ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 11 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:
  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 965 890 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
  • ტანკი – 10 792 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 446 ერთეული [+6]
  • საარტილერიო სისტემა – 27 670 ერთეული [+33]
  • MLRS – 1 381 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 159 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 537 ერთეული [+55]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 47 947 ერთეული [+117]
  • სპეცტექნიკა – 3 878 ერთეული [+3]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 11 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 735 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 276 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 561 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 671 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 262 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ცეცხლის შეწყვეტაზე ევროპელი ლიდერების ულტიმატუმს, პუტინმა საკუთარი ინიციატივით უპასუხა

კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა

ბათუმში, გვახტანგ გორგასლის ქუჩაზე, პიაცასთან ქარმა რკინის კონსტრუქცია მოანგრია, რომელიც ორ მოქალაქეს დაეცა. მოქალაქეები ნანგრევებიდან მაშველებმა გამოიყვანეს.

როგორც “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების სამსახურში უთხრეს, შემთხვევის შედეგად ორივე მოქალაქემ მსუბუქი დაზიანებები მიიღო. ისინი სასწრაფომ კლინიკაში გადაიყვანა.

გარდა მოქალაქეებისა დაზიანებულია გორგასლის ქუჩაზე მდგარი ავტომობილებიც.

შემთხვევის ადგილას პოლიციაა მობილიზებული.

 

ძლიერი ქარის გამო ბათუმის აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ძლიერი ქარის გამო სტამბული-ბათუმის ავიარეისი ვერ ჯდება.

Flight Radar-ის მონაცემებით, სტამბოლი-ბათუმი ბათუმის აეროპორტში 9:30 საათზე უნდა ჩამოფრენილიყო, თუმცა იმის გამო რომ ქარია, თვითმფრინავი ერთ საათზე მეტია შავი ზღვის თავზე წრეს არტყამს.

ძლიერი ქარი ბათუმში დღეს, 10 მაისის საღამოს ამოვარდა.

„პუტინს არ აწყობს, ფრონტიდან ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს“ – ინტერვიუ

„არაფრით არ იყო საინტერესო ეს აღლუმი. ბოლომდე ვერც კი ვუყურე. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტანსაცმელი კინოსტუდიიდან გამოიტანეს და ძველი იარაღი გვაჩვენეს,“ – 9 მაისს მოსკოვში გამართულ აღლუმზე თავის შთაბეჭდილებას გვიზიარებს გადამდგარი გენერალი ვახტანგ კაპანაძე.

„პუტინს გვერდით რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ეყოლება, რაზე უნდა ელაპარაკო?“ – კითხვას სვამს გენერალი და მერე გვიყვება, რა აჩვენა აღლუმის სამზადისმა მოსკოვში განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაიანელებმა რუსეთზე დრონებით დარტყმა შეძლეს.

„ჯავშანტექნიკის გადაადგილების დროს ყველა მაღაზია და კაფე დახურეს, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს კი, რომლებიც ძირითადად უზბეკები და ტაჯიკები არიან, დავალება ჰქონდათ, სახურავებზე დამდგარიყვნენ და ბინოკლებით ეთვალთვალათ დრონებისთვის. ქუჩებს ვინც ასუფთავებს და წითელ მოედანს, სურათები დაიდო, პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული.

სინ ძიპინისთვის დასახვედრად მთელს მოსკოვსა და რუსეთში მოძებნეს ჩინელები, ჩაიყვანეს მოსკოვში, გზაზე განალაგეს ჩინური წარწერებით და ასე შემდეგ,“ – გვიყვება გადამდგარი გენერალი.

სამხედრო ანალიტიკოსს მოლოდინი აქვს, რომ რუსეთს წლის ბოლომდე მოუწევს ომის შეწყვეტა, რადგან ეკონომიკური სანქციების ეფექტი უკვე საგრძნობია, უკრაინა კი, უფრო და უფრო თანამედროვე ტექნიკას იღებს დასავლეთიდან.

„ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ მრჩეველია.

  • ბატონო ვახტანგ, თქვენი დაკვირვებით, რის დემონსტრირება სცადა ამჯერად პუტინმა 9 მაისს?  

ზოგადად, ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმების ხელმძღვანელობას უყვარს მსგავსი ღონისძიებები, განსაკუთრებით კი, საბჭოთა კავშირსა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებში. მგავს ღონისძიებებზე მათ ეძლევათ შესაძლებლობა, აჩვენონ საკუთარი უძლეველობა, სიახლეები სამხედრო საშუალებებში და ასე შემდეგ.

ეს აქტივობა მიმართულია ორი მიზნის მისაღწევად: საკუთარი თავი დაარწმუნო იმაში, რომ ყველაფერი კარგადაა და მთელი ეს ძალა შენ გექვემდებარება. მეორე მიზანია ხალხისთვის იმის ჩვენება, რომ შენს ხელშია ეს ძალა და  შეგიძლია ზემოქმედება საკუთარი ქვეყნის უკმაყოფილო მოსახლეობაზე.

არაფრით არ იყო საინტერესო ეს აღლუმი. ბოლომდე ვერც კი ვუყურე. როგორც ჩანს, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი სამხედრო ტანსაცმელი კინოსტუდიებიდან გამოიტანეს და ძველი იარაღი გვაჩვენეს.

სამხედრო ტექნიკაში, რაც წარმოდგენილი იყო, ახალი არაფერი იყო. ყველაზე ახალი, მაგალითად, ძირითადად წარმოდგენილი მოდელები იყო T-90M „პრორივი“, რომელიც მოდერნიზებულია, რომელსაც უკრაინის ბრძოლის ველზე ყველა დასავლური წარმოების ტანკი სჯობნის, მათ შორის, გაცილებით ძველი თაობის „ლეოპარდ“ 1 A5 და ასევე სიამაყით გვიჩვენეს მოდერნიზებული  T-80.

მეტი რა უნდა გამოეფინა პუტინს? ყველაფერი, რაც გააჩნდა რუსეთს, უკვე გამოიყენა უკრაინაში. ერთადერთი „არეშნიკზე“ საუბრობენ ხშირად და არ ვიცი, გამოიყენეს თუ არა „არეშნიკის“ პროტოპიტი რეალურად და დარჩათ თუ არა მათი რაკეტები.

ვინ ჩავიდა მოსკოვში ამ ისტორიული თარიღის აღსანიშნავად, ვისთან ერთად იყო პუტინი? მან სინ ძიპინი გამოიყვანა, როგორც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, იქ ვუჩიჩის ბალტისპირეთმა ჩაუკეტა საჰაერო საზღვარი და მოუწია აზერბაიჯანიდან შესვლა. წარმოიდგინეთ, სრული კოლაფსი შეიქმნა რუსეთის საჰაერო მიმოსვლაში – 300-ზე მეტი რეისი გადაიდო. ფაქტობრივად სამი დღე-ღამე იყვნენ გაჭედილი აეროპორტებში, საშინელ პირობებში, უწყლოდ, უსაჭმლოდ, იატაკზე ეძინათ და ასე შემდეგ.

  • რეალური საფრთხე იგრძნეს უკრაინელებისგან, როცა დრონებით შეუტიეს მოსკოვს? 

რა თქმა უნდა. წინა დღეებში უკრაინელებმა 500-მდე დრონით დაარტყეს რუსეთს. დღეს, 9 მაისს რომ არ იყო აქტიურობა უკრაინის მხრიდან, გამოწვეულია იმით, რომ ეს თარიღი უკრაინის დღესასწაულიც არის.

საინტერესოა, ამ დროს რუსეთს როგორი პარანოია დაემართა: ჯავშანტექნიკის გადაადგილების დროს მარშრუტებზე ყველა მაღაზია და კაფე დახურეს, კომუნალური სამსახურების თანამშრომლებს კი, რომლებიც ძირითადად უზბეკები და ტაჯიკები არიან, დავალება ჰქონდათ, სახურავებზე დამდგარიყვნენ და ბინოკლებით ეთვალთვალათ დრონებისთვის.

ქუჩებს ვინც ასუფთავებს და წითელ მოედანს, მათი სურათები დაიდო, პისტოლეტებით იყვნენ შეიარაღებული.

აღარ ვამბობ სპეცსამსახურის რამდენი აგენტი ჰყავდათ და ისინი როგორ ემზადებოდნენ. სახლიდან გამოსვლა კი, აიკრძალა საერთოდ, ინტერნეტი გააჩერეს, მობილურები დაბლოკეს. ეს არის დღესასწაული?!

არც პუტინი გამოიყურებოდა ბედნიერად. ერთადერთი, თვალებში უყურებდა სინ ძიპინს და ეს იყო.

ნახევრად ხუმრობით იყოს და ჩემი აზრით, ჩინეთის ლიდერი პუტინს უფრო უსაფრთხოების გარანტიად უნდოდა, იქნებ მისი ხათრით უკრაინელებმა არ დაგვარტყასო.

არც პუტინის სიტყვა იყო განსაკუთრებული და ჰეროიკული. წინანდელთან შედარებით პუტინს აშკარად არ ჰქონდა გამარჯვებული სახე.

  • პუტინმა ძირითადად ისაუბრა 1945 წლის გამარჯვებაზე, ხოლო უკრაინის ომზე განაცხადა მხოლოდ ეს: „სიმართლე და სამართლიანობა ჩვენს მხარეზეა…“. თქვენი აზრით, რატომ არ ისაუბრა პუტინმა უკრაინაზე? 

რა უნდა თქვას პუტინმა?!

ჩვენ გავხდით გამარჯვების დღესასწაულის პუტინის მიერ პრივატიზების მოწმე. მან უკრაინაზე სათქმელი სპეცოპერაციის მონაწილე დანაყოფების მარშირებით გამოხატა, რითაც ერთმანეთს დაუკავშირა დიდ სამამულო ომში გამარჯვება და უკრაინაში ომი. ფაქტობრივად პუტინი ცდილობს ბახმუტის აღება გაუთანაბროს ბერლინის და კენინსბერგის ოპერაციებს. მოკლედ, კვაზი-სტალინობას ცდილობდა პუტინი, უშედეგოდ.

თავისთავად არაფრის მთქმელი არ იყო პუტინის მიმართვა. იყო მხოლოდ იმის ჩვენება და კიდევ ერთხელ გამეორება, რომ რუსეთი თავის აგრესორის წინააღმდეგ აწარმოებს საომარ მოქმედებებს და ეს არის თითქოს სამართლიანი. ვინ დაიჯერებს ამას რუსეთში მაცხოვრებლების გარდა?! მე დარწმუნებული ვარ, წითელ მოედანზე მყოფი სტუმრების 80% არ დაიჯერებდა ამას.

  • რეალურად, რა რესურსია პუტინის გვერდით 27 ქვეყნის ლიდერის გამოჩენა? ხაზგასმული იყო ჩინეთთან რუსეთის მეგობრობა 

პუტინმა სცადა იმის ჩვენება, რომ რუსეთის გვერდითაა ისეთი დიდი ქვეყანაც კი, როგორიც არის ჩინეთი.

სინ ძიპინისთვის დასახვედრად მთელს მოსკოვსა და რუსეთში მოძებნეს ჩინელები და ჩაიყვანეს მოსკოვში, გზაზე განალაგეს ჩინური წარწერებით და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ხაზგასმული პატივისცემით დახვდნენ რუსები სინ ძიპინს.

პუტინს გვერდით რომ სამხრეთ ოსეთის წარმომადგენელი ეყოლება, რაზე უნდა ელაპარაკო?! ამის შემდეგ პუტინმა რუსეთის რომელ საერთაშორისო მნიშვნელობაზე უნდა ილაპარაკოს?! თქვენ წარმოიდგინეთ, ალიევმაც კი, უარი უთხრა 9 მაისის ღონისძიებას დასწრებოდა და მოიმიზეზა ჰეიდარ ალიევის დაბადების დღე [თუმცა თუ მეხსიერება არ მღალატობს, ბატონ ჰეიდარის დაბადების დღეს 10 მაისს არის] რამდენიმე დღით ადრე ბაქოში პატრიარქი კირილე გააგზავნეს თითქოს სხვა მისიით, მაგრამ მოსაწვევით ალიევისადმი.

ისე, ხაზგასასმელია, რომ ტოკაევმა, ფაშინიანმა და ლუკაშენკომ არ მიიმაგრეს გეორგიევსკის ბაფთა.

ვინმემ ამიხსნას, რა წვლილი შეიტანა სამამულო ომში გამარჯვებისთვის ლაოსმა, მონღოლეთმა, ვიეტნამმა ან თუნდაც ჩრდილოეთ კორეამ და სხვა წარმომადგენელმა ქვეყნებმა, თუნდაც ჩინეთმა? ამ ქვეყნების დანაყოფებმა გაიარეს საზეიმო მარშით.

მინდა შეგახსენოთ, რომ 2010 წელს წითელ მოედანზე ბრიტანელი, ფრანგი, პოლონელი, ამერიკელი, და უკრაინული დანაყოფები წარმოადგენდნენ გამარჯვებულებს.

ეტყობა, რა „დღესასწაულის“ მოწმენიც გავხდით დღეს.

  • რამდენად მასშტაბური იყო უკრაინელების დრონებით შეტევა? 

500-მდე დრონი გაუშვეს უკრაინელებმა. ნაწილი ჩამოვარდა, ჩამოაგდეს, ნაწილი – მნიშვნელოვან ობიექტებს მოხვდა: საწარმოებს, სამხედრო ობიექტებს, მოსკოვთან ახლოს აეროდრომია – კუბინკა, სადაც ასევე ჩამოვარდა დრონი. ამ აეროდრომზე ბაზირებენ და ემზადებიან საჩვენებელი ესკადრილიების „ვიტიაზის“ და „სტრიჟის“ ეკიპაჟები და სადღესასწაულოდ ახდენენ გაფრენას. ამავე აეროდრომის გამოყენება ხდება სპეციალური დანიშნულების ძალების გადაყვანის მიზნით.

ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო რუსეთისთვის.

  • პუტინის მიერ გამოცხადებული 72-საათიანი ცეცხლის შეწყვეტა პირველივე დღეს დაირღვა. ეს ხომ არ აჩვენებს იმას, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკება ვერ გავა შედეგზე?

ამ შემთხვევაში ზელენსკის არ უთქვამს, რომ ის თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე: ზოგადად ძალიან ცინიკურად ჟღერს ცეცხლის შეწყვეტა, როცა გეუბნებიან, რომ აი, 5 და 6 და 7 მაისს დაგბომბავ, შემდეგ 8-9-10 მაისს ცეცხლს შევწყვეტ იმიტომ, რომ სტუმრები მყავს და აი, 11 მაისს ისევ დაგბომბავ, განვაგრძობ შენი მოსახლეობის დახოცვას. ეს დაცინვაა ხომ?!

ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ თუ თანახმა იქნებოდა რუსეთი, ცეცხლი შეწყვეტილიყო 30 დღე. ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა დღესვე ხელი მოაწეროს ამერიკელების მიერ შეთავაზებულ, ხანგრძლივვადიან ცეცხლის შეწყვეტას.

  • გამოდის, არ სურს საბოლოოდ რუსეთს ცეცხლის შეწყვეტა? 

რუსეთს რეალურად სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ბოლო მომენტამდე ცდილობს, ამ შემთხვევიდან მოგებული გამოვიდეს. ზოგადად კომპრომისი ნიშნავს იმას, რომ ორივე მხარე რაღაცას თმობს და თანხმდება საერთო შედეგზე, ხოლო რუსეთის დიპლომატიისთვის დამახასიათებელია ის, რომ კომპრომისის დროს თვითონ არაფრის დათმობა არ უნდა. ამ მიდგომით რუსეთს ძალიან გაუჭირდება შედეგის მიღწევა, როდესაც მოლაპარაკებაში აშშ არის ჩართული.

თანაც, ზელენსკი თანახმაა, რომ დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ყოველგვარი პირობების გარეშე. რუსეთი ამბობს, რომ თანახმაა ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ ამისთვის უამრავ პირობას ასახელებს – რაც ვერ ავიღე ბრძოლით, ისე უნდა მომცეთ და ცეცხლს შემდეგ შევწყვეტო.

რეალურად ზელენსკიმ კარგი „საჩუქარი“ გაუკეთა ტრამპს, როდესაც მინერალების შესახებ ხელშეკრულება გაუფორმა – შეიძლება პოლიტკორექტული არაა ეს სიტყვა „საჩუქარი“, მაგრამ ამერიკის ახალი პრეზიდენტის 100 დღის პრეზიდენტობის პერიოდში ეს პირველი წარმატებული ნაბიჯია. აქამდე ტრამპის წინასაარჩევნო დაპირებებიდან ჯერ არაფერი არ შესრულებულა.

გამოჩნდა, რომ პუტინს აღარ აქვს ის დიპლომატიური უპირატესობა, რაც მას ჰქონდა ტრამპის მოლაპარაკების დაწყების ჩართვის პერიოდისთვის. პირიქით, ამ ეტაპზე უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა დიპლომატიის ფრონტზე.

  • რა შანსია, უკრაინის ეს დიპლომატიური უპირატესობა სამხედრო უპირატესობაში გადაიზარდოს? 

ჩემი აზრით, პუტინი ცდილობდა, აშშ გასულიყო საერთოდ ამ მოლაპარაკებებიდან, ოღონდ ეს არ ყოფილიყო რუსეთის ბრალი. ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებიდან ჩამოცილებასთან ერთად აშშ უკრაინის დახმარებასაც შეწყვეტდა. მივიღეთ ის, რომ ამერიკა თითქოს გვერდზე გადგა და რუსეთისგან ელოდება ნაბიჯს, ამ დროს კი, განაგრძობს უკრაინის შეიარაღებას. ასევე, საუბარია რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდაზე.

სანქციები კი, ძირითადად შეეხება იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობენ საწვავით, ნავთობით, გაზით. თუ ამ ქვეყნებს ტარიფები გაეზრდებათ 500 %-მდე, არცერთი ქვეყანა არ მოინდომებს რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას.

ამიტომაც, რუსეთი დიპლომატიურ ფრონტზე მნიშვნელოვნად წაგებულ ვითარებაშია.

  • რა ხდება ამ დროს კურსკში – ახერხებენ უკრანელები იქ დარჩენას და დაკავებული ტერიტორიის დაცვას? 

რუსების გადმოცემით, ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში, უკრაინელები თითქოს ეცადნენ შეტევაის გააქტიურებას ბელგოროდის და კურსკის მიმართულებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინელებს აქვთ გარკვეული ძალები და ინარჩუნებენ პლაცდარმებს.

ცეცხლის შეწყვეტის პერიოდში იყო შეტევები პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ ვერაფერს ვერ მიაღწიეს რუსებმა. საუბარია მხოლოდ რამდენიმე მეტრით წინ და უკან გადაადგილებაზე. არც უკრაინელებს და არც რუსებს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი წინსვლა არ აქვთ.

უკრაინელებიც ვერ ახორციელებენ ისეთ მასშტაბნურ კონტრშეტევას, რომელიც მათ მნიშვნელოვანი გარღვევის საშუალებას მისცემდა. უკრაინელები ძირითადად დაცვით მოქმედებებს ასრულებენ პოზიციების გასაუმჯობესებლად და არა ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის განსახორციელებლად რუსეთის წინააღმდეგ.

დრონებით შეტევამ აჩვენა ისიც, რომ დაუცველია რუსეთის ცა – ამდენმა დრონმა შეძლოს შეეღწია ამ ტერიტორიებზე და დარტყმები განეხორციელებინა.

ამავე დროს, დასავლეთი იძულებული ხდება, ძალით თუ უნებურად, მიაწოდოს უკრაინას უფრო თანამედროვე საბრძოლო სისტემები, ვიდრე მანამდე აწვდიდა. ის ძველი ტექნიკა, რომელსაც უკრაინას აწვდიდნენ ომის დაწყების პირველ ორ წელიწადში, იყო ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის საწყობებში შენახული საბჭოთა ტექნიკა. უკრაინას ასევე აწვდიდნენ წინა თაობების დასავლურ ტექნიკას და სისტემებს. იგივე საბრძოლო ჯავშანტრანსპორტიორი M-113, მაგალითად, ვიეტნამის ომის დროინდელია.

ეს ტექნიკა უკვე გაიხარჯა, წავიდა საბრძოლო დანაკარგებში. ტექნიკა, რომელიც ახლა შედის უკრაინაში, არის უფრო და უფრო თანამედროვე, რაც უკრაინელებს შესაძლებლობას აძლევს, ტექნიკურად და ტექნოლოგიურად საკმაოდ დიდი განსხვავება შექმნან რუსეთთან მიმართებით.

რუსეთს აქვს ადამიანური რესურსი, უკრაინას – მატერიალურ-ტექნიკური და ტექნოლოგიური რესურსი, რომელიც დასავლეთიდან არის მიწოდებული. დამერწმუნეთ, რომ ფინანასური და მატერიალური-ტექნიკური რესურსი ამ ეტაპზე არანაკლებ და უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანური რესურსი.

მას შემდეგ, რაც დაიწყო საუბრები ცეცხლის შეწყვეტაზე, რუსეთში მკვეთრად გაიზარდა ომში წამსვლელთა მოხალისეთა რიცხვი კონტრაქტით. როგორც ჩანს, ვირეშმაკული გათვლა ჰქონდათ: მაინც შეწყდება მალე ეს ომი, ფულს ავიღებ და ომიც არ მომიწევსო, მაგრამ ასე არ მოხდა. გაგრძელდა საომარი მოქმედებები.

მე იმედი მაქვს, რომ დაახლოებით წლის ბოლომდე მაინც მოხდება ცეცხლის შეწყვეტა. საუბარია ცეცხლის შეწყვეტაზე და არა ომის დასრულებაზე.

  • მანამდე რუსეთს ეყოფა ომის რესურსი თუნდაც დღეს არსებული ინტენსივობით? 

რუსეთი კიდევ 2-3 წელიწადი შეძლებს ამ ინტენსივობის საომარი მოქმედებებს, მაგრამ  სანქციების ეფექტი იზრდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში გაიზრდება ეს ზიანი, თუ რუსეთის მიმართს სანქციებს დაემატება აშშ-ის სანქციები. რუსეთი იძულებული გახდება, ხელი მოაწეროს ცეცხლის შეწყვეტას.

პუტინს არ აწყობს დღეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცები მოტრიალდნენ და დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს. ომში წაიყვანეს ძალიან ბევრი სოციალურად დაუცველი, ასევე ყოფილი პატიმრები – ციხეები დაცარიელდა. წარმოიდგინეთ, ამდენი დაინვალიდებული ადამიანი, პოსტსაომარი ტრავმებით დაუბრუნდეს რუსეთს, თანაც დაბრუნდნენ ისე, რომ მათ ფული აღარ ექნებათ. მათ ფულს უხდიდნენ საომარ მოქმედებებში. ამიტომაც, ეს ძალიან დიდი სოციალური გამოწვევაა რუსეთისთვის.

  • ამასობაში, უკრაინა რამდენად ძლიერდება? შესაძლოა ახლო პერიოდში უკრაინამ იფიქროს ფართომასშტაბიან კონტრშეტევაზე? 

მოკლე და საშუალოვადიან პერიოდში უკრაინას, არა მგონია, ჰქონდეს შესაძლებლობა, განახორციელოს მნიშვნელოვანი კონტრდარტყმითი ოპერაცია რუსეთის წინააღმდეგ. დღეს უკრაინას სჭირდება ცეცხლის შეწყვეტა, რომ მან მოახდინოს თავისი შეიარაღებული ძალების მოდერნიზება, გადაიარაღება და სამხედრო მრეწველობის განვითარება.

ასევე, თუ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება დაიდო, უკრაინა როგორ შეუტევს რუსეთს? გამოვა, რომ ხელშეკრულებას არღვევს უკრაინა.

ამიტომაც, უკრაინამ უნდა მიხედოს თავის თავს და გაძლიერდეს, ის უნდა დაელოდოს შესაბამის მომენტს და შესაძლებლობის ფანჯარას, რომელიც აუცილებლად გაჩნდება – რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა უკვე ძალიან მძიმე ვითარებაშია.

ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე ქალს მანქანა დაეჯახა

ბათუმში, მელიქიშვილისა და ბაგრატიონების ქუჩის კვეთაზე 50 წლამდე ასაკის ქალს, რომელსაც თან ბავშვი ახლდა, ავტომანქანა დაეჯახა.

როგორც თვითმხილველებმა “ბათუმელებს” უთხრეს, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე მანქანის მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ავარიის ადგილას მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო დახმარების სამსახური.

თვითმხილველთა თქმით, დაშავებულ ქალს პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა გაუწიეს და შემდგომ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

“ბათუმელებმა” სცადა დაშავებული ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გადამოწმება სასწრაფო სამედიცინო სამსახურში, თუმცა უწყებაში ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

 

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 10 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 10 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 964 580 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 310]
  • ტანკი – 10 790 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 440 ერთეული [+7]
  • საარტილერიო სისტემა – 27 637 ერთეული [+49]
  • MLRS – 1 380 ერთეული [+0]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 158 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 482 ერთეული [+36]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 47 830 ერთეული [+106]
  • სპეცტექნიკა – 3 875 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 506 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 249 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 560 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 608 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 193 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

კიევში ჩასულმა ევროპელმა ლიდერებმა და ზელენსკიმ ტრამპთან ტელეფონით ისაუბრეს

„პუტინს არ აწყობს, ფრონტიდან ჯარისკაცები დაუბრუნდნენ სოციალურად დაუცველ რუსეთს“ – ინტერვიუ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა ბრალდების მხარიდან“ – მზია ამაღლობელის ადვოკატი მოსამართლეს

„ეს ემსახურება შოუს დადგმას“ – 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში, მზია ამაღლობელის პროცესზე შოუს დადგმის მცდელობა უწოდა პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა ვიდეოს, რომელშიც მალხაზ ირემაძე, პროევროპული აქციების ერთ-ერთი მონაწილე, ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მხრიდან მის მიმართ ჩადენილ ძალადობაზე ჰყვება.

მალხაზ ირემაძის თქმით, მასზე პირადად ირაკლი დგებუაძემ პოლიციის შენობაში იძალადა.

ზოგადად, პროკურორი თორნიკე გოგეშვილი სასამართლო სხდომებზე სიმშვიდეს ვერ ინარჩუნებს, როცა მოწმე პოლიციელებს უჭირთ პასუხების გაცემა, ადვოკატები მათ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გავრცელებაში გამოიჭერენ, ან პოლიციელების მხრიდან ძალადობაზეა საუბარი.

8 მაისს პროკურორს დისკომფორტი არ შეჰქმნია, როცა თავად ბათუმის პოლიციის უფროსი ჰყვებოდა ვრცლად და დეტალურად, როგორი მეგობრული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ბათუმის პროევროპული აქციების მონაწილეებთან. გოგეშვილს არ უთქვამს, ეს საქმესთან კავშირში არ არისო, სამაგიეროდ განრიდება მოითხოვა მაშინ, როცა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის მოთხოვნით სასამართლო სხდომაზე აჩვენეს ვიდეო, სადაც აქციების მონაწილეები ჰყვებიან, როგორ იძალადა მათზე თავად პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ მათი დაკავების შემდეგ, პოლიციის შენობაში.

„თქვენ სახელმწიფო ბრალმდებელი ხართ და არა დგებუაძის ადვოკატი“ - მზია ამაღლობელის ადვოკატი პროკურორს

რატომ არ უნდა ჰკითხონ აქციებზე დაკავებულების ბრალდებებზე ირაკლი დგებუაძეს, ამასთან დაკავშირებით გოგეშვილმა სასამართლოს განუმარტა:

„მოვუსმინეთ ცოტა ხანი და ვცადეთ, იქნებ გაგვეგო, რა სურდა დაცვის მხარეს. როგორც ვხვდები, აქ დაკითხვის ფორმატთან არ მივდივართ და იმასთან, რომ მოწმისგან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღოთ, მათ შორის ვიდეოჩანაწერის წარდგენით უფრო გაგვიმარტივდეს გარკვეული ინფორმაციის წარდგენა.

სანამ ამ ვიდეო ჩანაწერს წარუდგენდა, დაცვის მხარე შეეკითხა [დგებუაძეს], ჯერ თავად ამ პირთან [მალხაზ ირემაძესთან] მიმართებით ხომ არ ჰქონია მსგავს ქმედებებს ადგილი და კონკრეტული კითხვები იყო დასმული, მათ შორის კონკრეტულ ლოკაციებზე დაზიანება თუ მიაყენა, უარყო დასაკითხმა პირმა და ისიც კი დაურთეს სიტყვას, რატომ შეიძლება გაბრალებდეს მაშინო და მან თქვა, რომ არ აქვს ინფორმაცია“ – განაცხადა პროკურორმა სხდომაზე.

თორნიკე გოგეშვილი, მზია ამაღლობელის საქმის პროკურორი

გოგეშვილის თქმით, ვიდეოჩანაწერების წარმოდგენა, რომელზეც დგებუაძისგან დაზარალებული პირები ძალადობაზე საუბრობენ, მოწმისგან ინფორმაციის მიღებას ვერ უზრუნველყოფს.

„მე ნანახი მაქვს ეს კადრი, ეს კაცი ჰყვება ილმაზთან დაკავშირებით [თემურ ქათამაძე] არასათანადო მოპყრობის კონკრეტულ შემთხვევაზე, რომელიც დასაკითხმა პირმა, ბატონმა ირაკლიმ, უკვე ამოწურა ის საკითხი. უარყო ზოგადად ძალადობა და კონკრეტული შეკითხვებიც იყო დასმული, ახლა რომ გავაგრძელოთ და დავასრულოთ ამ ვიდეოს ყურება, რა შეკითხვა უნდა დაისვას… ვიდეოს წარდგენას რა მიზანი აქვს?! აქედან გამომდინარე …“ – პროკურორს უნდა ეთქვა, განრიდებას ვითხოვო, თუმცა ამ დროს მას მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა შეაწყვეტინა სიტყვა:

„ზუსტად ამის მოსმენა მინდოდა ბრალდების მხარიდან ქალბატონო მოსამართლევ, რადგან სწორედ ეს აჩვენებს, რა რა ხდება აქ“- მიმართა ადვოკატმა მოსამართლე ნინო სახელაშვილს.

მაია მწარიაშვილმა სასამართლოს პროკურორის ბრალდებასთან დაკავშირებით განუმარტა:

„ეს აჩვენებს რა ხდება ამ პროცესზე. იმის ნაცვლად, რომ ბრალდებისთვის ეს მტკიცებულებები იყოს საფუძველი გამოძიების დაწყების და არა სადღაც გადაგდების [ეს პირები, სხვათა შორის, მოწმედ გვყავდა წარმოდგენილი და გამოკითხული ამ საქმეში].

…ამ მტკიცებულებებზე პროკურორი, ამ შემთხვევაში ბატონი ირაკლის ადვოკატი კი არ არის, სახელმწიფო ბრალმდებელია, საჯარო ინტერესს უნდა ახმოვანებდეს, თურმე ჩვენ აქ სპეკულირებას ვეწევით … ეს არის მტკიცებულებები, რასაც უკავშირდება შემდეგ სილა, ამას ვიკვლევ, ვაჩვენებ მტკიცებულებას მოწმეს და პროკურორი ამბობს, რას ემსახურება ესო.

გასაგებია, როგორც მიდის გამოძიება ამ საქმეებზე. სახელმწიფო ბრალდება ასე დემონსტრირებდეს, რომ არ აინტერესებს ადამიანებზე ძალადობა, მაშინ როდესაც, კიდევ ვამბობ, ყველა ეს ეპიზოდი ამ საქმის ნაწილია, რატომ უნდა დავუჯერო მარტო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმს. ადამიანი ჰყვება, თან თვითონ არის მოწმე სხვა ძალადობის და ვეკითხები ბატონ ირაკლის“.

სხვათა შორის პროკურორი ხშირად აპელირებს თავის გამოსვლაში, რომ არ მოუსმენია ბრალდებულის, მზია ამაღლობელის დამოკიდებულება იმასთან დაკავშირებით, რაც ჩაიდინა. ის სილის გაწვნას გულისხმობს. „მოძალადეს ბოდიშს არ უხდიან“ – ასე უპასუხა მას მზია ამაღლობელმა ერთ-ერთ სხდომაზე. პროკურორმა თქვა, რომ ამას არ გულისხმობდა და ასე არც ფიქრობს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რას ფიქრობს.

8 მაისს მალხაზ ირემაძის ვიდეოსთან დაკავშირებით კითხვების განრიდებას მეორე პროკურორიც ითხოვდა:

„განვარიდოთ ეს შეკითხვა, არ ეხება საქმეს… ამ საქმესთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ, მიმდინარეობს გამოძიება და თუ რაიმე გამოიკვეთება, შესაბამისი რეაგირებაც გვექნება. ვშუამდგომლობ, რომ ეს კითხვა განვარიდოთ“ – თქვა პროკურორმა შოთა ჩხაიძემ.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა სასამართლოს განუმარტა, რომ ვიდეოსთან დაკავშირებით კითხვები აქვს, შესაბამისად სასამართლო სხდომაზე გააგრძელეს ვიდეოს ჩვენება და აჩვენეს აქციების სხვა მონაწილეების ვიდეოებიც, სადაც ისინი ძალადობასა და შეურაცხყოფაში ირაკლი დგებუაძეს სდებენ ბრალს.

ირაკლი დგებუაძემ მისი მხრიდან აქციის მონაწილეებზე ძალადობა უარყო.

ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მას ჰკითხა, ხომ არ იცის, რატომ აბრალებენ მას ეს პირები ძალადობას, რაზეც ირაკლი დგებუაძემ უპასუხა, რომ არ იცის.

  • ამავე თემაზე: 

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

დგებუაძე სასამართლოში პოლიციის ამალით მივიდა – „საპოლიციო რესურსის არამიზნობრივი გამოყენება“

გუშინ, 8 მაისს „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. სასამართლოსთან თუ სასამართლოს ფოიეში პოლიციელების განსაკუთრებული სიმრავლე იყო. სასამართლოში იყვნენ პოლიციის მაღალჩინოსნებიც, მათ შორის, ირაკლი დგებუაძის მოადგილეები.

„სამსახურებრივ უფლებამოსილებას ვასრულებ“ – ასე გვიპასუხა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის მოადგილემ, გოჩა ვანაძემ პოლიციელების მობილიზებაზე. მან არ დაგვიკონკრეტა, რატომ ჩათვალეს საჭიროდ პოლიციის მობილიზება.

პოლიცია სასამართლოსთან. 8 მაისი, 2025 წელი
პოლიცია სასამართლოსთან. 8 მაისი, 2025 წელი

„ბოლო პერიოდში სჩვევია პოლიციას, რომ საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე ორიენტირების ნაცვლად, კერძო პირების დაცვაზეა გადასული… ეს საპოლიციო რესურსის არამიზნობრივი გამოყენებაა,“ – მიიჩნევს იურისტი, შსს-ს ადამიანის უფლებათა სამმართველოს ყოფილი უფროსი, გოგა ხატიაშვილი. მას ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან პოლიციელების მობილიზებაზე ვკითხეთ: სწორია, როცა პოლიციის უფროსი სასამართლოს ჩვენებას აძლევს, ამ დროს კი, პოლიციელები საპოლიციო რესურსს სასამართლოსთან დგომაში ხარჯავენ?

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, გოგა ხატიაშვილის დაკვირვებით, საპოლიციო ძალების მობილიზებით გვაჩვენეს, რომ როცა საქმე პოლიციელს ეხება, ამ დროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა შეიძლება „კერძო დაცვაში“ გადაიზარდოს. იურისტი ხაზს უსვამს იმას, რომ პოლიციის უფროსი პირიქით, საზოგადოების მაღალი ნდობით უნდა სარგებლობდეს და თუ ვინმე გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში საყვედურით მიმართავს, მას აქვს თმენის ვალდებულება.

„საპოლიციო ძალების მთავარი მიზანია უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რაც არ უნდა გადაიზარდოს კერძო დაცვაში, კერძო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. აქ საუბარი ხომ არ იყო იმაზე, რომ ვინმე ფიზიკურად გაუსწორდებოდა ირაკლი დგებუაძეს? თუ არსებობს გონივრული მოლოდინი, რომ კონკრეტული ადამიანის უსაფრთხოებას საფრთხე ექმნება, შეიძლება გამართლდეს ეს მობილიზება, მაგრამ გონივრული მოლოდინები არ არსებობდა.

აშკარა იყო ის, რომ მას [ირაკლი დგებუაძეს] დისკომფორტი შეექმნებოდა იმ სიტყვიერი მიმართვებით, რაც ჯდება გამოხატვის თავისუფლების და თმენის ვალდებულების ფარგლებში. შესაბამისად, ამ დისკომფორტის შესამცირებლად იყო ეს საპოლიციო მობილიზება.

გოგა ხატიაშვილი

ამიტომაც, შეიძლება ეს მობილიზება შეფასდეს საპოლიციო რესურსის არამიზნობრივ გამოყენებად, რადგან ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ამ მასშტაბის მობილიზების საკითხი დღის წესრიგში არ იდგა.  აშკარაა, რომ ირაკლი დგებუაძის მიმართ არსებობს საზოგადოებაში ნეგატიური განწყობა და დამოკიდებულებები. შესაბამისად, არსებობდა მოლოდინი, რომ როცა ის გამოჩნდებოდა საზოგადოებრივ სივრცეში, მას მიმართავდნენ გარკვეული კომენტარებით, რაც დისკომფორტის შემქმნელია. ამ დისკომფორტის შესამცირებლად იყო ეს საპოლიციო მობილიზება.

მობილიზების მიზანი იყო არა უსაფრთხოების უზრუნველყოფა, არამედ ადამიანისთვის დისკომფორტის თავიდან არიდება,“ – გვითხრა გოგა ხატიაშვილმა.

პოლიცია სასამართლოსთან. 8 მაისი, 2025 წელი
პოლიცია სასამართლოს ფოიეში. 8 მაისი, 2025 წელი

შსს-ს ადამიანის უფლებათა სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელის აზრით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია და ბრალდება, რაც ჟურნალისტს წარუდგინეს, არის „არაპროპორციული და არაადეკვატურად მკაცრი“.

„ყველაზე მკაცრი ღონისძიების, პატიმრობის გამოყენება სრულიად გაუმართლებელია და არაგონივრული, რადგან ვერ იქნა დასაბუთებული რისკები და საფრთხეები. მოსამართლის არგუმენტი იყო უსაფუძვლო როცა თქვა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე არსებობს, რადგან მას სამართალდარღვევა აქვს ჩადენილიო. ეს სრულიად უსაფუძვლო არგუმენტია ორი მიზეზის გამო – მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნობილი არ იყო და მეორე: სამართალდარღვევა და დანაშაული სხვადასხვა რამეა. თუნდაც ჰქონოდა მზია ამაღლობელს სამართალდარღვევა ჩადენილი, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩაიდენს სისხლის სამართლის დანაშაულსაც. ეს სხვადასხვა ცნებებია.

საერთაშორისო სტანდარტი ამბობს, რომ რაც დრო გადის, დროის გასვლასთან ერთად, უფრო ძლიერი არგუმენტებია საჭირო პირის პატიმრობაში დასატოვებლად.

მუხლი, რომლითაც აქვს წარდგენილი ბრალდება მზია ამაღლობელს, არის არაპროპორციული და არაადეკვატურად მკაცრი,“ – მიიჩნევს გოგა ხატიაშვილი.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 2025 წლის 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს აქციაზე, პირველად – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

ნახეთ ვიდეო: 

„არ გამიგია კავკასიურ ერებში კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო“

„57 წლის კაცი ვარ, ჩემი სიცოცხლის მანძილზე არ მინახავს და არც არავისგან გამიგია, ქართველებსა და ვაინახებში და საერთოდ, კავკასიურ ერებში, რომ კაცი ჩიოდეს, ქალმა სილა გამაწნა და მეტკინაო.

ამას რას მოვესწარით?“- წერს მალხაზ მაჩალიკაშვილი ფეისბუქზე.

ის სოლიდარობას უცხადებს ,,ბათუმელების” მენეჯერს, მზია ამაღლობელს, რომელიც სამზე მეტი თვეა რეჟიმის პატიმარია.

გუშინ, 8 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე დაიკითხა.

მან სასამართლო სხდომაზე არაერთხელ გაიმეორა, რომ ლოყა აუწითლდა და ეტკინა, სილის გაწვნის შემდეგ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამაა. თემირლანი 2018 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს შუბლის არეში დაჭრეს. იგი 19 წლის იყო. თემირლანი ამ სროლის შედეგად დაიღუპა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი წლებია იბრძვის იმისთვის, რომ ჩატარდეს გამოძიება და დაისაჯონ პირები, ვისი ბრძანებითაც ესროლეს მის მძინარე შვილს საწოლში. ოჯახისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების ნაწილის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილის წინააღმდეგ დაირღვა არაერთი უფლება, მათ შორის სიცოცხლის უფლებაც. ისინი საქმის ხელახალ გამოძიებასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

„დგებუაძემ თქვა, რომ ეს გინება და მუქარა ჰგავს ჩემს ხმასო, ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“ – ადვოკატი

„ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული“, – ამბობს მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატი, საიას იურისტი ჯუბა ქათამაძე ირაკლი დგებუაძის 8 მაისს სასამართლოსთვის მიცემული ჩვენების შესახებ.

დაკითხვის დროს ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის დაკავების დროს გადაღებული ერთ-ერთი ვიდეო კადრის შესახებ ჰკითხეს, სადაც ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის: ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს ემუქრება და აგინებს.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს,“ – ისმის ვიდეო ჩანაწერში ირაკლი დგებუაძის ხმა.

„მან [ირაკლი დგებუაძემ] თქვა, რომ კი, ეს ხმა, ეს გინება და მუქარა ჰგავს ჩემს ხმასო… ფაქტობრივად აღიარა ამ ადამიანმა. როდესაც ქალაქის პოლიციის უფროსი ემუქრება დაკავებულ პირს, რომ მას სისხლით დაიჭერს, აგინებს და თავის თავზე იგინებს, რომ ამას სისხლით დავიჭერო, ამაზე მეტი მუქარა რა შეიძლება იყოს?!

ფაქტობრივად აღიარება გვაქვს მიღებული, თუმცა ამას შესაბამისი ორგანოებისგან რეაგირება ჯერჯერობით არ მოჰყვება. არ ახდენს სპეციალური საგამოძიებო სამსახური რეაგირებას,“ – გვითხრა ჯუბა ქათამაძემ.

იურისტი ირაკლი დგებუაძის მხრიდან სავარაუდოდ ჩადენილ კიდევ ერთი დანაშაულის შესახებ საუბრობს.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რომელიც პოლიციელების მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს უნდა იძიებდეს, ამ დრომდე არ გამოუძიებია ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილი არაადამიანური მოპყრობის სავარაუდო შემთხვევა, რაზეც მზია ამაღლობელმა განაცხადა. უკანონოდ დაკავებული ჟურნალისტის თქმით, მას ირაკლი დგებუაძემ სახეში შეაფურთხა.

ირაკლი დგებუაძეს 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დაკავებული სხვა პირებიც – მალხაზ ირემაძე და თემურ ქათამაძე ადანაშაულებენ ძალადობაში. ირაკლი დგებუაძეს ადანაშაულებდა 2023 წლის ანტირუსულ აქციაზე დაკავებული გენრი დოლიძეც, რომლის თქმითაც, ირაკლი დგებუაძემ მას სახეში ჩაარტყა ფეხი.

არცერთი ეს შემთხვევა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არ გამოუძიებია.

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე ორმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, მოითხოვა ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა ირაკლი დგებუაძე ისევ ბათუმის პოლიციის უფროსია. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერება საჭიროა მიუკერძოებელი გამოძიებისთვის.

"სისხლით დავიჭერ... ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“- ბათუმის პოლიციის უფროსი აგინებს მზია ამაღლობელს

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი 2025 წლის 11-12 იანვარს ორჯერ დააკავეს აქციაზე, პირველად – სტიკერის გაკვრისთვის და მეორედ ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნისთვის.

მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

„ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის. მორალური კატასტროფა“ – ნაირა გელაშვილი

მწერალმა ნაირა გელაშვილმა მაუწყებლის პოდკასტში ისაუბრა, რას ნიშნავს მისთვის ჟურნალისტისა და მედიამენეჯერის, მზია ამაღლობელის სილა ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისადმი და რაზე მიუთითებს დგებუაძის რეაქცია.

„აი, წარმოიდგინეთ მზია ამაღლობელის შემთხვევა. ქალმა სილა გამაკრაო და ამაზე კაცი ჩივის…

პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები. პირველ რიგში ხომ ადამიანი ხარ, მამაკაცი ხარ და რაინდი ხარ.

ეს არა თუ საქართველოს ტრადიციაში, ამ ფსიქოლოგიაში არის სრულიად ახალი მოვლენა, არამედ მთელი კავკასიის.

ეს ბატონი დგებუაძე შევა ქრესტომათიულ მაგალითად, რომელიც უნდა ისწავლებოდეს სკოლებში, როგორც ხდება მამაკაცში მამაკაცური საწყისის გაქრობა, თუმცა ის გარეგნულად შეიძლება გამოიყურებოდეს ძალიან კუნთმაგარ და ძლევამოსილ ჭაბუკად, მაგრამ მას რაინდობის არაფერი არ გააჩნია.

რანაირად შეიძლება დასუსტებული ქალი, რომელსაც მანამდე შენ შეურაცხყოფას აყენებდი, ამცირებდი ყველანაირად და მან, ღირსებაშელახულმა, დასუსტებული ხელი გამოგიქნია და სამი თითი ნიკაპზე მოგხვდა და ქვეყანა შეყარე, რომ მეტკინა, ლოყა ამიწითლდა და ამიტომ უნდა ვუჩივლო და ექვსი წლით ციხეში ჩავსვა…

ვისაც ეს არ ესმის, რა მორალური კატასტროფაა ეს თვითონ ბატონი დგებუაძისთვის და მისი მეგობრისთვის, რომელიც ამბობდა – „როგორ არა, ისეთი ძლიერი სილა გააწნა“ და სირცხვილის განცდა არა აქვთ.

ეს ნიშნავს, რომ ამ კაცში მამაკაცური თვითშეგრძნება არის განადგურებული. ის ვერ გრძნობს, რომ ის კაცია და ეს ქალია. ეს სერიოზული პრობლემაა. ჩვენი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი გახდა საერთოდ, თუნდაც ამ მოწიწების, დისტანციის დაკარგვა ქალის მიმართ, მაგრამ საქართველოში ძალიან გამოიკვეთა. როგორც ყველა უბედურება, ესეც ძალიან გამოკვეთილია.

…ხელისუფლებისთვის მზია ამაღლობელი მისი მოწინააღმდეგეა. მეტი არაფერი არ არის საჭირო ჩვენი ხელისუფლებისათვის, იმიტომ, რომ ამაზე მისადაგებულ იდეოლოგიას შეგიქმნის.

„როგორ აბა, პოლიციის უფროსს რომ ხელი გაარტყა”… კი მაგრამ, პოლიცია მერე ჩნდება და თავიდან არის კაცი და ადამიანი უნდა იყო, აქედან ვიწყებთ.

ის პოლიცია როგორია, რომელმაც ასეთი წარმოუდგენელი სისასტიკე გამოავლინა და რომელიც მარადიორობს. […არ მიყვარს ხოლმე ყურმოკვრით ნათქვამი და უშუალოდ გაგებულ და რაც ჩვენ შეგვეხო იმას გეუბნებით] რომელიც იპარავდა, სცემდა ბავშვებს, გაზით წამლავდა, ამსხვრევდა, თავს უტეხდა, ბოტასებს და მობილურებს ჰპარავდა. …როგორ, შენ კლავ და იმას უკრძალავ, რომ ხელი გაანძრიოს?! ეს სად მომხდარა? შენ სცემ და იმას უკრძალავ, რომ ხელიც კი არ გაანძრიოს დასაცავად?! გესმით თქვენ, რა მსოფლმხედველობას ქმნიან ესენი?!

ჩვენ ყველას გვენატრება ისეთი პოლიცია, რომელსაც მე დამცველად აღვიქვამ და რომელიც მართლა ძალიან დიდი პატივისცემით ისარგებლებს ჩემგან. ყველას გვენატრება ასეთი პოლიცია, მაგრამ შენ რას ითხოვ არაადამიანურად ჩემგან?! – მცემოს, მაგინოს, მაფურთხოს, დამამსხვრიოს, ყველანაირი ტრავმა და შეურაცხყოფა მომაყენოს და მე ხელი არ უნდა გავანძრიო, წარმოგიდგენიათ?!

სწორედ ასეთ სპონტანურ ღირსების დაცვაზე დგას ჩვენი მორალის უწყვეტობა. გააწნა სილა, იმიტომ, რომ სილის ღირსი იყო და ახლა რაც უნდათ, ის თქვან. ეს ყოველთვის ასე მოხდება და დაიჭირონ მაშინ მთელი ქვეყანა. თვითონ იწვევენ პროვოკაციაზე, თვითონ იწვევენ ამაზე, რომ ადამიანმა ან გაარტყას, ან თავი დაიცვას, ან სხვა დაიცვას, ხომ მართალია?!

საერთოდ, რაც დატრიალდა, ამ სისასტიკეზე ვლაპარაკობ და ამ დაუნდობლობაზე – მე არ ვიცი ამ ხალხში რამ გააჩინა ასეთი სიძულვილი ახალგაზრდებისადმი და საკუთარი თავისადმი. მარტო იმას თვლიან ადამიანად, ვინც მაგათ უჭერს მხარს”, – ამბობს ნაირა გელაშვილი.

ნახეთ ვიდეო: 

"ქალმა სილა გამაწნაო, ამაზე კაცი ჩივის, პირველ რიგში ხომ კაცი ხარ, ვიდრე პოლიციელი გახდები?-მწერალი

„მთავარია გჯეროდეს“ - თიბისის ახალი გზავნილი 

„მთავარია გჯეროდეს“ – თიბისის ახალი მანიფესტი და ბრენდის მთავარი სათქმელია, რომელიც გვეუბნება, რომ საკუთარი თავის რწმენა შეუძლებელს შეგაძლებინებს. ნებისმიერ სირთულეს და გამოწვევას გადალახავ – მთავარია გჯეროდეს, რომ არ არსებობს არაფერი, რაც არ გამოვა და რომ ამ რწმენით ნაკარნახევი ყველა წამოწყების დასასრული გამარჯვებაა.

ეს გზავნილი საუკეთესოდ ჰყვება განვითარების იმ ისტორიას, რომელიც თიბისიმ 33-წლის განმავლობაში შექმნა და იმ ფასეულობებს აერთიანებს, რომლებიც მეოთხე ათწლეულია თიბისის ამოძრავებს განვითარების ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე.

თიბისის გუნდის ფილოსოფიაც ამ ღირებულებაზე იყო დაშენებული – ის, რაც ერთი შეხედვით შეუძლებელი ჩანს, საბოლოოდ შესაძლებელი აღმოჩნდება ხოლმე. სწორედ ეს გამოცდილება გახდა თვითრწმენის საფუძველი და მოტივაცია იმისათვის, რომ ბრენდი განვითარების ახალ ეტაპზე გადასულიყო, ახალი სათქმელი ეთქვა ადამიანებისთვის და საკუთარი წარმატების მაგალითით, შთაგონება და სტიმული გამხდარიყო.

„თიბისი, როგორც ბრენდი, დამოუკიდებელ საქართველოსთან ერთად დაიბადა და გაიზარდა. მასთან ერთად გავიარეთ განვითარების არაერთი ეტაპი. საკუთარი თავისა და ჩვენი მიზნების რწმენა, ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მამოძრავებელი ძალა იყო ჩვენთვის. ამ გზაზე შესაძლებლობად ვაქციეთ ყველა გამოწვევა, გავიზარდეთ, გავფართოვდით, გავციფრულდით და საქართველოს საზღვრებსაც გავცდით. ჩვენ დავიჯერეთ ის, რაც თავდაპირველად შეუძლებელი გვეგონა და არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ თვითრწმენით, თავდაჯერებულობითა და შემართებით, ერთად შეუძლებელსაც შევძლებთ – მთავარია, გვჯეროდეს“, – ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი – პაველ ჰერჩინსკი

„სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ შესაძლოა დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი.

თუკი საქართველო დაუბრუნდება დემოკრატიული განვითარების გზას, ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ერთად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ჩვენ ვამაყობთ, რომ საქართველოს მეგობრები ვართ. დღეს ერთად აღვნიშნოთ ის, რაც გვაერთიანებს, უკეთესი მომავლის იმედით. გილოცავთ ევროპის დღეს! წინ, საქართველო, წინ!“ – განაცხადა დღეს, 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ.

დღეს, 9 მაისს, პოლონეთში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არაფორმალურ სამიტზე საქართველოდან არავინ მიუწვევიათ.

ამ შეხვედრაზე, რომელიც ვარშავაში გაიმართა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ყველა სხვა ქვეყანა იყო მიწვეული, მათ შორის თურქეთი. მეტიც, სამიტს ესწრებოდა კოსოვო, რომელიც არაა კანდიდატი ქვეყანა, თუმცა EU-ის პოტენციურ წევრად მოიაზრება. კოსოვოს დამოუკიდებლობას ბევრი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, არ აღიარებს.

პაველ ჰერჩინსკიმ გამოსვლაში ასევე ისაუბრა გლობალურ გამოწვევებსა და ევროკავშირის ძირითად ღირებულებებზე.

„მსოფლიო სწრაფად იცვლება და სულ უფრო დაქსაქსული ხდება. საერთაშორისო თანამშრომლობა გლობალურ კონკურენციად გადაიქცა. თუმცა ევროკავშირი აგრძელებს მთელ მსოფლიოში ქვეყნებთან თანამშრომლობას. გადაწყვეტილებებზე მუშაობა და პარტნიორული ურთიერთობების დამყარება მსოფლიოს წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი გზაა.

ჩვენ სანდო პარტნიორი ვართ და ინვესტირებას ვაკეთებთ ურთიერთსასარგებლო ურთიერთობებში, რომელიც ნდობასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ვიცავთ და ხელს ვუწყობთ საერთაშორისო წესრიგს, რომელიც წესებს და არა ძალას ემყარება. ამიტომაც ევროკავშირი გვერდში უდგას უკრაინას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ უკრაინამ სამართლიან და ხანგრძლივ მშვიდობას სიძლიერის პოზიციიდან მიაღწიოს.

ევროკავშირი მტკიცედაა დაფუძნებული ღირებულებებზე. უნივერსალურ ღირებულებებზე, რომელსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში ერთად ვიცავთ და რომლის მხარდაჭერასაც გავაგრძელებთ.

რაც უფრო მატულობს გლობალური გამოწვევები, იზრდება ევროპის სიმტკიცე, დარჩეს საიმედო, თანმიმდევრულ, პროგნოზირებად და პრინციპულ პარტნიორად, რომელიც არის:

პარტნიორი კეთილდღეობისთვის, ერთგული მდგრადი განვითარების ხელშემწყობი ღია ეკონომიკისა და წესებზე დაფუძნებული ვაჭრობისა;

პარტნიორი უსაფრთხოებისთვის, რომელიც იყენებს ჩვენს სტრატეგიულ ავტონომიას, რომ ხელი შეუწყოს მთელ მსოფლიოში უსაფრთხოებასა და სტაბილურობას – ჩვენი მისიების და ოპერაციების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში თანამშრომლობის მეშვეობით.

პრინციპული, თანმიმდევრული და საიმედო პარტნიორი, გაჭირვებაში მყოფი ყველაზე დაუცველი ადამიანებისთვის სასიცოცხლო დახმარების მიმწოდებელი.

ეს არის ევროპა.

საქართველოს და ევროკავშირს წარმატებული პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია აქვთ. ამ ურთიერთობამ საქართველოს მოსახლეობას ბევრი სიკეთე მოუტანა. მიმოიხედეთ ირგვლივ, ნახეთ რა გაუკეთებია ევროკავშირს თქვენს სოფლებსა თუ ქალაქებში.

2023 წელს, ევროკავშირმა საქართველოს ევროპული ოჯახის კარი გაუხსნა და ის გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა. ეს ისტორიული მომენტი ერთად ვიზეიმეთ.

დღეს კი, სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების ქმედებების შედეგად, ევროინტეგრაციის პროცესი  შეჩერებულია. თუ ეს ვითარება არ შეიცვლება, საქართველომ, შესაძლოა, დიდი ხნით დაკარგოს ევროკავშირის წევრობის შანსი. მეტიც, საქართველოს დემოკრატია ისევ საფრთხეშია“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

62 წლის ქალზე ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შს სამინისტროს ცნობით,  ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი 1993 წელს დაბადებული მ.ფ. დააკავეს.

შსს-ს ვერსიით, გამოძიებით და მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულმა მუქარით, ძალადობით და შანტაჟით გადაიბირა დაზარალებული,  1963 წელს დაბადებული ქალი და მას სექსუალურ ექსპლუატაციას უწევდა.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.

„ფსიქოლოგიური ძალადობით, შანტაჟით და მუქარით აიძულებდა დაზარალებულს სექსუალური მომსახურება გაეწია მამაკაცებისთვის, გამომუშავებული თანხა კი მისთვის  სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხა. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ბრალდებული დაზარალებულს აყენებდა  შეურაცხყოფას,  ემუქრებოდა ფიზიკური ანგარიშსწორებით, აშანტაჟებდა და სხვადასხვა კრიმინალური წარსულის მქონე პირებით ემუქრებოდა. იგი მუდმივად აკონტროლებდა დაზარალებულს და დადგენილი ოდენობით თანხის ჩარიცხვას  სთხოვდა“ – წერს პროკურატურა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 მაისის 21 საათიდან 10 მაისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

  • ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლში:

დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 9 – 14 გრადუსი სითბო

  • მთიან რაიონებში:

დღისით: 22 – 27 გრადუსი სითბო
ღამით: 5 – 10 გრადუსი სითბო

  • მაღალმთიან ზონაში:

დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა – 2-3 ბალი; ზღვის წყლის ტემპერატურა +15 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, აჭარაში 11 და 12 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა. 

ევროპის დღე ბათუმში – აქცია 17:00 საათზე ევროპის მოედანზე

„ძალა ერთობაშია! ძალა ევროპაშია!“ – დღეს, 9 მაისს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ევროპის დღისადმი მიძღვნილი აქცია გაიმართება. ორგანიზატორების განცხადებით ევროპის მოედანზე 17:00 საათზე შეიკრიბებიან.

საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი 2023 წლის 14 დეკემბერს მიიღო.

ამის შემდეგ, საქართველომ ევროკომისიისგან მიიღო რეკომენდაციები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადაედგა საქართველოს გაწევრიანებისთვის.

მათ შორისაა ადამიანის ძირითადი უფლებების გაუმჯობესება ქვეყანაში, მედიის, სასამართლოს თავისუფლება და ასე შემდეგ.

თუმცა, „ოცნების“ ხელისუფლებამ ამ რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად, 2024 წლის 28 ნოემბერს გამოაცხადა, რომ ის არათუ აპირებდა ამ რეკომენდაციების შესრულებას, არამედ აჩერებდა ევროინტეგრაციის პროცესს, რასაც ქვეყანაში მასობრივი პროტესტი მოჰყვა.

დღეს უწყვეტი პროევროპული საპროტესტო აქციების 163-ე დღეა.

ათიათასობით ადამიანი ოთხი თვეა ქუჩაში დგას და მოითხოვს „ოცნების“ ხელისუფლების გადადგომას, ახალი არჩევნების ჩატარებას სამართლიან გარემოში, ასევე პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, რადგან საპროტესტო აქციები „ოცნების“ ხელისუფლებამ სასტიკად დაარბია, დაშავდა ოთხასამდე ადამიანი, მძიმე ტრავმებით ათობით ადამიანი მოხვდა საავადმყოფოში.

50-ზე მეტი მოქალაქე კი სისხლის სამართლის მუხლითაა დაკავებული. მათ შორისაა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი, რომელსაც პოლიციის უფროსზე სილის გარტყმის გამო, 4-იდან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

8 მაისს, მზია ამაღლობელის მორიგი სასამართლო სხდომა იყო, სადაც მზია ამაღლობელმა საზოგადოებას მოუწოდა, იბრძოლონ ევროპული მომავლისთვის.

 

საჯარო სამსახურის ბიუროსთვის გამოყოფილ 2,3 მილიონ ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს

„ქართული ოცნების“ მთავრობის განკარგულებით, საჯარო სამსახურის ბიუროსთვის ქვეყნის ბიუჯეტში გათვალისწინებულ 2 340 100 ლარს მთავრობის ადმინისტრაცია დახარჯავს.

მთავრობის განკარგულებით, ფინანსთა სამინისტროს დაევალა მთავრობის სარეზერვო ფონდის 2 340 100 ლარით გაზრდა და ფონდიდან ამ ოდენობის თანხის მთავრობის ადმინისტრაციისთვის გამოყოფა.

„2025 წლის 1-ლი აპრილიდან ლიკვიდირებულ იქნა სსიპ – საჯარო სამსახურის ბიურო და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას; ასევე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას მიენიჭა საჯარო სამსახურის ბიუროს განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება“ – წერია განკარგულებაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ლიკვიდაციაზე ინფორმაცია მიმდინარე წლის თებერვალში ბიუროს თანამშრომლებმა გაავრცელეს. ისინი ამბობდნენ, რომ იმ დროისთვის მათ ამის შესახებ ოფიციალური შეტყობინება არ ჰქონდათ მიღებული.

ბიუროს თანამშრომლები მიიჩნევდნენ, რომ ბიუროს ლიკვიდაცია საჯარო სექტორში „ქართული ოცნების“ მხრიდან კრიტიკული აზრის ჩახშობაზე ორიენტირებული რეპრესიული პოლიტიკის ნაწილი იყო.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ბიუროს გაუქმების გადაწყვეტილება საჯარო სამსახურის სისტემაში პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება და აგრძელებს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიისა და განსხვავებული აზრის დევნის პროცესს.

ამ თემაზე:

“საჯარო სამსახურის ბიუროს გაუქმება პარტიული ინტერესების გაძლიერებას ემსახურება” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 9 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 9 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 963 270 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 300]
  • ტანკი – 10 786 ერთეული [+4]
  • ჯავშანტექნიკა – 22 433 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 27 588 ერთეული [+36]
  • MLRS – 1 380 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 157 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 446 ერთეული [+39]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 47 724 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 875 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია ჯერ არ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 360 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 560 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 596 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 164 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ზელენსკი: უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული უცხოელების უსაფრთხოებას

უკრაინა: ხარკოვის ოლქში მნიშვნელოვანი ტაქტიკური ტერიტორია გავათავისუფლეთ

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„რა ზიანი მოგაყენეთ?“ – რეპორტაჟი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესიდან

„მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, უბრალოდ ვამბობ, რომ სილის გაწვნა არ არის თავდასხმა“ – უთხრა მზია ამაღლობელმა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელმა სასამართლოს, როცა მას მიეცა საშუალება კითხვები დაესვა მის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსისთვის, ირაკლი დგებუაძისთვის.

მანამდე კი მზია ამაღლობელმა ბათუმის პოლიციის უფროსს, ირაკლი დგებუაძეს ჰკითხა:

გულწრფელად მაინტერესებს, მე, მზია ამაღლობელმა, თქვენ, ირაკლი დგებუაძეს, რა ზიანი მოგაყენეთ ისეთი, რომელიც კვალიფიცირდა 353-ე პრიმა მუხლით? იცით, ალბათ, ეს რას ითვალისწინებს – 4-დან 7 წლამდე სასჯელს“.

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეში დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი, ირაკლი დგებუაძე დაკითხეს. დგებუაძემ სასამართლოს უამბო მისი ვერსია – რა მოხდა 12 იანვარს, როცა მას მზია ამაღლობელმა აქციაზე სილა გააწნა. დგებუაძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ტკივილი იგრძნო, როცა მზია ამაღლობელმა სილა გააწნა. მან თქვა ისიც, რომ ეს ტკივილი წუთიერი იყო. 

სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა ირაკლი დგებუაძეს კითხვები დაუსვა მისი მხრიდან ძალადობაზე – გინებაზე, ფურთხებაზე, საპირფარეშოსა და წყლის დალევის აკრძალვაზე, რაც ირაკლი დგებუაძემ უარყო, თუმცა ვერ უარყო ის, რასთან დაკავშირებითაც ვიდეომტკიცებულება არსებობს – დგებუაძემ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ ვიდეოში, სადაც ისმის მუქარა და გინება – „სისხლით დავიჭერ“ – მისი ხმა ისმის. ამ ვიდეოს სასამართლო სხდომაზე გაშვების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ ჯერ თქვა – „ჩემს ხმას ჰგავსო“, შემდეგ – „შეიძლება გამოვიყენე უწმაწური სიტყვებიო“ და თან დასძინა, რომ ეს უწმაწური სიტყვები „ფაქტის აღწერის მიზნით“ გამოიყენა.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ირაკლი დგებუაძეს ჰკითხეს, როგორ ფიქრობს თავად, ემუქრება თუ არა მას საფრთხე, თუ მზია ამაღლობელის მიმართ გამოყენებული იქნება არასაპატიმრო ღონისძიება.

ბათუმის პოლიციის უფროსმა უპასუხა, რომ მას თუ არა, შეიძლება სხვა პოლიციელს დაემუქროს საფრთხე: „აქციები გრძელდება, მე 400-მდე თანამშრომელი მყავსო“ – აღნიშნა დგებუაძემ.

დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ასევე სთხოვეს დაეკონკრეტებინა – მზია ამაღლობელის მიერ მისთვის სილის გაწვნა თავდასხმა იყო თუ შეურაცხყოფა. მან თქვა, რომ ეს იყო თავდასხმა: „თქვენ სილის გაწვნას უწოდებთ, მე ვამბობ, რომ ხელი დამარტყა“ და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ტკივილი განიცადა.

დღეს სხდომაზე ირაკლი დგებუაძემ მზია ამაღლობელზე ისიც თქვა „ღმერთმა თავისუფლებაზე ამყოფოს“, მაგრამ „ჩემი გადასაწყვეტი არ არისო.“

დგებუაძემ სასამართლო სხდომაზე განაცხადა ისიც, რომ მისი მიზანი, არაა მზია ამაღლობელის პატიმრობაში ყოფნა:

„მზია ამაღლობელმა ჩაიდინა დანაშაული და თავისუფლება თავადვე უნდა მოიპოვოს სამართლებრივად მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით“ – თქვა მან და არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მზია ამაღლობელის გასათავისუფლებლად დაცვის „არსებული სტრატეგია არ მუშაობს“. „არსებობს მარტივი ქმედებები იმისათვის, რომ თქვენ შეძლოთ, პასუხი აგოთ იმ კონკრეტული საქციელისთვის, რომ 4 და 7 წელი არ იჯდეთ ციხეში” – თქვა მან.

მოგვიანებით მისი ეს სიტყვები მზია ამაღლობელის ადვოკატმა შეაფასა, როგორც მუქარა მზია ამაღლობელის მიმართ.

ირაკლი დგებუაძე პროკურორებთან ერთად სხდომაზე შესვენების დროს

სხდომაზე დიდი დრო დაუთმეს იმის განხილვასაც, ჰქონდა თუ არა ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელის სილის შემდეგ სიწითლე ლოყისა და ყურის არეში. ირაკლი დგებუაძემ სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ სიწითლის შესახებ თანამშრომლებისგან გაიგო და შემდეგ თავადაც შეამოწმა სარკეში.

„რამდენიმე თანამშრომელმა ეზოში ყოფნის დროს, დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მითხრა, ყურზე სიწითლე გაქვსო. შესაბამისად, ესე იგი მქონდა. მე ვერ ვხედავდი. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ვნახე, რომ რეალურად, ყურის ამ ნაწილში მქონდა სიწითლე“ – თქვა დგებუაძემ.

სხდომაზე გამოჩნდა ისიც, რომ ამ საკითხზე მსჯელობა ბათუმის პოლიციის უფროსისთვის მინიმუმ უსიამოვნოა – „ჩემი ლოყის სიწითლე შოუს ნაწილი გახდაო“ – თქვა ბათუმის პოლიციის უფროსმა. 

სასამართლო სხდომაზე, დაცვის მხარის მოთხოვნით, აჩვენეს 12 იანვარს დაკავებული აქციის მონაწილეების ინტერვიუებიც, სადაც აქციის მონაწილეები თავად ჰყვებიან, როგორ იძალადა მათზე ირაკლი დგებუაძემ დაკავების შემდეგ სამმართველოს შენობაში, როგორც ფიზიკურად, ასევე მორალურად, შეურაცხყოფა მიაყენა მათ და აგინა.

ბათუმის პოლიციის უფროსმა აქციის ყველა მონაწილის მიერ მოყოლილი ამბავი უარყო. ასეთ ვიდეოებს რამდენსაც გინდათ ჩავწერ, თუნდაც თქვენზეო – უთხრა მან ადვოკატებს.

„როგორ ფიქრობთ, რატომ გაბრალებენ?“ – ჰკითხა მას ადვოკატმა, თუმცა ეს კითხვა არ მოეწონა პროკურორ თორნიკე გოგეშვილს – განრიდება მაქვს ბატონო მოსამართლევ, საიდან უნდა იცოდეს დგებუაძემ, რატომ აბრალებენო.

დღეს დგებუაძე სასამართლოში ჰყვებოდა, თუ როგორ იცავდნენ პოლიციელები აქციების მონაწილეების უფლებებს და როგორი მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა მათთან – „იყვნენ პროვოკატორებიც, მაგრამ მე მაქსიმალურად პროფესიონალურად ვუდგებოდი და ვიცავდი აქციის მონაწილეების უფლებებს“ – თქვა მან.

ამის მოსმენამ გააღიზიანა მოქალაქე მალხაზ ირემაძე, რომელიც ამბობს, რომ თავად გახდა 12 იანვარს დგებუაძის ძალადობის მსხვერპლი, როგორც აქციის დაკავებული მონაწილე. „ღმერთმა დაგვიფაროს, რა მეგობრობა,  არ შემიძლია ამის მოსმენა“ – თქვა მალხაზ ირემაძემ და დარბაზი დატოვა.

მალხაზ ირემაძემ სასამართლოს სხდომათა დარბაზი დატოვა

სხდომა დაძაბულ ვითარებაში მიმდინარეობდა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან გააძევა რამდენიმე დამსწრე, მათ შორის: „ნეტგაზეთის“ მთავარი რედაქტორი ნესტან ცეცხლაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი, ზვიად ქორიძე და ბათუმის აქციების მედროშე, ზურაბ ჭავჭანიძე.

მანდატურები ნეტგაზეთის რედაქტორს სხდომათა დარბაზიდან აძევებენ

სხდომის დასრულებამდე მზია ამაღლობელმა საზოგადოებას ევროპის დღე მიულოცა: „ხვალ 9 მაისია, ევროპის დღე, გილოცავთ და ქართულ საზოგადოებას მოვუწოდებ, იბრძოლოს ევროპული მომავლისთვის“.

სხდომის მსვლელობისას დარბაზში ისმოდა შეძახილების ხმა ქუჩიდან: „ დგებუაძე ცრუ მოწმე ხარ“ , „დაისჯები“, „შენი დროც მოვა“, „მოძალადე ხარ“, „არაპროფესიონალი დგებუაძე“.

სხდომის დაწყებამდე ხმაური იყო სასამართლოს ფოიეშიც.

მზია ამაღლობელი სასამართლო სხდომაზე

სანამ დგებუაძის დაკითხვას დაიწყებდნენ, მოსამართლე ნინო სახელაშვილმა მხარეებს გააცნო გადაწყვეტილება წინა სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარის მიერ დაყენებული შუამდგომლობების თაობაზე. მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობები – არა.

ერთ-ერთი შუამდგომლობით მზია ამაღლობელის ადვოკატები „ოცნების“ პრემიერის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვას ითხოვდნენ. კობახიძემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ მან პოლიციელი დავალებით დაამცირა. ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ ეს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა და ამიტომ სურთ კობახიძის გამოკითხვა, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

„თუ ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე გარემოება შეიცვლება, დაცვის მხარის მხრიდან წარმოდგენილი იქნება მტკიცებულება და სასამართლოს ექნება შესაძლებლობა, შეაფასოს, ფლობს თუ არა ფაქტობრივ გარემოებებს ეს პირი საქმესთან დაკავშირებით, ბუნებრივია, დაცვის მხარეს კვლავ ექნება შესაძლებლობა აღნიშნული შუამდგომლობის გაჟღერების“ – განაცხადა მოსამართლემ.

პროტესტი სასამართლოს ფოიეში
პროტესტი ფოიეში
პროტესტი სასამართლოს ფოიეში

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 16 მაისს განახლდება.

„მე განვიცადე ტკივილი“ – ბათუმის პოლიციის უფროსი ქალის გაწნულ სილაზე

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენებას აძლევს ირაკლი დგებუაძე, ბათუმის პოლიციის უფროსი, რომელიც ამ საქმეში დაზარალებულადაა ცნობილი. დგებუაძე აცხადებს, რომ 2025 წელის 12 იანვარს, საპროტესტო აქციაზე მზია ამაღლობელის სილამ მას ფიზიკური ტკივილი მიაყენა და ლოყა და ყური გაუწითლა.

დღეს, სასამართლო პროცესზე, დგებუაძემ კიდე ერთხელ გაიმეორა ეს.

„ერთხელ დამარტყა მარჯვენა სახის არეში, საკმაოდ ძლიერად.

ჩემ მიერ განცდილი ტკივილი ძალიან სასაცილო გახდა საზოგადოებაში. თუ ვინმე სინონიმს მეტყვის, რას განიცდის ადამიანი სახეში დარტყმის დროს… მე განვიცადე ტკივილი“ – განაცხადა ირაკლი დგებუაძემ სასამართლო პროცესზე.

მან დღეს ჩვენების მიცემისას ასევე თქვა, რომ ლოყა და ყური წითელი ჰქონდა მზია ამაღლობელის დარტყმიდან დაახლოებით 20 წუთის შემდეგ.

– მე თუ მკითხავთ ბატონო ირაკლი, ყური ახლაც წითელი გაქვთ თქვენ – უთხრა მას ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა. 

– აქ ცხელა – უპასუხა მას დგებუაძემ. 

– ზუსტად აქეთ მივდივარ, მაშინ იანვარი იყო… სხვადასხვა ემოციები…

– იანვარში არ ცხელოდა.

– ციოდა“. 

ირაკლი დგებუაძე. ფოტო: „ბათუმელები“

ირაკლი დგებუაძის სასამართლოსთვის ჩვენების მიცემის პარალელურად საქალაქო სასამართლოს წინ პოლიციელები არიან მობილიზებული.

პოლიციელები სასამართლოს წინ
  • რა ხდება? 

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად იგი 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.

ამავე თემაზე: 

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

მზია ამაღლობელის სასამართლოზე ირაკლი დგებუაძე იკითხება

დღეს, 8 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი იმართება. პროცესზე იკითხება პროკურატურის მიერ დაზარალებულად ცნობილი ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე.

ირაკლი დგებუაძე ირწმუნება, რომ სილამ ლოყა ატკინა და ყური გაუწითლა.

"თანამშრომლებმა მითხრეს, რომ ყურზე სიწითლე მქონდა"  - ირაკლი დგებუაძე

ირაკლი დგებუაძის დაკითხვის პარალელურად მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სხდომიდან გააძევა მოქალაქე.

„ღამე სინდისი არ გაწუხებთ“ - მოსამართლე ნინო სახელაშვილმა სასამართლო დარბაზიდან ადამიანები გააძევა

ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო მზია ამაღლობელს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და მედიამენეჯერს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა ამაღლობელის საქმეზე კობახიძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა არ დააკმაყოფილა მზია ამაღლობელის დაცვის მხარის შუამდგომლობა სასამართლო პროცესზე ირაკლი კობახიძის მოწმედ გამოკითხვის შესახებ.

16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში კობახიძემ მზია ამაღლობელზე თქვა, რომ თითქოს მან ვიღაცის დავალებით მიაყენა პოლიციელს შეურაცხყოფა.

„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა,” – ირაკლი კობახიძე

გუშინ, 7 მაისს მზია ამაღლობელმა სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ. სარჩელით მოთხოვნილია ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს მასობრივი მედიასაშუალებების გზით მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევა და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფა.

მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძის და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 8 მაისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 961 970 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 200]
  • ტანკი – 10 782 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 22 429 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 27 552 ერთეული [+50]
  • MLRS – 1 379 ერთეული [+1]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 156 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 372 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 335 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 35 407 ერთეული [+141]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 3 197 ერთეული [+0]
  • გემი/ნავი – 28 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 1 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 47 604 ერთეული [+120]
  • სპეცტექნიკა – 3 875 ერთეული [+2]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ინფორმაცია განაახლა რუსეთმაც.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2025 წლის 8 მაისამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 662 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 56 360 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 605 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 23 226 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 560 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 24 596 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 35 164 სპეციალური სამხედრო მანქანა

რუსეთის თავდაცვა, ამ მონაცემებთან ერთად, უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს.

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე: 

ზელენსკიმ მებრძოლ გიორგი ქუფარაშვილს ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა

ტრამპი: ველი ერდოღანთან თანამშრომლობას რუსეთ-უკრაინის უაზრო, მაგრამ სასიკვდილო ომის დასასრულებლად

ზელენსკი: უკრაინა ვერ უზრუნველყოფს 9 მაისს მოსკოვში ჩასული უცხოელების უსაფრთხოებას

რუსეთს 1 კილომეტრის ოკუპაცია მინიმუმ 27 ჯარისკაცის სიცოცხლედ დაუჯდა – „ბიბისი“

 

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

რას ჰყვებიან აქტივისტები, რომელთაც მწვანე სითხე შეასხეს: გვითვალთვალებდნენ, არსებობს ჩანაწერები

5 მაისს, თბილისში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე, საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებულ აქტივისტებს: ნუცა მახარაძეს, ქეთევან ჯანანაშვილს და სალომე სარიშვილს უცნობი პირი ღამით, ლიფტიდან გამოსვლისას დახვდა და მათ ჯერ წიწაკის სპრეი შეასხა, შემდეგ კი – ბრილიანტის მწვანე. გოგოებმა სახეზე პირველი ხარისხის დამწვრობა მიიღეს.

აქტივისტები „ბათუმელებთან“ ჰყვებიან, რომ რამდენიმე კვირის წინ შენიშნეს, რომ მათ უთვალთვალებდნენ, ქეთევან ჯანანაშვილის ძმას კი ავტომანქანის საბურავები დაუჭრეს დანით.

აქტივისტების თქმით, არსებობს ვიდეოთვალის ჩანაწერები, რომელზეც ის ავტომობილები და პირები არიან აღბეჭდილი, რომლებიც მათ, სავარაუდოდ, უთვალთვალებდნენ.

„სამი კვირის წინ იყო შემთხვევა, როცა ქეთის ძმას დაუჭრეს საბურავები სახლთან. ეს იყო აღდგომის წინა დღეს“ – ამბობს სალომე სარიშვილი.

საუბარში გვერთვება ქეთევან ჯანანაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ის მანქანა, რომლითაც გადაადგილდება, მისი ძმის სახელზეა გაფორმებული.

„სავარაუდოდ ნომრებით იპოვეს მისამართი, რადგან ერთ ქუჩაზე ვცხოვრობთ მე და ჩემი ძმა, მაგრამ სხვადასხვა სახლში. იგივე მარკისაა ჩემი ავტომანქანაც და ალბათ აერიათ, რადგან იმ მომენტში მე არ ვიყავი სახლში.

ამ უბანში ძირითადად კერძო სახლებია და უცხო მანქანა ისედაც თვალში ხვდება ყველას. გვიყენია გარე კამერებიც და სწორედ ამ კამერებმა დააფიქსირეს უცხო პირები.

მანქანაში ორ-ორნი ისხდნენ, თუ სწორად მახსოვს. როგორც ჩანს, ჯერ ზვერავდნენ სიტუაციას და მერე გადავიდნენ ქმედებაზე.

რამდენჯერმე დაარტყეს წრე სახლს, მიდიოდნენ-მოდიოდნენ, რაღაცებს ზვერავდნენ.

ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, როგორ მიდის ერთი პირი და დანას არჭობს მანქანის ბორბალს. ჩანაწერში ისმის კიდეც ხმა, რომ ამბობდნენ ეს არის, ეს არისო“- ამბობს ქეთევანი.

მისი თქმით, უცნობი პირები ორი ავტომობილით, „ტოიოტა ქემრით“ და „ფორდით“ გადაადგილდებოდნენ.

აქტივისტების თქმით, რამდენიმე დღეში იგივე „ფორდი“ ნუცა მახარაძის სახლთან დახვდათ.

ქეთევანის და სალომეს თქმით, არსებობს ვიდეოჩანაწერები, სადაც აღბეჭდილია ყველა ის ავტომანქანა, საიდანაც უცხო პირები, მათივე თქმით, უთვალთვალებდნენ.

„ამოწმებდნენ იქ გაჩერებულ მანქანებს და უყურებდნენ ვიდეოთვალებს.

წესით, პოლიციას არ უნდა გაუჭირდეს ამ პირების იდენტიფიცირება, რადგან ვიდეოჩანაწერში კარგად ჩანს როგორც ავტომანქანის მარკა, ასევე ნომრები.

თუმცა ჩვენ მაშინ პოლიციისთვის არ მიგვიმართავს, რადგან ჩავთვალეთ, რომ აზრი არ ჰქონდა. 5 მაისს, როცა ჩვენზე ძალადობის შემთხვევა მოხდა, არც მაშინ დაგვირეკავს პოლიციაში, ნუცამ დარეკა სასწრაფოში და იმას მოჰყვა პოლიცია“ – ამბობს სალომე.

ახლა აქტივისტები ცდილობენ თავად გაარკვიონ, ვინ არიან ამ ავტომანქანის მფლობელები. ისინი შიშობენ, რომ პოლიციამ, შესაძლოა, პირიქით, დამალოს კვალი.

„გამოგვკითხეს და მაშინ ვუთხარით პატრულის თანამშრომელს, რომ გვქონდა იმ ავტომანქანების ნომრები, ვინც თავდასხმამდე დაგვყვებოდა. მაგრამ იმასაც ვფიქრობთ, რამდენად ღირს მათთვის ამ ნომრების მიწოდება. შეიძლება საერთოდ გააქრონ ეს ავტომანქანები და ნომრები და ვეღარ ვიპოვოთ“ – ამბობს ქეთევანი.

გოგოები კიდევ ერთ შემთხვევას იხსენებენ:

„ლიფტთან დახვედრამდე, რამდენიმე დღით ადრე, ნუცას სახლთან შევნიშნეთ უცხო პირები. ეზოს შესასვლელთან იდგა საეჭვო მანქანა.

უცხო პირები იყვნენ ეზოში, რომლებიც გვიყურებდნენ. ღამით კი, როდესაც უკან დავბრუნდით, ქუჩის მხარეს მანქანაში ორი ადამიანი შევნიშნეთ“ – იხსენებს სალომე.

გოგოების თქმით, 3 მაისს, შაბათს, სადარბაზოს შესასვლელთან შენიშნეს პირი, რომელსაც კაპიუშონი ჰქონდა სახეზე ჩამოფარებული და ხელში ცივი ჩაის ბოთლი ეჭირა.

„მანქანას რომ ვაყენებდით, კუთხეში მდგომი ერთი ავტომანქანა გამოვიდა, შიგნით მყოფ პირს სახეზე სამედიცინო პირბადე ეკეთა, დაგვინახა, დაქოქა მანქანა და წავიდა. სადარბაზოსთან კი ეს კაპიუშონიანი პირი დაგვხვდა. სახე ვერ დავინახეთ, კარგად ჰქონდა ჩამოფარებული.

როცა ლიფტში შევედით, ხმა გავიგეთ, რომ ისიც ამოვიდა კიბით, მაგრამ მერე უკან დაბრუნდა. ალბათ იმ დღესაც ჰქონდა დაგეგმილი რაღაც, მაგრამ ვერ მოახერხა“-ამბობენ გოგოები.

5 მაისს, იმ დღეს, როცა ნუცას, ქეთევანს და სალომეს ბრილიანტის მწვანე და წიწაკის სპრეი შეასხეს, გოგოები საპროტესტო აქციიდან ერთად მიდიოდნენ ნუცა მახარაძესთან, სახლში.

„ამ დღეს არავინ შეგვინიშნავს. ალბათ ჩვენც მოვადუნეთ ყურადღება. ლიფტი მეოთხე სართულზე გაჩერდა და სანამ გამოვიდოდით, კარის ღრიჭოდან შემოგვასხეს ჯერ წიწაკის სპრეი, შემდეგ კი ბრილიანტის მწვანე.

ძველი ლიფტია, შიდა კარი გაფუჭებული აქვს და მხოლოდ გარე კარი იღება, რომელიც ხელით უნდა გააღო.

იმდენად მოულოდნელი იყო, რომ სახე ვერ დავინახეთ.

ნუცა ზურგით იდგა და კისერში ჩაესხა სითხე და საშინლად ეწვოდა. მე და ქეთის კი სახეში შეგვესხა. ყველაზე მეტი მე მქონდა სახეში შესხმული.

თავიდან მეგონა, რომ გვწვავდა ეს ტიპი, იმიტომ რომ სპირტის სუნივით ვიგრძენი, შემდეგ წიწაკის სპრეის ხმა გავიგონე და მეთქი, გვწვავს ვიღაც.

იმ ცივი ჩაის ბოთლში ჰქონდა ბრილიანტის მწვანე გახსნილი და პირდაპირ შემოგვასხა. შეგვაგინა „თქვენი ნაცი დედა მოვტ…-ო“, ბოთლი იქვე დააგდო და გაიქცა“ – ამბობს სალომე.

სალომე და ქეთევანი კლინიკაში

გოგოების თქმით, ბოთლი დაახლოებით 3:00 საათამდე ლიფტთან ეგდო სადარბაზოში, შემდეგ კი გაქრა:

„რამდენიმე პოლიციელი ყარაულობდა ამ ბოთლს, შემდეგ იქ აღარ იყო. ჩავთვალეთ, რომ როგორც ნივთმტკიცება, წაიღეს“.

გოგოები მიიჩნევენ, რომ ეს დევნა, დიდი ალბათობით მათ სამოქალაქო აქტიურობას უკავშირდება.

„მე იმდენად აქტიური არ ვარ სოციალურ ქსელში, ნუცა უფრო ხმამაღლა საუბრობს ხოლმე ამ პროტესტზე, ის უფრო ცნობადია. ეჭვიც გვქონდა, რომ რუსთაველის ქვედა ქუჩებზე ჩემს მანქანას ხშირად ხედავდა პოლიცია, რადგან მათთან ახლოსაც გამიჩერებია.

დარწმუნებული ვარ, ეს ნომრებიც პოლიციის მიერ არის გადაცემული, რადგან ისე ვერ გაიგებდნენ, რომ სხვის სახელზე გაფორმებული მანქანით გადავადგილდები.

ცესკოსთან რომ იყო პირველი აქცია, მაშინ მივედით იქ მე და ნუცა და სიგნალით მივესალმეთ ხალხს გასამხნევებლად. მერე, როცა გადმოვედით, ნუცას პატარა შელაპარაკება ჰქონდა პოლიციელ ლაშა სალუქვაძესთან, იქ იდგა კრიმპოლი და პატრულიც, გამოგყვნენ და სადღაც 40 მეტრში გაგვაჩერეს“ – გვეუბნება ქეთევანი.

სამოქალაქო აქტივისტების თქმით, დღეს, როცა პოლიციის ნდობა ძნელია, ერთადერთი გამოსავალი ისევ საკუთარი თავის და ერთმანეთის დაცვაა.

„პირველი შემთხვევის მერე ჩვენ ვფრთხილობდით და ვაკონტროლებდით, ვინმე მოგვყვებოდა თუ არა, ეზოში შესვლის დროსაც სიფრთხილეს ვიჩენდით, მაგრამ იმ დღეს რა მოხდა, არ ვიცი.

შემდეგ ერთი მეზობელი გვეუბნებოდა, რომ თავდასხმის დღეს, 15:00 საათიდან იქ ტრიალებდნენ ეს პირები. სახლებთან ალბათ იმიტომ მოდიან, რომ ფიქრობენ, ასე უფრო შეგვაშინებენ. „ვიცით სად ცხოვრობთ“ – ალბათ ამის თქმა უნდათ, მაგრამ ვერ შეგვაშინებენ.

ჩვენს თანამებრძოლებსაც შეგვიძლია ის ვუთხრათ, რომ არ უნდა შეშინდნენ არცერთი წამით და რაღაცნაირად, საკუთარი თავის დაცვის მეთოდები უნდა გავიძლიეროთ“ – გვეუბნებიან ქეთი და სალომე.

შს სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აქტივისტებზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. ასევე, გოგოები აპირებენ მიმართონ პოლიციას და მოითხოვონ დაზარალებულის სტატუსი.

რაც შეეხება სახეზე დაზიანებას, როგორც სალომე გვეუბნება, მას ბრილიანტის მწვანეს შესხმის გამო თვალის რქოვანა აქვს დაზიანებული, თუმცა ჯერჯერობით მკურნალობა კარგად მიმდინარეობს. მკურნალობას გადიან ქეთი და ნუცაც.

____________________

მთავარ ფოტოზე: ქეთევან ჯანანაშვილი და სალომე სარიშვილი

ამავე თემაზე: 

„რეალურად, ეს თავდამსხმელები მშიშრები არიან“ – რუსული ხელწერა აქტივისტების წინააღმდეგ

1937 წელი მაშინ და ახლა – ზაალ ანდრონიკაშვილი

ავტორი: ზაალ ანდრონიკაშვილი

________________________

დღევანდელობას ბევრი ადარებს 1937 წელს.

1937 წელი სტალინური ტერორის სიმბოლოა.

ამ სიმბოლოშია ჩატეული მილიონობით უსამართლოდ დაპატიმრებული, ნაწამები, დახვრეტილი, გადასახლებული, გულაგში მონურ შრომაში სულამოხდილი, დაქვრივებული, დაობლებული, შეურაცხყოფილი, გარიყული, გაუბედურებული ადამიანის, დაწიოკებული და დანგრეული ოჯახის ბედი, ბიოგრაფია, ტკივილი, გლოვა, სიმწარე, სასოწარკვეთა.

1937 წელი ისტორიული ტრავმაა.

დღევანდელ ტკივილს რომ 1937 წელს ვარქმევთ, ნიშნავს, რომ ტრავმა არსად წასულა.

1937 წელი ისტორიული ჭრილობაა, რომელიც დღეს ისევ გაიხსნა.

1937 წელი მხოლოდ ისტორიული პარალელი არ არის.

ისტორიული პარალელი შეიძლება აკავშირებდეს ორ ერთმანეთთან დაუკავშირებელ მოვლენას, 1937 წელი კი ისტორიული თანმიმდევრობაცაა.

მაშინდელი ისტორიული პროცესები არ დამთავრებულა, ძალაუფლების სტრუქტურები და მექანიზმები ახლაც მოქმედებენ.

I ისტორია, როგორც ტრაგედია
  • უკანონობის საძაგელი მექანიკა

„მაინც ვცდილობ, როგორმე მაინც გავხსნა „უკანონობის“ საძაგელი მექანიკა“, – თანამოკალმე და თანაგულაგელ ვარლამ შალამოვს წერდა რუსი მწერალი გიორგი დემიდოვი, რომელმაც 18 წელი გაატარა გულაგში. ფიზიკოსი დემიდოვი უკანონობას აღწერს, როგორც მექანიკას: იმ ძალებს, რომელთა მოქმედებითაც იქმნება უკანონობა.

უსამართლობის მექანიკის აღწერაში სწორედ მისი სამი მოთხრობა დაგვეხმარება, რომელიც დემიდოვმა 1937 წელს მიუძღვნა:

ფონე კვასი“ – ებრაელი ფიზიკოსის ისტორია, რომელიც დაპატიმრებულია „მავნებლობისათვის“, იგონებს აბსურდულ დანაშაულს იმისთვის, რომ ეს აბსურდულობა სასამართლოზე გამოჩნდეს და მისი დაპატიმრების შეცდომა გამოავლინოს, ოღონდ სწორედ ამ აბსურდული და შეუძლებელი დანაშაულის გამო დაიხვრიტება;

„ნარინჯისფერი აბაჟური“ – რუსი არისტოკრატის და ნიჭიერი ინჟინრის ისტორია, რომელიც ემიგრაციიდან დაბრუნდა, თან ჩამოიყვანა ნაციზმს გამოქცეული გერმანელი სპეციალისტები და ასევე „მავნებლობის“ გამოა დაპატიმრებული, რომელიც მედგარ წინააღმდეგობას უწევს გამომძიებელს, მაგრამ მაინც ტრაგიკული შეცდომა მოსდის;

და „ორი პროკურორი“, ახალგაზრდა კომუნისტი პროკურორის ისტორია, რომელიც კანონის უზენაესობის რწმენის და მისთვის ბრძოლის გამო ხდება უკანონობის მანქანის მსხვერპლი, რომელსაც მისი უფროსი კოლეგა, სსრკ-ს გენერალური პროკურორი ვიშინსკი წარმოადგენს.

დემიდოვი თვლიდა, რომ 1937 წლის აღსაწერად მხოლოდ ძალადობის აღწერა საკმარისი არ იყო.

საჭირო იყო (სა)მართლობის მხილება.

„ნარინჯისფერი აბაჟურის“ პერსონაჟი, ტრუბნიკოვი, ამბობს: „სამყაროში მეფობენ სისულელე, სისასტიკე და ბოროტება. მაგრამ ისინი მაინც (სა)მართლობას ექვემდებარებიან.“

Неправда, უმართლობა, არ არის იგივე, რაც სიცრუე. სიცრუე სიმართლის ანტონიმია, ხოლო უმართლობა, ყოველ შემთხვევაში დემიდოვის სიუჟეტში, არის ტყუილი, რომელიც თავს სიმართლედ მოგვაჩვენებს.

უმართლობაა უსამართლობა, რომელიც თავს სამართლიანობად აცხადებს.

უმართლობაა კანონიერებით შენიღბული უკანონობა, რომელიც „აყვანილია სახელმწიფო პრინციპის რანგში და გამყარებული ოფიციალური მეცნიერებით“.

უმართლობის მიზანი არის სახელმწიფოში ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდება და შენარჩუნება ისე, რომ ქვეყნის შიგნით და გარეთ ამას სამართლის და კანონიერების ელფერი დაჰკრავდეს.

  • ძალადობის აპარატი

უმართლობას, უკანონობას და უსამართლობას სჭირდება ჯალათები. ასეთ ჯალათებს სისტემა არჩევს ყველაზე უნიჭო, სხვა საქმისთვის გამოუსადეგარი ადამიანებისგან.

დემიდოვს ასეთად ჰყავს გამოყვანილი გამომძიებელი პრონინი, რომლისთვისაც კარიერის კეთების ერთადერთი გზა – რადგან სწავლისთვის არც საკმარისი ნიჭი აქვს და არც საკმარისი მონდომება – ჯერ სხვების დასმენა ხდება.

ის ბავშვობაში დაასმენს დედას, მისი დაპატიმრების შემდეგ პრონინი ჯერ პიონერულ, შემდეგ კომკავშირულ კარიერას იკეთებს და ბოლოს დაიწყებს შინსახკომში გამომძიებლად მუშაობას, ოღონდ იქაც უნიჭო აღმოჩნდება და მხოლოდ წვრილ საქმეებს ავალებენ.

სამაგიეროდ, პრონინი დარწმუნდება, რომ „ადამიანების უმეტესობა უხერხემლო და ლაჩარია, რომ შიშით მათ შეიძლება ყველაფერი ათქმევინო.“

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალადობა არ არის რეპრესიული მექანიზმის ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი. დემიდოვისათვის, ჯალათი სისტემის ყველაზე დაბალი, შეიძლება ითქვას, უმნიშვნელო რგოლია.

  • მოთვინიერების მექანიზმი

„სახელმწიფო ჩაგვრის“ მანქანის მეორე მხარეს დგას ხალხი, რომელიც უნდა მოათვინიერო, დაიმორჩილო, გატეხო, დააშინო წაართვა წინააღმდეგობის სურვილი.

თითქმის ყოვლისშემძლე ძალადობის აპარატს მაინც ეშინია საჯაროობის.

ის ხალხს აპატიმრებს ღამ-ღამობით, ქურდულად.

დაპატიმრებულები გადაჰყავს სატვირთო მანქანებით, რომელსაც გარედან აწერია „პური“ ან „ხორცი“.

ციხეები გარედან არ ჩანს.

დახვრეტისთვის არსებობს ევფემიზმი – „10 წელი მიმოწერის უფლების გარეშე“, უსამართლობის მთელი უზარმაზარი სისტემა უხილავია, დამალულია და მასში შეღწევა არა თუ ჩვეულებრივ ადამიანს, ამ სისტემის წარმომადგენელსაც კი უჭირს.

დემიდოვის „ორი პროკურორი“ სწორედ ასეთ ამბავს გვიყვება. ახალგაზრდა პროკურორი კორნევი, პარტიის ერთგული კომუნისტი, შემთხვევით მიიღებს ციხიდან გამოგზავნილ სისხლით დაწერილ წერილს და გადაწყვეტს მართლა შეასრულოს მისთვის კანონის მიერ მინიჭებული საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქცია, შევიდეს წინასწარი დაკავების ციხეში და გაესაუბროს ყოფილ პარტიულ მაღალჩინოსანს.

ის ხედავს, რომ რაღაც უკანონობა ხდება, მაგრამ ჰგონია, რომ ეს მხოლოდ ადგილობრივი შინსახკომის განუკითხაობაა და გაემგზავრება მოსკოვში, ვიშინსკისთან, რომელიც მას ხაფანგს დაუგებს და შინსახკომს გადასცემს.

პატიოსანი პროკურორის ამბავი, რომელსაც კანონის უზენაესობის 1937 წელს მართლა სჯერა, კიდევ უფრო შემზარავი წასაკითხია დღეს, როდესაც საქართველოს იუსტიციაში ერთი მსგავსი ადამიანიც კი არ აღმოჩენილა.

  • შიში

სახელმწიფო ჩაგვრის მანქანის მთავარი ინსტრუმენტი შიშია.

შიში საზოგადოების დაშლის საშუალებას იძლევა.

დაშლილი, ფრაგმენტირებული, გათითოკაცებული საზოგადოება მართვადი ხდება.

„ისინი“ (სახელმწიფო ჩაგვრის მანქანის მემანქანეები – .ა.) შესანიშნავად იცნობენ ადამიანთა მასების ფსიქოლოგიას.

ადამიანთა ნახირის ქცევის ჩვევების ცოდნა საშუალებას აძლევდა ეს ჩვევები თავიანთი მიზნებისთვის გამოეყენებინათ, იმისთვის, რომ ამ ნახირის დიდი ნაწილი უფსკრულისაკენ წაეყვანათ“.

ამისათვის, აუცილებელია „განწირულ ადამიანებს“ წაართვა იმის შეგრძნება, რომ ისინი საზოგადოებას ეკუთვნიან და მისი ღირებული წევრები არიან. მაშინ გაქრება საზოგადოების მხრიდან დაცვის იმედი, ხოლო ამ იმედის გარეშე ადამიანის მორალური ხერხემალი ტყდება […] ასევე საჭიროა, რომ საზოგადოებისაგან გარიყვის, სამოქალაქო და ფიზიკური სიკვდილისთვის განწირულმა ვერ გაიგოს, ვინ და რა მიზნით გაწირა ის საამისოდ.

გააკეთოს ისე, რომ მან გააცნობიეროს, იგრძნოს, რომ სრულიად უიმედოა გამოსავლის ძებნა და რომ არ არსებობს არც მორალური, არც იურიდიული კანონები, რომლებიც მას დაიცავდა […]

კიდევ საჭიროა, რომ იმ ზღვა ხალში, რომლებიც მასავით გადაუგდიათ ცხოვრების გემიდან, ადამიანი სულიერად იყოს მარტო. და იმ ადამიანებს შორის, ვისთან ერთადაც ამ ბედს იზიარებს, ვერ იპოვოს ვერც სულიერი მხარდაჭერა და ვერც იმისი ახსნა, რა ხდება მის თავს“.

მილიონობით ადამიანის დასაშინებლად საბჭოთა კავშირმა მარტივ, მაგრამ ძალიან ქმედით გზას მიაგნო.

მან უკლებლივ ყველა ადამიანი პოტენციურ დამნაშავედ გამოაცხადა. სწორედ ესაა უმართლობის მანქანის ძრავა, რომელიც უკანონობის და ძალადობის კანონიერებად და სამართლიანობად გადაქცევის ილუზიას ქმნის.

  • შეთქმულების თეორია

დემიდოსვის მოთხრობაში შინაგან საქმეთა კომისარი ეჟოვი დახურულ კრებაზე სიტყვით გამოდის და ამბობს, რომ ქვეყანა, „საიდუმლო ფაშიზმითაა“ დაავადებული, როგორც ჯანსაღი ორგანიზმი სიმსივნით“. ეჟოვი იმეორებს სტალინის თეზისს, რომ „მტრებმა შეაღწიეს საბჭოთა და პარტიული აპარატის, მრეწველობის, შეიარაღებული ძალების და საგანმანათლებლო დაწესებულების ყველა უჯრედში.

მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფაშიზმი სხვადასხვა ფორმას იღებს, ის არაფერში ვლინდება.

ამგვარად, საბჭოთა სახელმწიფოს უმძიმეს დაავადებას გარეგნული სიმპტომები არ აქვს.

ანტისაბჭოთა ორგანიზაციებში გაერთიანებული მტრების დაახლოებითი რაოდენობა მილიონებით განისაზღვრება, მაგრამ მათ ისტორიულად უპრეცედენტოდ მკაცრი კონსპირაცია აქვთ. მათ არ აქვთ არც საიდუმლო ბინები, არც წევრთა სიები, არც პარტბილეთები, არ ატარებენ კრებებს, არ აქვთ ლიტერატურა ან პროპაგანდის საშუალებები, რიგითმა წევრებმა არაფერი იციან ამ ორგანიზაციის შესახებ“.

შესაბამისად, შინაგან საქმეთა ორგანოებს ევალებათ გამოარჩიონ მტრები, რომლებიც გარეგნულად არაფრით განსხვავდებიან მოყვარეებისგან.

  • უკანონობა, როგორც კანონი

„მსოფლიოში პირველ სოციალისტურ სახელმწიფოს“ – წერს დემიდოვი – რომელიც თავის, მათ შორის „პოტენციურ“ მტრებს უცერემონიოდ უსწორდებოდა, მაინც არ სურდა, რომ ის ჩაეთვალათ ზუმბა-იუმბას მსგავს სახელმწიფოდ“.

შეთქმულების თეორია არ არის საკმარისი უსამართლობის დასაკანონებლად.

შეთქმულების თეორიის რეალობად გადასაქცევად, საჭიროა სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც შეთქმულების თეორიას „კანონის“ ენაზე გადმოთარგმნის.

ამ თარგმანის ერთ-ერთი გამოხატულება ისაა, რომ სტალინური სისხლის სამართალი, სხვათა შორის, არ ცნობს უდანაშაულობის პრეზუმფციას. ხაზს გავუსვამ: კანონი მიჰყვება შეთქმულების თეორიის ლოგიკას და კანონის გარეგნულ ფორმას არგებს შეთქმულების თეორიის საჭიროებას.

ამ საკანონმდებლო ცვლილების შედეგად უკლებლივ ყველა მოქალაქე პოტენციურ დამნაშავედ იქცევა. „ამ მავნე ბალასტისაგან გათავისუფლებისთანავე საბჭოთა მართლმსაჯულება […] აქამდე გაუგონრად მოქნილი და ქმედითი გახდა. ამიერიდან მას შეეძლო გაეუვნებელყო არა მარტო რევოლუციის ის მტრები, რომლებმაც მოქმედებით გამოიჩინეს თავი, არამედ მისი პოტენციური მტრებიც“.

  • რამე კანონი დაირღვა?

„ორი პროკურორის“ ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, რომ სიტყვა „იუსტიცია“ შეუფერებელი სიტყვაა „სახელმწიფო ჩაგვრის“ აპარატის ერთ-ერთი სამსახურისთვის.

საბჭოთა იუსტიცია შექმნილია სწორედ ამ „სახელმწიფო ჩაგვრის“ შესანიღბად. მას არ აქვს სხვა დანიშნულება.

შეთქმულების თეორიის წყალობით მოგონილი დანაშაულების „გამოძიება“, გამოგონილი მტრების დაპატიმრება და „გასამართლება“, გარეგნულად კანონიერად უნდა გამოიყურებოდეს.

ამიტომ, საჭიროა, რომ უკანონობა ინარჩუნებდეს კანონიერების ფორმას.

ცარიელ, უშინაარსო ფორმას იცავენ, როგორც რიტუალს, მაგრამ „ეს არ ნიშნავს ჭეშმარიტი კანონიერების დაცვას, არამედ მხოლოდ მის ილუზიას წარმოადგენს“.

ფორმას იცავენ ყველა ეტაპზე, დაწყებული დაპატიმრების ორდერით, დამთავრებული სასამართლო განაჩენით.

მაგალითად, საბჭოთა კონსტიტუციის მიხედვით, დაპატიმრება დაუშვებელია პროკურორის სანქციის გარეშე. ეს ფორმა აუცილებლად სრულდება. ოღონდ, გადაწყვეტილებას დაპატიმრების შესახებ იღებს შინსახკომი – შინაგან საქმეთა კომისარიატი, ხოლო პროკურორი შინსახკომის მიერ მიტანილ დაპატიმრების ორდერების დასტას წაუკითხავად აწერს ხელს.

ფორმა სრულდება, უკანონობა კანონდება.

გამომძიებლები აღიარებით ჩვენებას მოიპოვებენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით.

ორკაციან კამერებში 20-30 კაცია შეყრილი ისე, რომ იატაკზე დასაწოლი ადგილიც კი არ არის, არ არის ჰაერი, კამერებში ისეთი გაუსაძლისი სიმყრალეა, რომ ციხის თანამშრომლები საკანში შესვლას ერიდებიან. სასტიკი ცემა, უძილობით წამება, სველ კარცერში დამწყვდევა, ოჯახის წევრების დაპატიმრებით შანტაჟი შინსახკომის მეთოდების არასრული ჩამონათვალია.

წამებით, რომელიც შეიძლება რამდენიმე კვირა ან თვე გაგრძელდეს, „გამომძიებელი“ აღიარებით ჩვენებას თითქმის ყოველთვის იღებს. ძალიან ცოტა ახერხებს აღიარებითი ჩვენება ისე მისცეს, რომ სხვას არ დაადოს ხელი და კიდევ იმაზე ცოტა ახერხებს საერთოდ არაფერზე მოაწეროს ხელი.

  • სასამართლო, როგორც სპექტაკლი

სასამართლოზე ადვოკატის და პროკურორის დასწრება ფორმალურია. დემიდოვის თქმით, არაფერი შეიცვლებოდა, თუ პროკურორის ადგილას „მაიმუნს ან პორტფელიან საფრთხობელას დასვამდნენ, რადგან ახლანდელ პროკურორს მხოლოდ ის მოეთხოვება, რომ არაფერი შეიმჩნიოს და არაფერში ჩაერიოს“.

„დაპატიმრებულთა უმრავლესობისთვის ყველაფერი წინასწარაა გადაწყვეტილი. სასამართლო მხოლოდ ფორმალობაა. განაჩენის გამოტანა, მიუხედავად იმისა, რომ ეჭვმიტანილმა შეიძლება თავის ჩვენებაზე უარი თქვას, ნიშნავს, რომ მისი და მისი ოჯახის ბედი დიდი ხანია გადაწყვეტილია. […] ცხადი იყო, რომ განაჩენი წინასწარ იყო გამოტანილი, ხოლო აქ კომედიას თამაშობდნენ“.

სპექტაკლი, კომედია, ფარსი, საკვანძო სიტყვებია 1937 წლის სასამართლო პროცესის აღსაწერად, რადგან განაჩენი, რომელიც ეყრდნობა არარსებულ ბრალდებას, ცრუ გამოძიების მასალებს და იძულებით მოპოვებულ აღიარებას, წინასწარაა გამოტანილი.

ამ ფარსად ქცეული პროცესების ყველაზე შემზარავი და თვალსაჩინო გამოვლინება იყო საჩვენებელი პროცესები: დაწყებული პრომპარტიის (საწარმოო პარტიის პროცესით (1930) დამთავრებული მოსკოვის პროცესებით 1936-1938 წლებში).

„იყვნენ ისეთებიც“, წერს დემიდოვი, ვინც ამბობდა, რომ სწორედ მან (ვიშინსკიმ- ზ.ა.) შეიმუშავა საბჭოთა კავშირში თავისებურად განუმეორებელი პოლიტიკური სასამართლო პროცესების ტიპი, რომლებიც, ოციანი წლებიდან დაწყებული, სულ უფრო ემსგავსებოდა რეპეტიციებზე კარგად დასწავლილ სპექტაკლებს.

ამ სპექტაკლის ერთი მონაწილე მრისხანე საბრალდებო სიტყვებს წარმოთქვამდა და სასტიკი განაჩენები გამოჰქონდა, სხვები კი თითქმის ყოველთვის ეთანხმებოდნენ ბრალდებას და ინანიებდნენ ჩადენილ დანაშაულს.

ხანდახან ლმობიერებას და დანდობას ითხოვდნენ, უფრო ხშირად არა – მაგრამ არცერთი და არც მეორე არასოდეს მიუღიათ. პოლიტიკურ პროცესებზე განსასჯელთა გამართლების შემთხვევები არც მაშინ ყოფილა, არც უფრო გვიან“.

ლენინის ჩაფიქრებული და სტალინის განხორციელებული საჩვენებელი პროცესები გვიჩვენებენ, რომ უმართლობის ყველა კომპონენტმა წარმატებით იმუშავა:

საჩვენებელ პროცესზე თავის როლს ასრულებდა არა მარტო მოძალადე, არამედ მსხვერპლიც, ოღონდ ისე, რომ ის დამნაშავის როლს ასრულებდა და ამით მოძალადეს აქცევდა ლეგიტიმურ მოსამართლედ. უკანონობამ კანონის ნიღაბი მოირგო.

II ისტორია, როგორც ფარსი

ისტორიული პარალელები თანამედროვეობას მხოლოდ ნაწილობრივ გვიხსნიან.

მსგავსებების გარდა მნიშვნელოვანია დავინახოთ განსხვავებებიც.

რით ჰგავს და არ ჰგავს 1937 წელი დღევანდელობას?

ივანიშვილის რეჟიმმა სახელმწიფო ხელში ჩაიგდო და გადააქცია ჩაგვრის მანქანად.

რეჟიმი იგონებს შეთქმულების თეორიებს, ამ შეთქმულების თეორიების საფუძველზე კი გამოგონილ დამნაშავეებს ქმნის.

ამ გამოგონილი დამნაშავეების წინააღმდეგ (სინამდვილეში კი იმ ხალხის წინააღმდეგ, ვინც არ ანებებს რეჟიმს სახელმწიფოს მიტაცებას) რეჟიმი იგონებს სპეციალურ კანონებს.

ამ კანონებს იღებს უკანონო, გაყალბებული არჩევნებით მოსული თვითაღიარებული პარლამენტი, რომელიც უკანონობის კანონად ქცევას კანონშემოქმედის ბეჭედს ასვამს.

ძალადობის მანქანას შეზრდილი იუსტიცია უკანონო კანონებს რეპრესიებისათვის იყენებს.

ჯიბის სასამართლო ჯიბისავე პროკურატურის მიერ მოგონილ, ყალბ, შეთითხნილ უსამართლო, ცრუ მოწმეების ჩვენებებით „გამყარებულ“ ბრალდებას უსამართლო განაჩენებად აქცევს და უდანაშაულო ადამიანებს ციხეში ამწყვდევს.

რეჟიმს თავისი საჩვენებელი პროცესებიც აქვს: წულუკიანის ტელეკომისა, რომელიც ბრაზილიური ტელესერიალის ჟანრში ცდილობს სასამართლოს ილუზიის შექმნას.

უკანონობის საძაგელი მექანიკა დღესაც ისევე მოქმედებს, როგორც 1937 წელს.

ოღონდ, თუ 1937 წელს, შეიძლებოდა არსებულიყო პროკურორი, რომლისთვისაც კანონის უზენაესობა უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, ვიდრე პარტიული რწმენა და თვითგადარჩენის ინსტინქტი, დღეს საქართველოს იუსტიციის სისტემაში ასეთი ადამიანი არ აღმოჩნდა.

მაგრამ, არსებობს პრინციპული განსხვავებებიც და ეს განსხვავება ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობის აღსაწერად.

ივანიშვილის რეჟიმს ჩაუვარდა მთავარი „ტრიუკი“ – მან ვერ შეძლო უკანონობის კანონიერებად მოჩვენება.

2023 წლიდან მოყოლებული, როდესაც რეჟიმმა პირველად შემოაგორა კანონი აგენტების შესახებ, რეჟიმმა ვერ მოახერხა ვერც საქართველოს მოქალაქეების, ვერც სხვა სახელმწიფოების მოტყუება.

რეჟიმის სიშიშვლეს ლეღვის ფოთოლიც ვერ ფარავს.

ის უკანონოა და თავისი უკანონობის დაკანონებას ვერ ახერხებს.

სტალინის შინსახკომი დაუსჯელი იყო – უფრო სწორად, შინსახკომელებს შინსახკომივე თუ იმსხვერპლებდა. ივანიშვილის რეჟიმი დაუსჯელი არ არის. 1937 წლის შინსახკომელების დღევანდელი მემკვიდრეები, მურუსიძე-ჩინჩალაძე-გომელაურ-ხარებები დღესვე ისჯებიან.

სანამ ქართული სამართლის ურემი მათ ეზომდე მიაღწევს, საერთაშორისო საზოგადოებამ მათ უკვე ამოაწვა დამნაშავის დაღი და სანქციებიც დააკისრა.

ეს დაღი სიმბოლურიცაა და რეალურიც: სიმბოლური იმიტომ, რომ უსამართლობას ამხელს და რეალური იმიტომ, რომ დამნაშავეს სჯის.

წარუმატებელი აღმოჩნდა საჩვენებელი ტელესასამართლოც. აღიარებების გარეშე სპექტაკლი არა თუ დამაჯერებელი, საზიანოც კი აღმოჩნდა.

დაშინებაც არ გამოვიდა – რეჟიმმა ხალხი ვერ დააშინა.

სპეცრაზმის შემაძრწუნებელი ძალადობა, სადარბაზოში ლაჩრულად ჩასაფრებული ტიტუშკები“, მცირეწლოვან შვილებთან და ასაკოვან მშობლებთან მოტყუებით შევარდნილი პოლიცია, არაადამიანურად მძიმე ჯარიმები, უკანონო დატყვევება, უნამუსო სასამართლო და უსამართლო მსჯავრი ხალხის დასაშინებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

რეჟიმის ტყვეები საჩვენებელ სასამართლო პროცესებსა და ციხეებშიც აგრძელებენ წინააღმდეგობას. ვერ გატეხეს მზია ამაღლობელი, რომლისგანაც სინანულს მაინც ითხოვენ. ვერ გატეხეს ვერც მსახიობი და ვერც მაღაროელი. ადამიანებმა ღირსეული ბრძოლა არჩიეს ნაძრახ შეგუებას.

ესაა მთავარი განსხვავება 1937 წელს და დღევანდელობას შორის. ღირსეული მოქალაქე საქართველოს დამოუკიდებლობის ყველაზე დიდი და ფასდაუდებელი მონაპოვარია.

1937 წელი არის საზოგადოების სიკვდილის ტრაგიკული ისტორია. ღირსეული მოქალაქეებისგან შემდგარი საზოგადოება, რომელიც ამარცხებს რეჟიმს, საქართველოში 1937 წელსაც დაამთავრებს.

„აქ ასდღიანი პროტესტი ისტორიას არ ახსოვს“ – პროტესტის ხმა ახალციხეში

ყოველ საღამოს, 18:00 საათზე იკრიბებიან მოქალაქეები პროტესტის გამოსახატად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლთან. აქ დღეს, 7 მაისს, უწყვეტი პროტესტის 113-ე დღეა.

ახალციხეშიც მოქალაქეები უერთდებიან საპროტესტო მოძრაობის ორ მთავარ მოთხოვნას: გაათავისუფლონ სინდისის პატიმრები და ჩატარდეს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები.

ამ სტატიაში წაიკითხავთ როგორია პროტესტის ახალციხეში და რა გზავნილები აქვთ აქციის მონაწილეებს სამცხე-ჯავახეთიდან.

აქცია ახალციხეში. ფოტო: თემო ინასარიძე, „სამხრეთის კარიბჭე“

„დღეს ჩვენი მთავარი მოთხოვნა რეჟიმის ცვლილებაა. შეუძლებელია დღეს არსებული რეჟიმის პირობებში რომელიმე ადამიანმა შეძლოს ამ ქვეყანაში თავისუფლად ცხოვრება და სამართლიანად მუშაობა. რეჟიმის ცვლილებას კი ცალსახად უნდა ახლდეს პოლიტპატიმრების გათავისუფლება.

ახლა ერთადერთი, რაც დაგვრჩენია, ბრძოლაა და ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ. ცეცხლი ოლიგარქიას! თავისუფლება მზია ამაღლობელს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს!”, – გვეუბნება თაკო თუმანიშვილი, ტრენერი, ახალგაზრდული მუშაკი და ახლა უკვე აქტივისტი ახალციხიდან.

თაკოს თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება სრულიად უგულებელყოფს საკუთარი მოქალაქეების მოთხოვნებს, გამოწვევებსა და უფლებებს. თაკო ამბობს, რომ წლების განმავლობაში, როცა თბილისში რაიმე კონკრეტული მოთხოვნით იმართებოდა საპროტესტო აქცია, ხელისუფლება პროტესტს მუდმივად „აშავებდა“ და ცდილობდა, ისეთი რაკურსით წარმოედგინა, თითქოს მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აპროტესტებდნენ ან/და ითხოვდნენ რაიმეს.

„ყველასთვის ცხადია, რომ დღეს მივედით ისეთ მდგომარეობამდე, რომ კონკრეტული პარტიები კი არა, მოქალაქეები მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვდივართ ქუჩებში და ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას.

დღეს თბილისსა და რეგიონებში მიმდინარე პროტესტი გამოხატავს ხალხის ხმას, მოქალაქეების ხმას, რომლებსაც უბრალოდ უკეთეს ქვეყანაში სურთ ცხოვრება.

ჩვენ ქუჩაში ხმების მოსაპოვებლად კი არ ვდგავართ, არამედ ჩვენი და ჩვენი თანამოქალაქეების უფლებების და მთლიანად ქვეყნის დასაცავად.

ახალციხეში პროტესტი დიდი ხანია არ ყოფილა და ის, რომ უკვე 100 დღეზე მეტია, ყოველდღე ვდგავართ ქუჩაში, ნიშნავს მხოლოდ ერთს – ქვეყანაში არსებული პრობლემები ყველა მოქალაქეს გვეხება. ეს არ არის ცალკეული ჯგუფების გამოწვევა. ახლა თითოეული მოქალაქე საფრთხეში ვართ”, – ამბობს თაკო.

თაკო თუმანიშვილი, აქტივისტი. ფოტო/”სამხრეთის კარიბჭე”.

თაკოს ვკითხეთ, რა აძლევს მოტივაციას, ყოველ საღამოს შეუერთდეს საპროტესტო აქციებს უცვლელი მოთხოვნებისთვის.

„ვერ ვიტყვი, რომ ვახერხებთ, არ დავიღალოთ. ხშირად ვსაუბრობთ ამაზე მეც და ჩემი მეგობრებიც.

გულწრფელად მგონია, რომ ახლა ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე რთული დროა, დავიღალეთ ამდენი დაძაბულობით, დაგვიზიანდა როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობა, მაგრამ ყველაზე მთავარი, რითაც დავიღალეთ და ყელში ამოგვივიდა – ქვეყანაში მიმდინარე უსამართლობაა და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური დაღლა არაფერია იმასთან შედარებით, როცა უბრალოდ ყველაფერს გიზღუდავენ. შესაბამისად, ერთადერთი, რაც ახლა შეგვიძლია, ბრძოლაა და ზუსტად იმიტომ, რომ დავიღალეთ, მალე უნდა დავასრულოთ ეს ბრძოლა საქმის ბოლომდე მიყვანთ”, – გვითხრა მან.

როგორც აქტივისტი ამბობს, ირაკლი კობახიძის “სამარცხვინო” განცხადება 28 ნოემბერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების 2028 წლამდე შეჯერებასთან დაკავშირებით, “ბოლო წვეთი” აღმოჩნდა მოსახლეობისთვის და სწორედ ამას მოჰყვა უწყვეტი პროტესტის ორგანიზება ახალციხეში. იქამდეც გვქონდა პროტესტი, რუსულ კანონს ვაპროტესტებდით, თუმცა ყოველდღე არ ვმართავდით აქციებსო – გვითხრა თაკომ.

„კობახიძის განცხადების შემდეგ ახალციხეშიც დავიწყეთ გამოსვლები, თუმცა თავდაპირველად არ ქონია უწყვეტი ხასიათი და პერიოდულად ახალციხეში, შოთა რუსთაველის ძეგლის მიმდებარედ ვიკრიბებოდით, სხვა დღეებში კი თბილისში ვუერთდებოდით პროტესტს.

ამ დროის განმავლობაში მომხდარმა ძალადობამ აქტივისტებსა და ჟურნალისტებზე გვიბიძგა, ჩვენც უწყვეტ რეჟიმში გადაგვეყვანა აქციები და დღეს უკვე 112-ე დღეა რაც ყოველ დღე აქციაზე ვართ”, – ამბობს თაკო.

თაკო ფიქრობს, რომ ამ პროტესტის სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა “სპეციფიკა” აქვს. მისი თქმით, ახალციხის აქციის მონაწილეების მთავარი მიზანია მოქალაქეების ინერტულ ნაწილამდე პროტესტის ხმა მიიტანონ და აჩვენონ, რამდენად ჩიხშია ქვეყნის ევროპული მომავალი.

„ახალციხე, კომუნისტური რეჟიმიდან მოყოლებული, ყოველთვის „წყნარი“ და „დამყოლი“ ქალაქი იყო, ისევე როგორც რეგიონის დიდი ნაწილი. მოსახლეობა იშვიათად გამოხატავდა რამეზე პროტესტს და ამავდროულად ყოველი არჩევნების დროს, რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, ხელისუფლებაში არსებული პარტია იღებდა ყველაზე მეტ ხმას. ჩვენი მიზანია მოსახლეობამ დაინახოს, რომ ეს პროტესტი მათაც ეხებათ, რომ მხოლოდ თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში კი არ აწუხებთ ადამიანებს უსამართლობა, არამედ აქაც, მათ გვერდით, მათ მეზობლადაც იგივე უსამართლობაში უწევთ მოქალაქეებს ცხოვრება.

აქციაზე ახალციხეში, ერთი შეხედვით, ძალიან ცოტა ადამიანი ვდგავართ მუდმივად, ხანდახან ხუმრობით “ოცეულსაც” ვეძახით ხოლმე ჩვენს თავს, თუმცა დასაწყისში ასეულობით ადამიანი გამოვიდა, რაც ახალციხისთვის საკმაოდ დიდი მასშტაბი იყო. არ არის გასაკვირი, რომ ყოველდღიურ გამოსვლას ვერ ახერხებენ მოქალაქეები.

ამასთან, იყო დაშინებისა და მუქარის მცდელობებიც, განსაკუთრებით იმ ადამიანებზე, ვინც საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობდნენ.

იყო წნეხი და ზეწოლა სკოლის მოსწავლეებზეც, რომლებმაც საწყის ეტაპზე სკოლაშიც გამოხატეს პროტესტი. ჩვენი ერთი თანამოაზრე სამსახურიდან გამოუშვეს და არაერთი ადამიანისგან მოგვისმენია, როგორ ეუბნებიან „კეთილისმოსურნეები“, რომ აქციაზე გამოსვლით სამსახურს დაკარგავენ, თუმცა, რაც არ უნდა მოხდეს, ამ მოქალაქეების არც იდეები და არც დამოკიდებულებები არ იცვლება და ვერ შეუცვლიან დაშინებით ღირებულებებს.

ჩვენც კარგად ვიცით, რომ ჩვენთან ფიზიკური დგომით თუ მის გარეშე, ამ ადამიანებს რეალურად ადარდებთ ჩვენი ქვეყანა. დაშინებით, მუქარით თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვით ვერ შეგვიცვლიან აზროვნებას. ქუჩაში, ტაქსიში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში თუ შეკრების სხვა ადგილებში უამრავი ადამიანი გვეუბნება მადლობას ჩვენი სიმტკიცისთვის და იმას, რომ ისინიც იზიარებენ ჩვენს აზრს.

რა თქმა უნდა, არიან ადამიანები, ვინც ჩვენს მიმართ აგრესიით გამოირჩევა, მაგრამ ახალციხე ძალიან პატარა ქალაქია და ყველა ყველას იცნობს. იმ ადამიანების ძირითადი ნაწილი, ვინც გვლანძღავს, ან საჯარო მოხელეა, ან
იმ კომპანიების თანამშრომელი, რომლებიც სახელმწიფო შესყიდვებით სულდგმულობენ ან კიდევ ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები”, – გვიყვება თაკო თუმანიშვილი.

აქტივისტს იმაზეც ვკითხეთ, როგორ რეაგირებს ახალციხეში საპროტესტო შეკრებებზე ადგილობრივი პოლიცია:

„თავიდან ბევრად უფრო დაძაბულები იყვნენ და ყველა რაკურსიდან ფოტოებს გვიღებდნენ. მახსოვს, ერთხელ შენობის სახურავზე იყვნენ ასულები და დავინახეთ, რომ იქიდან იღებდნენ. გაგვეცინა, ძალიან კომიკურად ცდილობდნენ დამალვას.

ინტერაქციაში დიდად არ შემოდიან. იყო შემთხვევა, როცა აქციის შემდეგ რამდენიმე მონაწილეს უკან გამოგვყვნენ და რამდენიმე საათი იდგნენ ჩვენს სახლებთან თუ სამსახურებთან, მაგრამ ახლა განსაკუთრებული არაფერი. ყოველდღე რამდენიმე სურათს გადაიღებენ და უბრალოდ გვიყურებენ, მაგრამ თუ ვინმე მათთვის უცხო მოვიდა აქციაზე, მაშინ მრავლდებიან ხოლმე, რომ დაადგინონ ვინაა ეს „ახალი“, – გვითხრა მან.

მსახიობი და სამოქალაქო აქტივისტი დავით ჩილინგარაშვილი ახალციხის საპროტესტო აქციების კიდევ ერთი აქტიური მონაწილეა.

„აუცილებელია საქართველოს ყველა კუთხიდან რეჟიმის რყევა. ახალციხეში კიდევ უფრო დიდია რუსეთის გავლენა. აქ ბევრი ორმაგი მოქალაქე ცხოვრობს”, – ამბობს მსახიობი.

კითხვაზე, თუ როგორ ახერხებენ არ დაიღალონ უწყვეტი პროტესტით, დავითი ასე გვპასუხობს:

„დაღლა გონებაშიც არ გაგვივლია. რეჟიმის საპირწონედ სინდისის პატიმრები და მზია გვყავს. ჩვენი დაღლა დანებებას და მათ გაწირვას ნიშნავს”.

დავით ჩილინგარაშვილი, მსახიობი, სამოქალაქო აქტივისტი. ფოტო/ “სამხრეთის კარიბჭე”.

დავით ჩილინგარაშვილის თქმით, ძალიან ბევრი მოქალაქე დაშინებულია.

„ეს პატარა ქალაქია და ადვილია მოქალაქეების იდენტიფიცირება. ეშინიათ, ამას პირად საუბრებში გვიდასტურებენ.

ჩვენ ძირითადად დაგვცინიან სიმცირის გამო… პროტესტის უწყვეტობას დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ მინელდა პროტესტი, საერთაშორისო პარტნიორებიც შეწყვეტენ ჩვენს დახმარებას. წინ „მეგობარი აქტი“ გველოდება. ცეცხლი ოლიგარქიას!”, – გვითხრა საუბრის დასასრულ მსახიობმა ახალციხიდან.

თამუნა უჩიძე „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართულოს“ კოორდინატორია სამცხე-ჯავახეთში და ყოველ საღამოს უერთდება პროტესტს ახალციხეში. ის ამბობს, რომ პირველ რიგში თბილისში, ქუჩაში მდგომი ადამიანებისადმი სოლიდარობას გამოხატავენ და ცდილობენ, გაამხნეონ რეგიონიდან.

„ჩვენ ერთმანეთს ასე ვაძლებინებთ. თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და საქართველოს სხვა ქალაქებშიც უნდა იცოდნენ, რომ მათ თანამებრძოლები და თანამოაზრეები ჰყავთ სამცხე-ჯავახეთში, ახალციხეში. რომ ამ ბრძოლაში, მხოლოდ თბილისი, ან დიდი ქალაქები, არ არიან მარტო.

არ დავღლილვართ ჩვენი პროტესტით. დამღლელი ის უფროა, როცა ადამიანებს სახის ძვლებს უმტვრევენ, უკანონოდ აპატიმრებენ, აჯარიმებენ, სამსახურიდან უშვებენ, ევროპელ ლიდერებს აგინებენ, პუტინს ციტირებენ, შენ გაჩუმებენ, რომ თვითონ ხალხი ძარცვონ… და ამ დროს შენი ქალაქისთვის ჩვეულებრივი დილა თენდება, არაფერი ხდება, თითქოს სხვა ქვეყანაში ცხოვრობ და შენ არაფერი გეხება.

დამღლელი ტელევიზორთან და ტელეფონის სქროლვაში გათენებული ღამეები უფროა, ვიდრე ქუჩაში შენი სათქმელის გაჟღერება, მინიმუმ, ერთი საათის შენს თანამოაზრეებთან ერთად გატარება და იმის გააზრება, რომ ვიღაცისთვის, ვინც ვერ ბედავს შენს გვერდით დადგეს, ქალაქში შენი ბანერით დგომით, მისი იმედიც ხარ.

პირველი რუსული კანონის დროს, გაზაფხულის აქციებზე, თბილისში დავდიოდი. რთული იყო ამხელა გზაზე სიარული, 3 საათი სჭირდება ახალციხიდან თბილისში ჩასვლას და მერე უკან დაბრუნებისას კიდევ 3 საათი გზაში ხარ, მაგრამ ახალციხეში დაბრუნება უფრო მკლავდა, სადაც არაფერი ხდებოდა. აი, ლაშა ჩხვიმიანი რომ ჰყვებოდა ხოლმე დმანისის მდუმარებაზე, სულ მეგონა მე ვიყავი და ახალციხეზე ვლაპარაკობდი…

ჩვენი ლოზუნგია – „არა რუსულ რეჟიმს!“ ახლაც იმ აზრზე ვრჩებით, რომ უნდა წავიდეს არალეგიტიმური მთავრობა და გათავისუფლდნენ ივანიშვილის რუსული რეჟიმის ტყვეები. მხოლოდ ამ პირობებში წარმომიდგენია, მე პირადად, ახალი არჩევნების ჩატარება ლეგიტიმურად”, – გვითხრა თამუნა უჩიძემ.

თამუნა უჩიძე. ფოტო/”სამხრეთის კარიბჭე”.

თამუნას თქმით, ხშირია, როცა აქციის მონაწილეებს შეძახილებით, მანქანის სიგნალით ეხმიანებიან მოქალაქეები, რაც კარგად აჩვენებს მათ განწყობას:

„ძირითადად, დადებით ემოციებს გამოხატავენ. თუმცა, არიან ისეთებიც, ჩვენი მისამართით სალანძღავ სიტყვებს რომ იყენებენ.

ძალიან ბევრი ადამიანი პირად საუბრებში თანადგომას გვიცხადებს, მაგრამ ეშინიათ, რომ იქ დადგნენ. სულ რამდენიმე კაცი ვდგავართ და წარმოიდგინეთ, რამდენიმე ჩამოგვაცილეს, ვინც ჩვენთან ერთად დგომას ვეღარ ბედავს. არადა, ჩვენი მცირერიცხოვნობის გამო, თითქმის თავიდან მართლა ვერ წარმომედგინა, რომ ამ პროტესტს ადგილობრივი „რუსული ოცნებისთვის“ მნიშვნელობა ექნებოდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ვაწუხებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხალხის დაშინებით არ შეწუხდებოდნენ.

ერთია რეპრესიები და მეორეა – გამბედაობა. შესაძლოა, ვიღაცას სულ არავინ აშინებდეს, მაგრამ პროტესტის გამოხატვა მაინც ვერ გაბედოს. არ ვიცი როგორ ვთქვა, როგორ ავხსნა, ახალციხეში და ამ რეგიონში, პროტესტის კულტურა, პრაქტიკა არ გვაქვს.

6 წელია რაც „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კოორდინატორი ვარ რეგიონში და მანამდე 13 წელი „სამხრეთის კარიბჭეში“ ჟურნალისტად ვმუშაობდი. ამ წლების განმავლობაში, ყველა საპროტესტო აქციაზე, მხოლოდ 7-10 კაცი ვდგავართ. აი, მაგალითად, „ნაციონალების“ დროს ციხის კადრები რომ გავრცელდა, მაშინაც 7 კაცი ვიდექით შოთა რუსთაველის ძეგლთან. ის ადამიანები, რომლებიც ახლა, ჩვენ აქციაზე დგომის გამო გვაკრიტიკებენ, არც მაშინ მდგარან ჩვენს გვერდით, როცა მიშას ხელისუფლებას ვაპროტესტებდით”, – იხსენებს თამუნა უჩიძე.

ჩვენთან საუბრისას უჩიძე მზია ამაღლობელის უკანონო პატიმრობას ეხმიანება:

„ბევრი წლის წინ, როცა „სამხრეთის კარიბჭეში“ პატარამ და გამოუცდელმა მუშაობა დავიწყე, „ბათუმელები“ იყო ის მედია, რომლისთვისაც უნდა მიმებაძა. როგორიც უნდა ვყოფილიყავი. ვისი მაგალითებიც უნდა გამეთვალისწინებინა. დამოუკიდებელ რეგიონულ მედიას, თითქმის ყოველთვის ბევრი პრობლემა ჰქონდა და მზიას გმირობის ისტორიები მესმოდა სულ, როგორ მუშაობდა „ბათუმელებისთვის“, რას აკეთებდა დემოკრატიის და სიტყვის თავისუფლებისთვის. ბევრჯერ მიფიქრია ჩემთვის, რომ ასე მე თავს ალბათ ვერსდროს გადავდებდი.

ამიტომ, ალბათ, უფრო მზიას დაკავება მაძლებინებს ქუჩაში. ჩემთვის, როგორც პროფესიით ჟურნალისტისთვის, მზია ციხეში – ეს უკვე არის რუსეთი. ადამიანები რომ აცნობიერებდნენ, რომ მზიას დაცვით ქვეყანაში არა მხოლოდ სიტყვის თავისუფლებას, არამედ ნებისმიერი სხვა ფორმით გამოხატული უსამართლობისგან საკუთარ თავებსაც იცავენ, ალბათ უკლებლივ ყველა გამოვიდოდა ქუჩაში”. 

ჩვენთან საუბარს თამუნა უჩიძე ასე ასრულებს:

„მგონია, რომ ამ რუსულ რეჟიმსაც შევცვლით. მე ვერ ვიცხოვრებ რუსეთში და არც ქვეყნის დატოვებას ვაპირებ. ამიტომ, ბოლომდე ვიბრძოლებ ევროპული საქართველოსთვის“.

სამოქალაქო აქტივისტი ლაშა მამუკაშვილი ამბობს, რომ მისთვის მთავარი, რის გამო ყოველ საღამოს უერთდება პროტესტს ახალციხეში, ქვეყნის და შვილების მომავალია:

„როგორ შეიძლება ადამიანი დაიღალოს, როცა მისი ქვეყნის და შვილების მომავლისთვის იბრძვის?! – ეს ჩემთვის წარმოუდგენელია”, – ამბობს ლაშა მამუკაშვილი.

„არ შეიძლება მარტო თბილისში ისმოდეს პროტესტის ხმა მაშინ, როცა რეჟიმი მთელ საქართველოს მოედო მეტასტაზივით.

მიმაჩნია, რომ პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიშალოს და ყველა ქალაქი მოიცვას… ყველა ვთანხმდებით, რომ სინდისის პატიმრების მიტოვება ბედის ანაბარა, ეს ნიშნავს საერთო ღირებულებების, ბოდიშით და ფეხებზე დაკიდებას. არ შეიძლება არ გტკიოდეს, არ გაწუხებდეს იმ ხალხის ბედი, ვინც საკუთარი ქვეყნის სიყვარულის გამო ისჯება. მათი გათავისუფლება ამ ე.წ. ხელისუფლების გაშვების გარეშე წარმოუდგენელია.

ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ, გადადგეს ხელისუფლება, რათა საქართველომ შეძლოს და დაბრუნდეს ევროინტეგრაციის რელსებზე.

ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ ხალხმა, უფრო სწორედ ე.წ. “მდუმარე ადამიანებმა” დაინახონ ის საშინელი რეალობა, რაც დღეს საქართველოში გვაქვს. რომ დაძლიონ შიში და ყველამ ერთად გავაგონოთ ჩვენი ხმა ცივილიზებულ სამყაროს – ჩვენს ქვეყანას რუსებს ან სხვა ვინმეს არ დავუთმობთ”, – ამბობს ლაშა მამუკაშვილი.

ლაშა მამუკაშვილი

აქტივისტის თქმით, პირად საუბრებში არაერთი მოქალაქისგან სმენიათ, რომ მათ პროტესტს სრულიად იზიარებენ, მაგრამ სხვადასხვა მიზეზით თავს იკავებენ გავიდნენ და შეუერთდნენ პროტესტს ქუჩაში:

„დაშინების, ბულინგის, სამსახურის დაკარგვის და შევიწროვების შიშით ხმას ვერ იღებენ. ეს ძალიან დიდი პრობლემაა და სწორედ ამიტომ გვინდა, მათ ჩვენი უწყვეტი აქციებით როგორმე დავაძლევინოთ ეს შიში და მდუმარენის რიგებიდან აქტიურ მოქალაქეების რიგებს შემოურთდნენ.

დღეს საკითხი აღარ დგას ისე, რომ მე ამის გვერდით არ დავდგები და იმის გვერდით არ დავდგები. სხვათაშორის, ბევრი ამის გამო არ გამოდის აქციაზე. დღეს აღარ გვაქვს მაგის ფუფუნება რაიმე დავიწუნოთ. დღეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის საკითხი დგას: საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დააღწიოს თავი რუსულ იმპერიას და მის წიაღს, რათა შეუერთდეს იმ უდიდეს ცივილიზაციას და ყველაფერ კარგს, რასაც ევროკავშირი ქვია”, – გვითხრა საუბრის ბოლოს ლაშა მამუკაშვილმა.

მზია ამაღლობელის საქმის განხილვა სასამართლოში 8 მაისს გაგრძელდება

მზია ამაღლობელის საქმის არსებითი განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხვალ, 8 მაისს, 13:00 საათზე განახლდება.

ჯერ უცნობია, ვის დაკითხავენ ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე. ამ ეტაპზე პროკურატურის მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

შესაძლოა, ხვალინდელ პროცესზე ირაკლი დგებუაძე დაიკითხოს – ბათუმის პოლიციის უფროსი. ის დაზარალებულად არის ცნობილი „მზია ამაღლობელის საქმეში“. სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძემ გამოძიებას უთხრა, რომ მან ტკივილი განიცადა.

თავად ირაკლი დგებუაძის მიერ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს არაფერი არ დაუდგენია. ირაკლი დგებუაძეს მზია ამაღლობელი და პროევროპული აქციის მონაწილე სხვა პირები არაადამიანურ მოპყრობასა და ძალადობაში ადანაშაულებენ.

ირაკლი დგებუაძე სასამართლოში 28 აპრილის სხდომაზე უნდა დაეკითხათ. ირაკლი დგებუაძე სასამართლოში პოლიციელების თანხლებით მივიდა, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოესწრო – სასამართლო თითქმის 5 საათი აჭარის პოლიციის ყოფილი უფროსის – გრიგოლ ბესელიას ჩვენებას ისმენდა.

სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც ამხილეს სიცრუეში მზია ამაღლობელის ადვოკატებმა. მაგალითად, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს – 28 აპრილს მსგავსი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო იერსახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

გრიგოლ ბესელია ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიციის უფროსის მოადგილეა.

გრიგოლ ბესელიას ამ ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ – 2025 წლის 30 აპრილს პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება ერთხელ უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ამჯერად მზია ამაღლობელს სტიკერის გაკვრის გამო შსს ახალი მუხლით ედავებ. ამ საქმეზე მზია ამაღლობელი სასამართლოში დღეს, 7 მაისს დაიბარეს, თუმცა იმის გამო, რომ საქმის მასალები მზია ამაღლობელს დაგვიანებით ჩაბარდა, პროცესი გადაიდო.

ამ  ადმინისტრაციულ საქმეს მოსამართლე მარიანა ფომაევა 9 ივნისს განიხილავს.

  • რა ხდება?

მზია ამაღლობელი გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორია. იგი უკანონო პატიმრობაშია და პროტესტის ნიშნად 38 დღე შიმშილობდა. მზია ამაღლობელი რომ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ისჯება, ამას რამდენიმე გარემოება ნათლად აჩვენებს, მაგალითად, გაყალბებული ოქმი, რომლის საფუძველზეც მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდეს.

უფლებადამცველების და კვალიფიციური იურისტების შეფასებით, მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია, რადგან ბრალდება უკანონოა და სილის გაწვნა არათუ თავდასხმა არ არის, არამედ საერთოდ არ არის სისხლის სამართლის დანაშაული.

მზია ამაღლობელის საქმეს სანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. მას შემდეგ, რაც ნინო სახელაშვილმა გაყალბებული დოკუმენტის საფუძველზე მზია ამაღლობელს პატიმრობა შეუფარდა, სახელაშვილი, რომელიც გამოსაცდელი ვადით იყო დანიშნული, მოსამართლედ უვადოდ გაამწესეს. ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენს, სავარაუდოდ, მოსამართლე ნინო სახელაშვილი მიიღებს.

მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მტკიცებულებების დიდი ნაწილი კი, ამ საქმიდან  მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა ამორიცხა.

„მზია ამაღლობელი არამხოლოდ რჩება უკანონო პატიმრობაში, არამედ მას ქართულმა მართლმსაჯულებამ დემონსტრაციულად ჩამოართვა უფლება დაიცვას თავი და ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა“, – ნათქვამია მზია ამაღლობელის უფლებადამცველების განცხადებაში. მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავენ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, იურიდიული ფირმა BLB და მისი უფროსი პარტნიორი, მაია მწარიაშვილი; ადვოკატები – რაჟდენ ხიმშიაშვილი და კახა წერეთელი.

2025 წლის 18 მარტს მზია ამაღლობელი ადმინისტრაციულ საქმეზე მოსამართლე სალიხ შაინიძემ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. ამ საქმეზე მოსამართლემ უარი თქვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, გრიგოლ ბესელიას [გრიგოლ ბესელიამ აჭარის პოლიციის უფროსის პოსტი 2025 წლის 4 აპრილს დატოვა] და ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვაზე იმ არგუმენტით, რომ სადავო არაა ის, რაც დაცვის მხარის მიერ სასამართლოში წარდგენილ ვიდეო ჩანაწერებში ჩანს.

საუბარია ვიდეოზე, სადაც ჩანს, რომ მზია ამაღლობელს უშუალოდ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, გრიგოლ ბესელია აკავებს, დაკავების ოქმის მიხედვით კი, მზია ამაღლობელი სხვა პოლიციელმა – გოჩა ვანაძემ დააკავა. მოსამართლემ უდავოდ მიიჩნია ასევე ვიდეო, სადაც ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის ხმა ისმის, მზია ამაღლობელი ასკ-ის 150-ე მუხლის გამო დავაკავეთო. გაყალბებულ ოქმში წერია, რომ მზია ამაღლობელი ასკ-ის 173-ე მუხლის საფუძველზე დააკავეს და თითქოს მზია ამაღლობელი პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა.

ამ სიყალბის მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად ცნო.  ეს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით უკვე გასაჩივრდა.

მზია ამაღლობელის ადვოკატებმა უკვე მიმართეს ევროსასამართლოს.

ამ თემაზე:

რა შანსი აქვს მზია ამაღლობელის საქმეს სტრასბურგში – ინტერვიუ ევროსასამართლოს ექსმოსამართლესთან

ქალის სილისგან ახალგაზრდა კაცი არც დავარდნილა, თავდასხმა კი უნდა იყოს სახიფათო – ინტერვიუ იურისტთან

„მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] დარღვევას,“ – მიიჩნევს სისხლის სამართლის ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი. მას „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ვკითხეთ: არის ჟურნალისტი უკანონო პატიმარი?

იურისტი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმის კვალიფიკაციაზე და განმარტავს, რომ თავდასხმა „ხიფათის შემცველი“ უნდა იყოს.

„მარტო განცხადება, რომ სილა გამარტყა და ტკივილი განვიცადე, მერე ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი, ეს ძალიან დიდი უსამართლობაა… კონკრეტულ შემთხვევაში, ქალის მიერ ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცისთვის სილის გარტყმას არ მოჰყოლია დავარდნა, სხეულის დაზიანება ან სხვა შედეგი.

დიდი ალბათობით, ამ შემთხვევაში პოლიციელი განიცდიდა მხოლოდ მორალურ უსიამოვნებას. სილის გაწვნით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გარე დამკვირვებლისთვის არ და ვერ იქნება გასაგები, თუ რა ზიანი მიადგა მმართველობის წესს, პოლიციელის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას,“ – გვითხრა არჩილ ჩოფიკაშვილმა.

ადვოკატი ასაბუთებს, რატომ არის უკანონო მზია ამაღლობელის პატიმრობა – „ბათუმელებმა“ არაერთი გახმაურებული სისხლის სამართლის ადვოკატთან, არჩილ ჩოფიკაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ბატონო არჩილ, ეთანხმებით შეფასებას, რომ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმარია? თუ ეთანხმებით, როგორია თქვენი არგუმენტი? 

მე რა ინფორმაციაზეც მიმიწვდება ხელი, შეიძლება ვთქვათ, რომ არ არის წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თუნდაც ბრალდების კანონიერების და დასაბუთებულობის პირობებში მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ გამოეყენებინა ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა ქალისთვის ერთი ეპიზოდური ქმედების გამო, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს. ეს ფაქტი სადავო არ არის.

ამ საქმეში სადავოა მხოლოდ შეფასებები. ევროკონვენციის მე-5 მუხლის [თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება] და ევროსასამართლოს დადგენილი პრაქტიკის, ასევე ჩვენი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით კი, პატიმრობა გამოიყენება მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, თუ სხვა აღკვეთის ღონისძიება, მაგალითად, გირაო, ვერ უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნებს:

მაგალითად, გამოძიებას ხელი არ უნდა შეეშალოს და არ უნდა განადგურდეს მტკიცებულებები, ბრალდებული არ უნდა მიემალოს გამოძიებას და არ გააგრძელოს დანაშაულებრივი საქმიანობა. სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციით კი, არ არის ისეთი გარემოება, რაც დაადასტურებს, რომ გამოძიებას ხელი შეეშლება, ან მოწმეებზე ზემოქმედება მოხდება. ასეთ საქმეში მოწმეები რას იტყვიან მეორეხარისხოვანია, როცა არსებობს ვიდეოჩანაწერები, რომელსაც ვერავინ შეცვლის. ეს ფაქტობრივი გარემოებები ვიდეოკადრზეა აღწერილი და ეს საფრთხე არ არსებობს.

მიმალვის საფრთხეს რაც შეეხება: მზია ამაღლობელი დაახლოებით 50 წლისაა და მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება ეწევა ჟურნალისტურ საქმიანობას. ის არათუ ძალადობრივი დანაშაულისთვის ნასამართლევი არ ყოფილა, სამართალდარღვევაც კი არ ჰქონია.

მიმალვის საფრთხე რომც არსებობდეს, დღევანდელ პირობებში ძალიან ბევრი მექანიზმი არსებობს ამ საფრთხის ნიველირებისთვის, მაგალითად, პასპორტის მოქმედების შეჩერება. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს ბევრ დამატებით მექანიზმს იმისთვის, თუ თეორიული საფრთხე არსებობს, ამის ნიველირება მოსამართლემ შეძლოს.

  • მზია ამაღლობელს პატიმრობა გაყალბებული ოქმის საფუძველზე შეუფარდეს – მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სასამართლოს არ ჰქონდა დადგენილი, როცა სისხლის სამართლის მოსამართლე ადმინისტრაციულ საქმეს დაეყრდნო ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდების დროს. ეს რას აჩვენებს თქვენთვის? 

ევროსასამართლოს ნათქვამი აქვს, რომ დაპატიმრებისთვის საკმარისი არ არის მხოლოდ ბრალდების სიმძიმე, მათ შორის, როცა ბრალდება არსებობს ორგანიზებულ დანაშაულებზე – შეკვეთილ მკვლელობებზეც კი, აქვს მსგავსი განმარტება ევროსასამართლოს.

პოლიციელზე თავდასხმა 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ევროსასამართლო განმარტავს, რომ მოსალოდნელი სასჯელის შიში არაა საკმარისი საფუძველი იმისთვის, კაცი ციხეში ჩასვა. ამას სჭირდება შესაბამისი დასაბუთება, რაც ჩვენ არ მოგვისმენია.

ჩემი შეფასებით, „მზია ამაღლობელის საქმეზე“  კვალიფიკაცია არ არის დამაჯერებელი, მით უმეტეს, პატიმრობის გამოყენება არის აბსოლუტურად დაუსაბუთებელი. ევროსასამართლო დიდი ალბათობით ამ საქმეზე დაადგენს ევროკონვენციის მე-5 მუხლის დარღვევას.

  • მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. თქვენ კვალიფიკაცია ახსენეთ. რატომ მიგაჩნიათ, რომ ის დაუსაბუთებელია? 

სისხლის სამართლის ავტორიტეტული კომენტარების და ზოგადი ანალიზითაც, 353-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულმა დანაშაულმა უნდა ხელყოს მმართველობის დადგენილი წესი [თავი XL დანაშაული მმართველობის წესის წინააღმდეგ], დამატებით კი, პოლიციელის ჯანმრთელობა, სიცოცხლე ან საკუთრება. ანუ დანაშაულის ძირითადი ობიექტია – მმართველობის წესი.

ქალის მიერ ჯანმრთელი, ახალგაზრდა კაცისთვის სილის გარტყმას არ მოჰყოლია მისი დავარდნა, სხეულის დაზიანება ან სხვა შედეგი.

დიდი ალბათობით,  ამ შემთხვევაში პოლიციელი განიცდიდა მხოლოდ მორალურ უსიამოვნებას. სილის გაწვნით, საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, გარე დამკვირვებლისთვის არ და ვერ იქნება გასაგები, თუ რა ზიანი მიადგა მმართველობის წესს, პოლიციელის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს ან საკუთრებას.

თუნდაც გარეგნულად ეს ჰგავდეს დანაშაულს, სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულს არ წარმოადგენს ისეთი ქმედება, რომელიც, შესაძლოა ფორმალურად შეიცავს კოდექსით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი, რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, ან არ შეუქმნია ასეთი ზიანის საფრთხე.

ჩემთვის ცნობილი ფაქტების გათვალისწინებით, დანაშაულად არ შეიძლება შეფასდეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის მიერ ჩადენილი ქმედება.

  • პოლიციელმა დგებუაძემ თქვა, რომ სილის გაწვნის დროს ტკივილი განიცადა. როგორ უნდა დადასტურდეს ეს? 

სუბიექტურია  ტკივილის განცდა. შეიძლება განიცადა, შეიძლება – არ განიცადა.

ასე რომ, ტკივილი ობიექტურად უნდა შეფასდეს სამედიცინო დასკვნით: აისახა რამე დაზიანება თუ არა, ასევე, ეს ტკივილი რამეში გამოიხატა თუ არა? მარტო განცხადება, რომ სილა გამარტყა და ტკივილი განვიცადე და მერე ამის გამო ციხეში ჩასვა ადამიანი, ეს არის ძალიან დიდი უსამართლობა.

  • თუმცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სილის გაწვნის შედეგად ირაკლი დგებუაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ დაზიანებულა. 

დიახ, ეს არის მნიშვნელოვანი.

თავდასხმად რომ შეფასდეს ქმედება, პოლიციელს უნდა მიადგეს ზიანი, თავდასხმა უნდა იყოს რეალური და სახიფათო, ეს ქმედება უნდა იყოს ხიფათის შემცველი და არა ის, რომ სილა გააწნა.

მოვისმინე სხვა იურისტების ნაწილის შეფასებაც, რომ ეს ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში. მე იმავეს ვერ ვიტყოდი. ზოგადი პრინციპია სამართალში, რომ შენი ხელების ქნევის თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც ჩემი სახე იწყება.

  • ერთ-ერთ ვიდეოჩანაწერში ისმის „დაზარალებული“ დგებუაძის ხმა, მზია ამაღლობელი სტიკერის გაკვრის გამო 150-ე მუხლით რომ დააკავა. ეს მუხლი დაკავებას საერთოდ არ ითვალისწინებს, ამავე დროს, მოქალაქეებზე ძალადობს პოლიცია, როცა ისინი გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებენ. 

გასაგებია, მაგრამ როცა პოლიციელი ძალადობს მოქალაქეებზე, არსებობს რეაგირების შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმები, გენინსპექცია და ასე შემდეგ.

ვერ გეტყვით, როგორ უნდა შეფასდეს ეს ქმედება [სილის გაწვნა], მაგრამ ეს არ არის პოლიციელზე თავდასხმა. ეს ბრალდება ძალიან დაუსაბუთებლად გამოიყურება. მით უმეტეს, როცა სისხლის სამართალში ერთი მტკიცებულება არ არის საკმარისი გამამტყუნებელი გადაწყვეტილების მისაღებად. ირაკლი დგებუაძე რომ ამბობს მეტკინაო, ეს უნდა დასტურდებოდეს რაღაცით. ეს ვიდეოკადრებით ვერ დადგინდება.

მე არ ვიცნობ საქმის დეტალებს. შეიძლება, პატარა ნიუანსი იყოს და სურათს ცვლიდეს, მაგრამ არა მგონია, რაღაც განსაკუთრებული იყოს, რომელიც ძირითად შეფასებას შემიცვლიდა.

  • რაც შეეხება საქმის განმხილველ მოსამართლეს – ნინო სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს და დასანქცირებულია „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მანამდე მიღებული გადაწყვეტილების გამო. ეს რამდენად არის პრობლემა? 

მეც მქონდა ამ მოსამართლესთან პროცესი და როცა განაჩენი გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, ჩავწერეთ, რომ ეს არის კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევაა, როცა მოსამართლეს არ აქვს ჩაბარებული გამოცდა სისხლის სამართლის კვალიფიკაციით, რა კატეგორიის საქმესაც განიხილავს.

ეს არათუ უსამართლოა, აბსურდია. თუ ეს მოსამართლე მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას „მზია ამაღლობელის საქმეზე“, ეს იქნება დიდი ალბათობით კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა.

ამ თემაზე:

მზია ამაღლობელის სილა იყო სასოწარკვეთა, როცა ვერ ერევი უსამართლობას – შალვა შავგულიძე

ჩაუბარებელ კორპუსებზე არც მშენებელი და არც მერია პასუხს არ აგებს – ეს მესაკუთრის პრობლემა იქნება

მერია ბათუმში ასობით ჩაუბარებელ კორპუსზე პასუხისმგებლობას იხსნის. პასუხისმგებლობას იხსნიან ამ კორპუსების მშენებელი კომპანიებიც, რადგან მათგან უმეტესობამ ბინები ჯერ კიდევ მშენებლობის საწყის ეტაპზე გაყიდა.

მსგავს კორპუსებში თუ რამე პრობლემა გაჩნდება, მერიაში მოქალაქეებს პასუხობენ, რომ კერძო ტერიტორიის პრობლემებს ვერ განიხილავენ და მოქალაქეებს მშენებელ კომპანიასთან ამისამართებენ.

ბათუმში იპოვით ისეთ კორპუსებსაც, სადაც მესაკუთრეები უკვე წლებია ცხოვრობენ, თუმცა დღემდე კომპანიის ანგარიშზე იხდიან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის გადასახადს. არიან მესაკუთრეები, რომლებიც შესყიდულ ბინებში შესახლდნენ, თუმცა ვერ ირეგისტრირებენ მას, რადგან ბინა მშენებელს იპოთეკით აქვს დატვირთული.

„ბათუმელები“ სხვადასხვა დროს კონკრეტულ შემთხვევებზე წერდა, როცა მშენებლებმა ბინების გაყიდვის შემდეგ კორპუსებში მოსაპირკეთებელი სამუშაოებიც კი არ დაასრულეს.

ასეულობით კორპუსს შორის, რომლებიც უკვე წლებია ჩაუბარებელია, არის ისეთები, რომლებიც მშენებლებმა სანებართვო პირობების დარღვევით ააშენეს. მაგალითად, 8-სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა ჰქონდათ და ათი ააშენეს.

პირველ სართულზე პარკინგის მოწყობის ვალდებულება ჰქონდათ და კომერციული ფართობი მოაწყვეს და ასე შემდეგ. ცვლილება შეეხო ისეთ შემთხვევებსაც, როცა დარღვეულია ფუნქციური ზონირების წესით დადგენილი ნორმა. მაგალითად, სარეკრეაციო ზონაში აშენებულია ზონისთვის დაუშვებელი ფუნქციის მქონე შენობა…

სწორედ ამ კორპუსების ჩაბარების, ანუ ექსპლუატაციაში მიღების აუცილებლობით ხსნიდნენ სამშენებლო ამნისტიის აუცილებლობას 2022 წელს დეპუტატები აჭარიდან, რომლებმაც პარლამენტში სამშენებლო ამნისტიის ინიციატივა წარადგინეს.

მათ მიერ ინიციირებული პროექტით საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში დაემატა 141/7 მუხლი, რაც სანებართვო პირობების დარღვევით მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესის დამტკიცებასაც გულისხმობდა.

ამ წესის მიხედვით, მშენებლობის ზედამხედველობის ორგანო, როგორიც არის, მაგალითად, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია, უფლებამოსილია ექსპლუატაციაში მიიღოს [ჩაიბაროს] შენობა, რომელიც ნებართვით, თუმცა შეთანხმებული პროექტის დარღვევით აშენდა.

მუნიციპალური ინსპექცია ბათუმის მერიის იმ უწყებებს შორის არის, რომლებიც მედიის კითხვებს აღარ პასუხობენ. ამიტომაც დეტალებს ვერ ვაზუსტებთ, თუმცა იმ ციფრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რასაც პერიოდულად თავად აქვეყნებენ სამშენებლო ამნისტიას მშენებელ კომპანიებში დიდი ინტერესი არ გამოუწვევია.

ბათუმში სამშენებლო ამნისტიის გამოცხადებას პარლამენტმა 2023 წლის მაისში დაუჭირა მხარი.

ინსპექციის ინფორმაციით, რაც ფეისბუქის გვერდზე აქვს გამოქვეყნებული, 2024 წელს ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 63 განაცხადით მიმართეს კომპანიებმა. აქედან ექსპლუატაციაში მიღებულია 16 ობიექტი, უარი ეთქვა – 30-ს. ამნისტიის წესით კი, ექსპლუატაციაში მხოლოდ 7 ობიექტი მიიღეს.

2023 წელს გამოქვეყნებულ მონაცემებში კი, ინსპექცია ამნისტიის პირობებში ექსპლუატაციაში მიღებულ შენობებზე ინფორმაციას ცალკე არ გამოყოფს და წერს, რომ ექსპლუატაციაში მიღების მოთხოვნით 66 ობიექტის განაცხადი შევიდა, მათგან ექსპლუატაციაში მიიღეს 10 ობიექტი, 32 განუხილველად დარჩა, 24 ობიექტს ექსპლუატაციაზე უარი ეთქვა.

ვინ ისარგებლა ამნისტიის პროექტით? – ამ ინფორმაციას მერია არ გასცემს, არც მისამართებს ასახელებს. 2024 წლის ოქტომბერში „ბათუმელებმა“ გამოითხოვა იმ კომპანიებისა და ფიზიკური პირების ჩამონათვალი, რომლებმაც მერიას შენობის დაკანონების მოთხოვნით მიმართეს, მერიამ ეს ინფორმაცია არ მოგვაწოდა.

„არსებული კანონმდებლობა არცერთ კონტექსტში არ იცავს მოქალაქეს, რადგან რეალურად კანონი აძლევს უფლებას მშენებელს, რომ სრულად გაყიდოს ქონება, რაც გააჩნია და გაყიდვის შემდეგ დღის წესრიგში არ დგება მესაკუთრის პასუხისმგებლობა.

იყო შემთხვევები, როცა ერთობლივი საჩივარი მომზადდა, დაჯარიმდა კომპანია ან დაიჭირეს მშენებელი კომპანიის წარმომადგენელი, მაგრამ მოქალაქეები ისევ ჰაერში დარჩნენ, ისევ იმ პრობლემების წინაშე, რაც ამ ჩაუბარებელ კორპუსებს ახლავს“, – განმარტავს „ურბანული განვითარების ინსტიტუტის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი „ბათუმელებთან“ .

„ურბანული განვითარების ინსტიტუტი“ იყო მათ შორის, რომელმაც თავისი შენიშვნები წარუდგინა საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს უკანონო მშენებლობების შესახებ ამნისტიის პროექტის დამტკიცებამდე. შენიშვნები ჰქონდა „სითი ინსტიტუტი საქართველოსაც“ – კომპანიას, რომელიც ბათუმის გენგეგმაზე მუშაობს.

იმ შედეგების მიხედვით, რასაც ამნისტიის პროექტთან დაკავშირებით ინსპექცია ავრცელებს, გამოდის, რომ პრობლემა დღის წესრიგში დარჩა, დღის წესრიგში დარჩა ის რისკებიც, რაზეც სპეციალისტების ამ ცვლილების მიღების შემთხვევაში პროგნოზირებდნენ.

„ვითხოვთ გარდაცვლილი პატიმრის საქმის დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელ გამოძიებას“ – სოლიდარობის თემი

გლდანის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ მრავლობითი დაზიანებებით შეყვანილი, 46 წლის პატიმარ იოსებ გორგაძის გარდაცვალებას ორგანიზაცია „სოლიდარობის თემი“ ეხმაურება და საქმის სწრაფ გამოძიებას ითხოვს.

„ბათუმელები“ სოლიდარობის თემის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რაც ძირითადად ეფუძნება გორგაძის ადვოკატისა და მისი ახლობლების მონათხრობებს, იოსებ გორგაძე გლდანის მე-8 დაწესებულებაში 2024 წლის ოქტომბერში მომხდარი ავარიის შემდეგ მოათავსეს – ავარიას 4 ადამიანი ემსხვერპლა. მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ხოლო საქმეზე განაჩენი გამოტანილი არ იყო და სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობდა.

იოსებ გორგაძე საავადმყოფოში გადაიყვანეს 2025 წლის 23 იანვარს, თუმცა ამის შესახებ არც ოჯახისთვის და არც ადვოკატისთვის ციხის ადმინისტრაციას არ შეუტყობინებია. გორგაძის მდგომარეობის თაობაზე ადვოკატისთვის ცნობილი გახდა მხოლოდ თანამესაკნის მიერ მისთვის დარეკვისა და მდგომარეობის მოკითხვის შემდეგ. საზოგადოებისთვის კი მომხდარი ფაქტი ცნობილი გახდა 29 იანვარს, როდესაც გლდანის სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებასთან პატიმარ იოსებ გორგაძის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ და ციხის ადმინისტრაციასთან შეხვედრა მოითხოვეს.

პატიმარი 23 იანვარს ვივამედში შეიყვანეს მრავლობითი ფიზიკური დაზიანებებით – ინტერნეტში ვრცელდება პაციენტის „ფორმა 100“ და ასევე ზურაბ ჩხაიძის განცხადებაც ამას ადასტურებს.

კონკრეტულად „ფორმა 100“-ში მითითებულია, რომ იოსებ გორგაძეს აღენიშნებოდა: ტვინის შერყევა, ტრავმული სუბდურალური ჰემატომა, თვალისა და ორბიტის [თვალბუდის] სხვა ტრავმები, თავის ქალას მოტეხილობა, სახის ძვლების მოტეხილობა, თავის ქალასა და სახის ძვლების განუსაზღვრელი მოტეხილობა, თავის დაზიანება, სისხლდენა ან ჰემატომა, სამედიცინო მანიპულაციის სხვა გართულებები, კომა, ანოქსიური ტვინის დაზიანება და სხვა.

დოკუმენტში ასევე წერია, რომ პაციენტი იქნა ნანახი პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიერ საკანში იატაკზე მწოლიარე მდგომარეობაში, კონტაქტში არ შედიოდა.

პენიტენციური 5 მაისის განცხადებაში ადასტურებს, რომ საკანში ანდა სხვაგან პატიმრებთან ჩხუბი არ მომხდარა, რასაც შეეძლო ეს დაზიანებები გამოეწვია. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავუშვათ, რომ ციხის პირობებში ანუ სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ მიიღო გორგაძემ ეს მძიმე დაზიანებები. შესაბამისად პატიმრის სიცოცხლის ხელყოფაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება პენიტენციურ დაწესებულებას.

მიუხედავად ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა მომხდართან დაკავშირებით გამოძიება აშკარად არასათანადოდ მიმდინარეობს.

  • პირველი, რომ მომხდარიდან დაახლოებით ერთი კვირის განმავლობაში იოსებ გორგაძის მდგომარეობის შესახებ არავისთვის იყო ცნობილი, მაშინ როდესაც დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო მიუკერძოებელი და სრულყოფილი გამოძიება. ამ პერიოდში დახურულ დაწესებულებაში უფრო მეტი რისკია მტკიცებულებების განადგურების.
  • მეორე, თავიდანვე სავარაუდო იყო, რომ ამ საქმეში არასათანადო მოპყრობას ჰქონდა ადგილი და საეჭვოა, რატომ არ დაიწყო საკითხის გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა და რატომ დაიწყო იუსტიციის საგამოძიებო ორგანომ, რომელსაც ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები ანუ ის სივრცე რომლის კონტროლის ქვეშ განხორციელდა სავარაუდოდ ძალადობა.

5 მაისის განცხადებით უკვე ჩაერთო სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა რა ფორმით და რამდენად ეფექტიანად ეს ბუნდოვანია.

გარდა ამისა, გორგაძის ადვოკატის განცხადებით გამოძიება მიმდინარეობს დაახლოებით 4 თვეა, მაგრამ რაიმე სახის შედეგი არ დამდგარა – არც სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაუწყიათ. პირიქით, გამოძიებას აქვს ის ვერსია, რომ სავარაუდოდ, იოსებ გორგოძე წაიქცა და ისე მიიღო ეს დაზიანებები, რაც კიდევ უფრო მეტ ეჭვს აჩენს და გამორიცხავს დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას. იოსებ გორგოძეს ჰქონდა თავის და სახის მიდამოებში დაახლოებით 30-ზე მეტი დაზიანება. ცხადია დიდი ეჭვს იწვევს თუ როგორ მიიღო ადამიანმა სიცოცხლისთვის საშიში მრავლობითი დაზიანებები ერთი წაქცევით.

6 მაისს იუსტიციის სამინისტრომ გამოაქვეყნა დამონტაჟებული ვიდე-ჩანაწერი, სადაც ჩანს გარდაცვლილი იოსებ გორგაძე და მისი საკნის მიმდებარე ტერიტორია. მათივე განცხადებით არსებული ვიდეო მასალა საკმაოდ მოცულობითია და ასაჯაროებენ მხოლოდ მნიშვნელოვან გარემოებებთან დაკავშირებულ კადრებს. გარდაცვლილი პატიმრის, იოსებ გორგაძის ადვოკატი, მუხრან ღურწკაია მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ითხოვს, სამინისტრომ გაასაჯაროოს მინიმუმ 22 და 23 იანვარს განვითარებული მოვლენების უწყვეტი მასალა.

ის ამბობს, რომ ის ნაწილიც კი, რაც გაასაჯაროვეს, ვერ ადასტურებს პენიტენციური სამსახურის ვერსიას, თითქოს გორგაძე არ გამხდარა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი ციხეში და კლინიკაში სავარაუდო ინსულტის დიაგნოზით გადაიყვანეს. ამავე ვიდეოკადრების თანდართულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეზე გამოძიებას იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის აღმოსავლეთის საგამოძიებო სამმართველო აწარმოებს.

ზემოაღნიშნული გარემოებები აჩენს ეჭვს საგამოძიებო ორგანოები რამდენად არიან მიზანმიმართული დამნაშავეების აღმოჩენისა და პასუხისმგებლობაში მიცემისკენ. ასევე, ხელს ხომ არ უშლიან საქმის რეალურ გამოძიებასა და ხელს უწყობენ მტკიცებულებების განადგურებაში.

სოლიდარობის თემი ითხოვს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებას, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო ორგანოების მხრიდან, რათა სრულად გამოიკვეთოს პასუხისმგებელი პირები შესაბამისი სამართლებრივი რეაგირებისთვის,“ – ნათქვამია „სოლიდარობის თემის“ განცხადებაში.

სოლიდარობის თემი არის ორგანიზაცია, რომლის მიზანია აჭარის შესახებ ცნობადობის ზრდა, კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენა, სოციალური და სამოქალაქო ჩართულობის გაძლიერება, მუსლიმი თემის თვითორგანიზების მხარდაჭერა და სოლიდარობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა.

ორგანიზაცია ორიენტირებულია სოლიდარული, სამართლიანი და ინკლუზიური სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისაკენ, სადაც ყველა სოციალური ჯგუფის წარმომადგენელს შეეძლება საკუთარი უფლების დაცვა, ღირსეული და უსაფრთხო ცხოვრება.

ამავე თემაზე: რა (არ) ჩანს პენიტენციურის მიერ გავრცელებულ კადრებში | იოსებ გორგაძის საქმე

 

რიჟვაძე „ოცნების“ პოლიტსაბჭოში აღარაა – იგი თამაზაშვილით ჩაანაცვლეს

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე, რომელიც დღეს, 7 მაისს გაიმართა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობა განაახლეს.

თორნიკე რიჟვაძე, რომელიც 6 წლის განმავლობაში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე იყო, ხოლო ,,ოცნების” პოლიტსაბჭოს 2021 წლის იანვარში შეუერთდა, სულხან თამაზაშვილით ჩაანაცვლეს.

სულხან თამაზაშვილი აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარეა. მან თორნიკე რიჟვაძე შეცვალა ამ პოსტზე, რომელმაც თანამდებობა 4 აპრილს ფეისბუქზე დაწერილი სტატუსით დატოვა.

დღესვე „ქართული ოცნების“ ყრილობაზე მმართველი პარტიის ახალ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძე აირჩიეს.

დღევანდელ ყრილობაზე, რომელიც 18 წუთს გაგრძელდა და სიტყვით მხოლოდ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე და პარტიის ახალი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე გამოვიდნენ, ასევე აირჩიეს პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობა.

,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობაში შედიან:

  1. ბიძინა ივანიშვილი
  2. ირაკლი კობახიძე
  3. კახა კალაძე
  4. შალვა პაპუაშვილი
  5. მამუკა მდინარაძე
  6. გია ვოლსკი
  7. თეა წულუკიანი
  8. ვახტანგ გომელაური
  9. ირაკლი ჩიქოვანი
  10. მაკა ბოჭორიშვილი
  11. ნიკოლოზ სამხარაძე
  12. მარიამ ქვრივიშვილი
  13. დიმიტრი სამხარაძე
  14. სულხან თამაზაშვილი
  15. ნინო წილოსანი

მზია ამაღლობელმა კობახიძის, მდინარაძის და სუბარის წინააღმდეგ სასამართლოს მიმართა

მზია ამაღლობელმა დღეს, 7 მაისს, სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ.

მოსარჩელე სარჩელით ითხოვს ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის მიერ სხვადასხვა დროს  სხვადასხვა მედია-საშუალებებში მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული განცხადებების ცილისწამებად მიჩნევას და იმავე საშუალებით აღნიშნული განცხადების უარყოფას.

მზია ამაღლობელი პირველად 11 იანვარს დააკავეს, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის წინ მდებარე დამხმარე ნაგებობაზე სტიკერის გაკვრისათვის. მეორედ კი 12 იანვარს დააკავეს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო და უკვე 4 თვეა წინასწარ პატიმრობაშია.

ირაკლი კობახიძემ, სოზარ სუბარმა და მამუკა მდინარაძემ სახელისუფლებო არხებზე გამოსვლისას არაერთგზის გაავრცელეს ცილისმწამებლური ინფორმაცია, რომ „თითქოს მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა პოლიციელს ზურგზე“. სინამდვილეში მზია ამაღლობელმა სტიკერი გააკრა დამხმარე ნაგებობის კედელზე და არსებობს ამის დამადასტურებელი უწყვეტი კადრები.

  • რა წერია სარჩელში

მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს სასამართლოს მიერ მიჩნეული 2025 წლის 29 იანვარს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება და დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით:

„ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი…“ – თქვა “იმედის” ეთერში ირაკლი კობახიძემ.

მოსარჩელე მზია ამაღლობელი ასევე ითხოვს, ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 16 აპრილს, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, „ღამის კურიერი“-ში, ირაკლი კობახიძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:

„უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“.

მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს ირაკლი კობახიძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა.   

მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 3 თებერვალს, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის დროს, მამუკა მდინარაძის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:

„გმირად ნუ გამოვიყვანთ ქალბატონს, რომელიც კონკრეტული დავალებით მოქმედებდა. ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ჯერ „სტიკერი“ დააკრა პოლიციელს – ამ დავალების შინაარსი და შედეგი უნდა იყოს ის, რომ რაც შეიძლება რეპუტაცია შეელახოს სახელმწიფო ინსტიტუტებს, პოლიციას. პოლიციის უფროსთან მივიდა 1 თუ 2 საათის გამოშვებული მზია ამაღლობელი და ჯერ ქურთუკით დააკავა, რომ კარგად შემოერტყა და შემდეგ შემოარტყა. პოლიციელს გაარტყა სილა, დემონსტრაციულად, კამერების თანდასწრებით. ეს გააკეთა ერთადერთი მიზნით, რომ შეილახოს პოლიციისა და პოლიციელის რეპუტაცია. სპეციალურად ამიტომ დაარტყა პოლიციის უფროსს ხელი და ამოარჩია ეს ადამიანი. ეს არის ტრენინგებზე ნასწავლი ამბავი. ამას ტრენინგებზე ასწავლიან, რომ მაღალჩინოსანს, მის ხელქვეითებთან, მის დაქვემდებარებულ ადამიანებთან, გმირ პოლიციელებთან შეელახოს რეპუტაცია და ასე ჩამოშალონ სახელმწიფო. უშუალოდ ამ სიბინძურის ამსრულებელი, იმ კონკრეტულ შემთხვევაში გახლდათ მზია ამაღლობელი“.

მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს მამუკა მდინარაძეს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, მასობრივი საინფორმაციო საშუალებებით გაშუქებული სამთავრობო ბრიფინგის ფარგლებში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით.

მოსარჩელე მზია ამაღლობელი ითხოვს ცილისწამებად იქნეს მიჩნეული 5 თებერვალს, ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერში, გადაცემა „იმედი LIVE“-ში, სოზარ სუბარის მიერ მზია ამაღლობელის შესახებ გაკეთებული შემდეგი განცხადება:

„ჩვენ ვნახეთ, რომ როდესაც მან გააკრა “სტიკერი” პოლიციელს ზურგზე და არ მგონია ეს ეხლა ნორმალური საქციელი, რა გითხრათ“.

მოსარჩელე ითხოვს, დაევალოს სოზარ სუბარს მზია ამაღლობელის შესახებ გავრცელებული, აღნიშნული ცილისმწამებლური განცხადების უარყოფა სასამართლო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ორი კვირის განმავლობაში, იმავე საშუალებით – კერძოდ, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, ხსენებული განცხადების უარმყოფელი განცხადების გაკეთების გზით.

სასარჩელო მოთხოვნები ემყარება საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის 1-ელ ნაწილს, მე-12 მუხლს, 31-ე მუხლის 1-ელ და მე-4 ნაწილებს. ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 18-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებს. „სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონის 1-ელი მუხლის „ე“ ქვეპუნქტს და მე-17 მუხლის 1-ელ ნაწილს.

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 7 მაისს – ავტომობილების მარში ბათუმში

დღეს, 7 მაისს, ბათუმში, 18:00 საათზე დაიწყება საპროტესტო მარში ავტომობილებით. მარშის მონაწილეები ბათუმის დრამატულ თეატრთან შეიკრიბებიან.

ორგანიზატორთა განცხადებით, მარშის მიზანია კიდევ ერთხელ გააჟღეროს საზოგადოებამ თავისი მოთხოვნები, – „გადადგეს „ოცნების“ არალეგიტიმური მთავრობა და ჩატარდეს ახალი არჩევნები“.

მარშის მონაწილეები მხარდაჭერას გამოუცხადებენ სინდისის პატიმრებს.

„მსვლელობის დროს, მოსახლეობას ასევე ვაცნობებთ 8 მაისს ბათუმის  სასამართლოში გასამართი მზია ამაღლობლის პროცესის შესახებ, სადაც დაიკითხება ბათუმის მილიციის უფროსი, მოძალადე ირაკლი დგებუაძე.

შემოგვიერთდით!“ – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

დღესვე, 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან უწყვეტი პროევროპული აქციის მონაწილეები შეიკრიბებიან.

 

 

არის თუ არა დავით რიჟვაძე დაკავებული? – რას ამბობს შსს-ს წარმომადგენელი

დღეს, 7 მაისს, „ბათუმელებმა“ ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მამის, დავით რიჟვაძის შესახებ ჰკითხა შს სამინისტროს წარმომადგენელს, იურისტს თეა ლაღაძეს.

დავით რიჟვაძე აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების (ოპერატიული) სამმართველოს უფროსი იყო. მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძემ დატოვა თანამდებობა, გავრცელდა დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ თანამდებობა დატოვა დავით რიჟვაძემაც და მეტიც, თითქოს ის დააკავეს.

შს სამინისტროს წარმომადგენელმა თეა ლაღაძემ „ბათუმელებთან“ საუბარში დაადასტურა, რომ დავით რიჟვაძე აღარ არის პოლიციის თანამშრომელი. მისი თქმით, რიჟვაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

რა ეწერა ამ განცხადებაში? – ვკითხეთ თეა ლაღაძეს.

„არ ვიცი, ვერ გეტყვით“ – მოკლედ გვიპასუხა შს სამინისტროს წარმომადგენელმა.

ასევე, მან „ბათუმელებთან“ უარყო ინფორმაცია დავით რიჟვაძის დაკავების შესახებ.

„დავით რიჟვაძე არ არის დაკავებული“ – გვითხრა თეა ლაღაძემ და არც ის დაადასტურა, რომ დავით რიჟვაძის წინააღმდეგ რაიმე ტიპის საგამოძიებო მოქმედებებია დაწყებული.

აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე 2025 წლის 4 აპრილს, ფეისბუქპოსტით გადადგა.

„მეშვიდე წელია ვიკავებ აღნიშნულ პოზიციას. დროა სიახლის და მინდა წარმატება ვუსურვო მომავალ თავმჯდომარეს. მინდა მადლობა გადავუხადო ,,ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს“ – დაწერა თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქზე.

მისი გადადგომიდან რამდენიმე დღეში არაოფიციალურად გავრცელდა ინფორმაცია, თორნიკეს მამის, დავით რიჟვაძის სავარაუდო დაკავებაზე.

ვიდეო:

კიდევ ერთი საქმე მზია ამაღლობელის წინააღმდეგ – რა ხდებოდა სასამართლო სხდომაზე

მზია ამაღლობელის წინააღმდეგ კიდევ ერთი საქმე გაჩნდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.

ამჯერად მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, მზია ამაღლობელის მიერ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ღობეზე სტიკერის მიკვრა არის თუ არა სამართალდარღვევა.

ეს 2025 წლის 11 იანვარს მოხდა, შსს-მ კი ოქმი სამთვენახევრის შემდეგ შეადგინა.

მზია ამაღლობელი ჟურნალისტი და მედიამენეჯერია, გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი. მზია ამაღლობელს სილის გაწვნის გამო, პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება. უფლებადამცველების შეფასებით, მზია ამაღლობელის მიმართ წარდგენილი ბრალი უსაფუძვლოა და ის უკანონო პატიმრობაშია.

2025 წლის 11 იანვრის აქციაზე, თავდაპირველად, მზია ამაღლობელი დააკავეს სწორედ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის – „იფიცება საქართველო“ – გაკვრისთვის, თუმცა 150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება. ადმინისტრაციული დაკავებიდან გათავისუფლებული მზია ამაღლობელი იმავე ღამეს უკვე სისხლის სამართლის წესით დააკავეს.

სისხლის სამართლის საქმეზე მზია ამაღლობელის პატიმრობის საფუძველი ადმინისტრაციულ საქმეში გაყალბებული ოქმი გახდა: იმის გამო, რომ პოლიციელებს სინამდვილეში 150-ე მუხლის საფუძველზე, ანუ სტიკერის გაკვრისთვის მოქალაქის დაკავების უფლება არ ჰქონდათ, პოლიციის მაღალჩინოსნებმა ოქმი გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: თითქოს მზია ამაღლობელი, ასევე აქტივისტი ციალა ქათამიძე, თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფდნენ პოლიციელებს და ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო.

საქმის გაყალბების მიუხედავად მოსამართლე სალიხ შაინიძემ მზია ამაღლობელი სამართალდამრღვევად სცნო და იგი 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

მნიშვნელოვანია გარემოება – რატომ გაახსენდა შსს-ს 2025 წლის 11 იანვარს გაკრული სტიკერი 2025 წლის 30 აპრილს?

ვიდრე შს სამინისტრო ახალ ოქმს შეუდგენდა მზია ამაღლობელს, მანამდე ორი დღით ადრე, 28 აპრილს, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა.

სხვა პოლიციელების მსგავსად, გრიგოლ ბესელიაც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.

კერძოდ, გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს მსგავსი ოქმი არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა, მაია მწარიაშვილმა.

გრიგოლ ბესელიას ჩვენებიდან 2 დღის შემდეგ პოლიციელმა ნოდარ ზენაიშვილმა [მან ცრუ ჩვენება უკვე მისცა მზია ამაღლობელის იმ ადმინისტრაციულ საქმეზე, რომელიც გაყალბებულია] დაწერა პატაკი მზია ამაღლობელის წინააღმდეგ.

ცალკე მსჯელობის საგანია, რამდენად არის საჯარო სივრცეში, პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრა სამართალდარღვევა და „იერსახის დამახინჯება“.

იმის გამო, რომ ამ საქმის მასალები მზია ამაღლობელს 5 მაისს ჩაბარდა და მის გაცნობას ადვოკატები ვერ მოასწრებდნენ, მზია ამაღლობელმა ციხიდან გამოგზავნილი წერილით სხდომის გადადება მოითხოვა.

მოსამართლე მარიანა ფომაევამ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ ახალი ადმინისტრაციული საქმის განხილვა 9 ივნისს გადადო.

მზია ამაღლობელი დღევანდელ პროცესს არ დასწრებია. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა ბათუმის სასამართლოში ხვალ, 8 მაისს გაგრძელდება.

ბათუმში აქტივისტს ამჯერად სტიკერის გაკვრისთვის ასამართლებენ – ციალა ქათამიძის სასამართლო პროცესი

დღეს, 7 მაისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე მარიანა ფომაევამ ბათუმელი აქტივისტის, ციალა ქათამიძის საქმის“ განხილვა დაიწყო.

პროევროპული აქციის აქტივისტი ამჯერად სასამართლოში სტიკერის გაკვრისთვის დაიბარეს. სტიკერი ციალა ქათამიძემ პოლიციის დეპარტამენტის წინ, ასფალტზე სტიკერი 2025 წლის 11 იანვარს გააკრა. იგი ამისთვის დააკავეს და ეს ვიდეოკადრებზეცაა ასახული.

2025 წლის მაისში, სტიკერის გაკვრიდან 4 თვის შემდეგ, მოსამართლემ უნდა გაარკვიოს, სტიკერის გაკვრა პოლიციის შენობის შესასვლელთან, ასფალტზე, არის თუ არა „შენობის იერსახის დამახინჯება“.

სხდომის დასაწყისშივე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ირმა აბაშიძემ მოსამართლე მარიანა ფომაევას უთხრა, რომ სტიკერის გაკვრის გამო ასკ-ის 150-ე მუხლზე (შენობის იერ-სახის დამახინჯება) შსს-ს ცალსახად არ შეეძლო არათუ ვინმეს დაკავება, არამედ ოქმის შედგენაც კი.

შსს-ს წარმომადგენელი, მარიამ კერესელიძე საიას იურისტს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ 150-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირება შეუძლია, როგორც მუნიციპალურ ინსპექციას, ასევე შსს-ს.

მოსამართლე შსს-ს წარმომადგენელს დაეთანხმა.

საიამ ამ საქმეზე ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძის დაკითხვა მოითხოვა – სწორედ ირაკლი დგებუაძემ შეადგინა პატაკი ციალა ქათამიძის წინააღმდეგ, სტიკერის გაკვრიდან სამ თვე-ნახევრის შემდეგ.

სტიკერის – „იფიცება საქართველო“ გაკვრის გამო ციალა ქათამიძე ბათუმში 2025 წლის 11 იანვრის აქციაზე დააკავეს – მან სტიკერი საჯარო სივრცეში, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან გააკრა. აქტივისტი ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ დააკავა ასკ-ის 150-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს იერსახის დამახინჯებას, თუმცა ასკ-ის150-ე მუხლის საფუძველზე პოლიციას არ აქვს ვინმეს დაკავების უფლება.

ამიტომაც, ისევე, როგორც მზია ამაღლობელის საქმის შემთხვევაში, ციალა ქათამიძის დაკავება პოლიციის მაღალჩინოსნებმა გააყალბეს და გამოიგონეს ფაქტი: ციალა ქათამიძე და მზია ამაღლობელი თითქოს ერთნაირი ფრაზებით შეურაცხყოფას აყენებდნენ პოლიციელებს და თითქოს ისინი სტიკერის გაკვრის გამო კი არ დააკავეს, რაც აქციაზე გადაღებულ უწყვეტ ვიდეოკადრებში ჩანს, არამედ პოლიციელების შეურაცხყოფის და წინააღმდეგობის გაწევის [ასკ-ის 173-ე მუხლი] გამო. საქმის გაყალბების მიუხედავად, ციალა ქათამიძე მოსამართლე სალიხ შაინიძემ სამართალდამრღვევად ცნო.

2025 წლის 11 იანვრის აქციიდან სამ თვე-ნახევრის გასვლის შემდეგ, 2025 წლის 28 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ პატაკი დაწერა: მოქალაქემ სტიკერი დააკრა პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთანო.

2025 წლის 28 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მზია ამაღლობელის საქმეზე ჩვენება გრიგოლ ბესელიამ მისცა, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უკვე ყოფილმა უფროსმა. სხვა პოლიციელების მსგავსად, პოლიციის ხელმძღვანელიც გამოიჭირეს ტყუილში ადვოკატებმა.

გრიგოლ ბესელიამ დაკითხვის დროს თქვა, რომ მზია ამაღლობელის მიმართ შედგენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 150-ე მუხლითაც, მაშინ როცა ჩვენების მიცემის დროს ასეთი ოქმი საერთოდ არ არსებობდა.

„მას [გრიგოლ ბესელიას] ჰგონია და, რაც მთავარია, ასე ეგონა, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული ოქმი 150-ე მუხლითაც [სტიკერის გაკვრის გამო შენობის იერ-სახის დამახინჯება] არისო…,“ – განაცხადა 28 აპრილის სასამართლო სხდომის შემდეგ მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა.

ასკ-ის 150-ე მუხლით სამართალდარღვევის ოქმი არც ციალა ქათამაძის მიმართ არსებობდა, თუმცა მზია ამაღლობელის სასამართლო სხდომიდან 2 დღეში, 2025 წლის 30 აპრილს, ბათუმის პოლიციის უფროსმა ირაკლი დგებუაძემ,  [სწორედ მასზე სილის გაწვნის გამო ედავებიან მზია ამაღლობელს პოლიციელზე თავდასხმას] პატაკით მიმართა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ახალ დირექტორს, გიორგი ბუხრაშვილს.

„…შეკრების მონაწილეთა გარკვეული პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის გადაცდომის ფაქტს, კერძოდ: მოქალაქე ციალა ქათამიძემ დეპარტამენტის შესასვლელთან ე.წ. შლაგბაუმთან დააკრა სტიკერი წარწერით – „იფიცება საქართველო“, ვინაიდან ციალა ქათამიძის ქმედებაში იკვეთებოდა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ნიშნები, მე მას განუმარტე დარღვევის არსი და მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა სამართალდარღვევა. მოწოდებისა და განმარტების მიუხედავად, ციალა ქათამიძე არ დაემორჩილა ჩემს მითითებას და კვლავ განაგრძო სამართალდარღვევის ჩადენა,“ – წერს პატაკში ირაკლი დგებუაძე.

პატაკის საფუძველზე სამართალდარღვევის ოქმი პოლიციის მე-8 განყოფილების დეტექტივს, თენგიზ კვირკველიას შეუდგენია.

დღეს, 7 მაისს, საიამ სასამართლოში იმ პოლიციელების გამოკითხვაც მოითხოვა, რომლებმაც ახსნა-განმარტებები დაწერეს და ოქმი შეადგინეს.

შსს-ს იურისტმა მარიამ კერესელიძემ ირაკლი დგებუაძის და სხვა პოლიციელების გამოკითხვაზე უარი თქვა. მისი აზრით, ფაქტობრივი გარემოებები პოლიციელებმა უკვე აღწერეს.

„მითხრეს, რომ დამაკავეს სტიკერის გამო, შემდეგ გაჩნდა საქმეში 173-ე მუხლი, თითქოს პოლიციელებს ვეძახდი ღორებს და ჩმორებს… ეს სიტყვები არავისთვის არ მითქვამს,“- პოლიციის მაღალჩინოსნების ცრუ ჩვენებას გაუსვა ხაზი ციალა ქათამიძემ. მან ითხოვა საქმეს გრიგოლ ბესელიას მიერ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ მიცემული ჩვენების ვიდეო ჩანაწერი დაერთოს.

„სასამართლო გადის სათათბიროდ“ – გამოაცხადა ამ დროს მოსამართლე მარიანა ფომაევამ და დარბაზიდან გავიდა.

„წავიდა დარეკვები“- რეპლიკა მიაძახეს დარბაზიდან მოსამართლეს.

მოსამართლე მარიანა ფომაევა

„თქვენს თავთან მარტო რომ დარჩებით, იცოდეთ, რომ ყაჩაღების ბანდას ემსახურებით“,- შსს-ს წარმომადგენლებს მიმართა ბათუმის საპროტესტო აქციების მედროშე, ზურა ჭავჭანიძემ, რომელიც სასამართლო პროცესს ესწრებოდა.

თათბირიდან დაბრუნებულმა მოსამართლემ თქვა, რომ გრიგოლ ბესელიას ჩვენება „მზია ამაღლობელის საქმეზე“ ამ საქმეს ვერ დაერთვება. მოსამართლე მხოლოდ ორი პოლიციელის, ირაკლი გორგილაძის და თენგიზ კვირკველიას გამოკითხვას დათანხმდა.

შემდეგ სხდომაზე პოლიციელების ჩვენებებს მოვისმენთ.

ციალა ქათამიძის საქმის შემდეგი პროცესი 9 ივნისს, 12 საათზე ჩაინიშნა.

Exit mobile version