მთავარი,სიახლეები

ვინ შეარჩია „ოცნებამ“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის

23.10.2019
ვინ შეარჩია „ოცნებამ“ აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოსთვის

უკვე ცნობილია, ვისი შეყვანა სურს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში „ქართულ ოცნებას“.

უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ – „ქართული ოცნება – მაჟორიტარები“ ბორდის წევრობის კანდიდატად თამილა დოლიძე დაასახელა. იგი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილეა რადიოს მიმართულებით.

ფრაქციის – „ქართული ოცნება – აჭარას“ რჩეული კი, სოსო სტურუა გახდა. სოსო სტურუა „აჭარის მუზეუმის“ დირექტორის მოადგილეა და მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას და რადიოს ხელმძღვანელობდა. მისი დირექტორობის პერიოდში ტელევიზია სარედაქციო დამოუკიდებლბაში ჩარევის მოტივით 2014 წელს დატოვეს საინფორმაციო სამსახურის პროდუსერებმა: ირინე ყურუამ, ქეთი დუმბაძე და სოფო ჟღენტმა, 2015 წელს კი, აჭარის ტელევიზიის ვებგვერდიდან ჩამოხსნეს აჭარის მთავრობისთვის არასასურველი სიუჟეტი.

ამ ეტაპზე მრჩეველთა საბჭოს კანდიდატები არ დაუსახელებიათ ფრაქციას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და საბჭოს დამოუკიდებელ დეპუტატებს. კანდიდატების დასახელების შემდეგ უმაღლეს საბჭოში სხდომა უნდა გაიმართოს, სადაც კანდიდატებს კენჭს უყრიან. ბორდის წევრობისთვის კანდიდატს მინიმუმ 7 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

„ჩვენ მოვითხოვეთ ცალკე გასაუბრება მრჩევლობის კანდიდატებთან, ასევე კომისიის წევრებთან, რომლებმაც ეს კანდიდატები შეარჩიეს, არსებობს კითხვები კომისიასთანაც… თუ ამის შესაძლებლობა არ მოგვცეს, შემდეგ ვისაუბრებთ ფრაქციაში,“ – გვითხრა გია აბულაძემ, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.

ჯერ უცნობია, როდის შეიკრიბება უმაღლესი საბჭო მრჩევლობის კანდიდატების კენჭისყრისთვის. უმაღლესმა საბჭომ სულ მრჩეველთა საბჭოს 4 წევრი უნდა შეარჩიოს.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის ანაზღაურება 2 900 ლარია, მოადგილის – 2 700 ლარი, წევრის კი – 2 625 ლარი. აჭარის უმაღლესი საბჭო ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ოთხ წევრს: ნატა იმედაიშვილს, გიორგი ირემაძეს, ირაკლი დარცმელიძეს და ბეჟან გობაძეს უფლებამოსილების ვადა ოქტომბერში ეწურებათ. ბორდის კიდევ ერთი წევრი – გოგა ჩხარტიშვილი უმაღლესმა საბჭომ 2018 წლის პირველ ნოემბერს აირჩია.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მრჩევლობის კანდიდატების შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა 13 კანდიდატი. ესენი არიან:

რაულ ბერიძე, დიანა ვაშაყმაძე, ნათია სირაბიძე, სოსო სტურუა, არჩილ ხახუტაიშვილი, სტელა ახვლედიანი, რუსლან ბარამიძე, ფირუზ ბოლქვაძე, ემზარ დიასამიძე, თამილა დოლიძე, გია ქარცივაძე, გელა ღოღობერიძე და თამარ წილოსანი.

ამ 13 კანდიდატიდან 4 გახდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრი.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: