მთავარი,სიახლეები

პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

25.10.2019
პარლამენტარმა მუხრან ვახტანგაძემ მოქალაქეს დაურეკა, ყველაფერი აგინა და დაემუქრა

ბათუმის მცხოვრები მერაბ ღოღობერიძე ამბობს, რომ მას საქართველოს პარლამენტის წევრმა მუხრან ვახტანგაძემ ცოტა ხნის წინ დაურეკა და ყველაფერი აგინა. მერაბ ღოღობერიძემ მუხრან ვახტანგაძის სატელეფონო ზარი ფეისბუქლაივში ჩართო. მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქლაივში მართლაც ისმის წარმოუდგენლად უშვერი გინება მოქალაქის ოჯახის წევრების მიმართ – დეპუტატი აგინებს მერაბ ღოღობერიძის დედას, ცოლს, დას და თავად მას. მისი ტექსტები ასევე შეიცავს მუქარას. დეპუტატის გინება 3 წუთი და 46 წამი გრძელდება

ბათუმის მაჟორიტარგი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნებიდან “და წარსულში ცნობილი სპორტსმენი მუხრან ვახტანგაძე სატელეფონო საუბარში მერაბ ღოღობერიძეს ეუბნება, რომ მისთვის ცნობილია, რომ ის ამ საუბარს იწერს და თან იქვე დასძენს, „მოასმენინე, ვისაც გინდა“.

მერაბ ღოღობერიძემ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ დეპუტატის მოულოდნელი გაღიზიანება ქედის მუნიციპალიტეტის სასპორტო სკოლის დირექტორად მანუჩარ ჯიჯავაძის დანიშვნასთან დაკავშირებით მის მიერ დაწერილმა ფეისბუქპოსტმა გამოიწვია. მერაბ ღოღობერიძის თქმით, მან „კოჰაბიტაცია“ გააკრიტიკა, რადგან მანუჩარ ჯიჯავაძე 2012 წლამდე ბიძინა ივანიშვილს აგინებდა.

მერაბ ღოღობერიძესთან საუბარს და მისთვის შეურაცხყოფის მიყენებას „ბათუმელებთან“ ადასტურებს პარლამენტის წევრი მუხრან ვახტანგაძე. ის უარყოფს მუქარას.

„დამუქრება რაში მდგომარეობს? მერაბ ღოღობერიძე რასთან დაკავშირებით იჯდა ციხეში? მთელმა აჭარის მოსახლეობამ იცის, ვინ არის მერაბ ღოღობერიძე. ის უთავმოყვარეო ადამიანი, თახსირი, გარეწარი, ინტრიგანი… მაგის საქმე არ არის სპორტი, მიხედოს თავის ბინძურ სულს და წარსულს. ღამის 9 საათზე რომ არ დარეკოთ და დღისით დარეკოთ, არ შეიძლება?“

მუხრანს ვახტანგაძეს შევახსენეთ, რომ ის პარლამენტარია. მას ვკითხეთ, აქვს თუ არა პარლამენტის წევრს უფლება, ვინმეს ამ ლექსიკით ესაუბროს. პარლამენტარმა გვიპასუხა, რომ მისთვის „ღირსება კანონზე მაღლა დგას“.

„ამ ლექსიკით, თუ იმ ლექსიკით, ჩემთვის ღირსება ყველა კანონზე მაღლა დგას. თუ ჩემი ცხოვრების წესი არ მოგწონთ, ვინც იქნებით, ცივი წყალი დალიეთ ყველამ. საზოგადოება გადაწყვიტავს, ვინ იყოს პარლამენტში და ვინ – არა,“ – გვითხრა მუხრან ვახტანგაძემ.

რა მოხდა მერაბ ღოღობერიძესთან ტელეფონით დარეკვამდე? მუხრან ვახტანგაძე ადასტურებს, რომ გაღიზიანება მერაბ ღოღობერიძის ფეისბუქპოსტმა გამოიწვია, სადაც იგი ქედის სასპორტო სკოლაში ახალი დირექტორის დანიშვნას აპროტესტებდა.

„მე მანუჩართან [ჯიჯავაძე] საერთოდ არაფერი მაკავშირებს, გარდა სპორტული ცხოვრებისა… მე მქონდა მერაბთანაც ურთიერთობა და იმის უფლება, დამერეკა და მეკითხა, რაში სჭირდებოდა ფეისბუქზე განცხადების გაკეთება,“ – დასძინა პარლამენტარმა.

მერაბ ღოღობერიძე ახლა იმყოფება ბათუმის პოლიციის მეოთხე განყოფილებაში გამოკითხვაზე.  შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფაქტს სწავლობენ. გამოძიება ჯერჯერობით არ დაწყებულა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: