ბათუმი,მთავარი,სიახლეები

რატომ მალავს მთავრობა განკარგულებას, რომლითაც ივანიშვილს გზა გაუცვალა

26.10.2019 • 2466
რატომ მალავს მთავრობა განკარგულებას, რომლითაც ივანიშვილს გზა გაუცვალა

საქართველოს მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მალავენ მთავრობის იმ განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სახელმწიფომ და ივანიშვილის კომპანიამ – „ურეკი რეზიდენსმა“ შეკვეთილში ერთმანეთს გზები გადაუცვალეს. როგორც წესი, ამ ტიპის განკარგულებებს მთავრობა თავის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს, თუმცა ამ შემთხვევაში ეს წესი არ დაიცვა.

საქართველოს მთავრობამ შესაბამისი განკარგულება 2019 წლის 23 აგვისტოს მიიღო, „ბათუმელებმა“ ამ განკარგულების ასლი და ამავე განკარგულების განმარტებითი ბარათი, ოფიციალურად, 2019 წლის 29 აგვისტოს გამოითხოვა.

მოგვიანებით მთავრობის კანცელარიაში განაცხადეს, რომ ჩვენი მოთხოვნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იყო გადაგზავნილი. სამინისტროში განაცხადეს, რომ პასუხს საქართველოს ქონების ეროვნული სააგენტო მოგვაწვდიდა.

ქონების ეროვნულ სააგენტოში კი გვითხრეს, რომ პასუხის გასაცემად მათ ერთი თვე ჰქონდათ. ეს „ვადა“ ორი კვირის წინ, 11 ოქტომბერს ამოიწურა, თუმცა არცერთი ამ უწყებიდან პასუხი დღემდე [25 ოქტომბერი] არ მიგვიღია.

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა კომპანია „ურეკი რედიზენსმა“ და სახელმწიფომ, ოზურგეთის სოფელ ნატანებში [შეკვეთილში] მათ საკუთრებაში არსებული გზები ერთმანეთს 2019 წლის 3 სექტემბერს, ქონების ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებით გადაუცვალეს.

„ბათუმელები“ გაეცნო ქონების [გზების] ურთიერთგადაცემის ხელშეკრულებას, რომელსაც ხელს აწერენ შპს „ურეკი რეზიდენსისა“ და ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენლები.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ შპს „ურეკი რეზიდენსი“ უარს აცხადებს სახელმწიფოსგან მიიღოს 96 ლარი. სწორედ ამდენით მეტად შეფასდა კომპანიის ქონება, სახელმწიფო ქონებასთან შედარებით. გზები სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შეაფასა.

ამავე ხელშეკრულების მიხედვით, ექსპერტიზამ, 3 066 კვ/მ გზა, რომელიც სახელმწიფოს საკუთრებაში იყო და ბიძინა ივანიშვილს თავის რეზიდენციასთან მისასვლელად უკანონოდ ჰქონდა ჩაკეტილი, 294 336 ლარად შეაფასა. ის 3 067 კვ/მ ფართობის გზა კი, რომლითაც შეკვეთილის მოსახლეობა სარგებლობს და რომელიც „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაში იყო – 294 432 ლარად. ანუ, 1 კვ/მ მიწა 96 ლარად.

სახელმწიფომ „ურეკი რეზიდენსის“ გზა სახელმწიფო საკუთრებად 6 სექტემბერს დაარეგისტრირა, „ურეკი რეზიდენსმა“ კი, სახელმწიფო გზა თავის საკუთრებაში – 9 სექტემბერს.

დეტალურად ამ თემაზე:

სახელმწიფო მიწები, რომლებითაც ივანიშვილი უკანონოდ სარგებლობს

შპს „ურეკი რეზიდენსი ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის ივლისში დააფუძნა. 2017 წლის იანვარში კი, კომპანიის წილის 100% თავის შვილს, ბერა ივანიშვილს, საკუთრებაში 4 მილიონ ლარად გადასცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: