მთავარი,სიახლეები

3 თვეა პარკინსონით დაავადებულები 1-ლარიანი წამლის პროგრამით ვერ სარგებლობენ

25.10.2019 • 5564
3 თვეა პარკინსონით დაავადებულები 1-ლარიანი წამლის პროგრამით ვერ სარგებლობენ

მერაბ პ. ქედაში ცხოვრობს. მას პარკინსონის დაავადება აქვს და როგორც სოციალურად დაუცველი, 1-ლარიანი წამლების პროგრამაშია ჩართული. ექიმმა მას მედიკამენტები: „პარკინისა“ და „ნაკომის“ მარაგი ამოეწურა და რადგან ამ დასახელების მედიკამენტები პროგრამის ფარგლებში არ ჰქონდათ, ამბობს, რომ აფთიაქში მას შემცვლელი მედიკამენტი მისცეს.

„მედიპარკინი“ მომცეს, მაგრამ ეს სუსტი წამალი გამოდგა – არ იმოქმედა. ვისესხე 150 ლარი და იმით 100 ცალი „პარკინი“ ვიყიდე. 3-4 დღის წამალი დამრჩა“, – გვიყვება მერაბი.

მერაბის თქმით, ქედაში „ფარმადეპოს“ აფთიაქს არემონტებენ, ამიტომ არ იცის, სად უნდა მივიდეს მედიკამენტის ასაღებად. არც ის იცის, რომ 1-ლარიანი პროგრამის ფარგლებში მედიკამენტი „ნაკომი“ აფთიაქებში არ არის. „3 თვის მაქვს მისაღები, მივალ და ავიღებო“, – გვითხრა მან.

თითქმის მეორე თვეა, რაც აჭარაში პარკინსონით დაავადებული ადამიანები ვერ იღებენ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საჭირო მედიკამენტ – „ნაკომს“. სოციალური მომსახურების სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს მედიკამენტის შესყიდვის პროცედურები. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, „ნაკომი“ პროგრამის ფარგლებში კიდევ ერთი თვის განმავლობაში არ იქნება. „შეიქმნა დეფიციტი“, – გვითხრეს სამინისტროში.

პარკინსონით დაავადებულთათვის კი „ნაკომის“ ყოველდღიურად მიღება აუცილებელია.

„თუ პაციენტი იღებს „ნაკომს“, ამ პრეპარატის მიღება მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. აუცილებლად უნდა მიიღოს. მაგალითად, როგორც დიაბეტიან ავადმყოფს ესაჭიროება „ინსულინი“, ესეც ასეა, დაახლოებით. „ნაკომის“ შემცვლელი პრეპარატები სხვადასხვა დასახელების არსებობს. ძირითადი აქტიური ნივთიერება არის ლევოდოპა და პრეპარატი, რომელიც ამ ნივთიერებას შეიცავს, ფაქტობრივად არის „ნაკონის“ შემცვლელი, თუმცა, გააჩნია დოზას“, – ამბობს ნევროლოგი მიხეილ მჟავანაძე.

„2019 წლის 12 აგვისტოს შემდგომ მიმდინარეობს ბაზრის მოკვლევა და შესყიდვის პროცედურები, რომელსაც ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო. მედიკამენტის გაცემა განახლდება ტენდერით გამოვლენილ გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ“, – მოგვწერეს სოციალური მომსახურების სააგენტოდან.

სწორედ ეს სააგენტო აწვდიდა ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირებს მედიკამენტებს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარებს წამლების მიღება აჭარაში შემდეგ აფთიაქებში შეუძლიათ:

„ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის  ფარგლებში პარკინსონის დაავადების სამკურნალოდ გაიცემა მედიკამენტი კარბიდოპა/ლევოდოპა 220მგ/25მგ – „ნაკომი“, რომელიც დღეის მდგომარეობით [23 ოქტომბერი] ნაშთის სახით, 5 716 აბი, განთავსებულია 14 აფთიაქში ქვეყნის მასშტაბით. შესაბამისად, პრეპარატის გაცემა არ შეწყვეტილა“, – გვითხრეს სოციალური მომსახურების სააგენტოში.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით კი, ამ 14 აფთიაქიდან არც ერთი არ მდებარეობს აჭარაში. შესაბამისად, რეგიონში მცხოვრები ბენეფიციარები მედიკამენტის გარეშე იქამდე დარჩებიან, ვიდრე შესყიდვის მინიმუმ ერთთვიანი პროცედურები არ დასრულდება.

სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წელს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული სახელმწიფო ტენდერის საშუალებით შესყიდული იქნა 525 600 აბი „ნაკომი“. მომწოდებელი იყო კომპანია შპს „პსპ ფარმა“ [კომპანიასთან ხელშეკრულება 304 848 ლარზე გაფორმდა].

2019 წელს კი, ფარმაცევტული პროდუქტი კონსოლიდირებული ტენდერის გზით იყიდა სსიპ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ. სოცსააგენტოს ინფორმაციით, დამატებით შესყიდულია 200 000 აბი „ნაკომი“. მომწოდებელი სს „გეფა“ [კომპანიის მიერ შეთავაზებული ფასი 102 000 ლარი].

სოციალური მომსახურების სააგენტოს განცხადებით, „ორივე მომწოდებელს ვალდებულებები, საქონლის მოწოდებასთან დაკავშირებით, შესრულებული აქვს“.

2019 წლის 6 მარტს შესყიდვების სააგენტომ „ნაკომის“ მიწოდებაზე კომპანია „გეფა“ კიდევ ერთ კონსოლიდირებულ ტენდერში გამოავლინა გამარჯვებულად. ამ ტენდერით კომპანიას სახელმწიფო უწყებებისთვის 175 548 აბი „ნაკომი“ [comb. Drug (Levodopa, Carbidopa), 250მგ/25მგ] უნდა მიეწოდებინა.

კომპანია „გეფაში“ „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ტენდერით ნაკისრი ეს ვალდებულებაც შესრულებული აქვთ.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ მიერ მოთხოვნა ახალი კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარებაზე შესყიდვების სააგენტოში გადაგზავნილია.

შესყიდვების პორტალის მიხედვით, „ნაკომის“ შეძენაზე ახალი კონსოლიდირებული ტენდერი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის.

რა ეტაპზეა მედიკამენტ „ნაკომის“ [კარბიდოპა/ლევოდოპა 220მგ/25მგ] შესაძენად კონსოლიდირებული ტენდერის გამოცხადება? – ამ კითხვით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მივმართეთ. სააგენტოსთვის ასევე გვინდოდა გვეკითხა, რატომ ვერ გაითვალისწინეს „ნაკომის“ მომხმარებლების სასიცოცხლო რისკები და აქამდე რატომ ვერ გამოაცხადეს ტენდერი. თუმცა სააგენტოში გვითხრეს, რომ ზეპირსიტყვიერად ინფორმაციას არ მოგვაწვდიან და წერილობით უნდა მივმართოთ.

კიდევ ერთი დეტალი, პარკინსონით დაავადებულთათვის „ნაკომის“ გაცემას ბათუმის მერია ქალაქში მცხოვრებ 55-მდე ბენეფიციარისთვის დამოუკიდებლად უზრუნველყოფდა. მერიამ თავად ჩაატარა ტენდერი, თუმცა, ზემოთ აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის [„წამლები 1 ლარად“] ამოქმედების გამო იძულებული გახდა ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულთან შეეწყვიტა.

„აგვისტოს თვეში გავეცით აღნიშნული მედიკამენტი. სექტემბრის თვიდან კი მომწოდებელთან ხელშეკრულება შევწყვიტეთ, ვინაიდან იმავე ბენეფიციარებმა სახელმწიფო პროგრამით უნდა ისარგებლონ“, – გვითხრეს მერიაში.

შესაბამისად, ვიდრე სახელმწიფო ტენდერს გამოაცხადებს და გამარჯვებულს გამოავლენს, სოციალურად დაუცველ პაციენტებს, მაგალითად, აჭარაში, თავად მოუწევთ ზრუნვა წამლისთვის საყიდელი ფინანსების მოძიებაზე.

„ბათუმელებისთვის“ ჯერჯერობით უცნობია, რა ვითარებაა „ნაკომის“ მიწოდების მხრივ ქვეყნის სხვა რეგიონებში.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/396131/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: