მთავარი,სიახლეები

გიორგი ერმაკოვს სასამართლოში ფენოვანი ხაჭაპური მიუტანეს

25.10.2019 • 1901
გიორგი ერმაკოვს სასამართლოში ფენოვანი ხაჭაპური მიუტანეს

„ეს არის არაადამიანური მოპყრობა და წამება. მეც ასე მაშიმშილებდნენ, როცა პატიმარი ვიყავი,”- ამბობს მერაბ ღოღობერიძე, “უდანაშაულოთა დაცვის ორგანიზაციის” ხელმძღვანელი. მან დღეს, 25 ოქტომბერს, სასამართლო პროცესზე პატიმრობაში მყოფ ბრალდებულებს, მათ შორის, ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს, ფენოვანი ხაჭაპურები და მინერალური წყალი მიუტანა.

მერაბ ღოღობერიძემ წერილითაც მიმართა მოსამართლე დავით მამისეიშვილს, რომელიც „ბათუმის მერიის ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეს” განიხილავს.

მერაბ ღოღობერიძეს მანდატურებმა უთხრეს, რომ სასამართლოს დარბაზში მხოლოდ წყლის შეტანა შეეძლო, თუმცა საბოლოოდ მან დარბაზში ხაჭაპურების შეტანა მაინც მოახერხა.

სასამართლო სხდომა უკვე დაიწყო, თუმცა მოსამართლე ჯერ არ შეხებია ბრალდებულებისთვის საკვების გადაცემის საკითხს. მერაბ ღოღობერიძემ მანდატურებს მოუწოდა, საკვები გადაეცათ პატიმრებისთვის, თუმცა უარი მიიღო.

სხდომის დაწყებამდე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ბექა ხალვაშმა, რომელიც უკვე გირაოს საფუძველზეა გათავისუფლებული, “ბათუმელებს” უთხრა, რომ ბრალდებულები ვერც პურს ჭამენ, რასაც ციხეში აძლევენ.

“რეალურად პურის ქერქს ჭამ მარტო…. შიგნით ცომია, ვერ შეჭამ. ციხეში რამდენიმე საათით ადრე გვაყენებდნენ, როცა სასამართლო პროცესი გვქონდა. ქუთაისიდან აქ ჩამოსვლას ორი საათი სჭირდება, მერე ორი საათი უკან, ამას ემატება სხდომაზე გატარებული საათები,”- ამბობს ბექა ხალვაში.

ბექას თქმით, ციხეში შესაძლებელია ასევე იქვე არსებულ მაღაზიაში დამატებითი პროდუქტის შეძენა.

ბრალდებულები რომ ნახევრად მშივრები არიან, ამის შესახებ გუშინდელ სხდომაზე თქვა ადვოკატმა რამინ პაპიძემ. ბრალდებულმა გიორგი ერმაკოვმა კი აღნიშნა, რომ შემდეგ სხდომებზე აღარ მოვიდოდა.

დღევანდელ პროცესზე ბათუმის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ვახტანგ გედენიძე და “კონვენტ ჯორჯიას” ერთ-ერთი წარმომადგენელი, ვახტანგ ჩიქოვანი დაიკითხებიან.

ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, ასევე, მერიის ყოფილი მაღალჩინოსნები: არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 16 ოქტომბრის სხდომაზე წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ბრალდებულები გირაოთი გათავისუფლებას ითხოვდნენ და მოსამართლეს ბათუმის მერთან გაფორმებული შეთანხმება წარუდგინეს. შეთანხმების მიხედვით, გირაოთი გათავისუფლების შემთხვევაში ყადაღა დაედებოდა გიორგი ერმაკოვის და არჩილ ვანაძის ოჯახის წევრების ქონებას, ხოლო საბოლოოდ გამამტყუნებელი განაჩენის მიღების შემთხვევაში, ამ ქონებიდან მოხდებოდა ზიანის ნაწილის ანაზღაურება.

მერიის ყოფილ მაღალჩინოსნებს ჯამში 1 მილიონ 376 ათასი ლარის გაფლანგვას ედავება პროკურატურა „იაფის სახლის“ პროექტთან დაკავშირებით.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 24 სექტემბრის სხდომაზე სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა: ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: