2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, საქართველოში 141 823-ით მეტი რუსი ტურისტი შემოვიდა, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში. ასეთია ოფიციალური სტატისტიკა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ და ხელისუფლების მაღალჩინოსნების მოლოდინის მიუხედავად, როცა ამტკიცებდნენ, რომ „რუსი ტურისტების გარეშე სეზონი ჩავარდება“.
მაშინ, როცა პუტინის მოწოდების შემდეგ რუსი ტურისტების ნაწილმა საქართველოში ჯავშნების გაუქმება დაიწყო, მაღალჩინოსნები საზოგადოების დამშვიდების და ალტერნატივებზე საუბრის ნაცვლად, აქცენტს აკეთებდნენ იმაზე, რომ საქართველოს ტურისტული ბაზარი რუსეთზეა დამოკიდებული. ხელისუფლებამ „რუსეთის განაწყენებაში“ ოპოზიცია დაადანაშაულა და ტურიზმის სექტორში ჩართული ადამიანების ზარალის ანაზღაურებაზეც გასცა დაპირებები.
შემოდგომაზე ხელისუფლებამ სტატისტიკა დაითვალა. აღმოჩნდა, რომ რუსი ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით გაიზარდა. სამაგიეროდ, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა: რას ემსახურებოდა საზოგადოებაში ერთგვარი პანიკის დათესვა, რომ „ცუდი ამბავი დაგვემართება“, თუკი რუსი ტურისტები არ ჩამოვიდოდნენ?
[gray_box]რას აჩვენებს სტატისტიკა?[/gray_box]
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს, იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით 420 745-ით, ანუ დაახლოებით ნახევარი მილიონით მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, ვიდრე გასული წლის პირველ რვა თვეში: 2019 წელს, აგვისტოს ჩათვლით – სულ 6 მილიონ 104 433 უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუმრობდა საქართველოს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდში – 5 მილიონ 683 688 ადამიანი.
ამ სტატისტიკის მიხედვით, „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ, რუსი ტურისტების კლება მხოლოდ ივლისსა და აგვისტოში გვაქვს: 2019 წლის ივლის-აგვისტოში გასულ წლის იგივე პერიოდთან შედარებით, რუსეთის ფედერაციიდან 46 896 ტურისტით ნაკლები შემოვიდა. თუმცა, ივლის-აგვისტოში 176 853-ით გაიზარდა ვიზიტორები ევროკავშირის ქვეყნებიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საუდის არაბეთიდან.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური სტატისტიკით, მცირედით გაიზარდა საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლებიც. 2019 წლის პირველ კვარტალში 578 442 ამერიკული დოლარი მიიღო ქვეყანამ, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი – 550 730 ამერიკული დოლარი იყო. მეორე კვარტლის შემოსავალი წელს 877 626 ამერიკული დოლარი იყო, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში – 809 969 ამერიკული დოლარი. მესამე კვარტლის მონაცემები ჯერ გამოქვეყნებული არ არის.
[gray_box]„ჩვენ უნდა გავმიჯნოთ ბიზნესი და პოლიტიკა“ – ხელისუფლების მოლოდინი ჯავშნების გაუქმებაზე [/gray_box]
„20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, რომელიც ბათუმში 25 ივნისს შედგა, ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან, საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა:
„ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა მიმართულებით იმუშავებს. რუსი ტურისტი საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ეს არის 25 პროცენტი ჩვენი ბაზრის და ეს არის ბიზნესის არჩევანი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს, ტურისტი ირჩევს საქართველოს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მინისტრს რეპლიკის სახით უთხრეს, რომ „რუსეთი არ მიჯნავს ბიზნესსა და პოლიტიკას“. რეპლიკის საპასუხოდ ნათია თურნავამ თქვა: „სამაგიეროდ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რადგან განსხვავებულები ვართ. ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტიც შევინარჩუნოთ“.
ნათია თურნავა გამონაკლისი არ ყოფილა. მაგალითად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ სამომავლოდ „წარმატებულ სეზონს“ ზიანი დესტრუქციულმა ძალებმა მიაყენეს.
„მაისისა და ივნისის მზარდი დინამიკა და მონაცემები იძლეოდა გარანტიას, რომ წელს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი გვქონოდა, თუმცა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებისა და დესტრუქციული ძალების ქმედებებმა წარმატებულ ტურისტულ სეზონს ზიანი მიაყენა“, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.
მაია ცქიტიშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრი, 4 ივლისი ამბობდა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გავრილოვთან დაკავშირებულ ინციდენტს საერთო არაფერი აქვს რუსი ხალხის მიმართ ჩვენს განწყობასთან… მინდა დავადასტურო, რომ ღია ვართ რუსი მეგობრების მიმართ, ვინც კეთილგანწყობილია საქართველოსადმი და რუსეთის მოქალაქეების, ტურისტების მიმართ, რომლებიც აქ ჩამოდიან და რომელთაც უყვართ საქართველო.“
„ჰუმანიტარული ურთიერთობებიდან ტურიზმის განვითარება, ეს არის ორმხრივად ხელსაყრელი. ეს არ უნდა იყოს ბარიერი ურთიერთობებში და სადაც ადვილად შეიძლება ამ ბარიერების მოხსნა, უნდა მოიხსნას“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა.
ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე კიდევ უფრო შორს წავიდა და მიიღო დადგენილება, რომლის თანახმადაც საქართველოს ბიუჯეტიდან 600 ათასი ევრო გამოიყო რუსეთიდან სატრანზიტო ფრენების დასაფინანსებლად. თუმცა, ამ თანხის ასათვისებლად აეროპორტების გაერთიანებას საქართველოს მთავრობისთვის არ მიუმართია.
[gray_box]როგორ აისახა ხელისუფლების რეაქცია ხალხზე?[/gray_box]
„საკითხი არის არა ის, რომ რუსულ ბაზარზე ვართ თურმე დამოკიდებული, არამედ ის, თუ რატომ ვართ დამოკიდებული. როცა ამას ამბობს ხელისუფლება, მოქალაქეც ხელებს უშვებს, მტერზე ვყოფილვარ დამოკიდებული და მე რა ვქნაო,“ – ამბობს ლევან ცუცქირიძე, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელი.
ხელისუფლების რეაქციის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა ქობულეთში საპროტესტო აქცია გამართა და ზიანის ანაზღაურება მოითხოვა, ნაწილმა კი, ალტერნატივის მოძიება დაიწყო და თქვა, რომ „შესაძლებელია ახალი ტენდენციების შექმნა.“ ასეთი იყო, მაგალითად, ლინდა ბალაძე. იგი უკვე მეოთხე წელია Airbnb-ით ბინას აქირავებს.
„ფრენები რომ აიკრძალა, პირველი რამდენიმე დღე სიწყნარე იყო, შემდეგ წამოვიდა ჯავშნების გაუქმება. ცოტა გული შეგვეკუმშა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩანაცვლდებოდა სხვა სტუმრებით. როდესაც ახალი ჯავშნები მივიღე, მივხვდი, რომ არაფერი არაა შეუძლებელი და ნამდვილად შესაძლებელია ახალი ტენდენციების შექმნა და ახალი სტუმრების მოძიება,“ – გვითხრა ლინდა ბალაძემ.
https://www.facebook.com/batumelebi/videos/462678071008296/
ლინდასთან ჩამოვიდნენ ის რუსი ტურისტებიც, რომლებმაც პროტესტის ნიშნად იმოგზაურეს საქართველოში.
„ფრენების აკრძალვიდან რამდენიმე დღეში მივიღე ჯავშანი რუსეთიდან. ორი რუსი გოგო, როგორც მათ მითხრეს, პროტესტის ნიშნად ჩამოვიდა საქართველოში. იმდენად გაბრაზდნენ ამ აკრძალვაზე, რომ გადაწყვიტეს ბოლო თვითმფრინავს გამოჰყოლოდნენ. არ იცოდნენ უკან როგორ წავიდოდნენ, მაგრამ ჩამოვიდნენ,“ – იხსენებს ლინდა.
[gray_box]ექსპერტი: „წიწილები დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ კატასტროფა არ გვქონია, რასაც თურნავა ამბობდა“[/gray_box]
„ჩვენ ვხედავდით მიზანმიმართულ კამპანიას სახელმწიფო მოხელეების მხრიდან, რომ ერთგვარი შავი ფერით ეჩვენებინათ მომდევნო შედეგი, რა შეიძლებოდა მომხდარიყო,“ – იხსენებს ხელისუფლების მაღალჩინოსნების განცხადებებს ვატო ასათაშვილი, ტურიზმის ექსპერტი და კომპანიის „ჰელისკი ჯგუფის“ დამფუძნებელი. მისი აზრით, ხელისუფლება აქტიურად ეცადა საზოგადოებისთვის იმის ჩვენებას, რომ „რუსეთის იქეთ საქართველოს გზა არ აქვს“ და ის, რომ „რუსეთთან კარგი ურთიერთობა აუცილებელია“.
„შემოდგომა მოვიდა, წიწილები დავითვალეთ და აღმოჩნდა, რომ არავითარი კატასტროფული შედეგი არ გვაქვს. ეკონომიკის მინისტრი კი ხალხს აშინებდა, კატასტროფა იქნებაო…“ – აღნიშნავს ვატო ასათაშვილი.
ტურიზმის ექსპერტის შეფასებით, ხელისუფლებამ ტურიზმის მენეჯმენტი უნდა შეცვალოს და აქტიურად ეცადოს ტურისტული ბაზრის დივერსიფიცირებას. მისი აზრით, ფული საერთოდ არ უნდა დაიხარჯოს რუსულ ბაზარზე.
„2012-2016 წლებში ხელისუფლება რუსეთის ბაზარზე არანაირ აქცენტს არ აკეთებდა, ეს თვითდინებაზე იყო მიშვებული… მე ვფიქრობ, რომ იგივე უნდა იყოს, რადგან ამ მიმართულებით თანხის ხარჯვა იყო ბუნდოვანი. ფაქტი იყო ის, რომ ტურისტების ზრდა რუსეთიდან გვქონდა, მაგრამ რამდენად იყო ეს მარკეტინგული აქტივობების შედეგი, არავინ იცის. უმჯობესია, თუ ამ თანხას გადავიტანთ სხვა ბაზარზე, სადაც ანალოგიურ შედეგს მივიღებთ, სტაბილური ტურისტების რაოდენობაც გვეყოლება და შედეგი იქნება თვლადი,“ – ამბობს ვატო ასათაშვილი.
რატომ ვერ გააქტიურდა საქართველო სხვა ბაზრებზე? – ვატო ასათაშვილი პრობლემას ტურიზმის მენეჯმენტში ხედავს.
„თავდაპირველად იყო მოსაზრება, რომ ჩვენი წარმომადგენლები გვყოლოდა სხვადასხვა სამიზნე ქვეყანაში. შემდეგ თქვეს, რომ საელჩოებს დაუქვემდებარებდნენ ამ წარმომადგენლებს. საბოლოოდ, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აკეთებს იმ საქმეს, რაც არის ყოველდღიურობა, ასრულებენ გეგმას, რაც გაწერილია წლის დასაწყისში. ჩვენ გვჭირდება ნოვატორული და გარდამტეხი ნაბიჯები, მაგრამ ეს ხელისუფლება არ გამოირჩევა რეფორმატორული ნოვაციებით,“ – გვითხრა ვატო ასათაშვილმა.
[gray_box]პოლიტოლოგი: ჩემი კითხვა ხელისუფლებას – რას აკეთებს იმისთვის, რომ რუსულ ტურისტზე არ ვიყოთ დამოკიდებული? [/gray_box]
„ამ პროცესმა აჩვენა ისიც, რომ პუტინისგან ფრენების აკრძალვის მიუხედავად, ხალხი მაინც ჩამოვიდა. როგორც ჩანს, საქართველო არის საინტერესო და მიმზიდველი და ეს რეპრესიული მეთოდი რუსეთშიც აღარ მუშაობს,“ – ასე დაინახა „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ განვითარებული პროცესი პოლიტოლოგმა, „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ ხელმძღვანელმა, ლევან ცუცქირიძემ.
რატომ დასჭირდა ხელისუფლებას რუსეთის მშველელის როლში წარმოჩენა? – ლევან ცუცქირიძე ფიქრობს, რომ შესაძლოა ცალკეული მაღალჩინოსანი ვერ აცნობიერებდეს იმას, რომ რეალური საფრთხე ეროვნულ უსაფრთხოებაზე გადის. „ნაწილი შესაძლოა კოჭსაც უგორებდეს რუსეთს,“ – დასძენს იგი.
პოლიტოლოგი უპასუხისმგებლობად აფასებს ხელისუფლებისგან იმის ხაზგასმას, რომ ტურიზმი მეტწილად რუსულ ბაზარზეა დამოკიდებული. ის კონკრეტულ ნაბიჯებს მოითხოვს, რომლითაც ბაზრის დივერსიფიცირება მოხდება და ეს პრინციპული საკითხი გახდება ხელისუფლებისთვის. ლევან ცუცქირიძე ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ რუსი ტურისტების საქართველოში ჩამოსვლა „პუტინსაც აწყობს“.
„რუსეთი არ არის წესებზე დამოკიდებული. ის არის ვიღაცის პოლიტიკურ ნებაზე დამოკიდებული. თუ რაღაც არ მოეწონება პუტინს, კიდევ რაღაცას გააკეთებს… მეორეს მხრივ, რუსეთსაც აწყობს იმის ჩვენება, რომ შენ ხარ მათზე დამოკიდებული. პუტინი ამას უყურებს, როგორც გავლენის ინსტრუმენტს. ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გაიზრდება, თუ ჩვენ არაფერს გავაკეთებთ. მესმის, რომ ეს საკითხი ერთი ხელის მოსმით ვერ გადაიჭრება,“ – უთხრა ლევან ცუცქირიძემ „ბათუმელებს“.
[gray_box]რას ამბობს ხელისუფლება დღეს?[/gray_box]
რა აჩვენა სტატისტიკამ, როცა ხელისუფლებას ტურისტული სეზონის ჩავარდნას ელოდა? რა შეცვალა ტურიზმის ადმინისტრაციამ „20 ივნისის“ და ტურიზმის სფეროში მომუშავე ექსპერტების რეკომენდაციების შემდეგ? როგორ აპირებს ტურიზმის ადმინისტრაცია ალტერნატიული ბაზრების მოძიებას? – ამ და სხვა კითხვებით ჩვენ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მივმართეთ, რომლის პრესცენტრშიც გვითხრეს, რომ 30 ოქტომბრამდე უწყების ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი ამ თემაზე საუბრისთვის ვერ მოიცლის. ადმინისტრაციაში ვერც სხვა პასუხისმგებელი პირი შეგვირჩიეს.
რა ბედი ეწია დაპირებულ „შეღავათებს“, რაზეც მაღალჩინოსნები მოსახლეობას ესაუბრებოდნენ „20 ივნისის მოვლენების“ შემდეგ? – წერილობით პასუხი საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან მოგვწერეს. აღმოჩნდა, რომ დახმარების სურვილი მხოლოდ 80-მა მეწარმემ გამოხატა, მათ შორის, 18 განაცხადი შესულია სამინისტროში აჭარიდან. ეს საკითხი ჯერ მთავრობას არ შეუსწავლია – განაცხადების მიღება 15 ნოემბრამდე გრძელდება.
„ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს პროექტს – „თანადაფინანსების მექანიზმი მცირე და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისათვის“. პროექტის თანახმად, სახელმწიფო საკუთარ თავზე იღებს 6 თვის განმავლობაში იმ ბენეფიციარების საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის თანადაფინანსებას, რომელთაც სასტუმროს მშენებლობის, გაფართოების, აღჭურვის თუ რემონტის მიზნით სესხი აღებული აქვთ 2019 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში და მათი სასტუმრო მოიცავს 4-დან 20-მდე ნომერს,“ – მოგვწერეს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროდან.
[gray_box]ვინ და როგორ მიაბა საქართველო რუსეთის ტურისტულ ბაზარს?[/gray_box]
საქართველოს ტურიზმის სექტორში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები დაიწყო: შემცირდა რუსი ტურისტების ოდენობა, მაგრამ გაიზარდა ვიზიტორების რაოდენობა მეზობელი ქვეყნებიდან – აღმოსავლეთ ევროპიდან, უკრაინიდან და ბალტიისპირეთიდან.
2015 წლის მონაცემებით, საქართველოს ყოველი ოთხი ვიზიტორიდან ერთი იყო სომხეთის მოქალაქე, 1 აზერბაიჯანის და 1 თურქეთის. ამასთან, ტურისტების 85% ქვეყანაში სახმელეთო გზით შემოდიოდა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშის თანახმად, 2009-2015 წლებში, საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდის ტემპი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი იყო მსოფლიოში: საერთაშორისო მოგზაურების მთლიანი რაოდენობა 293%-ით გაიზარდა და გადააჭარბა 5.9 მილიონს (2009 წ: 1.5 მლნ). 2009 წლიდან 2015 წლამდე ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები უფრო სწრაფი ტემპით იზრდებოდა – 476 მილიონი აშშ დოლარიდან 1.9 მილიარდ აშშ დოლარამდე.
2014 წლიდან საქართველოში დაბრუნდნენ რუსი ტურისტები და ვიზიტორთა რაოდენობამ პიკს 2018 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანას მილიონზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია.
საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2013-2018 წლებში რუსეთში ტურისტული კამპანიისათვის 13 მილიონი ლარი დახარჯა. აქედან ყველაზე მეტი, 6 მლნ ლარი – 2018 წელს.