მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ადვოკატს 1 საათში 3 000 ევროს უხდის – საარბიტრაჟო დავა

25.10.2019 • 1907
ბათუმის მერია ადვოკატს 1 საათში 3 000 ევროს უხდის – საარბიტრაჟო დავა

ბათუმის მერიას საკონსულტაციო ფრანგულ კომპანია Egis Eau SA  – სთან საარბიტრაჟო დავა აქვს. ეს კომპანია ბათუმის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მესამე-მეოთხე ფაზის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონსორციუმის ლიდერი კომპანიაა.

მერია ამტკიცებს, რომ კომპანიამ ხარვეზებით შეასრულა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო სამუშაოები, რაც ხელშეკრულებით ევალებოდა. მერია ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო მიყენებული ზარალის სახით 2 429 767 ევროს ითხოვს. მერიაში განმარტავენ, რომ „მოთხოვნა დაფუძნებულია პროექტის უფროსი ინჟინერ-ექსპერტის, შტეფან მეშკეს შეფასებაზე.“

ბათუმის მერიამ საქმის წარმართვის მიზნით გერმანელი ადვოკატიც დაიქირავა. საინვესტიციო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელის, ჯაბა ტუღუშის ინფორმაციით, ადვოკატის მომსახურებისთვის მერია საათში 3 000 ევროს იხდის. ეს თანხა პროექტის დაფინანსების გრანტის ნაწილიდან ფინანსდება [დაფინანსება მოიცავს გრანტს და სესხს].

თავის მხრივ კომპანიაც ედავება მერიას და ამტკიცებს, რომ ბათუმის მერიას კომპანიისთვის 5 434 973 ევრო აქვს გადასახდელი. მერიის ინფორმაციით, კომპანია გულისხმობს იმ ინვოისებს, რომლის საფასურიც მერიას აღარ გადაუხდია, რადგან დავა უკვე დაწყებული იყო. გარდა ამისა, კომპანიისთვის გადასახდელი თანხა გარკვეულწილად გაიზარდა პროექტში ცვლილებებისა და, შესაბამისად, დამატებით შესრულებული სამუშაოების გამო.

საქმის საარბიტრაჟო სასამართლოში გადასვლამდე მხარეები შესაძლო მორიგების ვერსიასაც განიხილავენ. მერიის განმარტებით, „მეგობრული მორიგება“ და პირობებიც, მერიას თავად კომპანიამ შესთავაზა.

მორიგების პირობები გულისხმობს ბათუმის მერიის მხრიდან მოთხოვნაზე უარის თქმას, ამავდროულად საკონსულტაციო კომპანია „ეგისიც“ უარს იტყვის თავის სასარჩელო მოთხოვნაზე. საკონსულტაციო კომპანია „ეგისი“ [EGIS  EAU] ბათუმის მერიას,  ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით 100 000 ევროს გადაუხდის, რითაც დავა დასრულდება [დანარჩენი თანხა გაიქვითება, როგორც კომპანიის მიერ იმ სამუშაოს შესრულების საფასური, რომელსაც მერია აღიარებს და გადასახდელი აქვს].

მერიაში განმარტეს, რომ მორიგების ეს პირობა აწყობთ, რადგან იმ შემთხვევაში, თუკი მერია აირჩევს დავის გაგრძელებას, არბიტრაჟში ეს შესაძლებელია დროში გაიწელოს. ამასთან დავის გაგრძელება დაკავშირებულია გარკვეულ რისკებთან. იმ შემთხვევაში თუკი დავა დასრულდება მორიგებით, მერია დავის დასრულების დადებით ეფექტს მიიღებს დაუყონებლივ.

„გამოთავისუფლდება მესამე და მეოთხე ფაზის ფარგლებში კომპანია ეგისის [EGIS EAU] დარეზერვებული თანხები [დაახლოებით 1 000 000 ევრო); ბათუმის ბიუჯეტში დამატებით მობილიზდება საკონსულ­ტაციო კომპანია „ეგისის“ მიერ ჩარიცხული 100 000 ევრო“, – მორიგების ამ პირობების შესახებ მერიამ ინფორმაცია საკრებულოში გადააგზავნა, საკრებულომ უნდა გადაწყვიტოს, მისცეს თუ არა მერს უფლება შეთანხმების ამ პირობებს დასთანხმდეს და შესაბამის ხელშეკრულებას მოაწეროს ხელი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: