მთავარი,სიახლეები

ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

24.10.2019 •
ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან ბადრაგირების დროს – ერმაკოვის სასამართლო

„თქვენ, როგორც დაზარალებული ორგანიზაცია, სთხოვთ თუ არა ზიანის ანაზღაურებას იმ პირებს, რომლებსაც ჰქონდათ პასუხისმგებლობა იაფი სახლის პროექტის შესრულებაზე?” – ამ კითხვით პროკურორმა რამაზ შავაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენელს, ზურაბ ქამაშიძეს მიმართა. ზურაბი მერიაში 2016 წლიდან სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობს. მან დღეს, 24 ოქტომბერს, მერიის პოზიცია წარმოადგინა სასამართლოში.

“მერიას მიაჩნია, რომ პასუხი უნდა აგოს “კონვენტ ჯორჯიამ”, რომელიც აზერბაიჯანში რეგისტრირებული კომპანიაა და ჩვენ მიმართული გვაქვს აღსრულებაზე აზერბაიჯანისთვის… ასევე, ვითხოვთ პასუხს “პოინტ ბანკისგან”, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა და “ბაზის ბანკისგან,” რომელმაც ავიზირება მოახდინა. ეს სამოქალაქო დავები გრძელდება…” – აღნიშნა მერიის წარმომადგენელმა, ზურაბ ქამაშიძემ.

“რატომ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ მხოლოდ სამოქალაქო დავით მოახერხებთ ზიანის ანაზღაურებას?” – გაცხარდა პროკურორი, თუმცა მას კითხვის დასრულების შესაძლებლობა ადვოკატებმა არ მისცეს.

“ეს სისხლის სამართლის საქმეა და აქ უნდა დადგინდეს ბრალეულობა ან უდანაშაულობა… რა შუაშია ზიანის ანაზღაურება,” – თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

პროკურორს მიმართა გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმაც:

“თქვენ იცით, რომ ზიანის ანაზღაურება არაა სისხლის სამართლის საქმეში დავის საგანი, მაგრამ თქვენი გამოსვლა ორიენტირებულია ჟურნალისტებზე, ვიდეოკამერები ჩართულია,” – თქვა მან.

“კარგით,” – სიმშვიდისკენ მოუწოდა პროკურორმა ადვოკატებს და ისევ მოწმეს მიუბრუნდა:

“თუკი გამამტყუნებელი განაჩენი დადგება ამ საქმეზე, იდავებთ თუ არა ამ პირების წინააღმდეგ სამოქალაქო წესით ზიანის ანაზღაურებაზე?” – იკითხა პროკურორმა.

“ეს საკითხი თვითმმართველი ერთეულის ხელმძღვანელმა უნდა გადაწყვიტოს… რომ თქვას არაო და მერე სარჩელი შეიტანოს მერიამ, რა ვქნათ, ვუჩივლოთ ბატონ ზურაბს ცრუ ჩვენებისთვის?” – მიმართა პროკურორს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან მოწმეს უთხრა, რომ კითხვისთვის პასუხი არ უნდა გაეცა.

პროკურორის კითხვები დღევანდელ პროცესზე ბრალდებულმა გია ერმაკოვმაც გააპროტესტა.

“4 საათი აქ გვიწევს ყოფნა, აღარ მოვალ ალბათ აწი… მეც ჯანმრთელი ვჭირდები ოჯახს,” – თქვა გიორგი ერმაკოვმა.

აქვე ადვოკატმა რამინ პაპიძემ თქვა, რომ ბრალდებულები ნახევრად მშივრები არიან.

“თითო სოსისს და პურს აჭმევენ, ადრე სნიკერსებსაც აძლევდნენ, როცა პატიმარი სასამართლოში გადმოჰყავდათ,” – აღნიშნა ადვოკატმა რამინ პაპიძემ.

“არ ვიცი, რა გითხრათ… ” – უხერხულობა ვერ დამალა მოსამართლემ.

“ბოდიშს გიხდით,” – ჩაილაპარაკა გისოსებიდან გია ერმაკოვმა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლომ კიდევ ერთ მოწმეს მოუსმინა – “საქართველოს ბანკის” თანამშრომელ არჩილ ჯანყარაშვილს. ამ პირმა 2016 წელს არჩილ ვანაძეს მისწერა: “რეიტინგი არ აქვს, ჩვენ რეკომენდაციას არ ვუწევთ”.

ვიდრე “იაფი სახლის”პროექტზე მერია ხელშეკრულებას გააფორმებდა “კონვენტ ჯორჯიასთან”, კომპანიამ მერიაში საბანკო გარანტია “პოინტ ბანკისგან” წარმოადგინა.

როგორი იყო იმ ბანკის რეიტინგი და სანდოობა, რომელმაც საბანკო გარანტია გასცა? – ამის გადამოწმება სცადა მერიამ “საქართველოს ბანკში” 2016 წელს.

მოწმემ თქვა, რომ არ იცის, როგორ გადაამოწმა თავის დროზე “საქართველოს ბანკმა” “პოინტ ბანკის” რეიტინგი.

“საერთოდ, ბანკი იყო თუ არა ეს „პოინტ ბანკი“, ეს მაინც გადაამოწმეთ?” – ჰკითხა მოწმეს ლევან მახარაშვილმა, გიორგი ერმაკოვის ინტერესების დამცველმა.

“არ ვიცი, ის საერთოდ ბანკი იყო თუ არა, მე მაგის შემოწმება არ მევალებოდა… სხვა სამსახურმა მოამზადა ინფორმაცია და მე უბრალოდ შუამავალი ვიყავი,” – აღნიშნა მოწმემ.

ბანკის თანამშრომელმა ასევე თქვა, რომ, ზოგადად, ბანკის რეიტინგი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებით დგინდება.

“ხომ შეიძლება, ერთი მონაცემებით ბანკს კარგი მაჩვენებელი ჰქონდეს, მეორეთი – არა?” – დაინტერესდა არჩილ ვანაძის ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე.

“არ ვიცი,” – თავი აარიდა შეკითხვას მოწმემ.

“ხომ გსმენიათ?” – უკან არ დაიხია ადვოკატმა.

“ჰო, რა თქმა უნდა,” – ჩაილაპარაკა მოწმემ.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 16 ოქტომბრის სხდომაზე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ და მოსამართლეს ბათუმის მერთან გაფორმებული შეთანხმება წარუდგინეს. შეთანხმების მიხედვით, გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ყადაღა დაედებოდა გია ერმაკოვის და არჩილ ვანაძის ოჯახის წევრების ქონებას, ხოლო საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ამ ქონებიდან მოხდებოდა ზიანის ნაწილის ანაზღაურება.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა „იაფის სახლის“ პროექტთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: