Batumelebi | აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა – Batumelebi

აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტმა გადაცემის წაყვანაზე ერთი დღით უარი თქვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „სათქმელის“ წამყვანმა ირინა ყურუამ ერთი დღით გადაცემის წაყვანაზე უარი თქვა. მიზეზი ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს არჩევნებში მონაწილე და „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი ერთ-ერთი კანდიდატი სოსო სტურუაა. ირინა ყურუამ 2014 წელს ტელევიზია სწორედ სოსო სტურუასთან კონფლიქტის გამო დატოვა. ჟურნალისტმა თქვა, რომ ის არ წაიყვანდა გადაცემას და არ დაუსვამდა კითხვებს სტუმარს, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

„ის, რომ კანონს სხვადასხვაგვარად ხედავენ და შესაძლოა ამან გამოუსწორებელი შედეგი მოუტანოს მაუწყებელს, ჩემთვის ცხადი გახდა, მაშინ როდესაც მე ვნახე სამეურვეო  საბჭოს კანდიდატების ჩამონათვალში და ამოვიკითხე სახელი და გვარი ადამიანის, რომელთანაც თანამშრომლობის ერთი წელი მაკავშირებს –  ეს არის ბატონი სოსო სტურუა, რომელიც იყო ტელევიზიის დირექტორი.

მე მაშინაც ბევრი კითხვა მქონდა მასთან და ბევრი კითხვა მაქვს ახლაც. მეტი ობიექტურობისთვის, იმისთვის რომ გავითვალისწინოთ ინტერესთა კონფლიქტი, მე დღეს გადავწყვიტე გადავინაცვლო აუდიტორიაში,“ – თქვა ჟურნალისტმა შესავალ ტექსტში.

ირინა ყურუას ნაცვლად გადაცემა „სათქმელი“ მაუწყებლის სხვა ჟურნალისტს ლაშა ზარგინავას მიჰყავს. ყურუა გადაცემაში სტუმრის სტატუსით მონაწილეობს. ჟურნალისტმა გადაცემაში 2014 წლის მოვლენები გაიხსენა და თქვა, რომ მას ტელევიზიის დატოვება ზეწოლის გამო მოუწია.

„ტელევიზიაში სოსოს  სტურუასთან გატარებული ერთი წელი, იყო ურთულესი პერიოდი. მე არ მინდა, რომ განმეორდეს ის პერიოდი. მე მინახავს ბატონი სოსო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როდესაც მას სთხოვდნენ ხელისუფლებისათვის მოსაწონი რიგითობა ყოფილიყო საინფორმაციო გამოშვებებში. მე მინახავს ადამიანურად ძალიან ცუდ დღეში მყოფი ადამიანი, რომელსაც არ ვიცი…. მე  დღესაც მგონია, რომ სწორად ვიქცეოდი. მე და იმ გუნდს, რომელმაც სარედაქციო დამოუკიდებლობის გემო იგრძნო, აღარ გვინდოდა და ვერ დავთმობდით ვერაფერს.

სოსო სტურუა მოდის დღეს სამეურვეო საბჭოში, როდესაც მე ნანახი მაქვს სახელისუფლებო ვერტიკალი როგორ ცდილობდა ამ ადამიანზე გავლენის მოპოვებას, ჩემთვის ძალიან რთულია დავიჯერო, რომ ის იქნება გამყოფი.

მე ვერ დამარწმუნებს სოსო სტურუას მხოლოდ კეთილი განწყობა იმაში, რომ ის აისხლეტს ზეწოლის მცდელობებს,“ – თქვა ირინა ყურუამ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი