დღეს, 24 ოქტომბერს, პარტიის ოფისში, უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ასმათ დიასამიძემ, ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ დაარღვია შეთანხმება ოპოზიციასთან იმასთან დაკავშირებით, რომ აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის კანდიდატების დამტკიცებამდე მათ უნდა გასაუბრებოდნენ. ენმ ხვალ, 25 ოქტომბერს, ჩანიშნული სხდომის გადადებას მოითხოვს.
„გასაუბრება უნდა დანიშნულიყო ორშაბათს 11:00 საათზე, თუმცა, დღეს, 24 ოქტომბერს, ისე ჩაინიშნა ბიუროს სხდომა, რომ ჩვენს ფრაქციას ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. შესაბამისად, ჩვენ არ მოგვეცა საშუალება ბიუროს დავსწრებოდით და გაგვეჟღერებინა ჩვენი მოსაზრებები ამ საკითხთან დაკავშირებით.
როგორც ჩანს, დავით გაბაიძემ ვერ მიიღო გადაწყვეტილება და დაარღვია ჩვენი ურთიერთშეთანხმება. ახლა გავიგეთ, რომ ხვალ ჩაინიშნა სესია, სადაც კენჭი უნდა უყარონ „ქართული ოცნების“ ფრაქციების მიერ წარდგენილი ორი კანდიდატის დამტკიცებას“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.
მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ძალიან ჩქარობს დაამტკიცოს მათი ფრაქციების მიერ დასახელებული ბორდის წევრობის კანდიდატები, „მიუხედავად იმისა, რომ მათი მისამართით საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.“
„ჩვენ ვითხოვდით ყველა კანდიდატთან გასაუბრებას, მათ შორის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ ორ კანდიდატთან შეხვედრასაც, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა ძალიან ბევრი კითხვა მათთან მიმართებაში.
ბორდის წევრობის ერთ-ერთი კანდიდატი თამილა დოლიძე, გარდა იმისა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა, არის „ქართული ოცნებიდან“ უმაღლეს საბჭოს წევრის, ილია ვერძაძის ნათესავი და როგორც ვიცით, ერთ-ერთი იყო, ვინც ყველაზე მეტად აქტიურობდა და მოითხოვდა ტელევიზიის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის საკითხის დაყენებას.
რაც შეეხება სოსო სტურუას, მისი გადაწყვეტილებებიც ვიცით, როცა ის მუშაობდა ტელევიზიის დირექტორის პოსტზე. ტელევიზიიდან წავიდნენ ჟურნალისტები, რომლებიც აცხადებდნენ, რომ ტელევიზიაში იყო ცენზურა და ხელისუფლების მაამებლური პოლიტიკა. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვინდოდა მათ გავსაუბრებოდით“, – ამბობს ასმათ დიასამიძე.
მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობას ენმ, ამის შესახებ გადაწყვეტილებას ხვალ, 25 ოქტომბერს, გაასაჯაროვებენ. „ამ ეტაპზე ჩვენ ვითხოვთ ხვალინდელი სესიის გადადებას“, – ამბობს დიასამიძე.
უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით.
საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს შერჩეულ კანდიდატებს უმაღლესი საბჭო ხვალ, 25 ოქტომბერს, უყრის კენჭს. ჯერჯერობით ოთხი კანდიდატის ვინაობაა ცნობილი – სოსო სტურუა და თამილა დოლიძე, რომლებიც მმართველი პარტიის ფრაქციებმა დაასახელეს და ოპოზიციის მიერ დასახელებული ორი კანდიდატი – თამარ წილოსანი და დიანა ვაშაყმაძე.
უმაღლესი საბჭო ხვალ რიგგარეშე სხდომას გამართავს.