მთავარი,სიახლეები

მერია სარეკრეაციო ზოლში 4 მიწის ნაკვეთისთვის სამრეწველო სტატუსის მინიჭებას ითხოვს

26.10.2019
მერია სარეკრეაციო ზოლში 4 მიწის ნაკვეთისთვის სამრეწველო სტატუსის მინიჭებას ითხოვს

ბათუმის მერია კახაბერში სამი მიწის ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლის საკითხს განიხილავს, სამივე მიწის ნაკვეთი სარეკრეაციო ზონაშია და 7 473 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს. მესაკუთრე მერიისგან ითხოვს მიწის ნაკვეთებს სამრეწველო ზონის სტატუსი მიენიჭოს.

მერია საკითხის შესწავლის და გადაწყვეტილების მიღების მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას გეგმავს, რისთვისაც თანხმობას საკრებულოს სთხოვს. საკრებულოს ბიურომ ეს საკითხი უკვე განიხილა და მომავალი სხდომის დღის წესრიგში შეიტანა.

განკარგულების პროექტის განმარტებით ბარათში არაფერია ნათქვამი იმაზე, თუ ვინ და რატომ ითხოვს კახაბერში სამი საკადასტრო ერთეულისთვის სტატუსის შეცვლას. საჯარო რეესტრის მონაცემებით კი, ამ ნაკვეთების მესაკუთრე ნოდარ შალიკაშვილია.

ზონის სტატუსის შეცვლას ითხოვენ ასევე ბათუმში მაიაკოვსკის #4-ში მდებარე მიწის ნაკვეთზეც. ამ შემთხვევაშიც მესაკუთრე სარეკრეაციო ზონაში არსებული ნაკვეთისთვის სამრეწველო ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ეს ტერიტორია 3 267 კვადრატული მეტრია და შპს „პეტროლფის“ საკუთრებაშია.

შპს „პეტროლფი“ 2019 წელსაა დაფუძნებული და კომპანიის ასივე პროცენტი გიორგი რამიშვილის ეკუთვნის. ინფორმაცია, თუ რატომ ითხოვს მესაკუთრე ნაკვეთისთვის ზონის სტატუსის შეცვლას, განმარტებით ბარათში არც ამ შემთხვევაში იძებნება. მერიამ საკრებულოს არ განუმარტა რა პროექტის განხორციელებას გეგმავს ტერიტორიაზე მესაკუთრე.

იმ შემთხვევაში თუ საკრებულო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი დაუჭერს, მერია ვალდებულია შესაბამისი დოკუმენტები საჯაროდ გამოაქვეყნოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: