აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტი: ჩვენ არ დავთმობთ სარედაქციო დამოუკიდებლობას 


25 ოქტომბერს აჭარის უმაღლესი საბჭო გეგმავს აირჩიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეურვეო საბჭოს წევრები. ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალისტთა ერთი ჯგუფი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ პროცესს. ჟურნალისტები აცხადებენ, რომ მათი სარედაქციო დამოუკიდებლობა საფრთხის წინაშე დგას.

„ვფიქრობდით, რომ უმაღლეს საბჭოში, რომელსაც ეს მაღალი პასუხისმგებლობა დაეკისრა, ჯერ კომისიის წევრების და შემდეგ მრჩევლების შერჩევის, ჩვენი განცხადება იქნებოდა ნიშანი და სიგნალი იმისა, რომ მეტი პასუხისმგებლობით მოკიდებოდნენ შერჩევის პროცესს. პირველი ნაბიჯი გადადგა უმაღლესმა საბჭომ და ამით გვანიშნა, რომ ეს პროცესი დემოკრატიული აღარ იქნება,“ – თქვა გადაცემა „სათქმელში“ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა მაია მერკვილაძემ.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დადგა საფრთხის წინაშე.

„უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დღეს ეთერში მითხრა, რომ კანონი [რომლის მიხედვითაც სამეურვეო საბჭო უნდა დაკომპლექტეს] არის ხარვეზიანი. ეს მან იცის, მაგრამ ხარვეზიანი კანონის მიუხედავად, უმაღლესი საბჭო ხვალ [25 ოქტომბერს] აპირებს აირჩიოს  „ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატები.

ყველაფერი დაიწყო ექვსი თვის წინ, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტით. ჩვენ მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო რისკი სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის. ამის შემდეგ მეოთხე კონკურსზე ვიგებთ, რომ გოგა კოხრეიძე ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, აჩერებს მეოთხე კონკურსს. ახლა მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობა რეალურად დგას საფრთხის წინაშე. მივედით იქამდე, რომ უმაღლესმა საბჭომ ვერც კომისიის დაკომპლექტებამდე მოახერხა ისე, რომ კითხვები არ გაჩენილიყო და ვერც ამ შემთხვევაში, სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევისას მოახერხა ის, რომ კითხვები არ გაჩენილიყო,“ –  თქვა გადაცემა „სათქმელში“ თეონა ბაკურიძემ.

ამავე თემაზე: საია: აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრების არჩევა კანონდარღვევით მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი და საინფორმაციო გადაცემის წამყვანი თეონა თურმანიძე კი ამბობს, რომ ხელისუფლება ვერ მოიგებს იმ ბრძოლას, რომელიც მან ჟურნალისტების წინააღმდეგ დაიწყო.

„ხელისუფლება ცდილობს გავლენა იქონიოს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოზე. არ ვფიქრობ და გამორიცხულია, რომ ეს ბრძოლა ხელისუფლებამ მოიგოს. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ბევრი, ვართ ბევრი მტკიცე პოზიციაზე და იმ მონაპოვარს [სარედაქციო დამოუკიდებლობა], რაც მივიღეთ ბოლო წლების განმავლობაში, არ დავთმობთ. ჩვენ ამის დათმობას არ  ვაპირებთ,“ – თქვა თეონა თურმანიძემ.

„ვერც მრჩეველთა საბჭო და ვერც ახალი დირექტორი ვერ შეცვლის იმ მონაპოვარს, რაც არის სარედაქციო დამოუკიდებლობა. მე ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მაშინ უნდა აიღონ ეს გუნდი და გადაყარონ. ასე ჩალითაც არ არის დახურული ეს ქვეყანა,“  – თქვა გადაცემაში ჟურნალისტმა ირინა ყურუამ.

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები საერთაშორისო ორგანიზაციებს მიმართავენ

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი