განათლება,მთავარი,სიახლეები

ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ

25.10.2019
ზოგიერთ პედაგოგს, რომელმაც 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარა, შესაძლოა კრედიტები არ უღიარონ

20 პედაგოგს, რომლებმაც მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიანი პროგრამა გაიარეს, შესაძლოა კრედიტები არ ჩაუთვალონ. პედაგოგებმა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს განცხადებით უკვე მიმართეს.

„ბათუმელები“ ორ პედაგოგს ესაუბრა, რომლებმაც აღნიშნული პროგრამა ხიჭაურში, საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში გაიარეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პედაგოგების უმეტესობას მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე 10 ქულაზე ნაკლები ჰქონდა მიღებული.

60-კრედიტიანი მასწავლებლის პროგრამის გავლა მხოლოდ იმ პრაქტიკოს ან მასწავლებლობის მაძიებელ პირებს შეუძლიათ, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე, მინიმუმ 10 ქულაზე მეტი დააგროვეს.

„აღმოჩნდა, რომ ვინც ეს პროგრამა გავიარეთ, მხოლოდ სამ ადამიანს ჰქონდა საგნობრივ გამოცდაზე 10 ქულა აღებული, სხვებს ათზე ნაკლები“, – გვითხრა ერთ-ერთმა პედაგოგმა, რომელსაც ამ ეტაპზე არ სურს საკუთარი ვინაობის გასაჯაროება.

„ბათუმელები“ კიდევ ერთ პრაქტიკოს პედაგოგს ესაუბრა, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლაში მუშაობს და ის ხვალ, 26 ნოემბერს, დაგეგმილ მასწავლებლის საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე გასვლას პირველად გეგმავს.

ჰქონდათ თუ არა პროგრამის გავლის უფლება იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოცდაზე ვერ შეძლეს ათზე მეტის ქულის დაგროვება? როგორც მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში გვითხრეს,  ამის შესახებ მათთვის იმ უნივერსიტეტს უნდა მიეწოდებინა ინფორმაცია, სადაც ემზადებოდნენ.

„ბათუმელები“ ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტსაც დაუკავშირდა. აქ გვითხრეს, რომ პრობლემა მხოლოდ რამდენიმე პირს შეექმნა. „ყველას არ ჰქონდა პრობლემა, 1 ან 2 ქულა ვისაც ჰქონდა, მათთვის იყო პრობლემა, თუმცა გვარდება“, – გვითხრეს აქ.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის ხიჭაურის სასწავლო უნივერსიტეტში პედაგოგის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე 16 პირი სწავლობს, 20-მა კი უკვე დაასრულა სწავლა.

უღიარებს თუ არა სამინისტრო კრედიტებს იმ პირებს, რომლებმაც საგნობრივი კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდაზე ვერ დააგროვეს ათი ქულა, მაგრამ გაიარეს 60-კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების პროგრამა, ამის შესახებ საბოლოო პასუხს მასწავლებლის სახლი მათ ნოემბერში გასცემს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: