მთავარი,სიახლეები

როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

25.10.2019
როგორ იქცა 4 წელი 5 წლად? – აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს კანდიდატის დიპლომი

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილი „ქართული ოცნება“ დღეს, 25 ოქტომბერს, თამილა დოლიძის არჩევას აპირებს. კანონი მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს მაგისტრის ხარისხს სთხოვს ან მასთან გათანაბრებულს. თამილა დოლიძემ ინსტიტუტში 4 წელი ისწავლა, რაც მისი დიპლომიდან ჩანს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა 8 ოქტომბერს გაცემულ დოკუმენტში მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატს ჩაუწერა, რომ მან 5 წელი ისწავლა.

თამილა დოლიძის დიპლომის მიხედვით, იგი 1982-1986 წლებში სწავლობდა ბელორუსიაში, გორკის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში და მიენიჭა რუსული ენისა და ლიტერატურის  მასწავლებლის კვალიფიკაცია.

დიპლომი

„თქვენთვის ბელორუსიის რესპუბლიკაში მინიჭებული კვალიფიკაცია შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურისთვის გათვალისწინებულ კვალიფიკაციას…“ – აღნიშნულია დოკუმენტში, რომელიც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა გასცა. ეს უწყება ადგენს, რამდენად შეესაბამება უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ აკადემიურ ხარისხს. ამ უწყების მიერ გაცემულ დოკუმენტში ასევე ვკითხულობთ: „…თქვენს სახელზე ნამდვილად გაიცა დიპლომი და თქვენ მიერ გავლილი პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენდა 5 წელს“. წერილში არ არის განმარტებული, როგორ გამოდის 4 წელი 5.

„არსებობდა კანონიერი საფუძველი. 2000 წლამდე 4-წლიანი განათლება უთანაბრდებოდა მაგისტრის ხარისხს. ალბათ, აქაც ეს შემთხვევაა,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის პრესცენტრში. აქ დაგვპირდნენ იმის გარკვევას, როგორ გამოითვალა ცენტრმა 4 წელი 5 წლად.

„ექსტერნად ვისწავლე, ინტერნაციონალური პროგრამა იყო,“ – გვიპასუხა მრჩეველთა საბჭოს კანდიდატმა, თამილა დოლიძემ, რომელსაც ასევე ვკითხეთ, როგორ გამოვიდა 4 წელი 5.

„არ მცალია, სამი საათის შემდეგ დამირეკეთ“, – გვითხრა თამილა დოლიძემ. დღეს, 25 ოქტომბერს, დღის 12 საათზე, უმაღლესი საბჭო თამილა დოლიძის და სხვა კანდიდატების ასარჩევად სხდომას ატარებს.

თამილა დოლიძის დიპლომში აღნიშნული არ არის, რომ მან ექსტერნად ისწავლა. დიპლომში არც სხვა ჩანაწერია, რითაც აიხსნებოდა, როგორ გამოდის 4 წელი – 5.

რა გაარკვია კომისიამ, რომელმაც კანდიდატად თამილა დოლიძე შეარჩია? – „ბათუმელები“ კომისიის ერთ-ერთ წევრს, ლევან გობაძეს დაუკავშირდა. მან გვიპასუხა, რომ დეტალურად ეს დოკუმენტი არ ახსოვს და შეგვეხმიანება, როცა დააზუსტებს.

კანდიდატად შერჩევამდე თამილა დოლიძის დოკუმენტაციას უმაღლეს საბჭოში შექმნილმა კომისიამ ხარვეზი დაუდგინა. თამილა დოლიძეს ჰქონდა წარმოდგენილი ცნობა, რომ მისი უმაღლესი განათლება მაგისტრის ხარისხთან იყო გათანაბრებული, თუმცა კომისიამ თამილა დოლიძეს დამატებითი დოკუმენტი მოსთხოვა.

„წარმოდგენილ ცნობაში ეწერა, რომ მას შეეძლო უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე სწავლა, ანუ დოქტორანტურაზე. ეს კი ირიბად გულისხმობს იმას, რომ მაგისტრატურა გავლილი გაქვს, მაგრამ პირდაპირ არ ეწერა ის, რომ მისი უმაღლესი განათლება შეესაბამება მაგისტრის აკადემიურ ხარისხს. მან რამდენიმე დღეში ახალი დოკუმენტი წარმოგვიდგინა,“ – ამბობს აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის წევრი ლევან გობაძე.

კომისიამ თამილა დოლიძეს დოკუმენტი 6 ოქტომბერს მოსთხოვა. თამილა დოლიძემ ახალი ცნობა განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრიდან 8 ოქტომბერს მიიღო, სადაც წერია, რომ თამილა დოლიძე 5 წელი სწავლობდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: