მთავარი,სიახლეები

მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

25.10.2019 • 2164
მოწმე: „ერმაკოვის მეგობარი კომპანიას იაფი სახლის ტენდერის მოგებაში დაეხმარა, ასე მითხრეს“

“ანარ ალაკბაროვს ტენდერის მოგებაში გიორგი ერმაკოვის მეგობარი, ირაკლი ხარაძე დაეხმარა… მისი და ერმაკოვის მამებიც მეგობრები იყვნენ, ასე ვიცი, ასე მითხრეს…” – უთხრა მოსამართლეს მოწმის სახით დაბარებულმა ვახტანგ ჩიქოვანმა. ის კომპანია “კონვენტ ჯორჯიას” მრჩეველი იყო, შემდეგ – თბილისის ფილიალის დირექტორი.

“კონვენტ ჯორჯია” აზერბაიჯანში რეგისტრირებული ის კომპანიაა, რომელსაც “იაფი სახლის” პროექტი უნდა გაეკეთებინა და მას ბათუმის მერიამ ავანსად დაახლოებით მილიონ-ნახევარი ჩაურიცხა. ამ საქმეზე დააკავა პროკურატურამ ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ბათუმის ყოფილი მერი – გიორგი ერმაკოვი.

მოწმის, ვახტანგ ჩიქოვანის თქმით, “კონვენტ ჯორჯიამ” და მისმა ხელმძღვანელმა ანარ ალაკბაროვმა თვითონაც დააზარალა.

“ანარი თბილისში გავიცანი. მითხრა, ინვესტიციის ჩადებას ვაპირებ და მანამდე ტენდერები უნდა მოვიგოთო… ერთ-ერთ ტენდერში, რომელიც თელავში იყო, გარანტიის სახით ჩემი საცხოვრებელი სახლი ჩავდეთ… მერე, როცა პრობლემა შეიქმნა, მე მომიხდა ჩემი სახლის გამოსყიდვა 335 ათას ლარად…”- აღნიშნა მოწმემ.

“თქვენ თქვით, რომ ირაკლი ხარაძის დახმარებით მოიგო ტენდერი ბათუმში ალაკბაროვმა. საიდან იცით ეს?” – ჰკითხა მოწმე ვახტანგ ჩიქოვანს პროკურორმა.

“მე ვიცი ეს საუბრებიდან. ირაკლი ხარაძე ამბობდა, რომ ერმაკოვის მეგობარი იყო. ანარის თქმით, ის მოაგებინებდა ტენდერს და მართლაც ასე მოხდა, მოიგო. ვიდეომტკიცებულება არ მაქვს,” – თქვა მოწმემ.

ვახტანგ ჩიქოვანის თქმით, მას ხელფასის ჩარიცხვა დაუგვიანეს, შემდეგ კი, ანარ ალაკბაროვი და ირაკლი ხარაძეც გაუჩინარდნენ. ჩიქოვანი ბათუმის მერიაში გია ერმაკოვს შეხვდა.

“ერმაკოვმა მითხრა, რომ ეს ირაკლი ხარაძე ბოროტად სარგებლობს ჩემი სახელით. იქნებ, თავად მოძებნოთო…” – დასძინა ვახტანგ ჩიქოვანმა.

“რომ გაიგეთ, რომ აფერისტი იყო და თქვენც დაზარალდით, რატომ არ მიმართეთ სამართალდამცველებს?” – ჰკითხა მოწმეს გია ერმაკოვის ადვოკატმა, ლევან მახარაშვილმა.

“მიემართა ერმაკოვს, მე რა მექნა,” – მხრები აიჩეჩა მოწმემ.

მოწმეს კითხვები დაუსვა გიორგი ერმაკოვმაც.

“როგორც მახსოვს, მაშინ ჩვენ უკვე ვეღარ ვახერხებდით კომპანიასთან კონტაქტს… ამ დროს კონტრაქტი შეწყვეტილი იყო უკვე?” – იკითხა ბათუმის ყოფილმა მერმა.

“არ მახსოვს,” – უპასუხა ბრალდებულს მოწმემ.

“მამაჩემს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავდა… რომ მეთქვა თქვენთან შეხვედრის დროს, პროკურორ რამაზ შავაძესთან ვმეგობრობ-მეთქი, დაიჯერებდით?” – ისევ იკითხა გია ერმაკოვმა.

“ვერ გეტყვით,” – მოკლედ თქვა მოწმემ.

ამ საქმეზე სულ 7 ბრალდებულია, თუმცა 4 ბრალდებული სასამართლომ გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მოწმეების დაკითხვა გრძელდება.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: