მთავარი,სიახლეები

100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს

22.04.2025 •
100 დღეა სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს [არ] იძიებს

დღეს, 22 აპრილს, 100 დღე გავიდა, რაც ჟურნალისტი და მედიამენეჯერი მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს ბათუმის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.

მზია ამაღლობელის თქმით, დაკავების შემდეგ ირაკლი დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მასზე იწევდა ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ბათუმის პოლიციის უფროსი მზია ამაღლობელს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას.

დაკავების შემდეგ არასათანადო მოპყრობის შესახებ პირველი ინფორმაცია მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიაწოდა, რადგან მასთან ადვოკატებს არ უშვებდნენ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, დაკავებულისადმი ასეთი მოპყრობა – სახეში შეფურთხება, გინება, წყალზე და საპირფარეშოთი სარგებლობაზე უარის თქმა, ფასდება, როგორც დამამცირებელი, ან არაადამიანური მოპყრობა.

დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, ეს „ბათუმელების“ ვიდეომასალაშიცაა ასახული.

„სისხლით… ბო*იშვილი ვიყო სისხლით დავიჭერ… ამას მოვუ**ნავ დედის მუ*ელს“ – ისმის დგებუაძის გინება მზია ამაღლობელის დაკავების ამსახველ ვიდეოკადრებში.

მზია ამაღლობელის დაკავებიდან მალევე ორმა ორგანიზაციამ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ, მოითხოვა ირაკლი დგებუაძისთვის უფლებამოსილების შეჩერება და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს, თუმცა დგებუაძე ისევ დაკავებულ თანამდებობაზეა.

ასევე, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება „სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების“ მუხლით დაიწყო და არა „არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის“ მუხლით, რასაც მზია ამაღლობელი აღწერს და რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულია, შესაბამისად, მძიმე სასჯელით.

სანამ მზია ამაღლობელი უკანონო პატიმრობაშია, სპეციალური საგამოძიებო სამსახური დგებუაძის საკითხს ჯერ ისევ იძიებს.

„ბათუმელებმა“ დღესაც, 22 აპრილს, მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და ჰკითხა – დაასრულეს თუ არა გამოძიება ირაკლი დგებუაძის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და, ასევე, მზია ამაღლობელის მიმართ დაკავების შემდეგ დამამცირებელი და არაჰუმანური მოპყრობის ფაქტზე, თუმცა აღნიშნულ სამსახურში სტანდარტული პასუხი გაგვცეს – „მიმდინარეობს გამოძიება“.

დაცვის მხარე ასევე მოითხოვდა მზია ამაღლობელისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, რაც ასევე არ დაკმაყოფილებულა.

მზია ამაღლობელის ერთ-ერთი ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარე გამოძიება უკვე შეიძლება შეფასდეს როგორც არაეფექტური, რადგან, მისივე თქმით, „საგამოძიებო სამსახური არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობას“.

„გამოძიება არ მიმდინარეობს სრულად და ობიექტურად.

მთავარი მაინც არის ის, რომ საქმეში გამოკითხული არიან მხოლოდ პოლიციელები, ის პირები, რომლებიც სუბიექტური და მიკერძოებულები არიან და ინტერესი აქვთ ამ საქმის შედეგის მიმართ. ობიექტური პირები, რომლებიც შეიძლება შემსწრე არიან კონკრეტული ფაქტის, არცერთი პირი არ ჰყავთ გამოკითხული. გამოძიება ამ ადამიანებით არ დაინტერესებულა იმის მიუხედავად, რომ ყველამ კარგად ვიცით, უამრავი ადამიანი იყო იმ მომენტში აქციაზე.

გარდა ამისა, ექსპერტიზის დასკვნები, რომელიც გაგზავნეს, კვლავ არ მოსულა. მიუხედავად იმისა, რომ გასულია სამ თვეზე მეტი.

არ არის ამოღებული ვიდეოკამერები. მხოლოდ და მხოლოდ ორი ვიდეოჩანაწერია საქმეში რომლითაც იღებენ იმ შესასვლელს, საიდანაც მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ და ყველა ამბობს, რომ ამ შესასვლელიდან მზია ამაღლობელი არ შეუყვანიათ.

ერთ-ერთი კამერა დამონტაჟებულია პოლიციის დეპარტამენტის საგუშაგოსთან, თუმცა ამ კამერის ჩანაწერები მერიამ არ მიაწოდა და სპეციალური საგამოძიებო სამსახური არც კი დაინტერესდა რატომ, რა იყო მიზეზი და ის მიზეზი, რომელიც მერიამ შემდეგ მოიყვანა, რომ ეს კამერა მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ დაამონტაჟეს, არც კი გადაამოწმა და არც კი მოითხოვა დამატებითი დოკუმენტაცია.

სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც ერთ-ერთი პირველი შეხვდა მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ და რომელსაც შეატყობინა მისი უფლებების დარღვევის შესახებ მზია ამაღლობელმა და ოქმშიც აქვს ეს ყველაფერი ასახული, ჯერ-ჯერობით არ გამოუკითხავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რაც აბათილებს პოლიციელების ჩვენებებს იმასთან დაკავშირებით, რომ სანამ ადვოკატები არ შევიდნენ, მზია ამაღლობელი არ საუბრობდა უფლებების დარღვევებზე.

არ არიან ადვოკატები გამოკითხული, რომლებსაც საათების განმავლობაში არ უშვებდნენ დაკავებულთან“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

მისი თქმით, რეალურად რომ მიმდინარეობდეს გამოძიება, მაშინ ყველა ეს საგამოძიებო მოქმედება დაუყოვნებლივ უნდა ჩატარებულიყო.

„რა თქმა უნდა, ფორმალურად მიმდინარეობს ეს გამოძიება, როგორც სხვა დანარჩენ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო ინტერესი არსებობს გამოძიებების მიმართ“ – ამბობს ჯუბა ქათამაძე.

რაც შეეხება მზია ამაღლობელისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, როგორც ადვოკატი ამბობს, ეს პროცედურები სისხლის სამართლის კანონმდებლობით არის გაწერილი.

„პირველ რიგში პროკურორს უნდა მიენიჭებინა ყოველგვარი მიმართვის გარეშე ეს სტატუსი, თუმცა მან ეს არ გააკეთა. შემდგომში ჩვენ საქმის ზედამხედველ პროკურორს მივმართეთ, რომელმაც თავი აარიდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და საერთოდ არ გვიპასუხა.

ჩვენ პასუხის არგაცემა მივიღეთ როგორც უარი და ეს უარი გავასაჩივრეთ ზემდგომ პროკურორთან. ზემდგომმა პროკურორმაც არანაირი პასუხი არ გაგვცა, მიუხედავად იმისა, რომ მასაც ავალდებულებს კანონი, რომ დაასაბუთოს უარი.

მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორსაც, თუმცა, პროკურატურამ მთლიანად აირიდა თავიდან ამაზე პასუხის გაცემა.

ჩვენ ეს ყველაფერი გავასაჩივრეთ სასამართლოში და სასამართლოს მხრიდან მივიღეთ პასუხი – საქმის მასალები არ გვაძლევს იმის საშუალებას, გავაკეთოთ დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მზია ამაღლობელი არის დაზარალებული, ამიტომ ამ ეტაპზე ვერ ვანიჭებთ მზია ამაღლობელს დაზარალებულის სტატუსსო.

ეს შესაძლოა სასამართლოს მხრიდან იყოს სუბიექტური და მიკერძოებული გადაწყვეტილება, მაგრამ სპეციალური საგამოძიებო სამსახური მართლაც არ აწარმოებს გამოძიებას და არ დებს საქმეში მტკიცებულებებს, რომლის ჩადებაც დღესვე შეუძლია, თუკი მოუნდება“ – ამბობს ადვოკატი.

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ 10 აპრილს, ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების ფარგლებში, ოთხ ქართველ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მათ შორისაა კარლო კაციტაძეც, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: