მთავარი,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა შეჩერდა – დეპარტამენტი გარანტორად ქართულ ბანკს ითხოვს

25.07.2019 • 3555
ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა შეჩერდა – დეპარტამენტი გარანტორად ქართულ ბანკს ითხოვს

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის 110-მილიონიანი პროექტი, ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა რამდენიმე დღეა შეაჩერა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აქ სამუშაოები მაისის ბოლოდან ინტენსიურად უნდა დაწყებულიყო.  გზების დეპარტამენტი კომპანიას გარანტიის წარდგენას ქართული ბანკისგან სთხოვდა. „ტოდინს“ კი, ხელშეკრულების ხელმოწერიდან ერთი წლის თავზე, ქართული ბანკის მიერ გაცემული საგარანტიო  დამკვეთისთვის არ წარუდგენია. „ტოდინს“ სხვა პროექტში ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს და საერთაშორისო არბიტრაჟში უჩივის.

„სამუშაოები შეჩერებული არ არის. რთული მონაკვეთია, მოგეხსენებათ. ხდება დეტალური გეოდეზიული გადაღება, შესწავლა. რაღაც ნაწილი შემოწმდა დეტალურად და ხვალ [26 ივლისს – ავტ.] ვიწყებთ სამუშაოებს. ვადები არ ირღვევა – სამუშაოები შეჩერდა რაღაც დროით და გაარძელდება. საგანგაშო ამ ეტაპზე არაფერი არ არის“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში გიორგი კოპალეიშვილმა, „ტოდინის“ ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

„ტოდინის“ ქვეკონტრაქტორმა თურქულმა კომპანიამ, რომელიც ხულოში სამუშაოებს ასრულებდა, მუშაობა შეაჩერა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ქვეკონტრაქტორი შიშობს, რომ მისი მიერ შესრულებული სამუშაოები, პროექტის ფარგლებში, შესაძლოა არ აუნაზღაურონ. მიზეზად სახელდება ის, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ტოდინს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის [ანუ სახელმწიფო დამკვეთისთვის] დღემდე არ წარუდგენია ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. შესაბამისად, არ დაწყებულა ხულო-ზარზმის პროექტისთვის გამოყოფილი თანხის ათვისება.

პროექტს არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] 110 მილიონ 210 ათასი ლარით აფინანსებს. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

„თანხის ათვისებას რაც შეეხება. კომპანია საკუთარი სახსრებით იწყებს სამუშაოებს. პროექტის ფარგლებში თანხა რომ მოითხოვო, უნდა იყოს გარკვეული სამუშაო შესრულებული, ანუ დღეს კომპანიას აქვს თავისი სახსრები და შემდეგ მოითხოვს თანხას“, – აცხადებს გიორგი კოპალეიშვილი.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან „ბათუმელების“ მიერ გამოთხოვილი დოკუმენტების მიხედვით, ხელშეკრულება [ლოტი-1-ზე] დეპარტამენტსა და „ტოდინს“ [Todini Costruzioni Generali S.p.A] შორის გაფორმებულია 2018 წლის 02 აგვისტოს. საკონტრაქტო ღირებულება – 69 946 268 ლარია.

„გთხოვთ, წარმოადგინოთ ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია 28 დღის განმავლობაში კონტრაქტის პირობების თანახმად“, – აღნიშნულია დოკუმენტში. კონტრაქტის პირობით კი – „ხელშეკრულების უზრუნველყოფის გარანტია გაცემული უნდა იყოს მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა აღიარებული ბანკის მიერ დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.

ხელშეკრულებაში ასევე მითითებულია საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების სრული სია ბმულის სახით [საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდიდან], თუმცა, იქვეა შენიშვნა: „გთხოვთ, გაითვალისწინოთ, მოცემული ბმული მითითებულია მხოლოდ შესაფერისი ბანკის იდენტიფიცირების ხელშეწყობის მიზნით და არავითარ შემთხვევაში არ აკისრებს დამკვეთს რაიმე ვალდებულებას სიაში ჩამოთვლილი ბანკების საიმედოობის თვალსაზრისით“.

გზების დეპარტამენტისგან მიღებული ინფორმაციით, „ტოდინის“ მიერ წარმოდგენილია ყაზახური ბანკის, TENGRI BANK JSC-ს მიერ გაცემული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია ლოტი 1-ზე – 6 994 626 ლარი, ხოლო ლოტი 2-ზე – 4 026 450 ლარი. გარანტიები გაცემულია 2018 წლის 3 მარტს და მასში ცვლილებები შეტანილია ამავე წლის 16 მარტს. ავიზირებადი ბანკია „საქართველოს ბანკი“.

„გარანტიის ცვლილების ავიზირებით „საქართველოს ბანკი“ ადასტურებს მხოლოდ გარანტიის ცვლილების ავთენტურობას/ნამდვილობას და იგი არ არის პასუხისმგებელი გარანტიის ტექსტსა და გარანტიის პირობებზე… აღნიშნული გარანტიის ცვლილება გეგზავნებათ/გადმოგეცემათ „საქართველოს ბანკის“ მხრიდან ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე“, – აღნიშნულია „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 16 მარტის კორესპონდენციაში, რომელიც გზების დეპარტამენტში გაიგზავნა.

„საბანკო გარანტიები წარდგენილი იყო შარშან და მიღებული იყო დეპარტამენტის მიერ. უბრალოდ, შემდეგ იყო თხოვნა დეპარტამენტისგან, რომ ყაზახური ბანკი ჩანაცვლებულიყო ქართული ბანკებით“, – ამბობს გიორგი კოპალეიშვილი.

კითხვაზე, რატომ არ წარადგინა კომპანიამ ქართული ბანკის მიერ გაცემული გარანტია ისე, როგორც ამას ხელშეკრულების პირობები თავიდანვე ითხოვდა, ან რატომ ვერ ჩაანაცვლა ამ დრომდე გარანტორი ქართული ბანკით? – გიორგი კოპალეიშვილი ამბობს, რომ იმ პერიოდში შემხებლობა არ ჰქონდა ამ პროექტთან: „ამიტომ, რატომ არ მოხდა ჩანაცვლება ამ დრომდე ვერ გეტყვით. ამასთან, საქართველოში არის სულ ორი მსხვილი ბანკი, დანარჩენი არის წვრილი ბანკები და აქ დიდ თანხებზეა საუბარი. ამჟამად მიმდინარეობს სამუშაო ამ კუთხით. უცხოური ბანკის პრობლემა არ არის, თუმცა, ქართულზეა საუბარი და ალბათ ერთ კვირაში ჩანაცვლდება საგარანტიოები ქართული ბანკით“.

რატომ გახდა ყაზახური ბანკის ჩანაცვლება აუცილებელი? – „რაღაც პრინციპი არის ქართული ბანკების, ვერ გეტყვით“, – ამბობს კოპალეიშვილი.

მიიღო თუ არა თავის დროზე კომპანიისგან წარმოდგენილი [ყაზახური ბანკის] საგარანტიოები გზების დეპარტამენტმა? ახლა რატომ გახდა აუცილებელი მხოლოდ ქართული ბანკისგან გარანტიების წარმოდგენა? რატომ ვერ მოგვარდა ეს საკითხი ერთი წლის განმავლობაში და არის თუ არა ეს ხელშეკრულების დარღვევა ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან? – ამ კითხვებზე პასუხების მიღებას „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ამ დრომდე ცდილობს. 

„თურქული კომპანია არის ქვეკონტრაქტორი ხულოს მხარეზე, პირველ ლოტზე; ზარზმის მხარეს კი კომპანია გზას თავისი ძალებით გააკეთებს. ჯერჯერობით არანაირი პრობლემა არ არის, კომპანია თავისი სახსრებით მალე დაიწყებს სამუშაოებს, რომელიც აღარ შეჩერდება“, – ამბობს გიორგი კოპალეიშვილი.

„ტოდინს“ ავანსად თანხის მოთხოვნაც შეუძლია [სახელშეკრულებო თანხის 20%, რაც პირველი ლოტის შემთხვევაში 14 მილიონი ლარია], თუმცა, ხელშეკრულების მიხედვით, კომპანიამ საავანსო გადახდის გარანტია უნდა წარადგინოს, „მხოლოდ ადგილობრივი კომერციული ბანკებიდან, რომლებიც ოპერირებენ საქართველოს ტერიტორიაზე, ან სხვა რეპუტაციის მქონე ბანკიდან, დამკვეთის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობის ზედამხედველობაც ტენდერით შეისყიდეს, პირველ ლოტზე ზედამხედველია – IRD Engineering s.r.l, ხოლო მეორე ლოტზე – PACE [Kuwait] & Louis Berger SAS [france].

– – – – –

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა „ტოდინი“ ხულო-ზარზმის ტენდერის [ორთავე ლოტის] გამარჯვებულად მაშინ გამოაცხადა, როცა ამ კომპანიას პრობლემები ჰქონდა სამტრედიის შემოვლითი გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე – აქ „ტოდინი“, დეპარტამენტისავე ინფორმაციით, აღებულ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.

გიორგი კოპალეიშვილს ვკითხეთ, ხომ არ გაიზიარებს ხულო-ზარზმის პროექტი სამტრედიის პროექტის ბედს, სადაც დეპარტამენტმა „ტოდინს“ ხელშეკრულება შეუწყვიტა. „ამ [სამტრედიის – ავტ.] პროექტზე მე ინფორმაცია არ მაქვს“ – გვიპასუხა კოპალეიშვილმა.

კომპანია „ტოდინს“ ვალდებულების შეუსრულებლობისთვის სახელმწიფო ზიანის ანაზღაურებას სთხოვს. „ტოდინი“ სამტრედია-გრიგოლეთის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის [მესამე ლოტი] გამარჯვებული იყო და მის წინააღმდეგ მთავრობა საარბიტრაჟო დავას იწყებს.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაცვის მიზნით, დაიწყოს საარბიტრაჟო პროცესი კომპანია Todini Costruzioni Generali S.p.A-ის წინააღმდეგ. საარბიტრაჟო პროცესში სახელმწიფო წარმომადგენლობის განხორციელებისა და კოორდინაციის მიზნით, იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი საერთაშორისო იურიდიული კომპანიის შერჩევა და მასთან იურიდიული მომსახურების შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება“, – აღნიშნულია საქართველოს მთავრობის 2019 წლის 10 ივლისის განკარგულებაში, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს.

სამტრედია-გრიგოლეთის [მესამე ლოტი] ხელშეკრულების ფარგლებში „ტოდინზე“ ანაზღაურებული თანხა შეადგენს 17 662 684 ლარს, 2 445 101 აშშ დოლარს და 2 238 701 ევროს. მათ შორის ავანსი: 16 565 089 ლარი, 2 293 158 აშშ დოლარი და 2 099 101 ევრო“, – მოგვწერეს დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „ტოდინს“ სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში წარმოდგენილი ჰქონდა ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტიები „ასტანა ბანკისგან“, თუმცა „ასტანა ბანკი“ იმყოფება ლიკვიდაციის პროცესში.

„ავანსის თანხის უზრუნველყოფისა და შესრულების უზრუნველყოფის გარანტიების საკითხს განიხილავს სს „ასტანის ბანკის“ სალიკვიდაციო კომისია [The Liquidation Commission of the Bank of Astana] და მიმდინარეობს გარანტიებთან დაკავშირებით შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები“, – მოგვწერეს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან მიმდინარე წლის მაისში.

მთავარი ფოტო: ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი

უფრო ვრცლად ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: