ცოლსა და ორ სრულწლოვან შვილზე ძალადობაში ბრალდებული ოსმან მადოიშვილი მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ გაამართლა. გადამწყვეტი ფაქტორი დაზარალებულები აღმოჩნდნენ, რომლებმაც სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს.
პროკურატურა ოსმან მადოიშვილს ოჯახში ძალადობას ედავებოდა სამ ეპიზოდში, ანუ ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის რამდენიმე შემთხვევას, ასევე მუქარას ოჯახის წევრების მიმართ. ოჯახი ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს. პროკურატურამ ცოლთან ერთად ბრალდებულის შვილებიც მიიჩნია დაზარალებულებად – ბრალდებულის გოგოები, რომლებიც დაოჯახებული არიან.
საქმის მასალების მიხედვით, თავდაპირველად პოლიციას ბრალდებულის ცოლმა მიმართა. გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებების მიხედვით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ოსმანი ცოლს და შვილებს საცემრად მისდევდა. დაზარალებულები აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ბრალდებული მათ ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდა.
„ჩვენ ყველა მტკიცებულება მივიჩნიეთ უდავოდ, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, სადაც ჩანდა, რომ დაზარალებულებს ფიზიკური დაზიანებები არ აღენიშნებოდათ. სადავოდ მივიჩნიეთ მხოლოდ დაზარალებულების ჩვენებები, რომლებმაც საბოლოოდ სასამართლოს ჩვენება არ მისცეს,“ – ამბობს ადვოკატი, მერი ცინარიძე.
ადვოკატი ადასტურებს, რომ სასამართლოში სავარაუდოდ სხვა შედეგი დადგებოდა, თუკი ბრალდებულის ცოლი და შვილები სასამართლოს ჩვენებას მისცემდნენ. ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ოსმან მადოიშვილს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელოდა.
ოსმან მადოიშვილი 4 თვე იყო წინასწარ პატიმრობაში. ადვოკატის თქმით, ის უკვე შეურიგდა ცოლ-შვილს და სასამართლო დარბაზიდან საკუთარ სახლში წავიდა.
ქობულეთში, სოფელ ალამბარში, ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მეპატრონემ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს თანამშრომლებს ხელი შეუშალა პროფესიულ საქმიანობაში, მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე იძულების წესით დაატოვებინა ობიექტი და ადგილიდან გადამალა საქონელი – ინფორმაციას ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„აღნიშნულ ობიექტზე, მეწარმის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო, ვერ განხორციელდა დათვალიერების შედეგად ობიექტში გამოვლენილი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ამოღებისა და შემდგომი პროცედურები, რის გამოც შედგა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. საგადასახადო კოდექსის 277-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მეწარმეს სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 800 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიმართ ძალადობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების სამსახურს“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საგადასახადო ორგანოს თანამშრომლების მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებაში ხელის შეშლისა და მათ მიმართ ძალადობის განხორციელების ფაქტზე 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაწყებულია გამოძიება. უწყების ცნობით, დაკავებულია ორი მოქალაქე.
მოსამართლის შეურაცხყოფა უნდა ისჯებოდეს სისხლის სამართლის წესით, თუ ეს გამოხატვის თავისუფლებაა, როცა შემთხვევა სასამართლო პროცესზე არ ხდება? – ამ კითხვას საკონსტიტუციო სასამართლო გასცემს გასცემს პასუხს. სასამართლოში დღეს, პირველ აგვისტოს დაიწყო ზვიად კუპრავას სარჩელის არსებითი განხილვა. დღეს დილით ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლომ მოსამართლის შეურაცხყოფისთვის 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
ზვიად კუპრავა „გაერთიანებული ოპოზიციის“ წევრი და ზაზა სარალიძის მეგობარია. იგი სარალიძის მხარდასაჭერად გამართული საპროტესტო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო.
მოსამართლის შეურაცხყოფისთვის გასამართლებამდე, ზვიად კუპრავას პროკურატურამ ფიზიკურ ძალადობაში დასდო ბრალი. ამ სასამართლო პროცესის მიმდინარეობის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე კუპრავა სასამართლოს სასადილოში იყო, როცა მას პოლიციელებმა სასადილოს დატოვებისა და სხდომის დარბაზში გამოცხადებისკენ მოუწოდეს. ზვიად კუპრავას ადვოკატების თქმით, კუპრავამ პოლიციელებს უთხრა, რომ სასამართლოს დარბაზიდან გათავისუფლებული იყო დროის ერთსაათიან მონაკვეთში, კერძოდ 2-დან 3 საათამდე, ხოლო აღნიშნული დრო ჯერ ამოწურული არ იყო.
„ამასთან, ზვიად კუპრავამ აღნიშნა, რომ ინდიფერენტული იყო მოსამართლის მიმართ და სასქესო ორგანოზე ეკიდა მოსამართლე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დროის ერთ საათიანი მონაკვეთი მოსამართლემ შესვენებად იმ მიზნით გამოაცხადა, რომ ის უნდა გაცნობოდა საქმეში არსებულ კონკრეტულ მასალებს. საპასუხოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოქალაქე იძულების წესით გადაიყვანეს სხდომის დარბაზში,“ – აღნიშნულია კონსტიტუციურ სარჩელში.
ზვიად კუპრავა საკონსტიტუციო სასამართლოში იმ სამართლებრივ ნორმას ასაჩივრებს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს სასამართლოს უპატივცემულობას, რაც გამოიხატება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით.
კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, მოსამართლის შეურაცხყოფის დასჯადობა ემსახურება მნიშვნელოვან ლეგიტიმურ მიზნებს, თუმცა მოსამართლის იმგვარი შეურაცხყოფისთვის პასუხისმგებლობის დაწესება, რომელიც არ განხორციელებულა უშუალოდ სასამართლო პროცესის მიმდინარეობისას, ხელი არ შეუშლია და საფრთხე არ შეუქმნია მართლმსაჯულების ეფექტური განხორციელებისა და პროცესის ჩვეული მიმდინარეობისთვის, არღვევს აზრის გამოხატვის თავისუფლებას.
ამასთან, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით გათვალისწინებული ტერმინი „შეურაცხყოფა“ ბუნდოვანია და ეწინააღმდეგება კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.
სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა სამართალწარმოების მონაწილის შეურაცხყოფით, ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე. იგივე ქმედება, რაც გამოიხატა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფით, – ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
საქმეს არსებითად განიხილავს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგია.
ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი 2019-2020 სასწავლო წლისთვის აცხადებს მიღებას სამაგისტრო საგანამანათლებლო პროგრამაზე – სატრანსპორტო ლოგისტიკა. სწავლის წლიური საფასური შეადგენს 2000 ლარს. პროგრამის ხანგრძლივობა 2 წელია. სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
იმისათვის, რომ მაგისტრანტობის მსურველმა ჩააბაროს ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში, უნდა გაიაროს სამი საგამოცდო ეტაპი: საერთო სამაგისტრო გამოცდის (ტესტის ტიპი ოთხი კომპონენტიდან), გადალახოს სამი კომპონენტის მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ჩააბაროს საუნივერსიტეტო გამოცდა ინგლისურ ენაში ან წარმოადგინოს B 2.1 დონის დამადასტურებელი ვალიდური საერთაშორისო სერტიფიკატი და ჩააბაროს შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა სპეციალობაში.
პარალელურ რეჟიმში კი ბნსუ 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის აცხადებს მობილობას საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურზე.
რატომ უნდა ისწავლო ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტში?
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საზღვაო განათლებაშია უკვე 20 წლის განმავლობაში. უნივერსიტეტი ახალგაზრდების ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპის ყველაზე საიმედო რგოლია.
ბნსუ-ს უპირატესობა
[checklist]
აკრედიტებული პროგრამები;
სახელმწიფო გრანტით დაფინანსება;
სტიპენდიები წარმატებულ სტუდენტებს;
გადახდის მოქნილი სისტემა;
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა;
„რამდენიმე კვირაში ხელვაჩაურში, მეჯინისწყალის დასახლებაში დავიწყებთ ახალ საინვესტიციო პროექტს „ქართული წყლის კომპანიასთან“ ერთად, რომლის საფუძველზეც დაახლოებით 30 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება და დასაქმდება ასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა 31 ივლისს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ.
„ქართული წყლის კომპანია“, რომელიც საინვესტივიო პროექტს გეგმავს ხელვაჩაურში, ერთი თვის წინ, 28 ივნისსაა დაფუძნებული. მისი დირექტორი აკაკი ადამიაა, ხოლო კომპანიის წილები ასე ნაწილდება:
45 % – თემურ ანჩაბაძე [რუსეთის მოქალაქე]
45% – ცეზარ ჩოჩელი
10 % – გიორგი პერტაია
თემურ ანჩაბაძე ასევე არის საქართველოში რეგისტრირებული კომპანიის, შპს „ქისთოუნ ინვესთმენსის“ 40-პროცენტიანი წილის მფლობელი.
თემურ ანჩაბაძე. ფოტო: dp.ru
სანკტ-პეტერბურგელი ბიზნესმენი ანჩაბაძე, რუსული წყაროების ცნობით, რუსეთში ცხრა კომპანიის დამფუძნებელია და მათგან 4 კომპანიას ხელმძღვანელობს. მათ შორისაა ЛСЕГ – „ჩრდილოეთ-ევროპული გაზსადენების ლოჯისტიკა“ და „ნანოტექგრუპი“.
ქართული წყლის კომპანიის 10-პროცენტიანი მეწილე გიორგი პერტაია შპს „ქისთოუნ ინვესთმენსის“ დირექტორია და ამავე დროს არის „ქართუს“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი. გიორგი პერტაია 2012-2016 წლებში საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დირექტორი იყო, 2011-2012 წლებში – საქართველოს ბიზნესომბუცმენი, უფრო ადრე კი, 2010-2011 წლებში კი – საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავარი მრჩეველი იყო.
გიორგი პერტაია
ქართული წყლის კომპანიის კიდევ ერთი მეწილის, ცეზარ ჩოჩელის სახელი კარგადაა ცნობილი საქართველოში. ჩოჩელი ყოფილი პარლამენტარი და მცხეთა-მთიანეთის ყოფილი გუბერნატორია. იგი მეუღლესთან ერთად ფლობს შპს „მიქსორის“ 90 პროცენტს, რომელიც სააქციო საზოგადოება „ქართული ლუდის კომპანიის“ აქციების 63,5 მფლობელია [ამავე სააქციო საზოგადოებაში აქციების 24.11 პროცენტს ფლობს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი; 12,39 პროცენტის კი – პსპ ფარმა]. „ქართული ლუდის კომპანიას“ ეკუთვნის სავაჭრო მარკები: „ზედაზენი“, „ჩერო“, „ბაიხო“, „არსი კოლა“ და ა.შ.
ცეზარ ჩოჩელი, ფოტო: კახეთის საინფორმაციო ცენტრი
დაანონსებული ინვესტიციის განხორციელებისთვის ადგილი უკვე შერჩეულია. 26 ივლისს ხელვაჩაურის საკრებულომ აჭარის მთავრობას გადასცა 55 521 კვ/მ მეტრი მიწის ნაკვეთი მეჯინისწყალზე შემდგომში პრივატიზებისთვის. საკითხს მხარი არ დაუჭირა საკრებულოს ოპოზიციამ, რომელიც ეჭვობს, რომ შესაძლოა საქმე გარიგებასთან გვქონდეს.
„ჩვენ ნებისმიერ ინვესტიციას მივესალმებით, მით უმეტეს თუ ადამიანები დასაქმდებიან და ბიუჯეტში თანხა შევა, თუმცა ხელვაჩაურში არაერთი ფაქტი გვქონია, როცა მიწის ნაკვეთები გადაეცათ კომპანიებს სხვადასხვა პირობით, თუმცა კომპანიებმა დაარღვიეს ხელშეკრულება. ჩვენ დავსვით კითხვები, იცნობდნენ თუ არა ამ კომპანიას, რაიმე საქმიანობა თუ უწარმოებია, ვერ მივიღეთ პასუხები, ინტერნეტით ვცადეთ გარკვევა და გავიგეთ, რომ ეს კომპანია არის 22 დღის დარეგისტრირებული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-ქრისტიან-კონსერვატორების”თავმჯდომარე ხელვაჩაურის საკრებულოში.
იგი ეჭვობს, რომ კომპანია მიწის ნაკვეთის მისაღებად შეიქმნა: „მიმდებარე ტერიტორიაზე უნდა გავიდეს მაგისტრალი, ახლა 20 ლარად იყიდის მთავრობიდან, ხელშეკრულებაში ერთ-ერთი მუხლია, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ხელშკერულების დარღვევის უფლება აქვს კომპანიას… მაგისტრალის გავლის შემთხვევაში შეუძლია დაარღვიოს ეს ხელშეკრულება და მიიღოს სახელმწიფოსგან 60-80 ლარი მიწის ერთ კვ/მ-ზე, ანუ სამმაგი მიიღოს ბიუჯეტიდან. გვაქვს ამის ეჭვები და ვთქვით ამის შესახებ საკრებულოს სხდომაზე. აგვისტოში უნდა გამოვიდეს ახალი პროექტი, ამიტომ ვიღაცამ მოიფიქრა ეს“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
მისი თქმით, კითხვებს აჩენს ფართობის ზომაც.
„რა ქარხანაც არ უნდა დაიდგას, მსხვილ საწარმოს რასაც ეძახიან, დასჭირდება 5 ათას კვადრატულ მეტრამდე. 55 ათასი კვადრატული მეტრი გადასცეს, ამხელა ფართობზე 25 ქარხანა აშენდება. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ვიღაცამ ამ მიწით შემდგომ იშოვოს ფული“, – ამბობს მიშა ბოლქვაძე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, რა ფორმით და რა პირობით გადასცემს მიწის ნაკვეთს აჭარის მთავრობა ქართული წყლის კომპანიას. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გვითხრეს, რომ ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ლიეტუველი ტურისტი, რომელიც გუშინ, 31 ივლისს, მაშველებმა ზღვიდან გამოიყვანეს, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. სამედიცინო კლინიკა „მედცენტრის“ ინფორმაციით, 28 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა და იგი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
შემთხვევა 31 ივლისს, ბათუმის ძველი ბულვართან ახლოს მოხდა – ტურისტს, რომელიც ზღვიდან ვერ გამოდიოდა, მაშველები დაეხმარნენ.
ლიეტუველი ტურისტი ბათუმში ძმასთან ერთად არის ჩამოსული დასასვენებლად.
კლინიკა „მედცენტრის“ პრესსამსახურის ინფორმაციით, კლინიკაში მიყვანის დროს ტურისტს გული გაჩერებული ჰქონდა და აღენიშნებოდა ზღვის წლით ინტოქსიკაციაც. ტურისტს ამ დრომდე უტარდება სხვადასხვა სახის კვლევა.
აჭარაში, სარფის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა აქციზური მარკის სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული, 9020 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტი გამოავლინა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1552 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქე ნ.ც.-ს ჩამოერთვა საქონელი“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში
ამავე წყაროს ცნობით, საქმის მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, შემდგომი განხილვის მიზნით, ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს გადაეგზავნა.
დღეს, 1-ელ აგვისტოს, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.97 ლარია. კომერციულ ბანკებში კი 1 აშშ დოლარი 3 ლარი ღირს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ 30 ივლისს ლარის გაუფასურება ტურისტული ნაკადის შემცირებით და “ფუნდამენტური ფაქტორების სიძლიერით” ახსნა.
ლარის გაუფასურების ქრონიკა 2013-2019
2012 წლის ოქტომბერში, ანუ მაშინ, როდესაც ხელისუფლება “ქართულმა ოცნებამ” გადაიბარა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1,65 იყო.
ლარმა გაუფასურება 2013 წელს დაიწყო. მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი იყო. საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური გაცვლითი კურსის ყოველდღიურ სტატისტიკას აწარმოებს. ამ სტატისტიკის მიხედვით, 2013 წლის 17 ნოემბერს, იმ დღეს, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა თანამდებობა დატოვა, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 1,67 იყო.
2013 წლის ნოემბრიდან დეკემბრამდე ლარმა გაუფასურება გააგრძელა და 2013 წლის 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ყიდვა 1,73 ლარად შეიძლებოდა.
ბიძინა ივანიშვილი პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილმა შეცვალა. ღარიბაშვილმა დაკავებული თანამდებობა 2015 წლის 30 დეკემბერს დატოვა. 1 აშშ დოლარის ღირებულება ამ დღეს 2,40 ლარი იყო.
ღარიბაშვილი თითქმის ორი წელი იყო პრემიერ-მინისტრი. ამ პერიოდში ლარი გაუფასურებას განაგრძობდა. 2014 წლის ბოლოს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1,86 ლარი იყო. 2015 წლის ბოლოს კი 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,39 ლარად იყო შესაძლებელი.
2015 წლის 31 დეკემბერს, როცა გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი ჩაიბარა 1 აშშ დოლარი 2,3949 ლარი ღირდა. 2018 წლის 13 ივნისს, როცა მან თანამდებობა დატოვა – 2,4569 ლარი. ორ წელიწადნახევრის მანძილზე, კვირიკაშვილის პრემიერობის დროს ლარი დოლართან მიმართებაში პერიოდულად უფასურდებოდა და მყარდებოდა.
მაგალითად, 2016 წლის 31 დეკემბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2,64 ლარი იყო.
2017 წელს ლარმა გაუფასურება განაგრძო, წლის მანძილზე რამდენჯერმე ანტირეკორდიც დაამყარა და ნოემბრის თვეში 1 აშშ დოლარი 2,72 ლარი ღირდა. 2017 წლის ბოლოსკენ ლარმა გამყარება დაიწყო და 31 დეკემბერს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 1 აშშ დოლარი = 2,59 ლარი.
2018 წლის 20 ივნისს, როცა პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახდა, 1 აშშ დოლარის ყიდვა 2,45 ლარად იყო შესაძლებელი. წლის მანძილზე ლარმა გაუფასურება განაგრძო და ნოემბრის თვეში 1 აშშ დოლარი 2,76 ლარი ღირდა. წლის ბოლოსკენ გამყარება დაიწყო და 2,67 ლარი შეადგინა.
2019 წელს ლარმა გაუფასურება მარტის თვიდან დაიწყო. აპრილის ბოლოს 1 აშშ დოლარი 2,70 ლარი ღირდა, მაისის ბოლოს – 2,80 ლარი, 20 ივნისს კი 1 აშშ დოლარს 2,78 ლარად იყიდდით. დღევანდელი, 1-ელი აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარი 2,97 ლარი ღირს.
რას ამბობდნენ თანამდებობის პირები ლარის კურსის გაუფასურებაზე
02.05.2015– იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი: “ჩემი აზრით, ლარის ნერვიულობა, პირველ რიგში, ეროვნულ ბანკზეა დამოკიდებული. ეროვნული ვალუტა აბარია ბატონ ქადაგიძეს. ამიტომ ეს არის ეროვნული ბანკის ბრალი”.
იუსტიციის მინისტრი ლარის კურსზე
22.02.2015– ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი: “საუბარია იმაზე, რომ ექსპორტი დაახლოებით 30%–ით შემცირდა იანვარში, მთლიანდ დეკემბრიდან მოყოლებული 20%–ზე მეტი კლება გვაქვს ექსპორტში, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი არ მიყვა ინერციით ექსპორტის მაჩვენებლის კლებას. სწორედ ამან გამოიწვია დისბალანსი, ვინაიდან, მოგეხსენებათ, რომ იმპორტით ვალუტა გაედინება ქვეყნიდან, ექსპორტით ვალუტა შემოედინება”.
28.01.2015 – საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი: „ლართან დაკავშირებით ვიტყვი, რომ მოგონილი თემაა ეს და არანაირ ტვირთად არ აწევს ეს საზოგადოებას, გარდა სააგიტაციო მანქანისა, რასაც რუსთავი 2 ახერხებს. ეს ფასებზე არ ასახულა, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება გარდა კარგისა. ლარი აჩვენებს სწორედ, რომ ცოცხალი და ჯანმრთელი ორგანიზმია“.
ბიძინა ივანიშვილი ლარის კურსზე
2015 წელს, როდესაც ლარმა გაუფასურების მხრივ ისტორიული ანტირეკორდი დაამყარა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე იყო. ხელისუფლების წარმომადგენლები, მაღალი თანამდებობის პირები, ლარის გაუფასურებას სწორედ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს აბრალებდნენ.
2016 წლის მარტიდან ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გახდა კობა გვენეტაძე. ამის შემდეგ ლარის გაუფასურება ეროვნული ბანკის პრეზიდენტისათვის საქართველოს მთავრობას აღარ დაუბრალებია.
25.06.2016 – საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი: “ეს არის ერთჯერადი გავლენა, რომელიც მოხდა ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლიდან გამომდინარე, რამაც გამოიწვია ევროს შესუსტება და დოლარის გამყარება და თავისთავად, ეს აისახა ჩვენს ვალუტაზე. თუმცა, ამავე დროს, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას, რომ მაშინ იყიდონ ვალუტა, როცა ეს სჭირდებათ და მაშინ გაყიდონ, როცა ეს სჭირდებათ იმიტომ, რომ ძალიან ხშირად მოსახლეობა გადაწყვეტილებას არასწორ დროს იღებს”.
01.12.2016 საქართველოს ეროვნული ბანკი: “ნოემბერში ლარის გაუფასურება დოლარის გამყარებამ გამოიწვია”
08.11.2018 ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი: “ამ ეტაპზე ლარის გაუფასურება 100 პროცენტით გამოწვეულია იმ პოლიტიკური გარემოდან, რაც დღეს არის შექმნილი… იმ აგრესიული რიტორიკითა და უპასუხისმგებლო, ტყუილი განცხადებებით, რაც ოპოზიციის მხრიდან ისმის. დღეს ლარის გაუფასურების ეკონომიკური საფუძველი აბსოლუტურად არ არსებობს. ეს არის აჟიოტაჟით გამოწვეული…”
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი
08.11.2018 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “უპასუხისმგებლო განცხადებებმა გარკვეული პოლიტიკოსების მხირდან, შესაძლოა, ხელი შეუწყო დევალვაციის პროცესს”.
23.05.2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “იმ მოვლენებმა, რაც თურქეთის ეკონომიკაში მიმდინარეობს, გავლენა იქონია ლარის კურსზე”
29.05.2019 ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე: “დოლარის ინდექსს თუ დავაკვირდებით ამ წლის განმავლობაში, ვნახავთ, რომ საკმაოდ მზარდია. ამავე დროს, ლირის გაუფასურება ხდება, რომელიც ლარის კურსსაც გადმოეცემა, მაგრამ რადგანაც მცურავი გაცვლითი კურსი შოკის მშთანთქმელ ფუნქციას ასრულებს, შეიძლება ვთქვათ, რომ სხვა თანაბარ პირობებში ასეთ გაუფასურებას შემდეგ გამყარება მოჰყვება”.
30.07.2019 საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: “ტურიზმიდან მეტ შემოსავლებს ველოდებოდით. მაისისა და ივნისის ციფრები [ტურისტული ნაკდების] ძალიან პოზიტიური იყო. აქედან გამომდინარე, ეკონომიკაში მოლოდინი იყო, რომ ტურიზმის სექტორიდან მეტი შემოსავლის მობილიზება მოხდებოდა. სამწუხაროდ, იმ მოვლენების გამო რაც მოხდება, ეს ასე არ არის. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, ერთადერთი ფაქტორი არ არის. მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ, რომ ნებისმიერი ანალიზი გვიჩვენებს, რომ დღეს ფუნდამენტური ფაქტორები საკმაოდ ძლიერია. აქედან გამომდინარე, ლარი ზედმეტად გაუფასურებულია”.
31.07.2019 ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი: “როდესაც ჩვენ გავაკეთებთ ანალიზს 20 ივნისის შემდეგ მიმდინარე პროცესების, დავინახავთ, რომ ლარის კურსმა სწორედ ამ პერიოდში დაიწყო გაუარესება. სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების, იმ გადატრიალების მცდელობების, პოლიტიკური დესტაბილიზაციის, პარლამენტში შევარდნის, შემდგომში პირდაპირი ეთერიდან მეზობელი ქვეყნის პირველი პირების გინების და შემდგომში ამის შედეგად ტურიზმზე დაწესებული სანქციებით, მილიონნახევარი ტურისტის, პრაქტიკულად, დაკარგვით – ამ ყველაფრის შედეგად, ჩვენ ვიღებთ დღევანდელ სურათს“.
30.07.2019 ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე: „ლარი არის თავისუფალი, ასე ვთქვათ თინეიჯერი, რომელსაც თვითონ არეგულირებს ბაზარი დამოუკიდებლად. რა თქმა უნდა, მასზე სხვადასხვა ფაქტორი მოქმედებს”.
2019 წლის 6 თვის მონაცმებით, „საქართველოს რკინიგზის“ სატვირთო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში შემოსავალი 32,7 მლნ ლარით (23 %) – ით მეტია, ხოლო 2017 წლის იგივე პერიოდის შემოსავალს 20,8 მლნ ლარით (14%)-ით აღემატება.
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ნედლი ნავთობის სარკინიგზო გადაზიდვა საგრძნობლად შემცირდა, ხოლო 2019 წლის განმავლობაში ამ სახეობის ტვირთის გადაზიდვა ნულოვანია, შემოსავლების მატება განპირობებულია მშრალი ტვირთების სარკინიგზო გადაზიდვების მატების ტენდენციით.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლიდან დაიწყო ახალი ტვირთების მოზიდვა სარკინიგზო გადაზიდვებისათვის, მათ შორის არის ყაზახური ხორბალი და ნახშირი.
31 ივლისს აჭარის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შველი გაუშვეს.
„როგორც ვიცი, ეს შველი ძაღლების მიერ იყო გამოდევნილი სოფელ თხილნარის ტერიტორიიდან, სადაც ადგილობრივები დაუკავშირდნენ ზედამხედველობის სამსახურს და შემდგომ მოხდა დაცულ ტერიტორიებზე გაშვება“ – გვითხრა გიორგი ქურიძემ, მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციის დირექტორმა.
ფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკიფოტო: მაჭახელას ეროვნული პარკი
ბუნებაში შვლის დაბრუნების შემთხვევები ყოველწლიურად ხდება. ტყის განაპირა სოფლებში შველი ხშირად მონადირე ძაღლებს გამოჰყავთ და გარემოსდამცველები ცხოველს მაჭახელას ან მტირალას ეროვნულ პარკში აბრუნებენ.
ტერაბანკი წლევანდელი ზაფხულის აქტუალურ თემას – ქართული ტურიზმის მხარდაჭერას ეხმაურება და ახალი კამპანიით „ტერაბანკი მოგზაურებისთვის“ ადგილობრივ თუ უცხოელ ტურისტებს საქართველოში მოგზაურობისკენ მოუწოდებს.
კამპანიის ფარგლებში, მთელი ზაფხულის განმავლობაში ტერაბანკის ფილიალები თბილისსა თუ რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს შეითავსებენ. თანამშრომლები კი მოგზაურთა მრჩევლების როლს შეასრულებენ.
პარალელურად, ტერაბანკის ფილიალებში გათავსდება საინფორმაციო ბუკლეტები, რომლებიც ადგილობრივ საოჯახო სასტუმროებზე, საკვებ თუ გასართობ ობიექტებსა და ღირსშესანიშნაობებზე დეტალურ ინფორმაციას გააერთიანებს. შესაბამისად, ტურისტებს შესაძლებლობა ექნებათ, საინტერესო მარშრუტები მარტივად დაგეგმონ, ქვეყნის ყველაზე შთამბეჭდავი ადგილები მოიარონ და საქართველოში მართლაც დაუვიწყარი ზაფხული გაატარონ. მთელი კამპანიის განმავლობაში მომხმარებლებს ტერაბანკისგან გათამაშებები, საინტერესო შეთავაზებები, სიურპრიზები და საჩუქრები ელოდებათ.
კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ადგილობრივი ტურისტული ობიექტების მხარდაჭერა იქნება. ბანკი მათ საკუთარ საკომუნიკაციო რესურსს – ვიტრინებს, ბანკომატების ეკრანებს, სარეკლამო ბროშურებს, ფეისბუქის გვერდსა და სხვა არხებს უფასოდ დაუთმობს.
„ყოველთვის ვცდილობთ, საზოგადოებას სხვადასხვა სასარგებლო ინიციატივა შევთავაზოთ. შარშან ასეთი კამპანია იყო ტერა ბაიკი, რომელიც ველოსიპედით სიარულისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას ემსახურებოდა. წელს კი, აქტუალობიდან გამომდინარე, საყოველთაო ინიციატივას #spendyoursummeringeorgia შევუერთდით და გადავწყვიტეთ, ჩვენი საზაფხულო კამპანიით ტურიზმის სექტორისთვის დაგვეჭირა მხარი. წაგვეხალისებინა ტურისტულ სექტორში დასაქმებული ადამიანები და ის მოგზაურები, რომლებიც წლევანდელ ზაფხულს საქართველოში ატარებენ“, – აღნიშნავენ ტერაბანკში.
კამპანია სექტემბრის შუა რიცხვებში დასრულდება, თუმცა საზოგადოებისთვის აქტუალური და მნიშვნელოვანი საკითხების მხარდაჭერას ტერაბანკი სხვადასხვა ინიციატივით კვლავ გააგრძელებს.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ტერაბანკის ბათუმის ფილიალებს მისამართებზე: ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთა, რუსთაველის N10 ან დარეკეთ ნომერზე: 2 55 00 00.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თურქეთის რესპუბლიკიდან შემოიტანა და შიდა ქართლის რეგიონში გაასაღა 6 ცალი ყალბი 500-ევროიანი კუპიურა, საერთო ჯამში 3 000 ევროს ოდენობით.
უწყების ცნობით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობაში პოლიციამ მუშაობა დაასრულა და შენობაში დღეიდან, პირველი აგვისტოდან სამუშაო პროცესი ჩვეულებრივ განახლდა. პოლიცია გუშინ, 31 ივლისს, ბსუ-ს შენობაში [პირველ და მეორე კორპუსებში] ნაღმს ეძებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით შენობაში ასაფეთქებელი ნივთიერება არ აღმოჩნდა.
31 ივლისს, 18:00 საათზე ბსუ-ს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, რუსულ ენაზე შევიდა შეტყობინება, რომ უნივერსიტეტის შენობაში ბომბი იყო. გუშინვე დაიწყო გამოძიება სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით გამოძიება გრძელდება.
ფარნავაზ მეფისა და ჰაიდარ აბაშიძის ქუჩების გადაკვეთაში, კომპანია „გლობალ +“ 11-სართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. კომპანიას პირველი ეტაპი უკვე შეთანხმებული აქვს, ამჯერად კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს მეორე ეტაპის შესათანხმებლად მიმართა.
სხდომაზე აღნიშნეს, რომ პროექტს ძეგლთან მიმართებაში პრობლემა ვერ ექნება, რადგან საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ 15-სართულიანი სახლებია. თუმცა არავის უთქვამს, რომ ფარნავაზ მეფის #116-ში, სადაც მშენებლობაა დაგეგმილი, ერთსართულიანი ისტორიული ბელეტაჟი დგას.
ფარნავაზ მეფის #116 ფოტო: ცაგო კახაბერიძე
ამ სახლის უკან, შიდა ეზოში, კიდევ არის ერთი, ერთსართულიანი ბელეტაჟი.
დღეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ, 12 სამშენებლო პროექტის საკითხი განიხილა, მათ შორის ქობულეთის სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს საპროექტო წინადადება.
განმცხადებელმა შპს ,,პეტრა მწვანე ზონამ“ ამჯერად 5-სართულიანი საპროექტო გეგმა წარმოადგინა.
ესკიზი / სასტუმრო პეტრას ციხის ზონაში
თავდაპირველი პროექტის მიხედვით, ცხრასართულიანი შემინული სასტუმროს აგება იგეგმებოდა, რომლის სიმაღლეც 43 მეტრი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ზონალურმა საბჭომ პროექტს მხარი არ დაუჭირა. მაშინ საბჭოს თავმჯდომარე, ზაურ ახვლედიანი აცხადებდა, რომ ასეთი მასშტაბის შენობა პეტრას ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც ადრეფეოდალური ძეგლია, მისთვის კატეგორიულად მიუღებელი იყო. ზაურ ახვლედიანს იგივე აზრი აქვს მას შემდეგაც, რაც ,,პეტრა მწვანე ზონამ“ დღეს საპროექტო გეგმაში სართულების რაოდენობა 5-მდე შეამცირა.
„,სარეკრეაციო ზონაში ამ ტიპის სასტუმროს აგება ჩემთვის მაინც მიუღებელია“, – თქვა მან.
„ყველა ნორმაში ჯდება ეს პროექტი, 15 სართულიდან 5-მდე ჩამოვიდა კაცი და რა ქნას, კიდე მოვუკლოთ სართულები და კოტეჯი გააკეთოს? დავიბაროთ და „გავტისკოთ“ მაშინ“, – თქვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოს წევრმა ზვიად ბურჭულაძემ.
საბჭოს ყველა წევრს პროექტზე მოსაზრება ღიად არ დაუფიქსირებია.
შპს „პეტრა მწვანე ზონას“ დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალაქე მიხეილ გეთიაა.
შენიშვნა: სტატიაში თავდაპირველად არასწორად იყო მითითებული, რომ პეტრას ციხესთან „კუბებად მიმოფანტული სასტუმროს აშენება სურთ“. კუბებად მიმოფანტული სასტუმროს მშენებლობა ბათუმში, ბაღის ქუჩის პირველ შესახვევში იგეგმება.
დღეს, 31 ივლისს ჯოან როულინგის დაბადების დღეა, ავტორის, რომელმაც მილიონობით მკითხველს გაუღო მაგიის სამყაროს კარები. მისი მთავარი გმირის, ჰარი პოტერის დაბადების დღეც 31 ივლისსაა და ამიტომაც, ეს დღე ორმაგი მნიშვნელობისაა „პოტერჰედებისთვის“.
„ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“ 1997 წელს დაიბეჭდა, 20 წლის თავზე კი ლონდონში, ბრიტანეთის ეროვნულმა მუზეუმმა უმასპინძლა მასშტაბურ გამოფენას – „მაგიის ისტორია“, რომელიც ჰარი პოტერის სამყაროს მიეძღვნა და ეს იყო პირველი გამოფენა, რომელიც ჯერ კიდევ ცოცხალ ავტორს ეხებოდა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო არტეფაქტები, ძველი ხელნაწერები და ილუსტრაციები, რომელიც გახდა როულინგისთვის ინსპირაცია შეექმნა უამრავი ადამიანისთვის საყვარელი ჯადოსნური გარემო.
ჰარი პოტერის დაბადების დღის ტორტი ფილმიდან „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“
დღეისთვის ჰარი პოტერის შესახებ დაწერილი წიგნების 500 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული.
ქართულად პირველი წიგნი 2001 წელს ითარგმნა. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის“ მონაცემების მიხედვით, ჯამში, ქართულ ენაზე გამოცემული პოტერიადის ყველა წიგნის [მათ შორის გასაფერადებლების] 200 000 მეტი ეგზემპლარია გაყიდული, ასე რომ „პოტერჰედები“ ჩვენთანაც მრავლად არიან.
რაფო მესხიძე
რაფო მესხიძე: „12 წლის ვიყავი როცა წავიკითხე „ჰარი პოტერი“, ამიტომ ძალიან განვიცდიდი, რომ 11 წლის ასაკში წერილი არ მქონდა მიღებული ჰოგვორთსიდან, თუმცა გულის სიღრმეში დღემდე მაქვს ამის იმედი და მოლოდინი. დაბადების დღის აღნიშვნის ტრადიციას რაც შეეხება, მე და ჩემი და ყოველ 31 ივლისს ერთმანეთს ვჩუქნით „ჰარი პოტერთან“ დაკავშირებულ ნივთებს – თავიდან ეს ნივთები წიგნები იყო, შემდეგ პოსტერები, წინდები, ჯოხები და ა.შ.“
ანი ყიასაშვილი
ანი ყიასაშვილი: „ყველაზე მეტად სულ პირველადაც, მერე წლების განმავლობაშიც, ის სამყარო მხიბლავდა, რომელიც ამ წიგნებშია შექმნილი, ჯადოსნური და უკიდეგანო. კიდევ ის, რომ თითქოს წიგნებიც ჩვენთან და პორსონაჟებთან ერთად იზრდებოდნენ და სერიოზულდებოდნენ. ვერ გამოვყოფ რაიმე კონკრეტულს, რაც ყველაზე მეტად მიყვარს პოტერიადაში, ბევრი რამის ერთობლიობაა – პერსონაჟების ჩვენ თვალწინ ზრდა პიროვნულად, სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა. ახლა უკვე გაზრდილი ვაცნობიერებ, რომ პოტერის სერიამ ძალიან დიდი გავლენა მოახდინა ჩემი პიროვნების ჩამოყალიბებაზე და ცხოვრების სრულიად განუყოფელ ნაწილად იქცა.“
თემო რეხვიაშვილი
თემო რეხვიაშვილი: „ჰარი პოტერი რომ წავიკითხე, 9 წლის ვიყავი. 10 წლის რომ ვხდებოდი, იმ დაბადების დღეს ცაში ვიყურებოდი ჩუმ-ჩუმად, ბუ ხო არ მოდის-მეთქი, თან ვიცოდი, რომ ასე არ მოხდებოდა. მეგობრობაზე დაწერილი წიგნებიდან „ვეფხისტყაოსნის“ მერე ეს ყველას მირჩევნია.
ალოჰომორა, მგონია, რომ ჩემთვის გამოგონილი შელოცვა იყო. ბავშვობაში სოლოლაკის ჯურღმულებში მიყვარდა ხეტიალი, მერე თან ალოჰომორას ვიძახდი და ისე შევდიოდი მიტოვებულ სარდაფებში.
ახლა როცა გავიზარდე, ცუდად როცა ვარ, კარგ მოგონებებზე არ ვფიქრობ, მაგრამ სულ იმ მეგობრების ნახვა მინდა, კარგი ამბები რომ გვაკავშირებს და ის ფრაზა მომწონს – ზოგჯერ რომ ადამიანთან დამეგობრებას გვერდს ვერ აუვლი, მითუმეტეს მაშინ, როცა უზარმაზარი ტროლი გყავთ ერთად დამარცხებული.“
„ჩემს მიწაზე მთავრობამ სახლის აშენების უფლება არ მომცა და ახლა ცდილობს კაპიკებში ჩაიგდოს ხელში ჩემი მიწა,“ – ამბობს ლელა გობაძე. მას მიწის ნაკვეთი – 2 ათასი კვადრატული მეტრი – ხულოში, „გოდერძიზე“ აქვს. პრობლემები მას შემდეგ შეექმნა, როცა იქ კურორტი მოეწყო და სათხილამურო ტრასა გაიყვანეს. ლელას მიწის ნაკვეთი ტრასას ესაზღვრება. 2016 წელს ლელა გობაძის მიწის ნაკვეთს მთავრობამ სტატუსი შეუცვალა და იგი „ლანდშაფტური სარეკრეაციო ზონა“ გახდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ მიწაზე ლელა ვერაფერს ააშენებს. აჭარის მთავრობა მოქალაქეს 2 ათასი კვადრატული მეტრი მიწის დათმობას 20 ათას ლარად სთავაზობს. იგივე მიწის ნაკვეთი კი, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზამ 2019 წელს 316 ათას ლარად შეაფასა.
„სოფელ დიოკნისში ვცხოვრობდით და ეს მიწა ჩემი სახლიდან მოშორებითაა, საძოვრად და სათიბად ვიყენებდით… რამდენიმე წლის წინ, როცა კურორტი გაშენდა, იქ კოტეჯების გაკეთება გადავწყვიტეთ, მაგრამ ხულოს მერიაში მითხრეს, ეს საკითხი ეკონომიკის სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს, ჩვენ ნებართვას ვერ მოგცემთო. სამინისტროში მიპასუხეს, რომ განსაზღვრულია 10 ლარი კვადრატულზე და მეტს ვერ გადამიხდიან, უნდა დათმო მიწაო. მიწა სხვას რომ მიყიდო, მაინც ვერაფერი ვერ აშენდება, ვერასდროს ვერ მიიღებთ ნებართვასო“ – გვიყვება ლელა გობაძე. იგი ამჟამად იტალიაში მუშაობს. ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამუშაოდ დაახლოებით 4 თვის წინ წავიდა, როცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძისგან მუქარა მოისმინა.
„მინისტრმა მითხრა, თუ არ დათმობთ ამ ტერიტორიას, შეგედავებით და კომპენსაციას საერთოდ ვეღარ მიიღებო. სხვებიც ესწრებოდნენ ამ საუბარს, მინისტრის მოადგილე – თინათინ ზოიძეც იქ იყო, მასაც ვესაუბრე მანამდე… შემდეგ მოვძებნე იურისტი, საბუთები დავუტოვე, დიოკნისის სახლი გამოვკეტე და წავედი, რადგან მეუღლე გარდამეცვალა, შვილები ჩემთან არ ცხოვრობენ,“ – მოგვიყვა ლელა გობაძე.
ლელა გობაძის ინტერესებს იურისტი რუსლან ბერიძე იცავს. მან სამხარაულის დასკვნით უკვე მიმართა აჭარის მთავრობას და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული წესით გაასაჩივრა. აჭარის მთავრობაში საჩივარი გუშინ, 30 ივლისს განიხილეს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.
„ჩვენ ვითხოვთ ექსპერტიზის მიერ დადგენილი საბაზრო ფასის გადახდას, ან ტოლფასი მიწის ნაკვეთის გამოყოფას… ის, რომ მიწას სტატუსი შეუცვალეს, არ ნიშნავს იმას, რომ მოქალაქე უნდა დაზარალდეს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოსაც, თუკი აჭარის მთავრობა ჩვენს საჩივარს არ დააკმაყოფილებს,“ – ამბობს იურისტი რუსლან ბერიძე.
მიწის საბაზრო ფასი ამ დავის მთავარი თემაა. საბაზრო ფასზე გააკეთა აქცენტი აჭარის ეკონომიკის სამინისტრომ, როცა მან წერილობითი განმარტება აჭარის მთავრობას მიაწოდა.
„ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ხულოს მუნიციპალიტეტში, კურორტ გოდერძზე მდებარე მიწის ნაკვეთის 1 კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 10 ლარს. აქვე აღსანიშნავია, რომ მოცემული ღირებულება განსაზღვრული იქნა კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში მოხვედრილი ყველა მიწის ნაკვეთის შეფასებით,“ – ვკითხულობთ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილში. ამავე წერილის მიხედვით, სამინისტრო 3 წლის წინ, ანუ 2016 წლის 11 ნოემბერს დადებულ ექსპერტიზის დასკვნას ეყრდნობა.
„ეს არის უსამართლო დამოკიდებულება… ეკონომიკის სამინისტროს არ აწყობს ექსპროპრიაცია, რადგან ამ შემთხვევაში სამინისტრო ვალდებული იქნება, კონკრეტული მიწის ნაკვეთი შეაფასოს ექსპერტიზამ და საბაზრო ფასი დაადგინოს დღევანდელი მდგომარეობით. როგორ შეიძლება სამი წლის წინანდელ საბაზრო ღირებულებას სთავაზობდე მოქალაქეს, თან ისე, რომ კონკრეტული მიწა არ იყოს დადგენილი. ეს იგივეა, ბათუმში დადგენილი ზოგადი ფასი რუსთაველის ქუჩაზე უძრავი ქონების მესაკუთრეს რომ გადაუხადო ,“ – გვითხრა იურისტმა რუსლან ბერიძემ.
იურისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ თუკი ლელა გობაძე ამ დავას მოიგებს, ასეულობით ადამიანმა შეიძლება მიმართოს სასამართლოს. საუბარია იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ასევე „გოდერძიზე“ ფლობდნენ საკუთრებას ან მართლზომიერი მფლობელობა ჰქონდათ და კომპენსაციის სახით კვადრატულ მეტრ მიწაში 10 ლარი მიიღეს.
„ამ ადამიანებს შეეძლებათ იდავონ მოტყუებით დადებული გარიგების მუხლით,“ – დასძენს იურისტი.
აჭარის მთავრობისადმი წერილში ეკონომიკის სამინისტრო ადასტურებს, რომ ლელა გობაძის მიწის ნაკვეთის სამშენებლო მიზნებისთვის გამოყენება შეუძლებელია. 2019 წლის ექსპერტიზის დასკვნასაც სამინისტრო ამ არგუმენტით არიდებს თავს, რომ მიწას მოქალაქე ვერ გაყიდის ძვირად, რადგან იქ ვერაფერს ააშენებს, ვიდრე მიწას რეკრეაციულის სტატუსი აქვს.
„შეფასების დროს არ არის გათვალისწინებული ის გარემოება, რომ მიწის ნაკვეთი მოქცეულია კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის არეალში. კურორტ გოდერძის განაშენიანების რეგულირების გეგმის შესაბამისად, აღნიშნულ ტერიტორიას მინიჭებული აქვს ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი, ნაწილი მოქცეულია რეკრეაციულ და სატრანსპორტო ზონაში [სათხილამურო ტრასის მიმდებარედ]. აღნიშნული ტერიტორია, დამტკიცებული გრგ-ს შესაბამისად, სამშენებლოდ არ გამოიყენება,“ – აღნიშნულია აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს წერილში.
იურისტი რუსლან ბერიძე კიდევ ერთ საინტერესო აქცენტს აკეთებს: „რა გამორიცხავს იმას, რომ მიწის ნაკვეთს ისევ არ შეუცვლიან სტატუსს, როცა მას სახელმწიფო მოქალაქისგან გამოისყიდის და კორპუსებსაც ააშენებენ?“
ამას ვერც ეკონომიკის სამინისტროში გამორიცხავენ.
„მაგრამ ამას სჭირდება ხულოს საკრებულოს გადაწყვეტილება და ცვლილება გრგ-ში. კურორტი ფაქტობრივად დაგეგმარებულია,“ – გვითხრა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, გელა ცინცაძემ. მას ბათუმის მაგალითი შევახსენეთ, რომელიც ასევე დაგეგმარებულია, მაგრამ ხშირად იცვლება, მაგალითად, ახალი საცხოვრებელი კორპუსების სიმაღლე ან ადგილი, სადაც მაღლივი შემნობები შეიძლება აშენდეს.
„ხო, მაგრამ ბათუმში გრგ არ გვაქვს,“ – მოგვიგო გელა ცინცაძემ.
რამდენად სამართლიანია, როცა სახელმწიფო მიიჩნევს, რომ მოქალაქის საკუთრება არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი, მას სარეკრეაციოს სტატუსს აძლევს და ამის ხარჯზე მესაკუთრე ზარალდება?
„გამოსყიდვა და კომპენსაციის გადახდა არის მთავრობის კეთილი ნება… ეს არის მთავრობის უფლებამოსილება და არა ვალდებულება. შესაძლოა, სახელმწიფოს არც დასჭირდეს ამ მიწის გამოსყიდვა,“ – გვითხრა გელა ცინცაძემ. იგი განმარტავს, რომ მოქალაქე ამ მიწის ნაკვეთზე ისედაც ვერ ააშენებდა სახლს, ან სასტუმროს, რადგან მიწას სასოფლო-სამეურნეო სტატუსი ჰქონდა. ეკონომიკის სამინისტროს იურიტი ადასტურებს, რომ შესაძლოა, მიწის ნაკვეთისთვის მესაკუთრის მოთხოვნის შესაბამისად სტატუსი შეეცვალათ და მოქალაქეს კურორტზე ბიზნესი წამოეწყო.
„მაგრამ ეს მიწის ნაკვეთი პერიფერიაა, იქ ინფრასტრუქტურა არაა, არც წყალია,“ – დასძინა გელა ცინცაძემ.
რამდენად სამართლიანია მესაკუთრეს კომპენსაცია გადაუხადო 2016 წელს გაცემული ექსპერტიზის დასკვნის შესაბამისად და არა დღევანდელით?
„ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2016 წლის შემდეგ არსებით ცვლილებები იქ არ მომხდაა, ეს ჩვენი მოსაზრებაა.. რაც შეეხება ახალ დასკვნას, ექსპერტიზამ დადო ეს დასკვნა, მაგრამ იქ არაა გათვალისწინებული გრგ, ანუ ის, რომ იქ მესაკუთრე, ან ინვესტორი მშენებლობას ვერ აწარმოებს. მოქალაქე დაობს მთავრობაში ჩვენს წინააღმდეგ და ვნახოთ, რა გადაწყდება,“ – აღნიშნა გელა ცინცაძემ „ბათუმელებთან“.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში ასევე გვითხრეს, რომ კურორტ გოდერძზე მესაკუთრეებს და მიწის მართლზომიერ მფლობელების 90 პროცენტს უკვე გადაუხადეს კომპენსაცია ექსპერეტიზის 2016 წლის ზოგადი დასკვნის შესაბამისად, ანუ კვადრატულ მეტრში 10 ლარი.
სამინისტროს პრესცენტრი კატეგორიულად გამორიცხავს მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის მუქარას მოქალაქე ლელა გობაძის მიმართ.
ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე, დღეს 31 ივლისს, 18:00 საათზე რუსულ ენაზე შეტყობინება შევიდა, რომელიც იტყობინებოდა, რომ შენობაში ბომბი იყო.
უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს, თუმცა იმყოფებიან ადმინისტრაციის თანამშრომლები. შეტყობინების შესახებ ინფორმაცია შსს გადაეგზავნა, რომლებიც ამ დრომდე მუშაობენ შენობაში.
„ბათუმელების“ კითხვაზე, თუ კონკრეტულად რომელი რუსული ფოსტიდან იყო შეტყობინება, უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში ამბობს, რომ ამ შეკითხვაზე ჯერ-ჯერობით ვერ გვიპასუხებს და გამოძიებას დაელოდება.
გამნამღველები უნივერსიტეტის შენობაში ამ დრომდე მუშაობენ. გამოძიება უკვე დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.
სუს-ის თანამშრომელი, ლაშა გაბრიჭიძე, რომელმაც გასული წლის ზაფხულში ბათუმში, ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში დაცვის თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, არ დაუკავებიათ და ისევ სუს-ში მუშაობს. პროკურატურამ მის მიმართ მხოლოდ განრიდება გამოიყენა და სისხლის სამართლის საქმე შეწყვიტა.
შემთხვევა 2018 წლის 2 აგვისტოს მოხდა – თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ღამის კლუბ „სექტორი 26“-ში პოლიციელი დაჭრეს, თუმცა „ბათუმელებმა“ მაშინ გამოარკვია, რომ სინამდვილეში კლუბში სუს-ის შეიარაღებულმა თანამშრომლებმა დაჭრა ამავე კლუბის დაცვის თანამშრომელი – 27 წლის თენგიზ ა. იგი ღამის 3-4 საათის მონაკვეთში, გულმკერდისა და მუცლის არეში შემავალი ჭრილობით შეიყვანეს საავადმყოფოში. მუცლის ღრუში გაჩერებული ტყვია თენგიზის სხეულიდან ექიმებმა ქირურგიული ჩარევის გზით ამოიღეს და პროკურატურას გადასცეს.
მაშინ „ბათუმელებს“ არ უპასუხეს პროკურატურაში, რატომ არ დააკავეს სამართალდამცველებმა ის, ვინც ღამის კლუბში კაცი დაჭრა? პასუხი არც სუს-ს ჰქონდა კითხვაზე: სამსახურებრივი იარაღი გამოიყენა ღამის კლუბში ლაშა გაბრიჭიძემ თუ პირადი? სუს-ში მხოლოდ ის განმარტეს, რომ ლაშა გაბრიჭიძე შემთხვევის დროს სამსახურებრივ უფლებამოსილებას არ ასრულებდა.
პასუხი არც ღამის კლუბში ჰქონდათ, სადაც „ბათუმელებმა“ იკითხა: „როგორ მოხდა ისე, რომ „სექტორ 26“-ში, სადაც დაცვას საგანგებოდ იმისთვის ქირაობენ, რომ კლუბში შეიარაღებული პირი არ დაუშვან, თავად დაცვის თანამშრომელი დაჭრეს?
2018 წლის აგვისტოში „ბათუმელებს“ თვითმხილველებმა უთხრეს, რომ ლაშა გაბრიჭიძე 2 აგვისტოს ღამეს მთვრალი იყო. ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, „გასროლა მოულოდნელად მოხდა“. ღამის კლუბში მყოფი კიდევ ერთი პირი კი ამბობს, რომ ბევრს არც გაუგია გასროლის შესახებ. „ვცეკვავდით, როცა მოულოდნელად გამოაცხადეს, რომ კლუბი იკეტებოდა. გასროლის ხმა ნამდვილად არ გამიგია. უცებ დაიკეტა კლუბი, ყველანი გარეთ გამოგვიშვეს ისე, რომ არავის არაფერი აუხსნია. მალევე დავიშალეთ. კაცის დაჭრის ამბავი მეორე დღეს გავიგე“.
რა გაირკვა ამ შემთხვევიდან ერთი წლის შემდეგ? – „ბათუმელებმა“ ამ კითხვით მთავარ პროკურატურას მიმართა.
„გამომდინარე იქედან, რომ დანაშაული მოხდა გაუფრთხილებლობით, რაც დადასტურდა გამოძიებით, ასევე მან თავადაც მიიყენა შემდეგ თვითდაზიანება, ასევე არ ჰქონია დაზარალებულს პრეტენზია, პროკურატურამ მის მიმართ გამოიყენა განრიდება, ხოლო საქმე შეწყდა,“ – მოგვწერეს პროკურატურის პრესცენტრიდან.
„ლაშა გაბრიჭიძე ისევ სუს-ში მუშაობს ინსპექტორის პოზიციაზე,“ – გვითხრეს სუს-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.
იმავე სტატიაში, სადაც „ბათუმელები“ ღამის კლუბში მომხდარ შემთხვევაზე წერდა, „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი განმარტავს, რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ლაშა გაბრიჭიძის საქმეს სასამართლო განიხილავდა და გამამტყუნებელი განაჩენი გამოვიდოდა.
„ამ შემთხვევაში, დამნაშავედ ცნობილი ვეღარ იმუშავებდა სუს-ში და ვერც რომელიმე საჯარო უწყებაში, რადგან განზრახ დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი, კანონის შესაბამისად, ვერ დაიკავებს თანამდებობას საჯარო სამსახურში, მით უმეტეს, სამართალდამცავ უწყებაში,“ – განმარტავდა იურისტი არჩილ ჩოფიკაშვილი.
იურისტების განმარტებით, განრიდება ნასამართლობას არ იწვევს და ამ დროს, ძირითადად, განრიდებული პირი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ თანხას იხდის, რომლის მინიმალური ოდენობა 500 ლარია.
კანონის მიხედვით, განრიდების უფლებამოსილება პროკურატურას აქვს ნაკლებად მძიმე და მძიმე დანაშაულებზე. კანონი განსაზღვრავს შემთხვევებსაც, როცა განრიდება შესაძლოა გამოიყენონ: როცა უკანონოდ მოპოვებულ ქონებას სახელმწიფოს გადასცემენ ან დანაშაულის იარაღს. განრიდებას აკეთებენ მაშინაც, როცა პირის ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი ანაზღაურება ხდება.
განრიდებას არსებული პრაქტიკით, ძირითადად, არასრულწლოვნების მიმართ იყენებენ.
შუახევი-ჩირუხის საავტომობილო გზის მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. დასაგები გზის სიგრძე 3,532 კმ-ია.
სამუშაოებს შპს „ბონდი 2009“ ასრულებს და მისი სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენს 2 549 920 ლარს.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა 16524 მ2 ასფალტობეტონის საფარი, 1972 გრძივი მეტრი ბეტონის კიუვეტი, 141 გრძივი მეტრი ლითონის მილი, 2825 გრძივი მეტრი დამცავი ზღუდარი და აშენდება 216 გრძივი მეტრი საყრდენი კედელი.
2019 წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტი 56 671 000 ლარს შეადგენს.
დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს ბიუჯეტით დაგეგმილი სამუშაოების უმრავლესობა დასრულებულია, დარჩენილ ღონისძიებებზე სახლემწიფო შესყიდვის ტენდერები გამოცხადებულია, ხოლო მშენებლობის პროცესი წლის ბოლომდე სრულად დასრულდება.
მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება, კერძოდ მოწყობა ასფალტობეტონს და ბეტონის საფარი 153 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე და აშენდება 287 ერთეული გზის დამცავი ხელოვნური ნაგებობა.
აჭარის მთავრობა ქობულეთის აგროპარკს იჯარის წესით გაასხვისებს. აგროპარკი სოფელ ალამბარში 62 220 კვადრატულ მეტრზე მდებარეობს და 50 ერთეულ სათბურს აერთიანებს, თითოეული სათბური 500 კვადრატული მეტრია, შესაბამისი დამხმარე ინფრასტრუქტურით.
სოფლის მეურნეობის მინისტრის ტიტე აროშიძის იფორმაციით, მთავრობა აგროპარკის იჯარის წესით გასაცემად მის პირობიან აუქციონზე გატანას გეგმავს. მინისტრის თქმით, პირობები ითვალისწინებს მინიმუმ 30 მოქალაქის დასაქმებას.
მოიჯარე თავისუფალი იქნება არჩევანში, თუ სოფლის მეურნეობის რომელ კომპონენტს აირჩევს აგროპარკში საწარმოებლად. საწყის საიჯარო ფასს აუდიტი განსაზღვრავს: „რაც აგროპარკის ღირებულების ხუთი პროცენტი იქნება“.
რაც შეეხება სასათბურე მეურნეობის განვითარების პროგრამას, მინისტრის ინფორმაციით, 2018 წელს სასათბურე მეურნეობის განვითარებისთვის გათვალისწინებული თანხა მოსახლეობამ არ აითვისა, წელს კი ამ მიმართულებით ინტერესი გაზრდილია, ამიტომაც სამინისტრო ამ პროგრამის შეჩერებას არ გეგმავს.
მთავრობის ინფორმაციით, ქობულეთის აგროპარკის საბაზრო ღირებულება სულ 4 382 900 ლარია. შესაბამისად, საწყისი საიჯარო ფასი, სავარაუდოდ, 219 149 ლარი [ღირებულების 5%] იქნება.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურმა საბჭომ შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წადგენილი გრგ [განაშენიანების რეგულირების გეგმა] განიხილა. საბჭოს თავმჯდომარის, ზაურ ახვლედიანის თქმით, საბჭოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში მომზადებულ გრგ-ზე მოსაზრების დაფიქსირების უფლებას კანონი აძლევს, მის დამტკიცებაზე კი საბოლოო გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულო მიიღებს.
სხდომაზე საბჭოს წევრებს პროექტის მიმართ საბოლოო პოზიცია არ დაუფიქსირებიათ, მათ მხოლოდ არქიტექტურულ ნაწილზე იმსჯელეს, გამოთქვეს მოსაზრება, რომ შესამცირებელია K1- ის მონაცემები, თუნდაც ეს სიმაღლის ხარჯზე მოხდეს.
სხდომაზე დააფიქსირეს ისიც, რომ ამ შემთხვევაში საბჭო სამშენებლო პროექტს არ განიხილავს და მხოლოდ მოსაზრებას დააფიქსირებს გრგ-ზე. სამშენებლო პროექტზე კი ზონალური საბჭო ისევ იმსჯელებს.
პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან 59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.
ბათუმელი აქტივისტები ამ მშენებლობას იმ მოტივით ეწინააღმდეგებიან, რომ კოშკების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე და გაუარესდება თანამედროვე ქალაქის ვენტილაცია. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ტერიტორია კომპანია „გეოგრაფიკის“ სპეციალისტებმა ისტორიული ბათუმის საზღვრებში შეიტანეს. ისტორიული ბათუმის საზღვრების რუკა კომპანიამ ბათუმის მერიის დაკვეთით შექმნა. ისტორიული ზონის საზღვრებში კი, არ შეიძლება არსებულ განაშენიანებაზე მეტი სიმაღლის შენობების აშენება.
შს სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შენობაში პოლიცია ნაღმს ეძებს. უნივერსიტეტის შენობაში ნაღმის შესაძლო არსებობაზე შეტყობინება უნივერსიტეტის ელექტრონულ ფოსტაზე შევიდა.
როგორც უნივერსიტეტის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, ელექტრონულ ფოსტაზე შეტყობინება დაახლოებით 18:00 საათზე შევიდა.
„შეტყობინება გადავუგზავნეთ სამართალდამცავ ორგანოებს, ადგილზე იმყოფება პოლიცია, შენობა ევაკუირებულია“- გვითხრეს პრესსამსახურში.
შსს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 323 მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, რაც ტერორიზმით მუქარას გულისხმობს. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე.
შუახევი-დაბაძველის საავტომობილო გზაზე ოქროპილაურის მიმართულებით მიმდინარეობს გზის რეაბილიტაცია და ახალი ხიდის მშენებლობა. სამუშაოების ღირებულება 1 069 800 ლარს შეადგენს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 700 გრძ/მ სიგრძის საავტომობილო გზას, აშენდება რკინაბეტონის სამმალიანი ხიდი, სიგრძით 54 მეტრი, სიგანით 6,3 მეტრი და მოხდება ხიდდთან მისასვლელი 351 გრძ/მ ახალი გზის გაყვანა.
მიმდინარე წელს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან შუახევის მუნიციპალიტეტისათვის საგზაო ინფრასტრუქტურისათვის დაახლოებით 12,4 მილიონი ლარია გათვალისწინებული. საავტომობილო გზებზე მოეწყობა: 13 კმ სიგრძის ასფალტობეტონის საფარი, 17 კმ სიგრძის ბეტონის საფარი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 1 არსებულ ხიდს, აშენდება 2 ახალი ხიდი და 42 ხელოვნური ნაგებობა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, ნადირობის სეზონი „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ბრძანების შესაბამისად, 2019 წლის აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება ანუ 24 აგვისტოს.
„გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა, ნადირობისას თან უნდა იქონიონ გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის [10 ლარი] გადახდის დამადასტურებელი ქვითარი [დედანი] და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
[red_box]ნადირობის დროს აკრძალულია:[/red_box]
მცენარეთა საფარის დაწვა, გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებების გამოყენება – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეები [გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა], ხაფანგები, მარყუჟები, აგრეთვე, ორმოები, სარეგვავები [სარეჯგველები]; საწამლავი, ასაფეთქებელი საშუალებები;
ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული [მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე] მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა; სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორების გამოყენება; თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება და ა.შ.
[red_box]ნადირობა აკრძალულია:[/red_box]
საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი; სანადირო პნევმატური იარაღი.
[red_box]ნადირობის აკრძალული მეთოდები:[/red_box]
აკრძალულია მთელი წლის განმავლობაში, ნადირობისას:
მცენარეული საფარის დაწვა;
გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა;
ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა ან განადგურება;
ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით, ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველებით), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;
ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;
სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს.
ნადირობისას დაშვებულია მონადირე ძაღლების ასევე, სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველების გამოყენება, ამ ფრინველის ფლობის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის არსებობის შემთხვევაში.
ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები, ნადირობის ადგილების მიხედვით [ლათინური დასახელება / ქართული დასახელება / ვადები / გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის დღიური ლიმიტები
სახეობები, რომლებზეც ნადირობა ნებადართულია სამონადირეო მეურნეობების გარეთ
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებისა:
1 Anser anser რუხი ბატი 01.11 -01.03 – 5 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი 01.11 – 01.03 – 3 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 01.11 – 01.03 – 5 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 01.11 – 01.03 – 6 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 01.11 – 01.03 – 3 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 01.11 – 01.03 – 3 ცალი
7 Fulica atra მელოტა 01.11 – 01.03 – 6 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 01.11 – 01.03 – 3 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 01.11 – 01.03 – 6 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 01.11 – 01.03 – 5 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 01.11 – 01.03 – 3 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 01.11 – 01.03 – 5 ცალი
წყალმცურავი ფრინველები, რომლებზეც ნადირობა, მითითებულ ვადებში და დღიური ლიმიტებით, ნებადართულია მხოლოდ ახალქალაქის, ნინოწმინდის, წალკის და დმანისის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე:
1 Anser anser რუხი ბატი 10.09 – 31.12 – 3 ცალი
2 Anas strepera რუხი იხვი 10.09 – 31.12 – 2 ცალი
3 Anas crecca ჭიკვარა (სტვენია იხვი) 10.09 – 31.12 – 3 ცალი
4 Anas platyrhynchos გარეული იხვი 10.09 – 31.12 – 5 ცალი
5 Anas querquedula იხვინჯა (ჭახჭახა იხვი) 10.09 – 31.12 – 2 ცალი
6 Anas clypeata ფართოცხვირა (განიერნისკარტა) იხვი 10.09 – 31.12 – 2 ცალი
7 Fulica atra მელოტა 10.09 – 31.12 – 5 ცალი
8 Anas acuta კუდსადგისა (ბოლოსადგისა) იხვი 10.09 – 31.12 – 2 ცალი
9 Anas penelope თეთრშუბლა იხვი 10.09 – 31.12 – 3 ცალი
10 Anser albifrons დიდი თეთრშუბლა ბატი 10.09 – 31.12 – 3 ცალი
11 Aythya ferina წითელთავა ყვინთია 10.09 – 31.12 – 2 ცალი
12 Aythya fuligula ქოჩორა ყვინთია 10.09 – 31.12 – 3 ცალი
სხვა ფრინველები:
1 Scolopax rusticola ტყის ქათამი 15.10 – 01.03 – 5 ცალი
2 Gallinago gallinago ჩიბუხა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი
3 Coturnix coturnix მწყერი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 20 ცალი
4 Columba palumbus ქედანი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
5 Columba livia გარეული მტრედი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
6 Columba oenas გულიო (გვიძინი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე 10 ცალი
7 Streptopelia turtur ჩვეულებრივი გვრიტი აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 10 ცალი
8 Crex crex ღალღა აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი
9 Lymnocryptes minimus ჩიბუხელა (გარშნეპი) აგვისტოს მეოთხე შაბათიდან – 15 თებერვლამდე – 5 ცალი
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები უკანონო ნადირობისა და ნადირობის წესების დარღვევის მიმართულებით, ნადირობის სეზონის ფარგლებში, 24-საათიან გაძლიერებულ კონტროლს განახორციელებენ მთელი საქართველოს მასშტაბით.
მოქალაქეებმა კანონდარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში, უნდა მიმართონ სამინისტროს ცხელ ხაზს – 153 [ინდექსის გარეშე, ზარი უფასოა, ანონიმურობა დაცულია], რათა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შესაბამისმა რეგიონულმა სამმართველომ მყისიერი რეაგირება მოახდინოს,“ – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
მთავარი ფოტო: ფოტო: მონადირეთა ვებგვერდიდან BAZIERI.GE
მთავრობა ტურიზმის სექტორში დაფიქსირებული კლების ტენდენციის გამო დაზარალებულ მოსახლეობას დაეხმარება – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სხდომაზე ისაუბრა. თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომლებსაც ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო სასტუმრო ნომრების ჯავშნები გაუუქმდა ან სხვა მხრივ დაზარალდა, მთავრობა, როგორც ბიუჯეტიდან სუფსიდირებით, ასევე სხვა გზებით დახმარებას განიხილავს.
„ჩვენ გვექნება ძალიან პრაქტიკული კრიტერიუმები, რომ მაქსიმალურად დავფაროთ ყველა ის ოჯახი, რომლებიც გარკვეული ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდნენ. დავეხმარებით როგორც სეზონური სესხების თანადაფინანსებაში, ასევე გავატარებთ სხვა ქმედით ღონისძიებებს და ამ ყველაფერში ჩართული იქნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი. ყველა ის ოჯახი, როგორც ქობულეთში, ასევე ბათუმში, გონიო-კვარიათში, მაქსიმალურად იგრძნობს მხარდაჭერას სახელმწიფოსგან“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
მთავრობის ინფორმაციით, კრიტერიუმებს უახლოეს მომავალში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გამოაცხადებს. მთავრობას ამ დროისთვის არ აქვს ზუსტი სტატისტიკა, თუ კლების რა ტენდენციები დაფიქსირდა ივლისის თვეში. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის, ჯაბა ფუტკარაძის თქმით, დაზუსტებით ჯერ არც ის ვიცით, რა თანხის მობილიზება მოუწევს მთავრობას ბიუჯეტში, ტურიზმის სექტორში დაზარალებული პირების დასახმარებლად.
მთავრობა ამ ციფრების დაჯამებას ტურისტული სეზონის ბოლოს გეგმავს:
„ჩვენ ახლა, პრაქტიკულად, ვართ ტურისტული სეზონის შუაში. აგვისტოს თვეში ველოდებით შიდა ტურიზმის კიდევ უფრო მეტ გააქტიურებას და ახალ ტრაფიკს ტურისტული მიმართულებით. ამიტომ ჩვენ ეს რიცხვები გვექნება, უკვე სეზონის ბოლოსთვის“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
რატომ ვერ გადის აქტიურად ქართული სოფლის პროდუქტები ევროკავშირის ბაზარზე – ეს ერთ-ერთი საკითხია, რაზეც დღეს, 31 ივლისს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმსჯელეს. „ევროკავშირისა და ნატოს საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით, საკრებულოში მერიის თანამშრომლებს, საკრებულოსა და სამოქალაქო ორგანიზაციების წევრებს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი შეხვდა. დავით ბუჯიაშვილის განმარტებით, მთავარი პრობლემა ისევ არის საქართველოში წარმოებული პროდუქტის ხარისხი, შეფუთვა და ბაზარზე გატანა.
„მაგალითად, საქართველოდან გაგზავნილი თაფლის 100 ნიმუშიდან 65 დაიწუნეს ევროპაში, ძირითადად, ანტიბიოტიკების გამოყენების გამო… თუმცა ჩვენ გვაქვს წაბლის თაფლი, ცაცხვის, მაისის და ასე შემდეგ. ასეთ თაფლს ევროპის ბაზარზე თითქმის ვერ ნახავთ. ამ კუთხით არის ქართული თაფლი ბრენდი… ამ კუთხით გაცემულია კონკრეტული რეკომენდაციები,“ – აღნიშნა ბათუმის საკრებულოში გამართულ შეხვედრაზე დავით ბუჯიაშვილმა, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროკავშირის დახმარების, კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა. მისი თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე კარგად ევროპულ ბაზარზე საქართველოში მოყვანილი ლურჯი მოცვი და კივი გადის.
„მე უფრო მაინტერსებს, რატომ ვერ გადის ქაფშია, მაგალითად, რატომ ვერ ვაწარმოებთ?“ – დაინტერესებდა საკრებულოს წევრი, ნატალია ზოიძე. საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დეპუტატს უთხრა, რომ პრობლემაა ამ კუთხით როგორც ლაბორატორიული შემოწმება, ასევე შეფუთვა. „ლაბორატორია არ გვაქვს,“ – დასძინა დავით ბუჯიაშვილმა.
„მე მეგონა, უფრო სხვა კუთხით იყო პრობლემა, რაც წინა ხელისუფლებამ დაგვიტოვა მემკვიდრეობის სახით, როცა შემოდიან სეინერები და რეალურად აღარ გვაქვს ქაფშია… რაც თქვენ ჩამოაყალიბეთ, ეს უცებ მოვაწესრიგე გონებაში,“ – თქვა ნატალია ზოიძემ.
„ყველას ასე ჰგონია, მაგრამ არაა ასე იოლი,“ – აღნიშნა სამინისტროს წარმომადგენელმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, დავით ბუჯიაშვილმა თქვა ისიც, რომ ერთდროულად ყველა სტანდარტს სახელმწიფო ვერ აწესებს.
„ძალიან რთულია ასე ყველა სტანდარტის შემოტანა, ამას აქვს ბიზნესზე ზეგავლენა… თუ კომპანიები დაიცავენ ყველა სტანდარტს, გაძვირდება პროდუქცია… არ ვიცით, რით ვიკვებებით, არ ვიცით, რა მედიკამენტები შემოდის ან რისგან აშენებენ ამ სახლებს. შეიძლება სადმე რადიაციული რაღაც იყოს და ამაზე არ არის რეგულაცია. ევროკავშირი არის სხვადასხვა სტანდარტის ერთობლიობა, ერთობლივად ამის დანერგვა შეუძლებელია. ინვესტორს ყოველთვის ურჩევნია დარეგულირებული გარემო,“ – თქვა დავით ბუჯიაშვილმა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, ტურიზმის სექტორში კლების ტენდენციის დაფიქსირების გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს. მთავრობის თავმჯდომარე ამბობს, რომ მაისსა და ივნისში აჭარაში დაფიქსირდა პიკი ტურიზმის მიმართულებით და ამას მოწმობს როგორც დინამიკა საზღვრის კვეთის მიმართულებით, ასევე აეროპორტის მონაცემები, ამიტომაც მთავრობა უპრეცედენტო სეზონს ელოდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.
„…შემდეგ უკვე უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ჩარევამ, პირველ რიგში, ნაცმოძრაობის ქმედებამ, რომლებიც მუდმივად ცდილობენ, რომ ქვეყანა ამყოფონ საბოტაჟის რეჟიმში, მათთვის ძალაუფლების დაკარგვა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ უკვე ქვეყნის ოპოზიციაში არიან გადასული. ცდილობენ, რომ რაიმე სახით დააზიანონ ეს ქვეყანა, დააზიანონ საქართველოს მოსახლეობა და შექმნან ნიჰილიზმის, უიმედობის განცდა, რაც ტურიზმზეც, ლარის კურსზეც, ეკონომიკის განვითარებაზეც, აისახება. ეს აჟიოტაჟი, რა თქმა უნდა, ცვლის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს მოკლევადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ყველანი ერთად ვმუშაობთ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე, ცენტრალური მთავრობა სრულ კოორდინაციაში“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
დღესვე მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მთავრობა ტურიზმის მიმართულებით კლების ტენდენციის გამო „ნაციონალურ მოძრაობას“ ადანაშაულებს.
ოთხი დღის წინ, ანუ 26 ივლისს, იგივე თქვა პრემიერმა მამუკა ბახტაძემ – მან „ნაციონალური მოძრაობა“ ლარის კურსის გაუფასურებაში დაადანაშაულა.
„სიჩუმე, მოტორი, ვიღებთ, გადაღებულია!“ – ეს ოთხი მაგიური სიტყვა ყველას ამახსოვრდება, ვისაც კინოგადაღებასთან ოდნავ მაინც ჰქონია კავშირი. დაამახსოვრდებათ ბავშვებსაც, რომლებმაც ივლისის თვეში ნიჩბისის კინოსახელოსნოში მიიღეს მონაწილეობა, თავად წერდნენ სცენარს, ეცნობოდნენ გადაღების თავისებურებებს, იღებდნენ, თამაშობდნენ და მონტაჟსაც სწავლობდნენ.
ნიჩბისში კინოსახელოსნო ორი წელია იმართება, და ბავშვებმა უფროსებთან ერთად წელს უკვე მეორე ფილმი გადაიღეს. შარშანდელი ფილმი „ანზორის ბედი” ბავშვებისა და ალცჰაიმერით დაავადებული მოხუცი ბაბუას ურთიერთობებზეა. წელს გადაღებულ სურათს კი სავარაუდოდ S.O.S ერქმევა.
თბილისთან ახლოს საბავშვო კინოსახელოსნოს ამოქმედების იდეა სახელოსნოს პროდიუსერ ირმა ინარიძეს, ფრანგ რეჟისორ ჟილ ლემუნოსა და მსახიობს, სცენარისტ ან კლოდ ლუმეს მოუვიდა.
რეჟისორ ჟილ ლემუნოს ბევრი საბავშვო კინოსახელოსნო გაუკეთებია გერმანიაში, ირანში, აფრიკასა და სხვა ქვეყნებში.
კინოსახელოსნოს ერთ-ერთი ორგანიზატორი, მსახიობი და სცენარისტი ან კლოდ ლუმე ფესტივალ ,,ფესტიმაჟის“ დირექტორი და დამაარსებელია რეჟისორ ჟილ ლემუნოსთან ერთად.
ან კლოდ ლუმე: „ფესტიმაჟი“ სასკოლო ფილმების საერთაშორისო ფესტივალია, რომელზეც მთელი მსოფლიოდან ვიღებთ ბავშვების მიერ გადაღებულ ფილმებს მათივე მონაწილეობით. ყოველწლიურად დაახლოებით 500 000 მაყურებელი ჰყავს ჩვენს ფილმებს. ეს არის მოკლემეტრაჟიანი საბავშვო ფილმების დიდი ფესტივალი.
იმ ბავშვების 2-3 %, ვისაც კინოსკოლაში ვასწავლით სხვადასხვა ქვეყანაში, კინოინდუსტრიაში დარჩა, თუმცა საბავშვო კინოსკოლების მიზანი ფანტაზიის, ინტერპრეტირებისა და აზროვნების უნარების განვითარებაა“. – ამბობს ან კლოდ ლუმე.
სახელოსნოს პროდიუსერი და ორგანიზატორი ირმა ინარიძე გვეუბნება, რომ ბავშვები კინოსახელოსნოში სწავლობენ კინოს, როგორც ამბავს, რომელიც რაღაც სარწმუნოს, დამაჯერებელს უნდა ჰყვებოდეს.
„ჩვენ ბავშვებს ვასწავლით, რომ ფილმები, რომლებიც კონოეკრანებზე, ტელევიზორში ჩანს, არის ზედაპირი, მზა პროდუქტი და ამბავი, რომლის უკანაც დგას უამრავი მიზანსცენა, შრომა და მაგია“, – ამბობს ირმა ინარიძე.
კადრი ბავშვების მიერ ნიჩბისის კინოსახელოსნოში გადაღებული ფილმიდან./ფოტო: გია გოგატიშვილი
საერთაშორისო კინოფესტივალ Biaff-ზე, რომელიც ბათუმში ყოველ წელს იმართება, წელს ნიჩბისის კინოსახელოსნოს ბავშვების მიერ გადაღებულ ფილმებსაც აჩვენებენ, რომლებიც დიდებისთვისაა, მაგრამ ქმნიან ბავშვები.
ფესტივალ Biaff-ზე ბავშვების მიერ გადაღებული ფილმების პროგრამას წელს სწორედ ნიჩბისის სახელოსნოს ორგანიზატორები: ირმა ინარიძე, ან კლოდ ლუმე და ჟილ ლემუნო მოამზადებს.
სახელოსნოში რეჟისორ ჟილ ლემუნოს მიზანი კინოგადაღების თავისებურებებისა და, ზოგადად, ამ საქმის ცოდნის ახალგაზრდებისთვის გადაცემაა.
როგორც ჟილი ამბობს, ბავშვების გადაღება სპეციფიკურია, მაგალითად, მათ მხოლოდ უბრალო მაისურებითა და შორტებით იღებს რეჟისორი, რადგან ბრენდების მარკები, მიაჩნია, რომ რაღაცას აფუჭებს, ბავშვები მათ გარეშე უფრო ნამდვილები არიან გადასაღებ მოედანზე.
„როცა კინოში აჩვენებ, რომ სახლი იწვის, ბავშვებს მართლა ჰგონიათ, რომ ნამდვილი სახლი იწვის. დიდს კი ვერ მოატყუებ, რომ სახლი ნამდვილად იწვის. ბავშვების ემოციები წრფელია, დიდები ყველაფერს ვფილტრავთ. ფილმსაც როცა ვიღებ, ვიღებ ყოველთვის ბავშვების ხედვის პერსპექტივიდან, გამოსახულებას ქვემოდან ზემოთ.
სანამ ფილმის გადაღებას დავიწყებ, ბავშვებს ვუყვები ისტორიას, რაზეც ვიღებთ ფილმს და მინდა დავაჯერო ამბავი, რასაც ვყვები. ისინი მთელი არსებით გრძნობენ მონათხრობის სინამდვილეს.
ჩვენ ვაცლით მათ ინტერპრეტაციებს, ნებას ვრთავთ გადაღებებისას ითამაშონ საკუთარი პერსონა და მათ წარმოსახვის სრული თავისუფლება აქვთ“, – ამბობს ფრანგი რეჟისორი.
რეჟისორი ჟილ ლემუნო ნიჩბისის კინოსახელოსნოს ბავშვებთან ერთად/ფოტო: გია გოგატიშვილი
2019 წლის პირველ აგვისტოს, დღის 11 საათზე, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში „ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ („რივიერას“) პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება. ბათუმის საკრებულოს ინფორმაციით, პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობა შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს.
„ფორმატით გათვალისწინებულია: კომპანია შპს „ბათუმი-რივიერას“ წარმომადგენლის მიერ პროექტის პრეზენტაცია [20 წუთი]; საკრებულოს მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის მოსაზრების წარდგენა [10 წუთი]. საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დაინტერესებულ მოქალაქეებს საკუთარი პოზიციების დასაფიქსირებლად მიეცემათ 3-3 წუთი, რისთვისაც, პროექტის საჯარო განხილვის კონსტრუქციულ რეჟიმში წარმართვის მიზნით, მონაწილეობის თაობაზე ინფორმაცია საკრებულოს საკონტაქტო პირს უნდა მიაწოდონ განხილვის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაინც“, – აღნიშნულია საკრებულოს განცხადებაში.
შპს „ბათუმი-რივიერას“ წინადადება ითვალისწინებს ჭაჭის კოშკის მიმდებარედ მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას, რომელიც მოიცავს მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებს, სასტუმროებს, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებულ მრავალფუნქციურ კომპლექსს, იახტკლუბს, ხელოვნურ ლაგუნას, რესტორნებს, კონვენციის ცენტრს, კაზინოს, საცხოვრებელ და საზოგადოებრივ სივრცეებს. ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს დაიკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებული იქნება ნავმისადგომი იახტებისთვის.
ბათუმი რივიერაზე ცათამბჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია.
„ქალაქ ბათუმის გარკვეული ტერიტორიისათვის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად ადმინისტრაციული წარმოება ბათუმის საკრებულოს 2019 წლის 16 ივლისს მიღებული განკარგულებით დაიწყო, რომლითაც ქალაქ ბათუმის მერიას დაევალა უზრუნველყოს დადგენილების პროექტის მომზადება და ბათუმის საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენა.
„დადგენილების პროექტის თაობაზე მოსაზრებების წარდგენის ვადად, განისაზღვრა დადგენილების პროექტისა და ადმინისტრაციული წარმოების შესახებ ცნობის გამოქვეყნებიდან 20 დღე. შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს მოსაზრებების წარდგენა შეუძლიათ 2019 წლის 10 აგვისტომდე. მოსაზრებების წარდგენის ვადის დასრულებიდან 5 დღის ვადაში კი მერია გამართავს ზეპირ მოსმენას განსახილველ საკითხზე. საბოლოოდ რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტზე ბათუმის საკრებულო იმსჯელებს“, – აცხადებენ საკრებულოში.
მთავარი ფოტო: ბათუმი რივიერა – 5 კოშკი ექვსის ნაცვლად – ფოტორენდერი პროექტიდან, რომელიც შესაძლოა კიდევ შეიცვალოს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში [2019 წლის ივლისში] აჭარაში შემოწმებული 84 კვების ობიექტიდან [კაფე-რესტორნები, სასაკლაოები და სხვ.] 56 ობიექტი სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა. აქედან 9 შემთხვევაში გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა [„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 68-ე მუხლის მე-3 ნაწილი].
ამ კოდექსის 68-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით: „ინსპექტირების დროს ისეთი შეუსაბამობის გამოვლენა, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შეუძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, − გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და კონკრეტული საწარმოო პროცესის შეჩერებას შეუსაბამობის აღმოფხვრამდე“.
სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ „ბიზნესოპერატორები სანქციის გატარებიდან მოკლე დროში ასწორებენ იმ დარღვევებს, რაც დაფიქსირდა ჩვენ მიერ და აგრძელებენ საწარმოო პროცესს, რაც პირველ რიგში, მათივე ინტერესებში შედის“.
სააგენტოში ამ დროისთვის არ აქვთ ზუსტი მონაცემები, თუ რამდენმა ობიექტმა განაახლა მუშაობა საწარმოო პროცესის შეჩერების შემდეგ.
აჭარაში კვების ობიექტები დაახლოებით ერთი კვირის წინ შეამოწმეს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს [სეს] მიერ დაჯარიმებული ბიზნესოპერატორებისა და ობიექტების სია სადაც დარღვევები აღმოჩნდა [წყარო: სეს]:
„შემოწმებისას ყურადღება ექცევა ობიექტის სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ტემპერატურულ რეჟიმს, სურსათის შენახვის პირობებსა და ვადებს, მიკვლევადობას. ობიექტების კონტროლი როტაციის პრინციპით მეორე წელია მიმდინარეობს. გასულ წლებთან შედარებით დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული, რაც სააგენტოს მიერ გააქტიურებული კონტროლისა და ბიზნესოპერატორთა ინფორმირებულობის გაზრდის შედეგია,“ – აცხადებს სურსათის ეროვნული სააგენტო.
ბათუმი რივიერაზე ცათამჯენების მშენებლობის რისკების შესახებ საზოგადოება „ბათომი“, მოძრაობა „დაიცავი ბათუმი“ და „მწვანე ალტერნატივა“ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლევან დავითაშვილს და სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას მიმართავენ. განცხადების ავტორები მოითხოვენ, კონცხზე დაგეგმილი მშენებლობიდან გამომდინარე სავარაუდო რისკებისა და კატასტროფის თავიდან ასარიდებლად, აუცილებლად ჩატარდეს გარემოზე ზემოქმედების შეფასება, რის მომზადებაც მშენებელი კომპანიისთვის სახელმწიფოს ამ დრომდე არ დაუვალებია.
განცხადების შინაარს უცვლელად გთავაზობთ:
მოგეხსენებათ, რომ ქ. ბათუმში შპს რივიერამ წარმოადგინა ქ.ბათუმში[1], გოგებაშვილის ქუჩაზე მდებარე ნაკვეთების განაშენიანების გეგმა. აღსანიშნავია, რომ ეს გეგმა, რომლის ღირებულებაც 65 მილიონი აშშ დოლარია და მოიცავს „სილქ თაუერის“, იახტკლუბის, ხელოვნური ტბის და დამატებით 2 ჰექტარი ფართობის სალანდშაფტო-სარეკრეაციო პარკის განვითარებას, წარმოადგენს პროექტის – „ბათუმი რივიერას“ პირველ ფაზას.
[toggle title=”სქოლიო 1″]საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის ნ.თანდილაშვილის, 2019 წლის 4 ივლისის წერილი, 6683/01[/toggle]
რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, თურმე წარმოდგენილი განაშენიანების გეგმა არ ექვემდებარება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით დადგენილი სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურების გავლას. ეს მაშინ, როცა წარდგენილი პროექტი არის დაგეგმილი პროექტის ნაწილი და, შესაბამისად, საბოლოო ჯამში მას ექნება საკმაოდ დიდი ზემოქმედება ადამიანების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ დაგეგმილია ლაგუნის შემოჭრა ხმელეთზე, რაც სრულად ცვლის სანაპირო ზოლს.
პროექტის განხორციელება საკმაოდ პრობლემატურია, გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ ქ.ბათუმში, კონკრეტულად ბათუმის კონცხის გარშემო, მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილებისა და აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების გამო.
შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემატურია, როგორც ეს აღნიშნულია არა ერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს[2]: ბათუმის კონცხის აგებულებაში ქვიშა მონაწილეობს მხოლოდ როგორც შემავსებელი, დაახლოებით 10-15%-ის ოდენობით. ბათუმის კონცხი, ისევე როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ჰქონდა ადგილი[3].
მაგ. 1999 წლის 14 იანვარს, სრულიად წყნარ ამინდში მოწყდა 100 მეტრი სიგანისა და 200 მეტრი სიგრძის პლაჟი[/toggle]
იგივე საშიშროება აღწერილია „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში“, რომელიც წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების განუყოფელ ნაწილს. სტრატეგიის ავტორთა განცხადებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა[4]“.
დეველოპერმა[5] და ბათუმის მერმა[6] ეჭვქვეშ დააყენეს ამ ნაშრომის რელევანტურობა და განაცხადეს, რომ კვლევა არა გაერომ, არამედ სხვადასხვა სამინისტროს სპეციალისტებმა შეასრულეს და რომ კვლევა იყო თეორიული. მათი არგუმენტების უსუსურობას კიდევ უფრო ამყარებს ის ფაქტი, რომ მესამე ეროვნული შეტყობინების საფუძველზე დაწყებულია რამდენიმე მსხვილმასშტაბიანი პროექტი, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული ბათუმის სანაპირო ზოლის დაცვის პროექტი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არის მომზადებული ბათუმის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისა და შავი ზღვის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების[7] შესაბამისად. ეს გეგმა შეძლებდა სრულფასოვნად გაეცა პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეშფოთებაზე.
ამასთან, ცნობილია, რომ სანაპიროზე სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ ტვირთს და აუარესებს პლაჟებისა და სანაპირო წყლების ხარისხს.[8]
სამინისტროსა და მერიისთვის წარდგენილ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, დაგეგმილ შენობათა კომპლექსს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ქალაქში ჰაერის მასებზე. დეველოპერის მტკიცებით, ამ სახის ზემოქმედება იმიტომ არ იქნება, რომ პროექტით დაგეგმილ ასაშენებელ შენობა-ნაგებობებს შორის დაშორება 100 მეტრი იქნება. ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, გვექნება თუ არა აქ ვენტურის ეფექტი (გაზრდილი ქარის სიჩქარე), თუ ის პირიქით შემცირდება. ამასთან, შესასწავლია რა ზემოქმედება ექნება კომპლექსს ქ. ბათუმის ჰაერის ხარისხზე, როგორც მშენებლობის, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს[9].
www.air.gov.ge 30.07.2010 მონაცემით, ბათუმში წინა 365 დღის განმავლობაში, ჰაერის ხარისხი, ძალიან კარგი იყო 1% დღეებისა, კარგი -37%, დამაკმაყოფილებელი 28%, ცუდი 30% და ძალიან ცუდი 5%.[/toggle]
ჩვენი შეფასებით პროექტი საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხედებსა და პანორამებს, სოციალურ–ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტს. ამასთან, პრეზენტირებული საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული ნაწილის „გენეტიკურ კოდს“, მისი იდენტურობის განმსაზღვრელ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: განაშენიანების გეგმარებითი სტრუქტურა, მორფოლოგია, შენობების მასშტაბი, ხასიათი, სილუეტი, იერ–სახე და ლანდშაფტი.
გამომდინარე, ყოველივე ზემოთქმულიდან, გთხოვთ, უზრუნველყოთ ქალაქ ბათუმის მოსახლეობისა და ტურისტების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა და ამისთვის:
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 31 ივლისს, აჭარის მთავრობის სხდომა ტურისტულ სეზონზე საუბრით დაიწყო. მან განაცხადა, რომ მთავრობა გვერდით დაუდგება დაზარალებულ ოჯახებს და აგვისტოში ტურისტული სეზონისთვის ღონისძიებები იგეგმება, თუმცა კონკრეტულად რას გეგმავს მთავრობა – ამის შესახებ რიჟვაძეს არ უსაუბრია.
„მაისში და ივნისში აჭარაში პრაქტიკულად გვქონდა პიკი ტურისტული სეზონის და ამას მოწმობს ტურისტული ნაკადების დინამიკა. ივნისის თვეში დაფიქსირდა 38-პროცენტიანი ზრდა საზღვრის კვეთის მიმართულებით და 41-პროცენტიანი – აეროპორტის მიმართულებით, რაც საბოლოო ჯამში მოწმობს, რომ ჩვენ გვექნებოდა პრაქტიკულად ყველაზე წარმატებული ტურისტული სეზონი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში.
მაგრამ მუდმივი შტურმი, მუდმივი ქაოსის შექმნის მცდელობა, მუდმივი არეულობის შექმნის მცდელობა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მხრიდან, რა თქმა უნდა, გარკვეულ ზიანს მიაყენებდა წარმატებულ ტურისტულ სეზონს, მაგრამ ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა, გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ეს დინამიკა, რომელიც ჩვენ გვქონდა, შევინარჩუნოთ და ამ მიმართულებით ცენტრალურ მთავრობასთან ვიმუშაოთ, რომ ოჯახებს, რომლებიც ამ კონკრეტული ქმედებების შედეგად, როგორც სეზონური სესხების გადახდის ნაწილში, ასევე დასაქმების ნაწილში დაზარალდნენ, სახელმწიფო მაქსიმალურად დაუდგება გვერდში და ჩვენ აგვისტოს თვეში ვატარებთ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სიტუაციის გამოსწორებას, მიზნად ისახავს არსებული ნიშნულის შენარჩუნებას. ჩვენი ამოცანა არის, რომ ტურისტული სეზონი ჩატარდეს წარმატებით აჭარაში და არავის მივცეთ საშუალება მოახდინოს ჩვენი მოქალაქეების, ოჯახების, მათი ეკონომიკური ინტერესების დაზიანება,“ – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
__________________
აჭარის მთავრობის სხდომა. ფოტო: ცაგო კახაბერიძე/„ბათუმელები“
ისევე, როგორც„სილქბიჩსა“და„ივერიაბიჩს“, სილქროუდჯგუფისქოლგისქვეშშემავალამორკლუბსაცსილქნეტისპონსორობს. აქამზაფხულსკლუბურიმუსიკისმსოფლიოშიცნობილი არაერთი შემსრულებელიეწვევა. მათშორისაა, წლევანდელისეზონისყველაზემთავარიღონისძიება – SADAR BAHAR. ასევე, ცნობილიაძირითადილაინაფი, რომელსაცაჭარაშიჩასულიელექტრონულიმუსიკისმოყვარულებინამდვილადარგამოტოვებენ:
2-4 აგვისტოს ბათუმში, კლუბ „ Iveria Beach“ გაიმართება ზღაპრული და დაუვიწყარი წვეულება, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული არტისტები 36 საათიანი ფესტივალს წარუძღვებიან.
10 აგვისტოს Iveria Beach უმასპინძლებს ლეგენდარულ არტისტს შეერთებული შტატებიდან SADAR BAHAR-ს. მისი მუსიკალური ცოდნისა და უნიკალური გემოვნების გამო სადარ ბაჰარი დღემდე ითვლება ჰაუს და დისკო მუსიკის საუკეთესო შემსრულებლად მსოფლიოში. ასე, რომ, #silksummer – “ივერიაბიჩი”და “სილქსანაპირო” მხიარულ, მრავალფეროვან და ენერგიულ ზაფხულს გვპირდება.თანაც, აჭარაში ჯეოსელისქსელიწელსგანსაკუთრებულადსწრაფი 4.5G ინტერნეტითდახვდა სტუმრებს. აბონენტებს მრავალფეროვანიინტერნეტპაკეტებიშეუძლიათგაიაქტიურონ. სიახლეა ტურისტებისთვის,სილქნეტი მათ 20%-იანიფასდაკლებითტურისტულპაკეტს -„All Inclusive“სთავაზობს.