„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2019 წლის 23 ოქტომბერს, 00:00 საათიდან 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:
[crosslist]
ბარცხანის დასახლებას
იმედაშვილის ქუჩას
ბაქოს ქუჩას
მაქაცარიას ქუჩას
მერკვილაძის ქუჩას
კანდელაკის ქუჩას
შავშეთის ქუჩას
ნონეშვილის ქუჩას
ბაქრაძის ქუჩას
ქათამაძის ქუჩას
თამარ მეფის გამზირს
ჭიჭინაძის ქუჩას
აგარაკის ქუჩას
ლორთქიფანიძის ქუჩას
დიასამიძის ქუჩას
შრომის ქუჩას
კაზინეცის ქუჩას
ქათამაძის შესახვევს
ნობელების ქუჩას
[/crosslist]
„ბათუმის წყალი“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ წყალმომარაგების მიწოდების აღდგენის შემდეგ, შესაძლოა სარემონტო სამუშაოების გამო, წყალი იყოს მცირედით ამღვრეული, რაც გამოწვეულია მილზე არსებული ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო მინერალების ჩამორეცხვით.
„გთხოვთ, წყლის მიწოდების აღდენის შემდეგ, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, შესაძლო ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით,“ – აღნიშნულია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აჭარის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ტრანსპორტისა და ტექნიკის ექსპლუატაციისა და მოვლა-შენახვისთვის 2018 წელს 4 346 392 ლარი დაიხარჯა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „მოპოვებული მტკიცებულებებით, რიგ შემთხვევებში, ამ ხარჯის გაწევა დაუსაბუთებელია და ვერ დგინდება ხარჯის გაწევის მიზანშეწონილობა“.
აუდიტის მიხედვით:
[crosslist]
სსიპ − აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ და ა(ა)იპ − ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა, გარდა ბალანსზე არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, 2018 წელს სარგებლობდა შესაბამისი ორგანიზაციების თანამშრომელთა პირად საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით, რომლებზეც გაწეულმა საწვავის ხარჯებმა შეადგინა 10 860 ლარი.
ორგანიზაციების მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გაცემული საწვავის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისთვის ხარჯვის დოკუმენტური დადასტურება, რაც წარმოშობს საჯარო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვის რისკებს.
[/crosslist]
აუდიტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მოქმედი რეგულაციებით, ავტომანქანის გამართვისა და ავტომატური იდენტიფიცირების სისტემით ხორციელდება ავტოგასამართი სადგურის პისტოლეტისა და ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზის ერთმანეთთან დაკავშირება და იდენტიფიცირება. ამით უზრუნველყოფილია ავტოგასამართ სადგურზე შესაბამისი მარკის საწვავის ჩასხმა მხოლოდ ავტორიზებული ავტომანქანის საწვავის ავზში.
„აუდიტის ჯგუფის მიერ შერჩევით იქნა დათვალიერებული სხვადასხვა ობიექტის ბალანსზე რიცხული სატრანსპორტო საშუალება, სულ 68 ერთეული, საიდანაც 20 ერთეულს მოხსნილი ჰქონდა „აგაის“ სისტემა [ჩიპი]. ზემოაღნიშნული წარმოშობს არაავტორიზებულ ავტომანქანაში საწვავის ჩასხმის რისკებს,“ – აღნიშნულია აუდიტის ანგარიშში.
უწყებები აჭარაში, რომელთა ბალანსზე რიცხულ ავტომანქანებს, აუდიტის შერჩევითი დათვალიერებით, მოხსნილი ჰქონდათ ჩიპები:
ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო − 6 ერთეული, საავტომობილო დეპარტამენტი − 2 ერთეული, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო − 2 ერთეული, სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი − 2 ერთეული, სოფლის მეურნეობის სამინისტრო − 2 ერთეული, გარემოს დაცვის სამმართველო − 2 ერთეული, სსიპ − ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფოს თეატრი − 2 ერთეული [ერთი ერთეული ინახება დირექტორთან], ა(ა)იპ ქ. ბათუმის სასპორტო სკოლა – 1 ერთეული, სსიპ აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი „ბათუმი“ – 1 ერთეული.
„როგორ ვართ? – რა ვიცი, მშივრები არ ვართ, ზოგს ცუდი მანქანა აქვს, შეცვლა უნდა, ზოგს სულ არ აქვს და შეძენა უნდა“, – გვიყვება ედნარ ღოღობერიძე. მისი მაღაზია სოფელ მახუნცეთის ცენტრში დგას და ადგილობრივების თავშეყრის ადგილია. მისი ნისიების რვეული კი – ამ სოფლის მცხოვრებლების ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი.
ედნარმა ყველაზე კარგად იცის აქ მცხოვრები ოჯახების ბიუჯეტი და ხელფასების განრიგიც: „ხელფასამდე, პენსიამდე ნისიები მაქვს“. ის ამბობს, რომ მისი შემოსავალიც სეზონურად იზრდება და მცირდება, მაშინ როცა სოფლებში ტურისტები გამოჩნდებიან და როცა შემოდგომის მოახლოებასთან ერთად მათი რიცხვი მცირდება.
ედნარმა ნისიების რვეულების გადაღების უფლება არ მოგვცა, სახელებითა და გვარებით მიწერია ყველა და ამას თუ სადმე გამოაჩენთ, ეწყინებათ მეზობლებსო.
ედნარ ღოღობერიძე
ამ დროს მაღაზიაში დაახლოებით 50 წლის ქალი შემოვიდა. ის საუბარში ჩაერთო, თუმცა სახელის გამხელა არ ისურვა, არც ფოტო გადაგვაღებინა. გვითხრა, რომ „ყველა პრობლემას ეშველება, თუ დასაქმების პრობლემა მოგვარდება“, მაგრამ, მისივე აზრით, მხოლოდ ამაშიც არ არის საქმე, რადგან დასაქმებულებს არ ჰყოფნით ხელფასი:
„ხუთასი ლარი მაინც რომ იყოს ხელფასი… ჩემი ხელფასი 280 ლარია, კულტურის ცენტრში ვმუშაობ.“
ედნარის მაღაზიაში ბევრი სხვა მეზობელიც შემოვიდა. როგორც თქვეს, „მარშრუტკის“ მოსვლამდე დროის გასაყვანად შეიკრიბნენ. საუბარი ხურმის მოსავალზე გაგრძელდა. ადგილობრივების მონაყოლით სოფელში ჯამში 100-მდე ტონა ხურმის მოსავალი მოვიდა, მაგრამ არავინ იბარებს.
რამდენიმეწუთიანი დისკუსიის შემდეგ ქალმა, რომელმაც სახელის გამხელა არ სურდა, თქვა, რომ მახუნცეთში აუცილებლად უნდა ავიდეს სოფლის მეურნეობის მინისტრი: „ამოვიდეს აქ და ხურმას გოდრებით გავატანთ. ამოდიან აქ და შეგვხვდით, გვითხარით რა გაწუხებთო… შემდეგ – მაგას ჩვენ ვერ ვიზამთო. თუ რამეს ვერ იზამთ, რატომ უნდა შეგხვდეთ, რატომ უნდა გელაპარაკოთ?“
ედნარის თქმით, ხშირად განხილვის თემაა შეშით მომარაგების საკითხიც. ნისიების რვეულის მიხედვით კი, ყველაზე ხშირად აქ თამბაქოსა და ყავას ითხოვენ: „მას შემდეგ, რაც სიგარეტი გაძვირდა, მოთხოვნა გაიზარდა თამბაქოზე. თამბაქოს ფასმაც შესაბამისად მოიმატა, მაგრამ სიგარეტზე ბევრად იაფია. მეორე ადგილს კი ყავა იკავებს“.
სტუდენტმა დავით ვართმანიძემ კი გვითხრა, რომ სოფელს ინტერნეტი და იმის შესაძლებლობა სჭირდება, რომ აბიტურიენტი აქვე მოემზადოს ეროვნული გამოცდებისთვის. ის მეზღვაურობისთვის ემზადება, თუმცა სოფლიდან წასვლას და სხვაგან ცხოვრებას არ აპირებს. მისი მიზანია სოფელში ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნოს.
21-22 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო Tbilisi-Marriot-ში, საერთაშორისო ასოციაცია ,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ (ასოციაციაТМТМ) განვითარების საკითხებზე სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც სს ,,საქართველოს რკინიგზამ“ უმასპინძლა. სხდომაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანში (Middle Corridor) რამდენიმე სახეობის ახალი ტვირთის დამატებასა და ერთიანი, გამჭოლი სატარიფო პოლიტიკის საკითხებს.
შეხვედრის ფარგლებში მიიღეს გადაწყვეტილება ,,TIS-საკონტეინერო ტერმინალის“ (უკრაინა) და ,,ბაქო გოვსანის საერთაშორისო სავაჭრო საზღვაო პორტის“ (აზერბაიჯანი) ასოციაცია ТМТМ-ში გაწევრიანების შესახებ. ასევე, ღონისძიების ფარგლებში ხელი მოეწერება შავ ზღვაზე პორტ კონსტანციდან ბათუმის პორტამდე საპარტნიორო საკონტეინერო გემის დანიშვნისა და რეგულარული მიმოსვლის შეთანხმებას.
სხდომაზე შეთანხმდნენ აზერბაიჯანისა და ყაზახეთის პორტებს შორის, ინფორმაციის ავტომატიზირებულად გაცვლის შესახებ, რაც შუა დერეფანში გადაზიდვის საერთო ეფექტურობას გაზრდის და საკონტეინერო გადაზიდვებს შეუწყობს ხელს.
სხვადასხვა ქვეყნის ექსპერტებისაგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფებმა ТМТМ-ის მარშრუტის 2020 წლის სატარიფო პოლიტიკაზეც იმსჯელეს.
თბილისში გამართულ შეხვედრაში აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უკრაინის, პოლონეთის, თურქეთისა და საქართველოს სარკინიგზო ადმინისტრაციების, პორტებისა და ლოგისტიკური კომპანიების 60-ზე მეტი წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.
,,ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის“ სამუშაო ჯგუფის შეხვედრის ბოლოს ხელი მოეწერა შესაბამის ოქმს.
აჭარის ბიუჯეტიდან 2018 წელს 542 800 ლარია გადახდილი პროექტში, რომლის მიხედვითაც ბათუმში აჭარის მთავრობის ახალი შენობა უნდა აშენებულიყო. ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად 28 მილიონი ლარია საჭირო. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „ბათუმელებს“ ოთხი თვის წინ უთხრეს, რომ მშენებლობისთვის საჭირო თანხა ამ ეტაპზე არ აქვთ.
აუდიტის ანგარიშის მიხედვით, „ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“.
ახალი ადმინისტრაციული შენობის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსით შეისყიდა. აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი:
„კონკურსის გამოცხადებამდე განხორციელდა ბაზრის კვლევა, რომლითაც შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 466 100 ლარით დღგ-ის გარეშე. ბაზრის კვლევის დოკუმენტაციის ანალიზით ირკვევა, რომ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ პოტენციური მიმწოდებლებისთვის დასმული მთავარი შეკითხვა ვერ უზრუნველყოფდა შესყიდვის სავარაუდო ღირებულების სწორად დადგენას. კერძოდ, შეკითხვაზე თანდართული ტექნიკური დავალების პროექტი არ მოიცავდა ასაგები შენობა-ნაგებობის სავარაუდო საერთო ფართობს, სიმაღლეს, ოფისების, საერთო და შეხვედრების ოთახების რაოდენობას და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინება შესაძლებელი იყო, მით უმეტეს, სამინისტროს ჰყავს შესაბამისი დარგის სპეციალისტები [შესაბამისი დეპარტამენტის სახით]“.
აუდიტის მიხედვით, კონკურსში მონაწილეობდა სამი პრეტენდენტი. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით კი გაიმარჯვა შპს „მეგაპოლისმა“, რომლის მიერ შეთავაზებული ფასი − 542 800 ლარი დღგ-ის ჩათვლით, 82 600 ლარით აღემატება უმცირესი ფასის მქონე პრეტენდენტის შეთავაზებას.
„მიუხედავად იმისა, რომ საკონკურსო კომისიას ხარისხის შეფასების ეტაპზე პრეტენდენტების ფასების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა, შეფასება შესაძლოა შეიცავდეს სუბიექტური გადაწყვეტილების რისკებს, რადგან ფასების უფრო დიდი სხვაობის შემთხვევაშიც, ხარისხის ჯამური ქულის გათვალისწინებით, გაიმარჯვებდა შპს „მეგაპოლისის“ შეთავაზება“, – აცხადებს აუდიტი.
ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 17 დეკემბერს გაფორმდა საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი. მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია ითვალისწინებს 14 835 კვ.მ საერთო ფართობის შენობა-ნაგებობის მშენებლობას, რომლის საორიენტაციო ღირებულება შეადგენს 27 942 970 ლარს, მშენებლობის შემფასებელთა კავშირის მიერ გამოშვებული 2018 წლის მე-3 კვარტალის ფასთა კრებულისა და საბაზრო ფასების მიხედვით.
„მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის ბოლოსთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია მზად იყო, 2019 წლის რესპუბლიკურ ბიუჯეტში აღნიშნული შესყიდვა გათვალისწინებული არ არის. მოპოვებული ინფორმაციით, მისი გათვალისწინება არც 2020 წლის ბიუჯეტში იგეგმება. სამინისტროს უფლებამოსილი პირის განმარტებით, გადაწყვეტილება მიღებული იქნება პროექტის დეტალური ფინანსური ანალიზის შემდეგ. წარმოდგენილი დოკუმენტაციით ირკვევა, რომ სამინისტროს მიერ საერთო ადმინისტრაციული შენობის მშენებლობის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია გარემოებათა დეტალური ანალიზის გარეშე. ბაზარზე ფასების ცვლილების გათვალისწინებით, შემდგომში ამ პროექტის სახარჯთაღრიცხვო ნაწილის გამოყენება შესაძლოა არარელევანტური გახდეს. შედეგად, ბიუჯეტიდან განხორციელებულია დანახარჯები, რომლის მოსალოდნელი სარგებელი გადახდილ ფასთან შესაძლოა არსებითად შეუსაბამო იყოს“, – აცხადებს აუდიტი.
„მძიმეა მისი მდგომარეობა, მაგრამ სტაბილური,“ – გვითხრეს ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში 12 წლის გოგოს შესახებ, რომელსაც გუშინ, 21 ოქტომბერს, გონიოს დასახლებაში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა.
ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის დირექტორის, თამარ ბახტაძის თქმით, დაშავებული კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში რჩება თავის ტვინის ტრავმით. გოგო კლინიკაში მიყვანის დროს შოკურ მდგომარეობაში იყო.
სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, 12 წლის გოგო ექიმებს კონტაქტური დახვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით.
ბათუმის ისტორია არაერთი ცნობილი ადამიანის შესახებ ინახავს ინფორმაციას. ზოგიერთი მათგანი უშუალოდ ისტორიის მონაწილე იყო, ზოგიერთი კი – მოგზაური, რომელიც სულ რამდენიმე დღით ან კვირით იმყოფებოდა ბათუმში, თუმცა ამ ქალაქმა მათზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა. ამჯერად ხუთი ადამიანის შესახებ მოგიყვებით, რომელთა სახელები ძველ ბათუმს უკავშირდება.
[gray_box]ნორვეგიელი მწერლის მოგზაურობა[/gray_box]
1899 წელს, დილას, ბათუმის რკინიგზის სადგურში, თბილისი-ბათუმის მატარებლიდან შლაპიანი კაცი ჩამოვიდა ხელში მომცრო ჩემოდნით და პენსნე შეისწორა. ბაქანზე ხალხი ირეოდა, ბათუმელები ჩამოსულებს ხვდებოდნენ, იყო გადაძახილ-გადმოძახილი და მოკითხვები.
კაცს კნუტ ჰამსუნი ერქვა, ნორვეგიელი იყო და მართალია, ბათუმში ცოტას თუ გაეგო მისი სახელი, მაგრამ მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნი – „შიმშილი“ – უკვე დაწერილი ჰქონდა.
ჰამსუნი კავკასიაში მოგზაურობდა. ბათუმში ჩამოსვლამდე უკვე იყო ბაქოსა და თბილისში. პატარა, ზღვისპირა ქალაქში ჩამოსვლა, სადაც იმ დროისათვის 18 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, არ შედიოდა მის გეგმებში, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჰამსუნი აქ ჩამოვიდა და მოგვიანებით ეს მოგზაურობა აღწერა კიდევ წიგნში „ზღაპრული ქვეყანა“.
კნუტ ჰამსუნი. ფოტო: ვიკიპედია
ჰამსუნის სამოგზაურო ჩანაწერებიდან ვიგებთ, რომ ის ზღვის პირას ცხოვრობდა სასტუმრო „ბელ ვიუში“ და ფანჯრიდან ხედავდა ზღვაში მობანავე ხალხს.
ბათუმში კნუტ ჰამსუნი ბევრს სეირნობდა ქალაქის ქუჩებში, აკვირდებოდა ხალხს, შედიოდა სავაჭრო დუქნებსა და რესტორნებში. ბათუმის ცხოვრების რიტმმა და განსაკუთრებით ბათუმის ბულვარმა, მას ამერიკის სამხრეთის შტატები გაახსენა.
„საღამოობით აქ ხალხი და ეტლები დასეირნობენ. ფიცხი ცხენები, აბრეშუმის სამოსლის შრიალი, ქოლგები, ქალიშვილების ღიმილი, მისალმების რევერანსები – ყველაფერი ისეა, როგორც სამხრეთის შტატების ქალაქებში. არიან აქ კუდაბზიკებიც, ფრანტებიც – მაღალი, მანჟეტისმაგვარი საყელოებით, აბრეშუმის პერანგებით, გვერდზე მოგდებული ქუდებით და მსხვილი ხელჯოხებით…
…სასტუმროს რესტორანში ევროპულ კოსტიუმში გამოწყობილი საზოგადოება იყრის თავს – ევროპულ კერძებს უკვეთავენ და შამპანურს სვამენ…. სამხრეთის შტატების მცხოვრებთა ჩვევები აქ განსაკუთრებით მაშინ მჟღავნდება, როცა სტუმრები რესტორანში ანგარიშს ასწორებენ. საჭიროა თუ არა, მსხვილი კუპიურებით უყვართ გადახდა. კელნერი იძულებულია, ეს კუპიურა რესტორნის პატრონს დაახურდავებინოს. სამაგიეროდ, უხვად მას ასაჩუქრებენ. ბოთლებსა და ჭიქებში უსათუოდ სასმელს ტოვებენ“.
სასტუმრო „ბელ ვიუ“ და „ორიენტალი“ ძველ ბათუმში
ჰამსუნი წერს, რომ სწორედ ბათუმის ბულვარში ნახა ფრანტი, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე წვრილჭვინტიანი ლაქის ფეხსაცმელი ეცვა.
ბათუმში ჩამოსულ კნუტ ჰამსუნს ციებამ შეუტია, რამდენჯერმე ქალაქის ქუჩებში სეირნობის დროს ცუდადაც კი გამხდარა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაინც აღტაცებული საუბრობს აქაურ კლიმატზე. ციებამ ბათუმიდან გამგზავრების წინა საღამოსაც დაასუსტა. წამალი აღარ ჰქონდა, ამიტომ სასტუმროს წინ, დუქანში, კონიაკი იყიდა და ასე „იმკურნალა“.
„ამაზე უფრო მშვენიერი ზღაპარი აღარ გადამხდება, ალბათ, არასოდეს“, – სწერდა კნუტ ჰამსუნი თავის მეგობარს. „ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია და მთები კიდევ – მაღალი“.
კნუტ ჰამსუნის ბათუმში მოგზაურობისას ამ ქალაქში უკვე ცხოვრობდა ოჯახი, რომლის გვარიც ჰამსუნის ბიოგრაფიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი ბათუმში ერთმანეთს არ შეხვედრიან, თორემ 20 წლის შემდეგ, როცა ნორვეგიელი მწერალი კნუტ ჰამსუნი ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა, მას უთუოდ გაახსენდებოდა ბათუმი, სადაც გაიცნო ამ ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გავლენიანი გვარის, ნობელის ოჯახის წევრი.
[gray_box]ძმები ნობელების ისტორია ბათუმში[/gray_box]
1879 წელს რობერტ ნობელი ბაქოში ჩავიდა და ნავთობის ჭაბურღილებით დაინტერესდა. სწორედ იქ დაებადა იდეა, შეექმნა ძმები ნობელების ამხანაგობა და ამის შესახებ ძმას, ლუდვიგს მისწერა. ლუდვიგ ნობელს იდეა მოეწონა, პროექტის განხორციელებაში კი ძმებს მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ნობელი, ალფრედი დაეხმარა, რომლის სახელსაც დინამიტის გამოგონება და ნობელის პრემიის დაარსება უკავშირდება. ალფრედ ნობელს ნავთობის მიმართ ინტერესი მანამდე არ ჰქონია, იგი ძმების კომერციულ ალღოს ენდო. ასე შეიქმნა ძმები ნობელების ამხანაგობა, რომელმაც ბათუმის ისტორიაში დიდი როლი შეასრულა.
„ბრანობელი“ – ასე უწოდებდნენ შემოკლებით ნობელების კომპანიას ბათუმში.
1905 წელს ძმები ნობელების ამხანაგობამ ბაქო-ბათუმის თითქმის 900-კილომეტრიანი ნავთობსადენის მშენებლობა დააფინანსა, რამაც ტვირთბრუნვა და ნობელების შემოსავალი კიდევ უფრო გაზარდა.
მე-19 საუკუნის ბოლოს ბათუმის შემოგარენში, ახლა უკვე თამარის დასახლებად წოდებულ ადგილას, ორსართულიანი შენობა გამოჩნდა, – ძმები ნობელების სააგარაკო სახლი.
საბჭოთა ბათუმში ამ სახლს „მდიდრის“ ან „გუბერნატორის სახლს“ ეძახდნენ. XX საუკუნის შუა წლებამდე ნობელების სახლს კუპიდონებით მოხატული ჭერი და იშვიათი მასალით მოპირკეთებული ღუმელი ჰქონდა, სადაც, ზამთარში, ბათუმური დაუსრულებელი წვიმის დროს, ალფრედ ნობელს ვარდის მურაბიანი ჩაის დალევა ჰყვარებია.
მოგვიანებით ღუმელი დაანგრიეს და მოხატული ჭერი შეათეთრეს. 2007 წლიდან აქ ძმები ნობელების სახელობის ტექნოლოგიური მუზეუმი გაიხსნა, რომლის დათვალიერებაც შეგიძლიათ.
ნობელების სახლი ბათუმში
მუზეუმის პირველ სართულზე, კედელზე, ძმები ნობელების ამხანაგობის რუკაა გაკრული, მასზე წითლადაა აღნიშნული ის ადგილები, სადაც ნობელებს კომერციული ინტერესები ჰქონდათ, მათ შორისაა ბათუმიც, ნავსადგური, საიდანაც მე-19 საუკუნის ბოლოს მსოფლიო ნავთობის 25 პროცენტზე მეტი გადიოდა და ძმები ნობელები არ იყვნენ ერთადერთნი, რომელთა ინტრესები ამ ქალაქს უკავშირდებოდა. მრავალ გვარს შორის იყო კიდევ ერთი, ნობელებზე არანაკლებ ცნობილი გვარი – ალფონს როტშილდი როტშილდების ცნობილი დინასტიიდან.
[gray_box]მილიონერი ბარონის სახლი ბათუმში [/gray_box]
„კასპია -შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო ორგანიზაცია“ – ასე ეწოდებოდა ალფონს როტშილდის კომპანიას, რომელსაც თავდაპირველად ნავთის ბიდონების ქარხანა ჰქონდა ბათუმში, შემდეგ კი კომპანიამ საქმიანობა გააფართოვა და ქარხნის გარდა საკუთარი ნავმისადგომებიც კი ჰქონდა ბათუმის ნავსადგურში.
ბარონ როტშილდის სახელი ბათუმის ისტორიას 1880-იან წლებში დაუკავშირდა, როცა ბათუმი, როგორც მსოფლიო რუკაზე მონიშნული ნავსადგური, სულ უფრო და უფრო ცნობილი ხდებოდა. ბათუმის ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი იყო რკინიგზა, რომლითაც ბათუმი თბილისსა და ბაქოს დაუკავშირდებოდა და ბათუმიდან ნავთობის გადაზიდვას კიდევ უფრო მომგებიანს გახდიდა. ბარონ როტშილდს რკინიგზის მნიშვნელობა კარგად ესმოდა, ამიტომაც მან სარკინიგზო ხაზის მშენებლობა 10 ათასი აშშ დოლარით დააფინანსა.
როტშილდის სახლის მშენებლობა ბათუმში. ფოტო შოთა გუჯაბიძის კოლექციიდან.
მე-19 საუკუნის ბოლოს ალფონს როტშილდმა ბათუმში, ბულვართან ახლოს, სახლის აშენება დაიწყო. სახლი ზღვას და ბულვარს უყურებდა. სამშენებლო მასალა საფრანგეთიდან ჩამოიტანეს, ორსართულიანი სახლი მდიდრულად გამოიყურებოდა და დღემდე ასეა.
როტშილდის სახლმა ისტორიის ბევრ განსაცდელს გაუძლო და დღესაც დგას ბათუმში, რუსთაველის ქუჩაზე, ოღონდ მას არა როტშილდის, არამედ ბათუმის ჩარკვიანის სახელობის სამშობიარო სახლის სახელით იცნობენ.
[gray_box]ბათუმელი საბედისწერო ქალის შეხვედრა ნობელიანტ მწერალთან [/gray_box]
1919 წელს ბათუმში კიდევ ერთი ნობელიანტი, ცნობილი ბერძენი მწერალი, ნიკოს კაზანძაკისი ჩამოვიდა. მის ბათუმში ყოფნის პერიოდს მოგზაურობას ვერ დავარქმევთ, მწერალს საგანგებო მისია ჰქონდა, იგი საბერძნეთის მთავრობამ ბათუმში ბერძენი ლტოლვილების რეპატრიაციის საკითხის შესასწავლად გამოგზავნა.
ბათუმში ნიკოს კაზანძაკისმა ორი კვირა დაჰყო და ეს პერიოდი საბედისწერო აღმოჩნდა არა მარტო მისთვის, არამედ ერთი ბათუმელი ქალისთვისაც. „მშვენიერი ქართველი ქალი, ბარბარე ნიკოლოზის ასული“ – ასე მოიხსენიებს მას კაზანძაკისი. ხანმოკლე რომანი კაზანძაკისმა აღწერა თავის უკანასკნელ წიგნში – „აღსარება გრეკოსთან“, რომელიც 74 წლის ასაკში დაწერა. წიგნის ერთ-ერთ თავს, სადაც ბათუმელ ქალთან შეხვედრაა აღწერილი, „კავკასია“ ეწოდება.
ნიკოს კაზანძაკისი. ფოტო: ვიკიპედია
„არასდროს შემხვედრია უფრო ლამაზი ქალი. არა, ლამაზი კი არა, რაღაც სხვა იყო, რასაც ვერ იტევენ სიტყვები – თვალები მწვანე, მომნუსხველი და საშიში, და ვითარცა გველის, ხმა ოდნავ ხრიწიანი, სავსე დაპირებებით, უარყოფით და სიტკბოთი. ვუცქერდი და ვფიქრობდი: ეს წუთი აღარასოდეს განმეორდება. ამ ქალს ვეღარასოდეს შევხვდები. მილიარდობით წლებმა იღვაწეს, ურიცხვმა თავგადასავლებმა, შემთხვევებმა, ბედისწერამ, რომ შობილიყო ეს ქალი და ეს კაცი და ერთმანეთს შეხვედროდნენ კავკასიის ერთ სანაპიროზე, ამ არაბული ლერწმებით მორთულ ეზოში. რა ვქნათ, გავუშვათ ეს ღვთაებრივი წამი?
ქალი შემობრუნდა, მილულა თვალები.
– ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მითხრა, გინდა გავიქცეთ?
ავცახცახდი, რასაც ვნატრობდი და თქმას ვერ ვბედავდი, ქალმა გაბედა და თქვა.
– გავიქცეთ! ვუთხარი, სად წავიდეთ?
– სადმე შორს აქედან, მომბეზრდა ჩემი ქმარი, აქ ვიხრჩობი, ვჭკნები, მენანება ჩემი სხეული ნიკოლაი მიხაილოვიჩ, მენანება, მოდი გავიქცეთ.
ბარბარე ნიკოლოზის ასული
– და მერე მოვალეობა ბარბარა ნიკოლაევნა, ათასობით ადამიანი ჩემსგან რომ ელის შველას?
– მოვალეობა! თქვა სარკასტულად. ერთი რამ ისწავლე ჩემგან, ერთი მოვალეობა გაკისრია: ნუ მისცემ საშუალებას, რომ ბედნიერება გაგექცეს. ხელი სტაცე თმაში. მტაცე ხელი თმაში, ნიკოლაი მიხაილოვიჩ, ვერავინ გვხედავს.
ვუცქერდი ზღვას. მხოლოდ დემონები იბრძოდნენ ჩემში. არც ერთი ანგელოსი. ბედისწერა ჩამსაფრებოდა და მელოდა. გავიდა ხანი. წამოფრინდა ქალი მთლად ფერგამკრთალი.
მორჩა! – მითხრა, – არ დამთანხმდი მაშინვე, აწონ-დაწონე სარგებელი და დანაკარგი, მორჩა! ახლა რომ მოინდომო, მე აღარ დაგთანხმდები“. [წიგნიდან „დიდი ხანძრის მეწამული ანარეკლი“. ავტორი: თამარ მესხი]
ბერძნეთა რეპატრიაციის საქმე მწერალმა დაასრულა, მაგრამ მოგონება ბარბარე ნიკოლოზის ასულზე მას მოსვენებას მთელი ცხოვრება არ აძლევდა.
თავის ბოლო ნაწარმოებში კაზანძაკისი წერს:
„ათასი წლის შემდეგ, გაუხარელი სიბერის ჟამს, ვხუჭავ თვალებს და კვლავ იზრდებიან არაბული ლერწმები, ეხეთქება შავი ზღვა ჩემს საფეთქლებს, მოდის ბარბარე ნიკოლოზის ასული და დამიჯდება წინ, სკამზე კი არა, ფეხმორთხმული, თეთრ კენჭებზე: ვუცქერ, ვუცქერ და ვფიქრობ: ნეტავ, სწორად მოვიქეცი, რომ არ ვსტაცე ღვთაებრივ წამს ხელი თმაში?!“
[gray_box]„შაგანე, ჩემი შაგანე“ – ლექსი, რომელიც ბათუმელ ქალს ეძღვება[/gray_box]
ბათუმს უკავშირდება კიდევ ერთი ცნობილი პოეტი კაცისა და ბათუმელი ქალის ისტორია. კაცს სერგეი ესენინი ერქვა და იმ დროისათვის უკვე ძალიან ცნობილი პოეტი იყო.
ესენინი ბათუმში 1924 წლის დეკემბერში
სახლი მელიქიშვილის (ყოფილი ენგელსის0 ქუჩაზე, სადაც ცხოვრობდა ესენინი. ფოტო შოთა გუჯაბიძის არქივიდან
ჩამოვიდა, ცივ და თოვლიან ზამთარში. ეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, როცა თოვლის სიმაღლე ბათუმში ერთ მეტრს ასცდა.
„ასე ბევრი და ასე ადვილად ცხოვრებაში ძალიან იშვიათად იწერება, ძალიან კარგად ვმუშაობო“, – სწერდა პოეტი მოსკოველ მეგობარს. მართლაც, ორი თვის განმავლობაში ესენინმა „სპარსულ მოტივებზე“ და „ანა სნეგინაზე“ მუშაობა დაასრულა და რამდენიმე ლექსიც დაწერა.
29 წლის ცისფერთვალება, ცნობილი პოეტი ალბათ ბათუმელი გოგოების ყურადღებას იოლად იქცევდა, მაგრამ მათ შორის ერთ-ერთს მიუძღვნა ლექსი, რომელიც ესენინის პოეზიის ყველა თაყვანისმცემელმა კარგად იცის.
ლექსს ჰქვია „შაგანე, ჩემო შაგანე“ და იგი ბათუმელ მასწავლებელს, შაგანე ტალიანს მიუძღვნა პოეტმა.
შაგანე
ესენინი ხშირი სტუმარი იყო შაგანეს სახლში, ყვავილებს ჩუქნიდა და ერთ დღესაც თავისი ახალი ლექსი წაუკითხა. პოეტმა მას თავისი ლექსების კრებულიც აჩუქა წარწერით: „ჩემო ძვირფასო შაგანე, თქვენ სასიამოვნო და სანდომიანი ხართ ჩემთვის“.
მოგვიანებით შაგანე ტალიანი მოგონებებში წერდა, ისე ზრუნავდა ჩემზე, როგორც პატარა ბავშვზე, მეძახდა „ძვირფასო შაგანეს“ და ხშირად მივყავდი სასეირნოდ ქალაქის ქუჩებშიო.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს.
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო – გამშვები პუნქტი „სარფის“ გავლით შემოსულ ავტომანქანაში, სპეციალურ სამალავებში, აღმოაჩინეს და ამოიღეს 1 113 გრამი ოქროს ნაკეთობები.
წინასწარი მონაცემებით, ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 70 000 ლარს აღემატება. ტარდება შესაბამისი ექსპერტიზა.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.
„როცა მჭირდება რჩევა და მე თვითონ ვხვდები ამას, საბჭო ყოველთვის მზადაა დამეხმაროს. მაგრამ ახლა ჩვენ სხვა ფორმატი გვჭირდება, შესაძლოა მერი ვერ ხვდება, რომ რჩევა სჭირდება – ეს უფრო მნიშვნელოვანია ალბათ, რადგან მერის კაბინეტიდან ყველაფერს ვერ დაინახავ. ამიტომაც არის საჭირო მოსახლეობის ჩართულობა და აქ მთავარი რგოლი უნდა იყოს მრჩეველთა საბჭო“, – ასე ახსნა დღეს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან გორგილაძემ მრჩეველთა საბჭოს როლი თავის საქმიანობაში.
სწორედ ამ საბჭოს ორგანიზებით დღეს, 21 ოქტომბერს, სოფელ მახუნცეთში მოსახლეობისა და მერის უშუალო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი მოსახლეობის პრობლემების და, პირველ რიგში, მოსაგვარებელი საკითხების განხილვა იყო.
უსაფრთხო გზა ერთ-ერთია მათ შორის, რაც დღეს ქედაში, სოფელ მახუნცეთში გამართულ შეხვედრაზე მოსახლეობამ ყველაზე მწვავე პრობლემად დაასახელა.
ცენტრალური გზის გასწვრივ მცხოვრებლები ყვებიან, რომ გზაზე მანქანები, მათ შორის მძიმე სატვირთოებიც კი, დიდი სიჩქარით გადაადგილდებიან, ხშირია როგორც ავარიები, ასევე საავარიო სიტუაციები.
ადგილობრივების თქმით, გზაზე გადაადგილება არამხოლოდ ბავშვების, არამედ უფროსებისთვისაც საშიში და დამაბნეველია.
„ვერასდროს ვერ მიხვდები, შეგიძლია თუ არა გადახვიდე ზებრაზე. ისეთი სისწრაფით მიდიან, რომც მოინდომონ, ალბათ, ვერ გააჩერებენ მანქანას. ცოტა ხნის წინ იყო შემთხვევა, როცა სახლის ჭიშკარში შევარდა მანქანა მოულოდნელად“, – გვითხრა ნათელა ბერიძემ.
მოსახლეობამ დღეს ქედის მერს სთხოვა ე.წ. სიჩქარის შემანელებელი ბარიერების დამონტაჟება გზებზე, თუმცა მერმა თქვა, რომ წინააღმდეგია:
„მძღოლები რომ დაინახავენ ამ ბარიერს, უფრო უმატებენ სისწრაფეს, რომ სწრაფად გადავიდნენ. გარდა ამისა, მერი მიიჩნევს, რომ არ არის სასურველი ამ ბარიერზე სასწრაფოს მანქანებს „გადახტომა მოუწიოთ“.
ლევან გორგილაძე ასევე მიიჩნევს, რომ უმჯობესია დაამონტაჟონ ჭკვიანი კამერები, რაც ამ გზაზე სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმების სტატისტიკას გაზრდის, ეს კი ხელს შეუწყობს უსაფრთხოების წესების დაცვას.
დღევანდელ შეხვედრაზე სოფელ ბზუბზუში გარე განათების დამონტაჟების აუცილებლობაზეც ისაუბრეს, განიხილეს სასმელი წყლისა და სოფლის შიდა გზების მოწესრიგების პრობლემაც. მერმა მოქალაქეებს ურჩია ეს საკითხები სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ შეხვედრებზე დააყენონ დღის წესრიგში. მან განმარტა ასევე, რომ ცენტრალური გზების მოვლა საგზაო დეპარტამენტის პრეროგატივაა, რაც შეეხება შიდა გზებს, მერის თქმით, მისთვის პრიორიტეტია იმ გზების მოწესრიგება, სადაც წვიმისა და თოვლის დროს სასწრაფოს მანქანასაც კი უჭირს გადაადგილება.
დღევანდელ შეხვედრაზე მერმა ისაუბრა იმაზეც, რომ სოფლის კრებებს მცხოვრებთა მხოლოდ 20 პროცენტი ესწრება, ამიტომაც დანარჩენი 80 პროცენტის აზრი მისთვის ხშირად უცნობია. მერმა თქვა, რომ აქვს იდეა, აქტიურმა მოქალაქეებმა თავიანთი იდეების მხარდაჭერა სხვებს წერილობით დაადასტურებინონ და შევსებული ბლანკები შემდეგ მერიაში დატოვონ.
შეხვედრის დასასრულს ერთ-ერთმა ადგილობრივმა ინტერნეტის პრობლემაზე ისაუბრა – ითხოვა ინტერნეტზე მინდა საუბარი და არ დამცინოთო:
„ახლა არ მითხრათ ყველაფერი მოგვარებულია და რა დროს ინტერნეტზეა საუბარიო. ბევრი რამე გაკეთდა ამ ბოლო დროს ჩემს სოფელში და მრცხვენია ინტერნეტზე რომ ვლაპარაკობ, მაგრამ…“
მოქალაქე მერმა შეაჩერა – ნუ გეშინია, ისაუბრე, სასირცხვილო არაფერია, ინტერნეტიც საჭიროაო. „დღეს ინტერნეტი არ არის ფუფუნების საგანი, ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფული იშოვოს ადამიანმა. ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ერთი პროვაიდერი გვყავს მხოლოდ და ეს მისი გასაკეთებელია, თვითონაც უნდა იყოს დაინტერესებული, უფასო ხომ არაა ინტერნეტი… არის რაღაც საკითხები, რომლებსაც მე ვერ გავწვდი. მასე რომ იყოს საქმე, ყველაფერი შემეძლოს რაღა მიჭირს“, – განაცხადა მერმა.
შეხვედრაზე სოფლების ცენტრების მოწყობის საკითხიც დააყენეს: „მინდა, რომ ცენტრი ისე იყო მოწყობილი, რომ იქ მისვლა სასიამოვნო იყოს“.
ქედის მერის მრჩეველთა საბჭოს პროექტთან დაკავშირებული ინფორმაციის გასაცნობად დღევანდელ შეხვედრაზე მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს, სადაც საბჭოს წევრებთან საკონტაქტო ინფორმაციაც არის მოცემული.
მრჩეველთა საბჭოებმა „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ მხარდაჭერით მოამზადეს პროექტი [მოიპოვეს დაფინანსება], რომლის ფარგლებშიც ჩაატარებენ შეხვედრებს. ამან საბჭოების ცნობადობასა და გავლენის გაზრდას უნდა შეუწყოს ხელი. პროექტს ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“ აფინანასებს.
დღევანდელ შეხვედრას „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის“ წარმომადგენლები – ასლან ჭანიძე და მერაბ ცინდელიანიც ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ასლან ჭანიძემ მოსახლეობის ჩართულობის აუცილებლობაზე ისაუბრა და მათ მოუწოდა მაქსიმალურად ითანამშრომლონ მრჩეველთა საბჭოსთან.
„ეს არ არის ბავშვზე ორიენტირებული მიდგომა, როცა 4 წლის ბავშვს 4 კილომეტრის გავლა უწევს ბაღში მისასვლელად. დარღვეულია ბავშვის უფლებები, რაც კანონით არის განმტკიცებული და ბავშვთა უფლებების კონვენციითაც,“ – მიიჩნევს გაეროს ბავშვთა ფონდის – UNICEF-ის სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე შემთხვევას, როცა ბავშვები მაღალმთიან სოფლებში ტრანსპორტის არქონის გამო ბაღებში ან საერთოდ ვერ დადიან, ან ყოველდღიურად რამდენიმე კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ.
4 კილომეტრის ფეხით გავლა უწევთ ხულოში, სოფელ მთისუბანში მცხოვრებ ნუგოს და ლიზასაც.
რას სთავაზობს ადგილობრივი მთავრობა იმ ბავშვებს, რომლებიც კონსტიტუციით გარანტირებული განათლების მიღების უფლებით ვერ სარგებლობენ? რამდენია ასეთი ბავშვი და რამდენ სოფელში ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი? – ამ კითხვებით დღეს, 21 ოქტომბერს, „ბათუმელებმა“ აჭარის ხუთივე მუნიციპალიტეტს მიმართა. აღმოჩნდა, რომ აჭარაში არ გვაქვს სოფელი, სადაც საბავშვო ბაღს ტრანსპორტი ემსახურება. ყველგან გვიპასუხეს ერთი და იგივე: „საკითხის შესწავლა დაწყებულია“.
„თვითმმართველობას მაგის რესურსი არ აქვს, ეს ძვირი დაგვიჯდება,“ – გვითხრეს ხულოს მუნიციპალიტეტის სამდივნოში. ეს ის მუნიციპალიტეტია, სადაც განსაკუთრებით დიდია ეს პრობლემა – თოვლით დაფარული გზების გავლა მცირეწლოვან ბავშვებს არ შეუძლიათ იმის მიუხედავად, დღეში რამდენი კილომეტრის გავლა უწევთ შემოდგომაზე. ხულოს მერიაში ვერ გვითხრეს, რამდენია ეს ხარჯი, რაც მუნიციპალიტეტმა ვერ მოიძია. ხულოს 83 სოფელში ამჟამად სულ 20 ბაღია. სამდივნოში დასძინეს, რომ მალე სამი ახალი ბაღი გაიხსნება.
მცირეწლოვანი ბავშვების ტრანსპორტირებისთვის ფული ვერც შუახევის მუნიციპალიტეტმა გამონახა.
„ჩვენ უკვე ვსწავლობთ ამ საკითხს, უნდა შევიმუშავოთ მოდელი. თავდაპირველად, სავარაუდოდ ნიგაზეულის და ფურტიოს თემებში დაინიშნება ტრანსპორტი. ეს ის თემებია, სადაც ოჯახები დიდი მანძილით არიან დაშორებული საბავშვო ბაღებს. ვერ გეტყვით, ეს რა დაჯდება, ტენდერი ჯერ გამოცხადებული არ არის,“ – გვითხრა შუახევის მერიის პრესცენტრის ხელმძღვანელმა, იამზე ფუტკარაძემ.
შუახევში ამჟამად 11 საბავშვო ბაღია, 9 ალტერნატიული ჯგუფი და ორიც ახალი ბაღი იხსნება. პრესცენტრის მონაცემებით, დამატებით ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს.
„არსად არ ემსახურება საბავშვო ბაღებს ტრანსპორტი. ჯერჯერობით ასეა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, აიშე თებიძემ. ქედაში, ჯამში, 64 სოფელში მცხოვრები ბავშვები 15 საბავშვო ბაღში დადიან. აიშე თებიძის თქმით, ამ თემაზე უმსჯელიათ, მაგრამ ამ ეტაპზე გადაწყვეტილება მიღებული არ არის.
„იყო წინადადება, რომ იმ ტრანსპორტს გადაეყვანა ბავშვები, რომლითაც საჯარო სკოლის მოსწავლეები გადაადგილდებიან, მაგრამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელს მშობელი მარტო ვერ გაუშვებს, ასევე მცირეწლოვანს სჭირდება სხვა აღჭურვილობა ტრანსპორტში. ჩვენ ამ ყველაფრის გათვალისწინება გვინდა,“ – აღნიშნა აიშე თებიძემ „ბათუმელებთან“.
„ამ დღეებში გამოცხადდება ტენდერი 5 მიმართულებაზე… დეტალებს ახლა ვერ გეტყვით,“ – ამბობს ხელვაჩაურის მერიის მასმედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, არჩილ მხეიძე. ხელვაჩაურში სულ 18 ბაღია. არჩილის თქმით, ყველა სოფელში არ არის საჭირო ტრანსპორტი ბავშვებისთვის.
საკითხს სწავლობენ ქობულეთშიც. „დავალება“ ქობულეთის მერს უშუალოდ თორნიკე რიჟვაძისგან მიუღია, როცა ის 2019 წლის სექტემბერში ქობულეთში, სოფელ წყავროკაში, საბავშვო ბაღის გახსნის ცერემონიალს დაესწრო და ერთ-ერთმა მშობელმა უთხრა, რომ ბავშვის ბაღში მიყვანას ტრანსპორტის არქონის გამო ვერ შეძლებდა.
„სულ 29 ბაღია… ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესწავლა, კონკრეტულად რომელ სოფლებს სჭირდებათ ტრანსპორტი და როგორი იქნება ხარჯი, გადაწყვეტილება მიღებული არ არის,“ – გვითხრეს ქობულეთის მერიის პრესცენტრში.
რატომ არის შეუძლებელი საბავშვო ბაღის ბავშვებს მოემსახუროს ის ტრანსპორტი, რომელიც საჯარო სკოლების მოსწავლეებს ემსახურება? – კითხვის პასუხად აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრში ოფიციალურ ნაწილზე გააკეთეს აქცენტი: „სკოლები სამინისტროს ექვემდებარებიან, ბაღები – მუნიციპალიტეტებს.“
სამინისტროში გვითხრეს ისიც, რომ ამ პრობლემაზე მათთვის მუნიციპალიტეტებს არ მიუმართავთ.
„სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობაა კანონით: 2-5 წლის ბავშვს აქვს უფლება, მიიღოს სკოლამდელი განათლება… არ არის პასუხი ის, რომ საკმარისი ხარჯი არ არსებობს,“ – აღნიშნავს „გაეროს ბავშვთა ფონდის“ სკოლამდელი განათლების სპეციალისტი, ანა ჯანელიძე. იგი მიიჩნევს, რომ ამ ასაკის ბავშვთა ტრანსპორტირების დროს უნდა გაითვალისწინონ უსაფრთხოების საკითხი, რადგან ბევრ სოფელში შიდასასოფლო გზა ჯერ კიდევ მოუწესრიგებელია.
გარდა ამისა, ანა ჯანელიძე ყურადღებას ამახვილებს ე.წ. „ალტერნატიულ ჯგუფებზე“, რომელიც სხვადასხვა სოფელში, მათ შორის, აჭარაში პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით წლების წინ შეიქმნა. საუბარია საჯარო სკოლის, ან სოფლის ცენტრში მდებარე რომელიმე თავისუფალ შენობაში მოწყობილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაზე, სადაც ბავშვებთან მხოლოდ რამდენიმე საათით მუშაობენ აღმზრდელები. ამ ტიპის დაწესებულებაში არ არის კვების ბლოკი.
„კანონმდებლობა ხელს არ უწყობს ალტერნატიული სკოლამდელი განათლების სერვისების განვითარებას, ზღუდავს მას, რადგან კანონის მიხედვით, განისაზღვრა ცხრასაათიანი სამუშაო ღ საჯარო საბავშვო ბაღებში… კანონპროექტის განხილვის დროს ჩვენი ინიციატივა იყო ის, რომ ყოფილიყო ბაღი რამდენიმე საათითაც. რეალურად, ეს ძალიან კარგი საშუალება იყო იმ სოფლებისთვის, სადაც ბავშვების რაოდენობა ძალიან მცირეა. კიდევ ერთი ალტერნატივაა, მაგალითად, იმ სოფლებში, სადაც სულ ორი-სამი ბავშვია, ოჯახებში აღმზრდელის ვიზიტი კვირაში ორჯერ. ამ დროს თამაშით ბავშვი სწავლობს მარტივ უნარებს: მოსმენას, კონფლიქტის მართვას, წესების დაცვას და ასე შემდეგ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ანა ჯანელიძემ. იგი დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ მთავრობას შეუძლია პრობლემის გადაჭრა, თუკი რომელიმე ამ ალტერნატივას მიმართავს.
UNICEF-ის მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, აჭარის რეგიონი ბოლოდან მეორე ადგილზე მოხვდა, სადაც ბავშვები საბავშვო ბაღებში ვერ დადიან. აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრები ბავშვების 54,8 პროცენტი [2-დან 5 წლამდე] საბავშვო ბაღში ვერ დადის. სულ ბოლო ადგილზე კი ქვემო ქართლია, სადაც გაცილებით მეტი ბავშვი ვერ დადის ბაღში, ვიდრე სხვა რეგიონებში.
ქვეყნის მასშტაბით კი, ამ ასაკის ბავშვების 30,5 პროცენტი ვერ დადის საბავშვო ბაღში.
„გარდა ამისა, გამოჩნდა, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან მხოლოდ 40 პროცენტი დადის საბავშვო ბაღში… ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას აჩენს სოციალური უთანასწორობის კუთხით. სხვადასხვა კვლევით ჩანს, რომ თუკი ბავშვი შედის სკოლის პირველ კლასში და მას არ აქვს შესაბამისი უნარები გამომუშავებული, სკოლებში სათანადოდ არ ხდება ამ უნარების განვითარება და უთანასწორობა ამ ბავშვებს და შედარებით პრივილეგირებულ თანატოლებს შორის წლებთან ერთად კიდევ უფრო იზრდება, მასწავლებელებს ხშირად არ აქვთ ეს უნარი, რომ განსხვავევებები ბავშვებს შორის დაძლიონ. შემდეგ კი, ყოველწლიურად ეს ნაპრალი იზრდება,“ – გვითხრა ანა ჯანელიძემ.
ავტორი: თამარ ორაგველიძე, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი
______________________
დღეს, 21 ოქტომბერს, ალფრედ ნობელის დაბადების დღეა. ამ გვარს ბათუმთან ბევრი რამ აკავშირებს, ამიტომაც ხვალ, დილის 9 საათზე, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შენობასთან, ბაქოს ქუჩის N 50-ში, ვიწვევ ნებისმიერ მსურველს უფასო ტურზე – „ნობელების ქალაქი“, რომლის მიმდინარეობისას ვისაუბრებთ ძმები ნობელების მოღვაწეობაზე ბათუმში და ბათუმის ისტორიის საინტერესო დეტალებზე.
ნობელების სახელს უკავშირდება ბათუმში ნავთობტერმინალის დაარსება, რომელსაც 1883 წლიდან სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ნავსადგურის დაგეგმარების ვარიანტის შეთავაზება ქალაქის ხელმძღვანელობისთვის. ბათუმი იქცა ევროპის ჭიშკრად შავ ზღვაზე და ნობელების კავშირზე საქართველოსთან დღეს მსოფლიოს ვუყვებით, ვეუბნებით, რომ დღემდე მოქმედ მდგომარეობაშია რეზერვუარები ნობელის შტამპით.
ოქტომბრის დასაწყისში ბათუმში პირველად იყო ჩამოსული ნობელების შთამომავალი, პიტერ ნობელი, რომელიც გაეცნო მისი წინაპრების კვალს ბათუმში. მასთან შეხვედრა ძალიან საინტერესო და ამაღელვებელი იყო.
საათნახევრის განმავლობაში ვისეირნებთ „ნობელების ქალაქში“, დავათვალიერებთ იმ ადგილებს, სადაც „ნობელების ქალაქი“ იყო, ვისაუბრებთ ბათუმის ისტორიაზე და წარმოსახვით გავაცოცხლებთ წარსულს. რა თქმა უნდა, „ნობელების ქალაქში“ „მოგზაურობა“ ემოციების გარეშე არ ჩაივლის, ოცდამეერთე საუკუნეში ხომ ყველაზე მეტად ემოცია ფასობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ ჩაქვში, უშუალოდ პლაჟის გასწვრივ მდებარე 12 598 კვ/მ მიწა, პირდაპირი წესით საკუთრებაში 263 046 ლარად [1 კვ/მ-ს 20 ლარად და 88 თეთრად] უნდა გადასცეს – ამ ტერიტორიაზე 350 ათასი ლარის, ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელების პირობით.
ეს ინვესტიცია, როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, კომპანიამ 2022 წლამდე უნდა განახორციელოს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ტერიტორიაზე „ოაზისს“ თავის პროექტის განხორციელება დაწყებული და გარკვეული სამუშაოები უკვე შესრულებული აქვს.
ტერიტორია [წითელ ხაზში], რომელიც „ოაზისს“ ნორმატიულ ფასად უნდა გადასცენ. google-ს რუკის მიხედვით ჩანს, რომ ამ ტერიტორიაზე გარკვეული სამუშაოები „ოაზისს“ უკვე ჩატარებული აქვს, გარკვეული კონსტრუქციებიც დამონტაჯებულია და ის „დრიმლენდ ოაზისის“ პროექტის შემადგენელი ნაწილია.გამოდის, რომ სამუშაოები „ოაზისმა“ ფაქტობრივად უკანონოდ შეასრულა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზე, რომელიც მას არ ეკუთვნის და აჭარის მთავრობა ამ მიწას საკუთრებაში კომპანიას ახლა უფორმებს.
გაცემული იყო თუ არა გასასხვისებელ ტერიტორიაზე სამუშაოების/მშენებლობის ნებართვა და რა ინვესტიციაზეა საუბარი? – „ბათუმელები“ ქობულეთის მერიას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა.
ქობულეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ტერიტორიაზე რაიმე სამუშაოებზე თუ მშენებლობაზე ნებართვა მუნიციპალიტეტს არ გაუცია და არც ზედამხედველობის სამსახურს დაუჯარიმებია ვინმე.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ქობულეთის მერიაში გადაგვამისამართეს, სადაც ქობულეთის მერის მოადგილემ, დავით ვერულიძემ გვითხრა:
„ამ ტერიტორიაზე, რომელიც გადავეცით აჭარის მთავრობას „ოაზისზე“ გადასაცემად, კომპანიას აქვს გარკვეული სამუშაოები შესრულებული, თუმცა ეს არის ლანდშაფტური სამუშაოები, ასე ვთქვათ, გალამაზება ტერიტორიის. იქ რაიმე შენობა-ნაგებობა, ისეთი, რომ რეაგირება გვქონოდა, არ დგას და არც აშენდება. მიმდებარედ მსხვილი ინვესტიცია ხორციელდება და მას სჭირდება ხელშეწყობა. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მიიღო მუნიციპალიტეტმა შესაბამისი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მარტში. სწორედ კომპანიის შემოთავაზება იყო, რომ ის დამატებით 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს ძირითად პროექტში, ხოლო 350 ათასი ლარის ინვესტიციას იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საკუთრებაში გადავცემდით. ამ ნაკვეთებზე ძირითადად მსუბუქი კონსტრუქციები იქნება, მაგალითად კაფე-ბარები და სხვა“.
აღნიშნული ტერიტორია, შემდგომში მისი პრივატიზების პირობით, აჭარის მთავრობას ქობულეთის საკრებულომ 2019 წლის მარტის განკარგულებით გადასცა. ტერიტორია ამავე წლის აპრილიდან უკვე აჭარის საკუთრებაშია.
ქობულეთის საკრებულომ კი დღეს, 21 ოქტომბერს, თანხმობა განაცხადა, ტერიტორია [ორი ნაკვეთი] პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასად, საკუთრებაში გადაეცეს სწორედ „დრიმლენდ ოაზისს“ და საკრებულოს მარტის განკარგულებაში 1 კვ/მ მიწის ნორმატიული ფასიც დააკონკრეტა – 20,88 ლარი.
„დრიმლენდ ოაზისი“ ჩაქვში, ამ ორ ნაკვეთს [ჯამში 12 598 კვ. მ.] ნორმატიულ ფასად თავად ითხოვდა. როგორც ქობულეთის მერიის მიზანშეწონილობის კომისიის ოქმშია ნათქვამი, ამ საკითხზე ქობულეთის მერიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, 2019 წლის 19 თებერვალს ოფიციალურად, წერილობით აცნობა და მოთხოვნილი ნაკვეთების აჭარის მთავრობისთვის გადაცემა მოითხოვა სწორედ იმ მიზნით, რომ მომავალში ამ ნაკვეთებს შპს „დრიმლენდ ოაზისს“ გადასცემენ.
დოკუმენტებში მაშინ აღნიშნული იყო, რომ „დრიმლენდ ოაზისს“ ზემოთ აღნიშნული ნაკვეთები უკვე მიმდინარე საინვესტიციო პროექტის [მრავალფუნქციური კომპლექსის] წარმატებით განხორციელებისთვის სჭირდებოდა.
ამ პროექტის განხორციელება კი აქ კომპანიამ რამდენიმე წლის წინ დაიწყო და მაშინდელი ინფორმაციით, 2019 წელს უნდა დასრულებულიყო.
ტერიტორია, რომელიც „ოაზისს“ პირდაპირი წესით უნდა გადასცენ, უშუალოდ კომპანიის საკუთრებაში არსებულ ნაკვეთსა და პლაჟს შორის მდებარეობს. ეს პლაჟიც „დრიმლენდ ოაზისზეა“ გადაცემული.
სასტუმრო „ოაზისის“ მოპირდაპირედ მდებარე 12 320 კვ/მ ფართობის პლაჟი, 2019 წლის მარტში, მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, ქობულეთის საკრებულოს „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ შპს „დრიმლენდ ოაზისს“ 10-წლიანი იჯარით გადასცა.
„ამ კიბეს როცა ჩავივლი, ის მდოგვისფერი ნახატები მენატრება, ამ კედლებზე რომ ეხატა და გადაღებეს… ამ სახლს არავის დავანგრევინებ, სიკვდილამდე ამ კედლებში ვიცოცხლებ, ვიცი,“ – ამას ბათუმის ერთ-ერთ უძველეს სახლში მცხოვრები ნონა ანანიძე ამბობს. სამსართულიანი სახლი ყოფილი სასტუმრო „ფრანციაა“, რომელიც ზუსტად 135 წლის წინ, 1884 წელს, გახსნეს ბათუმში. მაშინ ზვიად გამსახურდიას ქუჩას, სადაც ახლა ეს სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ლამაზი სახლი დგას, მიხეილის ქუჩა ერქვა.
სახლი ზვიად გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაში, ყოფილი სასტუმრო „ფრანცია“
„პირველ-ხარისხოვანი სასტუმრო მიხეილის ქუჩაზე ბახმეტიევის სახლებში. 28 მშვენივრად მორთული ოთახი, სუფთა სასადილოთი, სადაც მზადდება ყოველგვარი ადგილობრივი და ევროპიული საჭმელები, მოსამსახურენი საოცარნი, ცქვიტნი და ზრდილობიანნი, თარჯიმანი ევროპიული და აზიური ენებისა,“ – ეს მე-19 საუკუნის ბოლოს გამოცემულ ღია ბარათში წერია, რომელიც კარლო კახიანის სტამბაში დაუბეჭდავთ. საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის ინფორმაციით, რომელმაც ეს ისტორიული ბარათი მოიპოვა, კარლო კახიანი იმავდროულად ამ სასტუმროს მფლობელი ყოფილა.
ნონა ანანიძეც ამ ისტორიულ სახლში დაბადებულა 1962 წელს. მაშინ სახლში შემორჩენილი ყოფილა სასტუმროს ხალიჩები, ბუხრები, ნახატები კედლებზე, საჯინიბო და თამბაქოს პირველი მაღაზიაც ბათუმში, რომელიც სასტუმროს პირველ სართულზე გაუხსნიათ ასევე მე-19 საუკუნის ბოლოს.
„აქ ასეთი დერეფანი კი არ იყო, ახლა რომ ცალ-ცალკე უნდა იარო, ფართო იყო, სუფრები იშლებოდა, მახსოვს… ხალხი ქეიფობდა და ჩვენ გვერდით ვთამაშობდით,“ – მიყვება ნონა ანანიძე და მეორე სართულის ვიწრო, ჩაბნელებულ დერეფანს მივუყვებით. იგი საკუთარი ბინის კარს აღებს და მანიშნებს, ეს გადაიღეთ, ძველიაო, არავის უხლია ხელიო.
აქ მცხოვრები ადამიანების თქმით, ეს კარი იღებოდა სასტუმრო „ფრანციის“ სასტუმრო ოთახშიც.
„კარები შემორჩა ძველი, სახელურებიც არ გამოგვიცვლია…“ – ამბობს და ისევ ბავშვური სიხარულით განაგრძობს მოყოლას, როგორ დგამდა კონცერტებსაც ფართო აივანზე, გვერდით გასაძრომი რომ ჰქონდა რკინის ხვეულ კიბესთან. კიბე, თურმე, საჯინიბოსთან ჩადიოდა. „იქ ვიმალებოდი ბაღნობაში, კუკუ-დამალობანას რომ ვთამაშობდით,“ – დასძენს ღიმილით.
როდის გადაღებეს კედლები? – ამ კითხვაზე ნონა სევდიანდება და პაუზის შემდეგ განაგრძობს:
ნონა ანანიძე
„მახსოვს, მეორე კლასში ვიყავი, როცა მოვედი და ღებავდნენ ყველაფერს… ღებავდნენ ნახატებს, რომლებზეც ბავშვები ხშირად ვმარჩიელობდით, რა ჩანდა იქ. დედამ მითხრა, კარგია, რომ ღებავენ, სარემონტოა სახლიო, რა ვიცი… მერიის სამსახურებიდან იყვნენ. ასეთი იყო გადაწყვეტილება, ვინ რას გაბედავდა და იტყოდა,“ – მიყვება ის.
საცხოვრებელი ბინა ყოფილ სასტუმრო „ფრანციაში“ ნონას მამას მიუღია, როგორც დასაქმებულს გასული საუკუნის 50-იან წლებში. უცნობია, რატომ მიიღო საბჭოთა ხელისუფლებამ სასტუმროს საცხოვრებელ სახლად გადაკეთების გადაწყვეტილება, ან რატომ წაშალეს ყველა კვალი, რაც სასტუმრო „ფრანციას“ გაახსენებდა ადამიანებს, ამ შენობის შიგნით რომ შეასახლეს, ან დანარჩენებს.
ნონა ანანიძეს 20 წელი მკერავად უმუშავია. ახლა ძირითადად სახლში კერავს. ფართო მისაღების ერთ კუთხეში ახლაც ძველი „ზინგერის“ საკერავი მანქანა უდგას, მეორე კუთხეში – თანამედროვე. მიყვება, რომ „ზინგერს“ არ ეკარება, რადგან ძველისძველია და მას ისე უყურებს, როგორც ისტორიას. ნონა აქ მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს.
სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. სამივე სართულზე 32 ოჯახი ცხოვრობს.
ნონა კატეგორიული წინააღმდეგია ძველი სახლისთვის სტატუსის შეცვლის, დანგრევის და მის ნაცვლად ახლის აშენების. ამბობს, რომ არც იმ შეკრებებს ესწრება, სადაც მსგავსი თემები განიხილება. უბრალოდ, მისმა მეზობლებმა იციან, რომ ნონა სახლს არ ყიდის.
„სხვებისთვისაც მითქვამს, ნუ დაანგრევთ ამ ძველს სახლს-მეთქი… მერე ფოტოებს უყურებენ და დარდობენ, დედა, უწინ რა ლამაზი ყოფილა ეს ჩვენი ბათუმიო. თანამშრომლებთან ერთად ვიყავი ერთხელ მისული მერიაში საქმეზე და კედელზე ჩემი სასტუმრო „დე ფრანსის“ სურათი არ დამხვდა? ვიკივლე სიხარულისგან. ლამაზი თუ არ არის, რატომ უკიდიათ კედელზე?“ – კითხულობს ნონა და კიდევ ერთ სიძველეს მაჩვენებს – კედლის ძველ ხალიჩას.
„ქალის მოტაცების სცენაა ეს… დედაჩემს გამოატანეს მზითევში. დედაჩემი კომახიძის ქალი იყო და ტრაბიზონში ცხოვრობდა. იქედან უსახსოვრეს ხალიჩა… კიდევ იმიტომ მიყვარს, რომ სასტუმროს ნახატებს მახსენებს,“ – ამბობს და მთხოვს, ისევ დერეფანში გავყვე. აქ ბევრგანაა ჩამოყრილი ბათქაში, დაზიანებულია შიდასაკომუნიკაციო სისტემა, სიბნელეა.
„ამაში გვჭირდება ჩვენ დახმარება, ეს მოგვიწესრიგონ. ამ სახლს ისე არაფერი მოუვა, ქვითაა ნაშენი,“ – ამაყად ამბობს ნონა და კიბის მოსახვევთან ჩერდება, იქ, სადაც ბავშვობაში დიდ აივანზე სათამაშოდ გადიოდა. აივანზე გასასვლელი და აივანიც ამოშენებულია – იქ უკვე სხვა ცხოვრობს.
დამშვიდობებამდე ქალბატონ ნონას ვეკითხები, რას ფიქრობს ქალაქზე, რომელსაც ახალი შენობები ცვლის. ის მოკლედ და მკაფიოდ მპასუხობს:
ანდრია პირველწოდებულის 4 ნომერში მცხოვრები მოსახლეობა მთავრობას იმ ბინების საკუთრებაში გადაცემას სთხოვს, რომლებშიც, მათი განცხადებით, 35 წელზე მეტია ცხოვრობენ.
ათი ოჯახი გონიოს ციხის მიმდებარედ, ძველ სამხედრო ბინებში ცხოვრობს. მოქალაქეებმა დღეს, 21 ოქტომბერს, საპროტესტო აქცია გამართეს.
„ადრე აქ იყო სამხედრო ბინები და ჩვენი ოჯახები ცხოვრობდა. თუმცა წლები გავიდა და ბინები საკუთრებაში ვერ გავიფორმეთ. რადგან ბინები საკუთრებაში არ გვაქვს, ვერ ვაგვარებთ კომუნალურ საკითხებს.
ზამთარი მოდის, ბინაში კი არ გვაქვს ბუნებრივი აირი, ელექტროენერგია, სახურავი შესაკეთებელია. ბავშვები გვყავს, “- ამბობს „ბათუმელებთან“ საუბარში ლეილა შაქარაძე.
ბინები, რომელთა საკუთრებაში გადაცემასაც ითხოვს მოსახლეობა
მოქალაქეები ამბობენ, რომ ყოველი არჩევნების წინ ხელისუფლების წარმომადგენლები ბინების საკუთრებაში გადაცემას ჰპირდებიან, თუმცა საბოლოოდ მაინც უარს იღებენ.
„სამმა ოჯახმა მოახერხა ბინების გაფორმება, არ ვიცი როგორ, ჩვენ კი უარს გვეუბნებიან,“ – ამბობს შაქარაძე. მისი თქმით, კორპუსების წინ პატარა მიწის ნაკვეთებიც აქვთ, სადაც ბოსტნეული მოჰყავთ.
აქციის მონაწილეებთან იმყოფება ორგანიზაცია „ჩვენი უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი თამაზ ბაკურიძე, რომელიც ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქეები არ არიან ბინებში უკანონოდ შესახლებულები.
„ადრე, როცა აქ რუსული სამხედრო ბაზა არსებობდა, აქ მსახურობდნენ ეს ადამიანები. შემდეგ, როცა დაიშალა რუსული ბაზა, დაექვემდებარენ საქართველოს თავდაცვას, თუმცა მოქალაქეებს ბინები მაინც არ გაუფორმეს. ამ დროისთვის ეს ქონება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია.“
მოსახლეობას საცხოვრებელი ბინების წინ ბოსტნებიც აქვს მოღობილი.
აჭარის ფინანსთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენს საინვესტიციო ტერიტორიას, რომლის განვითარების კონცეფციაც სამინისტრომ მოამზადა.
„თვითნებურად ქონების დაკავების საკითხების შემსწავლელი კომისია იმჯელებს აღნიშნულ საკითხზე და მიღებული იქნება გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობას წერილობით ეცნობება,“ – გვითხრეს სამინისტროში.
თუმცა, 2014 წელს, აჭარის მთავრობას კომისია ჰქონდა შექმნილი, რომლის თავმჯდომარე, აჭარის უმაღლესი საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარე დავით გაბაიძე „ბათუმელებთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომყოფილ სამხედრო დასახლებებში მცხოვრებ ოჯახებს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ფართობები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ.
„აჭარის სამთავრობო კომისიამ უკვე განსაზღვრა კრიტერიუმები, რის მიხედვითაც პირველ და მეორე ეტაპზე „დასაკმაყოფილებელთა“ განცხადებებს გადაარჩევენ“-აცხადებდა 2014 წელს გაბაიძე.
ლინგვისტი ნოამ ჩომსკი, მუსიკოსი ბრაიან ენო და ანთროპოლოგი დევიდ გერბერი შეუერთდნენ ასობით აკადემიკოსსა და არტისტს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან, რომლებიც კულტურულ და ინტელექტუალურ ბოიკოტს უცხადებენ თურქეთს, მის მიერ დაფინანსებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებს თურქეთში და თურქეთს გარეთ.
მიზეზი თურქეთის მიერ განხორციელებული სამხედრო ოპერაციაა ჩრდილოეთ სირიაში, იგივე როჟავაში, სადაც ქურთი მოსახლეობა ცხოვრობს.
აკადემიკოსები და არტისტები გაერთიანდნენ მოთხოვნით, შეწყდეს ქურთების ეთნიკური ხოცვა როჟავაში.
დევიდ გერბერი:
“როჟავა მსოფლიო მოსახლეობისთვის იმედის სხივია, რომელიც ახლა გენოციდის წინაშე დგას. ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ამ სიტუაციაში ნეიტრალიტეტის დრო არ გვაქვს”
ამერიკის შეერთებული შტატების 154-მეტრიანი საზღვაო ხომალდი USS Porter (DDG 78) ხვალ, 22 ოქტომბერს, შემოვა ბათუმის ნავსადგურში. ეს გემის მეორე ვიზიტი იქნება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს აშშ-ისა და საქართველოს შორის საზღვაო სფეროში თანამშრომლობას.
ვიზიტი ემსახურება აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობით.
USS Porter (DDG 78) Arleigh Burke-ს კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელია. ხომალდს შეუძლია მოიგერიოს წყალქვეშა ნავები და ბალისტიკური რაკეტები.
USS Porter-ის ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი მეზღვაურები მოინახულებენ ისტორიულ ადგილებს და გააღრმავებენ პარტნიორობას ქართველ კოლეგებთან.
აშშ-ის საზღვაო ძალების ხომალდები ხშირად ოპერირებენ შავ ზღვაში მონტროს კონვენციისა და საერთაშორისო კანონების შესაბამისად.
ხომალდი USS Porter-ი წარმოადგენს ესპანეთის როტის ნაწილს და აშშ-ის მეექვსე ფლოტის ოპერაციების სამოქმედო არეალში მონაწილეობას იღებს მრავალმხრივ მისიებში, ხელს უწყობს რა რეგიონის საზღვაო უსაფრთხოების დაცვასა და ნატოს ოპერაციებისა და მისიების მხარდაჭერას ევროპაში.
თიბისი სტატუსის მომხმარებლებს დეველოპერული კომპანიისგან – „m2 უძრავი ქონება“ სპეციალური შეთავაზებით შეუძლიათ სარგებლობა. m2-ის ახალ, თანამედროვე და ინოვაციურ უბანში – „m3 საბურთალო“ ბინის შეძენის შემთხვევაში თიბისი სტატუსის მომხმარებელი 5000 ლარამდე ტექნიკის ვაუჩერს მიღებს საჩუქრად.
ახალი უბანი – m3 საბურთალო, მაცხოვრებლებს სთავაზობს მეტ პირად სივრცეს თავისუფალ, მრავალფეროვან და კომფორტულ გარემოში, სადაც ბინას მთელი უბანი მოჰყვება.
ახალი უბანი აერთიანებს: 14,000 კვ/მ ცენტრალურ პარკს, ველობილიკებს, საპიკნიკე და „ბარბექიუს“ სივრცეს, საერთო სამუშაო სივრცეს, სტუმრების მისაღებ სივრცეს, საბავშვო გასართობ სივრცესა და თანამედროვე სამრეცხაოს.
დღეიდან, 21 ოქტომბრიდან, ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი თოფუზიიწყება. ფესტივალი სტარტს ხულოში იღებს. ვორქშოფის შემდეგ, 15:00 საათზე, საუკეთესო საბავშვო ფილმს ხულოს კულტურის ცენტრში აჩვენებენ.
ჩვენებები გაიმართება ასევე 22 ოქტომბერს ქედაში, ქედის კულტურის ცენტრში, 23 ოქტომბერს ხელვაჩაურში – ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში, 24-26 ოქტომბერს კი ბათუმში, რამდენიმე ადგილას.
24 ოქტომბერს, 17:00 საათზე, ბათუმის დრამატულ თეატრში ფესტივალის ოფიციალური გახსნაა დაგეგმილი, თუმცა ფილმების ჩვენებები დილის ათი საათიდან ბათუმის თოჯინების თეატრში დაიწყება.
ფილმების ნახვის პარალელურად, ფესტივალის სტუმრებს ექნებათ საშუალება მონაწილეობა მიიღონ საგანმანათლებლო პროგრამებში. დაგეგმილია ვორქშოპები თემაზე – „ანიმაცია – ურთიერთობის მხატვრული ფორმა“, მასტერკლასები თემაზე – „შეხვედრა ავტორებთან“. ასევე, 25 ოქტომბერს, ბათუმის ამერიკული კუთხე უმასპინძლებს თოქშოუს, რომლის მთავარი თემა იქნება ანიმაციური კინოს წარმოებაში არსებული გამოწვევები. ასევე დაგეგმილია სემინარი თემაზე “ქართული ანიმაციის პერსპექტივები”.
ფესტივალის გამარჯვებულები 26 ოქტომბერს გახდება ცნობილი, რომლებსაც მთავარი, ახალგაზრდული და საბავშვო ჟიური გამოავლენს.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და ბათუმის მერია.
სტუდენტებს, რომლებიც საბაკალავრო პროგრამის ბოლო საფეხურზე სწავლობენ, შესაძლებლობა ექნებათ სკოლაში მასწავლებლის ასისტენტად დაიწყონ მუშაობა. ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე პარლამენტის განათლების კომიტეტი მუშაობს.
როგორც კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, საკანონმდებლო ინიციატივაზე ახლა მუშაობენ და პროექტს ჯერ დასრულებული სახე არ აქვს.
მათი თქმით, ახალი საკანონმდებლო ინიციატივა ხელს შეუწყობს მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მსურველებს. მასწავლებლის ასისტენტის მოვალეობები და უფლებები გაწერილი იქნება კანონში.
სტაჟირება ორწლიანი იქნება, თუმცა ანაზღაურების გარეშე.
საკანონმდებლო ინიციატივა შესაძლოა პარლამენტის საშემოდგომო სესიის ბოლომდე დარეგისტრირდეს.
ქართულმა „ფორბსმა“ გამოაქვეყნა საქართველოს უნივერსიტეტების რეიტინგი, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩარიცხულთა საშუალო ქულების მიხედვით.
გამოცემის ცნობით, გამოცდებზე დაგროვებული ქულების რაოდენობის მიხედვით, ყველაზე რეიტინგული უნივერსიტეტი საქართველოში თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტია, რომელმაც წელს 559 სტუდენტი მიიღო.
მეორე პოზიციაზეა დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი, რომელმაც წელს 67 სტუდენტი მიიღო.
მესამე პოზიციას კი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი იკავებს. უნივერსიტეტმა წელს 430 სტუდენტი მიიღო.
თბილისის სამედიცინო სახელმწიფო უნივერსიტეტი მეოთხე პოზიციაზეა. შემდეგ მოდის პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემია, მეექვსე პოზიციაზეა ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
მეშვიდე პოზიციას იკავებს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, მერვე ადგილზე კი კავკასიის უნივერსიტეტია.
მეცხრე პოზიციაზეა „ჯიპა“ – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი, მეათეზე კი – თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სამხატვრო აკადემია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეთორმეტე ადგილს იკავებს.
ბათუმის რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი რეიტინგში 22-ე ადგილზეა, საზღვაო აკადემია კი – 23-ე ადგილზე.
რეიტინგების სიაში ცალკეა დაჯგუფებული ის სასწავლებლები, სადაც 50-ზე ნაკლები სტუდენტი მიიღეს. ამ სასწავლებლებს შორის ყველაზე რეიტინგულია „ბაუ ინთერნეიშენალი“, რომელმაც წელს მხოლოდ ოთხი სტუდენტი მიიღო.
წელს ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებელში 28.7 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა.
„ფორბსის“ ინფორმაციით, ჩარიცხულთა საშუალო ქულები გამოანგარიშებულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით.
აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან გრძელდება. ამჯერად შეხვედრები ახალშენისა და სარფის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობასთან გაიმართა.
მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით, ხელვაჩაურის მერიისა და საკრებულოს ხელმძღვანელებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები მოისმინეს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ილია ნაკაშიძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ვიცე-სპიკერმა მერაბ კარანაძემ, აჭარის არ მინისტრთა კაბინეტის წევრებმა.
მოსახლეობის მთავარ პრიორიტეტად სასმელი წყლის 24-საათიან რეჟიმში მიწოდება რჩება. ძირითად მოთხოვნებს წარმოადგენს, ასევე, შიდა სასოფლო გზებისა და გარე განათების მოწყობა.
სახელისუფლებო გუნდის შეხვედრები მოსახლეობასთან მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.
ფინკა ბანკის ახალი უნიკალური პროდუქტი საკრედიტო ლიმიტი რამდენიმე თვეა დიდი პოპულარობით სარგებლობს ბაზარზე და მოთხოვნა დღითიდღე იზრდება.
რა არის უნიკალური ამ პროდუქტში და რატომ უნდა ისარგებლოთ საკრედიტო ლიმიტით? – საკრედიტო ლიმიტი არის წინასწარ დამტკიცებული თანხა, რომელიც ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზნობრიობით შეიძლება გამოიყენოთ.
ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით სარგებლობის დროს ყოველთვიური შენატანი ფიქსირებულია და არ არის დამოკიდებული დახარჯულ თანხაზე, რაც ძალიან მოსახერხებელია: ყოველ თვე ერთსადაიმავე თანხას იხდით, მიუხედავად ათვისებული თანხისა.
შესაბამისად, თუ გსურთ გქონდეთ თანხა, რომელსაც ნებისმიერ დროს ნებისმიერი მიზნობრიობითა და სიხშირით გამოიყენებთ, ისარგებლეთ ფინკა ბანკის საკრედიტო ლიმიტით. ხარჯავთ მეტს და ყოველ თვე აბრუნებთ ნაკლებს – გამოიყენეთ ეს უნიკალური შესაძლებლობა და აისრულეთ სურვილები.
საკრედიტო ლიმიტით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს შემოსავალი. უზრუნველყოფა არ მოითხოვება, რაც პროდუქტს კიდევ უფრო მოქნილს და მარტივად ხელმისაწვდომს ხდის.
საკრედიტო ლიმიტის მინიმალური მოცულობა 500 ლარი, ხოლო მაქსიმალური – 4000 ლარია. ანგარიშზე წინასწარ დამტკიცებულ თანხას ფინკა ბანკის ბარათების მეშვეობით ნებისმიერ სავაჭრო ობიექტში მარტივად გამოიყენებთ ან ბანკომატიდან გამოიტანთ. საკრედიტო ლიმიტის ასაღებად მიმართეთ ფინკა ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსეთ ონლაინ განაცხადი ვებ გვერდზე www.FINCA.ge ან დაგვირეკეთ *4949
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 21 ოქტომბრის საღამოს 9 საათიდან 22 ოქტომბრის 21 საათამდე, აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, თუმცა – უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20-25 გრადუსი
ღამით: 10-15 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
დღისით: 13-18 გრადუსი
ღამით: 3-8 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია. ტალღის სიმაღლე უახლოეს დღეებში იქნება: 5-10 დმ – 2-3 ბალი.
სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო ორ დღეს, 23-24 ოქტომბერს, უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
დღეს, 20 ოქტომბერს, გამართული ეროვნული ლიგის 31-ე მატჩი ბათუმის „დინამოსა“ და გორის „დილას“ შორის ფრედ დამთავრდა.
ეს უკვე მეორე თამაშია, რომელიც ბათუმის „დინამომ“ ფრედ დაამთავრა. წინა თამაში თბილისის „დინამოსთან“ ასევე ფრედ, 1:1 დასრულდა.
31 თამაშის შედეგით, ბათუმის „დინამო“ 63 ქულით ეროვნული ლიგის გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზეა და გათამაშების ლიდერია. მას 62 ქულით თბილისის „დინამო“ მოსდევს, რომელმაც გუშინ, 19 ოქტომბერს, „ლოკომოტივთან“ 0:1 წააგო.
ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ძირკვაძეებში გაჩენილი ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც “ბათუმელებს” სოფელ ძირკვაძეებში მერის წარმომადგენელმა, ვაჟა თავართქილაძემ უთხრა, სახლი მიტოვებული იყო.
“ცეცხლი სადღაც ექვსი საათისკენ განჩდა. წლების მანძილზე მიტოვებული იყო ეს სახლი, მეპატრონეები საგარეჯოში ცხოვრობენ და ძალიან იშვიათად ჩამოდიან სოფელში. ვვარაუდობთ, რომ ელექტროგაყვანილობისგან გაჩნდა ცეცხლი,” – უთხრა “ბათუმელებს” ვაჟა თავართქილაძემ.
მისივე ინფორმაციით, ცეცხლის ლოკალიზება სახანძრო სამსახურმა შეძლო. სახლი მთლიანად დაიწვა, თუმცა გვერდით მდგარ სხვა სახლებს, არ გადადებია.
ხანძარი სოფელ ძირკვაძეებში. ფოტო მოგვაწოდა ვაჟა თავართქილაძემ
ცეკვა “განდაგანას” არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ინფორმაცია ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში დაადასტურეს.
„განდაგანა“ სატრფიალო ცეკვაა. ცეკვაში ქალის პარტია განი-გან სრულდება. სწორედ აქედან წარმოდგება მისი სახელწოდება. აჭარულ ცეკვაში მხარისთვის დამახასიათებელი ყოფა-ცხოვრების ელემენტებია გადმოცემული. სხვადასხვა ანსამბლი ცეკვას სხვადასხვაგვარად ასრულებს. ორიგინალ ვერსიაში კი აჭარულის ცეკვას ქალი იწყებს.
სახელმწიფო აუქციონზე ყიდის მორიგ მიწის ნაკვეთს, რომლითაც კერძო პირი ამ დრომდე უკანონოდ სარგებლობდა და სარგებლობს. ამჯერად ასეთი ნაკვეთი ბათუმში, ახალ ბულვართან მდებარეობს და მას, აუქციონის პირობის მიხედვით, „პირი მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე იყენებს“. შესაბამისი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო ქონების გამოყენებაზე კი, ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურს რეაგირება ამ დრომდე არ მოუხდენია.
აუქციონზე 191 კვ/მ ნაკვეთია გატანილი, რომელიც შერიფ ხიმშიაშვილის 63-ში [კაჩინსკების ქუჩის დასაწყისში] მდებარე კერძო ნაკვეთსა და ტროტუარს შორის მდებარეობს. ვინ იყენებს სახელმწიფო ქონებას უკანონოდ, ქონების სააგენტო არ აკონკრეტებს, თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ამ ნაკვეთზე სამშენებლო კომპანიის [არფი ჯგუფის] გაყიდვების ოფისი და კიდევ ერთი ჯიხურია განთავსებული.
„საპრივატიზებო ობიექტზე განთავსებული მოძრავი ქონება [ჯიხურები, ღობე – ავტ.] არ წარმოადგენს პრივატიზების საგანს,“ – აღნიშნულია აუქციონის პირობაში.
როგორია ბათუმის მერიის მოსაზრება ამ ნაკვეთის პრივატიზებასთან დაკავშირებით? – ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ მერია ამ ნაკვეთზე რაიმე მშენებლობის წინააღმდეგია. ამასთან, მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შპს „ახალი ხედვას“ [არფი ჯგუფი] საკუთრებაში არსებულ ნაკვეთთან დამაკავშირებელ გზას და მიწის ამ ნაწილის პრივატიზება მიუღებელია.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ კი უპირობოდ – ყოველგვარი ფუნქციური დატვირთვისა და აკრძალვის გარეშე გაიტანა ნაკვეთი გასაყიდად და მას 143 000 ლარად [საწყისი ფასი] ყიდის. სააგენტომ საპრივატიზებო მიწის ნაკვეთიდან მხოლოდ 32 კვ.მ ფართობი დატვირთა სერვიტუტის უფლებით, „ახალი ხედვას“ სასარგებლოდ.
ბათუმის მერის მიერ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგზავნილი წერილიდან
მერის წერილს თუ დავეყრდნობით, „აღნიშნული ნაკვეთი წარმოადგენს საზოგადოებრივ სივრცესთან მისასვლელ გზას“, თუმცა ეს „მისასვლელი გზა“ რომ შემოღობილია და შიგ ჯიხურები დგას, მერიის შესაბამის სამსახურებს ამაზე რეაგირება არ მოუხდენიათ.
მართლზომიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე სახელმწიფო მიწის დაკავება და იქ რაიმე კონსტრუქციის ჩადგმა, მინიმუმ 500-დან 1000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოში გვითხრეს, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ორშაბათს მოგვაწვდიან.
რის საფუძველზე იყენებს აუქციონზე გატანილ ქონებას „არფი ჯგუფი“? – ამ კითხვაზე პასუხის გაცემას კომპანიაშიც ორშაბათისთვის დაგვპირდნენ.
შერიფ ხიმშიაშვილის 63 ნომერში არსებული ნაკვეთი შპს „ელიტ ჰაუსის“ საკუთრებაშია, მის გვერდით კი შპს „ახალი ხედვა“ მრავალსართულიან კორპუსებს აშენებს. აუქციონზე გატანილ ნაკვეთსაც, დიდი ალბათობით, ან ერთი კომპანია შეიძენს, ან მეორე.
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდებასახელმწიფოს საკუთრებაში არსებული შემოღობილი ტერიტორია, რომელიც აუქციონზე იყიდება
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ აუქციონზე ამ ბოლოს კიდევ ერთი ნაკვეთი გაყიდა, რომელზეც ბიზნესმენი უკანონო მშენებლობას ახორციელებდა. ეს ნაკვეთი აუქციონზე, სწორედ ამ ბიზნესმენის კომპანიამ შეიძინა.
სახელმწიფო საკუთრებაში მიმდინარე უკანონო მშენებლობაზე კი ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს რეაგირება არ მოუხდენიათ.
ხელვაჩაურის მერიაში აცხადებენ, რომ ტერიტორია მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში არ არის და რეაგირება ბათუმის მერიამ უნდა მოახდინოს, ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ მშენებლობის ნებართვა გაიცა ხელვაჩაურის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ნაკვეთზე და თუ მშენებლობა ამ ნაკვეთს გასცდა, რეაგირება, პროექტის დარღვევაზე, ხელვაჩაურის მერიამ უნდა მოახდინოს.
საუბარია დიმიტრი ტვილდიანის მიერ სარფში სასტუმრო-კომპლექსს მშენებლობაზე.
სოფელ მთისუბანში სულ რამდენიმე ბავშვი ცხოვრობს ბაღის ასაკის. მათგან საბავშვო ბაღში სამი დადის, ორი ბავშვი კი, როგორც სოფელში ამბობენ, უარს აცხადებს ბაღში წასვლაზე. ბავშვებს ყოველდღე 4 კილომეტრის გავლა უწევთ ბაღამდე და უკან – სახლისკენ. ზამთარში კი, დიდთოვლობის გამო, ბავშვები ბაღში საერთოდ ვერ დადიან.
მთისუბანი ხულოს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოფელია, სადაც რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს. ნანა შაინიძე ერთ-ერთი მათგანია. ნანას ორი შვილი ჰყავს – უფროსი გოგონა უკვე სკოლაში დადის, 4 წლის ნუგო კი ბაღში, მეზობელ სოფელში. ნანა ამბობს, რომ მის შვილს ძალიან უჭირს შორ მანძილზე ფეხით სიარული, ამიტომ დედას ის ხშირად ხელში აყვანილი მიჰყავს. ბიჭს განსაკუთრებით უკანა გზაზე – ციცაბო აღმართში უჭირს ასვლა.
ნანას თავის შვილთან ერთად ბაღში ზოგჯერ მეზობლის 5 წლის გოგონა – ლიზაც მიჰყავს. ზოგჯერ კი ამ გზას ბავშვები ლიზას მამასთან ერთად გადიან. ასე მონაცვლეობით ცდილობენ მშობლები საბავშვო ბაღამდე გზის სირთულის დაძლევას.
ბავშვების მშობლები ფიქრობენ, რომ ბაღის გარეშე პატარები სათანადო განათლებას ვერ მიიღებენ, ამიტომ თავს არ ზოგავენ, რომ პატარებს სკოლამდელი განათლების შესაძლებლობა არ წაართვან.
პატარების მშობლები ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას, ასევე აჭარის მთავრობას სთხოვენ, რომ გამონახონ რესურსი, რათა ბავშვების ბაღში ტრანსპორტირებისთვის მიკროავტობუსი გამოყონ.
ამ ბოლო დროს გრეტა ტუმბერგის გარშემო უამრავი საუბარია. რომ არაბუნებრივია მისი აქტიურობა, რომ „ერთი დიდი პროექტის ნაწილია“, რომ „გამოიყენეს“, ისარგებლეს. ვიღაცამ მკითხა, მსგავსი მასშტაბური მოძრაობის წამოწყებას ხომ არ გეგმავ თბილისშიო. ყოველივე ამაზე ერთი მარტივი პასუხი მაქვს: ასე ის საუბრობს, ვინც გულწრფელად არ შეწუხებულა არავითარ საზოგადოებრივ პრობლემაზე. იმასაც ვიტყვი, რომ ქართულ და შვედურ საზოგადოებებს შორის უდიდესი სხვაობაა.
წარმოვიდგინოთ გრეტა, 16 წლის აუტიზმის მქონე გოგონა. მან შესანიშნავად იცის ინგლისური ენა. ეს ნიშნავს, რომ შესანიშნავმა სპეციალისტებმა იმუშავეს მასთან, მის განვითარებაზე. საუკეთესო პროფესიონალებმა. არანაირი რესურსი სისტემას არ დაუზოგავს მის მდგომარეობაში მყოფ ახალგაზრდისთვის განათლებისა და განვითარების მისაცემად.
ჩვენთან გრეტას თანატოლი ბავშვი, რამდენიმე თვის წინ მშენებლობაზე დაიღუპა, უსაფრთხოების ზომების არარსებობის გამო! ის, სავარაუდოდ, ვერც სკოლაში დადიოდა, რადგან თავისა და ოჯახის სარჩენად თბილისში წამოვიდა. მასზე ვერაფერი გავიგეთ, მის საჭიროებაზე, მისი ხმა ვერ გავიგონეთ, სანამ არ დაიღუპა და მისი არსებობაც მაშინ გავიგეთ, როცა დაგვაკლდა! და რამდენია ასეთი თავის სარჩენად მძიმე სამსახურში გასული ბავშვი, რაც ნორმად მიგვაჩნია და ზოგს უხარია კიდეც.
ერთია, როცა ბავშვი დამოუკიდებლობას ეჩვევა არდადეგებზე ნახევარგანაკვეთზე, კვირაში რამდენიმე საათის მუშაობით და სულ სხვა, როცა სახიფათო სამუშაოზეა დღე და ღამე და სწავლის დრო აღარ აქვს. გურიაში და აჭარაში თურმე უამრავი ბავშვი სეზონურად აცდენს სკოლას და თურქეთში მიდის სამუშაოდ. არებს არ უწერენ – ვითომ პრობლემა არ შევუქმნათო, მაგრამ რეალურად ეს ნიშნავს, რომ ასეთი შემთხვევები არც აღირიცხება და ბავშვი შეიძლება, ექსპლუატაციის მსხვერპლიც გახდეს. არადა ხომ შეიძლება ისე აღრიცხო, პრობლემა რომ არ შეუქმნა.
გრეტას რომ დავუბრუნდეთ: ბავშვებიც ხშირად წუხდებიან და უჩნდებათ სიკეთის კეთების სურვილი, სხვების თანაგრძნობა. მეც ასე 8 წლის როცა ვიყავი, მეზობლებს ჩუმ-ჩუმად ბრჭყვიალად შეფუთულ საჩუქრებს ვუდებდი. პატარა რაღაცებს, უმნიშვნელოს, თუნდაც კანფეტს, მაგრამ მეგონა, რაღაცას ვაკეთებდი. მინდოდა კია, ვცდილობდი… ბავშვის გარემოცვას აქვს განუზომელი როლი – შეუწყობს ის ბავშვის ამ მისწრაფებებს ხელს, თუ დასცინის, „დაამშვიდებს“, ნუ შეწუხდები შვილო, მაინც ვერაფერს შეცვლი, ჯობია დაისვენე, დაიძინე, ისწავლეო ეტყვის თუ გვერდში დაუდგება და მხარს დაუჭერს?
ბავშვობაში ჩემმა ბებიამ როცა გაიგო, რომ კონცერტის ორგანიზება მინდოდა მეზობელ ბავშვებთან ერთად, გარაჟი დაასუფთავა, საბანი ჩამოკიდა ჭიშკარზე – ვითომ თეატრის ფარდა, ანუ დამეხმარა ჩანაფიქრის განხორციელებაში. ატომური ბომბის არსებობის შესახებაც რომ გავიგე პატარაობაში, ძალიან შემეშინდა ბირთვული ომის, მაგრამ დედაჩემმა დამამშვიდა, ამ ომს იმიტომ არ იწყებს არავინ, რომ იციან, თუ ისვრიან, მათაც ესვრიანო და მეც მიმავიწყდა. მასე მოხდა გრეტას შემთხვევაშიც. ოღონდ მას არ მიავიწყეს, არ ჩაფარცხეს. მისი ღირებულებები დაემთხვა მის გარშემო საზოგადოების დიდი ნაწილის ღირებულებებს. ის გაამართლეს. მისი პროტესტი ლეგიტიმურად და დროულად მიიჩნიეს.
თავდაპირველად ის გულწრფელი იყო და არც მოელოდა ამხელა რეზონანსს. რა თქმა უნდა, ახლა კი ჰყავს კოორდინატორები, დამხმარეები, ორგანიზატორებიც, დიდი რესურსიც (აბა იალქნიანი გემით ამერიკაში წასვლას დიდი ფული სჭირდება, ორგანიზება და ძალისხმევა). ახლა ეხმარებიან კიდეც დაგეგმვაში, ხალხის მობილიზებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულწრფელი არაა. მასე არც მალალას არ ეგონა და არც უნდოდა, მისთვის რომ ესროლათ, მოეკლათ, შემდეგ გადაერჩინათ. ის ანონიმურად წერდა ბლოგებს, უსაფრთხოდ რომ ყოფილიყო. მაგრამ ეს გულწრფელობაა, ყურადღებას რომ იქცევს, თორემ მართლა ძალით რომ დაჯდე თბილისის ცენტრში კანცელარიის წინ, ამხელა რეზონანსს ვერ გამოიწვევ, თუ მართლა არ გჯერა, რისთვისაც ხმას იღებ და იბრძვი. თანაც ასეთი გულწრფელი გამოვლინებების დროს არ ელოდებიან, ისე მოდის ცნობადობა და ისე ხდები რეზონანსული.
_______
ავტორის შესახებ:
ესმა გუმბერიძე არის გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი. ის აქტიისტია, რომელიც წლებია შშმ პირების უფლებების დაცვაზე მუშაობს.
დღეს, 19 ოქტომბერს, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრი მოსკოვის თეატრს „ნიკიტკის კარიბჭეს“ მასპინძლობს. აფიშის მიხედვით თეატრმა ქუთაისში ორი სპექტაკლი უნდა ითამაშოს – „არ დამივიწყო“ 19 ოქტომბერს, ხოლო „ჩვენი ეზოს სიმღერები“ 20 ოქტომბერს.
დაგეგმილი გასტროლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, პროტესტი მოჰყვა ქუთაისში მცხოვრებ სამოქალაქო აქტივისტებში. მოქალაქეები, ამბობენ რომ დაუშვებელია ოკუპანტი ქვეყნის თეატრის მსახიობებმა ქუთაისში სპექტაკლი ითამაშონ.
თავად მესხიშვილის თეატრის მენეჯმენტი, მოსკოვის თეატრის გასტროლში პრობლემას ვერ ხედავს.
სულხან გოგოლაშვილი, ლადო მესხიშვილის თეატრის დირექტორი, ამბობს რომ მოსკოვის თატრი ქუთაისში მემორანდუმის ფარგლებში მოიწვიეს. ამ მემორანდუმში სხვა დამეგობრებული თეატრებიც შედიან.
„ხდება კულტურული გაცვლა თეატრებს შორის. არანაირი სახელმწიფო სტრუქტურები ჩარეული არაა. გასაგებია მათი პროტესტი [მოქალაქეების]. მეც ვთვლი რომ რუსეთი ოკუპანტია, მაგრამ მე არ ვიღებ ოკუპანტ რუსეთს თეატრში. მე ვიღებ კულტურულ რუსეთს. რომელსაც მემგონია ჩვენ არ ვებრძვით, ისევე როგორც არ ვებრძვით სპორტულ რუსეთს, ისევე როგორც არ ვებრძვით ტურისტულ რუსეთს. რატომ დადის მაშინ რეზო გაბრიაძე მოსკოვში და რატომ ატარებს სპექტაკლებს, რატომ მღერის ნინო ქათამაძე, რატომ ვყიდით ღვინოს რუსეთში, მაშინ თუკი ესეთი პროტესტია?“ – სვამს კითხვებს სულხან გოგოლაშვილი „ბათუმელების“ კითხვების პასუხად.
გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის ქუთაისში გასტროლი სახალხო დიპლომატიაა.
„ეს სახალხო დიპლომატიაა და პირიქით ხელს შეუწყობს ძალიან ბევრი პრობლემის მოგვარებას. მაშინ გავიდეთ მოედანზე, დავანთოთ ცეცხლი, დავწვათ ჩეხოვი, დოსტოევსკი, გოგოლი, გრიბოედოვი და ა.შ. მაშინ ვინ ვიქნებით მსოფლიოს თვალში, ჩვენ თუ კულტურულ რუსეთს დავუწყეთ ბრძოლა? მე ნამდვილად ვიცი რომ ეს თეატრი არ არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ამიტომაც ვმეგობრობ. ამ თეატრმა 2008 წლის შემდეგ დადგა ქართული სპექტაკლი „მე ბებია, ილიკო და ილარიონი“, რომელიც ჩამოტანილი ჰქონდა ქუთაისის თეატრში 2017 წელს. მე არ ვთვლი რომ ეს თეატრი რუსული პოლიტიკის გამტარებელია,“ – ამბობს სულხან გოგოლაშვილი.
გოგოლაშვილის თქმით, მოსკოვის თეატრის გასტროლს არცერთი საბიუჯეტო ორგანიზაცია არ აფინანსებს და ისინი თავიანთი ხარჯით ჩამოდიან.
აქცია მოსკოვის თეატრ „ნიკიტკის კარიბჭეს“ ქუთაისში დაგეგმილი გასტროლის გასაპროტესტებლად მესხიშვილის თეატრის წინ დღეს, 19 ოქტომბერს, 19 საათზეა დაგეგმილი.
მდინარე ბარცხანაში, შავი ზღვის შესართავთან ახლოს ნავთობის კერა ისევ გაჩნდა. მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული. მდინარის გვერდით მდებარე არხის მთელ სიგრძეზე ნიადაგსა და მცენარეულ საფარზეც ასევე ნავთობპროდუქტებიაა. სპეციალისტები ამბობენ რომ ეს იტორიული დაბინძურების ზონაა.
იმისათვის რომ ნავთობი ზღვაში არ ჩავიდეს, მდინარის კალაპოტში ნავთობის დაღვრის საწინააღმდეგო საშუალებაა, ე.წ. ბონური ზღუდეებია მოწყობილი.
ნავთობით დაბინძურებული მდინარე ბარცხანის სანაპირო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
„ეს მოწყობილობები არის იმისათვის რომ ნავთობი არ გავრცელდეს მდინარეში და მდინარიდან არ ჩავიდეს ზღვაში. ის რომ მდინარიდან ზღვაში ჩადის და ზღვა ბინძურდება, ეს ფაქტი არ დაფიქსირებულა,” – უთხრა „ბათუმელებს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის და გურიის რეგიონული სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსმა ნატო დავითაძემ.
მისივე თქმით, ბონური ზღუდეები მდინარეში ბათუმის „ნავთობტერმინალმა“ ჩააწყო. ადგილი, სადაც მდინარის სანაპირო ნავთობპროდუქტებითაა დაბინძურებული, სოწრედ „ნავთობტერმინალს“ ესაზღვრება. თუმცა ტერმინალიც და გარემოსდაცვითი მაკონტროლებელი უწყებაც ამბობს რომ დაბინძურების გამომწვევი ბათუმის „ნავთობტერმინალი“ არაა.
ნავთობპროდუქტები მდინარე ბარცხანაში ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
„ეს შესაძლოა იყოს ისტორიული დაბინძურება. საბჭოთა კავშირის დროს, აქ იყო ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა და მილებით უკავშირდებოდა პორტს. სამწუხაროდ არ არსებობს და არცერთ უწყებას არ აქვს რუკა, თუ რა მიწისქვეშა კომუნიკაციები გადის ამ ტერიტორიაზე. ფაქტია, რომ გრუნტიდან ხდება პერიოდულად ნავთობპროდუქტების გამოსვლა. ეს არამარტო წელს, არამედ შარშანაც დაფიქსირდა. იმის წინაც, სულ ფიქსირდება. ეს ადასტურებს იმას, რომ არის კონკრეტულად ისტორიულად დაბინძურებული ტერიტორია და ჩვენ კონკრეტულ სამართალდამრღვევ სუბიექტს ვერ ვადგენთ. შესაბამისად, მასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციულ ღონისძიებასახ ვერ ვატარებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ნატო დავითაძემ.
ბათუმის „ნავთობტერმინალის“ ეკოლოგიის სამსახურის უფროსი თენგიზ გორდელაძე კატეგორიულად გამორიცხავს რომ მდინარის დაბინძურების მიზეზი შეიძლება ტერმინალი იყოს.
„გარემოს ზედამხედველობის სამსახურსაც არაერთხელ ვესაუბრეთ. არაერთი მოკვლევა ჩავატარეთ. დაბინძურება არ არის ჩვენი ტერიტორიიდან. ტექნიკურ დახმარებას ვუწევთ გარემოსდაცვას. თვეში 200-300 დოლარის მასალას ვხარჯავთ, გარდა იმისა რომ ჩვენი პერსონალი ამაზე მუშაობს. ჩვენ ამას არ ვითვლით, მთავარია ზღვაში არ გავიდეს. მთელი ზაფხული კარგად ვიყავით, მაგრამ ახლა უცებ ისევ გამოჩნდა. ვეძებეთ წყარო და ვერ ვნახეთ. ნავთობტერმინალის ტერიტორიიდან გარეთაა,“ – უთხრა „ბათუმელებს“ თენგიზ გორდელაძემ.
არხი მდინარე ბარცხანასთან, სადაც ნავთობპროდუქტებით მცენარეული საფარიცაა დაბინძურებული
ანწუხელიძის ქუჩაზე, #14-თან, ფეხით გადაადგილებისას პირდაპირ მანქანების სავალ ნაწილზე მოგიწევთ გადასვლა, რადგან მშენებელმა კომპანიამ ტროტუარი მოშალა. მოშლილი ტროტუარის გაგრძელება კი, დაახლოებით 300 მეტრზე, კომპანიას სამშენებლო ღობით აქვს შემოფარგლული. ამ ადგილზე შპს „ედ კაპიტალი“ ხუთსართულიან სასტუმროს აშენებს.
კომპანიას უკვე დაწყებული აქვს საძირკვლის ჩამოსხმის სამუშაოები. მშენებლობა პირდაპირ ტროტუარის გასწვრივ მიმდინარეობს, ამიტომაც კომპანიას სამშენებლო ღობის გასაკეთებლად, ასევე, სამშენებლო ტერიტორიასთან მისადგომად, მეტი სივრცე არ აქვს.
უცნობია, ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ნებართვის გაცემისას ეს გაითვალისწინეს თუ არა.
გარდა ამისა, არსებობს იმ საკანალიზაციო გაყვანილობის დაზიანების საფრთხეც, რომლის მოწყობისთვისაც ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა დაიხარჯა, რადგან მუშები პირდაპირ საკანალიზაციო მილზე გადაადგილდებიან.
ფოტო: ცაგო კახაბერიძე
კიდევ ერთი საკითხი, რითაც ეს მშენებლობა ინტერესს იწვევს, მშენებლობის ფართობი და დაგეგმილი მშენებლობის მასშტაბია. სამშენებლო მოედანზე მყოფი კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ მშენებლობას 1000 კვადრატულ მეტრზე აწარმოებს, რეესტრში გადამოწმებით კი ჩანს, რომ ამ მისამართზე „ედ კაპიტალი“ მხოლოდ 367 კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთს ფლობს. შესაბამისად, საინტერესოა აკმაყოფილებს თუ არა კომპანია სამშენებლო რეგულაციებით დადგენილ მოთხოვნებს, თუნდაც მხოლოდ პარკინგთან დაკავშირებით.
ახალი რეგულაციით მშენებელი ვალდებულია ყოველ 120 კვადრატულ მეტრზე 1 საპარკინგე ადგილი ჰქონდეს.
კომპანიის დირექტორი ედიშერ კაკაბაძე გვარწმუნებს, რომ სასტუმროს ამანქანის გასაჩერებელი ხუთი ან ექვსი ადგილი ექნება.
ბათუმის მერიაშიც გვიპასუხეს, რომ ამ მშენებლობაზე ყველაფერი სტანდარტებს შეესაბამება: „პროექტში დაცულია ყველაფერი და შეთანხმებული გვაქვს“.
პროექტის რენდერის მიხედვით კი, რომელიც ადგილზე არ არის გამოფენილი ყველას დასანახად [ამას კანონი ითვალისწინებს] და სამშენებლო ღობეზეა მიდგმული, ხუთსართულიანი შენობის პირველი სართული შედარებით მაღალჭერიანი იქნება, სადაც კომერციულ ფართობებს მოაწყობენ.
რაც შეეხება უნებართვოდ ტროტუარის მოშლის საკითხს, ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიას გააფრთხილეს და დაავალდებულეს, რომ ტროტუარი აღადგინოს.
საქართველოს ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
მაროკოში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ ახალკაცმა ახალგაზრდებს შორის 81კგ წონითი კატეგორიის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა რუსეთის წარმომადგენელი დაამარცხა.
27 ოქტომბერს ბათუმის დრამატული თეატრის შენობაში კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობენ შემსრულებლები: სოპრანო – ნინო ლეჟავა, (იტალია) და ზურაბ ზურაბიშვილი – ტენორი (გერმანია).
სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს იტალიელი ალბერტო ვერონეზი.
კონცერტში ასევე მონაწილეობენ ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის საოპერო დასის სოლისტები, ინგა ჯახუტაშვილი (სოპრანო) და სულხან ჯაიანი (ბანი), სიმფონიური ორკესტრი და კაპელა.
“ბათუმის საზღვაო პორტის ინფრასტრუქტურა არ არის მიმზიდველი ფართომასშტაბიანი საკრუიზო ლაინერებისთვის… 2016 წლიდან არც ერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა ბათუმში,” – აღნიშნულია კვლევაში, რომლის მიზანიც საზღვაო შრომის ბაზრის შესწავლა იყო. კვლევა “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა” ჩაატარა აჭარის დასაქმების სააგენტოს დაკვეთით.
კვლევის ფარგლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფი გამოკითხეს, მათ შორის, საერთაშორისო საკრუინგო კომპანიები, უმაღლესი სასწავლებლები, მეზღვაურები და კაპიტნები.
კვლევაში ცალკე თავი ეთმობა საკრუინგო საქმიანობას.
“გამოჩნდა, რომ საკრუინგო დასაქმების სფერო არ არის რეგულირებული სახელმწიფოს მიერ, რაც საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენციის ერთ–ერთი მთავარი სტანდარტია. საქართველო არ არის საზღვაო სფეროში საერთაშორისო ორგანიზაციების ქსელის სრულფასოვანი წევრი. მაგალითად, არ არის მიერთებული ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციას, როგორიცაა საერთაშორისო საზღვაო შრომის კონვენცია (MLC),” – აღნიშნა სოციოლოგმა იაგო კაჭკაჭიშვილმა კვლევის შედეგების პრეზენტაციის დროს, რომელიც დღეს, 18 ოქტომბერს, სასტუმრო “ადმირალში” გაიმართა.
კვლევის მიხედვით, ზოგადად მსოფლიოში საკრუიზო ტურიზმის ხარჯთეფექტურობა შემცირდა. სფერო სულ უფრო მეტად ხდება ფინანსურად დატვირთული, რის გამოც დღის წესრიგში დგას იაფი რესურსის მოზიდვის აუცილებლობა. გარდა ამისა, ევროკავშირის ქვეყნებში ახალგაზრდებს მეზღვაურის პროფესიის მიმართ დაბალი მოტივაცია აქვთ.
იაგო კაჭკაჭიშვილის შეფასებით, საკრუიზო მიმართულებით საქართველოს გააქტიურება უმუშევრობის დონეს შეამცირებს და ამ რეალობას დროულად უნდა “გავუსწოროთ თვალი”.
“ჩვენ არ ვიყენებთ ამ პოტენციალს. საკრუიზო გემებზე დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 1000-1500 ამერიკული დოლარია… ლეგალური დასაქმება შეამცირებს არალეგალურ შრომით მიგრაციას.
ქართველი მეზღვაურების შემთხვევაში, პრობლემად რჩება პრაქტიკის გავლა, ინგლისური ენის სწავლება უმაღლეს საზღვაო და პროფესიულ სასწავლებლებში,” – ამბობს იაგო კაჭკაჭიშვილი.
კვლევის თანახმად, დღემდე არ განხორციელებულა ბათუმის პორტის სარეკონსტრუქციო პროექტი (ნავმისადგომის 340 მეტრამდე გაფართოება და მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობა), რისი ვალდებულებაც საქართველომ ამერიკულ საკრუიზო კომპანია “Royal Caribbean”-თან 2012 წელს გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით იკისრა.
“ამის გამო ბათუმის პორტში 2016 წლიდან არცერთი საკრუიზო ლაინერი არ შემოსულა, რამაც მნიშვნელოვნად დააზარალა რეგიონის/ქვეყნის ეკონომიკა,” – ვკითხულობთ კვლევაში.
საკრუიზო ლაინერებისთვის არის თუ არა დაგეგმილი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა? – ვკითხეთ საზღვაო სააგენტოს წარმომადგენელს, ნინო ორაგველიძეს, რომელიც ამ შეხვედრას ესწრებოდა. მან გვიპასუხა, რომ პორტი კერძო კომპანიისთვის აქვს გადაცემული სახელმწიფოს და სააგენტო ამ კუთხით ინფორმაციას არ ფლობს.
რაც შეეხება საერთაშორისო კანონმდებლობასთან თანხვედრას, ნინო ორაგველიძემ გვითხრა, რომ “მეზღვაურთა შრომის კონვენციის” პროცესი უკვე დაწყებულია და საქართველო 2020 წელს გახდება ამ კონვენციის წევრი.