რომელი ნარკოტიკის გამო აღარ დაგაპატიმრებენ – ნარკოლოგის განმარტება

ექიმი-ნარკოლოგი ლია ჯინჭარაძე ამბობს, რომ რთულია ნარკოტიკული საშუალებების იმ ჯგუფებად დაყოფა, რაზეც გუშინ, 2 აგვისტოს, საკონსტიტუციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა და პატიმრობა გააუქმა. სასამართლომ მიიჩნია, რომ არ უნდა ისჯებოდნენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“ საკონსტიტუციო სასამართლოს არ უმსჯელია, რომელი ნარკოტიკი შეიძლება იყოს ასეთი.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ნარკოტიკული საშუალების მცირე რაოდენობით გამოყენება, ან მისი დამზადება, შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საფრთხეს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას, არაადამიანურია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება.

„ალბათ, საჭიროა პროფესიული მსჯელობა და შესაბამისი სიების შედგენა… მე ასე ცალსახად ვერ გამოვყოფდი ნარკოტიკულ საშუალებას, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს. „ექსტაზი“ შემიძლია გამოვყო, რომელიც არ იწვევს სწრაფ შეჩვევას, მაგრამ თუკი ადამიანი მიდრეკილია აგრესიული ქცევისკენ, შესაძლოა, მივიღოთ აგრესიული ქცევა. აგრესია იქნება დიდი ალბათობით მაშინაც, თუ ადამიანმა ექსტაზი მიიღო სხვა ნივთიერებასთან ერთად კომბინაციაში,“ – გვითხრა ლია ჯინჭარაძემ.

ნარკოლოგის განმარტებით, ნარკოტიკული საშუალებები უმჯობესია დაჯგუფდეს „სწრაფი შეჩვევის“ და „აგრესიული ქცევის“ კუთხით. ამის მაგალითად ექიმი მარიხუანას ასახელებს, რომელიც სწრაფ შეჩვევას არ იწვევს, მაგრამ შესაძლოა ახასიათებდეს აგრესიული ქცევა, „ჰეროინი“ კი პირიქით, სწრაფ შეჩვევას იწვევს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას.

„ჰეროინის  და, ზოგადად, იპიუმიდების ჯგუფს არა ახასიათებს აგრესიული ქცევა უშუალოდ ზემოქმედების დროს. აგრესიული ქცევა შესაძლოა მივიღოთ აღკვეთის დროს, ანუ როცა ნარკომომხმარებელი ნარკოტიკულ საშუალებას ვეღარ იღებს,“ – განმარტავს ლია ჯინჭარაძე.

ნარკოტიკული საშუალებები დღეს მოქმედი კანონმდებლობით უკვე დაყოფილია რამდენიმე ჯგუფად, მაგალითად, ნარკოტიკები, რომელთა მოხმარება აკრძალულია, შეზღუდული ფსიქოტროპულია, პრეკურსორები…

ნარკოტიკული საშუალებები დაყოფილი სამედიცინო ლიტერატურაშიც: ჰალუცინოგენების ჯგუფი, ოპიუმიდები, კარაბინოიდები და ასე შემდეგ.  ექიმ-ნარკოლოგის თქმით, დღეს არ გვაქვს დაყოფილი ნარკოტიკული საშუალებები იმ ჯგუფებად, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ გააჟღერა.

„არ ვიცი, რამდენად შესაძლებელი იქნება ასე დაჯგუფება… ასე ალკოჰოლის მოხმარებაც იწვევს აგრესიულ ქცევას, გააჩნია პიროვნების ხასიათს. არც სხვა ქვეყნებში მსმენია მსგავსი დაყოფის შესახებ. ზოგადად, ევროპულ ქვეყნებში არის დეკრიმინალიზაციის ტენდენცია,“ – აღნიშნა ლია ჯინჭარაძემ „ბათუმელებთან“.

ამ თემაზე:

ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

 

 

ვეღარ დააპატიმრებენ პირს, ვინც „მძიმე ნარკოტიკს“ არ მოიხმარს – ბექა წიქარიშვილის მოსაზრება

„ეს გამოიწვევს დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას. ამით ვერ მივაღწევთ მიზანს,“ – მიიჩნევს სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გუშინ, 2 აგვისტოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლომ ანტიკონსტიტუციურად მიიჩნია თავისუფლების აღკვეთის, ან ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენება იმ ნარკომომხმარებლების მიმართ, რომლებიც იყენებენ ნარკოტიკს, მაგრამ იგი „სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს.“

„დაყოფა კატეგორიებად არ არის მხოლოდ ჩვენი ფენომენი, ეს არსებობს ბევრგან, მაგრამ ეს დაყოფა ემსახურება არა სასჯელის შეფარდებას, არამედ სახელმწიფოს დამოკიდებულებას. თუკი ნივთიერება  შეიცავს დამოკიდებულების მაღალ ხარისხს, მგონია, რომ ამ დროს მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება სახელმწიფოს, რომ მას ებრძოლო არა აგრესიული მეთოდით, არამედ ჯანდაცვის მეთოდით. მაგალითად, მე თუ ჰეროინის მოხმარებისთვის ვარ მსჯავრდებული, სახელმწიფო შემომთავაზებს სრულიად სხვა სერვისებს, ვიდრე იმას, ვინც მარიხუანას მოიხმარს. მე კატეგორიუალდ არ ვეთანხმები, რომ მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი უნდა ისჯებოდეს – ადამიანს, რომელსაც აქვს ფიზიოლოგიური პრობლემები უფრო მძაფრად, სჭირდება მეტი ზრუნვა და მხარდაჭერის პოლიტიკა,“ – ამბობს ბექა წიქარიშვილი.

სამოქალაქო აქტივისტის აზრით, ე.წ. მძიმე ნარკოტიკის მომხმარებელი არ უნდა ისჯებოდეს „წინმსწრებად“. ბექა წიქარიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ გადაწყვეტილებაში ხედავს მოსამართლეების დამოკიდებულებას, რომ მაგალითად, ვინც ჰეროინს მოიხმარს, მას აგრესიული ქცევა ექნება და ახალ დანაშაულსაც ჩაიდენს. ბექა მიიჩნევს, რომ ეს დისკრიმინაციულ მიდგომას გამოიწვევს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში შედარებით რბილი ნარკოპოლიტიკა გვაქვს. რეპრესიების შერბილება არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. ამ კუთხით არ მუშაობს სახელმწიფო. ნარკოპოლიტიკაზე პარლამენტი არის უმოქმედო. ჩვენ ველოდით მათგან მკაფიო ნაბიჯებს, რაც მათი პირობა იყო, მაგრამ არათუ მკაფიო ნაბიჯები ვიხილეთ, არამედ გაჩერებულია კანონპროექტი, რომელიც ძალიან გააზრებულად და სათანადოდ პასუხობს გამოწვევებს ამ მიმართულებით… ვნახოთ, როგორ წაიკითხავენ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას პარლამენტში“, – გვითხრა ბექა წიქარიშვილმა.

 

 

ბათუმში ნარკორეალიზატორები ფარული ვიდეო გადაღების შემდეგ დააკავეს – შსს

ბათუმში ორი ნარკორეალიზატორი დააკავეს – 1980 წელს დაბადებული ო.ფ. და 1963 წელს დაბადებული ხ.კ. სამართალდამცველებმა ბრალდებულებისგან ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს. პოლიციამ მათ მიერ უკანონოდ გაყიდული 10 აბი ნარკოტიკული საშუალება და ნარკოტიკების შესაძენად გადახდილი თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ო.ფ.-ს მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია 22 აბი „მდმა“ და გამომშრალი მარიხუანა, ხ.კ.-ს პირადი ჩხრეკისას კი – ბუპრენორფინის შემცველი ნარკოტიკული საშუალება.

გამოძიება დიდი ოდენობით და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულებს 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ელით.

სარფში მამათა მონასტრის სათავსო დაიწვა

სარფში მამათა მონასტრის ეზოში გუშინ ღამით ხანძარი გაჩნდა. ხანძრის შედეგად მონასტრის დამხმარე ნაგებობა – სათავსო დაიწვა. სახანძრო სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძრის ჩაქრობა მალევე შეძლეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის თქმით, ხანძარი მონასტერთან ახლოს ღამის საათებში, იმ დროს გაჩნდა, როცა იქ არავინ იყო. ხანძარი მოსახლეობამ შენიშნა და სახანძრო-სამაშველო სამსახური გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის შესაბამისად, რაც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.

 

აშენდეს თუ არ აშენდეს – 5 პარლამენტარი აჭარიდან „რივიერა ბათუმის“ პროექტზე

„უნდა აშენდეს“ – ასეთია საქართველოს პარლამენტის წევრის, სვეტლანა კუდბას პოზიცია „რივიერა ბათუმის“ პროექტზე, რომლის თანახმადაც ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხუთი თაუერის მშენებლობა იგეგმება.

„… იმიტომ, რომ მაქ იყო მშენებლობა და ასლან აბაშიძის დროს დაინგრა, უნდა აშენებულიყო სხვა, ამიტომ ეს პროექტი ახალი არ არის არც ბათუმისთვის და არც მოსახლეობისთვის. იმ შემთხვევაშიც მასშტაბური იგეგმებოდა, ბატონი ასლანი არ ააშენებდა ქოხებს. მე ბატონ ასლანს კი არ ვუსვამ ხაზს, ხაზს ვუსვამ, რომ ეს მოსახლეობისთვის ახალი არ არის. იქ იყო მშენებლობა დაგეგმილი და შემდეგ იცით, რაც მოხდა“, – ამბობს დეპუტატი.

სვეტლანა კუდბა

კითხვის დასმისას გამოყენებული ფორმულირება „ამ პროექტს მოსახლეობა აქციებით ეწინააღმდეგებოდა“, სვეტლანა კუდბამ შეგვისწორა: „მოსახლეობა არა, ნაწილი მოსახლეობისა.“

კოლეგას ეთანხმება კიდევ ერთი დეპუტატი აჭარიდან ფატი ხალვაში:

„… ეს სიახლე არ არის, მაქ ტრამპთაუერი უნდა აშენებულიყო. ჩვენ ვიცით, რომ მაქ მასშტაბური სასტუმრო კომპლექსი უნდა აშენებულიყო. ასე რომ, ეს მოულოდნელი არ არის. მე გაეროს დაფინანსებული კვლევა არ მინახავს, ალბათ ექსპერტები ამ ყველაფერს გაანალიზებენ. ჩვენ ინვესტიციების წინააღმდეგი ვერ ვიქნებით იმიტომ, რომ ძალიან პატარა ქვეყანა ვართ და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტიციები, რომლებიც ქვეყანაში ჩაიდება და აჩენს ახალ სამუშაო ადგილებს. ამას შემოაქვს ფინანსური რესურსიც. ასე რომ, როცა ექსპერტების დასაბუთებული დასკვნები იქნება, არანაირად წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით მივესალმები განაშენიანებას“, – გვითხრა ფატი ხალვაშმა. რომელიც ბათუმის მაჟორიტარია საქართველოს პარლამენტში.

ფატი ხალვაში

ინფორმაცია აქვს, მაგრამ იმდენად სრული არა, რომ ჩამოყალიბებული პოზიცია ჰქონდეს, დაახლოებით ასეთი იყო დეპუტატ ლევან [ნუკრი] ბეჟანიძის პასუხი:

„ჯერ მე თვითონაც არ ჩამოვყალიბებულვარ, გარკვევის სტადიაში ვარ. არ მაქვს სრული ინფორმაცია. რამდენად დიდი სარგებელი ექნება ამ პროექტს ქალაქისთვის ეს მაინტერესებს, რადგანაც ქალაქის იერსახე იცვლება სერიოზულად. ამიტომაც ვამბობ, რომ სერიოზული ჩამოყალიბება მჭირდება მე თვითონ“.

ილია ნაკაშიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ნაკაშიძე ამბობს, რომ „რივერა ბათუმის“ პროექტზე მხოლოდ ის იცის, რაც პრესითა და ტელევიზიით გაიგო, არც პროექტის მასშტაბებზე აქვს ინფორმაცია. ის მიიჩნევს, რომ თუ ტექნიკური რეგულაციები დაცული იქნება, პროექტს პრობლემები არ უნდა შეექმნას:

„ეს სპეციალისტების საქმეა. ჩემი პირადი აზრია,  რომ ის ზოლი ღრმად შესწავლილი უნდა გქონდეს, რომ რაღაც დასკვნებზე ისაუბრო. მე საკითხებს ყოველთვის ძალიან პრაგმატულად ვუდგები. არ მინდა ზედაპირული ავტორიტეტი მქონდეს. თუ საუბარია, რომ ეს არის ძველი ბათუმის ტერიტორია, დღეს იქ გარდა შუქურისა არაფერი ისეთი არ არის.  მე ძალიან მომწონს მაღლივი შენობები და ვფიქრობ, რომ საქართველოში, რომელიც მცირემიწიანია, სჯობს აქცენტი გავაკეთოთ სიმაღლეზე. იმის გათვალისწინებით, რომ მაქ  [გულისხმობს რივიერა-ბათუმის ტერიტორიას] არცერთი ისტორიული შენობა არ დგას.  ვიცით, რომ თანამდეროვე ქალაქები, როგორიც არის დუბაი, მანჰეტენი – ძალიან უხდება მაღლივი შენობები თუ იქნება დაცული ტექნიკური რეგულაციები და მანძილი შენობებს შორის… თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ არ ვიცი კონკრეტულად რაზეა საუბარი “.

დეპუტატი მუხრან ვახტანგაძე კი, როგორც თვითონ გვითხრა, პროექტს საერთოდ არ იცნობს: „უცხოეთში ვიყავი და არ მაქვს ინფორმაცია, უნდა მაპატიოთ“, – გვითხრა მან.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

დაგეგმილი პროექტი ხუთი ცათამჯენის მშენებლობას ითვალისწინებს, მოლაქეები მიიჩნევენ, რომ ეს ადგილი მაღალმა შენობებმა არ უნდა ჩაკეტოს, შესაბამისიად, არ უნდა დაიკარგოს ზღვის სივრცე, ჰაერის გადანაწილების შესაძლებლობა და ხედი.

პროექტის მოწინააღმდეგეების აზრით, ეს მშენებლობა მთლიანად შეცვლის ისტორიული ბათუმის იერ-სახეს. შესაბამისად, ის ტურისტებისათვისაც ნაკლებად მიმზიდველი გახდება.

აქციაზე პროექტის საწინააღმდეგო ხელმოწერების შეგროვებაც დაიწყეს.

მუხრან ვახტანგაძე

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

პროექტს მიესალმება ბათუმის მერი, ლაშა კომახიძეც.

 

 

ამავე თემაზე:

გაეროს დაფინანსებული კვლევა: სახიფათოა ბათუმის კონცხზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა

ფერების ფესტივალი ბათუმში [ფოტო]

ბათუმში, ევროპის მოედანზე ფერების ფესტივალია. შეკრებილებმა სხვადასხვა საღებავით უკვე გააფერადეს ერთმანეთი.

ფესტივალში მონაწილეობენ პოპულარული ქართული ჯგუფები და არტისტები – ASEA SOOL, ჯგუფი „არა”, Melomaniakk, Irakli Pagava & Groovephonics, KID Jesus.

ფესტივალი პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ტარდება, ორგანიზატორია კომპანია EREDELI, რომლის მიზანიც მუსიკისა და ხელოვნების დარგში თანამედროვე და ალტერნატიული მიმართულებების განვითარებაა. ფესტივალის მხარდამჭერია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

ფერების ფესტივალი ევროპის მოედანზე

 

 

 

 

ფრანგი ფოტოგრაფი, რომელიც ბათუმში ფილმის კადრებს გამოყვა

70 წლის ფრანგი ფოტოგრაფი, არტურ ტევენარი წელს ბათუმში სტუმრად ნორმან ფოსტერის ფილმის გავლენით ჩამოვიდა: „ Journey into Fear“ – 1943 წელს გადაღებულ ამ ფილმში, მთავარი გმირი სტამბოლიდან გემით 40-იანი წლების ბათუმში ხვდება, ამერიკული ფილმისთვის  ბათუმის სანაპიროს კადრები კინოპავიოლიონშია გადაღებული, მაგრამ მაშინდელი ბათუმის ძალიან რეალური ანალოგია.

არტურ ტევენარმა ეს ფილმი ახალგაზრდობაში ნახა და მას შემდეგ გადაწყვიტა აუცილებლად ემოგზაურა ბათუმსა და სტამბოლში.

„ახლა, როცა ძველი ბათუმის რეალურ კადრებს ვათვალიერებ, დაახლოებით ვხვდები როგორ გადაიღეს 40-იანი წლების ამერიკის  კინოპავილიონში  შორეულ ქალაქს, ბათუმს მიმსგავსებული ვიდეოკადრები“, – ამბობს არტურ ტევენარი.

ამჯერად ის სხვადასხვა ქვეყნის არქიტექტურას იღებს, მათ შორის საქართველოშიც. ძირითადად საბჭოთა წარსულის ნანგრევები აინტერესებს: ძველი ქარხანა-ფაბრიკები, კურორტები და საცხოვრებელი სახლები. ყველაფერი, რაც საბჭოთა კავშირის ნგრევის სიმბოლოდ შემორჩა არქიტექტურაში.

„მაინტერესებს საბჭოთა არქიტექტურის ნანგრევები. ადამიანები, რომლებიც ამ ფაბრიკა-ქარხნებში მუშაობდნენ ახლაც ცოცხლები არიან, მოხუცები. სისტემა კი, რომელშიც მთელი ცხოვრება გაატარეს – დაინგრა. ეს მოხუცები იხდიდნენ გადასახადებს, მუშაობდნენ, დაინგრა სსრკ და არავინ იცის, სად წავიდა მათი შრომა. ახლა ბევრ მათგანს ქუჩის კუთხეებში ვხედავ საქართველოში, ხელგამოწვდილს და გამათხოვრებულს. არავის უნდა შიოდეს, მაგრამ გამათხოვრებული მოხუცები და ბავშვები განსაკუთრებით მძიმე სანახავია“, – ამბობს არტურ ტევენარი.

ფოტოგრაფმა საქართველოში  2007, 2015 წელსაც იმოგზაურა და წელსაც ჩამოვიდა. საქართველოსა და სომხეთში გადაღებული კადრები გააერთიანა და ფოტოსერიას ,,საბჭოთა კავშირის ნანგრევები“ დაარქვა. კადრებზე ჩანს საბჭოთა ფაბრიკა-ქარხნების ნაშთები და ფოტოებს საბჭოთა კინოდოკუმენტალისტის, რეჟისორ ძიგა ვერტოვის ფილმებიდან ნაწყვეტები ცვლის, რომლებშიც ჩანს, როგორ მუშაობდნენ ადამიანები ოდესღაც შენობებში.

,,საბჭოთა კავშირი ჩემთვის, როგორც უცხოელისთვის უცხო ფენომენია, მხოლოდ წიგნებიდან და ფილმებიდან ცნობილი, ამიტომაც მაინტერესებს ყველაფერი მის შესახებ და ვმოგზაურობ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში“, – ამბობს ფოტოგრაფი.

სხვადასხვა წლებში გადაიღო რუსთავი, ზესტაფონი, თელავი, გურჯაანი, ახმეტა, წყალტუბო, გორი და დავითგარეჯი.

კახეთი, თელავი, 2007 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი

არტურ ტევენარი თავიდან მოდის ფოტოგრაფი იყო, მერე პორტრეტებზე გადაერთო და ფრანგ მწერლებს იღებდა.

2007 წელს, როცა პირველად საქართველოში ჩამოვიდა ქართველ მეგობართან ერთად, ფოტოგამოფენაც მოაწყო თბილისში.

„მას შემდეგ საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა, თითქოს ქვეყანა ვითარდება, კაპიტალიზმის გავლენა სულ უფრო და უფრო იგრძნობა, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი, რაც ირგვლივ შენდება, მხოლოდ ტურისტებისთვისაა. არ ვიცით რას მოიტანს ეს კაპიტალიზმი, არ ვიცი ეს ცუდია, თუ კარგი“, – ამბობს ფრანგი ფოტოგრაფი.

ჯავახეთი, 2007 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი
აბასთუმანი, 2015 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი
აბასთუმანი, 2015 წელი/ფოტო:არტურ ტევენარი
კახეთი, 2015 წელი/ფოტო: არტურ ტევენარი

გაუქმდა პატიმრობა ნარკოტიკზე, რომელიც სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას არ იწვევს – საკონსტიტუციო

ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული 15-დღიანი პატიმრობა და სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული – თავისუფლების აღკვეთაც გაუქმდა იმ ნარკოტიკის მოხმარებაზე, რაც არ იწვევს “სწრაფ შეჩვევასა და აგრესიულ ქცევას”, – საკონსტიტუციო სასამართლომ ახლახანს სახალხო დამცველის სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ იმ ნარკოტიკული საშუალების მციორე რაოდენობით გამოყენება, ან მისი დამზადება, შეძენა და შენახვა, რომელიც არ ქმნის საზოგადოებრივ საფრთხეს და არ იწვევს აგრესიულ ქცევას, არაადამიანურია სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება. ამავდროულად, საკონსტიტუციო სასამართლომ ძალაში დატოვა კანონის ის ნორმა და სასჯელის ფორმაც ნარკოტიკებთან მიმართებაში, რაც „იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას“. ამ ნარკოტიკის მოხმარება ისევ დასჯადი იქნება.

„საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, უნდა მოხდეს ნარკოტიკული საშუალებების დაყოფა ორ კატეგორიად – ჯგუფი, რომელიც იწვევს სწრაფ შეჩვევას და აგრესიულ ქცევას და პირიქით,“ – ამბობს გიორგი ლომთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. მისივე თქმით, სასამართლოს არ უმსჯელია, კონკრეტულად რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეიძლება შეეხოს ეს გადაწყვეტილება.

გიორგი ლომთაძე განმარტავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების შემდეგ კანონმდებლის, ანუ პარლამენტის პრეროგატივაა „უფრო მკაფიოდ განსაზღვროს აღნიშნული კატეგორიის ნარკოტიკული საშუალებები“, – ამბობს ის.

ბათუმის მერი რივიერაზე: „შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ვხედავ“

ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამბობს, რომ „ბათუმი რივიერას“ პროექტის განხორციელებისთვის შემაფერხებელ ფაქტორს ვეღარ ხედავს. მერის თქმით, შპს „რივიერა ბათუმმა“ ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარებული კვლევები წარადგინა. გარდა ამის, მას აქვს „გეოგრაფიკის“ წერილი, რომლითაც დგინდება, რომ ახალი პროექტი ტერიტორიაზე არსებულ ძეგლებს არ დაფარავს.

„გეოგრაფიკის პასუხი ნიშნავს, რომ პროექტი არ შედის რაღაც კონფლიქტში ახალომახლო არსებულ ისტორიულ ძეგლებთან. ვფიქრობ, ეს უფრო აძლიერებს რივიერას პოზიციებს, ვინაიდან თუ ის არ აზიანებს და არ ჩრდილავს ამ ისტორიულ ფონს, რაზეც ყოველთვის არის აპელირება, მაშინ რაღა უშლის – ეს იყო ერთ-ერთი ბოლო ბარიერი, რაც მუდმივად სახელდებოდა. ასევე ის, რომ არის გარკვეული კითხვის ნიშნები ნიადაგის კვლევებთან დაკავშირებით. ორივეზე არის ამომწურავი პასუხი. ერთზე „გეოგრაფიკმა“ გასცა პასუხი, რომ არ არის კონფლიქტი. არის ასევე ძალიან კვალიფიციური კომპანიების, მყვინთავების, ჭაბურღილებისა და სხვა ტექნიკური საშუალებებით ჩატარებული კვლევა, რომელიც ამბობს, რომ არავითარ საფრთხეს [პროექტი] არ შეიცავს. რაც შეეხება გაეროს დაფინანსებულ კვლევას, ეს არ ეყრდნობა სერიოზულ ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებს, აქეთა მხარემ კი მოამზადა ძალიან სერიოზული კვლევა“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

მერის განმარტებით, გაეროს მიერ დაფინანსებული კვლევა, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა და რივიერას ტერიტორიას ეხება, არის ისტორიულ დოკუმენტაციაზე დაწერილი, რომლის ფარგლებში არ ჩაუტარებიათ კონკრეტული პრაქტიკული გაანგარიშებები და კვლევები.

„დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – ასეთი დასკვნა სპეციალისტებმა UNDP-ის მიერ  დაფინანსებული კვლევის საფუძველზე დადეს.

კვლევა 2013 წელსაა ჩატარებული, მაშინ როცა ბათუმის მერი ლაშა კომახიძე ამ ორგანიზაციაში პროექტების მენეჯერად მუშაობდა. ამჯერად ის კომპანიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებს ეყრდნობა:

„ისეთი ინვესტორი ვინმეს თუ ეგულება, რომელიც ეჭვის ქვეშ დააყენებს ასობით მილიონს, რომ ბოლოს ზღვაში გაუშვას? – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მე ასეთი ხალხი არ მეგულება. განსაკუთრებით ასეთ მსხვილ საინვესტიციო პროექტებში. როდესაც აღარ არის არგუმენტი, ეს უარგუმენტო ჯიუტობას უფრო ჰგავს. ვფიქრობ, ამ ყველაფერზე დაყრდნობით და იმის დამატებით, რომ პროექტი არის ეკონომიურად და ტურისტული თვალსაზრისით გარდამტეხი ქალაქისთვის, მე ვფქრობ, რომ უნდა მივესალმოთ ამ პროექტის განხორციელებას და ხელი შევუწყოთ მას,“ – ამბობს მერი.

როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

სად არის ყველაზე სუფთა წყალი შავი ზღვის სანაპიროზე – კვლევა

გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე სუფთა წყალი სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის სანაპიროზეა.

“შავი ზღვის საქართველოს სანაპიროზე ბიომრავალფეროვნების კუთხით დადებითი ტენდენციები ფიქსირდება. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სარფის, მწვანე კონცხისა და ციხისძირის აქვატორიული წყლები, სადაც მოლუსკებისა და კიბოსნაირების არსებობა სანაპირო წყლების ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოზე მიუთითებს,” – ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

სააგენტოს ინფორმაციით, შავი ზღვის თვითაღდგენის პროცესზე მიუთითებს ევროპული ხამანცკის გამოჩენაც, რომელიც 40-იანი წლებიდან აღარ დაფიქსირებულა. საქართველოს ტერიტორიულ წყლებში  ფიქსირდება  თევზის 125 სახეობა, მათ შორისაა, წითელ წიგნში შეტანილი ზუთხისებრთა  წარმომადგენლების 4 სახეობა.

კვლევების თანახმად, შავი ზღვის საქართველოს ნაწილში აღებულ წყლის სინჯებში ლითონების კონცენტრაციები ევროპული სტანდარტების  მიხედვით დაბალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

ამასთან, შავი ზღვის, ისევე როგორც მსოფლიოს ყველა სხვა ზღვის დაბინძურების მთავარ მიზეზად ადამიანების ზემოქმედება რჩება. 21-ე საუკუნის გამოწვევად კი, პლასტიკით დაბინძურება განიხილება. შავ ზღვაშიც აღმოჩენილი მყარი ნარჩენების თითქმის 83% პლასტმასზე და მიკროპლასტიკზე მოდის.

გარემოს ეროვნული სააგენტო მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს და შავი ზღვის წყალს სხვადასხვა მნიშვნელოვან პარამეტრზე აკონტროლებს.

 

როდის დაამტკიცებენ ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონას?- ლაშა კომახიძის პასუხი

სტატიის სათაურში დასმულ კითხვაზე პასუხი ისევ არ გვაქვს,  ვერც დაზუსტებულ და ვერც მიახლოებულ თარიღს ბათუმის მერი ვერ ასახელებს. ლაშა კომახიძის თქმით, მან დღეს, 2 აგვისტოს, მოაწერა ხელი წერილს, რომლითაც მიმართა კომპანია „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელს სამუშაო შეხვედრის ჩანიშვნის თაობაზე: „იმისთვის, რომ გავიაროთ კონსულტაციები ამ საკითხზე“.

ვიდრე „გეოგრაფიკი“ კონსულტაციებისთვის მოიცლის და მერიას უპასუხებს, შემდეგ კი ჩამოყალიბდებიან და დოკუმენტებს განაახლებენ ან მერია ამ მომსახურების შეძენის მიზნით ტენდერს გამოაცხადებს, დასრულებული იქნება ადმინისტრაციული წარმოების ვადა, რომლის ფარგლებშიც პასუხი უნდა გაეცეს კითხვას – აშენდეს თუ არა 5 თაუერი ბათუმის კონცხზე, ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ექვსი ჰექტარი ფართობი შპს „ბათუმი რივიერას“ ეკუთვნის.

საქმე იმაშია, რომ ბათუმის ისტორიული საზღვრების დადგენისას შპს „გეოგრაფიკმა“ [ეს სამუშაო კომპანიას მერიამ დაუკვეთა] ე.წ. ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორია ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონის საზღვრებში შეიტანა. ისტორიული დაცვის ზონის საზღვრებში კი მშენებლობის ის სტანდარტი არ ვრცელდება, რაც ქალაქის სხვა ზონებში.

ქალაქს დამტკიცებული დაცვის ზონები ჯერ კიდევ რომ არ აქვს, ამაზე აქცენტი შპს „ბათუმი რივიერას“  წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემაც გააკეთა ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის საჯარო განხილვაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა კომპანია მერიისგან გარკვეულ სტანდარტებზე შეთანხმებას ითხოვს, მერია ვერ განიხილავს პროექტს ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში გათვალისწინებული სტანდარტებით.

„გეოგრაფიკთან“ ერთად მერი და მისი თანამშრომლები, ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონასთან დაკავშირებით, ამავე კომპანიის მიერ უკვე შემოხაზული საზღვრების გადახედვას გეგმავენ. გარდა ამისა, როგორც მერი ამბობს, უნდა გაიარონ კიდევ რამდენიმე საკითხი დოკუმენტების დასაკორექტირებლად.

ბათუმის მერიის მიერ თვითნებურად დაკორექტირებული ეს დოკუმენტი კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 2019 წლის 15 თებერვალს გაფართოებულ სხდომაზე განიხილა და დაიწუნა: „ვის მოუვიდა თავში ბათუმის კონცხის საზღვრებიდან ამოღება?“ – ასეთი იყო სააგენტოს ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ანთიძის რეაქცია „ბათუმელებთან“. მან ასევე გვითხრა, რომ ზემოთ აღნიშნულ სხდომას არ დასწრებია და ის ამ საკითხთან მიმართებაში ის საბჭოს სპეციალისტების მოსაზრებებს ეყრდნობა.

გაფართოებულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ, სააგენტომ რეკომენდაცია მისცა მერიას „გეოგრაფიკის“ მიერ შეთავაზებული ვერსიით მოამზადოს დოკუმენტები და ხელმეორედ წარუდგინოს სააგენტოს. მერიაში განაცხადეს, რომ დოკუმენტების განახლებაზე უნდა იმუშაონ.

გაფართოებული სხდომის შემდეგ ხუთი თვე გავიდა. დოკუმენტების განახლებაზე მერიას მუშაობა ჯერ არ დაუწყია, რადგან, როგორც მერი ამბობს, ეს „გეოგრაფიკთან“  კონსულტაციების საფუძველზე უნდა გააკეთონ. „გეოგრაფიკის“ სპეციალისტები როდის უპასუხებენ მერიის დღევანდელ მიმართვას, ეს ჯერ არ ვიცით.

„საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთან ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია, გვაქვს გარკვეული მოსაზრებები კორექტირებაზე სხვადასხვა საზღვრის, ეს მაინც და მაინც რივიერას არ ეხება.  ვგულისხმობ, არსებული დოკუმენტების განახლებას. რუკების ნაწილი, რომელსაც ეყრდნობა კვლევა, არ ასახავს დღევანდელ რეალობას. გვინდა „გეოგრაფიკთან“ კონსულტაცია აი ამ განახლების ნაწილში. გვაინტერესებს, რამდენად სწრაფად შეიძლება გაკეთება, რა ფინანსური რესურსი, რა დრო დასჭირდება ამას, სად შეიძლება წავიდეთ ძველი მოცემულობით, სად აუცილებელია განახლება – სამუშაო არის მრავალმხრივი და მივმართეთ თხოვნით, რომ შევხვდეთ და გავიაროთ ეს საკითხები“, – ამბობს ლაშა კომახიძე.

ასეთ ვითარებაში აღარ არის აქტუალური, როგორ მოიქცევა მერი, გაიღებს ძალისხმევას, რომ ჯერ ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა დაამტკიცოს საკრებულომ და მერე განიხილონ ბათუმის კონცხზე მშენებლობის ნებართვის საკითხი, თუ პირიქით? – მით უფრო მას შემდეგ, რაც შპს „რივიერა ბათუმმა“ უკვე გამოაქვეყნა „გეოგრაფიკის“ დირექტორის, გიორგი გოცირიძის მიერ ხელმოწერილი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ დაგეგმილი სამშენებლო პროექტი არ ფარავს მიმდებარედ არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს და დაცვის ზონებსაც ითვალისწინებს.

 

 

 

 

საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დამტკიცდა, ასევე ცვლილება შევიდა „მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში“.

განათლების რეფორმის ფარგლებში, საპენსიო ასაკს მიღწეული მასწავლებლები, რომლებმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, 2019 წელს სახელმწიფოსგან ერთჯერად ფულად ჯილდოს – ორი წლის ჯამურ ხელფასს მიიღებენ.

აღნიშნული რეფორმის განსახორციელებლად საქართველოს მთავრობამ საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის ფულადი ჯილდოს გაცემის წესი დაამტკიცა:

  • ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.
  • პრაქტიკოსმა მასწავლებელმა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე განცხადებით საჯარო სკოლის დირექტორს უნდა მიმართოს.
  • იმ შემთხვევაში, თუკი პრაქტიკოსი მასწავლებელი ერთზე მეტ საჯარო სკოლაში ასწავლის, ფულადი ჯილდოს აღების მიზნით ვალდებულია შრომითი ურთიერთობა შეწყვიტოს ყველა საჯარო სკოლასთან. ამ შემთხვევაში ფულადი ჯილდო გამოითვლება თითოეულ საჯარო სკოლასთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე.
  • ფულადი ჯილდოს ოდენობა შეადგენს ბოლო 3 თვის განმავლობაში პრაქტიკოსი მასწავლებლის მიერ ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლს.
  • იმ მასწავლებელს, რომელსაც 2019-2020 სასწავლო წლის დაწყებამდე შეჩერებული აქვს შრომითი ურთიერთობა, ფულადი ჯილდო მიეცემა ნამუშევარი ბოლო 3 თვის განმავლობაში ყოველთვიური შრომის ანაზღაურების (საშემოსავლო გადასახდელის გარეშე) საშუალო არითმეტიკულის 24-ჯერ ნამრავლის ოდენობით.
  • ფულადი ჯილდოს ოდენობა დაანგარიშდება პრაქტიკოსი მასწავლებლის თანამდებობრივი სარგოსა და მასზე გათვალისწინებული დანამატების მიხედვით.
  • თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის განმავლობაში კვლავ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები) და დააბრუნოს ფულადი ჯილდო სრული ოდენობით.
  • ხოლო თუ საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი მასწავლებელი ფულადი ჯილდოს მიღების შემთხვევაში, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2 წლის შემდეგ გადაწყვეტს საჯარო სკოლაში მასწავლებლის ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებას, ასევე, ვალდებულია დააკმაყოფილოს შესაბამისი მოთხოვნები („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
  • ფულადი ჯილდოს გაცემა 2019 წლის განმავლობაში განხორციელდება.
  • 2019 წლის 31 მაისის მდგომარეობით, საჯარო სკოლებიდან შემოსული ინფორმაციის თანახმად, ჯილდოს მიღების სურვილი 1594 სკოლის 5600-ზე მეტმა მასწავლებელმა გამოხატა.

სამინისტროს ინფორმაციით, განათლების მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, სკოლებში სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ პრაქტიკოსმა მასწავლებელმა დაადასტუროს მინიმალური კომპეტენცია და აიმაღლოს სტატუსი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით ასევე განისაზღვრა უფროსი მასწავლებლის სტატუსის მინიჭების განსაკუთრებული წესი:

  • იმ პრაქტიკოს მასწავლებელს (გარდა არაქართულენოვანი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებლისა), რომელიც 2020 წლის 31 იანვრის ჩათვლით ვერ მოიპოვებს უფროსი მასწავლებლის სტატუსს, საჯარო სკოლის დირექტორი საჭიროების შემთხვევაში გაუფორმებს ვადიან შრომით ხელშეკრულებას, ხოლო აღნიშნულ პოზიციას გამოაცხადებს ვაკანტურად.
  • ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსის წესით დასაქმდება პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს („ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 213 მუხლით მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნები).
  • ვაკანტურ პოზიციაზე შერჩეული პირის დანიშვნის შემდეგ პრაქტიკოს მასწავლებელს ვადიანი შრომითი ხელშეკრულება შეუწყდება.

ამავე თემაზე:

ორი წლის ხელფასი სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ – შეთავაზება ასაკოვან პედაგოგებს

აჭარაში ხიდების გამოკვლევაზე 100 000-ლარიანი ტენდერი არ შედგა – ხიდების ჩამონათვალი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტს სახიდე გადასასვლელების გამოკვლევა-გამოცდის მომსახურების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი ჰქონდა გამოცხადებული. ტენდერი არ შედგა, ვინაიდან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. სატენდერო თანხა 100 ათასი ლარი იყო. დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ შეისწავლიან მიზეზებს, თუ რატომ ჩავარდა ტენდერი და შემდეგ ხელახლა გამოაცხადებენ.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხიდების გამოკვლევა-გამოცდის ჩატარება საჭიროა მათი ტექნიკური მდგომარეობის დადგენის მიზნით, ასევე, შესაბამისი ღონისძიებების ჩასატარებლად ნაგებობების მზიდუნარიანობის შესანარჩუნებლად, ხოლო საჭირო შემთხვევაში – ტვირთამწეობისა და გამტარუნარიანობის გაზრდის შესაძლებლობის განსაზღვრისთვის.

ტენდერში გამარჯვებულს უნდა შეესწავლა კონკრეტული ხიდის კონსტრუქციული ელემენტები [ბურჯები, სარეგულაციო კედლები, საყრდენი ნაწილები, მალთანაშენი, სავალი ნაწილი, ტროტუარები, მოაჯირები, დეფორმაციული ნაკერები, მისასვლელები], ასევე უნდა გამოევლინა და დაეფიქსირებინა დეფექტები, დაზიანებები და  უწესრიგობები. ყველა ცალკეულ შემთხვევაში დასახული უნდა იქნას ღონისძიებები ნაგებობების ნორმალური და უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად.

ხიდების ჩამონათვალი, რომელთა გამოკვლევა-გამოცდა უნდა ჩატარდეს

ტექნიკური დავალების მიხედვით, სხვადასხვა ხიდზე სხვადასხვა სამუშაო არის ჩასატარებელი. მათ შორის, მაგალითად, ხიდქვეშა ზონის გამოკვლევა და ცოცხალი კვეთის გადაღება; ბურჯების წარეცხვის დონის და მათი ფუნდირების დონის დადგენა სპეციალურ მყვინთავთა ჯგუფის მიერ (საჭიროების შემთხვევაში). საგამოცდო დატვირთვების ორგანიზება [8-12 ცალი მანქანის დაქირავება, ინერტული მასალებით დატვირთვა და მათი ექსპლოატაცია რამდენიმე დღის განმავლობაში].

უნდა მომზადდეს ხიდის ტექნიკური მდგომარეობის შეფასება, დასკვნები და გამოვლენილი დაზიანებების აღმოსაფხვრელი რეკომენდაციები.

ვიზუალური დათვალიერებით მიმწოდებელს უნდა დაედგინა ლითონის კოროზია, კონსტრუქციის ელემენტებისა და კვანძების დეფექტები, ბზარები, მაღალი სიმტკიცის ჭანჭიკებისა და მოქლონების სრულყოფილება და მდგრადობა, შედუღებულ ნაკერებში ბზარების წარმოშობა და სხვა. უნდა დადგინდეს არსებული დეფექტების გავლენა კონსტრუქციის სიცოცხლისუნარიანობაზე და ა. შ. უნდა დაისახოს რეკომენდაციები აღდგენითი სამუშაოების შესასრულებლად.

მიმწოდებელი ვალდებული იყო, არსებული ნაგებობების კონსტრუქციებიდან აღებული ნიმუშები საჭირო შემთხვევაში გამოეცადა სპეციალიზებულ აკრედიტებულ ლაბორატორიაში.

სტატიკური და დინამიკური გამოცდის დროს [ხიდის გამოცდას უნდა დასწრებოდა საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენელი] ტრანსპორტის მოძრაობა ხიდებზე უნდა შეწყვეტილიყო. მიმწოდებელს მოძრაობის შეჩერების ხანგრძლივობა მინიმუმამდე უნდა დაეყვანა. მოძრაობის შეწყვეტა კი წინასწარ უნდა შეეთანხმებინა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან და შსს-ს საპატრულო პოლიციასთან.

ხიდი მდინარე აჭარისწყალზე / კირნათისკენ მიმავალი გზა სოფელ აჭარისწყალში /2.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“

 

სამედიცინო განათლების ყალბი სერტიფიკატის დამზადებისთვის სასწავლებლის დირექტორი დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, სამსახურის თანამშრომლების მიერ გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მე-3 და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული კომერციული მოსყიდვისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე დაკავებული იქნა ერთი პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ პროფესიული სასწავლებლის დირექტორმა დაამზადა და 950 ლარად გაასაღა სამედიცინო განათლების მიღების დამადასტურებელი ყალბი სერტიფიკატი, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

აღნიშნული ქმედება სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2-დან 4 წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში – უახლოესი დღეების პროგნოზი

2 აგვისტოს, 21 საათიდან 3 აგვისტოს 21 საათამდე, გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა და ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში. ზოგან მოსალოდნელია ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა.

ტემპერატურა ბათუმსა და აჭარის სანაპირო რაიონებში:

  • ღამით  +19 +24 გრადუსი,
  • დღისით +25, +30 გრადუსი;

მთიან რაიონებში:

  • ღამით 8-13 გრადუსი სითბო,
  • დღისით 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვაზე იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში,ზოგან ნავარაუდევია ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმა. ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-3 ბალი).

ზღვის წყლის ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება. 

4 აგვისტოს აჭარის ზღვისპირა ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ასეთი ამინდი გაგრძელდება 5 და 6 აგვისტოს, თუმცა მოსალოდნელია ზოგან ელვა-ჭექა და ხანმოკლე წვიმაც.

სად და როდის გაიმართება შუამთობა აჭარაში

აგვისტოს პირველ შაბათ-კვირას აჭარის მაღალმთიანეთში შუამთობა იმართება. დღესასწაული აჭარის მთებში ხვალ, 3 აგვისტოს, დაიწყება და 4 აგვისტოს დასრულდება.

ხულოს მუნიციპალიტეტში “შუამთობა” ტრადიციულად კურორტ ბეშუმში გაიმართება. საზეიმო ღონისძიებები კურორტზე 3 და 4 აგვისტოსაა დაგეგმილი. ასევე 3 აგვისტოს ზეიმობენ შუამთობას დიდაჭარის და ვაშლოვანის მთაში.

ამასთან, 6 აგვისტოს შუამთობა გაიმართება გვალმინდორის, 7 აგვისტოს კი ზორტიყელის მთაში.

რაც შეეხება შუახევის მუნიციპალიტეტს,  სახალხო დღესასწაული აქაც რამდენიმე საზაფხულო იალაღზე გაიმართება.

3 აგვისტოს “შუამთობაზე” დასწრება შეგიძლიათ გომის მთაზე, სადაც გასართობი ღონისძიებები დღის პირველი საათიდან დაიწყება.

გომისმთის პარალელურად შუამთობას აღნიშნავენ მერიაყელის, ტყისველის, სანალიას, საბერწიას, გრძელგორის, ყავრიანის, კატრიანის და თეთრობის მთებში.

4 აგვისტოს შუამთობის დასკვნითი ღონისძიება გაიმართება მთა ჩირუხზე, ასევე,  ღომას, მაწყვალთისა და ჯანჯღნარის მთებში.

შუამთობის დღესასწაული ყოველ წელს საზაფხულო იალაღებზე იმართება. დღესასწაულზე მისულ სტუმრებს აჭარის მთის სამზარეულოსთვის დამახასიათებელი კერძებით გაუმასპინძლდებიან.

 

საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია].

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და 55 728 ორგანიზაცია. აქედან რამდენია საჯარო მოხელე და საჯარო დაწესებულება, ეს მონაცემები ამ ეტაპზე, როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, დაზუსტებული არ აქვთ.

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ კი ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა – თუ რა სფეროში/პროექტებში  დაბანდდება ეს თანხა – სწორედ საინვესტიციო საბჭომ უნდა განსაზღვროს. ამ თემაზე: უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? 

საპენსიო სააგენტოში ამ ეტაპზე რისკის კომიტეტი ყალიბდება. კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსიაზე კონკურსი, როგორც სააგენტოში გვითხრეს, ერთ-ორ კვირაში გამოცხადდება. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბანდებაზე საინვესტიციო საბჭომ შესაძლოა მიმდინარე წლის სექტემბერში იმსჯელოს.

2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი საპენსიო სქემა 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

ამ თემაზე:

გიბრუნდება თუ არა თანხა, როცა ორმოცი/მეტი წლის ხარ და დაგროვებით საპენსიო სქემიდან გამოხვედი 

„ორი ნაპირი“ – ლატვიაში მცხოვრები ქართველი მხატვრის პერსონალური გამოფენა ბათუმში

დღეს, 2 აგვისტოს, ბათუმის ხელოვნების მუზეუმში ქართველი მხატვრის, ნუგზარ პაქსაძის პერსონალური გამოფენა – „ორი ნაპირი“ გაიმართება.

„ნუგზარ პაქსაძე 1982 წლიდან ლატვიაში ცხოვრობს. ის არაერთი საერთაშორისო პლენერის [ფერწერა ღია ცის ქვეშ] მონაწილეა, არის მრავალი პერსონალური გამოფენის ავტორი. მუშაობს ფერწერასა და ინტერიერის დიზაინში“, – ნათქვამია ხელოვნების მუზეუმის პრესრელიზში.

„ორი ნაპირი“ მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენაა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა დროს შესრულებული ფერწერული პეიზაჟები.

ვერნისაჟზე მაყურებლის წინაშე ასევე წარსდგება ლატვიელ მომღერალთა გუნდი – „მარუპე“.

გამოფენა 16:00 საათზე გაიხსნება.

მშენებარე კორპუსში, საიდანაც ლიფტი ჩამოვარდა, სამუშაოები შრომის ინსპექციამ შეაჩერა

შრომის ინსპექციამ სამშენებლო სამუშაოები შეაჩერა იმ მშენებარე კორპუსში, საიდანაც 29 ივლისს სატვირთო ლიფტი ჩამოვარდა. ლიფტით 6 ადამიანი გადაადგილდებოდა და აქედან 3 დაშავდა.

შრომის ინსპექცია მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იმ შემთხვევაში იღებს, როცა მშენებლობის პროცესი სამშენებლო უსაფრთხოების სტანდანტებთან კრიტიკულად შეუსაბამოა. ეს შემთხვევა აღმაშენებლის 2ა-ში მოხდა, სადაც კომპანია „გრანდ სითი“ აშენებს საცხოვრებელ კორპუსს.

შრომის უსაფრთხოების ინსპექციის წარმომადგენლის თქმით, სამშენებლო ობიექტზე შეჩერდა, როგორც სიმაღლესთან დაკავშირებული მშენებლობა, ასევე ლიფტის მოწყობის სამუშაოები

„არ იყო წარმოდგენილი სამაშველო გეგმა, საფრთხეები რისკების შეფასებისას, შრომის უსაფრთხოების გეგმა, ზოგიერთ ადგილზე არ იყო მოაჯირი სრულყოფილად მოწყობილი,“ – ამბობს მაია მიქაია. მისი განმარტებით, მშენებლობის პროცესი მას შემდეგ გაგრძელდება, თუკი კონკრეტული დარღვევები აღმოიფხვრება. შრომის ინსპექცია აგრძელებს მოკვლევას ამ სამშენებლო ობიექტზე.

„ჩვენ არ გაგვიპროტესტებია შრომის ინსპექციის ეს გადაწყვეტილება, ეს არ მიგვიღია სასჯელად. პირიქით, კომპანიის მიდგომაა, რომ ეს არის სისტემის დახვეწის წინაპირობა,“ – ამბობს კომპანია „გრანდ სითის“ იურისტი, მერაბ დიმიტრაძე. მისი თქმით, პროკურატურამ გამოკითხა დაზარალებულები, რომლებიც უკვე გაწერეს კლინიკებიდან.

პროკურატურას ამ საქმეზე ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

 

„თავისუფალ სივრცეში” ზურა გოგიბერიძის გამოფენა გაიხსნა

ბათუმის ,,თავისუფალი სივრცე“ (მის.: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას #6) ზურა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენას მასპინძლობს. გამოფენაზე ნახატები, ხატები და ჯვრებია წარმოდგენილი. გამოფენის სტუმრობითა და ნახატების შეძენით წვლილს შეიტანთ სიმბოლურად ყოფილი პატიმრების საზოგადოებაში დაბრუნების საქმეში, რაც მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არის ციხიდან გათავისუფლების შემდეგ.

მხატვარი ზურა გოგიბერიძე ყოფილი პატიმარია,  ხატვით რვა წლის წინ, საპატიმროში დაინტერესდა, დღეს პირველად გაიხსნა მისი პერსონალური გამოფენა და ამბობს, რომ სამომავლოდ სახელოსნოს გახსნასაც გეგმავს, მერე კი, როგორც ამბობს, მზად არის სიამოვნებით შეასწავლოს ყველა მსურველს ხატვა და ხეზე კვეთა.

ხატვისთვის  საჭირო მასალები და ხელსაწყოები ზურამ დემოკრატიის ინსტიტუტის ,,ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის” ფარგლებში შეიძინა და ნახატებს დიდხანს აგროვებდა გამოფენისთვის.

მხატვრის ნამუშევრის ერთ-ერთი პირველი მყიდველი გამოფენაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორი, ნათია სონღულაშვილი იყო:

„ჩემთვის, როგორც ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს წარმომადგენლისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საზოგადოებრივ და სოციალურ აქტივობებში  მონაწილეობის მიღება, როგორც პროკურატურის გახსნილობის, ასევე, იმ ადამიანების წარმოჩენისა და მხარდაჭერისთვის, ვინც თავის დროზე კრიმინალური წარსულის შემდეგ რესოციალიზაცია შეძლო,ზოგმა დახმარების გარეშე, ზოგმაც არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით. ვისურვებდი სახელმწიფოს მეტ ჩართულობას ამ მიმართულებით, რომ სახელმწიფო მეტ სოციალურ სერვისს და გარანტიებს სთავაზობდეს ყოფილ პატიმრებს,“ – ამბობს ნათია სონღულაშვილი.

„თავისუფალ სივრცეში“ გამოფენაზე ზურა გოგიბერიძის 67 ნამუშევარია წარმოდგენილი, მათი დათვალიერება ნებისმიერი მსურველისთვისაა შესაძლებელი.

გამოფენის გახსნის ცერემონიას ,,თავისუფალ სივრცეში” მუსიკალურად აფორმებდა ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარი გრიგოლ მახარაძე.


ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი გულისხმობს:

  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
    • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
    • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით.
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას.
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

თანაზიარი – რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

როგორი იქნება კომაროვის სკოლა ბათუმში

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ბათუმში კომაროვის სკოლის პროექტირებასა და მშენებლობასთან დაკავშირებით ფასთა კვლევას ატარებს. კომაროვის სკოლა ბათუმში, მდინარე ბარცხანას გასწვრივ [გოროდოკის დასახლებაში] სვიშევსკის ქუჩის N1-ში აშენდება. სკოლისთვის გამოყოფილია 72 352 კვ/მ მიწის ნაკვეთი, რომელზეც მოშენობის ფართობი 6 333 კვ/მ. იქნება. ტერიტორია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია.

ტერიტორია, სადაც ბათუმის კომაროვის სკოლა უნდა აშენდეს

 სააგენტო მომსახურებას „D.B. დიზაინ ბილდის“ პრინციპით შეისყიდის, ანუ მიმწოდებელი თავად იქნება პასუხისმგებელი დეტალური პროექტის მომზადებაზე. დაინტერესებულმა კომპანიამ კი, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის ღირებულებები და ვადები სააგენტოს 2019 წლის 6 აგვისტოს, 18:00 საათამდე უნდა წარუდგინოს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს წარმოდგენილი აქვს ასევე ესკიზური პროექტი, რომლის მიხედვითაც  დეტალური პროექტი უნდა მომზადდეს, ხარჯთაღრიცხვა და მშენებლობისთვის საჭირო სხვა დოკუმენტაცია. ფასთა კვლევის დასრულების შემდეგ დადგინდება, რამდენი თანხა და დრო იქნება საჭირო ბათუმში კომაროვის სკოლის ასაშენებლად.

ბათუმის კომაროვის სკოლა – ესკიზი
ბათუმის კომაროვის სკოლა – ესკიზი
ბათუმის კომაროვის სკოლა – ესკიზი

ზოგიერთი მოთხოვნა შენობისადმი:

  • შენობის კონსტრუქცია: კარკასული, რკინა/ბეტონი,
  • იატაკის მოპირკეთება: შიდა სივრცეებში, ნატურალური ლინოლიუმი (ევროპული ხარისხის) თავისი პლინტუსების გათვალისწინებით;
  • სანიტარული კვანძებში – კერამოგრანიტის   ფილა;
  • ვიტრაჟები, კარი და ვიტრაჟები იზოალუმინი მინაპაკეტი;
  • ფანჯრები იზოალუმინი გაღება-გადმოკიდებით ესკიზის შესაბამისად, მინაპაკეტი. ესკიზის მიხედვით.
  • შენობას უნდა ქონდეს პანდუსი და ადაპტირებული სველი წერტილი შშმ პირებისათვის;
  • ფასადი მოპირკეთდეს: წყალგამძლე,  ყინვაგამძლე, ცეცხლგამძლე საფასადე ფილებით.
  • აივანის მოაჯირები, დეკორეტიული ელემენტები, სახურავის შუბლები და შიდა სივრცის მოპირკეთება; ტერასის შიდა მოპირკეთება, (ესკიზის შესაბამისად) მაღალი ხარისხის გამომშრალი დამუშავებული, ლამინირებული  ხე ტენიანობის კოეფიციენტი 10% ±1.5%; სილიკონის ბაზაზე დამზადებულ ორკომპონენტიანი ლაქით დაფარული  მდგრადი ნესტისა და მზის მიმართ.
  • სველი წერტილებში, კედლები მოპირკეთდეს მოჭიქული ფილით;
  • ჭერი, დანარჩენ სივრცეებში თაბაშირმუყაო ლედ. სანათებით; ჭერი, სასწავლო სივრცეებში აკუსტიკური შეკიდული ფილები თავისი კარკასით, ლედ. სანათებით.

ყველა მასალა უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან თავისი ხარისხის და სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენით. ყველა სამუშაოს და მასალის მოცულობა დაზუსტდება ესკიზის მიხედვით მომზადებული და დამკვეთთან შეთანხმებული პროექტის შესაბამისად.

ამ თემაზე:

„კომაროვის სკოლა“ ბათუმში – პრეზენტაციისთვის სამინისტრო 87 ათას ლარს დახარჯავს

შსს: ნარკოტიკების შემოტანაზე სამი პირი დააკავეს – ერთ-ერთი პოლიციელს თავს დაესხა

სარფის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე სამართალდამცველებმა ირანის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულს პირადი ჩხრეკის დროს 200 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 720 გრამი „ჰეროინი“ ამოუღეს პირს, რომელიც „ვალეს“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან შემოდიოდა საქართველოში.

„ბუპრენორფინის“ და „კოკაინის“ შემცველი ნარკოტიკები ამოიღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს თანამშრომლებმა – მათ საქართველოს მოქალაქე ი.მ. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების 101 აბი ამოიღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ი.მ.-მ პოლიციელებს წინააღმდეგობა გაუწია, ერთ-ერთ სამართალდამცველს კი თავს დაესხა.

ამ ფაქტებზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე, 261-ე, 262-ე, 263-ე და 353-პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

რა მიზანი აქვს მთავრობას, როცა ამბობს, რომ „რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა“ – ცუცქირიძე

„ხელისუფლება დღეს მკაფიოდ ამბობს არა იმას, რომ რუსეთის ბაზარი კარგია, არამედ იმას, რომ რუსეთის გარეშე არაფერი გამოგვივა,“ – ამას განსაკუთრებით გაუსვა ხაზი ლევან ცუცქირიძემ, აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის დირექტორმა ჩვენთან საუბრისას. მას ხელისუფლების ბოლოდროინდელ განცხადებებზე ვკითხეთ, რასაც „გავრილოვის ღამის“ შემდეგ რუსეთიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებაზე, სანქციების დაწესებასა თუ ლარის გაუფასურების დროს ვისმენთ. ხელისუფლება ამ თემებზე საუბრის დროს თითქმის ყოველთვის ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ რუსეთის ბაზრის შენარჩუნება უნდა შევძლოთ.

რა გათვლა შეიძლება ჰქონდეს ხელისუფლებას, როცა ის ქართულ ეკონომიკაზე საუბრისას მუდმივად რუსეთის როლზე მიუთითებს, როცა წლების წინ საქართველომ რუსეთთან ომიც გამოსცადა, ემბარგოც და ქართველების მასობრივი გამოძევებაც? – „ბათუმელებმა“ ლევან ცუცქირიძეს ამ თემაზე რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო ლევან, თქვენ რა შთაბეჭდილება გექმნებათ, როცა მაღალჩინოსნები ტურისტების კლებას, ან ლარის გაუფასურებას ოპოზიციას აბრალებენ და რუსული ბაზრის შენარჩუნების უპირობო აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს? 

არსებობს ტერმინი დეფიტიზმი – რიტორიკა, რომელიც თავის თავში მოიცავს იმას, რომ აი, მაინც არაფერი გამოგვივა. ეს ემოციური განწყობა ძალიან ცუდია ქვეყნის, მათ შორს, ქართული ეკონომიკისთვის. ეს არის ასევე უვიცობის მაჩვენებელი. როგორ არ შეიძლება ჩვენი საექსპორტო და თუნდაც ტურისტული ბაზრის გადაწყობა ისე, რომ არ ვიყოთ დამოკიდებული ყოვლად გაუთვალისწინებელ პოლიტიკურად კონტროლირებად მოთამაშეზე, რომელიც ეკონომიკის კი არა, პოლიტიკის კანონით მოქმედებს.

მთელი მსოფლიო ცდილობს დივერსიფიკაციას, ჩვენი მთავრობა კი გვეუბნება, რომ რუსული ბაზრის გარეშე არაფერი გამოვა. მგონია, რომ არ უნდა დავიჯეროთ და გავიხსენოთ, რომ ძალიან ბევრი მაგალითია, როგორ გახდნენ პატარა ქვეყნები მრავალ ეკონომიკურ შესაძლებლობაზე ორიენტირებული.

შეიძლება ეს რიტორიკა იყოს მიზანმიმართული, რომ ჩვენ გვინდა თუ არა, უნდა ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებული და მეორე – უვიცობა, როცა არ ვიცით, როგორ მოვახერხოთ ისე, რომ არ ვიყოთ პირდაპირ ჩამოკიდებული რუსულ ბაზარზე.

  • თვლით, რომ ხელისუფლება ცდილობს პრორუსული განწყობის გაძლიერებას? 

ჩვენ მთავრობაში  გყავს ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ლარი თინეიჯერიაო. ეს შეგნებული ნაბიჯია ხო? ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც, უბრალოდ, წარმოდგენა არ აქვთ, თანამედროვე ეკონომიკა როგორ მუშაობს. რასაც გვიყვებიან ლარზე, არ ვიცი, ეკონომიკის შესავლის პირველი ნახევრის წაკითხვაც საკმარისია, რომ უკეთესი ტერმინებით და ლექსიკით მაინც გამოხატო შენი აზრი. ასეთი ადამიანების ჩაყენება შენი ქვეყნის ეკონომიკის სათავეში ნიშნავს, რომ ეკონომიკა მოიშალოს და იყო დამოკიდებული ვინმე, მოსულ ბატონზე.

ცხადია, მიმდინარეობს მიზანმიმართული მუშაობა, რომ შევეგუოთ ამას, ეკონომიკაში გაჩნდეს პრობლემები და მერე ვთქვათ, რომ გვიშველიან რუსები: ჩამოვა ბევრი ტურისტი, ჩამოვლენ ინვესტორები, ღვინოს გავყიდით იქ და გვეშველება. თავი უნდა დავანებოთ მიკიბულ-მოკიბულ საუბარს, ფართოდ გავახილოთ თვალები და ვთქვათ, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა ხდება, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.

  • მაგრამ ხელისუფლება ხშირად იმეორებს, რომ ის ევროინტეგრაციის ერთგულია, ასრულებს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს… 

ევროკავშირთან ასოცირება შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ არ გამოიყენო იგი პოლიტიკურად მეტად დაახლოებისთვის. ჩვენ ბევრი ჩამორჩენა გვაქვს დღის წესრიგში. საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე როცა ვსაუბრობთ, სულ მახსენდება ეს ფაქტი: რამდენი ხანია ჩვენ პარიზში არ გვყავს ელჩი. არ შეიძლება ქვეყანას, რომელიც ამბობს, რომ მისი გაცხადებული მიზანი ევროკავშირში შესვლაა, არ გყავდეს ელჩი წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ისეთ საკვანძო, მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოში, როგორიც არის საფრანგეთი.

მე მგონია, რომ ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებსაც საქართველო ვერ წარმოუდგენიათ სხვაგვარად. არიან ადამიანები, რომლებიც საქართველოს მოიაზრებენ ისევ რუსულ პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსეთი არის რეალურად ყველა ანტიდემოკრატიული ძალების ცენტრი ჩვენს რეგიონში. ჩვენს მთავრობაში არაა ცოტა ისეთი ადამიანი, რომელიც თანაუგრძნობს „პატრიოტთა ალიანსს“, ლევან ვასაძეს და მის კომბლებით მორბენალ ადამიანებს, ან „ქართულ მარშს“.

  • რას შეიძლება მიაღწიოს ხელისუფლებამ ამ რიტორიკით? ბოლო კვლევებიც აჩვენებს, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი არის ევროინტეგრაციის მომხრე. 

ევროპასთან ინტეგრაცია, უპირველეს ყოვლისა, ფასეულობებია. ეს არ არის მხოლოდ კანონების დაწერა. ფასეულობითი დაახლოვება უნდა მოხდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ დღეს დემოკრატიული, ლიბერალური ცენტრი ქვეყანაში სერიოზულ ზეწოლის ქვეშაა. ვხედავთ ანტიდასავლური, რუსული ვექტორის გაძლიერებასაც. ეს განცხადებები, რასაც ჩვენ ხელისუფლებისგან ვისმენთ, ამას ადასტურებს. შეიძლება თქვა, რომ რუსეთის ბაზარი კარგია. შესაძლოა, ომი გქონდეს ქვეყანასთან, მაგრამ რაღაც ურთიერთობები შეინარჩუნო, მაგრამ სრულიად სხვა რამეა, როცა ამბობ, რომ აი, ამათ გარეშე არაფერი გამოგვივა. უკრაინას ომი აქვს და თან სავაჭრო კავშირებს ინარჩუნებს რუსეთთან. ჩვენც რუსეთისგან ოკუპირებული ვართ, მაგრამ ჩამოდიოდნენ აქამდეც რუსი ტურისტები საქართველოში.

  • რამდენად მუშაობს ხელისუფლების ეს რიტორიკა, თქვენი დაკვირვებით? ქვეყანას გამოცდილი აქვს რუსეთთან ომი, ემბარგო და ბევრი სხვა რამეც. 

დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ იმუშავებს. თუმცა მეორე მხრივ, დიდ სიღარიბეში მყოფ ადამიანებს თუკი ყოველდღე უჩიჩინებს ხელისუფლება, რომ ემბარგო იმიტომ მოხდა, რომ ჩვენ ევროკავშირი გვინდოდა, შესაძლოა, თქვან ამ ადამიანებმაც, რომ იქნებ სხვაგვარად მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. უკიდურესი სიღარიბე მძიმე მოვლენაა და საგარეო ორიენტაციისთვისაც სერიოზული საფრთხეა.

  • ხელისუფლება საუბრობს იმ მეწარმეებისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ვისაც რუსი ტურისტები უნდა მიეღო. შესაძლოა, ამას ხელისუფლება აკეთებდეს იმიტომ, რომ აქაც აჩვენოს რუსეთზე დამოკიდებულება?

არ არის ცუდი, როცა ხელისუფლება მოსახლეობისთვის ზიანის ანაზღაურებას ცდილობს, მაგრამ ყველაფერში სიფრთხილეა საჭირო. სხვა ქვეყნებიდანაც რომ იკლოს ტურისტებმა, მაშინაც უნდა აუნაზღაუროს ზარალი? ან სხვა ტიპის ზარალი რომ დადგა, მაშინ აანაზღაურეს ზიანი? ზიანის ანაზღაურება მხოლოდ პოლიტიკურ მდგენელზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.

  • რა რისკებს შეიცავს ეს პროცესი? 

ეს რიტორიკა არის ნაზავი პრორუსული, ანტიდემოკრატიული მსოფლმხედველობის და არაკომპეტენტურობის. ქვეყანა ძალიან დიდი რისკების წინაშე დგას ახლა, ეკონომიკა ინგრევა რეალურად, მიმდინარეობს მთავარ ბიზნესმენებზე შეტევა, ლარის კურსი მიფრინავს, ხელისუფლება კი ამბობს, რომ მე ვერაფერს ვაკეთებ და ჟურნალისტებს მოსთხოვეთ პასუხიო. რეალურად სახელმწიფოს საფუძვლები ირღვევა, მათ შორის, ეკონომიკური საფუძვლები, რომელიც ძლივს შევაკოწიწეთ. ეს ხდება დღეს საქართველოში და, სამწუხაროდ, ამის მომსწრე უკვე ვართ.

 

 

ევრო 2000-ის მოსწავლე საქართველოს განათლების სამინისტროს დაფინანსებით ბრიტანეტში გაემგზავრება

სკოლა “ევრო 2000”-ის მოსწავლე მარიამ ვადაჭკორია გახდა ერთ-ერთი 7 მოსწავლეს შორის , რომელიც პროექტის „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ფარგლებში დიდ ბრიტანეთში გაემგზავრება.

აქტივობაში – ქვეყნის სხვა სკოლების მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 600 მოსწავლეს შორის მონაწილეობდა სკოლა ევრო-2000-ის 10 მოსწავლე.

მათთვის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში (თბილისი) ჩატარდა ორკვირიანი ინტენსიური ინგლისური ენის საზაფხულო კურსი.

გარდა შემეცნებითისა, ბანაკის პროგრამა მოიცავდა სპორტულ და სხვა მრავალფეროვან აქტივობებსაც, რომლის დროსაც ბავშვები სახლებად ანუ პატარა ჯგუფებად დაყოფილები ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს.

ბანაკის თითოეული ნაკადის მონაწილეებიდან შეირჩა 7 საუკეთესო მოსწავლე, რომელიც საქრთველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სრული დაფინანსებით გაემგზავრება ინგლისში, პროექტში – „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“ მონაწილეობის მისაღებად. მათ შორის არის ჩვენი სკოლის მე-12 კლასის მოსწავლე მარიამ ვადაჭკორია.

იგი სხვა გამარჯვებულებთან ერთად 7 სექტემბერს 2 კვირით გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში.

„ევრო 2000“  სამომავლოდაც წარმატებებს უსურვებს მარიამს.

საზაფხულო სკოლისთვის მოსწავლეების შერჩევა ხდება ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის მესამე ტურის შედეგებისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ორგანიზებული სხვადასხვა კონკურსების შედეგების საფუძველზე.

„ინგლისური ენის საზაფხულო სკოლების“ ქვეპროგრამა მოიცავს 2 აქტივობას: „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში“ და „ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა დიდ ბრიტანეთში“.

დაგროვებითი საპენსიო სქემა 853 ათასიდან 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა

საპენსიო სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებითი პენსიის სქემაში ჩართული იყო 853 000 ადამიანი, 2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით კი, სქემიდან გასულთა რაოდენობამ 15% შეადგინა. ანუ საპენსიო სქემა მაისიდან დღემდე 127 950-მა ადამიანმა დატოვა.

„ივლისის თვეში საგრძნობლად იკლო მომართვიანობამ სქემიდან გასვლის შესახებ, პარალელურად კი იმატა სქემაში დაბრუნებულთა რაოდენობამ. მარტო ივლისის თვეში 1000-მდე ის ადამიანი დაუბრუნდა საპენსიო სქემას, რომლებმაც ის დატოვეს“, – გვითრეს საპენსიო სააგენტოში.

დასაქმებულს, რომლის სახელფასო შემოსავალი 24 ათასამდე ლარია, სახელმწიფო საპენსიო ანგარიშზე ხელფასის 2%-ს ურიცხავს; იმათ, ვისი სახელფასო შემოსავალი წელიწადში 24 ათასი ლარიდან 60 ათასამდე ლარია, სახელმწიფო ურიცხავს 1%-ს; ხოლო 60 ათასი ლარის და მეტი წლიური შემოსავლის მქონეს – ხელფასის 0,5%-ს.

სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო სქემაში პირველი აგვისტოს მდგომარეობით ჩართულია 27 965 ისეთი პირი, რომელთა [თითოეულის] სახელფასო შემოსავალი იანვრიდან-დღემდე 24 ათასი ლარი და მეტია [60 ათას ლარამდე]; სქემაში 4 189 ისეთი პირიც არის ჩათული, რომელთან შემოსავალი წელს, 7 თვეში 60 ათასი ლარი და მეტი.

სააგენტოში აცხადებენ, რომ დეტალური სტატისტიკური მონაცემების დამუშავებაზე გრძელდება მუშაობა და განახლებული და დაზუსტებული ინფორმაცია დაახლოებით ორ კვირაში  ექნებათ. პარალელურად, ამ პერიოდში განახლდება საპენსიო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი, სადაც განახლებადი სტატისტიკური მონაცემების მოძიება იქნება შესაძლებელი.

თუ პირი 2018 წლის 6 აგვისტოსთვის იყო 40 და მეტი წლის და იყო დასაქმებული [ან ამ დროისთვის არ იყო დასაქმებული და შემდეგ დასაქმდა], ის კანონით ავტომატურად ჩაერთო საპენსიო სქემაში. სქემიდან გამოსვლის უფლება გარკვეულ პერიოდში, ძირითადად ამ პირებს შეეძლოთ. ვინც სქემიდან გამოვიდა, მას შეუძლია სქემაში ჩაერთოს ნებისმიერ დროს, თუმცა ხელახლა სქემის დატოვების უფლება აღარ ექნება.

ამ თემაზე:

ვის და როდის შეუძლია დატოვოს დაგროვებითი საპენსიო სქემა

სკოლა ევრო-2000-ის მოსწავლეები იზმირის სამეცნიერო ბანაკში

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეები თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ იზმირში მდებარე სამეცნიერო ბანაკის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობენ.

თურქეთის სამეცნიერო ბანაკის მიზანია ახალგაზრდების მეცნიერებითა და ტექნოლოგიებით დაინტერესების ხელშეწყობა. სამეცნიერო ბანაკში მიღებული გამოცდილება მოსწავლეებს დაეხმარება გუნდური მუშაობის, კომუნიკაციისა და პრობლემების გადაწყვეტის უნარების განვითარებაში.

სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა შერჩევისას სამინისტრომ გაითვალისწინა მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების დონე და სასკოლო ცხოვრებაში მათი ჩართულობა.სამეცნიერო ბანაკის მონაწილეთა ქალაქ იზმირში ტრანსპორტირების ხარჯები სამინისტრომ აანაზღაურა.

სკოლა ევრო-2000-დან თურქეთის სამეცნიერო ბანაკში მონაწილეობდა 10ა კლასის ორი მოსწავლე: საბა ნაგერვაძე და ანა ჯინჭარაძე.

[checklist]

  • საბა ნაგერვაძის შთაბეჭდილებები თურქეთის საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკიდან:

[/checklist]

თურქეთის საერთაშორისო სამეცნიერო ბანაკი სახელწოდებით: „Space Camp“ ძალიან საინტერესო იყო. პირველი დღე დავიწყეთ ბანაკის დათვალიერებით და თანატოლების გაცნობით. „The Knot “ და „Mission Impossible“ თამაშებით შეგვიმოწმეს პრობლემების გადაწყვეტისა და გუნდში მუშაობის უნარები. ტარდებოდა ბევრი მსგავსი, მოსწავლეთა უნარების შესამოწმებელი აქტივობა.

ჩვენ გავიგეთ, რას ნიშნავს კოსმოსში ყოფნა. ვირჩევდით საკუთარ პოზიციებს „კოსმოსურ ხომალდში“. გავეცანით „კოსმოსური ხომალდის“ ნაწილებსა და მისი მუშაობის სპეციფიკას. ასევე ვიხილეთ 5 DF სკამი, რომლის საშუალებითაც ხახუნის გარეშე კოსმოსის მდგომარეობის სიმულირება ხდება. დავათვალიერეთ კომპიუტერული ლაბორატორია. გუნდის წევრები ასტრონავტების მსგავსად ვაგებდით ხომალდის შემადგენელ ნაწილებს. მივიღეთ ინფორმაცია საერთაშორისო კოსმოსური სადგურის შესახებ და ავაგეთ საკუთარი სადგური ციფრულ ფორმატში. მივიღეთ ინფორმაცია კოსმოსში, ნიადაგის გარეშე მცენარეების ზრდასთან დაკავშირებით. ობსერვატორია – ტელესკოპის საშუალებით დავათვალიერეთ ციური სხეულები.
სამეცნიერო ბანაკში გვქონდა უამრავი აქტივობა, პრეზენტაციები, ბარბექიუ ფართი, ცეკვა, გართობა, მუსიკა. გავაკეთეთ ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობების წარდგენაზე და ჩვენი ტრადიციების, რამაც უცხოელი მეგობრების დიდი ოვაციები გამოიწვია. გავცვალეთ საჩუქრები. გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები ბანაკის შესახებ და ბოლოს პროგრამის დასრულებისას გადმოგვცეს სერტიფიკატები და ჯილდოები.

მე ვარ ძალიან კმაყოფილი, რისთვისაც ჩემს სკოლას და აჭარის განათლების სამინისტროს ვუხდი დიდ მადლობას. დიდი სიამოვნებით კვლავაც მივიღებდი მსგავს პროექტებში მონაწილეობას.

[checklist]

  • ანა ჯინჭარაძე თურქეთის სამეცნიერო ბანაკის შესახებ:

[/checklist]

თურქეთის სამეცნიერო ბანაკი არის საუკეთესო ადგილი მოზარდის განვითარებისათვის. ბანაკში ჩვენი ყოველი დღე მაქსიმალურად იყო დატვირთული საინტერესო, გასართობი და განმავითარებელი აქტივობებით. ტარდებოდა პრეზენტაციები, რომლებიც გაფორმებული იყო მოზარდისთვის საინტერესო თვალსაჩინოებებით. ჩვენ საშუალება გვქონდა შეგვეგრძნო კოსმონავტის და ასტრონავტის ყოველდღიური ცხოვრება სიმულატორების საშუალებით. ბანაკი საუკეთესო ადგილია ახალი ურთიერთობების დასამყარებლად. ჩვენ მოგვეცა შანსი, ბანაკის მონაწილეებისთვის გაგვეცნო ჩვენი ქვეყნის კულტურა და ტრადიციები. ბოლო დღეს ჩატარდა გამოსამშვიდობებელი საღამო, სადაც ბავშვებმა გავცვალეთ სუვენირები და კონტაქტები. შეძენილ მეგობრებთან კონტაქტს კვლავაც გავაგრძელებ. ბედნიერი ვარ, რომ ამ ბანაკში ვიყავი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი სკოლა ევრო-2000-ს და აჭარის განათლების სამინისტროს.

ბათუმში 14 წლის გოგოს მოტოციკლი დაეჯახა

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, 14 წლის მოზარდს მოტოციკლი დაეჯახა. შემთხვევის ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების ჯგუფი. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სასწრაფოს ინფორმაციით, გოგონას ფეხი აქვს დაშავებული და თავი სტკივა. ადგილზე იმყოფება პოლიციაც. შემთხვევა დაახლოებით 18:00 საათზე მოხდა.

დაშავებული მოზარდი კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა ადამიანმა. გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

დავით ბედია პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს

დავით ბედია იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის უფროსად დანიშნეს. ის ბოლო პერიოდში სუს-ის მაღალჩინოსანი იყო. მანამდე კი, აჭარის პოლიციის სამმართველოს უფროსი – 2007 წლის 8 ნოემბერს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საპროტესტო აქციის დარბევას – დავით ბედია ხელმძღვანელობდა. აქციის დარბევა  ამ დრომდე ხელისუფლებას არ გამოუძიებია და არც არავინ მიუციათ პასუხისგებაში.

იმავე დღეს ნიღბიანთა ჯგუფი შევიდა „TV25“-ში და არხიდან გადამცემი აპარატურა წაიღო. არხის მაშინდელმა დირექტორმა განაცხადა, რომ ჯგუფს ამ შემთხვევაშიც დავით ბედია ხელმძღვანელობდა.

„დავით ბედია მუშაობს და იმუშავებს სამინისტროში“ – ასე უპასუხეს „ბათუმელებს“ 2012 წლის ნოემბერში დავით ბედიას შესახებ დასმულ შეკითხვას შინაგან საქმეთა სამინისტროში. მაშინ, ახალი ხელისუფლების პირობებში, დავით ბედია კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელად დანიშნეს.

პენიტენციური დეპარტამენტი პენიტენციური სამსახურის ერთ-ერთი სტრუქტურაა. სასჯელაღსრულების სამინისტროს გაუქმების შემდეგ იუსტიციის სამინისტროში შეიქმნა პენიტენციური სამსახური, რომელიც სასჯელაღსრულების ყოფილი სამინისტროს ფუნქციებს ასრულებს. ამ სამსახურის ერთ-ერთ დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დავით ბედია.

პენიტენციური სამსახურის პრესცენტრის ინფორმაციით, დავით ბედია დეპარტამენტის უფროსად დაახლოებით ერთი თვის წინ დანიშნეს.

საია საკონსტიტუციოში საზმაუსთვის რეკლამის აკრძალვას ითხოვს

საზოგადოებრივ მაუწყებელში კომერციული რეკლამის აკრძალვის მოთხოვნით „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. მოსარჩელე უშუალოდ სულხან სალაძეა, საია-ს ხელმძღვანელი. იგი მიიჩნევს, რომ კონსტიტუციით მინიჭებული აქვს უფლება, მიიღოს ობიექტური და ბიზნესის მიმართ მიუკერძოებელი ინფორმაცია, კომერციული რეკლამის განთავსება კი ამ პირობას რისკის ქვეშ აყენებს.

საია „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის კონკრეტული ჩანაწერის ანტიკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს, სადაც წერია, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებლის, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს არხებზე კომერციული რეკლამა არ შეიძლება განთავსდეს უქმე დღეებში, აგრეთვე საუკეთესო დროს – სხვა დღეებში, გარდა სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს. სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო პროგრამის დაწყების, ბუნებრივი ინტერვალისა და დასრულების დროს კომერციული რეკლამის განთავსების  შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა დღე-ღამის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ყოველ საათში – 12 წუთს (20%-ს), ხოლო სხვა დანარჩენ შემთხვევაში კომერციული რეკლამის მოცულობა ყოველ საათში არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს (5%-ს).“

საია-ში მიიჩნევენ, რომ კანონის ეს ჩანაწერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლად მიღების და გავრცელების უფლება ანიჭებს ნებისმიერ ადამიანს. იგივე მუხლში წერია:

„კანონი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობას სახელმწიფო უწყებებისაგან და თავისუფლებას პოლიტიკური და არსებითი კომერციული გავლენისაგან.

კონსტიტუციურ სარჩელში საია-ს ხელმძღვანელი, სულხან სალაძე აქცენტს კანონში მითითებულ „არსებით გავლენაზე“ აკეთებს.

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ კანონი სიტყვების „კომერციული გავლენის“ წინ იყენებს სიტყვა „არსებითს.“ სახელმწიფო უწყების და პოლიტიკური გავლენის წინ სიტყვა „არსებითი“ არ არის გამოყენებული. კონსტიტუციის შემქმნელთა მიზანს წარმოადგენდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელზე სახელმწიფო უწყებების და პოლიტიკური ძალების გავლენა ყოფილიყო  0, ხოლო ბიზნეს სუბიექტების გავლენა 0-ზე უფრო მეტი, მაგრამ არა მნიშვნელოვანი.

კონსტიტუციის შემქმნელებმა დაუშვეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენის მოპოვების შესაძლებლობა. საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბიზნესის არაარსებითი გავლენა გამოიხატება პირველ რიგში, საზოგადოებრივ მაუწყებელზე შეზღუდულ ფარგლებში რეკლამის განთავსების შესაძლებლობით. კომერციული რეკლამის განთავსების გარდა, არ არსებობს სხვა შესაძლებლობა, რითაც ბიზნესს რაიმე, თუნდაც არაარსებითი გავლენის მოპოვება შეუძლია,“ – ვკითხულობთ სარჩელში.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თუნდაც არასაუკეთესო დროს საზოგადოებრივ მაუწყებელი რეკლამის განთავსებით რეკლამის დამკვეთის წინაშე კარგავს დამოუკიდებლობას.

„ამით ადამიანი მოკლებულია შესაძლებლობას, მიიღოს ობიექტური და მიუკერძოებელი ინფორმაცია ბიზნესის გავლენის ქვეშ მოქცეული საზოგადოებრივი მაუწყებლისგან,“ – აღნიშნულია სარჩელში.

საია ყურადღებას ამახვილებს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლზე, რომელიც სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას, უზრუნველყოს ინდივიდები მრავალმხრივი, ზუსტი და ობიექტური ინფორმაციით.

„პოზიტიური ვალდებულების განხორციელების ერთ-ერთ და არა ერთადერთ გზას წარმოადგენს სახელმწიფოს მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნა. როდესაც სახელმწიფო, თავისი დისკრეციის ფარგლებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შექმნის გზას ირჩევს, ამ უკანასკნელმა უნდა უზრუნველყოს დაბალანსებული, ობიექტური ახალი ამბების და ინფორმაციის გავრცელება. საზოგადოებრივი მაუწყებელი ინფორმაციის გავრცელებისას დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ კომერციული გავლენისგანაც. ამ გავლენის არსებობის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დგებოდეს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის სიზუსტე და სანდოობა. ასეთია ამ საკითხზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა,“ – ვკითხულობთ კონსტიტუციურ სარჩელში.

 

 

 

რატომ არ მივიდნენ „რივიერას“ პროექტის განხილვაზე „ბათომის“ წევრები

დღეს, პირველ აგვისტოს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში პროექტ „რივიერა ბათუმის“ განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის საკრებულოს წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, არქიტექტორები და დაინტერესებული მოქალაქეები.

შეხვედრაზე არ მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაცია „ბათომის“ წარმომადგენლები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან და ამ საკითხზე კითხვები სხდომათა დარბაზშიც დასვეს.

„ბათომის“ ერთ-ერთი წევრის შოთა გუჯაბიძის განმარტებით, გამომდინარე იქედან, რომ საკრებულოში მსგავს შეხვედრებზე ხშირად აქვს ადგილი პროვოკაციას, „ბათომის “ წევრების მიმართ დარბაზიდან, „ბათომი“ საკრებულოს წევრებს ცალკე შეხვდა:

„იმის გამო, რომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ მოიყვანდნენ ვიღაცებს. ხელისუფლებას ამის დიდი პრაქტიკა აქვს, შეგნებულად, დესტრუქციული ტიპების მოყვანის და რაღაც მდგომარეობაში ჩაყენების. ჩვენ ორი დღით ადრე შევხვდით საკრებულოს წევრებს და გავაცანით ჩვენი პოზიცია. ამ შეხვედრას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე და საკრებულოს სხვა წევრებიც.  ჩვენი მხრიდან შეხვედრაზე ვიმყოფებოდით, „ბათომის“ თავმჯდომარე ნინო ინაიშვილი, მე და არქიტექტორი გიორგი რამიშვილი, ძირითადად გიორგი რამიშვილმა ისაუბრა, როგორც ამ საქმის პროფესიონალმა. ჩვენ მათ, საკრებულოს წევრებს ჩვენი არგუმენტების ბეჭდური ვარიანტიც გადავეცით, კამათი არ გვქონია, მაგრამ განწყობა იყო დაახლოებით ასეთი – თქვენი პოზიცია არ გვადარდებს“ – გვითხრა შოთა გუჯაბიძემ.

დღევანდელ შეხვედრაზე კომპანიის წარმომადგენელმა გიორგი კაპანაძემ კიდევ ერთხელ მიმოიხილა პროექტი და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ გააცნო ინფორმაცია იმ კვლევების შესახებ, რაც კომპანიამ ამ ტერიტორიაზე ჩაატარა.

შეხვედრა ბათუმის საკრებულოში

შეხვედრაზე კონკრეტულად პროექტის დეტალებთან დაკავშირებული კითხვები დემოკრატული ჩართულობის ცენტრის ბათუმის ოფისის ხელმძღვანელმა და ამავდროულად საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, თეონა დიასამიძემ დასვა, ის დაინტერესდა, როგორ აპირებს კომპანია ხუთი თაუერის ეზოსა და პარკინგის ადგილების გადანაწილებას და ხომ არ მოხდება ამისთვის სახელმწიფოს კუთვნილებაში არსებული მიმდებარე ტერიტორიის გამოყენება. საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ ასევე დასვა შეკითხვა: ხომ არ დაჩრდილავს ეს ხუთი კოშკი პლაჟს? გარდა ამისა, თეონა დიასამიძემ სთხოვა განემარტა კომპანიას, როგორ მოაგვარებდა საკანალიზაციო სისტემის საკითხს „ხომ არ დაბინძურდება ზღვის წყალი“ და მან ასევე ყურადღება გაამახვილა კვლევაზე, რომელიც ამ ტერიტორიაზე მშენებლობას რისკის ქვეშ აყენებს: „რატომ ფიქრობთ, რომ გზშ არ უნდა მოამზადოთ?“  – იკითხა მან.

ამ კითხვებზე მას გიორგი კაპანაძემ უპასუხა. მან ვრცლად ისაუბრა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ კომპანიის დაკვეთით ჩატარებულ კვლევებზე, რომლებიც, მისივე თქმით, რისკებს გამორიცხავს. მან აღნიშნა ასევე, რომ იმ კვლევის თანახმად, რაც უკვე ჩატარებულია, კომპანიას აქვს სერიოზული გეოლოგიური დასკვნები და ექსპერტების მიერ მომზადებული და გარემოზე ზემოქმედების დოკუმენტის მომზადებას კომპანიას  კანონმდებლობა არ ვალდებულებს: „ კანონით არ მევალება“ – აღნიშნა მან.

გიორგი კაპანაძის თქმით, კომპანიამ მასშტაბური კვლევა დაუკვეთა იტალიურ საინჟინრო საკონსულტაციო კომპანიას, რომელსაც  საინჟინრო, ჰიდროლოგიური და გეოტექნიკური მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისივე თქმით, სწორედ ეს კომპანია იყო ჩართული ვენეციის ახალი პორტის მშენებლობისა და ძველი პორტის რეაბილიტაციის პროექტებში. კაპანაძის ინფორმაციით, მყვინთავებმა გამოიკვლიეს არსებული ნიადაგის სტრუქტურა, გარშემო არსებული სანაპირო ზოლი, ასევე, შეისწავლეს ტერიტორიის გეოლოგია გეოტექნიკური ანალიზი და წარმოადგინეს დასკვნა. კონსულტანტმა შეისწავლა ნიადაგი, რომელზეც უნდა განთავსდეს დაგეგმილი პროექტი და მისი მახასიათებლების მიხედვით დაადგინა, რომ ნიადაგის პირობების გათვალისწინებით, კომპანიის მიერ დაპროექტებული საძირკვლის სისტემა  შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

გიორგი კაპანაძემ ასევე აღნიშნა, 2018 წელს ჩატარდა სეისმური რისკების ანალიზიც, რათა განსაზღვრულიყო გაწყლოვანების რა რისკი არსებობს საპროექტო ტერიტორიის ფარგლებში. მისი თქმით, დასკვნის მისაღებად გამოიყენეს სამი სხვადასხვა აპრობირებული მეთოდი და დაადგინეს, რომ არსებული პირობების გათვალისწინებით, მიწისძვრის დროს ნიადაგის გაწყლოვანების რისკი უმნიშვნელოდ ითვლება და არ წარმოადგენს საფრთხეს ტერიტორიის ათვისებისათვის.

გიორგი კაპანაძემ აღნიშნა ისიც, რომ  ამ ადგილზე, როგორც ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაზე ვერ იმჯელებდნენ , რადგან ზონა ბათუმის საკრებულოს ჯერ კიდევ არ დაუმტკიცებია, გარდა ამისა მან საზოგადოებას აჩვენა კომპანია „გეოგრაფიკის“ პასუხი, სადაც კომპანიის დირექტორი წერს, რომ „რივიერას“ პროექტი რომ არ ფარავს მის მიმდებარედ არსებული კულტურული მემკვიდრეობის  ობიექტების [ შუქურა,  ბათუმის დრამატული თეატრი, ბულვარი და  საზღვაო სადგურის შენობა] ფიზიკური დაცვის ზონებს და ითვალისწინებს ამავე, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი, ობიექტების ვიზუალური დაცვის ზონებსაც.

თუმცა რიგ საკითხებზე, რაც შეეხება მაგალითად საკანალიზაციო სისტემას, მან თქვა, რომ კვლევები გრძელდება და კომპანია შედეგებს მისი მიღებისთანავე გააცნობს საზოგადოებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ მოქალაქეები, რომლებიც რივიერას დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღდეგებიან და ისეთებიც, რომლებიც პროექტს მხარს უჭერენ. შეხვედრაზე რამდენიმეჯერ დასვეს კითხვა, თუ  რატომ არ იმყოფებოდნენ დარბაზში „ბათომის“ წევრები .

ბათუმის საკრებულომ  16 ივლისს, ხმაურის ფონზე, მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის  მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.

რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაა.

ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.

საკურორტო სეზონისთვის GLOVO-ს დიდი სიახლე აქვს – Delivery Point პირდაპირ პლაჟზე

ბანაობითა და მზეზე ნებივრობით დაღლილს უკვე აღარ მოგიწევთ ბევრი გარჯა გემრიელად მისართმევად. GLOVO-ს დიდი სიახლე აქვს – Delivery Point პირდაპირ პლაჟზე.

ბათუმის სანაპიროზე, „კროკო ბიჩზე“,  ბულვარის 32-ე სექტორში შეგიძლიათ გვიპოვოთ GLOVO-ს ფერებით, დაისვენოთ სასიამოვნო გარემოში, სადაც დაგხვდებათ განსაკუთრებული სივრცე თქვენთვის, სათამაშო ზონა თქვენი ბავშვებისთვის, შეზლონგები და რაც ყველაზე მთავარია, ამ ადგილიდან GLOVO-ს სერვისით სარგებლობა უფასოა!

ჰო, რა თქმა უნდა, მზეზე ყოფნა თუ დიდხანს მოგიწევთ, დამწვრობის წამლის მოტანაც გლოვოს მიანდეთ, ეს ხომ უდიდესი ტექნოლოგიური მარკეტია, სადაც საკვები, საყოფაცხოვრებო, ფარმაცევტული და ნებისმიერი სხვა კატეგორიის პროდუქტის შეძენა და ერთ საათზე ნაკლებ დროში მიღება შეგიძლიათ.

GLOVO  მიტანის სერვისის აპლიკაციაა,რომელიც ნებისმიერი პროდუქტის ყიდვის, მიღებისა და გაგზავნის საშუალებას საათზე ნაკლებ დროში იძლევა, ბათუმში 2019 წლის თებერვლიდან გამოჩნდა და მალევე დაიმსახურა ბათუმელების კეთილგანწყობა – კურიერების, პარტნიორი ობიექტებისა და მომხმარებლების რიცხვი დღითიდღე იზრდება.

ფოტო: მარიამ მუთიძე

GLOVO მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტარტაპია, რომელიც 2015 წელს ბარსელონაში დაფუძნდა. დღეს უკვე წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია, რომელიც მიტანის სერვისს მსოფლიოს 21 ქვეყანასა და 72 ქალაქში ახორციელებს, ქართულ ბაზარზე 2018 წლის ოქტომბერში შემოვიდა.

 ამჟამად კი მომხმარებლებს მისი აპლიკაციით სარგებლობა 4 ქალაქში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და რუსთავში შეუძლიათ.

„საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – მენაშენის მიმართვა ვაჟა-ფშაველას #13-ის თაობაზე ზონალურ საბჭოს

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ სხვა სამშენებლო პროექტებთან ერთად 31 ივლისს ვაჟა-ფშაველას #13-ში კორპუსის მშენებლობის საკითხი განიხილა. ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას შპს „ბათ ინვესტი“ გეგმავს. კომპანიას, ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს და სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს.

„ბათ ინვესტმა“ პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს კიდევ ერთხელ მიმართა.

სხდომა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში

,,საბჭო ხართ თუ ბასტი-ბუბუ?“ – ასე მიმართა გუშინ, 31 ივლისს, სხდომაზე კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს წევრებს „ბათ ინვესტის“ დირექტორმა, სოფო ნებიერიძემ, რომელიც მშენებლობის ნებართვის მიღების გაჭიანურებას აპროტესტებს.

„5 წელია ეს საკითხი განიხილება, სართულები მოაკლო ადამიანმა, 10, 9, 8, 7  სართულზე ჩამოვიდა და არქიტექტურა თუ არ მოგწონთ, არქიტექტორები ხართ და ურჩიეთ რამე, რა გააკეთოს, როდემდე უნდა იყიყინონ იმ ტერიტორიაზე ბაყაყებმა?“ – განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის ზონალური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, ოლეგ ბოლქვაძემ.

საბჭოს წევრი დავით ზოიძე შიშობს, რომ თუ კორპუსის ზუსტი სიმაღლე არ იქნება შეთანხმებული, შვიდი სართულის აშენების ნებართვის შემთხვევაში მენაშენემ შესაძლოა ერთ სართულზე 2 მეტრიანი ჭერიც კი გააკეთოს.

„2-მეტრიანი ჭაღი რომ მოგინდეთ, მაგალითად, მერე რა ვქნათ?“ – ჰკითხა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა სოფო ნებიერიძეს, „ბათ ინვესტის“დირექტორს.

„სხვას თუ უნდა, მეც მინდა, რატომაც არა? ვაჟა-ფშაველაზე უფრო ვიწრო ქუჩაა იქვე კლდიაშვილი და მეათე სართულს ადგამენ, რა გახდა ჩემი 7-სართულიანი“, – აცხადებს კომპანიის დირექტორი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაურ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კორპუსის მშენებლობის 5-წლიანი განხილვით დაიღალა:

„აღარ შემიძლია, პირადად მყავს დაჯარიმებული ხუთი წლის წინ ეს კომპანია, დავბრუნდი ამ სააგენტოში და ისევ ამ საკითხს განვიხილავ. აღარაა აქ ძეგლი, საქმეც აღარაა პროკურატურაში, არც ძიების პროცესში, ყველაზე მეტად მისაღები ჩემთვის აქ იმ განადგურებული ძეგლის აღდგენა იქნებოდა, მაგრამ მოხერხდება? – ვერა“.

საბჭოს ერთ-ერთი წევრი, ზვიად ბურჭულაძე მიიჩნევს, რომ 7-სართულიანი კორპუსის სართულების რაოდენობა პრობლემა არ არის, მაგრამ სახლის არქიტექტურა ვაჟა-ფშაველას ქუჩისთვის შეუსაბამოდ მძიმეა.

„ზოგადად მისაცემია ნებართვა, კი. შეიძლება ისე 3-სართულიანიც მოუხდეს ამ ქუჩას, მაგრამ მივცეთ შვიდსართულიანი, აბა რა ვქნათ, რა ვიცი,“ – აღნიშნა ბურჭულაძემ.

კორპუსის პროექტის რენდერი, რომლის აშენებასაც ,,ბათ ინვესტი” ვაჟა ფშაველს #13-ში გეგმავს.

საბჭოს წევრების აზრით, ვაჟა-ფშაველას 13-ში შესათანხმებელია სართულიანობა და შესაცვლელია „მძიმე“ არქიტექტურა.

შპს „ბათ ინვესტის“ დირექტორმა სოფო ნებიერიძეს მიაჩნია, რომ მისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა, თუ სახელმწიფო აუნაზღაურებს დადასტურებულ ხარჯებს და დააკმაყოფილებს ბინებით 13 ოჯახს, რომლებიც ამ მისამართზე ცხოვრობდნენ და სახლი მენაშენესთან შეთანხმებით დაცალეს.

ვაჟა-ფშაველას #13-ში დანგრეული სახლი მე-19 საუკუნის ბოლოს იყო აშენებული. აგურით ნაშენი სახლი 2015 წლის დეკემბერში დაანგრია კომპანია „სლავა 2015“-მა. „ბათ ინვესტი“ იგივე „სლავა 2015“-ია, კომპანიამ სახელწოდება შეიცვალა.

2015 წლის შემდეგ ვაჟა-ფშაველას #13-ის საქმეს სასამართლო პროცესები ახლდა თან, დაწყებული იყო გამოძიებაც, თუმცა არავინ დასჯილა, საქართველოს ძეგლთა დაცვის სააგენტომ კი 2018 წელს ვაჟა-ფშაველას 13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა

ამავე თემაზე: 

ვაჟა-ფშაველას 13 – გამოცხადებული ნგრევის ქრონიკა

ენმ: გვინდა ხელისუფლების პასუხი, რას სთავაზობს გონიოში ტურისტებს

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ენმ-დან, გია აბულაძე, დღეს 1 აგვისტოს გონიოს პლაჟზე იმყოფებოდა. მან ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გონიოს პლაჟი, ტურისტული სეზონის მიუხედავად მოუწესრიგებელია და ინფრასტრუქტურა გაუმართავი.

„გვინდა ხელისუფლების პასუხი, თუ რას სთავაზობს ის გონიოში ტურისტებს. საპირფარეშოები საშინელ მდგომარეობაშია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამ საპირფარეშოში ტურისტი უნდა შევიდეს და ის შემდეგ კმაყოფილი დაბრუნდება თავის ქვეყანაში, მაშინ ვისაუბროთ განვითარებულ ტურიზმზე. ფიცრული, მოუწესრიგებელი ტუალეტები, მოუწესრიგებელი სანაგვე ურნები და ინფრასტრუქტურა. რომელი ტურისტი ჩამოვა აქ, ან თუ ჩამოვა ერთხელ, ის მეორედ რატომ უნდა ჩამოვიდეს? ამით ხომ ჩვენ ვკარგავთ ტურისტებს“, – ამბობს გია აბულაძე.

ასე გამოიყურება საგზაო ინფრასტრუქტურა გონიოში, პლაჟთან. ფოტო: გია აბულაძე

გია აბულაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცების დროს, ოპოზიცია სულ საუბრობს იმაზე, რომ გონიოში ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოიყოს თანხები.

„ველობილიკს ან ველოტერმინალს მოიჯარე ვერ გააკეთებს. ვერც სკამებს დადგამს მოიჯარე. კვარიათში სანაპიროს გამაგრება დაიწყეს, 58 მილიონი ლარი დახარჯეს, ჩაყარეს რაღაც ქვები და მიატოვეს. გონიოში კი, ფაქტობრივად, შვიდი წლის განმავლობაში არაფერი არ გაკეთებულა. ამიტომ გვაინტერესებს, რითი იზიდავენ აქ ტურისტებს?“

პლაჟის მიმდებარე ტერიტორია გონიოში. ფოტო: გია აბულაძე

ენმ ამბობს, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი სარეკლამო ბუკლეტებში 7 მილიონამდე ლარს ხარჯავს, სადაც თვალსაჩინო ობიექტებია დატანილი, „თუმცა, ამით ტურისტს ვატყუებთ, რადგან როცა ტურისტი იმას ნახავს, რაც აქ დახვდება, იმედგაცრუებული წავა უკან. ჩვენ ასე ტურიზმს ვერ განვავითარებთ“, – ამბობს გია აბულაძე.

მისი თქმით, აუცილებელია ხელისუფლებამ, ტურისტულ ინფრასტრუქტურაზე გარკვეული თანხები გაიღოს და თანამედროვე ინფრასტრუქტურა გააკეთოს.

საპირფარეშო გონიოში. ფოტო: გია აბულაძე

გუშინ თორნიკე რიჟვაძემ ტურისტების კლებაში ნაციონალები დაადანაშაულა.

ამავე თემაზე:

რიჟვაძე ტურისტების კლებაში ნაციონალებს ადანაშაულებს

ზურა გოგიბერიძის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა „თავისუფალ სივრცეში”

ზურა გოგიბერიძე 8 წელია, რაც ხისა და ქვის მასალის გამოყენებით, სხვადასხვა შინაარსის ნამუშევრებს ქმნის. ხელსაქმე მან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეისწავლა და გათავისუფლების შემდეგ აქტიურად მუშაობს.

არასამთავრობო ორგანიზაციები „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და ,,სიდა“ დღეს, პირველ აგვისტოს გიწვევთ ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარის, ზურა გოგიბერიძის ხელნაკეთი ნამუშევრების პერსონალურ გამოფენა – გაყიდვაზე.

წარმოდგენილი იქნება – ხატები, ჯვრები, ხის ხელნაკეთი სუვენირები და ნახატები.

გამოფენა გაიხსნება  17:00 საათზე, სოციალური კაფეში: ,,თავისუფალი სივრცე“ (მის.: ქ. ბათუმი, ზ. გამსახურდიას #6)

გამოფენას მუსიკალურად გააფორმებს ყოფილი პატიმრების რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამის ბენეფიციარი გრიგოლ მახარაძე.

____________________________________________________

ღონისძიება ტარდება პროექტებისყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამისადა ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში ფარგლებში.

„ოცნების ქალაქის“ მრავალბინიანი სახლების სამშენებლო პროექტი

აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ იმ პროექტის პრეზენტაციას გეგმავს, რომლის მიხედვითაც აქ მცხოვრები ოჯახებისთვის საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. პრეზერნტაციის დროსთან დაკავშირებით მთავრობის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ „დეტალები ზუსტდება. პრეზენტაციის დღე და საათი ჯერ ცნობილი არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას წინასწარ მოგაწვდით“.

„სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისათვის საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფის“ პროგრამის მიხედვით, აჭარის მთავრობა „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 550 ოჯახის ბინით უზრუნველყოფას გეგმავს.

აჭარის მთავრობის მიერ შექმნილმა სამუშო ჯგუფმა კი, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის, „ოცნების ქალაქში“ მცხოვრები 1 594 ოჯახი უკვე აღწერა. პროცესი პირველ სექტემბრამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც დაიწყება აღწერილი ოჯახების მონაცემთა შესწავლა და სიის გაცხრილვა [სამუშაო ჯგუფს 1 727 ჯიხური/სახლი აქვს აღწერილი „ოცნების ქალაქში].

„ბათუმში, მეჯინისწყლის დასახლებაში ე.წ. „ოცნების ქალაქი“-ს ტერიტორიაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა – სოციალური და სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით“ – 2019-2022 წლებში უნდა განხორციელდეს. პროგრამის მთლიანი ღირებულება 48 750 000 ლარია.

პროგრამის მიხედვით, საცხოვრებელი ბინებით უნდა დაკმაყოფილდეს –
2020 წელს – 528 ოჯახი ;
2021 წელს – 500 ოჯახი;
2022 წელს – 522 ოჯახი.

შესაბამისად, სახლების მშენებლობა აჭარის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს –
2019 წელს – 3 750 000 ლარით;
2020 წელს – 20 000 000 ლარით;
2021 წელს – 16 000 000 ლარით;
2022 წელს – 9 000 000 ლარით.

რაც შეეხება პროექტს, რომლის მიხედვითაც „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ამბობენ, რომ ის თითქმის მზადაა: „პროექტის არქიტექტურული ნაწილი მთლიანად დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხარჯთაღრიცხვის ექსპერტიზა და როგორც კომპანიაში გვეუბნებიან, აგვისტოს პირველ დღეებში მოგვაწვდიან საბოლოო ვერსიას“.

პროექტის პრეზენტაციასთან დაკავშირებით სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.

„ოცნების ქალაქში“ ასაშენებელი საცხოვრებელი კომპლექსი / რენდერი

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებაზე, ხელშეკრულება, 2019 წლის 25 მარტს, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ინჟარქიტექტთან“ 320 001 ლარზე აქვს გაფორმებული [სატენდერო თანხა 400 ათასი ლარი იყო].

პროექტი 2019 წლის ივნისის ბოლოს უნდა ყოფილიყო მზად, თუმცა, დოკუმენტების მიხედვით სამინისტროს ამ დრომდე არ აქვს ჩაბარებული მესამე ეტაპის სამუშაოები. პირველი ორი ეტაპის დროულად შეუსრულებლობისთვის კი კომპანიას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ პირგასამტეხლოს – 24 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.

მესამე ეტაპი გულისხმობს კომპანიის მხრიდან „სოციალური მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსის  სრულყოფილი სამშენებლო დოკუმენტის პროექტის და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის წარმოდგენას“.

შესყიდვების სააგენტოს პორტალის მონაცემებით, კომპანიისთვის ჯერ თანხა გადახდილი არ არის. სატენდერო პირობის მიხედვით „ანგარიშსწორება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად გაფორმებული საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურის, ხოლო ავანსის შემთხვევაში შესაბამისი საბანკო გარანტიის წარმოდგენიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში“.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, 2019 წლის პირველი აგვისტოსთვის [13:00 სთ.] არც საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტია გაფორმებული კომპანიასთან და არც ავანსია გადახდილი.

ამ თემაზე:

„ოცნების ქალაქში“ კორპუსების დამპროექტებელი კომპანია სამინისტრომ 24 000 ლარით დააჯარიმა

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია – აგვისტოს პირველი დღეების ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 1 აგვისტოს 21 საათიდან  2 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 19 – 24 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 18 – 23 გრადუსი 
  • ღამით: 8– 13 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ –2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 3-4 აგვისტოს ზოგან მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

Exit mobile version