომ ფულის მიტანას სთხოვდნენ.
დამაჯერებელია თქვენთვის ეს ვერსია, რომ თორნიკე რიჟვაძეს ბიძინა ივანიშვილი 300 მილიონ დოლარს სთხოვდა?
აბსოლუტურად. ამ წერილმა დაადასტურა ეს, ვისი დაწერილიც არ უნდა იყოს ეს წერილი.
ამ წერილის მიზანი იყოს ის, რომ ყველას სცოდნოდა – ვისთანაც „ქართულ ოცნებას“ შეიძლება ამ ტიპის პრეტენზია ჰქონდეს – აუცილებლად მიატანინებენ, ან ისე დაასრულებს, როგორც თორნიკე რიჟვაძემ დაასრულა.
ეს უბედური შემთხვევა რომ არ მომხდარიყო, ჩვენ ვერც გავიგებდით ამ ამბავს.
ვფიქრობ, ამ წერილის თემა დამოუკიდებლად ცალკე მნიშვნელოვანი ამბავია. მიმაჩნია, რომ ეს წერილი დაიწერა ყველა დანარჩენისთვის, მათ გასაგონად, ვისაც შეიძლება ეს ეხებოდეს, ვისთანაც არჩევენ შიდა საქმეებს, შიდა მოპარულ ფულს, მფარველობის თემებს და ასე შემდეგ.
ეს წერილი ნივთმტკიცებაა სისხლის სამართლის საქმეში, თქვენი აზრით, „ოცნებაში“ მისი გასაჯაროება ამ ფორმით რატომ გადაწყვიტეს – მედიკოსებმა იპოვესო. ასევე, საინტერესოა კვალიფიკაცია – გამოძიება მხოლოდ თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.
მნიშვნელოვანია ის, რომ წერილი გამოიყენეს პროპაგანდისთვის და არა სისხლის სამართლის საქმისთვის. ჩვენ არ ვიცით, რა გზა გაიარა ამ წერილმა „აღმოჩენის“ მომენტიდან იქამდე, როდესაც ის სამართალდამცველებს ჩაჰბარდათ. ეს არის ადვოკატების სანახავი თემა, მაგრამ გასაგებია, რომ თორნიკე რიჟვაძე და მისი ოჯახი ვერ გაბედავს „ოცნებასთან“ დაპირისპირებას.
მარტო ის რად ღირს, რომ წერილის პირველ ვერსიაში ცოლი გამორჩათ და მეორე ვერსიაში ცოლი ჩამაატეს. რაზე ვლაპარაკობთ ამის მერე? ეს არის ზღაპარი. როგორც ჩანს, ამ წერილის რამდენიმე ვერსია არსებობდა, ვიღაც წერდა, მაგრამ არ მოეწონათ და შემდეგ შეცვალეს.
რა თქმა უნდა, ამ უმნიშვნელოვანეს მტკიცებულებას თუ ასე ხელიდან ხელში გადასცემდნენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი უნდა იყოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავის არსებობის შემთხვევაში, მაგრამ არ ჩანს, რომ ვინმე ამას აპირებს. ყველა სიტყვა, რომელიც ამ წერილშია, გამოძიების ინტერესის საგანი უნდა გახდეს, თუმცა კონკრეტული მუხლითაა მხოლოდ გამოძიება დაწყებული და სხვა არაფერს არ იძიებენ.
გამოძიებამ ახვლედიანის ბრალდებაში წარმოადგინა ვერსია, ფანჩატურში ჰქონდა ბრალდებულს დატოვებული იარაღიო. როგორ განვითარდა „ოცნების“ ვერსია, თუ წერილი მართლაც თორნიკე რიჟვაძეს არ დაუწერია?
ეგ ვერსია და წერილი ერთმანეთს ვერ ეთანხმება – ორივე ვერ იქნება სიმართლე. თორნიკე რიჟვაძემ ან იცოდა, რომ მოსაკლავად დაიბარეს და დაწერა წინასწარ წერილი, მაგრამ თუ იქ უცებ და მოულოდნელად, შემთხვევით დატოვებული იარაღი იპოვა, მაშინ წერილი რატომ დაწერა?
ასე რომ, თორნიკე რიჟვაძე დაიბარეს მოსაკლავად იმ ტიპის „რაზბორკაზე“, რომელიც სიკვდილით მთავრდება, ამიტომაც მან ეს წერილი დაწერა, ან თორნიკე რიჟვაძე მართლაც მეგობართან ჩავიდა და, შესაბამისად, მას ეს წერილიც არ დაუწერია.
რა მნიშვნელობა შეიძინა ამ საქმემ ივანიშვილის რეჟიმისთვის? ივანიშვილის დაჯგუფებაში არის მზაობა, რეჟიმის სამიზნე თავად აღმოჩნდნენ?
კი, რაც სჭირდება ივანიშვილს, ყველაფერს გააკეთებენ, ოღონდ „ოცნების“ ლიდერების უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, სინამდვილეში რა სჭირდება ივანიშვილს, რა დავალებებს იძლევა ივანიშვილი. მათ ესაუბრება ირაკლი კობახიძე. აქ მაღალია იმის ალბათობა, რომ ვიღაცები მოქმედებდნენ ირაკლი კობახიძის დავალებით კონკრეტულად კობახიძის თავში მოხარშული ბინძური იდეებით და სქემების განსახორციელებლად… რა თქმა უნდა, ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია ბიძინა ივანიშვილი.
ვიტყოდი, რომ ისევე, როგორც გიორგი რამიშვილის [„ზარალა“] საქმემ, თორნიკე რიჟვაძის საქმემ ეს რეჟიმი კიდევ უფრო გააძლიერა – კიდევ უფრო გაამყარა შიგნით. გარედან, ჩვენთვის კი, არაფერი იცვლება: პირიქით, კიდევ უფრო ნათელი ხდება ამ რეჟიმის სისასტიკის მასშტაბი, რეჟიმის სახე.
იმ ხალხისთვის, რომელიც არ არის მზად, აღიაროს სიმართლე, მაგრამ ხვალ შემდეგი ხელისუფლების ნავში გადაბარგდება, მათთვისაც არაფერი იცვლება იმის გარდა, რომ რეჟიმი კიდევ უფრო გამყარდა. კიდევ უფრო გაძლიერდება შიშის განცდა.
მაგრამ კითხვები გაჩნდა, რომ „ოცნებაში“ ლიდერებიც ვერ იცავენ თავს. არ ფიქრობთ, რომ ეს საქმე გახდეს მნიშვნელოვანი ბიძგი ცვლილებებისთვის, რაღაც გარდატეხა შეიტანოს პროცესში?
კითხვები ჩვენ გვიჩნდება და არა ქოცებს. ჩვენ ეს თემები გვაწუხებს დიდი ხანია… მნიშვნელოვანია ეს საქმე, ცხადია, მაგრამ გარდამტეხი არ არის. ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, მნიშვნელოვანი მხოლოდ ისღა დარჩა, რაც ჩამოშლის ამ სისტემას. ეს საქმე კი, არ ჩამოშლის.
თუმცა, სავარაუდოდ, ეს გასროლა არ აწყობდა ივანიშვილს?
ეს გასროლა და გადარჩენილი თორნიკე რიჟვაძე არ აწყობდათ, კობახიძეს სახეზე ეწერა ეს.
თუმცა ის თურქეთში გაუშვეს.
იმის შემდეგ, როცა უკვე გადარჩა ადამიანი, მოქმედების არეალი შეიზღუდა, სხვაგვარად აღარ გამოდიოდა…
ამიტომაც, მე იმ ვერსიისკენ მივდივარ, რომ მის დაშინებას და დაცინვას ცდილობდნენ, ამ დროს გაუვარდათ იარაღი.
იმიტომ გჯერათ ამ ვერსიის, რომ რუსეთში უმეტესად ასე ხდება?
კი, იარაღსაც ატრიალებენ, რომ ეფექტი შექმნან: ბიჭო, შენ ვის ელაპარაკები?!
რა ფორმით შეიძლება გაგრძელდეს ლოგიკურად თორნიკე რიჟვაძის საქმე?
ამ საქმეს აუცილებლად ექნება გაგრძელება, ოღონდ თორნიკე რიჟვაძესთან მიმართებით არა. ეს გაგრძელდება ძველი თაობის ქოცებთან, ანუ ღარიბაშვილის დროინდელ ქოცებთან მიმართებით.
კონტროლი არსებობს, მაგრამ როდესაც რეჟიმი უკვე არის ფსიქოლოგიურად ისეთ მდგომარეობაში, როგორც ესენი არიან, შეუძლებელია სხვანაირად მოხდეს: იქ უკვე შეცდომებსაც უშვებენ და გაუთვალისწინებელი ბევრი რამ ხდება, რაც საზოგადოების ყურამდე აღწევს.
რას ცვლის ინტერესი და გამოხმაურება თორნიკე რიჟვაძის საქმის გარშემო?
ნორმალური ადამიანისთვის ეს მორიგი მტკიცებულებაა „ქართული ოცნების“ ძალადობის მასშტაბსა და ხარისხთან, ყველაფრის კადრებასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ვინც დღემდე დაშინებული იყო და ხმას არ იღებდა, ეს ამბავი შიშის გაზრდის საფუძველი გახდება.
იმ კატეგორიას კი, რომელსაც ყველაფრის სჯერა, რასაც ჩასძახებენ, დარწმუნებული ვარ, არც გაუჩნდება კითხვები. არ მაქვს მოლოდინი, რომ მართლმორწმუნე ქოცებს რამე კითხვა გაუჩნდებათ. ვგულისხმობ „ოცნების“ მრევლის იმ ნაწილს, რომელიც ბიძინაზე ლოცულობს.
მათ ირაკლი კობახიძემ უთხრა, ჟურნალისტების გამო სტრესულია პოლიტიკოსების ცხოვრებაო. ეს კრიტიკული მედიის გაქრობაზე ორიენტირებული არალეგიტიმური პრემიერის მორიგი თავდასხმაა?
დიახ, ირაკლი კობახიძე როცა ტელევიზორში ლაპარაკობს, ის მე და თქვენ არ გველაპარაკება – ელაპარაკება თავის მრევლს, მისი გულის მოსაფხანად ამბობს ამას, რომ ისინი დააშოშმინოს და დაამშვიდოს. ამ მიზანს ის აღწევს კიდეც.
ძალიან კონკრეტული ადრესატი ჰყავს ყველა მსგავს განცხადებას და გარკვეული ჯგუფის გონებაში ეს ამბავიც დაილექება ასე – „მედიის ბრალია“, კაცი რა დღეში ჩააგდეს ამ ჟურნალისტებმა, მიკროფონებით დასდევენ და როდის უნდა დამთავრდეს ეს?!“
ხვალ და ზეგ რომელიმე ტელევიზიას თუ მიადგებიან დასახურად, ადამიანების რაღაც ნაწილს გაახსენდება, რომ ჟურნალისტები ხომ ცუდი ხალხია, ადამიანი თვითმკვლელობამდე მიჰყავთ? შესაბამისად, ისინი მედიის დასაცავად არ გამოვლენ.
„ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ, ვიბრძვით და განვაგრძობთ ბრძოლას,“ – ამბობს აქტივისტი გოტა ჭანტურია. მას ვესაუბრეთ იმ ადამიანების განწყობაზე, რომლებიც სვამენ შეკითხვას: რა აზრის აქვს ქუჩაში დგომას? როცა პროტესტს შედეგი არ აქვს, რატომ უნდა გამოვიდე ისევ ქუჩაში?
გოტა ჭანტურია ხსნის, რამდენად დიდი გავლენა აქვს თუნდაც მცირერიცხოვან აქციებს ქვეყნის შიგნით არსებულ წინააღმდეგობასა და დასავლეთზე, სადაც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებას არც აპირებენ.
„გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ,“ – მიიჩნევს გოტა ჭანტურია.
„ბათუმელებმა“ გოტა ჭანტურიასთან ინტერვიუ ჩაწერა, ის პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და მოძრაობის „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრია.
ბატონო გოტა, თქვენი არგუმენტი გვითხარით, რა როლს ასრულებს დღეს ქუჩის საპროტესტო აქციები, რომელიც ყოველდღიურად, ბუნებრივია, მასობრივი არ არის, რა გავლენა აქვს ამ აქციებს?
მეც შემხვედრია ეს დამოკიდებულება, რომ აი, რა აზრი აქვს პროტესტს, თუმცა ძირითადად საუბარია პროტესტის ფორმებზე, მაგალითად, თბილისში რუსთაველის ქუჩის გადაკეტვა რამდენად საჭიროა, ან ყოველდღიური პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
ზოგიერთ შემთხვევაში ეს უბრალოდ მიზეზია, რომ რაღაცნაირად თავი იმართლონ ადამიანებმა. ზოგიერთ შემთხვევაში კი, ადამიანებს რეალურად არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, ან უფრო ეფექტურ ფორმებზე ფიქრობენ.
ახლა არჩევნებთან დაკავშირებითაა დიდი დაპირისპირება, მას რუსულ სპეცოპერაციადაც კი მოიხსენებენ… შესაძლოა, გქონდეს მიუღებლობა და ეს გასაგებია ჩემთვის, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა გაჩერდე. ადამიანებმა, რომლებსაც არ მოსწონთ პროტესტის ესა თუ ის ფორმა, უნდა შექმნან ალტერნატიული ფორმები. შესაძლოა, ეს იყოს ონლაინაქტივობა, შესაძლოა – ქუჩაში, მაგრამ ეს უნდა გამოიხატოს – „ამირან, გულში მღეროდი“, არ გამოვა თავისთავად.
ამიტომაც, ამ ხალხთან ერთად დგომა არ მომწონს და მოდი, სახლში დავჯდები, ნიშნავს მარცხს. ეს მიუღებელია. სავსებით ლოგიკურია, რომ პროტესტში რაღაც მოგწონდეს, რაღაც არ მოგწონდეს და ალტერნატივის შექმნა სცადო, მაგრამ იგივე მზია ამაღლობელი დღესაც ციხეშია – არავის გაუთავისუფლებია. პატიმრობაში რჩებიან სინდისის პატიმრები. ჩვენ ბრძოლა დავიწყეთ გაყალბებული არჩევნების გამო და ამ ადამიანების სრულიად უსამართლოდ დაკავების გამო. ეს ადამიანები ისევ ციხეში არიან და ჩვენი გაჩერება დღეს ნიშნავს მათ ღალატს.
გაჩერება იქნება საკუთარი თავის დაღალატებაც: ამდენი ხანი ბრძოლაში ვართ და ახლა გაჩერება არც მორალურად იქნება სწორი, არც – პრაგმატულად. ნებისმიერი ისტორიული მაგალითი აჩვენებს იმას, რომ მივიღებთ უარეს შედეგს, თუ ჩვენ გავჩერდებით. ეს უნდა დავიჯეროთ!
ქუჩის აქციები აჩვენებს, რომ წინააღმდეგობა არსებობს და არ გამქრალა. ეს არის დიდი, საერთო წინააღმდეგობა მთელ საქართველოში. ხშირად მხოლოდ რუსთაველის პროტესტს ახსენებენ და მე, პირადად, ეს ძალიან არ მომწონს – საქართველოშია ეს პროტესტი. მარტვილში რომ ერთი ადამიანი დგას და აპროტესტებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თელავში რომ 5-6 ადამიანი დგას, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგან მეტია ხალხი, ზოგან – ნაკლები. ჭიათურაში, მაგალითად, ადამიანები შიმშილობენ და მართლა სიკვდილის პირას არიან მისულები… ხილულია ეს წინააღმდეგობა, ჩანს, რომ პროტესტი არსებობს.
ეს პროტესტი მნიშვნელოვანია ერთმანეთისთვისაც – სუფთა, ემოციური თვალსაზრისით.
ეს მნიშვნელოვანია სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის. 2 დღის წინ რუსთავში გავმართეთ სოლიდარობის აქცია მას შემდეგ, როცა გიორგი მინდაძეს მიუსაჯეს 5 წელი. გიორგი რუსთავიდანაა და იქ გავმართეთ სოლიდარობის აქცია. დედამისი ძალიან ბედნიერი იყო და ადგილზე ისეთი საგრძნობი იყო სოლიდარობა, მხარში დგომა…
ეს პროტესტი მარტო ის კი არაა, რომ დისკომფორტს ვუქმნით რეჟიმს და გზას ვკეტავთ – ერთმანეთის გასაძლიერებლად ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვდგავართ, აქ ვართ, არსად წავსულვართ და ვაგრძელებთ ბრძოლას.
ამ შეუგუებლობის ჩვენებას, თქვენი დაკვირვებით, რა ეფექტი აქვს ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში?
საერთაშორისო თანამეგობრობაც ხედავს, რომ ჩვენ არ ვჩერდებით, ბოლომდე ვიბრძვით.
„ოცნებამ“ რამდენჯერ დაასახელა თარიღი, როცა ქუჩის პროტესტი უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ვერცერთი ვერ გაარტყეს. იანვრიდან დაწყებული, ყოველ თვეში ასახელებდნენ თარიღს, ახლა გაჩერდება პროტესტიო, მიხვდნენ, რომ არ ჩერდება ეს პროტესტი.
ეს არის ნიშანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვისაც, რომ არც ისინი უნდა შეეგუონ – პოლიტიკა ისეთია, რომ ხშირად ინტერესების დონემდეა დაყვანილი და მორალი გვერდით იწევს.
უშვებთ, რომ თუნდაც ეს მცირერიცხოვანი, მაგრამ უწყვეტი პროტესტი რომ არ შენარჩუნებულიყო, „ოცნების“ მთავრობა დასავლეთიდან ლეგიტიმაციას მიიღებდა?
რა თქმა უნდა: არათუ ვუშვებ, დარწმუნებულიც კი ვარ ამაში, რომ ასე იქნებოდა – დროთა განმავლობაში აღიარებას მიიღებდნენ. ჩვენ გვინახავს სხვადასხვა შემთხვევა, როცა ავტორიტარულ რეჟიმებთან თანამშრომლობენ დემოკრატიული ქვეყნები და ინსტიტუტები. ამ საკითხს იყენებს კიდეც პროპაგანდა, თითქოსდა ორმაგი სტანდარტიაო.
ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია: ერთმანეთს არ ჩავუკეტოთ გზები! არ ვთქვათ, რომ მაინცა და მაინც რუსთაველის გადაკეტვაა ყველაზე სწორი გზა, ან საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში – თუ ვინმეს არ მოსწონს პროტესტის არსებული ფორმა, აუცილებლად უნდა შექმნას ალტერნატივა.
ჩემი აზრით, ასევე, ძალიან აზიანებს ამ პროტესტს ლანძღვა და დამუნათება: აი, სად ხართ? რატომ აღარ ხართ? რატომ გაქრით? თქვენთანაც მოვლენ და ამას გიზამენ, იმას გიზამენ. პირიქით, მსგავსი მიდგომა განზიდვას უფრო იწვევს ადამიანების – პირიქით, უნდა შექმნა რაღაც საინტერესო, რომელშიც ჩაერთვება ხალხი.
ცალსახაა, რომ საპროტესტო მუხტი ყველგან არსებობს, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ხალხმრავლად იფეთქოს. ამას ხელისუფლებაც ხედავს და ამიტომაც ვერ დგამს უფრო მძიმე ნაბიჯებს, როცა, მაგალითად, სასტიკად შლიდნენ აქციებს.
პროტესტის კიდევ რა ფორმებს შეიძლება მიმართოს მოქალაქემ, ვინც ხედავს, რომ ქვეყანაში დიქტატურა მყარდება, მაგრამ ქუჩაში გამოსვლა აღარ სურს?
თუ ინდივიდუალურ პროტესტზე ვსაუბრობთ, ბევრი ფორმით შეიძლება პროტესტის გამოხატვა: შეიძლება ეს იყოს პროტესტი სოციალურ ქსელში, საუბრები მეგობრებთან, ნაცნობებთან, მაგალითად, ჩემი მეგობარი ონისე ოქრიაშვილი დადის საზოგადოებრივ ტრანსპორტი სხვადასხვა პლაკატით – მზია ამაღლობელი როცა შიმშილობდა, ამის შესახებ ამცნობდა მოქალაქეებს. საკმაოდ რთულია ამის გაკეთება ემოციურად. ასე რომ, გააჩნია, ვის რა შეუძლია.
შედარებით პასიური მხარდაჭერის ფორმებია, მაგალითად, რესურსების შეგროვება წინააღმდეგობისთვის, მაგალითად, თანხის ჩარიცხვა, ან სასამართლო პროცესებზე სიარული. სინდისის პატიმრების და მათი ოჯახებისთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და საჭიროა პროტესტის კოლექტიური ფორმების მოფიქრება, მაგალითად, კონკრეტული ჯგუფების პროტესტი. აქამდე თეატრი იყო შედარებით აქტიური, განათლების სფეროს ხალხიც იყვნენ, მაგრამ იმდენად არა, ასევე, გამოვიდნენ ექიმები, სტუდენტები. მსგავსი ჯგუფები უნდა ჩამოყალიბდნენ ერთობად, როგორც საზმაუს ჯგუფი. იგივე ნინო დათაშვილის ამბავზე მასწავლებლებმა გამოხატეს პროტესტი, იყო პეტიციაც, მაგრამ მეტია საჭირო.
ისევ რეგიონული პროტესტებია ყველგან: ბალდა, ჭიათურა, ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი, ქობულეთი, საირმეშიცაა წინაღმდეგობა, სადაც მიწების გასხვისებაა პრობლემა – იქ ჰყავთ ადგილობრივი ფეოდალი კოხოძე, რომელმაც მთელი ტერიტორია ჩაიგდო ხელში. ეს კავშირებია დღეს ძალიან მნიშვნელოვანი. მიზანმიმართულად აწარმოვეს ამ ჯგუფების დახლეჩა… საჭიროა ამ ხალხთან კომუნიკაცია, ადგილზე ჩასვლა, სოლიდარობის გამოცხადება, საუბარი.
მესმის სკეპტიციზმი, უკმაყოფილება, შეიძლებოდა, რომ ვყოფილიყავით უფრო აქტიურები – იგივე არჩევნების საკითხზე შესაძლებელი იყო, ჩვენ დაგვეწესებინა წესები და გვეთქვა კონკრეტულად, რომ აი, ეს არის გზა და დამთავრდა. პოლიტიკოსებთან უნდა გვქონოდა მეტი კომუნიკაცია, დისკუსია. სამწუხაროდ, ჩვენც ბევრი შეცდომა დავუშვით ამ პროცესში. ნებისმიერ შემთხვევაში, „ოცნებას“ დისკომფორტს ვუქმნით და ეს წინააღმდეგობა არ გაჩერდება.
ამ პროტესტის უწყვეტობა და მისი გაფართოვება არის გზა. უნდა ველაპარაკოთ სხვადასხვა ჯგუფს და ველაპარაკოთ არა მხოლოდ ასე: რუსეთი და ევროპა, არამედ კონკრეტულად უნდა ავხსნათ საფრთხეები, პრობლემები.
და თუ გავჩერდებით, მივიღებთ უარეს შედეგს და სისტემას. ვიცით, რომ აქამდეც არ იყო საქართველო დემოკრატიული ქვეყანა, სასამართლოც უსამართლო იყო, მაგრამ არა ამ დოზით და ფორმით – მივიღეთ რაღაც საოცრება, მაგრამ კიდევ უფრო უარეს მივიღებთ, თუ ახლა გავჩერდებით.
მივიღებთ იმას, რომ ხმის ამოღების უფლებასაც კი წაგვართმევენ, მედია საერთოდ არ იარსებებს, როგორც ეს რუსეთშია, ან აზერბაიჯანში – ელემენტარული სოლიდარობაც დასჯადი გახდება.
ეს უნდა დავიჯეროთ!
მთავარი ფოტო: გოტა ჭანტურია, მარიამ ნიკურაძის ფოტო
9 ივლისს გამოქვეყნებული სამეცნიერო ბლიც-ანალიზისთანახმად, გასულ კვირას ევროპის 12 ქალაქში დაახლოებით 2300 ადამიანი გარდაიცვალა სიცხისგან გამოწვეული მიზეზებით.
კვლევა 2 ივლისამდე დასრულებულ 10 დღეს მოიცავდა, რომლის დროსაც დასავლეთ ევროპის დიდი ნაწილი უკიდურესმა სიცხემ მოიცვა, ესპანეთში ტემპერატურამ 40C გრადუსს გადააჭარბა, ხოლო საფრანგეთსა და საბერძნეთში ხანძრები გაჩნდა.
ამ პერიოდში 2300 ადამიანი დაიღუპა, აქედან 1500 შემთხვევა (65%) კლიმატის ცვლილებას უკავშირდებოდა – წერს Reuters-ი ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ლონდონის ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით.
„კლიმატის ცვლილებამ ტემპერატურა საგრძნობლად გაზარდა, ვიდრე ის [მის გარეშე] იქნებოდა, რაც თავის მხრივ ბევრად უფრო საშიშს ხდის მას“, – ციტირებს „როიტერსი“ ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარს, დოქტორ ბენ კლარკს.
კვლევამ 12 ქალაქი მოიცვა, მათ შორის: ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი და მილანი. მილანი ამ მხრივ ყველაზე მეტად დაზარალდა, სადაც სიცხით გამოწვეული 499 სიკვდილიდან 317 კლიმატის ცვლილებას მიეწერება, შემდეგ მოდის პარიზი და ბარსელონა.
ლონდონში სიცხით გამოწვეული 273 სიკვდილი დაფიქსირდა, რომელთაგან 171 შემთხვევა მკვლევრებმა კლიმატზე ადამიანის გავლენას მიაწერეს.
კვლევაში წერია, რომ გარდაცვალების 88%-ს 65 წლის და უფროსი ასაკის ადამიანები შეადგენდნენ, რაც აჩვენებს, რომ სითბური ტალღების დროს ნაადრევი სიკვდილის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემების მქონე ადამიანები.
გასული თვე იყო პლანეტის ისტორიაში მესამე ყველაზე ცხელი ივნისი, 2024 და 2023 წლების ანალოგიური თვეების შემდეგ – განაცხადა ევროკავშირის კოპერნიკის კლიმატის ცვლილების სამსახურმა ოთხშაბათს გამოქვეყნებულ ყოველთვიურ ბიულეტენში.
ჯაზფესტივალის მოახლოებასთან ერთად, თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს განსაკუთრებული შეთავაზებები, სწორედ ბათუმში მოუმზადა.
შეთავაზებები, ტრადიციულად, მრავალფეროვანია და ყველა იმ კატეგორიას აერთიანებს, რომელიც ბათუმში სტუმრობისას დაგჭირდებათ.
სასტუმროები:
Rooms Batumi
ჯაზ ფესტივალისთვის, თიბისი კონცეპტმა და Visa-მ სასტუმროში- Rooms Batumi, 31 ივლისის ჩათვლით, 20%-იანი ფასდაკლება მოგიმზადათ. შეთავაზება ვრცელდება მხოლოდ კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა.
Le Meridian
თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, 28 დეკემბრის ჩათვლით, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 15%-იანი ფასდაკლებით, ბათუმის სასტუმროში – Le Meridian.
31 დეკემბრამდე, შესაძლებლობა გაქვთ, ისარგებლოთ 20%-იანი ფასდაკლებით სასტუმროში – La Quinta by Wyndham Batumi.
Alliance Palace ბათუმი
9 ივლისიდან-17 ივლისის ჩათვლით, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შესაძლებლობა გაქვთ, ესტუმროთ სასტუმროს – Alliance Palace ბათუმი და ისარგებლოთ 30%-იანი ფასდაკლებით.
ორბი სითი
სასტუმროში ორბი სითი კი, 30%-იანი ფასდაკლებით, 9 ივლისიდან-15 ივლისის ჩათვლით, ისარგებლებთ.
ნიუ ვეივ ბათუმი
გრძელვადიანი შეთავაზება გელოდებათ ნიუ ვეივ ბათუმშიც. აღნიშნულ სასტუმროში 15%-იანი ფასდაკლებით, 30 სექტემბრამდე ისარგებლებთ.
კაფეები:
თიბისი კონცეპტის და Mastercard-ის შეთავაზებების ფარგლებში, ბათუმის შერჩეულ კაფეებში, მთლიანი ივლისის განმავლობაში, ყოველ პარაკევს, შაბათს და კვირას, თიბისი კონცეპტ Mastercard სადებეტო ბარათით გადახდისას თანხის 30%-ს, ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს მომენტალურად დაიბრუნებთ. კაფეების ჩამონათვალი ასეთია: ლუკა პოლარე, 8000 მოსავალი, უმამი, მედეა, ბოტანიკო, ლევილი, ლიმონი, ვერანდა აკროპოლი.
თავის მოვლა:
11, 12 და 13 ივლისს, ეწვიეთ PSP-ს ბათუმის ფილიალებს, გადაიხადეთ თიბისის ახალი ან ძველი სადებიტო ბარათებით და დაიბრუნეთ 30% ულიმიტოდ.
შოპინგი:
11-13 ივლისს, ეწვიოთ Dressup ჯგუფის შერჩეულ ფიზიკურ ობიექტებს ბათუმში და დაიბრუნოთ 10% ულიმიტოდ: Jeans Gallery, Factory Outlet, Levi’s, Calvin klein Jeans, Calvin Klein Underwear, GANT, GUESS, Kid’s Gallery, Lee & Wrangler, ETAM, Jack & Jones, Lacoste, Samsonite, TOMMY HILFIGER, G-Star raw. შეთავაზება მოქმედებს, აღნიშნული მაღაზიების ყველა ფილიალში, როგორც თიბისი კონცეპტის ახალი, ისე ძველი სადებიტო ბარათებით გადახდისას.
თიბისი კონცეპტის ახალი და ძველი სადებიტო ბარათების მფლობელები, 10-17 ივლისის ჩათვლით, რონიკოს ბათუმის ფილიალებში, შერჩეული სათვალეების ბრენდებზე, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ: Porshe Design Furla Escada Rodenstock George Piralli Roli Giorgio Armani Morel Vogue
9-17 ივლისის ჩათვლით, მათ 20%-იანი ფასდაკლება ექნებათ Kenari-ის ბათუმის ფილიალებშიც. ფასდაკლება იმოქმედებს შემდეგ ბრენდებზე: Giorgio Armani, Burberry, Georgio Piralli, Balenciaga, Kenzo.
ბათუმის ყველა კატეგორიის შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
11-13 ივლისს დაესწარი შავი ზღვის რიგით მე-18 ჯაზფესტივალს და ისარგებლე განსაკუთრებული შეთავაზებებით შენთვის საჭირო ყველა კატეგორიაში!
აფხაზეთის კერძო კინოფონდის დირექტორმა ალექსანდრე ბასარიამ ბოდიში მოიხადა რუს ტურისტებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებების გამო, რომელშიც ის ამბობდა, რომ რუსი ტურისტები დასვენებაზე ფულს ზოგავენ, რის შედეგადაც აფხაზეთში მცირე ბიზნესი ზარალდება.
ამავე საკითხზე სპეციალური განცხადება გაავრცელა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ტურიზმის სამინისტრომაც.
საქმე ის არის, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო კვირაა ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილული თემა სწორედ რუსი ტურისტების ფულის ეკონომიურად ხარჯვაა, რის გამოც სოციალურ ქსელებში ადგილობრივები და რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ედავებიან.
ამ თემას რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსული პროპაგანდისტული მედია. ერთ-ერთი გამოცემის მიერ მომზადებული სათაურია ასეთია – „დოშირაკის” სკანდალმა აფხაზეთში ტურიზმი ჩამოანგრია: რუსები მასიურად აუქმებენ სამგზავრო პაკეტებს”.
ალექსანდრე ბასარიამ ვიდეო მესიჯისაკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა, სადაც თქვა, რომ ნანობს გაუაზრებელ ნათქვამს:
„მშვენივრად მესმის ადამიანებს გრძნობები, რომლებიც ჩემი უადგილო სიტყვებით განაწყენდნენ. აფხაზეთის მრავალეროვანი ხალხი ყოველთვის გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ახლა მესმის, რომ სწორედ ისეთი პროვოკაციული განცხადებები უქმნის საფრთხეს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, როგორიც მე დავუშვი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემი შექმნილი ფონდი – „აფხაზეთის კინო“ – ეს არის კერძო ორგანიზაცია და არანაირი კავშირი არ აქვს სახელმწიფო სტრუქტურებთან.
ძვირფასო თანამემამულენო, აფხაზეთის პატივცემულო სტუმრებო, გულწრფელად გთხოვს პატიებას, ძალიან ვნანობ ჩემს დაუფიქრებელ საქციელს“, – ამბობს ის ვიდეოში.
ოკუპირებული აფხაზეთის ტურიზმის დეფაქტო სამინისტრომსპეციალურ განცხადებაში აღნიშნა, რომ სტუმრები რუსეთიდან არ უქმნიან საფრთხეს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ისინი [რუსი ტურისტები] ტურისტული ნაკადის საფუძველი არიან და მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი რესპუბლიკის უმნიშვნელოვანეს სტუმრებად რჩებიან. ჩვენ გვიხარია, რომ ვხედავთ ყველას, ვინც მოგზაურობის ფორმატის მიუხედავად, აფხაზეთს დასასვენებელ ადგილად ირჩევს.
აფხაზეთი რჩება რუსეთის ფედერაციის საიმედო პარტნიორად და ნებისმიერი მცდელობები სიტუაციის სხვაგვარად წარმოჩენისა, არ შეესაბამება რეალობას” – წერია დე ფაქტო სამინისტროს განცხადებაში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს უფლებამოსილება შეუწყდა. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამის ბრძანებას ხელი 2025 წლის 9 ივლისს მოეწერა.
ალექსი ახვლედიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორად 2023 წლის მაისიდან მუშაობდა.
ალექსი ახვლედიანი 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება. 8 ივლისს გამართული სასამართლო სხდომიდან ალექსი ახვლედიანი 30 000 ლარი გირაოთი გაათავისუფლეს.
ევროპარლამენტმა 490 ხმით, 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.
ევროპარლამენტი დაეთანხმა ზეპირ შესწორებას „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.
„ევროპარლამენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მიზანს მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივი და უპირობო გათავისუფლებისა და მის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ყველა ბრალდების მოხსნის შესახებ. გამოხატავს ღრმა შეშფოთებას პატიმრობაში მისი მხედველობის კრიტიკული გაუარესების გამო და მოუწოდებს სანდო სამედიცინო მომსახურების დაუყოვნებლივ ხელმისაწვდომობისკენ“, – ჩაიწერა დოკუმენტში.
საქმე ისაა, რომ მზია ამაღლობელი დააკავეს 12 იანვარს. მას კვლევები ჩაუტარდა კლინიკა „ვივამედში“, რომლის მიხედვითაც, 6 თებერვლის მდგომარეობით, მზია ამაღლობელი მარცხენა თვალში პრაქტიკულად ვერ ხედავს, ხოლო მარჯვენა თვალში მხედველობა შემცირდა და ის მხოლოდ 10%-ია.
მზია ამაღლობელის მხედველობა მკვეთრად გაუარესდა საპატიმრო დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ. ამის დასტურია იმავე „ვივამედში“ 4 თებერვალს ჩატარებული კვლევები, რის მიხედვითაც დაპატიმრებული ჟურნალისტის მხედველობა მარცხენა თვალში 4%-ი, ხოლო მარჯვენა თვალში 30% იყო.
მზია ამაღლობელის ადვოკატებმა და თავად მზია ამაღლობელმაც უკვე მიმართეს პენიტენციურ დაწესებულებას ხელახალი კვლევების ჩასატარებლად. ჯერჯერობით, მზია ამაღლობელს ამ მოთხოვნაზე დასტური არ მიუღია.
რაც შეეხება ევროპარლამენტის პირველ ანგარიშს საქართველოზე, როგორც კანდიდატ ქვეყანაზე – გაფართოების შესახებ ყოველწლიური ანგარიშები წარმოადგენს ევროპარლამენტის პასუხს ევროკომისიის ანგარიშებზე კანდიდატი და პოტენციური კანდიდატი სახელმწიფოების შესახებ.
ამ შემთხვევაში ევროპარლამენტმა შეაფასა საქართველოს პროგრესი კომისიის 2023 და 2024 წლების ანგარიშების საფუძველზე და მიიღო რეზოლუცია, რომელიც წარმოადგენს პარლამენტის ოფიციალურ პოზიციას გაწევრიანების კანდიდატ საქართველოსთან ურთიერთობის შესახებ.
ზუგდიდელ არტისტსა და აქტივისტს, როსტევან [როსტო] ზარანდიას დღეს, 9 ივლისს, მოსამართლე ირაკლი აბშილავამ 5-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ზუგდიდელი აქტივისტების ინფორმაციით, როსტევან ზარანდიას ზუგდიდის მერიის პიარსამსახურის ხელმძღვანელმა, მაგდალინა თოდუამ უჩივლა ფეისბუქზე კომენტარისთვის – „ფოჩო“ და „ტვენგე“, რაც მეგრულად „სულელს“ და „შტერს, ბატს“ ნიშნავს.
დღეს, 9 ივლისს, ზუგდიდელმა აქტივისტმა, მარიამ სიჭინავამ სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ფეისბუქზე ჩართვაში აღნიშნა, რომ როსტო ზარანდიამ დააყენა შუამდგომლობა სასამართლოზე მეგრული ენის თარჯიმნის მოწვევაზე, რომ ნათელი ყოფილიყო ამ სიტყვების მნიშვნელობა, თუმცა ეს მოთხოვნა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა, იმ მიზეზით, რომ ამ სიტყვების შინაარსი მისთვის ნათელი იყო.
როსტო ზარანდია დაკავებამდე არაერთხელ დააჯარიმეს მზია ამაღლობელის სტენსილის გამო, რომელიც მან სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პროკურატურის კედელზე შეასრულა.
სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის შესაბამისი ბრძანება ძალაში დღეს, 2025 წლის 9 ივლისს შევიდა.
„მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობისძეგლის სტატუსი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტს: „სიმღერა „სულიკოს“ შესრულების ტრადიციას“ – აღნიშნულია სააგენტოს დირექტორის ბრძანებაში.
ამავე ბრძანებით, სააგენტოს საინფორმაციო სისტემების სამსახურს დაევალა მითითებული ძეგლის მონაცემების არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სახელმწიფო რეესტრში ასახვა.
სააგენტოს ადმინისტრაციას კი დაევალა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ძეგლის მონაცემების საქართველოს კულტურის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.
ლექსი „სულიკო“ 1895 წელს დაწერა აკაკი წერეთელმა.
„ლექსი „სულიკო“ დაიწერა 1895 წელს. იმავე წელს დაიწერა სიმღერაც, მუსიკის ავტორი ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელია.
_____________
ფოტოზე: აკაკი წერეთელი, ვარინკა მაჭავარიანი-წერეთელი. წყარო: ივერიელი
შს სამინისტროს ცნობით, აჭარაში 1986 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
დაჭრის შემთხვევა ბათუმში 6 ივლისს მოხდა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირებისას, 2001 წელს დაბადებული ლ.ჩ ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას შეეცადა, რა დროსაც ის სამართალდამცველებმა შეაჩერეს და ბრალდებულის სახით დააკავეს.
დაჭრილი ლ.ჩ. საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა“ – იუწყება შსს.
უწყების ცნობით, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19 – 108 -ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა უკვე შეუფარდა.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, 9 ივლისს, გამთენიისას, რუსეთმა უკრაინას 741 საჰაერო თავდასხმის აპარატით შეუტია. უკრაინის თავდაცვამ მათგან 718-ის განეიტრალება შეძლო.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძირითადი დარტყმა ლუცკს მიაყენეს. სამიზნე იყო ასევე დნეპრის, ჟიტომირის, კიევის, კიროვოგრადის, ნიკოლაევის, სუმის, ხარკოვის, ხმელნიცკის, ჩერკასის და ჩერნიგოვის ოლქები.
„ეს დემონსტრაციული თავდასხმაა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც მშვიდობის მიღწევის, ცეცხლის შეწყვეტის ამდენი მცდელობა იყო და მხოლოდ რუსეთი უარყოფს ყველაფერს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ სანქციებია საჭირო – მტკივნეული სანქციები ნავთობის წინააღმდეგ, რომელიც მოსკოვის საომარ მანქანას სამ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ფულით ავსებდა ომის დროს. მეორადი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ამ ნავთობს ყიდულობს და მკვლელობებს აფინანსებს“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელებში.
მან მოკავშირეებს რუსეთზე ზეწოლის გაზრდისკენ მოუწოდა.
უკრაინულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია რუსეთის თავდასხმის შედეგად დაშავებულების, ნგრევისა და ხანძრის შესახებ.
კიევის ოლქში, რუსული თავდასხმის შედეგად, სამრეწველო საწარმოს ტერიტორიაზე მასშტაბური ხანძარი გაჩნდა, რომელმაც 8000 კვადრატული მეტრი მოიცვა.
________
ფოტო: უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახური. ДСНС України/facebook
აჭარის მთავრობის აპარატმა ადმინისტრაციული შენობების შიდასარემონტო სამუშაოებზე 293 000 ლარით ტენდერი გამოაცხადა.
სარემონტო სამუშაოები ბათუმში, აჭარის მთავრობის აპარატის ორ ადმინისტრაციულ შენობაში უნდა ჩატარდეს – კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩა N9-ში, სადაც მთავრობის თავმჯდომარის სამუშაო კაბინეტია და მთავრობის სხდომები იმართება და ახმედ მელაშვილის ქუჩა N26-ში.
სატენდერო პირობებში აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციულ შენობებში სამუშაოები უნდა ჩატარდეს ეტაპობრივად და მთავრობის აპარატის საქმიანობის პარალელურ რეჟიმში [საქმიანობის შეუფერხებლად].
ამასთან, „მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი ძალებით რემონტს დაქვემდებარებული ცალკეული საოფისე ოთახების ავეჯისგან გამოთავისუფლება [დაუზიანებლად] და დასრულების შემდეგ კვლავ საწყის მდგომარეობაში დაბრუნება“.
ტენდერში გამარჯვებულს მოუწევს სხვადასხვა, მათ შორის სადურგლო და სახუროო, იატაკისა და კედლის საფარის, ღებვა-შემინვის, ელექტრო-სამონტაჟო და შენობის მოწყობის სხვა სამუშაოების ჩატარება.
ტენდერს თან ახლავს სამუშაოების დეტალური ჩამონათვალი, რომლის მიხედვითას მელაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობაში ძირითადად „კორესპონდენციის განყოფილების [მოქალაქეთა მიღების] ოთახის შიდასარემონტო სამუშაოები“ ჩატარდება;
კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე შენობაში კი – გაარემონტებენ კაბინეტებს სხვადასხვა სართულზე; ასევე სველ წერტილებს.
ტენდერში წინადადებების მიღება 2025 წლის 15 ივლისს დაიწყება და 18 ივლისს შეწყდება. სამუშაოები კი, ტენდერში გამარჯვებულმა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 დღეში უნდა დაასრულოს.
აჭარის მთავრობისთვის 6 406 500 ლარია გათვალისწინებული 2025 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში. აქედან 2,9 მილიონი ლარი მთავრობის აპარატში დასაქმებული 64 საჯარო მოხელის ხელფასებში დაიხარჯება; დანარჩენი კი – აპარატის სხვა ხარჯებია.
თორნიკე რიჟვაძე, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.
ამის შესახებ განცხადება დღეს კლინიკურმა დირექტორმა გააკეთა.
„წუხელ, ღამით, 2 საათზე, თორნიკე რიჟვაძე გადაყვანილ იქნა სტამბოლის საავადმყოფოში, საჰაერო გზით. თვითონ ოჯახის წევრებმა გამოიძახეს რეანომობილი. თორნიკე იყო აბსოლუტურად სტაბილურ მდგომარეობაში, კონტაქტში შემოდიოდა, გაუმჯობესებული პარამეტრებით, მაგრამ მართვით სუნთქვაზე დავტოვეთ, რადგან არ შეიძლებოდა მართვითი სუნთქვის გარეშე საჰაერო ფრენის დროს.
მძიმე პაციენტია, რა თქმა უნდა, მაგრამ ბევრად გაუმჯობესებული პარამეტრებით ჩაიბარეს თურქმა ექიმებმა“- ეს განცხადება დღეს, 9 ივლისს, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა ლალი ტურძელაძემ გააკეთა მედიასთან.
ამავე კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი გუშინ მედიასთან ამბობდა, რომ პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესებული იყო. „გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია“- თქვა მან მედიასთან.
შსს-ს ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ 7 ივლისს თვითმკვლელობა ცეცხლსასროლი იარაღით სცადა. ამ დროს ის საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა და თვითმკვლელობაც მის სახელზე რეგისტრირებული იარაღით სცადა.
დაწყებული იყო გამოძიება ამ ფაქტზეც, თუმცა ახვლედიანი გუშინ სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაათავისუფლეს.
თვითმკვლელობის მცდელობის დღეს, პროპაგანდისტულმა მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძეს ჯიბეში უპოვეს.
წერილში საუბარია კორუფციასა და ნარკოდანაშაულის მფარველობაზე, რომელსაც თითქოს რიჟვაძეს აბრალებდნენ.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 029 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 050]
ტანკი – 11 000 ერთეული [+5]
ჯავშანტექნიკა – 22 969 ერთეული [+2]
საარტილერიო სისტემა – 30 102 ერთეული [+68]
MLRS – 1 434 ერთეული [+0]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 193 ერთეული [+1]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 457 ერთეული [+227]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 54 575 ერთეული [+119]
სპეცტექნიკა – 3 929 ერთეული [+2]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
„გაზპრომის“ კონტრაქტორი ლოგისტიკური კომპანიის ხელმძღვანელი იური ვორონოვი თავში მიყენებული ჭრილობით დაიღუპა.
„გაზპრომ-ინვესტის“ სატრანსპორტო სამსახურის ტოპმენეჯერზე, ლეონიდ შულმანზე ითქვა, რომ თავი მოიკლა. მას „უპოვეს“ წერილი, სადაც ფეხის გაუსაძლის ტკივილზე ჩიოდა და არ სურდა ოჯახს ტვირთად დასწოლოდა.
იმავე წლის თებერვალში საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს კორპორაციული უსაფრთხოების საკითხებში გაზპრომის „ერთიანი განსახლების ცენტრის“ გენერალური დირექტორი ალექსანდრ ტიულიაკოვი. ცხედართან ქაღალდი ნახეს, თუმცა მედია არ ფლობს ინფორმაციას მის შინაარსზე.
ამავე წლის აპრილში მოსკოვში რუსი მილიონერის, ვლადისლავ ავაევის, მისი ქალიშვილისა და ცოლის ცხედრები იპოვეს. წინასწარი გამოძიების მიხედვით, ავაევმა ცოლსა და 13 წლის ქალიშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
ეს სერია არ დასრულებულა. 2025 წლის 7 ივლისს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის, რომან სტაროვოიტის ცხედარი იპოვეს. მას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.
რუსეთში „ფანჯრიდან გადავარდა” ნავთობკომპანიის 62 წლის ტოპმენეჯერი რუსი ბიზნესმენი, “ტრანსნეფტის” ვიცე-პრეზიდენტი, ანდრეი ბადალოვი.
პუტინის რუსეთში მსგავსი ისტორიები განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახშირდა.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რადიკალურად იცვალა სახე ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამაც“. ბოლო პერიოდში ივანიშვილის კარზე ძალაუფლება არაერთმა გავლენიანმა ჩინოვნიკმა დაკარგა. მაგალითად, ორგზის პრემიერად დანიშნულმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სუს-ისა და შს მინისტრებმა, რომლებიც საპროტესტო აქციების დარბევის გამო დასავლეთის სანქციების ქვეშ მოექცნენ.
ამავე დროს, დაჭრილია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე – შსს-ს ვერსიით, მან 7 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღით თვითმკვლელობა სცადა. იმავე დღეს, პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს რიჟვაძემ თვითმკვლელობამდე დაწერა. წერილის ავთენტურობა ჯერჯერობით არ არის დადასტურებული.
როდის უპირისპირდება რეჟიმი სისტემის მსახურებს და რით ჰგავს საბჭოთა ან პუტინის რეჟიმს ივანიშვილის სისტემა? – ამ თემაზე „ბათუმელები“ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, ისტორიკოს ირაკლი ხვადაგიანს ესაუბრა.
ირაკლი ხვადაგიანი
ირაკლი, რა საერთო აქვს ივანიშვილის რეჟიმს პუტინის რეჟიმთან? რაშია მსგავსება ან განსხვავება? ან კიდევ, საბჭოთა რეპრესიული სისტემიდან რა აქვთ ამ რეჟიმებს ათვისებული?
ძალიან ჰგავს ეს პროცესი და ტენდენცია იმას, რაც რუსეთშია. ორივე მათგანი, რა თქმა უნდა, გაგრძელებაა იმ საბჭოთა რეჟიმის, ოღონდ ახალი, შევსებული და რაღაცნაირად ადაპტირებული ვარიანტია საბჭოური, რუსული ტოტალიტარული გამოცდილების. თუმცა, ექსკლუზიურად საბჭოურისაც არა, რადგან ვიცით, რომ ტოტალიტარული რეჟიმები ჰგვანან ერთმანეთს, სწავლობენ ბევრ რამეს ერთმანეთისგან და ამ ყველაფერს ემატება ადგილობრივი სახასიათო ელემენტები.
ამიტომ ცხადია, როცა საუბარი გვაქვს ამ სისტემაზე, რეჟიმზე, ეს არის ერთგვარი მაფიოზური დაჯგუფება, ხშირად ბელადზე ორიენტირებული. ერთი ადამიანია ამ დაჯგუფების უპირობო ლიდერი, მმართველი და ორგანიზატორი და აქედან გამომდინარე, ის არის ძალაუფლების წყარო და არანაირი ბალანსი, გაზიარება, ერთობლივი პარტნიორული მართვა აქ არ მოიაზრება. ერთი ადამიანი და მისი მორჩილი კადრების პირამიდაა ყოველგვარი ნორმატიული ჩარჩოს მიღმა. აქ არ არის რაღაც დაწერილი წესები, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული მონაწილის ავტონომიურობას.
ან ხარ ამ სისტემის ნაწილი და ასრულებ ბელადის დავალებას, ან ხარ არავინ. აი, ეს არის საფასური და რა თქმა უნდა, ტოტალიტარიზმის ამ თანამედროვე ჰიბრიდის პირობებშიც ასეთია ლოგიკა, უბრალოდ მასშტაბები ქმნის გარკვეულ განსხვავებებს.
როდის უპირისპირდება რეჟიმი თავის მორჩილებს და რა სურათი გვაქვს ივანიშვილთან და მის გარემოცვაში?
რასაც წარსული და თანამედროვე გამოცდილება გვაჩვენებს, დაპირისპირება თავად რეჟიმის არსია, რადგან ის მუდმივად დგას შიდა წმენდებზე.
კასრში ვირთხების გამოყვანა ემსახურება იმას, რომ ვირთხა ჭამს თანამებრძოლს და ამ სისტემაშიც, შიგნით, მუდმივად ხდება „ბუნებრივი გადარჩევა“, სადაც უფრო სიცოცხლისუნარიანი იმარჯვებს, ინარჩუნებს პოზიციებს და ეს არის დაუსრულებელი ციკლი, რომელსაც არეგულირებს „მეპატრონე“.
აქ განსხვავდება ინტენსივობა და ანგარიშსწორების ხარისხი.
რაღაც ეტაპზე ეს არის შიდა კლანური კონკურენცია და ბრძოლა შიგნით უფრო მეტი რესურსების მოპოვებისთვის, ერთგვარი შიდა ფარული ომი, რასაც შიდა მმართველი ხედავს, მაგრამ არ უშლის ხელს, რადგან მას სჭირდება ეს იმისთვის, რომ ეს შიდა ბალანსი შეინარჩუნოს, რომ მართოს კონკურენციაში მყოფი კლანები და მისი ამოცანები შეასრულებინოს, ოღონდ არ მისცეს არცერთს ისეთი გაძლიერების საშუალება, რომ თვითონ მმართველისთვის გახდნენ სახიფათო.
ამ ეტაპზე ხდება ქონების გადანაწილება, პრივილეგიების, პოსტების და ასე შემდეგ.
ეს ეტაპები ჰქონდა ივანიშვილსაც.
როგორ მოხდა დაპირისპირება კლანებს შორის, იქნება ეს კალაძის, კობახიძის თუ ღარიბაშვილის და როდესაც კრიზისი არის უფრო მძაფრი, უფრო ეგზისტენციალური საფრთხეები აქვს მთავარ მმართველს, ამ შემთხვევაში საფასური იზრდება და მხოლოდ ფული, პრივილეგია ან პოსტი აღარ არის ის, რასაც რეჟიმის მსახური კარგავს, არამედ კარგავს სიცოცხლესაც, რისი მაგალითებიც გვაქვს რუსეთში.
ბიძინა ივანიშვილის ეგზისტენციალური საფრთხის გამოა ის, რაც დაემართა, მაგალითად, თორნიკე რიჟვაძეს, ირაკლი ღარიბაშვილს ან იმ მაღალჩინოსნებს, რომლებიც ემსახურნენ რეჟიმს, მაგრამ ახლა აღარ არიან საჭირო?
კი, რა თქმა უნდა. ლოგიკა ეს არის, რომ ივანიშვილს აქვს გამოწვევები, ის არის სამიზნე სანქციების, მისი ძალაუფლების გასაღები რაც არის – ფინანსური რესურსები, შემცირდა, ამიტომ მას სჭირდება ყველანაირი კონსოლიდაცია ამ ფინანსური რესურსების. პრაქტიკაში რასაც ვადევნებთ თვალს, პანიკური რეაქცია აქვს ახლა ივანიშვილს, ცდილობს ყველაფრის ამოქაჩვას, ცენტრალიზაცია უნდა განახორციელოს, გამომდინარე იქიდან, რომ არ არის საკმარისი ის რესურსები, რომელიც მას ამ წუთას გააჩნია.
რუსეთში რასაც ვხედავთ, ანალოგიურია, ხომ?! ბოლო წლების მაგალითები, რომ ფანჯრებიდან ცვივიან ყოფილი ოლიგარქები, მაღალჩინოსნები და ასე შემდეგ, იმის სიგნალია, რომ სისტემამ დაიწყო ყველანაირი რესურსების ამოქაჩვა, მობილიზება. რუსებს კრიზისი აქვთ, ეკონომიკა ჩამონგრევის პირასაა, სამხედრო საომარი მანქანა ისრუტავს ამ რესურსებს და კიდევ და კიდევ მეტი უნდა, მაგრამ ამის მიუხედავად ვერ აღწევს დასახულ მიზნებს და ეს არის, ასე ვთქვათ, დიდი რეკეტი.
პუტინს აქვს ომი და გასაგებია, რომ მას ამისთვის სჭირდება რესურსები, მაგრამ ივანიშვილის შფოთვები მხოლოდ სანქციებს უკავშირდება, თქვენი აზრით?
შეიძლება ვთქვათ, რომ ივანიშვილსაც აქვს ომი, ოღონდ საკუთარ ხალხთან, საქართველოს წინააღმდეგ.
ამ ეტაპამდე, სანამ ის გახდებოდა სანქციების სუბიექტი, მას ჰქონდა კომფორტი, რომ ერთი მხრივ თავისი კაპიტალით ემოძრავა და გაეზარდა ეს კაპიტალი საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებით და როგორც ხედავთ, მას მთელი ქვეყანა ისედაც განაწილებული აქვს თავისი მაფიოზური დაჯგუფების ხელში, დამატებით შემოსავალს იღებდა აქედან და ამ ვერტიკალსაც ინარჩუნებდა პრინციპით – „ძარცვე, ოღონდ იყავი ლოიალური და ჩემი წილი მოიტანე ყულაბაში“. ეს განსაზღვრავდა ერთგულებასაც და მოტივაციასაც ამ ტურბულენტური ქსელის მონაწილეებისთვის.
ის ღიად დაუპირისპირდა დასავლეთს, გარდა ამისა, რუსეთის იმედი კი აქვს, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რუსეთში რა მდგომარეობაა, მას იქეთ სჭირდება სახსრების მობილიზება, ამიტომ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია ივანიშვილი, რადგან ის ასევე დაპირისპირებულია ამ ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობასთან, დიქტატორული გარემო და სისტემა ჩამოაყალიბა, რასაც სჭირდება რესურსი.
სადამსჯელო რეპრესიულ აპარატს სჭირდება სტაბილური შემოსავალი, რაც განსაზღვრავს ამ დამსჯელი ვერტიკალის ლოიალურობას სისტემის მიმართ. ამის რესურსი მოაკლდა ივანიშვილს და ამ სახსრების ამოქაჩვის პროცესი მიმდინარეობს ახლა.
პრაქტიკამ აჩვენა, რომ რეჟიმის ჯილდოები ვერ იცავს მორჩილებს და ამის მაგალითია ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები, რომლებიც დააჯილდოეს მედლებით, მაგრამ მაინც დაკარგეს თანამდებობა, გავლენა და მოხვდნენ მაგნიტსკის სიაშიც. ეს ნიშნავს, რომ როდესაც რეჟიმს სჭირდება მსხვერპლი, მაგალითად, ფული, ასეთ დროს რეჟიმის მორჩილიც ადვილად შეიძლება გახდეს სამიზნე?
რა თქმა უნდა და ჩვენ შეგვიძლია მათ მორალის საზომიდან ვუთხრათ, რომ აი, შენ ხომ რეჟიმს ემსახურე, პირადი კომფორტი ხომ უფრო მაღლა დააყენე ვიდრე მოქალაქეების უფლებები, დაჩაგრე და აწამე იმის ხარჯზე, რომ ჯილდო მიგეღო… ახლა ეს ჯილდოებიც გაქრა და აღმოჩნდნენ სადღაც მოსროლილი.
თუმცა ამ ადამიანების უმრავლესობას ეს არჩევანი აქვს გაკეთებული თავის დროზე და გაცნობიერებული აქვთ, რომ თუნდაც მოკლევადიანი ხეირისთვის ამ ნაბიჯზე წამსვლელები იყვნენ.
მათი მენტალიტეტი იმაზეა აწყობილი, რომ ერთი ნაბიჯით, ერთხელ, მოკლე დროში იშოვონ რაც შეიძლება მეტი და იმის იქეთ რაღაც სტრატეგიული გათვლების არც სურვილი აქვთ, არც რესურსი და არც მოტივაცია.
გრძელვადიან პერსპექტივაში, საბოლოოდ, ეს მაინც წამგებიანი და დამღუპველი იქნება მათთვის. ერთგვარი აზარტი აქვს მათთვის იმას, რომ ვიღაცას მოეთხოვა შიდა კლანურად პასუხი, მაგრამ ვიღაცები გადარჩნენ.
ყოფილა შემთხვევები თუნდაც საბჭოთა რეჟიმის დროს, რომ ამ სისტემიდან ვიღაც გადარჩენილა, გამომძვრალა და რა შემთხვევაში ხდება ეს?
ძალაუფლება და ფული ამ შემთხვევაში ერთი მოცემულობის ნაწილია. ძალაუფლება, პოსტი არის ვიზა, ერთგვარი ჩარჩო ფულის მოსაპოვებლად კანონის გვერდის ავლით და ხშირ შემთხვევაში – პირდაპირ დაკანონებულიც. ამ სისტემური უსამართლობის ნიმუშია სახელმწიფო ფუნქციონერების ხელფასი, რაც არის ძალიან დიდი და ამის მიღმაც ბევრი კორუფციული გარიგების და რეკეტის საშუალება ეძლევათ.
საბჭოური ტოტალიტარიზმის შემთხვევაშიც ასე იყო დიდწილად, როცა პარტიული პოსტი იყო, ასე ვთქვათ, ფულის საჭრელი მანქანა.
თუმცა ყოფილა შემთხვევა, როცა შიდა წმენდებს და ციკლურ მსხვერპლშეწირვას გადაურჩნენ ადამიანები და ეს არის ის ინტუიციური მეხსიერება, რაც ახალისებს სადამსჯელო სტრუქტურებში მომუშავე ადამიანებს, რომ შეიძლება მათაც მოახერხონ გადარჩენა.
ამის ბევრი მაგალითია, თუნდაც საბჭოთა ბოლშევიკი ანასტას მიქოიანი, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან პოსტებს იკავებდა და არცერთი შიდა წმენდის კამპანია მას არ შეხებია. ლენინიდან ბრეჟნევამდე იცხოვრა და ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.
რამ გადაარჩინა?
გადარჩენის შანსებს განსაზღვრავდა ის, რომ ამ სისტემის მსახურებს სწორად ეგრძნოთ, საიდან უბერავს ქარი და აღმოჩენილიყვნენ გამარჯვებულის ბანაკში.
მნიშვნელოვანი იყო, თუ ვინ უფრო ერთგულად ემსახურებოდა ბელადს, ვინ უფრო ახერხებდა მოწინააღმდეგის კომპრომეტირებას და ვინ უფრო „ჭკვიანურად“ სარგებლობდა დიდი ტერორის კამპანიების დროს შექმნილი გარემოთი, როცა თუნდაც ერთი აგენტურული შეტყობინება საკმარისი იყო ადამიანისთვის ბრალის წასაყენებლად.
როგორ ფიქრობთ, ივანიშვილის კორუფციულ კლანში ყველაზე სუსტი რიჟვაძე აღმოჩნდა? რადგან ასეთი შედეგი სხვების შემთხვევაში ჯერ არ დამდგარა.
ამ ეტაპზე არ ვიცით ამ მაფიოზური დაჯგუფების შიდა სამზარეულოს შესახებ და მედიის განადგურებაც ზუსტად ამას ისახავს მიზნად, რომ არ ვიცოდეთ სინამდვილეში რა ხდება და რა პროცესები მიდის იქ. ამიტომ ჯერ ნაადრევია დასკვნების გამოტანა, რადგან არ ვიცით მომდევნო ფაზები და შიდა მასშტაბური კამპანიები ამ ოლიგარქიული რეკეტის საითკენ წავა, ვინ გახდება სამიზნე და ვინ როგორ მოახერხებს თავის დაღწევას.
საწყისი ფაზაა და ბოლო რამდენიმე თვეა რაც ამაზე ცხადად დაიწყო საუბარი. მსგავსი რეჟიმების გამოცდილება და პარალელურად მიმდინარე პროცესები გვაჩვენებს, ეს უფრო ღრმად წავა და უფრო ტრაგიკული სურათების მოწმე გავხდებით თუ არა.
რუსეთში ბოლო დროს გარდაცვლილი გავლენიანი პირების ისტორიებში ფიგურირებს „თავი მოიკლა“ და წერილი, რომელიც აღმოჩნდება ხოლმე გარდაცვალების შემდეგ. თორნიკე რიჟვაძის ამბავშიც გამოჩნდა წერილი. თქვენი აზრით, იგრძნობა აქაც რუსული რეჟიმის კვალი?
არაფერი ახალი აქაც არ არის, ეს ჟანრის კანონია სამწუხაროდ.
წერილის ელემენტიც არის ის, რომ ოფიციალური ჩარჩო მიუსადაგონ და სისტემამ თავი გაითავისუფლოს პასუხისმგებლობიდან. ძალიან შეთითხნილი სურათია, რაც დამახასიათებელია ამ ტიპის შიდა გარჩევებისა და წმენდებისთვის და ძალიან ჰგავს როგორც წარსულ მაგალითებს, ასევე რუსეთში თუ სხვა ტოტალიტარულ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებს.
საბჭოთა რეპრესიებიდან ბერიას და მაშინდელი სომხეთის კომპარტიის პირველი მდივნის, აღასი ხანჯიანის შეხვედრა გაიხსენეს ამ დღეებში ფეისბუქზე. როცა ამ შეხვედრის შემდეგ ხანჯიანი მკვდარი იპოვეს, მას ორი წერილი ედო ჯიბეში ერთი ცოლისთვის და მეორე ბერიასთვის, სადაც წერდა რომ „ძლიერ გაიხლართა და სხვა გზას ვეღარ ხედავს”. არ ფიქრობთ, რომ რაღაც ამდაგვარი იყო რიჟვაძის წერილის შინაარსიც?
კი, რა თქმა უნდა, ლოგიკა ერთი არის. ნამდვილად მისი დაწერილიც რომ იყოს, ეს ხომ არის შედეგი რაღაც პროცესის და ცხადია, რა პროცესისაც, რომ მიდის ფულის ამოქაჩვის ძალისმიერი კამპანია, რომელიც ძალიან მტკივნეულია ამ კორუმპირებული სისტემის წარმომადგენლებისთვისაც.
როცა შიდა გარჩევებში ასეთი რაღაც ხდება, როგორ უნდა შეიფუთოს ეს, რომ სისტემამ აიცილოს პასუხისმგებლობა – თავისთავად, მიდის უკვე ბევრჯერ ნანახ და გადაღეჭილ მაგალითებამდე.
ბოლოს მაინც მინდა გკითხოთ, ისტორია გვაჩვენებს, რომ რეჟიმები არა მხოლოდ სისტემის მსახურებს ჭამს, არამედ მათ შემქმნელებსაც. ამის მაგალითია ფაშისტური და საბჭოთა რეჟიმები, თუმცა დღევანდელი ტოტალიტარული რეჟიმები თითქოს უფრო დიდხანს ინარჩუნებენ სიცოცხლეს და რატომ?
დიქტატორების დამხობის და ჩამოშლის ბევრი სურათი იყო წინა ათწლეულში, ვნახეთ ისიც, ასადს რა დაემართა, სად არის ამჯერად და როგორ შეავსო, ასე ვთქვათ, განდევნილი და დამარცხებული დიქტატორების კლუბი მოსკოვში, იანუკოვიჩის მეზობლად.
რა თქმა უნდა, ეს სია ღიაა და რუსეთის ინტერესების მსახური ყველა ავტორიტარის პერსპექტივა მსგავსია.
ან რევოლუციით მოეღებათ მათ ბოლო ან ერთობლივი შიდა და გარე პროცესების ზემოქმედებით. ჩვენთან მიმდინარეობს ეს პროცესი და დიდი ალბათობით, დიდი სურვილი მაქვს ამისი, რომ რაც შეიძლება მალე და უმტკივნეულოდ ვნახოთ, რომ ივანიშვილიც ზუსტად ამ კლუბის წევრი გახდება და კიდევ ერთი მაგალითი იქნება იმის, თუ როგორი შეუძლებელია თანამედროვე სამყაროში დიქტატურის სწრაფი და ეფექტიანი ჩამოყალიბება, როცა სხვა პროცესები ამ ყველაფერს ხელს უშლის.
ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ორ ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. შემთხვევა 8 ივლისს მოხდა.
შსს-ს პრესცენტის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ამ ეტაპზე უტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.
„პაციენტის ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე არის დადებითი დინამიკით, კლინიკა გაუმჯობესებულია. კლინიკის გაუმჯობესება ნიშნავს, რომ ტრავმულ-ჰემორატიული შოკის კლინიკა აღარ არსებობს, ანუ ალაგებულია, ლიკვიდირებულია.
ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის პარამეტრები, რეჟიმები გამარტივებულია. ნევროლოგიური სტატუსის მხრივ კონტაქტი მყარდება, კონტაქტურია, ადეკვატურია. ასრულებს მარტივ დავალებებს. გრძელდება დაგეგმილი მკურნალობა პროტოკოლის გათვალისწინებით“, – აცხადებს ლევან რატიანი.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით, თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, შსს-მ 7 ივლისს გაავრცელა.
ბათუმში, ტაძრის ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა ჩამოვარდა. სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დაშავებული კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კლინიკაში ამ ეტაპზე ვერ გვაწვდიან ინფორმაციას დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.
ტაძრის ქუჩაზე მცხოვრები მოქალაქეების თქმით, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა თითქმის დასრულებულია და ოჯახების ნაწილი ამ კორპუსში უკვე ცხოვრობს. ხარაჩოზე მყოფი მუშა კორპუსის ფასადს ღებავდა.
„ბათუმელები“ ელოდება ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
„რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი,“ – მიიჩნევს პოლიტიკოსი, თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის დამფუძნებელი, „ქართული ოცნების“ ყოფილი აღმასრულებელი მდივანი არმაზ ახვლედიანი. მას თორნიკე რიჟვაძეზე ვესაუბრეთ, რომელიც ცეცხლსასროლი იარაღითაა დაჭრილი და შსს-ს ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.
„ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა…
ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება,“ – ამბობს არმაზ ახვლედიანი.
„ბათუმელებმა“ მასთან ინტერვიუ ჩაწერა.
ბატონოარმაზ, რაზე მიუთითებს თქვენთვისთორნიკერიჟვაძისშემთხვევა? აჭარისმთავრობისყოფილითავმჯდომარედაჭრილიადაკლინიკაშირჩება.
ამ უკიდურესად სასტიკი, ავტორიტარული სისტემის პირობებში ნებისმიერი ადამიანი დაუცველია. ის, ვინც თითქოს ყველაზე დაცულად გრძნობს თავს, ვინც ამ რეპრესიული სისტემის შემოქმედია, ხვალ შეიძლება, თავად გახდეს მსხვერპლი, რადგან ეს არის ტოტალური, აღვირახსნილი უსამართლობა, უკანონობა. ჩემთვის თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა ამის დემონსტრირებაა.
როგორც გითხარით, დღეს ნებისმიერი ადამიანი დაუცველია, მათ შორის რეჟიმის შემოქმედიც, შემკვეთიც და შემსრულებელიც. ასეთ სასტიკ, კრიმინალურ სისტემებს ეს ისტორიულად ახასიათებს. ამის არაერთი მაგალითია წარსულში.
თორნიკე რიჟვაძის შემთხვევა გვეუბნება, რა არის ახლა მთავარი! გარდა იმისა, რომ ბატონი თორნიკე სწრაფად და სრულად უნდა გამოჯანმრთელდეს, ვერაგი, ანტიჰუმანური, ანტიეროვნული, მახინჯი, რეპრესიული სისტემა უნდა განადგურდეს, რომ ასეთი სისასტიკე, ასეთი დანაშაული, ანომალია აღარ ხდებოდეს საქართველოში.
მაშინ, როცა ქვეყანაში ყველა და ყველაფერი დაქვემდებარებულია ერთ არალეგიტიმურ ცენტრს, დამაჯერებელი აღარაა არაფერი – ცხადია, არც წერილი და არც მისი შინაარსი!
ზედმეტია საუბარი ობიექტურობასა და ობიექტურ გამოძიებაზე, იმ ადამიანების მხრიდან წესიერებაზე, რომელთაგანაც ეს განცხადებები გვესმის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვირწმუნებთ!
ჩვენ ბათუმელები ვართ, ვინ ვინ და ყველაზე უკეთ ვიცით, სასტიკი, ავტორიტარული რეჟიმის პირობებში რა დღეში აღმოჩნდა ჩვენი ქალაქი, ჩვენი რეგიონი… ბათუმი ამათი დანაშაულებრივი ექსპერიმენტის პოლიგონად იქცა. კორუფციამ მიიღო წარმოუდგენელი მასშტაბი. ქალაქი, უბრალოდ, გავერანდა, ბიზნეს-პოლიტიკურმა გარიგებებმა სრულად უგულებელყო, ფეხქვეშ გათელა ბათუმელების ინტერესები.
ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფება ცდილობს მოაწყოს ქუჩური, კრიმინალური გარჩევები: თავად კრიმინალები ებრძვიან კრიმინალს, თავად კორუფციონერები ებრძვიან კორუფციას. რა თქმა უნდა, ეს ანომალიაა. მთელი ქვეყანა მოიცვა გაუგონარმა კორუფციამ. რეჟიმი უფრო და უფრო მეტი სისასტიკით ცდილობს, თავი გადაირჩინოს, გადაარჩინოს ნაძარცვი და ნაქურდალი.
რეჟიმი ინარჩუნებს გავლენებს ძალაუფლების მიტაცებით. სწორედ ამიტომაა, რომ გაუქმებულია დემოკრატია, გაუქმებულია სამართლიანი სასამართლო და ყველაფერი ჯანსაღი, რაც ჯერ კიდევ აქა-იქ შემოგვრჩა ქვეყანაში, ამ პოლიციური რეჟიმის პირდაპირი სამიზნეა. მითქვამს და გავიმეორებ: მზია ამაღლობელი დღეს ციხეშია სწორედ იმიტომ, რომ ამ რეჟიმისთვის ძალიან მწარე აღმოჩნდა მისი და მისი მედიასაშუალების მართალი, ობიექტური მხილება.
მათი სამიზნე ვართ ყველა, ვინც ვეწინააღმდეგებით რეჟიმს!
არ გამოვრიცხავ, ცხადია. ეს არის ქვეყანა, სადაც არც ობიექტური გამოძიება არსებობს და არც პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი სასამართლო. ასეთი გარჩევები მიღებულია ახლა საქართველოში, ამის ზეობა გვაქვს ქვეყანაში.
ეს ხდებოდა მანამდეც, მაგრამ ივანიშვილმა ეს ზენიტში აიყვანა.
თქვენიდაკვირვებით, რაეტაპზეაახლაივანიშვილისრეჟიმი? თქვენახსენეთ, რომ „რეჟიმითავისგადარჩენასცდილობს“. იქნებპირიქით, ამმეთოდებითივანიშვილიცდილობსტოტალურიშიშისდამკვიდრებას „ოცნების“ დაჯგუფებაში, რომრეჟიმიარავისდაინდობს?
ეს ავტორიტარიზმის ყველაზე მახინჯი ფორმაა, რომელიც უკვე დამკვიდრდა და სწრაფად იხვეწება სისასტიკესა და ვერაგობაში. შესაბამისად, თუ საზოგადოება და მის მიერ შერჩეული ახალი პოლიტიკური ძალები დროულად, უმოკლეს ვადაში ვერ შეძლებენ საქართველოს ამ უბედურებისგან გათავისუფლებას, შემიძლია გარანტირებულად გითხრათ, რომ მრავალი წლის განმავლობაში ჩავრჩებით კორუფციისა და რუსული ავტორიტარიზმის ამ გაუგონარ ჭაობში და იქიდან ამოსვლა იქნება ძალიან რთული! რაც დრო გავა, მით რთული იქნება ეს!
უნდა ვხდებოდეთ, რომ არაფერი ეროვნული, არაფერი სახელმწიფოებრივი, არაფერი ადამიანზე ორიენტირებული ამათ არც ერთ ქმედებაში არ არის, პირიქით კია, ნამდვილად!
ჯერ კიდევ არის მცირე შანსი, რომ შევძლოთ ამ კრიმინალური ბანდისგან საქართველოს გათავისუფლება, არამხოლოდ გათავისუფლება, არამედ მმართველობაში ისეთი ხალხის მოყვანა, ვინც არსით ეწინააღმდეგება ანომალიურს, არადემოკრატიულს, უსამართლოს, არაჰუმანურს…
ჩვენ გვჭირდება საქართველოში სწორედ პოლიტიკოსთა ასეთი გუნდი, მხარდაჭერილი საზოგადოების მიერ, რომელიც უმოკლეს ვადებში შეძლებს ფუნდამენტური რეფორმების დაწყებას და ბოლომდე მიყვანას; შეძლებს სამართლიანი წესრიგის დამყარებას, რის შემდეგაც საქართველო დადგება მოუბრუნებლად და უალტერნატივოდ სწორი, სამართლებრივი, ევროპული განვითარების გზაზე. წერტილი დაესმება ბათუმსა და ყველგან, საქართველოში აღვირახსნილ უკანონობას, როცა ბიზნესის და პოლიტიკის კრიმინალური გარიგება წესად იქცა.
ამას შეუძლებელს გახდის სწორი სისტემა და, რაც მთავარია, სისტემის შემოქმედი – თავდადებული, პატრიოტი, კეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებსაც ეცოდინებათ, რომ რაც უნდა ვარსკვლავები ჩამოწყვიტონ ციდან, მათი მმართველობის დრო მაინც შეზღუდულია, განსაზღვრულია სამართლიანი ნორმებით, კონკრეტული ვადითა და შეკვეთით. აი, ეს სჭირდება საქართველოს.
ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ამოცანაც 2012 წელს, როდესაც მიხეილ სააკაშვილი შეცვალა, მაგრამ მან გაცილებით უარესი ჩაიდინა, ვიდრე სააკაშვილმა.
ოპოზიციის ამ ორ ნაწილს შორის დიდი სხვაობაა. ვერაფრით გავიზიარებ ამ სპეცოპერაციაში, ივანიშვილმა არჩევნები რომ დაარქვა, მონაწილეობას.
საუბედუროდ, დღევანდელ ოპოზიციურ სპექტრს არ შეუძლია საქართველოში რადიკალური ცვლილების მიღწევა, მას არ შესწევს უნარი, ივანიშვილის რეჟიმი დაასრულოს და სწორი გზით ატაროს ქვეყანა. ამას სჭირდება ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შემქმნელი პოლიტიკური კლასი, რომელიც ჯერჯერობით არ არსებობს – სიმართლე ეს არის, მაგრამ მისი შექმნა შესაძლებელია ამ პოლიციური, გაუსაძლისი რეჟიმის პირობებშიც კი, ეს ჯერ კიდევ შესაძლებელია! მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხებას.
ეს უნდა შევძლოთ უმოკლეს დროში ან ქვეყანა მრავალი წლით ჩარჩება უძრაობის, რეპრესიებისა და უპერსპექტივობის ჭაობში.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანის ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
გამოძიება ალექსი ახვლედიანს კუთვნილი იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, რომელი იარაღითაც, შსს-ს ვერსიით, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა.
პროკურატურამ ახვლედიანს ბრალდება უკვე წარუდგინა.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.
წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფი ალექსი ახვლედიანი მისმა ადვოკატმა, ლალი აფციაურმა მოინახულა, შემდეგ კი ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:
„ბრალთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ასეთია: ვინაიდან ცეცხლსასროლი იარაღი ინახებოდა სპეციალურ ქეისში, დახურულ მდგომარეობაში, ცალკე ოთახში.
ფანჩატური ვის როგორ წარმოუდგენია, არ ვიცი, მაგრამ (მე რაც მაქვს ნანახი და შემდგომში ალბათ, თქვენთვისაც გახდება ცნობილი სურათების მეშვეობით), ეს არის იზოლირებული, ჩვეულებრივი შენობა, უბრალოდ შუშით შემინულია და იკეტება კარი.
ეს ქეისი ჰქონდა დატოვებული ამ ოთახში. ყველაზე მარტივად შემიძლია აგიხსნათ, რომ არის იქ კამერების ჩანაწერები, ალბათ გასაჯაროვდება და ნახავთ თქვენი თვალით.
კამერები აქვს ამოღებული გამოძიებას, სადაც ჩანს ყველაფერი ნათლად, რეალურად, იმას, რასაც მე თქვენ გიყვებით,“ – თქვა ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ლალი აფციაურის თქმით, ახვლედიანი იარაღს სპეციალურ ქეისში ინახავდა.
„ვიმეორებ კიდევ ერთხელ, იარაღს ინახავდა სპეციალურ ქეისში, რომელსაც ატარებდა თან. არ მგონია ახლა, რომ სპეციალური ქეისით ვიღაცა დადიოდეს სააბაზანოში. დატოვა დახურულ სივრცეში. არ მიიჩნევს, რომ დაუდევრად დატოვა, იმიტომ, რომ თავის საკუთარ სახლში, დახურულ, ჩაკეტილ სივრცეში აქვს დატოვებული. აღარავინ არ იყო [ფანჩატურში], წასული იყო… შესაძლებელია იქამდე იყვნენ სტუმრები, მე არ ვიცი. იმ კონკრეტულ შემთხვევაში არ იმყოფებოდა არავინ და ამას ნახავთ კამერებში,“ – თქვა ლალი აფციაურმა.
ჟურნალისტების კითხვაზე, ჩანს თუ არა კადრებში თორნიკე რიჟვაძე, ლალი აფციაურმა თქვა: „დიახ, ეს ყველაფერი ჩანს“.
ალექსი ახვლედიანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.
რუსულ მედიაში ინფორმაცია ვრცელდება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროს კიდევ ერთი თანამშრომლის სიკვდილის შესახებ.
ანდრეი კორნეიჩუკი რუსეთის სარკინიგზო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ერთ-ერთი დეპარტამენტის ქონების მართვის განყოფილების უფროსის მოადგილის პოზიციას იკავებდა.
მედია Baza-ს ცნობით, 42 წლის კორნეიჩუკი ტრანსპორტის სამინისტროს შენობაში გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა მინისტრის თვითმკვლელობის შესახებ. წყაროების ცნობით, ის შეხვედრის დროს მოულოდნელად წამოდგა, შემდეგ იატაკზე დაეცა და გარდაიცვალა.
რუსული პროპაგანდისტული მედია RIA წერს, რომ წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობაა.
გუშინვე, 7 ივლისს, ინფორმაცია გავრცელდარომ საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს რუსეთის ტრანსპორტის ყოფილი მინისტრის რომან სტაროვოიტის ცხედარი, რომელსაც ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი მთავარ ვერსიად თვითმკვლელობას განიხილავს.
სტაროვოიტი პუტინის ბრძანებით 7 ივლისს პუტინის ბრძანებით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. გადაწყვეტილების მიზეზი დოკუმენტში არ იყო მითითებული.
მედიის ცნობით, ინფორმაციით, სტაროვოიტის ტრანსპორტის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებაზე გავლენა მოახდინა გამოძიებამ, რომელიც ეხებოდა კურსკის ოლქის საზღვართან გამაგრებითი ნაგებობების მშენებლობის დროს შესაძლო თანხის გაფლანგვას, სატრანსპორტო კოლაფსს და სფეროში სტაგნაციას.
მანამ, სანამ 2024 წლის მაისში ტრანსპორტის მინისტრად დაინიშნებოდა, რომან სტაროვოიტი კურკის ოლქის გუბერნატორი იყო.
Baza წერს, რომ რომან სტაროვოიტს, შესაძლოა სუიციდი ჩაედინა 5-6 ივლისის ღამეს, შესაბამისად, გამოდის, რომ პუტინმა მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ბრძანებას ხელი მისი სიკვდილის შემდეგ მოაწერა.
საქართველოს პროკურატურა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსი ახვლედიანისადმი წარდგენილ ბრალდებაში წერს თავის ვერსიაზე, თუ როგორ სცადა, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
პროკურატურა წერს, რომ გამოძიების თანახმად, თორნიკე რიჟვაძე 6 ივლისს, საღამოს საათებიდან სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის, ალექსის ახვლედიანის სახლში.
პროკურატურის ვერსიით, თორნიკე რიჟვაძემ, 7 ივლისს, შუაღამის შემდეგ, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, „შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია“.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის სცადა, 7 ივლისს გაავრცელა შსს-მ.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული. ბოლო მონაცემებით თორნიკე რიჟვაძის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა, იგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძემ ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს, ბრალდება წარუდგინა.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა ქალაქ საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში.
7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ეკონომიკის სამინისტრო არ პასუხობს კითხვას, შეუჩერდა თუ არა უფლებამოსილება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს, ალექსი ახვლედიანს.
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო სწორედ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
“ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სრულად იცავს შრომის კანონმდებლობას და იმოქმედებს სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების საფუძველზე,” – უთხრეს “ბათუმელებს” სამინისტროში.
ეკონომიკის მინისტრი ნიშნავს და ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორს.
პროკურატურის ინფორმაციით, ახვლედიანისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.
„ჯერ არის ვადა, გავავრცელებთ რელიზს“, – მოკლე განმარტებით შემოიფარგლა პროკურატურის პრესსამსახური ალექსი ახვლედიანის შესახებ დასმულ კითხვაზე.
ალექსი ახვლედიანი გუშინ, 7 ივლისს დააკავეს მას შემდეგ, რაც საგარეჯოში მდებარე მის სახლში, აჭარის მთავრობის ყოფილმა თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა.
გამოძიების ვერსიით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორს ეკუთვნოდა იარაღი, საიდანაც გაისროლეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსი ახვლედიანს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით ედავება.
ალექსი ახვლედიანი თავდაპირველად საგარეჯოს პოლიციის განყოფილებაში, მოგვიანებით კი თბილისში, დიღმის იზოლატორში გადმოიყვანეს.
როგორც ალექსი ახვლედიანის ადვოკატმა, ლალი აფციაურმა ტვ პირველს უთხრა „ალექსი ახვლედიანს მძიმე ემოციური მდგომარეობა აქვს“.
სამოქალაქო აქტივისტს ალბი კორძაიას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კახნიაშვილმა 5 დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
სასამართლო პროცესი ბათუმში გაიმართა. სხდომას ალბი კორძაია არ ესწრებოდა.
„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი პატიმრობა 5 დღე.
ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან,“ – დაწერა აქტივისტმა სასამართლო პროცესზე გამოტანილი გადაწყვეტილების შემდეგ.
28 ივნისს ალბი კორძაიამ ფეისბუქზე გაავრცელა ვიდეო, თუ როგორ მოსთხოვა მათე დევიძის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების გამო პასუხი პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს.
ალბი კორძაია ვიდეოში, რაც დღეს, 8 ივლისს, მისი პატიმრობის საფუძველი გახდა, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილს მიმართავს და ეკითხება:
„ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ ბათუმში უნდა ისვენებდე?! ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული შე უნამუსო, შე ნამუსგარეცხილო. გამოხვედი, ცრუ ჩვენება მიეცი სასამართლოზე და მაგის მერე ბათუმში ისვენებ ბიჭო,“ – ისმის ვიდეოში ალბი კორძაიას ხმა.
„დიდი პრემია ავიღე“, – ირონიულად პასუხობს მას ამავე ვიდეოში ბიძინა ჟამერაშვილი.
ვიდეო თავად აქტივისტმა გადაიღო და გაავრცელა.
ვიდეოს გავრცელებიდან ორ დღეში, 30 ივნისს, ალბი კორძაიამ დაწერა, რომ საპატრულოდან დაურეკეს და აცნობეს, რომ ბიძინა ჟამერაშვილი მას შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდა.
რადგან სადავო ეპიზოდი ბათუმში მოხდა, საქმე ბათუმის საქალაქო სასამართლომ განიხილა და მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილმა აქტივისტი ხუთდღიან პატიმრობაში გაუშვა.
აქტივისტ ალბი კორძაიას ბოლო ერთ თვეში ადმინისტრაციული პატიმრობა მეორედ შეუფარდეს.
ბიძინა ჟამერაშვილი მათე დევიძის საქმის ფიგურანტი პოლიციელია. ის 7 თებერვალს დაკითხა სასამართლომ 21 წლის მათე დევიძის სასამართლო პროცესზე.
ბიძინა ჟამერაშვილი საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი.
მათე დევიძეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა საპატიმრო სასჯელის სახით 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა.
ჭიათურელი მაღაროელი მერაბ სარალიძე 20 დღეა ციხეში, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.
სარალიძე 29 აპრილს, გამთენიისას დააკავეს. გამოძიება მას სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
მერაბ სარალიძესთან ერთად დაკავებულია კიდევ სამი მაღაროელი – გიორგი მეფარიძე, აჩიკო ჭუმბურიძე და თენგო გველესიანი.
მათ 4-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
დღეს, 8 ივლისს, მერაბ სარალიძის მეუღლე ჟანა გოგატიშვილი ფეისბუქზე გამოეხმაურა მეუღლის შიმშილობას. მისი თქმით, მერაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
„როცა მე და მერაბმა ოჯახი შევქმენით, დედა უკვე გარდაცვლილი ჰყავდა. ობლობაში გაიზარდა, დედისერთაა. არ გვქონდა საკუთარი ჭერი. შრომის იმედად დავიწყეთ თანაცხოვრება. ყველაფერს აკეთებდა, რომ შეგვძლებოდა შვილებისთვის კარგი მომავალი შეგვექმნა. მაშინაც არ აცდენია გზას, არ დაუკარგავს სინდისი და პატიოსნება, როცა უკიდურესად გვიჭირდა.
შრომით ვზრდით ორ შვილს, ვიყიდეთ სახლი, ფეხზე დავდექით და საუკეთესო თუ არა, ნორმალურ პირობებში ვაგრძელებდით ცხოვრებას.
ახლა ციხეში შიმშილობს და ძალიან მძიმეა მისი მდგომარეობა. განა რას ითხოვდნენ უსამართლოს, ჩვენც ხომ ადამიანები ვართ, ურთულეს პირობებში სიცოცხლის ფასად უწევთ შრომა. ორჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. ერთხელ დიდი ქვა დაეცა, მძიმე ტვინის შერყევით იწვა. კასკა რომ არა, ალბათ ვერც გადარჩებოდა.
ასევე შიმშილობენ მისი მეგობრები კარავში. სამს პირი აქვს ამოკერილი, მათი მდგომარეობაც ყოველ დღე მძიმდება.
ძალიან მიჭირს ამ რეალობის გამკლავება. ჯანმრთელობის მდგომარეობაც არ მიწყობს ხელს, რომ ორი შვილის მარტო რჩენა და გაზრდა შევძლო. პასუხებს ვეღარ ვპოულობ ჩემი შვილების შეკითხვებზე.
ბიჭი წელს შედის სკოლაში, სულ მეკითხება მამიკოს ამბავს, მოენატრა. გოგო მე-6 კლასში გადავიდა, მამას ტელეფონზე ვერ ესაუბრება, ტირის და ნერვიულობს ბავშვი. მანამდეც ჰქონდა ნერვული პრობლემები, მაგრამ ახლა გაუმძაფრდა, ექიმთან დამყავს ამის გამო.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება ცხოვრებისთვის, მეტს არაფერს ვითხოვთ.
მივმართავ ყველას, თუკი შეგრჩათ რაიმე ადამიანური, მიიტანოთ გულთან ჩემი და ჩემი თანამოქალაქეების გასაჭირი!
გათავისუფლდნენ უსამართლოდ დაკავებული მერაბ სარალიძე, აჩიკო ჭუმბურიძე, თენგო გველესიანი, გიორგი ნეფარიძე – მშრომელი, პატიოსანი ხალხი, რომელთაც კარგის მეტი არასდროს არაფერი სდომებიათ ქალაქისთვის“, – წერს ფეისბუქზე ჟანა გოგატიშვილი.
15 დღეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს მაღაროელი ტარიელ მიქაცაძეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ცუდად გახდა და კლინიკაში გადაიყვანეს. ჯანმრთელობის გაუარესების გამო მოუწია კლინიკაში გადაყვანა მირზა ლოლაძესაც, რომელსაც პირი აქვს ამოკერილი. კლინიკიდან გამოწერის შემდეგ ისინი შიმშილობას კვლავ აგრძელებენ.
მოშიმშილე და დაკავებული მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ მაღაროებში მუშაობდნენ.
გიორგი მეფარიძე კი შუქრუთის მცხოვრებია და უკვე წლებია, სოფელ შუქრუთში კომპანიის სამთო-მოპოვებითი საქმიანობის შედეგად გამოწვეულ ზიანს და სახლების დანგრევას აპროტესტებს.
ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ დაიწყო, რაც „ჯორჯიან მანგანეზმა“, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა შეაჩერა და თანამშრომლები ნაწილობრივ – 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა, თუმცა კომპანია დასაქმებულებს არც ამ თანხას უხდის და აღარც სამუშაოების განახლებას აპირებს.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ განაცხადა „ინტერპრესნიუსთან“.
მისი თქმით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება და იგი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
7 ივლისს, შსს-მ გაავრცელა განცხადება აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის მიერ თვითმკვლელობის მცდელობაზე.
თორნიკე რიჟვაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობით შეიყვანეს კლინიკაში. შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 ივლისის 21 საათიდან 9 ივლისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 8-13 მეტრი წამში;
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან რაიონებში:
დღისით: 25 – 30 გრადუსი სითბო
ღამით: 15 – 20 გრადუსი სითბო
მაღალმთიან ზონაში:
დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 8 – 13 გრადუსი სითბო
ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.
სინოპტიკოსების ცნობით, 10 და 11 ივლისს ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია უნალექო ამინდი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 028 610 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 070]
ტანკი – 10 995 ერთეული [+0]
ჯავშანტექნიკა – 22 967 ერთეული [+4]
საარტილერიო სისტემა – 30 034 ერთეული [+41]
MLRS – 1 434 ერთეული [+2]
საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 192 ერთეული [+0]
თვითმფრინავი – 421 ერთეული [+0]
ვერტმფრენი – 340 ერთეული [+0]
უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 44 230 ერთეული [+172]
ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 439 ერთეული [+0]
გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
მანქანები და საწვავის ავზები – 54 456 ერთეული [+86]
სპეცტექნიკა – 3 927 ერთეული [+0]
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.
უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 ივლისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:
663 თვითმფრინავი
283 ვერტმფრენი
68 251 უპილოტო საფრენი აპარატი
614 საზენიტო სარაკეტო სისტემა
24 162 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
1 576 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
27 129 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
37 832 სპეციალური სამხედრო მანქანა
რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.
ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.
—
რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას განაახლებს. გადაწყვეტილება პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ მიიღო რუსეთის გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების ფონზე.
„როიტერსის“ ცნობით, ვაშინგტონი კიევს გადასცემს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემებს, მათ შორის Stinger-ისა და Patriot-ის ტიპის შეიარაღებას. იარაღის ზუსტი რაოდენობა ჯერჯერობით არ სახელდება.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მხარეებს შორის მოლაპარაკება მოიცავს არა მხოლოდ იარაღის მიწოდებას, არამედ ერთობლივ წარმოებასაც.
აშშ-ის პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინას საკუთარი თავის დაცვა უნდა შეეძლოს.
პენტაგონის ცნობით, ახალი დახმარება მიზნად ისახავს უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას. მიწოდება ეტაპობრივად განხორციელდება.
ხელვაჩაურის სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი, რომელიც ხულოს საკრებულოში ოპოზიციური ფრაქციის შექმნას ეხებოდა.
ხულოს საკრებულომ ოპოზიციონერ წევრებს ფრაქციის შექმნაზე უარი უთხრა. საკრებულოს წევრებს ფრაქციის შექმნის უფლებას კანონი აძლევს.
როგორც „ბათუმელებს“ ბესიკ შაინიძემ უთხრა, ხულოს საკრებულოს წევრმა კოალიციიდან -„ძლიერი საქართველო“, ხელვაჩაურის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნუგზარ მგელაძემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სარჩელი. კერძოდ, მოთხოვნა დაკმაყოფილდა იმ ნაწილში, რომ ხულოს საკრებულომ ხელახლა უნდა იმსჯელოს ოპოზიციური ფრაქციის შექმნაზე.
„მოსამართლემ ასევე თქვა, რომ ფრაქციის შექმნა არ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან და საკრებულოს უარის თქმა საფუძველს მოკლებულია, თუმცა ის ვერ დაავალდებულებს საკრებულოს ახალი ფრაქციის შექმნას, ამაზე უნდა იმსჯელოს საკრებულომ,“ – გვითხრა ბესიკ შაინიძემ, ხულოს საკრებულოს წევრმა.
ხულოს მოქმედი საკრებულოს სამ წევრს: ბესიკ შაინიძეს პარტიიდან – „ლელო“, ზაზა ვანაძეს – „სტრატეგია აღმაშენებელი“ და მინდია რიჟვაძეს – „გახარია საქართველოსთვის“ ფრაქციის შექმნა 2024 წლის ბოლოს გადაუწყვეტიათ, მას შემდეგ, როცა გახარიას თანაგუნდელი უმაღლესი საბჭოს დეპუტატი გახდა და ოპოზიციური ფრაქცია დაიშალა.
ხულოს საკრებულომ ახალი ფრაქციის რეგისტრაციაზე 2024 წლის 23 დეკემბერს უარი თქვა. ხულოს საკრებულოს უმრავლესობა იმ არგუმენტს დაეყრდნო, რომ წინასაარჩევნოდ „სტრატეგია აღმაშენებელი“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად კოალიციაში გაერთიანდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი, უკვე აქვს ფრაქცია ხულოს საკრებულოში.
თიბისიმ და Glovo-მ ერთგულ მომხმარებლებს გრძელვადიანი შეთავაზებები მოუმზადეს – 7 ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, Glovo-ში ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებით ან ერთგული საკრედიტო ბარათით მინიმუმ 10-ჯერ გადახდისას, მათ ერთგულ ყულაბაში, 50 ლარი დაუბრუნდებათ.
შეთავაზება მოქმედებს Glovo-ს აპლიკაციის ნებისმიერ კატეგორიაში, ნებისმიერი ოდენობის თანხის შეკვეთაზე. მთავარია, ტრანზაქციებს შორის ინტერვალი არ იყოს 10 წუთზე ნაკლები.
შეთავაზების განმავლობაში, მომხმარებლებს 50 ლარი ერთგულ ყულაბაში ერთჯერადად დაუბრუნდებათ, საიდანაც თანხის გადარიცხვა თიბისის ნებისმიერ საკუთარ ანაგრიშზე შეუძლიათ.
აღნიშნული შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.
ასევე, 7 ივლისიდან, თიბისის მომხმარებელი Glovo-ში დამატებითი შეთავაზებით ისარგებლებენ- 3 თვის განმავლობაში, ახალი თიბისი ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით Glovo Prime-ის გამოწერისას, გადახდილი თანხის 100% მომენტალურად დაუბრუნდებათ, რაც იმას ნიშნავს, რომ პაკეტს სრულიად უფასოდ შეიძენენ. ახალი თიბისი კონცეპტ ბარათების მომხმარებლებისთვის კი, ამ პაკეტის 100%-იანი ქეშბექით შეძენა, 6 თვის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.
Glovo Prime-ის შეთავაზების დეტალური პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.
აიღე, ახალი თიბისი ბარათი და მუდმივად ისარგებლე გამორჩეული შეთავაზებებით.
7 ივლისს, ბიზნესმენ გიორგი რამიშვილს [„ზარალა“], რომელსაც პროკურატურა ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება, 70 000 ლარიანი გირაო დააკისრეს და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე ნანა შამათავას თქმით, აღკვეთის ღონისძიების სახით ყველაზე მკაცრი სასჯელი, პატიმრობის გამოყენება არ არის საჭირო.
პროკურატურა ბიზნესმენის პატიმრობას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ გადაწყვეტილება ადგილზე თათბირის შედეგად მიიღო.
ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი 6 ივნისს დააკავეს.
შსს-ს ცნობით, ბიზნესმენი დააკავეს გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარებას გულისხმობს.
ბრალი, რომელსაც გიორგი რამიშვილს ედავებიან, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
თავად გიორგი რამიშვილმა 7 ივლისს სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ „მისი შეცდომისთვის 4-დან 7 წლამდე სასჯელი ძალიან ზედმეტია“.
„ეს არის შეცდომა, რაც ნებისმიერ ადამიანს შეიძლება მოუვიდეს. უცხოეთში მივდიოდი. ჩანთიდან რამდენჯერმე რაღაც ამოვიღე კიდეც და ვერ შევამჩნიე, პატარა იარაღია. მივაწოდე ჩანთა კონტროლს და იქვე აღვნიშნე, რომ რაღაცა შეცდომა იყო. მაგრამ ასეთი რანგის შეცდომის დასჯა 4-დან 7 წლამდე ძალიან ზედმეტია.
ძალიან ვნანობ. კანონი არასდროს დამირღვევია, რაც თავი მახსოვს. ყველა ჩემს მანქანას მართავს მძღოლი. ჯარიმა კიდევ იმისაა, რომ გადაიხადო. შემთხვევით იყო ჩანთაში და რომ მცოდნოდა, ხომ 100%-იანი შანსია, რომ ამოვარდება. არ იქნებოდა ადეკვატური.
გაქცევაზე და მიმალვაზე ლაპარაკი ზედმეტია. ოჯახი აქ მყავს, 7000 თანამშრომელი. რა მჭირს გასაქცევი? არასდროს მსგავსი რამ არ მომხდარა“, – განაცხადა მან.
გიორგი რამიშვილი „სილქ როუდ“ ჯგუფის დამფუძნებელია. ასევე „ევრონიუს-ჯორჯიას“ დამფუძნებელი კომპანიის – „სილქნეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეცაა.
გიორგი რამიშვილის სახელს წინა ხელისუფლების დროს სხვადასხვა ბიზნესპროექტი უკავშირდება, მათ შორის, ყველაზე ცნობილი ტრამპ თაუერის მშენებლობა, ასევე, 16 სასტუმროს მშენებლობა აჭარის სანაპირო ზოლში.
მისი სახელი 2018 წელს სპორტის მაშინდელი მინისტრის, ლევან ყიფიანისა და ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სკანდალის შემდეგაც გამოჩნდა. მაშინ ითქვა, რომ ისინი კონფლიქტის შემდეგ გიორგი რამიშვილმა შეარიგა, რომელიც ოთარ ფარცხალაძის მეჯვარეა.