ბათუმი,მთავარი,სიახლეები

მთავრობა მე-3 წელია აცხადებს, რომ ხულო-ზარზმის გზას „მომავალი წლის გაზაფხულიდან“ გააკეთებს

25.10.2019 • 2547
მთავრობა მე-3 წელია აცხადებს, რომ ხულო-ზარზმის გზას „მომავალი წლის გაზაფხულიდან“ გააკეთებს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინი“ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საბოლოოდ გააფრთხილა. დეპარტამენტის ინფორმაციით, კომპანია აქტიურ სამუშაოებს 2020 წლის გაზაფხულიდან დაიწყებს. ამ გზის მშენებლობა-რეაბილიტაციის ინტენსიური სამუშაოები „ტოდინს“ 2019 წლის გაზაფხულიდან უნდა დაეწყო, თუმცა სამუშაოები ამ დრომდე არ მიმდინარეობს. „ხულო-ზარზმის გზის ორივე ლოტზე სამუშაოების პროგრესი არის ძალიან სუსტი“, – აცხადებს დეპარტამენტი.

„რაც შეეხება ხულო-ზარზმის გზას, ბოლო ინფორმაცია მინდა მოგაწოდოთ. კომპანიას გაეგზავნა გაფრთხილება. საბოლოო გაფრთხილებაა ეს უკვე პროცედურების მიხედვით. კომუნიკაციაც არის კომპანიასთან, რომელიც გარკვეულწილად მოდის თანამშრომლობაზე და გვაძლევს პირობას იმისას, რომ უნდა და  სურვილი აქვს დაიწყოს სამუშაოები… ვფიქრობთ, რომ მომავალი წლის გაზაფხულიდან, როცა უკვე საშუალებას მოგვცემს კლიმატური პირობები, კომპანია, როგორც იძახის და აცხადებს მზაობას, დაიწყებს აქტიურად სამუშაოებს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ შუახევში ოთხი დღის წინ გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე.

აღნიშნულ შეხვედრას შუახევში გზების დეპარტამენტის, აჭარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები და პარლამენტარები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე დაისვა საკითხი, ხომ არ განიხილება „ტოდინის“ ჩანაცვლება პროექტში.

„თქვენ იცით, რომ ეს პრობლემაა. მოგეხსენებათ, ჩვენ ვხელმძღვანელობთ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების პროცედურებით, რომლებიც არიან ამა თუ იმ პროექტის დამფინანსებლები. ისე როგორც სახელმწიფო კანონმდებლობა გვაძლევს საშუალებას დეპარტამენტს ადვილად გავწყვიტოთ ხელშეკრულება და ავამოქმედოთ [საგარანტიო] შესაბამისი სანქციები, ეს ასე ადვილად ჩვენთვის ამ პროექტში არ არის. საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებს აქვთ თავიანთი პირობები, თუ როგორ უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაწყვეტა შესაბამის კონტრაქტორთან, თუ ვერ ასრულებს ის თავის მოვალეობას. რაც შეეხება გაწყვეტის პროცედურებს ამ [„ტოდინის“] შემთხვევაში ეს ძალიან ძნელია, იქედან გამომდინარე, რა ვალდებულებებიც გვაქვს საერთაშორისო დონორ ორგანიზაციასთან. ამიტომ, ასე ადვილად ვერ გავწყვეტთ მათთან კონტრაქტს“, – განაცხადა გიორგი წერეთელმა.

რატომ არ აშენებენ გზას? – გიორგი წერეთლის თქმით, „ეს არის 48-კილომეტრიანი გზა, გარკვეულწილად მუშაობა დაწყებული იყო, მაგრამ შეჩერდა სამუშაოები. ალბათ, კომპანიის ფინანსური პრობლემების გამო, ჩვენგან არანაირი პრობლემა არ არის – არც ფინანსური უზრუნველყოფის, არც იმის, რომ სამუშაოები აქტიურად გაგრძელდეს. უბრალოდ, ამ კომპანიას პრობლემები აქვს ზოგადად ფინანსურ საკითხებში. პრობლემა არც პროექტის გამოა, ისეთ აქტიურ ფაზაში არ არის გადასული აღნიშნულ მონაკვეთზე კომპანია, რომ რაღაც პროექტის გამო შეჩერებულიყო სამუშაოები“.

გზაზე დაწყებული სამუშაოები, „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა თურქულმა კომპანიამ, რომელიც ხულოში ასრულებდა სამუშაოებს, 2019 წლის ივნისში შეაჩერა.

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

თავად ტენდერში გამარჯვებული „ტოდინი“ იტალიაში დაუფუძნებიათ და მისი წილებს 100%-ს ყაზახური კომპანია ფლობს.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: