შპს „ბათუმის წყლის“ განცხადებით, გონიოს მოსახლეობის ნაწილს [კერძოდ, მატათა მოციქულის, სიმონ კანანელის, წმინდა ნინოს, ანდრია პირველწოდებულის ქუჩებს] შაბათს, 10 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან კვირას, 11 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, წყლის მიწოდების შეწყვეტა ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს უკავშირდება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს 21 საათიდან 10 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 22-27 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში – ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დღის ბოლოს დროგამოშვებით ელჭექის ხასიათის წვიმა; ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 5-10 დმ(2-3 ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი.
ჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმში, 11 აგვისტოს მოსალოდნელია ელჭექის ხასიათის წვიმა,12 და 13 აგვისტოს კი უმეტესად უნალექო ამინდი იქნება.
საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის მომსახურების მიზნით, „საქართველოს რკინიგზა“ თბილისიდან და ბათუმიდან ორივე მიმართულებით, ერთი რეისით (№888/887) სამგზავრო მატარებელს ამატებს.
მატარებელი იმოძრავებს შემდეგი განრიგით:
11/08/2019 თბილისი – ბათუმი – თბილისი №888/887
გასვლა- თბილისი
ჩასვლა-ბათუმი
გამოსვლა-ბათუმი
ჩამოსვლა- თბილისი
09:05
14 :42
18:30
00:07
შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.
ბილეთები იყიდება ასევე ვებ გვერდებზე (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა და საბილეთო სალაროებში.
საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!
სოფელ კაპრეშუმში აქტიურად მიმდინარეობს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეკომიგრანტი ოჯახებისათვის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობის პროცესი.
უკვე დასრულებულია შენობის საძირკველისა და სარდაფის მოწყობის სამუშაოები. პროექტის საერთო ღირებულება 2 977 792 ლარია. სამუშაოები ორ ეტაპად უნდა წარიმართოს.
პროექტისათვის 2019 წლის ბიუჯეტით 1 500 000 ლარია გათვალისწინებული. კომპანია ,,მშენებელმა’’სამუშაოების I ეტაპი 2020 წლის 10 იანვრამდე უნდა დაასრულოს. სოციალური სახლისათვის გათვალისწინებული სამშენებლო ტერიტორია 13 844 კვ/მ-ია. მრავალბინიან სახლში იქნება 39 ბინა. აქედან 10 ბინა ოროთახიანი [ფართობი – 55 კვ/მ], 25 ბინა – სამოთახიანი [75 კვ/მ], ხოლო 4 ბინა ოთხოთახიანი [95 კვ/მ] იქნება.
პირველი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 251 ფაქტი გამოვლინდა. აქედან აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა 41 ფაქტი.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, გამოვლენილი 251 ფაქტიდან 22 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.
„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 89 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, იმერეთში – 32, სამცხე-ჯავახეთში – 24, ქვემო ქართლში – 19, გურიაში – 12, სამეგრელო-ზემო სვანეთშიც – 12, შიდა ქართლში – 11, მცხეთა-მთიანეთსა და რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი, 5-5 ფაქტი დაფიქსირდა. თბილისში, ივლისში, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 1160 მ3-მდე ხე-ტყე“ – აცხადებს დეპარტამენტი.
დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წლის ივლისში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 56 ფაქტი და ამოღებულია 30 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი (სულ სამართალდარღვევა – 86). მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.
მთავარი ფოტო: უკანონოდ მოჭრილი ხეები / გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფოტო
ფესტივალი „ღამის სერენადები 2019“ ბათუმში 25, 27 და 28 აგვისტოს გაიმართება. საკონცერტო საღამოები ბათუმში, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დიდ დარბაზში გაიმართება.
„ღამი სერენადები 2019“-ის საკონცერტო საღამოებზე მსოფლიო კლასიკის შედევრებს შეასრულებენ ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელის – ლიანა ისაკაძის მიერ შექმნილი კამერული ანსამბლ-ორკესტრი – „ვირტუოზები საქართველოდან“. ფესტივალის მთავარი დირიჟორია ვახტანგ მაჭავარიანი. ფესტივალში ასევე მონაწილეობენ ნინო სურგულაძე (მეცო-სოპრანო), ანა-ლიზა ბეზროდნი (ვიოლინო, ფინეთი/ინგლისი), იან-ერიკ გუსტავსონი (ჩელო, ფინეთი), პანტელის კოგიამისი (მოწვეული დირიჟორი, საბერძნეთი-ავსტრია), ყაზახეთის სახელმწიფო ტრიო – ერლან სერკებაევის (ფორტეპიანო), ბაღდატ აბილხანოვისა (ვიოლინო) და ყურვანჟან ახატოვის (ჩელო) შემადგენლობით, სანდრო ნებიერიძე (ფორტეპიანო), ქართველი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებს – „კონცერტი ჩელოსთვის“ შეასრულებს ფინეთიდან მოწვეული ვარსკვლავი იან-ერიკ გუსტავსიონი (ჩელო).
საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ცნობილი ქართველი მევიოლინესა და დირიჟორის, ლიანა ისაკაძის ინიციატივით აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა და მხოლოდ 18 წლის შემდეგ, 2009 წელს, ბათუმში გახდა შესაძლებელი მისი აღდგენა. ფესტივალის დამაარსებელი და უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი ლიანა ისაკაძეა; 2018 წლიდან მასთან ერთად ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი ასევე მისი ძმისშვილი გიორგი ისაკაძეა, რომელთანაც მას მრავალი წლის პროფესიული თანამშრომლობა აკავშირებს.
„ღამის სერენადები“ 2 და 4 სექტემბერს თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში გადაინაცვლებს.
ფესტივალს არაერთი სპონსორი კერძო და სახელმწიფო დაწესებულება და მედიამხარდამჭერი ჰყავს.
9 აგვისტოს ქართველ ბარიტონ გიორგი გაგნიძეს 49 წელი უსრულდება. მართალია, ეს მრგვალი თარიღი არ არის, მაგრამ მაინც გვსურს მივულოცოთ უცხოეთში მოღვაწე გამოჩენილ მომღერალს დაბადების დღე და ვუსურვოთ წარმატება, მიუხედავად იმისა, რომ მას აღიარება ნამდვილად არ აკლია.
არ ვაპირებთ გიამბოთ მისი ბიოგრაფიის ან მთლიანი რეპერტუარის შესახებ. ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ მხოლოდ ამა წლის მარტში პარიზის ბასტილიის ოპერაში ნამღერ იაგოს პარტიაზე. სპექტაკლის დასრულების შემდეგ შევხვდით მას, ინტერვიუ ჩავწერეთ და ფოტოებიც გადავუღეთ. სტატიის გამოსაქვეყნებლად კი მის დაბადების დღეს დაველოდეთ.
2019 წლის 7 მარტს პარიზში, ბასტილიის თეატრში, ვერდის ოპერის „ოტელოს“ პრემიერა გაიმართა. საოპერო სამყაროს ვარსკვლავებთან ერთად სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი გმირის – იაგოს პარტია მსოფლიოში აღიარებულმა ბარიტონმა, გიორგი გაგნიძემ შეასრულა.
„ოტელოში“ გიორგიმ იაგოს არია შეასრულა ოპერის თანამედროვე ვარსკვლავებთან – რობერტო ალანიასთან (ოტელო) და ალექსანდრა კურსაკთან (დეზდემონა) ერთად. დადგმის რეჟისორი ანდრეი სერბანი თანამედროვე სტილის მიუხედავად, ერთგული რჩება ვერდის, გამაოგნებელ სცენოგრაფიას და საოცრად ლამაზ კოსტიუმებს გვთავაზობს.
„ოტელოსა და დეზდემონას პირველივე სასიყვარულო დუეტის შემდეგ იაგო უშვებს ფარდას. იაგო დიაბოლური პერსონაჟია, მაგრამ, იმავდროულად, უიმედოდ უბედური. ვოკალურად და სცენურად ძალიან რთული და საინტერესოა ასეთი უარყოფითი პერსონაჟების განსახიერება” – გვიყვება გიორგი და აგრძელებს:
„ასეთი როლების თამაშია ძალიან საინტერესო. მათ ნამღერშია ვოკალური გამოწვევები. ჩემი საიდუმლო, რა თქმა უნდა, ტექნიკურ მონაცემებსა და ვარჯიშშია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ისეთ ხმას მიაგნო, რომლითაც მთელი სხეულით მღერი და ამისთვის არანაირი ფიზიკური ძალდატანება არ გჭირდება. ჩემს პარტნიორებთან – რობერტოსთან და ალექსანდრასთან – მუშაობა ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ისინი არა მარტო შესანიშნავი ადამიანები და მომღერლები არიან, არამედ ჩვენ დიდი ხნის მეგობრობაც გვაკავშირებს. კურსაკი დიდებული, მშვენიერი მომღერალია. რობერტო ალანია კი ერთ-ერთი დიდი ფრანგი ტენორი, რომლითაც საფრანგეთი ძალიან უნდა ამაყობდეს. ისინი არა მხოლოდ სცენაზე არიან წყვილები, არამედ – ცხოვრებაშიც. ამდენად, ძალიან ავთენტურ სახეებს გვთავაზობენ. და მე ვწუხვარ, რომ მათ საშინელ დრამაში ვითრევ. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ ტალანტების სამჭედლო, რომელიც მალავს ბევრ განძს, განსაკუთრებით – ვოკალურს. ვინაიდან ჩვენი ტრადიციული ქართული პოლიფონია ლამაზ ხმებს საჭიროებს, ამდენად ძალიან ბევრი ქართველი მომღერლის ხმაა ადაპტირებული იტალიურ ოპერასთან. მაგალითად, ანიტა რაჭველიშვილი – უშესანიშნავესი ხმა. მე მიმიჩნევენ დრამატულ ბარიტონად, მაგრამ შემიძლია ვიყო ლირიკული ბარიტონიც. ვიმღერებ მანამ, სანამ ღმერთი თავის ხმას მჩუქნის” – ამბობს გიორგი გაგნიძე.
ინტერვიუ ჩაწერილია 2019 წლის 10 მარტს პარიზში.
გიორგის საერთაშორისო კარიერა 2005 წელსიწყება, როდესაც ბუსეტოში პირველი პრიზი აიღო ვერდის კონკურსში. მაშინ ჟიურის თავმჯდომარე ხოსე კარერასი იყო. 2006 წელს მიწვეულ იქნა მსოფლიოს გარშემო ტურნეში ტოსკანინის ორკეტრთან ერთად, რომელსაც ლორენ მააზელი დირიჟორობდა. 2007 წელს შედგა მისი დებიუტი ლასკალაში, შემდეგ იყო რიგოლეტო ვერდის ფესტივალზე და მეტროპოლიტენის თეატრი ნიუორკში, რომლის სცენაზეც მან 100-ჯერ იმღერა. 5-ჯერ წარდგა მაყურებლის წინაშე პარიზის ბასტილიის ოპერაში.
მომავალი სპექტაკლები:
ნაბუქო – 29 სექტემბერი, 2 ოქტომბერი 2019 – დოიჩე ოპერა, ბერლინი.
ოტელო – 26, 30 ოქტომბერი, 3, 4, 11, 16 ნოემბერი 2019 – ვაშინგტონის ნაციონალური ოპერა.
ტოსკა – 26, 29 მარტი, 2, 15, 18 აპრილი 2020 – მეტროპოლიტენ ოპერა, ნიუორკი.
ნაბუქო – 6, 13 ივნისი 2020 – დოიჩე ოპერა, ბერლინი.
ოტელო – 19 ივნისი 2020 – ნაციონალური თეატრი, მანჰეიმი.
“შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული ყველაზე მასშტაბური კვლევა შავი ზღვის მყარი ნარჩენებით დაბინძურების შესახებ, კვლევის შედეგებს აქვეყნებს. დასკვნაში წერია, რომ შავ ზღვაში მყარი ნარჩენების საკმაოდ დიდი რაოდენობის არსებობის მიზეზი ოკეანეში წყლის შეზღუდული მიმოცვლა და უამრავი დამაბინძურებელი ნივთიერებაა, რომელიც მოაქვს დიდ მდინარეებს:
შავ ზღვაში ნაპოვნი მყარი ნარჩენების 87% პლასტმასია, მათგან 68% პლასტმასის ნატეხებია, 9% – პლასტმასის კონტეინერები, 3% – ბოთლები, 3% – პენოპლასტი, 8 პოლიეთილენის პარკები.
კვლევის მიხედვით, ყოველ ერთ საათში მდინარეებს შავ ზღვაში გააქვთ ნაგვის 6-დან 50-მდე ელემენტი.
მდინარეს ჩამოყოლილი ნარჩენების ტიპები ასე გამოიყურება:
პლასტმასის დაშლის პროცესი დაახლოებით 100 წელს გრძელდება, პლასტმასის ბოთლების შემთხვევაში კი – 1000 წელზე მეტს. 2050 წლისთვის ზღვაში პლასტმასის საგნები მეტი იქნება, ვიდრე თევზი.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ, მოქალაქეებმა?
შევწყვიტოთ ერთჯერადი ნივთების გამოყენება, უპირატესობა მივანიჭოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებს, მაგალითად, შუშის ბოთლს, ხის დანა-ჩანგალს, ნაჭრის ჩანთებს და სხვა. არასოდეს დავტოვოთ ნაგვის ნარჩენები ველურ ბუნებაში.
სამრეწველო სფეროში გადაწყვეტილების მიმღები პირები მაქსიმალურად უნდა შეეცადონ, ხელი შეუწყონ გადამუშავებული პლასტმასის გამოყენებას მრეწველობაში.
ფრაგმენტები ამოღებულია “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” კვლევის შედეგების ინფოგრაფიკიდან.
ბათუმში, მაიაკოვსკის ქუჩის 2 ნომერში, ადამიანები მატარებლის ლიანდაგისგან ერთი ხელის გაწვდენაზე ცხოვრობენ. დასახლება ბარაკების ტიპისაა და ბაზრის მახლობლადაა განლაგებული.
ნათელა გურგენიძე 30 წელზე მეტია, რაც იქ ცხოვრობს. ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამ მაშინ მოუსწრო, როცა ბინის რიგში იყო.
“ამ ტერიტორიაზე მაშინ რკინიგზელების კლუბი იყო, მერე ერთ-ერთი ოთახი განთავისუფლდა და მაშინ გადმოვედი. მარტოხელა დედა ვიყავი, სამი შვილი მყავს, ახლა სამივე გათხოვილია და აქვე, ამ დასახლებაში ცხოვრობენ.”
ამ ქოხებს შორის მატარებელი დღის განმავლობაში რამდენჯერმე გადის
მაგდა ყურშუბაძეც აქ ცხოვრობს, იხსენებს, რომ ერთხელ რომელიღაც გადაცემიდან მოვიდნენ თავისი შვილის ჩასაწერად. ოთახი კი ისეთი ვიწრო და ბნელი იყო, რომ ოპერატორმა ვერ მოახერხა სახლში კადრების გადაღება.
ირინა დოლიძეს კი მცირეწლოვანი შვილები ჰყავს, სოციალურად დაუცველია და აქ ქირით ცხოვრობს. მისი ოჯახი 25 წელია აქაა და მთავრობისგან დახმარებას ელის.
ამჟამინდელი მონაცემებით, ტერიტორიაზე ათობით ოჯახი ცდილობს ყოველდღიურად გაუმკლავდეს პრობლემებს, რომელთა სპექტრიც მრავალგვარია:
ანტისანიტარია
ე.წ. ბარაკის ტიპის დასახლებაში ერთი ლიანდაგი შენობებს შორის გადის, მეორე კი – დასავლეთიდან აკრავს სახლებს. ამის გამო იქ მუდმივად ბინძური ჰაერია. ბაზართან სიახლოვის გამო, მახლობლად იყრება ნაგავი და საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
ცხოვრება ლიანდაგებს შორისმაგდა და ნათელა – ცხოვრება ლიანდაგებს შორის
ქვეწარმავლები
დასახლების მცხოვრებლების თქმით, ყოველწლიურად რამდენიმე შემთხვევა ფიქსირდება, როცა გველს სახლის კართანაც კი პოულობენ.
ნათელა გურგენიძის თქმით, არიან ვირთხები, რომლებიც ბაზრის ტერიტორიიდან ხვდებიან დასახლებაში. ასე, რომ აქ ხშირად შეხვდებით კატებსაც, მათ პატრონები თაგვებთან საბრძოლველად უვლიან.
სახიფათო გარემო
ნათელა: მატარებელმა დღე-ღამის მონაკვეთში ნებისმიერ დროს შეიძლება გამოიაროს – დღისითაც, ღამითაც, როცა გვძინავს. იმის საშიშროებაცაა, რომ მატარებელი გადაბრუნდეს.
მაგდა: ღამე მატარებელი ისე სწრაფად ჩაივლის, ძილსაც გვიფრთხობს. რელსები ჩაწეულია და ვაგონების შეჯახების ხმა გვაღვიძებს.
კანალიზაცია
ცხოვრება ლიანდაგებს შორის
ირინა დოლიძე ახალშობილ შვილთან ერთად
ნათელა: როდის იყო? მგონი 2 წელი გავიდა უკვე, ეზოს მოპირკეთებაზე შევიტანეთ განცხადება. მერიის სამსახურიდან რომ მოვიდნენ, აღმოჩნდა, რომ კანალიზაციის სისტემაც უნდა მოწესრიგებულიყო. რადგანაც ძველი სისტემა სახლების ქვეშ გადიოდა, ვერ მისწვდნენ და გადააერთეს ჩვენი და რკინიგზის კანალიზაცია სანიაღვრე მილებს. ახლა წვიმა რომ მოდის, მთელი კანალიზაცია ამოდის ეზოში. ხან ჩვენ თვითონ ვრეცხავთ, ხან დასუფთავების მანქანას ვიძახებთ, მაგრამ სულ ხომ ვერ გამოვიძახებთ, ყველა წვიმაზე. ჰოდა, ძირითადად, ჩვენ გვიწევს გადარეცხვა.
ახლაც წყალი გვაქვს ეზოში მოშვებული, რომ სუნი არ ამოვიდეს. ისეთი სუნი დგება, ფანჯრებს ვერ ვაღებთ.
ბათუმის წყალში აცხადებენ, რომ „მაიაკოვსკის ქუჩის #2-ში წყალარინების ქსელის დაერთება ტექნიკურად ვერ ხერხდება მიმდებარედ არსებულ წყალნარინების ქსელზე. განიხილება სხვადასხვა პროექტი აქ მცხოვრები მოსახლეობის წყალნარინების ქსელზე დაერთებისთვის ალტერნატიული მიმართულებით, რომელიც დამუშავების პროცესშია“.
ცუდი საცხოვრებელი პირობები
ნათელა: ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთ. სახურავების პროგრამის ფარგლებში მთავრობიდან მოსულ წარმომადგენელს ვთხოვეთ, რომ ვისაც საშუალება აქვს სამეზობლოში, ამ სახლებზე დაშენების საშუალება მოგვცენ. არავითარ შემთხვევაშიო, გვითხრეს. საძირკველი ვერ გაუძლებსო.
მაგდა: აზრი არ აქვს რემონტის გაკეთებასაც კი. მატარებელი რომ ჩამოივლის, ყველაფერი ზანზარებს, კედლებს ბზარები უჩნდება.
ნათელა: „ტუნელებივით“ ოთახებია, უჰაერო სივრცეში გვძინავს.
არაადაპტირებული გარემო
მაგდა ყურშუბაძე: ჩემი შვილი ეტლით მოსარგებლეა და სულ მეთვალყურეობის ქვეშ მყავს. გარეთ მარტოს არ ვტოვებ, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება მატარებელმა გამოიაროს. თვითონ მასეთ დროს სწრაფად ვერ გადაადგილდება. სულ შიშის ქვეშ ვარ მაგის გამო.
შეუფერებელი გარემო ბავშვებისთვის
იქ მცხოვრებლების თქმით, დასახლებაში 20-მდე ბავშვი ცხოვრობს. მათთვის არ არსებობს სათამაშო სივრცე. ბავშვებს დღის განმავლობაში რკინიგზის უამრავჯერ გადაკვეთა უწევთ.
ირინა დოლიძე ახალშობილის დედაა. ამბობს, რომ მატარებლის ხმაურზე ბავშვი იღვიძებს. თავიდან ჩვენც გვეღვიძებოდა, გვეშინოდა რა ხდებაო.
„ძალიან ხმაურია, როცა მატარებელი ჩაივლის. ცოტა ჩქარა თუ ჩაივლის, მით უმეტეს საშინელებაა, შავი კვამლი ამოდის და ოთახში შეგვყავს ბავშვები. არც სტადიონია, არც სათამაშო სივრცე. „ტაჩკაზე“ თამაშობენ ბავშვები. უმეტესწილად მშობლები ვართ დაძაბულები, რომ ბავშვი სახლიდან არ გავიდეს, შემთხვევით, მაგ დროს მატარებელმა რომ არ გამოიაროს.
როგორ უნდა გავზარდო ჯანმრთელი ბავშვი, როცა სუფთა ჰაერიც კი არ არის“.
დაიცავი ძველი ბათუმის წევრებმა დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმის მერიასთან საგანგებო ბრიფინგი გამართეს. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები მერიას მოუწოდებენ არ მიიღოს „ბათუმი რივიერას“ პროექტის სასარგებლო გადაწყვეტილება, რადგან პროექტის დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს ბათუმის ეკოლოგიურ მდგომარეობას. დაიცავი ძველი ბათუმის წევრები პროექტის წინააღმდეგ ხელმოწერებს აგროვებენ. ამ დროისთვის 716 ხელმოწერა შეგროვდა.
მიმართვას ტექსტი უცვლელად გთავაზობთ:
2019 წლის 16 ივლისს, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს #56 განკარგულების საფუძველზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება ბათუმის კონცხის ე.წ. „ბათუმის რივიერას“ განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცებისთვის.
ჩვენ ქვემორე ხელმომწერებს მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე წარმოდგენილი პროექტით დაგეგმარება ეწინააღმდეგება ქალაქის ისტორიულ განაშენიანებას, მის ძირითად მახასიათებლებს და საფრთხის წინაშე აყენებს მის ეკოლოგიურ მდგომარეობას.
ამ საკითხთან დაკავშირებული ძირითადი არგუმენტებია:
ბათუმის კონცხი წარმოადგენს ქალაქის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ნაწილს და შედის ბათუმის ისტორიული დაცვის ზონაში, რაც დასტურდება:
ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 1987 წლის 14 აგვისტოს=748 დადგენილება – დამტკიცდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის 3 ზონა, 154 ადგილობრივი და რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის სია და ბათუმის ბულვარის (როგორც საბაღე–საპარკო ხელოვნების რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის) სტატუსი;
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს 1994 წლის 02 ნოემბრის=186 დადგენილება „ქალაქ ბათუმის ისტორიული უბნის რეკონსტრუქციის შესახებ“, რითაც ხელმეორედ დამტკიცდა ქალაქის ისტორიული ნაწილის დაცვითი ზონის საზღვრები. დადგინდა კონკრეტული რეჟიმი, რითაც აიკრძალა 3 სართულზე მაღალი შენობის აგება.
სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ 2007–2017 წლებში მომზადებული/განახლებული სხვადასხვა სახის ქალაქმშენებლობითი დოკუმენტაცია, მათ შორის –„ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა“, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით წარმოადგენს ქალაქის ისტორიული დაცვის ზონის საზღვრების განახლების საფუძველს.
წარმოდგენილი საპროექტო წინადადება სრულიად უგულებელყოფს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ფუნდამენტურ ღირებულებებს. აღსანიშნავია, რომ საპროექტო ტერიტორიაზე 2010 წლამდე არსებული ციხესიმაგრის – ბურუნთაბიეს/მიხეილის სიმაგრის დიდი ნაწილის განადგურება სწორედ უკანასკნელი მესაკუთრის პირობებში მოხდა. აღსანიშნავია, რომ ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს (მათ შორის – მომიჯნავედ) მდებარეობს რამდენიმე უძრავი ძეგლი: შუქურა, საზღვაო ვაგზალი, დრამატული თეატრი, ბათუმის ბულვარი; ისტორიულად, საპროექტო ტერიტორია სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფუნქციით იყო დატვირთული; მათ შორის – ტერიტორიის ნაწილი წარმოადგენდა საჯარო სივრცეს.
საპროექტო ტერიტორია განთავსებულია საზოგადოებრივ-საქმიან ზონაში „სსზ–2“. შესაბამისად, უნდა დაპროექტდეს ამ ზონაში ნებადართული ობიექტები. ტერიტორიის ჯამური ფართობი შეადგენს დაახლოებით 6 ჰექტარს, ანუ ინტენსივობის ჯამური ფართობი დაახლოებით 240.000კვ. მეტრია. ბათუმის განაშენიანების წესების თანახმად, უშუალოდ ტერიტორიაზე უნდა განთავსდეს 240000:120=2000 ავტომობილი, რასაც სულ მცირე 45.000 კვ.მეტრი დასჭირდება. ბენეფიციართა სავარაუდო რაოდენობა დაახლოებით 10.000 ადამიანია. პროექტის დამცველები, როგორც წესი, ამ საკითხებზე არ საუბრობენ.
მიუხედავად იმისა, რომ მენაშენე კ2 კოეფიციენტის გაზრდას ფორმალურად არ ითხოვს, რეალურად ზრდის ინტენსივობის კოეფიციენტს შემდეგ გარემოებათა გამო:
ტერიტორიაზე გათვალისწინებულია ნავსაყუდელის მოწყობა; შესაბამისად – ინტენსივობის ფართობის გამოთვლისას წყლის სარკის ფართობი გაანგარიშებაში გათვალისწინებული არ უნდა იყოს;
2009 წლიდან ტერიტორიას გააჩნია მე–2 საზოგადოებრივ–საქმიანი ზონის („სსზ–2“) სტატუსი. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ეს უნდა იყოს განაშენიანების მაღალი ინტენსივობის ზონა, სადაც დომინირებულ სახეობას შეადგენს საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები. ამასთან, დასაშვებია ამ ზონის ფუნქციონირებისათვის უზრუნველმყოფი საცხოვრებელი შენობების არსებობა. განაშენიანების კოეფიციენტები აქ შემდეგია: კ1=0,7; კ2=4,0. რეალურად კი გათვალისწინებულია ისეთი ზონის მოწყობა, სადაც დომინირებული სახეობა საცხოვრებელი დანიშნულების (საცხოვრებელი ბინა, აპარტამენტი, აპარტ–ოტელი, სასტუმრო) იქნება. ასეთია მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა „სზ-6“, სადაც კ1=0,5 და კ2=2,2;
პროექტის განხორციელება საკმაოდ პრობლემურია ეკოლოგიისა და უსაფრთხოების კუთხით, გამომდინარე იქედან, რომ ქ.ბათუმში (მათ შორის ბათუმის კონცხის გარშემო) მიმდინარეობს სანაპირო ზოლის წარეცხვის პროცესი, რაც კიდევ უფრო გაძლიერდა კლიმატის ცვლილებისა და აგრეთვე მდ.ჭოროხიდან ნატანის ჩამოტანის შეჩერების გამო.
მოგახსენებთ, რომ შავი ზღვის სანაპიროს მორფოდინამიკა ბათუმის კონცხთან საკმაოდ პრობლემურია, როგორც ეს აღნიშნულია არაერთ ნაშრომში და რასაც არაერთი მეცნიერი ამტკიცებს: ბათუმის კონცხი, ისევე, როგორც სხვა აკუმულაციური კონცხები, ძალზე დინამიკური და მგრძნობიარეა ბუნებრივი და ანთროპოგენული მოვლენების მიმართ. გაბატონებული ტალღების სამხრეთ-დასავლეთისა და დასავლეთის რუმბის ღელვების დროს, ბათუმის კონცხის წყალზედა და წყალქვეშა ფერდზე გროვდება ნატანი, ხოლო აკუმულირებული ნატანის ჭარბი მოცულობა იკარგება დიდ სიღრმეებში. ეს პროცესი ძალზე ნეგატიურად მოქმედებს კონცხის მდგრადობაზე, შესაბამისად, საშიში ხდება ქალაქის ამ მონაკვეთის რეკრეაციული მიზნებისთვის გამოყენება, რომ არაფერი ვთქვათ აქ ასეთი მასშტაბური მშენებლობის განხორციელებაზე. კონცხის ტექნოგენური დატვირთვა მეწყრული პროცესების პროვოცირება-განვითარების საშიშროებას ქმნის, რასაც რამდენჯერმე ისედაც ჰქონდა ადგილი.
იგივე საშიშროება აღწერილია „აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიაში“, რომელიც წარმოადგენს გაეროს კლიმატის ცვლილების კონვენციის სამდივნოში საქართველოს მესამე ეროვნული შეტყობინების განუყოფელ ნაწილს. სტრატეგიის ავტორთა განცხადებით, „დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში დღემდე არ არის მომზადებული ბათუმის სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის გეგმა, რომელიც შემუშავებული იქნებოდა საქართველოს მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებებისა და შავი ზღვის კომისიის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ეს გეგმა შეძლებდა სრულფასოვნად გაეცა პასუხი საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს და დააცხრობდა მათ შეშფოთებას.
ცნობილია, რომ სანაპიროზე სასტუმროებისა და სახლების მშენებლობა ზრდის გარემოზე ანთროპოგენურ ტვირთს და აუარესებს პლაჟებისა და სანაპირო წყლების ხარისხს.
სამინისტროსა და მერიისთვის წარმოდგენილ დოკუმენტაციაში არაფერია ნათქვამი, თუ დაგეგმილ შენობათა კომპლექსს რა ტიპის ზემოქმედება შეიძლება ჰქონდეს ქალაქში ჰაერის მასებზე. დეველოპერის მტკიცებით, ამ სახის ზემოქმედება იმიტომ არ იქნება, რომ პროექტით დაგეგმილ ასაშენებელ შენობა-ნაგებობებს შორის დაშორება 80-100 მეტრი იქნება. ეს არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, გვექნება თუ არა აქ ვენტურის ეფექტი (გაზრდილი ქარის სიჩქარე), თუ ის პირიქით შემცირდება. ამასთან, შესასწავლია რა ზემოქმედება ექნება კომპლექსს ქ. ბათუმის ჰაერის ხარისხზე, როგორც მშენებლობის, ასევე მისი ექსპლუატაციის დროს.
შესასწავლია პლაჟის ნაწილობრივი დაჩრდილვის საფრთხისა და ლაგუნის მოწყობასთან დაკავშირებული ტექნიკური და იურიდიული საკითხები; ამასთან, გასათვალისწინებელია პროექტის არქიტექტურული მხარე, მათ შორის – ანსამბლურობა, შენობების ვიზუალური გამომსახველობა და სხვა.
ჩვენი შეფასებით, პროექტი საფრთხეს უქმნის ქალაქ ბათუმის ისტორიულ განაშენიანებას, კერძოდ – ისტორიულად ჩამოყალიბებულ ხედებსა და პანორამებს, სოციალურ-ეკონომიკურ და კულტურულ კონტექსტს. ამასთან, წარმოდგენილი საპროექტო წინადადება არ ითვალისწინებს ქალაქის ისტორიული ნაწილის „გენეტიკურ კოდს“, მისი იდენტურობის განმსაზღვრელ ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა: განაშენიანების გეგმარებითი სტრუქტურა, მორფოლოგია, შენობების მასშტაბი, ხასიათი, სილუეტი, იერ-სახე და ლანდშაფტი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გთხოვთ უზრუნველყოთ:
საპროექტო ტერიტორიის დაგეგმარება მოხდეს ქალაქ ბათუმის ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმისა და განაშენიანების რეგულირების არსებული მოთხოვნების შესაბამისად;
წარმოდგენილი პროექტი თავისი მასშტაბით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვეულებრივი მუნიციპალური პროექტი და მოიცავს ბუნებრივ და სოციალურ ფაქტორებზე აქტიურ ზემოქმედებას, აუცილებლად მიგვაჩნია პროექტისათვის მოხდეს სრულფასოვანი გარემოსა და სოციალურ საკითხებზე ზემოქმედების შეფასების (გსზშ) მიზნით შესაბამისი კვლევების ჩატარება და ანგარიშის მომზადება გამოცდილი და სპეციფიკურად ამ პროფილის მქონე უცხოეთიდან მოწვეული კომპანიის მიერ. ამ ანგარიშში აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საკითხი და, ასევე, გათვალისწინებული უნდა იყოს სანაპირო ზოლის ინტეგრირებული მართვის პრინციპები და აზიის განვითარების ბანკის მიერ წამოწყებული პროექტის პრინციპები და ძირითადი მიმართულებები;
დღეს, 9 აგვისტოს, ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“, ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, ასევე, გენდერული საბჭოების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. განხილვის თემა იყო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხრივ, ბოლო პერიოდში, საკანონმდებლო სფეროში განხორციელებული ცვლილებები.
ორგანიზაციის საპარლამენტო მდივანი, ლიკა საჯაია ამბობს, რომ ხშირად ქალებმა არ იციან, სად და რა ფორმით ირღვევა მათი უფლება. სწორედ ამისთვისაა საჭირო მათი კარგად ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება კანონმდებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, მისი თქმით, საქართველოში მცხოვრები ქალები ამბობენ, რომ უფრო ხშირად მათი უფლებები ოჯახში ირღვევა, უცხო ქვეყნებში მცხოვრები ქალების აზრით კი, – საზოგადოებრივ სამსახურებში.
„მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ქალთა და კაცთა თანაბარი ხელმისაწვდომობა, რიგი საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა. მათ შორის სისხლის სამართლის კოდექსში იყო მნიშვნელოვანი ცვლილებები, იგივე სექსუალური შევიწროება, ადევნება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილებები. მედიაცია არ გამოიყენებოდა ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით, რაც შეიცვალა, ასევე, შევიდა ცვლილება შრომის სამართლის კოდექსში. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენ სტამბულის კონვენციის რატიფიცირება მოვახდინეთ და აქედან გამომდინარე, ძალიან გაფართოვდა ქალთა უფლებების მიმართულებით საკანონმდებლო საქმიანობა“, – ამბობს ლიკა საჯაია.
შეხვედრა ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან ბათუმში, სასტუმრო „რედისონში“. ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
მისივე თქმით, ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან შეხვედრის მიზანია, უკეთ დავინახოთ რა გამოწვევები არსებობს. „ერთი მხრივ, დავინახოთ, საკანონმდებლო ცვლილებები რეალობაში რამდენად კარგად მუშაობს, ხომ არ გვაქვს შემთხვევა, როდესაც კარგი კანონი მხოლოდ და მხოლოდ კანონისთვის მივიღეთ და ხომ არ არის საჭირო რაიმე ღონისძიების გატარება და სხვა კანონში რაიმე ცვლილება“.
ფემიციდის კანონპროექტი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა წინა წლებში და პარლამენტმა ჩააგდო, შესალოა, ისევ გახდეს მსჯელობის საგანი არასამთავრობოების მხრიდან. ასევე, გენდერული კვოტირების თემა, რომელიც ითვალისწინებდა იმ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გაზრდას, ვისაც საარჩევნო სიის ყოველ ათეულში 30 პროცენტზე მეტი ქალი ჰყავს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ შეხვედრა სასტუმრო „რედისონში“ ქალთა უფლებადამცველ ორგანიზაციებთან.
„საინტერესოა, ამ თემაზე რას ფიქრობენ რეგიონში ქალები“, – ამბობს ლიკა საჯაია. მისი თქმით, ასევე საინტერესოა ისიც, რომ ევროკომისია რამდენიმე ასპექტს გამოყოფს, ქალთა უფლებები უკეთ რომ იყოს დაცული. ერთ-ერთი ასპექტი სწორედ დახვეწილი კანონმდებლობაა, მეორე – კანონის აღსრულება და შემდეგ უნდა არსებობდეს მუდმივი დიალოგი ბიზნესსექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ქალების წარმომადგენლებთან და ასე უნდა დაიგეგმოს შემდგომი სხვა ნაბიჯები. ეს ბოლო ეტაპი ჩვენთან სრულყოფილად ვერ სრულდება“.
ლიკა საჯაიას თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ბიუჯეტის გენდერული ანალიზი, რასაც განვითარებული ქვეყნები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. „ბიუჯეტი ისე უნდა იყოს დაგეგმილი, რომ ხელი შეუწყოს ქალთა უფლებების განვითარებას და ქალთა და კაცთა თანაბარ განვითარებას, რაც ჩვენთან არ ხდება“.
ლიკა საჯაიას თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია საზოგადოების ნდობა იმ სახელმწიფო სტრუქტურების მიმართ, რომლებიც მათ უფლებებს უნდა იცავდნენ.
ამ თემაზე შეხვედრები ბათუმის გარდა სხვა რეგიონებშიც არის დაგეგმილი.
10 და 11 აგვისტოს ბათუმის ბულვარში, კოლონადების მიმდებარედ, რიგით მეხუთე „თაფლის ფესტივალი“ გაიმართება. ფესტივალში საქართველოს მასშტაბით 40-ზე მეტი მეფუტკრე-ფერმერი მიიღებს მონაწილეობას.
თაფლის ფესტივალი 10 აგვისტოს დღის 4 საათზე დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 10 საათამდე, ხოლო 11 აგვისტოს – დილის 12 საათიდან დაიწყება და გაგრძელდება საღამოს 7 საათამდე.
[checklist]
ფესტივალზე ასევე წარმოდგენილი იქნება „ჯარას“ ტრადიციული მეფუტკრეობა და ჯარას თაფლი;
სტუმრებს 2 დღის მანძილზე შესაძლებლობა ექნებათ, დააგემოვნონ და შეიძინონ საქართველოში არსებული უნიკალური თაფლოვანი მცენარეებისაგან დამზადებული ნატურალური თაფლი და ფუტკრის პროდუქტების ნაირსახეობა;
მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება მეფუტკრეების მასტერკლასები; იქნება გასართობი ღონისძიებები, მუსიკალური გაფორმება და შოუპროგრამები ბავშვებისათვის.
[/checklist]
თაფლის ფესტივალი ბათუმში აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული მეფუტკრეობის ბიზნესასოციაციის ორგანიზებით ტარდება.
მთავარი ფოტო: თაფლზე დამზადებული ტკბილეული თაფლის ფესტივალზე – ბათუმი 2017 / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.
„საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, იმერეთის რეგიონში, კერძო საექსპერტო დაწესებულების ხელმძღვანელი და ლაბორატორიის უფროსი ამხილეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, არაკანონიერი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმი ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.
აღნიშნული კატეგორიის დანაშაული ისჯება საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.
აჭარის მთავრობა დღეს, 14: 00 საათზე, დეპარტამენტის თანამშრომლებს ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ახალ დირექტორს წარუდგენს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ახალი დირექტორი ლელა გოგუაძე იქნება. ის ამ დრომდე აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის სარეკლამო განყოფილებაში მუშაობდა.
წელს პირველად, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები ზღვაში დამოუკიდებლად შეძლებენ შესვლას და ბანაობას. ბათუმის ბულვარმა ეტლით მოსარგებლე პირებისთვის ზღვაში შესასვლელი ხუთი საცურაო ტივტივა ეტლი შეიძინა. ტივტივა ეტლით სარგებლობა მომხმარებლისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟი დღეს გაიხსნა.
პირველი, ვინც დამოუკიდებლად შეძლო ზღვაში შესვლა და ბანაობა თეა კაკაბაძე იყო.
შშმ პირებისთვის ადაპტირებული პლაჟი ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს სრულად არის მორგებული.
პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება, რომელიც ინკლუზიური ტურიზმის განვითარებასა და შშმ პირთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ემსახურება. ადაპტირებულ ინფრასტრუქტურულ პროექტს “ბათუმის ბულვარი“ ახორციელებს. უწყებაში გვითხრეს, რომ პროექტის საერთო ღირებულება 69 ათასი ლარია.
რუსუდან მჭედლიშვილი 12 წელია ეტლით მოსარგებლეა. ამ ხნის განმავლობაში ის პირველად შევა დღეს ზღვაში ტივტივა ეტლის დახმარებით
წლევანდელი საზღვაო სეზონის დაწყებამდე, ბათუმის ბულვარში სხვაგანაც მოეწყო ადაპტირებული ინფრასტრუქტურა – სანაპირო ზოლზე გაჩნდა ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე-გამოსაცვლელი და საზოგადოებრივი საპირფარეშო. თანამედროვე მულტიფუნქციური ადაპტირებული საპირფარეშო აღჭურვილია თანამედროვე თვითმწმენდი ტექნოლოგიებით, სადაც განთავსებულია ბავშვთა გამოსაცვლელი ანტიბაქტერიული კუთხე და ანტივანდალური ინვენტარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამჯერად, სამინისტრომ სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები გურიის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის ტერიტორიაზე კიდევ 11 ადგილზე აამოქმედა.
„ასევე, ბოლო პერიოდში, საავტომობილო სიჩქარის მზომი სექციური „ჭკვიანი“ კამერები მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ტერიტორიაზე კიდევ 6 ადგილას ამოქმედდა, ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე – 4 ლოკაციაზე, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის რეგიონის ტერიტორიაზე – 8 , სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე კი – 2 ლოკაციაზე.
სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 652 კმ სიგრძის საავტომობილო გზა გაკონტროლდება. ამ დროისთვის, სრული დატვირთვით მუშაობს 3820 ვიდეოკამერა, რომელთაგანაც 1230 ნომრის ამომცნობია, ხოლო 2590 – ზოგადი ხედვის ვიდეოკამერა. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში მხოლოდ 170 ვიდეოკამერა ფუნქციონირებდა.“ – აცხადებს შსს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის ბოლომდე საქართველოს ტერიტორიაზე სულ ამოქმედდება 5 000-მდე ვიდეოკამერა, მათ შორის 2 100 ე.წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა, ხოლო სიჩქარის მზომი სექციური მოწყობილობებით გადაფარული იქნება საავტომობილო გზის 700 კმ-მდე მონაკვეთი.
ახალი ადგილები, სადაც „ჭკვიანი“ კამერები ამოქმედდა:
1. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრიდან (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – გრიგოლეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
2. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
3. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი სუფსა – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრამდე (ქალაქი ფოთი, მალთაყვის ხიდი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
4. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრიდან (სოფელი გრიგოლეთი>ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
5. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 47-ე კილომეტრამდე (სოფელი გრიგოლეთი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
6. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრიდან (სოფელი ურეკი – ბათუმი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
7. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ფოთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 52-ე კილომეტრამდე (სოფელი ურეკი – ფოთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
8. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ქობულეთი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრამდე (ციცინათელა – ქობულეთი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
9. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 62-ე კილომეტრიდან (ციცინათელა – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
10. სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრიდან (სოფელი ნატანების გადასახვევი – ბათუმი) ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრამდე (ნატანები – ბათუმი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ;
11. ქობულეთი-ბათუმის საავტომობილო გზის მე-2 კილომეტრიდან (ნატანები – ურეკი) სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 54-ე კილომეტრამდე (სოფელი ნატანების გადასახვევი – ურეკი), ნებადართული სიჩქარეა 90 კმ/სთ.
ორი კვლევა ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციით, ისევ ტოვებს კითხვებს „რივიერა ბათუმის“ ტერიტორიაზე დაგეგმილ მშენებლობასთან დაკავშირებით. რისკებზე საუბრისას სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ბათუმის კონცხთან დაგროვილ ნატანი მიმდებარედ, ზღვაში არსებულ კანიონზე. საუბარია მდინარე ჭოროხის მიერ შემოტანილ მასებზე, რაც ბათუმის კონცხთან გროვდება. ამ მიმართულებით კვლევა 10 წელზე მეტია არავის ჩაუტარებია. შესაბამისად, აქ დაგროვილი ნატანის სავარაუდო ოდენობაზეც კი, ამ დროისთვის არცერთ სახელმწიფო უწყებას პასუხი არ აქვს.
კანიონთან არსებული ვითარება არც 1999 წელს ჰქონდათ შესწავლილი. სწორედ მაშინ, მიწისძვრამ კონცხზე ინერტული მასების ჩამოშლა გამოიწვია, რის შედეგად დაახლოებით 200 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანის პლაჟის ნაწილი ზღვამ მიიტაცა.
მას შემდეგ, რაც კონცხის ტერიტორიაზე შპს „რივიერა ბათუმმა“ ხუთი თაუერის მშენებლობა დაგეგმა, კანიონთან დაგროვილი ნატანის ოდენობის შესწავლის აუცილებლობის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა.
შპს „რივიერა ბათუმის“ წარმომადგენელები ამბობენ, რომ კანიონთან დაკავშირებულ პროცესებს პროექტით დაგეგმილ შენობების საძირკველსა და მათ მდგრადობაზე პირდაპირი კავშირი ვერ ექნება, რადგან სამშენებლო ტერიტორია კანიონს მოშორებულია. მათ ამის შესახებ, როგორც ნებართვის გამცემ უწყებებს, ასევე ამ საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას იტალიური კომპანიის დასკვნა წარუდგინეს. 1999 წელს ბათუმის კონცხთან პლაჟის წარეცხვის ფაქტი ამ კვლევაშიც არის განხილული და წერია ისიც, რომ ტერიტორიის არასტაბილურობა ამ ადგილზე წყალქვეშა კანიონის არსებობით არის განპირობებული:
„არასტაბილურობის პროცესი ციკლური ფენომენია, რომელიც გააქტიურებულია დანალექის განუწყვეტელი ზრდით, რაც ძირითადად სანაპიროზე მდინარე ჭოროხის მეშვეობით გაიტანება. კონცხის მიდამოში ადგილი აქვს სხვადასხვა არასტაბილურობას: ძირითადი არასტაბილურობის პროცესი, რამაც 1999 წელს გამოიწვია მასიური მეწყერი და მეორადი არასტაბილურობის პროცესი, რომელიც დამოუკიდებელია ძირითადისგან და მოიცავს მცირე ზომის ნიადაგებს.“
რა პრობლემა შეიძლება შექმნას კანიონთან დაგროვებულმა ნატანმა
კანიონთან დაგროვებულმა ნატანს რა კავშირი შეიძლება ჰქონდეს რივიერას პროექტთან? – ამ კითხვაზე ორი კვლევის ორი ურთიერთგამომრიცხავი პასუხი გვაქვს:
„…დიდ საფრთხესთანაა დაკავშირებული ბათუმის კონცხის ტერიტორიაზე მრავალსართულიანი სახლების მშენებლობა, რომელთა დიდ სიმძიმეს შეიძლება ვერ გაუძლოს კონცხის ნაპირთან ახლოს მდებარე წყალქვეშა კანიონის სათავეებში მეწყრების ზეგავლენით დასუსტებულმა სანაპირო ზოლმა“, – წერია კვლევაში, რომელიც სახელმწიფომ ჩაატარა თავისი სპეციალისტების მონაწილეობთ. ეს კვლევა 2013 წელს გაერომ დააფინანსა და აჭარის კლიმატის ცვლილების სტრატეგიის ნაწილია.
კვლევაში მაშინ მონაწილეობდა გეოლოგი ტერიელ ტუსკიაც, რომელიც, „რივიერა ბათუმის“ დირექტორის, გიორგი კაპანაძის სიტყვებით „საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ გეოლოგად ითვლება“.
ამავე გეოლოგმა ჩაატარა კვლევა „რივიერა ბათუმის“ დაკვეთითაც. ამჯერად მის მიერ ჩატარებული კვლევების ექსპერტიზის საფუძველზე, განსხვავებული დასკვნები გამოიტანა „რივიერა ბათუმის“ მიერ დაქირავებულმა იტალიურმა კომპანია „Studio Colleselli“ -მ , რომელსაც იახტების მისადგომის ტექნიკური პირობების კომპლექსური შემოწმების ჩატარებაზე ჰქონდა დაკვეთა მიღებული. კვლევაში მითითებულია, რომ კომპანიამ შეისწავლა ტერიტორია „ბათუმი რივიერას“ სამშენებლო ფართობის მახლობლად, დაახლოებით 6 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, შესასვლელით რუსთაველის გამზირისა და გოგებაშვილის ქუჩის წრიული გზაჯვარედინიდან.
დოკუმენტში წერია, რომ დაგეგმილი მშენებლობის საძირკვლის ნიადაგების კვლევა 2018 წლის სექტემბერ-ოქტომბერში შპს Tuski Geology Group-მ აწარმოა [ამ კომპანიის დამფუძნებელია სწორედ ტარიელ ტუსკია], შემდეგ კი მის მიერ მომზადებულ მონაცემებზე დაყრდნობით დასკვნა მოამზადა შპს „სტუდიო კოლისელმა“. ის დაეყრდნო ასევე ილიას უნივერსიტეტის სეისმურ მონაცემებს და თეა გოდოლაძის მიერ მომზადებულ საქართველოს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორის კვლევას.
ჩატარებული კვლევების მიხედვით, ამ ზონაში არსებული ნიადაგის პირობების მიხედვით, საძირკველში ღრმა ხიმინჯების გამოყენება მიზანშეწონილია. ნიადაგის გაწყლოვანების რისკი კი უმნიშვნელოდ ითვლება და შესაძლებელია მისი უგულებელყოფა.
დაგეგმილი 5 თაუერის პარამეტრები
„ბათუმი რივიერას“ ინფორმაციით, 42-სართულიანი კოშკის სიმაღლე, რომლის აშენებაც სანაპიროსთან ყველაზე ახლოს იგეგმება, 159 მეტრი იქნება [კოშკის ზომები – 50×50 მ]. კოშკს ექნება ღრმა საძირკვლები და 40 მ-ზე მეტი სიგრძის ხიმინჯებზე დადგება. დაგეგმილი სამშენებლო პროექტის ფარგლებში ეს ყველაზე მაღალი კოშკი არ იქნება. მეორე კოშკი, რომელიც სანაპირო ზოლიდან შედარებით მოშორებითაა დაგეგმილი, 56-სართულიანია და მისი სიმაღლე 205,60 მეტრი იქნება – სწორედ ეს იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.
პროექტის რენდერის მიხედვით, პირველი კოშკი [სანაპირო ზოლთან ყველაზე ახლოს] სანაპირო ხაზიდან ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით 150 მ-ში მდებარეობს. კოლისელის“ დასკვნაში წერია, რომ ამ ადგილმდებარეობის გამო ინერტული მასების ისეთი მასიური ჩამოშლის შემთხვევაშიც კი, როგორსაც ადგილი ჰქონდა 1999 წელს, რთულად სავარაუდოა, რომ აღნიშნულმა რაიმე გავლენა მოახდინოს კოშკის საძირკვლის სისტემაზე: „მეორე მხრივ კი, შეიძლება ითქვას, რომ დატვირთვის გადატანა ფუნდამენტიდან ნიადაგზე არ იქნება ინერტული მასების ჩამოშლის მაპროვოცირებელი ფაქტორი.“ თუმცა აქვე წერია, რომ ამ ყველაფერს – ბათუმის კონცხის მორფოდინამიკურ ევოლუციას მონიტორინგი მაინც დასჭირდება და ეს კომპეტენტურმა უწყებამ უნდა გააკეთოს.
კომპანიაში განგვიმარტეს, რომ ამაში სახელმწიფო უწყებას გულისხმობენ.
მესამე 174,10 მეტრი სიმაღლის თაუერი 47-სართულიანი იქნება. სამშენებლო პროექტი კიდევ ორ თაუერს მოიცავს, რომელთა სიმაღლეები 100,60 [26 სართული] და 114,60 [29 სართული] მეტრი.
შენობების განლაგება – რენდერი
რენდერი
ახალი ლაგუნა
კიდევ ერთი საკითხი, რაც მისი ტექნიკური მომზადების თვალსაზრისით ინტერესს იწვევს, ეს ახალი, ხელოვნური ლაგუნაა. პროექტი მოიცავს შიდა ხელოვნური ლაგუნას მშენებლობას, რომელიც არსებულ ლაგუნას არხით უნდა დაუკავშირდეს. კომპანია ირწმუნება, რომ ხელოვნური ლაგუნას გავლენა კოშკების საძირკველზე იქნება უმნიშვნელო ან მინიმალური. „ახალ ლაგუნას დამაკავშირებელ არხს არ ექნება არავითარ უარყოფით გავლენა არსებულ ლაგუნას სანაპირო კედლისა და ჯებირის სტაბილურობაზე და იგი არ მოახდენს არავითარ უარყოფით გავლენას ბათუმის კონცხის მორფოდინამიკაზე და კანიონის სტაბილურობაზე“, – წერია დოკუმენტში.
ტერიტორიის რელიეფის სირთულის გათვალისწინებით, რა გავლენას მოახდენს პროექტი გარემოზე? – ამ კითხვაზე პასუხი გარემოს დაცვის სამინისტროში არ აქვთ. უწყებაში პროექტი არ შეუსწავლიათ იმ მიზეზით, რომ სამინისტროს ამას გარემოსდაცვის კოდექსი არ ავალდებულებს.
„…იმ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით, რაც იყო წარმოდგენილი, ასეთი შეფასება მას არ სჭირდებოდა. ხელოვნური ლაგუნა არ გვაქვს კოდექსის იმ ჩამონათვალში, რომლებთან დაკავშირებითაც კანონი გზშ-ს მომზადებას ითხოვს. ათ ჰექტარზე მეტ ფართობზე თუ ხდება ურბანული განაშენიანება, ან რაიმე ტიპის განაშენიანება ამას სჭირდება გარემოზე ზემოქმედების შეფასების სკრინინგის პროცედურა, ეს ტერიტორია არ არის ათ ჰექტარზე მეტი“, – გვითხრა გარემოს დაცვის სამინისტროსშეფასების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მაია ბერაძემ.
შპს „რივიერე ბათუმის“ დირექტორი გიორგი კაპანაძე იტალიელი სპეციალისტების გაანგარიშებებს ენდობა. რისკებთან დაკავშირებით არსებულ მოსაზრებაზე საუბრისას ის აცხადებს, რომ, პირველ რიგში, თავად არის დაინტერესებული პროექტის მდგრადობასთან დაკავშირებით ყველა კითხვას პასუხი გაეცეს, რადგან მისი კომპანია არ აპირებს მილიონების დახარჯვას პროექტში, რომელსაც მომავალში საფრთხე დაემუქრება. ამავე დროს ის ადასტურებს იმასაც, რომ კანიონთან არსებულ ნატანსა და მის ოდენობაზე კომპანიას ინფორმაცია არ აქვს. „ერთი ჩაყვინთვით იქ ტონაჟობას რომ ვერ დაადგენდნენ, ცხადია“, – ამბობს ის.
ყველა კითხვაზე პასუხი არც გეოლოგ ტარიელ ტუსკიას აქვს. ის ამბობს, რომ მისი საქმე იყო გრუნტის შესწავლა და შესაბამისი ინფორმაციის კომპანიისთვის მიწოდება. კონცხის სანაპიროს მდგრადობა პროექტის მშენებლობის შემდეგ, კანიონში არსებული მდგომარეობა და რისკები სეისმური აქტივობის დროს სულ სხვა საკითხია.
„ჩემს კვლევებზე სრულ პასუხისმგებლობას ვიღებ. ჩვენ გრუნტი შევისწავლეთ და მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მივაწოდეთ კომპანიას. როგორი საძირკველი უნდა ჰქონდეს შენობას, რა სართულიანობას გაუძლებს, ეს კონსტრუქტორის გამოსაანგარიშებელია. რაც შეეხება კანიონს და კანიონთან დაგროვილ ნატანს, ეს აუცილებლად შესასწავლია. იყო ასეთი სამსახური საქნაპირდაცვა, რომელსაც ყოველწლიურად ამ ტერიტორიიდან დაახლოებით 20-25 კუბური მეტრი ინერტული მასალა ამოჰქონდა. ათ წელზე მეტია, რაც არ ვიცით იქ რა სურათია. არის იქ ეს მასალა, დალექილია, არ არის დალექილი, ამაზე ცალკე კვლევაა ჩასატარებელი. როგორც პროფესიონალს, მეც მაინტერესებს იქ რა ხდება და ბათუმის კონცხი რა მდგომარეობაშია, თუმცა ამას მე, პირადად, მშენებლობასთან ვერ დავაკავშირებ“, – ამბობს ტარიელ ტუსკია.
საქნაპირდაცვა დიდი ხანია, რაც აღარ არსებობს. მისი ფუნქციები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეითავსა. პროექტი ამ სამინისტროშიც შეისწავლეს. რა შეფასებები გააკეთეს სპეციალისტებმა პროექტთან მიმართებაში, ამის შესახებ სამისტროს ვკითხეთ. პასუხს მიღებისთანავე აქვე შემოგთავაზებთ.
სამშენებლო რელიეფის სირთულესა და რისკების მასიმალური გათვლის აუცილებლობაზე საუბრობს თეა გდოლაძე, რომელმაც კომპანიის დაკვეთით სამშენებლო ტერიტორიის გეომორფოლოგია შეისწავლა. მისთვის სიურპრიზი აღმოჩნდა ის, რომ ამ ადგილზე შპს „რივიერა ბათუმი“ 56-სართულიანი შენობის აშენებას გეგმავს:
„ჩვენი იყო გეოფიზიკური კომპონენტი, ეს არის გრუნტის მდგომარეობა, სიჩქარე და რა სეისმურ დატვირთვებზე უნდა აშენებულიყო შენობა. ამიტომ სხვა დეტალები პროექტის შესახებ არ ვიცი. რაც შეეხება სეისმურ მდგარდობას, სეისმური ფაქტორები უნდა იყოს გათვალისწინებული პროექტირების დროს, ამას უნდა დაემატოს გარემოფაქტორები, სეისმური კუთხით ყველაგან შეიძლება შენობის დადგმა, თუ ამის საშუალებას გრუნტის პირობები გაძლევთ. ცუდი გრუნტია, მაქ არ არის კარგი გრუნტი. ამიტომ მთლიანად კონსტრუქციის ქცევაა მნიშვნალოვანი იმ დატვირთვებზე, რაც ჩვენ მივეცით, ერთია რა მონაცემებს მისცემ და მეორეა ის რას გააკეთებს. ვფიქრობ, საქართველოს მორფოლოგიიდან გამომდინარე ასპროცენტიანი კი არა ორპროცენტიანი დატვირთვები უნდა ავიღოთ, ამ შემთხვევაში დიდი აჩქარება ჩნდება. კომპანიას არჩევანი 100%-ზე აქვს გეკეთებული.“
ბათუმის საკრებულომ 16 ივლისს, ხმაურის ფონზე მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მერიას დაევალა დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის მოსამზადებლად. პროცედურა პროექტის [გრგ-ის] საჯარო განხილვასაც გულისხმობს.
რივიერას ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა საბოლოოდ ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.
მთავარი ფოტო: პროექტის რენდერი გენგეგმიდან – როგორი ხედი ექნება ბათუმის შემოსასვლელს
აჭარის მეტალურგიული კერების არქეოლოგიური კვლევის მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მდინარე მაჭახელას ხეობაში გარკვეული არქეოლოგიური სამუშაოების ჩატარებას გეგმავს. მომსახურებას სააგენტო ტენდერით შეისყიდის. სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 16 946 ლარია.
ტენდერის პირობის მიხედვით, აჭარის მეტალურგიული კერების გამოვლენისა და კვლევისთვის უნდა ჩატარდეს შემდეგი არქეოლოგიური სამუშაოები:
[checklist]
მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროს კლდოვანი ქანების გაწმენდა მცენარეული საფარისა და ეკალ-ბარდისაგან;
მდინარე მაჭახელას ორივე სანაპიროზე მიწის ფენის მოხსნა;
მდინარის ორივე ნაპირზე ქვის გოლების გაწმენდა ხერგილისა და ქვა–ღორღისაგან;
განათხარი მიწის გატანა 20 მ მანძილზე ხელით და ურიკით.
[/checklist]
სამუშაოები მაჭახელას ხეობაში, სოფელ ქვედა ჩხუტუნეთში უნდა ჩატარდეს. „ჩასატარებელი სამუშაოებით მოხდება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესასწავლად და დასაცავად საჭირო ღონისძიებების განხორციელება“, – აცხადებს ეროვნული სააგენტო.
„ბოლო წლებში სადაზვერვო და მცირე მასშტაბის გაწმენდითი-გათხრითი საველე სამუშაოების შედეგად, აჭარის ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული მეტად საინტერესო კერები. მათმა რიცხვა 25-ს მიაღწია. დასტურდება, რომ ლითონის დასაქუცმაცებელი ქვის გობების პარალელურად აქაურ მკვიდრთ გამოუყენებიათ თითქმის ინდუსტრიულ დონეზე აყვანილი ახალი ტექნოლოგიური ხერხები.
მისი არსი მდგომარეობს შემდეგში: პირველ რიგში მდინარეთა ხეობებში, უპირატესად დამრეც, სიპ კლდოვან მასივებში, თვით მდინარეთა კალაპოტებში ამოუკვეთიათ მოზრდილი გოლები, რომელთა სიფართე ზოგჯერ 5 მ–ზე მეტია, ხოლო სიღრმე 1,5 მ–დე. მასში ათავსებდნენ საბადოებიდან გამოტანილ ლითონის ნატეხებს ფუჭი ქანებისაგან განთავისფულების მიზნით.
ყველა ძეგლზე მათი რიცხვი საგრძნობია. მაგალითად, თეთრობის მთაზე 24 ასეთი გოლის არსებობა დადასტურდა. ამავდროულად, ძველ მეტალურგებს კლდის მასივებშივე ამოუკვეთიათ ასევე დიდი რაოდენობით სხვადასხვა ზომის ქვის გობები, რომლებშიც ხდებოდა წყლის ენერგიის გამოყენებით გოლებში გამდიდრებული ლითონის დაფშვნა–დაქუცმაცება მომდევნო ეტაპისათვის ქურებში ლღობის პროცესების დაჩქარების მიზნით. მათმა რიცხვმა ასეულს გადააჭარბა. ზოგჯერ მარტო ერთ ძეგლზე 30-მდე კლდეში ნაკვეთი გობია დაფიქსირებული.
მოპოვებულია ბრინჯაოს მეტალურგიასთან დაკავშირებული საინტერესო არტეფაქტები. ჩანს, რომ პოლიმეტალებით მდიდარი სამხრეთ–დასავლეთ საქართველო, განსაკუთრებით ჭოროხის აუზი, წარმოადგენდა ბრინჯაოს მეტალურგიის მსოფლიო ცივილიზაციის ერთ–ერთ უძველეს კერას ძვ.წ. V–II ათასწლეულებისათვის. ჩვენს ხელთ არსებული მონაპოვრების მიხედვით უნდა ჩანდეს, რომ აქაური ნედლეული მარტო ადგილობრივი მომხარების საგანი არ უნდა ყოფილიყო. ეჭვგარეშეა, რომ მნიშვნელოვანი წილი მიედინებოდა ანატოლიისა თუ წინა აზიის ქვეყნებში“, – აღნიშნულია ძეგლის მოკლე აღწერაში.
ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები აჭარის მეტალურგიული კერების ტერიტორიაზე [მაჭახელას ხეობაში], გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 2 ნოემბრამდე უნდა ჩატარდეს.
2019 წლის 16 ივლისიდან სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდა. პროგრამის მიზანი ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით ზოგიერთი ქრონიკული დაავადების მქონე პირთა მედიკამენტებით უზრუნველყოფაა.
ვის შეუძლია ჩაერთოს მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამაში
[checklist]
პირს, რომელიც დარეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სარეიტინგო ქულაც არ აღემატება 100 000-ს.
მოქალაქეს, რომელსაც შეუსრულდა საპენსიო ასაკი
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირს (შშმ ბავშვები, მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები)
პარკინსონით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს
ეპილეფსიით დაავადებულ საქართველოს მოქალაქეებს
[/checklist]
პროგრამა ვრცელდება შემდეგ დაავადებებზე:
[checklist]
გულ-სისხლძარღვთა ქრონიკული დაავადებები;
ფილტვის ქრონიკული დაავადებები;
დიაბეტი (ტიპი II);
ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები;
ეპილეფსია;
პარკინსონის დაავადება.
[/checklist]
მედიკამენტების სია, რომლებსაც ერთ ლარად შეიძენთ
(პარკინსონით და ეპილეფსიით დაავადებული საქართველოს მოქალაქეები კი მედიკამენტების შეძენისას სარგებლობენ მინიმუმ 75%-იანი ფასდაკლებით.)
აფთიაქების ჩამონათვალი ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით, სადაც ხელმისაწვდომია მედიკამენტები
• მოსარგებლემ უნდა მიმართოს სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს და გაიაროს რეგისტრაცია ერთჯერადად;
• ბენეფიციარმა ან მისმა ნდობით აღჭურვილმა პირმა რეგისტრაციისთვის თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა N IV-100/ა). ნდობით აღჭურვილი პირი დამატებით უნდა ფლობდეს საკუთარ პირადობის დამადასტურებელ მოწმობას. ყველა წარმოდგენილი დოკუმენტი უნდა იყოს ორიგინალი;
• ფორმა N IV-100/ა-ში მითითებული უნდა იყოს ქრონიკული დაავადების დამადასტურებული დიაგნოზი, შესაბამისი ICD-10 კოდის მითითებით, მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტ(ებ)ის სახეობა და დღიური დოზა (დღიური დოზის მითითება სავალდებულოა, წინააღმდეგ შემთხვევაში სააგენტო ვერ დაარეგისტრირებს ბენეფიციარს);
• რეგისტრაციის შემდეგ მედიკამენტის მისაღებად პირი მიმართავს აფთიაქს, სადაც პირადობის დამადასტურებელი მოწმობის და ექიმის (ოჯახის ექიმი, სოფლის ექიმი, ექიმი – სპეციალისტი) მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე, მიიღებს კუთვნილ მედიკამენტ(ებ)ს;
• მომხმარებელს შეუძლია ერთ ჯერზე მიიღოს მხოლოდ 3 (სამი) თვის სამყოფი მედიკამენტი;
• დიაგნოზის და/ან მედიკამენტის და/ან დოზის ცვლილების შემთხვევაში, მოსარგებლემ სააგენტოში უნდა წარადგინოს განახლებული ფორმა N IV-100/ა, რომლის საფუძველზეც განახლდება რეგისტრაცია.
დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელიასაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე (1505) ან/და სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში.
დღეს, საჭადრაკო კლუბ „ნონა“-ში 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ჭადრაკში დასრულდა. ბულვარის ხელმძღვანელმა პირებმა ტურნირის ვეტერან გამარჯვებულებსა და 89 წლის უხუცესს მონაწილეს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
ტურნირი 4 აგვისტოს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ღია ტურნირი ჭადრაკში ბათუმის ბულვარის ორგანიზებით გაიმართა და ტრადიციულ სახეს მიიღებს. ამ დღესვე ბათუმის ბულვარის ორ თანამშრომელს – ჯაბა კვაჭაძესა და რესან ბერიძეს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.
„11 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან. პატივს მივაგებთ და ვიხსენებთ დაღუპულ გმირებს, ფასდაუდებელია მათი ღვაწლი ქვეყნის წინაშე. გვსურს უდიდეს პატივისცემა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ამ უთანასწორო ომში და დღესაც ემსახურებიან სამშობლოს. გვეამაყება, რომ ბათუმის ბულვარს ასეთი თანამშრომლები ჰყავს. ისინი დღეს ბათუმის ბულვარის გამწვანებითა და მოვლა-პატრონობით არიან დაკავებულები- ნათქვამია ბათუმის ბულვარის ოფიციალურ გვერდზე.
საჯარო სკოლების უკაბელო ქსელით [თანმდევი ინსტალაციით] აღჭურვაზე სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 89 საჯარო სკოლის WiFi სიგნალით უზრუნველსაყოფად სატენდერო თანხა 2 625 688 ლარია.
საქართველოს მასშტაბით შერჩეული 89 საჯარო სკოლიდან 3 სკოლა აჭარაშია. აქედან ორი ბათუმშია [ქალაქ ბათუმის №17 და N20 სკოლები] და ერთიც ქობულეთში [რაულ მჟავანაძის სახელობის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა].
ტენდერის პირობის მიხედვით, „მოთხოვნილ სკოლებში მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს შენობის [დერეფნები, საკლასო ოთახები, ადმინისტრაციული ოთახები, სააქტო დარბაზი – გარდა დარბაზის გასახდელებისა] სრული დაფარვა WiFi სიგნალით, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ლეპტოპების, პერსონალური კომპიუტერების ინტერნეტკავშირის უზრუნველსაყოფად“.
ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება. შესყიდვის ობიექტის მიწოდება უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 20 დეკემბრამდე.
სკოლების სრული ჩამონათვალი, რომლებიც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში უკაბელო ქსელით უნდა აღიჭურვოს:
მაჭახელას ხეობაში აქტიურად მიმდინარეობს ახალგაზრდული პროგრმა ,,საზაფხულო ბანაკი 2019“. ახალგაზრდების მეხუთე ნაკადს სოფელი ზედა ჩხუტუნეთი მასპინძლობს.
მიმდინარე პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჯამში 732-მა ახალგაზრდამ მოინახულა მაჭახელას ხეობის ულამაზესი ბუნება და ღირშესანიშნაობები.
პროექტის ფარგლებში ტარდება ინტელექტუალური და გასართობი ღონისძიებები.
პროგრამას ა(ა)იპ ,,დამოუკიდებელ ბავშვთა და სტუდენტთა გაერთიანებასთან (ICSU) თანამშრომლობითა და თანადაფინანსებით ახორციელებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია. პროექტი 10 აგვისტომდე გაგრძელდება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა დეკლარირებული მონაცემები, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის იანვრიდან ივნისის თვის ჩათვლით პერიოდში, საქართველოში მშენებლობაზე სულ 4 991 ნებართვაა გაცემული. ნებართვები ჯამში 3 520 869 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა. აქედან, ყველაზე მეტი ფართობი, სხვა რეგიონებსა და თბილისთან შედარებით, აჭარაში აშენდება – 1 440 148 კვ/მ.
ფართობის მიხედვით აჭარის შემდეგ თბილისია – 1 405 422 კვ/მ, შემდეგ ქვემო ქართლის რეგიონი – 210,420 კვ/მ და ა.შ. ბოლო, მე-11 ადგილზეა რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი, სადაც მშენებლობის ნებართვა, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში, სულ 6 619 კვ/მ ფართობის აშენებაზე გაიცა.
გაცემული ნებართვების რაოდენობის მიხედვით კი, დედაქალაქი ლიდერობს. მიმდინარე წლის პირველ ნახევარში მთლიანობაში გაცემული 4 991 მშენებლობის ნებართვიდან თითქმის ნახევარი – 2 435 ნებართვა თბილისში გაიცა. შემდეგ მოდის ქვემო ქართლი – 582 ნებართვა, შემდეგ აჭარა – 556 ნებართვა. ყველაზე ნაკლები მშენებლობის ნებართვა კი გურიაში [62] და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში [28] გაიცა.
ნინიკო მჟავანაძე ათი წლისაა. როცა მისი მამა, კაპრალი რაულ მჟავანაძე აგვისტოს ომში დაიღუპა, ის ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. მამის შესახებ მხოლოდ ოჯახის წევრების მონათხრობით იცის. წლების წინ, როცა უფრო პატარა იყო, მამას ხშირად ხატავდა, ისეთს, როგორიც მის ბავშვურ წარმოდგენებში იყო, – სიმპათიურ გმირს, რომელიც სამშობლოს გადასარჩენად იბრძოდა.
„ახლა აღარ ვხატავ… უფრო სწორად, ვეღარ ვხატავ მამას, არც ომობანას ვთამაშობ. არ მინდა, რომ ომი არსებობდეს, მინდა ყველა ჯანმრთელი იყოს და მშვიდობა იყოს საქართველოში“, – გვეუბნება ათი წლის ნინიკო.
ის ამბობს, რომ ომი ცუდია, რადგან ბევრი ადამიანი კვდება. ნინიკომ ჯერ არ იცის, რა მოხდა 8 აგვისტოს, ამაზე არც სახლში და არც სკოლაში არ ესაუბრებიან. „მხოლოდ ის ვიცი, რომ ომი იყო“.
ნინიკოს დედა, თეონა ივანაძე გვეუბნება, რომ შვილთან ამ თემაზე იშვიათად საუბრობს. „ჩვენთვის ეს ძალიან მძიმეა“, – ამბობს და თვალებზე ცრემლს იწმენდს.
თეონა ამბობს, რომ როცა ომი დაიწყო, მას და რაულს ოჯახი ახალშექმნილი ჰქონდათ. ხუთი თვის ფეხმძიმე იყო.
„როცა ომი დაიწყო, რამდენჯერმე დავურეკე,… არ მიპასუხა. მეგონა ცოცხალი იქნებოდა…“ – გვეუბნება თეონა. მოგვიანებით კი უთხრეს, რომ კაპრალი რაულ მჟავანაძე დაიღუპა.
ამ დღის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა.
თეონა არ მუშაობს. ამბობს, რომ სამსახური შესთავაზეს, თუმცა, რადგან ნინიკო პატარა იყო, შვილთან ყოფნა ამჯობინა. „ახლა მხოლოდ ჩემი შვილით ვარ დაკავებული“, – გვეუბნება ის.
ათი წლის ნინიკო მჟავანაძე. აგვისტოს ომში დაღუპული რაულ მჟავანაძის შვილი და მისი მეუღლე, თეონა ივანაძე ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები
ნინიკო სკოლაში კარგად სწავლობს და ამბობს, რომ მომავალი პროფესიაც შეარჩია. პოლიციელი უნდა გამოვიდეს. „მამაჩემი გმირი იყო. ის სამშობლოს იცავდა და მინდა მეც დავიცვა“, – გვეუბნება ის.
თეონა ამბობს, რომ სახელმწიფო დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს ყურადღებას აქცევს. „ბათუმში ჩვენი ბინა არ გვაქვს, მაგრამ თბილისში გადმოგვცეს. ფინანსურადაც გვეხმარებიან და ვახერხებთ თავის რჩენას.“
რაული მშობლიურ სოფელში, ლეღვაშია დაკრძალული. თეონა და ნინიკო მისი საფლავის მოსანახულებლად ხშირად მიდიან. ყოველ 8 აგვისტოს პატარა გოგონას ყვავილები მიაქვს მამის საფლავზე, რომელიც არასდროს უნახავს.
„სოფელი ძალიან მიყვარს, იქ კარგად ვერთობი. ბებო მეუბნება, აქ დარჩი და არ წახვიდეო. მე მგონი, ბებოს მართლა განსაკუთრებულად ვუყვარვარ, ალბათ, თავის შვილს ხედავს ჩემში“, – ამბობს ნინიკო.
როცა მამა ენატრება, საოჯახო ალბომს იღებს და დიდხანს უყურებს მამის ფოტოებს. „ეს მამაა, ნათლობაში“, „აქ დედა და მამა არიან“, „აი, ამ ფოტოზეც მამაა, ოღონდ არ ვიცი სადაა“, – ათვალიერებს ფოტოალბომს და თან ფოტოების ისტორიას გვიყვება.
საუბრის ბოლოს ალბომს ფრთხილად ხურავს და კარადაში ინახავს. რეალობიდან უფრო ფერად, ზღაპრების სამყაროში ინაცვლებს და „თოვლის დედოფლის“ და სხვა ზღაპრული გმირების შესახებ გვესაუბრება.
35 წლის კაპრალი რაულ მჟავანაძე 2008 წლის 8 აგვიტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაიღუპა, ცხინვალში კასეტური ბომბის აფეთქების შედეგად. ის ჯარში კონტრაქტით მსახურობდა. ამავე წელს რაულ მჟავანაძე მხედრული მამაცობისთვის დააჯილდოვეს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის განცხადებით „რუსეთ-საქართველოს ომის მე-11 წლისთავთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, საქართველოს მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. მთავრობის მეთაურის განკარგულების შესაბამისად, დროშა დაშვებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე“.
საქართველოს სახელმწიფო და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დროშები დაშვებულია ადმინისტრაციულ შენობებზე ბათუმშიც.
საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს ომში „რუსეთის აგრესიის შედეგად დაიღუპა 408 ადამიანი, მათ შორის, თავდაცვის სამინისტროს 169 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი, 224 სამოქალაქო პირი. დაიჭრა და დაშავდა 1700-ზე მეტი ადამიანი. 130 000 მშვიდობიანი მოქალაქე იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა“.
მთავარი ფოტო: ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაზე დროშები დაშვებულია / 8.08.2019 / ფოტო: „ბათუმელები“
ეკატერინე ქოთოლაშვილი 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში სოფელ ავნევში ისვენებდა. 7 აგვისტოს მან სოფელი დატოვა იმ იმედით, რომ პანიკა ჩაცხრებოდა და იმავე საღამოს დაბრუნდებოდა უკან. ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ ბოლოჯერ ხედავდა დიდ, ლამაზ, იისფერ სახლს, სადაც ყოველ შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ ბებიასთან მრავალრიცხოვანი ნათესავები.
ეკატერინე ქოთოლაშვილი
მეზიზღება აგვისტო. ამ დროს სიზმრებიც ომითაა გაჟღენთილი. ყველაზე მეტად ბებიაჩემი მეცოდება, 19 წლის იყო რომ დაოჯახდა და ავნევში დასახლდა.
60 წელზე მეტი იცხოვრა იქ პაპასთან ერთად, საკუთარი ხელით, დიდი შრომის ფასად აშენებულ სახლში. დეტალურად აქვს მოყოლილი, როგორ ეზიდებოდნენ მდინარიდან დილის ხუთ საათზე ქვას, ღორღს და ქვიშას. მერე უკვე შვილებთან ერთად უკეთესი სახლი ააშენა. მთელი ცხოვრება იქ გაატარა და იქაურობას მიუძღვნა, მეუღლის საფლავიც ავნევში აქვს და ერთ დღესაც ყველაფერი დაკარგა. 11 წელია ამ დარდით ცხოვრობს.
ჩვენ ,,გაგვიმართლა“ – სახლი და სოფელი დავკარგეთ, მაგრამ ვინც ოჯახის წევრები დაკარგა, რა ქნას? აგვისტოს ომის ქრონიკა ბებიას ზედმიწევნით კარგად ახსოვს. ყველაფერს ომის მოგონებებს უკავშირებს და შეგრძნებები უახლდება, ისევ იქაა და იმ ცხოვრებით ცხოვრობს.
ჩვენი დიდი და ლამაზი სახლი გადაწვეს, პირველად სწორედ ასეთ სახლებზე მიიტანეს იერიში.
ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე ჩემთვის 13 აგვისტო იყო, როცა მეგობარს ველაპარაკე და მითხრა, რომ ავნევში ვეღარ დავბრუნდებით, ყველაფერი გადამწვარიაო. ფოტოებიც ვნახე. ეკლესია და სასაფლაოა მხოლოდ შემორჩენილი. ავნევი მიწასთანაა გასწორებული, ორი ოჯახია დარჩენილი, როგორც ვიცი. ერთ-ერთი ჩემი მეგობრის ბებია-ბაბუის ოჯახია.
მთელ ზაფხულს და შაბათ-კვირას ავნევში ვატარებდით, ბევრი რამ მაკავშირებდა ამ სოფელთან, ბებიას ბევრი შვილი და შვილიშვილი ჰყავს, ყველანი აქ ვიკრიბებოდით ზაფხულობით. იმ ზაფხულსაც ივლისის ბოლოს ჩავედი სოფელში, 23 წლის ვიყავი. პირველიდან ექვს აგვისტომდე ჭორივით გვესმოდა, ცხინვალიდან ხალხი გაჰყავთ და ომისთვის ემზადებიანო, მაგრამ სხვა დროსაც ყოფილა მითქმა-მოთქმა, რაც მიწყნარდებოდა ხოლმე და ყურადღება არ მიგვიქცევია.
ბებია, დეიდა, მე, ჩემი ძმა და ბიძაშვილები ვიყავით ავნევში. არ ვაპირებდით წამოსვლას – სიტუაციის სერიოზულ დაძაბვას არ ველოდით. შვებულება მქონდა, მაგრამ რაღაც ახალი პროექტის შეხვედრა ჩანიშნეს და 6 რიცხვში წამოვედი ავნევიდან, ამ დროს უკვე დაძაბული იყო სიტუაცია და ჩემი ბიძაშვილებიც წამოვიდნენ. იმავე საღამოს ვაპირებდით უკან დაბრუნებას, იქ დარჩა ბებია და დეიდა. გორში ჩამოსულებმა ვნახეთ, რომ ომი რეალურად იყო მოსალოდნელი, სამხედრო ტექნიკა გადაადგილდებოდა და არც სამუშაო შეხვედრა ახსოვდა ვინმეს.
ავნევი 8-ში დაიბომბა გორთან ერთად, დეიდაჩემმა სოფელი დატოვა. ბებია არ გამოყვა. სოფელი დაიცალა და ბებია ისევ იქ იყო, წამოსვლა არ უნდოდა.
მეზობელი გვყავდა, ოსი ქალი, რომელსაც ბიძაჩემმა დაურეკა და სთხოვა ბებიაჩემი წამოეყვანა გორამდე, როგორც შეძლებდა – რომც არ გამოგყვეს იქნებ ძალით წამოიყვანოო. ავნევიდან რომ წამოხვიდე ორი ოსური სოფელი უნდა გამოიარო, შემდეგ დვანია. ფეხით გამოიარა ბებიამ ეს სოფლები ქალის დახმარებით, ბოლოს მანქანაც წამოეწიათ და გორამდე ჩამოაღწიეს.
გორი რომ დაიბომბა მშობლებმა წინა ღამით თბილისში გაგვგზავნეს და თვითონ დარჩნენ. ბებია 11 წელია დევნილია, გორში ცხოვრობს. ახლა ორი მტკაველი მიწა აქვს, თითქმის არაფერი და მაინც, როგორც სოფელში დგებოდა დილით 8 საათზე დღემდე ამ დროს დგება, რომ იშრომოს.
ძველ ბათუმში ცხრა ეზოს კეთილმოწყობაზე ქალაქის მერიას წელს 87 200 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებული, თუმცა ტენდერი უარყოფითი შედეგით დასრულდა. სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით ტენდერში მონაწილე ერთადერთ პრეტენდენტს – „პატიო არტს“ დისკვალიფიკაცია მისცეს. კომპანია მომსახურებას მერიას 82 840 ლარად სთავაზობდა.
მერიამ დღეს, 7 აგვისტოს ტენდერი ხელახლა გამოაცხადა, თუმცა 9 ეზოს ნაცვლად, ამჯერად 3 ეზოს მოწყობა იგეგმება. შემცირდა სატენდერო თანხაც და ამჯერად 30 ათასი ლარია. წინადადებების მიღება კი 2019 წლის 16 აგვისტოს დაიწყება და 19 აგვისტოს დასრულდება.
ამჯერად დაგეგმილია ეზოების მოწყობა შემდეგ მისამართებზე:
[checklist]
ზ. გამსახურდიას ქ. N43;
მემედ აბაშიძის ქ. N35;
ნინოშვილის ქ. N3.
[/checklist]
სატენდერო განცხადებას ახლავს შესაბამისი ესკიზებიც [იხილეთ ბმული].
ტენდერში გამარჯვებულს ამ 3 ეზოში მცირე ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მხარდასაჭერად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოებისა (მათ შორის კედლების მოხატვა) და შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის (ავეჯი, ტექნიკა) შესყიდვის ორგანიზება ევალება.
წინა ტენდერში კი ანალოგიური საქმიანობის განხორციელება იგეგმებოდა კიდევ 6 ეზოში შემდეგ მისამართებზე:
26 მაისი/ფ. მეფე, N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32 და თავდადებულის ქ. N10;
სამი მწყემსი – თამაზ ცინცაძე, ჯემალ ბეჟანიძე და ალიკა კახაბერიძე უკვე მეხუთე დღეა ადიგენიდან 200 თხას ბათუმის მიმართულებით მიერეკებიან. ისინი თხების გაყიდვას ბათუმში აპირებენ. ამბობენ, რომ დაახლოებით 200 კილომეტრი გამოიარეს ფეხით და დაახლოებით 30 კილომეტრი კიდევ უნდა იარონ.
ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ქედის [მახუნცეთი] მონაკვეთზე თხის ფარის ხილვა ავტომანქანებში მსხდომ ადამიანებს კარგ ხასიათზე აყენებს. მანქანაში მოკალათებულები მწყემსებს ხელს უქნევენ და ღიმილით ესალმებიან. მწყემსები კი ამბობენ, რომ ძალიან დაიღალნენ, მათი პროფესია ურთულესია და მალე ამ საქმეს ვეღარ გააგრძელებენ. ამ სამ მწყემსს ის საფიქრალიც აქვს, რომ ბათუმში ჩამოყვანილი თხები როგორმე მალე გაყიდონ და დროულად დაბრუნდნენ ადიგენში, სადაც კიდევ 500 სული თხა ჰყავთ დატოვებული.
მწყემსები კამერის ჩართვისთანავე თავიანთ გასაჭირზე იწყებენ საუბარს. მათი პირველი საწუხარი ის არის, რომ დარჩენილ თხებს ადიგენის მთებიდან გამოსაზამთრებლად სამ თვეში გადმორეკავენ, მაგრამ წელს პირველად არ იციან, სად უნდა წაიყვანონ წვრილფეხა პირუტყვი გამოსაზამთრებლად.
„ზამთარში თივა გვინდა, ხომ? ჩვენს ტერიტორიაზე გამოცხადდა მაჭახლის ეროვნული პარკი. ეს პარკი ჩვენი სოფლის მიმდებარედ არის, სადაც ვცხოვრობთ და თხებს ვაბალახებდით. თუ არ შეგვიშვეს და იქნება ეროვნული პარკი, სად უნდა წავიდეთ“, – გვითხრა თამაზ ცინცაძემ.
ჯემალ ბეჟანიძე სრულიად სხვა პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას: „მთაში, სადაც ვართ, გზა არ არის. სამი კილომეტრი ბილიკებზე დავდივართ – ფეხით გამოგვაქვს ტვირთი, პროდუქტი, რასაც ვაწარმოებთ. ცხენით უნდა გადმოიტანო ან ზურგით. 3-4 თვეა იქ ვართ. ჩვენი ხელისუფლება ამ საკითხზე არ ზრუნავს, რომ გლეხს ხელი შეუწყოს“.
თამაზ ცინცაძე და ჯემალ ბეჟანიძე
მწყემსები ამბობენ, რომ მათი პროფესია უკვე მილევადია. „ეს ყველაზე მძიმე პროფესიაა – თხები ძნელი მოსავლელია. აჭარაში გარკვეული რაოდენობის პირუტყვი ყოველთვის იყო, ახლა ეს რაოდენობა ძალიან შემცირდა და 2-3 წელიწადში აღარ იქნება წვრილფეხა პირუტყვი. პირობები არ არის, სახელმწიფო ხელს არ გვიწყობს, ახალგაზრდებს ეს საქმე არ აინტერესებთ“, – გვითხრა თამაზ ცინცაძემ.
თამაზ ცინცაძეს თავის ორ კოლეგასთან ერთად კიდევ 30 კილომეტრის გავლა მოუწევს. სავარაუდოდ, ისინი მხოლოდ ამაღამ, გვიან ღამით ჩააღწევენ ბათუმამდე. გზადაგზა თხებს აბალახებენ, ზურგზე მოგდებულ ფუთებში კი ერთი დღის საგზალი საკუთარი თავისთვის ისევ აქვთ გადანახული.
ბათუმში ჩამოსულები თხების მყიდველებს დაელოდებიან და როცა გაყიდიან, ისევ მთებს მიაშურებენ.
2019 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით საქართველოში 7 150 ხანძრის შემთხვევაა რეგისტრირებული, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ამ პერიოდში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტრავმა მიიღო 131-მა ადამიანმა. მიმდინარე წლის ექვს თვეში ხანძრის შედეგად 231 შენობა-ნაგებობა განადგურდა.
მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2001 წლიდან 2019 წლის ივლისამდე საქართველოში სულ რეგისტრირებულია 158 015 ხანძარი, რომლის შედეგადაც 1 062 ადამიანი დაიღუპა; ამასთან, ხანძრის შედეგად ტრავმირებულია 2 146 ადამიანი და განადგურებულია 6 530 შენობა-ნაგებობა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, ახალი მოდელის თანახმად, უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებაზე 2020 წლის მისაღებ გამოცდებზე სხვადასხვა გამოცდას დააწესებს, ამის შესახებ კი, აბიტურიენტებს წინასწარ შეატყობინებს. „ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება დისციპლინების სპეციფიკიდან გამომდინარე,“- განაცხადა რექტორმა.
„მაგალითისთვის შემიძლია ვთქვა, რომ საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით შესაძლებელია მეოთხე საგნად დაემატოს უნარები, ზოგიერთ ფაკულტეტზე ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ის საგანი, რომელიც განსაზღვრავს რომელიმე კონკრეტული მიმართულების სპეციფიკას.
ზოგადად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს უფრო მაღალი მოთხოვნები, ვიდრე სხვა უნივერსიტეტებს და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჩვენი თამასა კიდევ უფრო მაღლა აიწევს,“ – ამბობს გიორგი შარვაშიძე.
განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში, 2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ. ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები მხოლოდ სამ სავალდებულო საგანს ჩააბარებენ:
ქართულ ენასა და ლიტერატურაში; უცხოურ ენაში,
მესამე გამოცდა დამოკიდებული იქნება პროგრამებზე. ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე აბიტურიენტები მათემატიკას, ჰუმანიტარულზე – ისტორიას, ხოლო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, სოციალური ან საზოგადოებრივი მეცნიერების არჩევისას, ისტორიას ან მათემატიკას ჩააბარებენ.
უმაღლესი სასწავლებლები სურვილის შემთხვევაში, მეოთხე გამოცდას შემდეგი საგნების ჩამონათვალიდან დააწესებენ: ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, ზოგადი უნარები, გეოგრაფია, ლიტერატურა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.
სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულებების ინიციატივის გათვალისწინებით, ჯანდაცვის საგანმანათლებლო პროგრამებზე სავალდებულო ოთხი გამოცდა იქნება:
ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა; ბიოლოგია; მათემატიკა/ქიმია/ფიზიკა (აბიტურიენტი ირჩევს მინიმუმ ერთს). მეოთხე საგნისათვის გამოყოფილი იქნება კვოტირებული ადგილები, თითოეულ საგანზე არანაკლებ 30%-ისა.
2019 წლის ჩათვლით, შემოქმედებით საგანმანათლებლო პროგრამებზე აბიტურიენტები სამ სავალდებულო გამოცდას და შემოქმედებით ტურს აბარებდნენ. 2020 წლიდან სახელოვნებო-შემოქმედებით/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩასარიცხად შემოქმედებით ტურთან ერთად აბიტურიენტმა სავალდებულოა ჩააბაროს:
ქართული ენა და ლიტერატურა; უცხოური ენა.
აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი აბიტურიენტების ჩარიცხვა ძველი ფორმატით გაგრძელდება.
სტუდენტებისთვის გრანტი სამი საგნის შედეგის მიხედვით გაიცემა. თუმცა, თუ უმაღლესმა სასწავლებელმა მეოთხე საგანი მოითხოვა, აბიტურიენტს დაფინანსების მოპოვების კიდევ ერთი შესაძლებლობა ექნება.
სექტემბრის შუა რიცხვებში აბიტურიენტებისათვის ცნობილი გახდება, თუ რომელი დამატებითი საგანი უნდა ჩააბარონ კონკრეტულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად.
2019 წლის ჩათვლით, აბიტურიენტები ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე ოთხ სავალდებულო საგანს აბარებდა. 2020 წლიდან აბიტურიენტები აღარ ჩააბარებენ ზოგადი უნარების გამოცდას.
10 აგვისტოს ბათუმის ბულვარში შვეიცარიის საელჩო მართავს გამოფენას სახელწოდებით “Switzerland-საქართველო”.
“გამოფენაზე ფოტოების სახით წარმოდგენილი იქნება ჩვენ მიერ აღმოჩენილი და დანახული შვეიცარიისა და საქართველოს მსგავსება და საერთო ნიშან-თვისება,” – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოფენა ბათუმის ბულვარში, კოლონადების წინ, 16:00 საათზე დაიწყება.
სამხედრო სავალდებულო სამსახურში 2019 წლის საშემოდგომო გაწვევა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2019 წლის 12 აგვისტოს დაიწყება და ამავე წლის 28 დეკემბრამდე დასრულდება.
2019 წლის საშემოდგომო გაწვევაზე 4120-მდე წვევამდელს გაიწვევენ. მათ შორის:
[checklist]
საქართველოს თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1500;
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1220;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 1200;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200.
[/checklist]
გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 2019 წლის 12 აგვისტოდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ 23 აგვისტომდე უნდა განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის.
მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, შესაბამისი გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.
მთავრობის დავალებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე უნდა აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ კოორდინაცია უნდა გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.
ბათუმში, ქალაქის ტერიტორიაზე, დაახლოებით 4600 მიუსაფარი ძაღლი, კატა, კნუტი და ლეკვი ეძებს ყოველდღე საკვებს და ქუჩის საშიშ პირობებში ცხოვრობს. ბათუმის მერია ყოველწლიურად აცხადებს ტენდერს მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციისთვის, პროცედურების შემდეგ კი ცხოველებს ყურზე ბირკით ისევ ბუნებრივ გარემოში აბრუნებენ, სადაც გადარჩენისთვის ბრძოლის ციკლი ისევ თავიდან იწყება. პრობლემა, ერთი მხრივ, მოსახლეობის უდიერი დამოკიდებულება და ხშირად ძაღლების უსაფუძვლო შიშია, რის გამოც ცხოველებს ცხელი წყლით ან ცემით გამიზნულად ვნებენ.
მიუხედავად იმისა, რომ ქუჩიდან ძაღლის აყვანა უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე ,,ჯიშიანი“, ძვირადღირებული ლეკვის გაზრდა, ხშირად მაინც ამ უკანასკნელზე აკეთებენ არჩევანს, რადგან ყველაფერი, რაც ადამიანს ჰყავს (აქვს), მის სოციალურ სტატუსზე მიუთითებს. შესაბამისად დოგთან ან ჰასკთან სიარული დაახლოებით იგივეა ბევრისთვის, რაც ადიდასის ბოტასი ან მასიმო დუტის შარვალი – ჩვეულებრივი ლოგო და ბრენდი. თუმცა თუ ცხოველი, როგორც აქსესუარი ავად ხდება და პრობლემები აქვს, მას ვერც ცისფერსისხლიანობა შველის და განწირულია, თავმოსაწონებლად ვეღარ გამოდგება და პატრონები მათზე უარს ამბობენ – უშვებენ ქუჩაში ან თავშესაფარში.
რენას ძალიან უყვარს ცხოველები და შინ მხოლოდ ის ძაღლები მიჰყავს, რომლებსაც დახმარება ყველაზე ძალიან სჭირდებათ. ახლა მის დიდ, მწვანე ეზოში 8 ასეთი ძაღლი ცხოვრობს, კირა – რომელმაც ჭირი გადაიტანა და ხერხემლის პრობლემები აქვს, ფიროსმანის ქუჩაზე ნაპოვნი ნიკიტა – პარალიზებული წინა კიდურებით, რომელიც ყბას ეყრდნობა და მხოლოდ ასე შეუძლია სიარული, სიბერის გამო ქუჩაში გამოგდებული კოკიც…
სხვადასხვა დროს რენას 10, 11 ძაღლისთვისაც მოუვლია ერთად.
„მომყავს ძაღლები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. გამოჯანმრთელების შემდეგ კი, ბუნებრივ გარემოში ვაბრუნებთ ან გავაჩუქებთ ხოლმე.
ხშირად თბილისში მიწევს სიარული მანქანით, გზაზე შემიმჩნევია ლეკვები, სადაც ზუსტად ვიცი, რომ საკვებს ვერ მოიპოვებდნენ თავისით და წამომიყვანია, გზისპირი ძალიან სახიფათოა მათთვის, გამიგზავნია ინფორმაცია და ოჯახები მომიძებნია. ჯანმრთელი ძაღლის გაჩუქებაც კი ჭირს, მით უფრო, დაავადებულის.
გვაქვს ფეისბუქგვერდი „ბათუმელი ძაღლები“, სადაც მოქალაქეები ხშირად აქვეყნებენ ინფორმაციას დაზიანებული ან დაავადებული ძაღლების შესახებ და რეგიონების მიხედვით ვეხმარებით ერთმანეთს. ზოგს კლინიკაში გადაჰყავს ტრავმირებული ცხოველი, ზოგი თანხას აგროვებს, ზოგი შემფარებელ ოჯახს ეძებს და ა.შ.
მიუსაფარ ძაღლებზე მზრუნველი და საკვების მიმწოდებელი ცოტაა, შესაბამისად ქუჩაში გადარჩენა მათ ძალიან უჭირთ. ვფიქრობ, დედამიწას მხოლოდ მომხმარებლური თვალით არ უნდა შევხედოთ და უნდა ვიზრუნოთ რამეზე, ვინმეზე, ცხოველზე, მცენარეზე ან ნუ დავაზიანებთ მაინც,“ – ამბობს რენა.
რენას ყველა ძაღლს განსხვავებული ისტორია აქვს:
კირა
დაურეკეს და უთხრეს რენას, რომ ძაღლი სამი დღე ჩაქვის ცენტრში ეგდო ნაავარიევი, უკანა ფეხები პარალიზებული ჰქონდა და საკვების მოსაპოვებლად დახოხავდა, საკვების ნაცვლად კი წიხლს სთავაზობდნენ. მოიყვანა, რენტგენი გადაუღო, თბილისშიც ჰყავდა, ოპერაციის გაკეთება არ შეიძლებოდა, კირას ხერხემლის სერიოზული პრობლემა აქვს. რენამ იცის, რომ კირა ბუნებრივ გარმოში საკვებსაც კი ვერ მოიპოვებს და დაიღუპება. ამიტომ რენა მას ქუჩაში არ გაუშვებს, შინ დაიტოვებს და ყოველდღე დააპურებს, მოეფერება.
ნიკიტა
ნიკიტა, იგივე ნიკო, ფიროსმანის ქუჩაზე იპოვა რენამ ნაავარიევი, ნიკო ფიროსმანის გავლენით დაარქვეს. რენა ავტომანქანით მოძრაობდა, ძაღლის საშინელი ხმა რომ გაიგონა. ძაღლს მანქანა დაეჯახა, იქვე ვეტერინარული კლინიკა იყო და წაიყვანა, ჭირის ნიშნებიც ჰქონდა, ნერვული წიკიც. აღმოჩნდა, რომ ნიკიტას ტვინის ნერვი ჰქონდა დაზიანებული. რენას ურჩიეს, ძაღლი დაეძინებინა, რასაც ის არ დათანხმდა, ნიკო შინ წამოიყვანა და მოუარა. ნიკიტა მთელი თვე გაუჩერებლად კიოდა. მერე ორივე ფეხი უფუნქციო გაუხდა ვერაგი ჭირის გავლენით.
ბუჩო
რენას ერთხელ, ღამის 3 საათზე, ლეკვების ტირილი შემოესმა. ბუჩო და მისი და ტიროდნენ. რენამ ლეკვები შინ შეიყვანა, გაათბო, აჭამა, ბუჩოს და გააჩუქა, ბუჩო კი დაიტოვა. ბევრს სურს ბუჩოს წაყვანა, მაგრამ არ ჩუქდება, ბუჩო რენას სხვა ძაღლების მეთვალყურე და დარაჯია.
რენას რვა ძაღლს ისევე სჭირდება დღეში ორჯერ საჭმლის მომზადება, როგორც ადამიანებს. რვა ძაღლის კორმით გამოკვება რთულია და ოჯახი ცხოველებს მოხარშული წიწიბურითა და ქათმის ღვიძლით უმასპინძლდება. თუმცა რენა ამბობს, რომ სიამოვნებით მიიღებს მსურველებისგან მხოლოდ კორმით დახმარებას, ეს მისი ძაღლებისა და მისთვის დიდი შეღავათი იქნება. თუ კორმით გაუმასპინძლდებით რენას ძაღლებს, ის შინ მოგაკითხავთ და კორმას თავად წაიღებს, ამისთვის საკმარისია დაურეკოთ მას ტელეფონის ნომერზე: 577 650 605
ნარგიზ ცივაძე და სანდრა
ათი წლის შავი კატა – სანდრა ნარგიზ ცივაძის ხუთი ცხოველიდან ერთ-ერთია. სანდრა მაღაზიის კატაა, ნარგიზს პატარა მაღაზია აქვს, სადაც ყოველ ღამით ტოვებს სანდრას და წყალს და საკვებსაც უტოვებს. გაზულუქებულობას და კარგი ცხოვრების გავლენას სანდრას ფუმფულა კუდის დანახვისთანავე შეატყობთ. ყველას უყვარს, ყველა ეფერება.
ნარგიზ ცივაძეს შინაც ჰყავს ოთხი ცხოველი, ორი ძაღლი და ორი კატა – ერთი კატა ქუჩიდან აიყვანა, ერთი ძაღლი კი – თავშესაფრიდან. მათი საკვები ნარგიზს ყოველდღე სამსახურში მოაქვს და ჯამით გარეთ დგამს მიუსაფარი ცხოველებისთვის. თავისი ძაღლები და კატები სულ კარგად დაპურებული ჰყავს, მაგრამ მიიჩნევს, რომ ეს საკმარისი არ არის:
„ჩემი ლაბრადორები მსუქნად მყავდეს და სხვებს შიოდეთ? გული მშვიდად ვერ მექნება, უნდა ვიცოდე, რომ სხვებსაც ვაპურებ. თან ზაფხულია, უწყლობაც ძალიან უჭირთ ამ დროს ცხოველებს. მეცოდებიან. დღეს პარკში მეჩხუბა ერთი კაცი, ძაღლებს ვაჭმევდი და ნუ აჭმევ ქუჩის ცხოველს, ეს პარკი ბავშვებისთვისაა და მაგათ აქ ნუ შემოაჩვევო – მითხრა, უცხოეთში არ გინახავთ როგორაა? საკვებიცაა ქუჩის ძაღლებისთვის სპეციალურ კონტეინერებში და წყალიც, აქ კი რა ქნან ამათ-მეთქი, ვუპასუხე. მართლა რა ქნან?“ – ამბობს ნარგიზ ცივაძე. მიაჩნია, რომ ძაღლი უნიკალური ცხოველია, შეუძლია ადამიანი უპირობოდ უყვარდეს და ერთგულიც იყოს, მიუხედავად იმისა, პატრონი კეთილია, ბოროტი, ხელმომჭირნე თუ გულუხვი.
ლაშა დოლიძე და ჯენიფერი
ლაშა, მისი მეუღლე, შვილი, ორი ძაღლი და ერთიც კატა ბინაში ერთად ცხოვრობენ. ვერ წარმოედგინა თავიდან ამდენის ერთად ცხოვრება, მაგრამ ჯენიფერმა ყველაფერი თავის ნებაზე დაალაგა: ერთ მშვენიერ დღეს ლაშა თავის ლაბრადორთან ერთად სეირნობდა ბათუმის ქუჩებში, როცა ქუჩის ძაღლს ავტომანქანა დაეჯახა და უკანა კიდურები სამ ადგილას გადაუტეხა. მძღოლი არც კი შეჩერებულა. ლაშამ ძაღლი მარტო ვერ დატოვა, ვეტერინარის შეგონებას, რომ ძაღლი შეიძლებოდა ვერც გადარჩენილიყო და ვერასდროს გაივლიდა, ყური არ დაუგდო და შინ წაიყვანა, მოუარა – დაარქვა ჯენიფერი. ძაღლმა მალე გაიარა, მოვლილი, მბზინავი ბეწვი ამოუვიდა და ვერც კი შეატყობთ, თუ ოდესმე ქუჩაში ცხოვრობდა.
,,საქართველოში ძაღლების მოდაა, სხვა სიტყვას ამას ვერ დავარქმევ. ჰასკი, ლაბრადორი, პიდბული, კანეკორსი – ახალ ჯიშებს უცებ იტაცებენ საქართველოში, მოჰყავთ პატარა ლეკვები სახლში სათამაშოდ, მაგრამ როცა ძაღლი იზრდება, ახსენდებათ, რომ ცოცხალი არსებაა და არა სათამაშო. აგდებენ. ძალიან ხშირად ხდება ასე, ცხოველს ბავშვივით უნდა მოუარო, გაზარდო. ავკრძალავდი ნებისმიერი ცხოველის სახლში აყვანას, სანამ პოტენციური პატრონი არ ჩააბარებდა გარკვეულ ტესტს, ალბათ ფსიქოლოგთან,“ – ამბობს ლაშა.
მისი გამოცდილებით, ქუჩაში მშობლები ხშირად უსაფუძვლოდ აშინებენ ბავშვებს ძაღლებით – ,,კარგად მოიქეცი, თორემ ძაღლი გიკბენს“, ,,არ მიეკარო, თორემ გიკბენს“. როგორც ლაშა ამბობს, ბავშვები გრძნობენ ძაღლების დადებით ენერგიას და თავად მიიწევენ ხოლმე მოსაფერებლად, რასაც მშობლები უკრძალავენ. ლაშა ფიქრობს, რომ ასე უფროსები შიშს და ცხოველების უსიყვარულობას უნერგავენ შვილებს.
„პირიქით უნდა იყოს, უნდა ვაცალოთ ბავშვებს ცხოველების მოფერება, არ უნდა შევაძულოთ და არ წავახალისოთ, რომ დაუშავონ, რამე ატკინონ ცხოველებს.“ – ამბობს ჯენიფერის პატრონი.
რუსეთ-საქართველოს ომის 11 წლისთავთან დაკავშირებით აჭარის მთავრობა ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებსა და შშმ სტატუსის ვეტერანებს 3000-3000 ლარს გადასცემს. 19 დაღუპული ჯარისკაცის ოჯახის გარდა, თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი. თანხას სულ 25 ოჯახი მიიღებს, ჯამში 75 000 ლარი გაიცემა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. მანამდე ფინანსური დახმარება აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გაიცემოდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ფინანსურ დახმარებას ასევე უწევს 2008 წლის რუსული აგრესიის შედეგად და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული მეომრების დედებსა და მეუღლეებს. სამინისტროს ინფორმაციით, დედის დღესთან დაკავშირებით, 23 ბენეფიციარზე 23 000 ლარი გაიცა, თითოეულზე 1000 ლარის ოდენობით.
ბათუმში პირველად, იაპონელი მხატვრის ისაო ტომოდას ნამუშევრები გამოიფინება. გამოფენა, სახელწოდებით – „წარმოიდგინე“, ხელოვნების მუზეუმის მცირე გალერეაში 8-10 აგვისტოს გაიმართება.
აჭარის მუზეუმის ინფორმაციით, ისაო ტომოდა 1944 წელსაა დაბადებული, განათლება მიღებული აქვს ნიუ-იორკის ხელოვნების ლიგაში დიზაინის განხრით.
„დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა ილუსტრატორად, გაფორმებული აქვს 200-მდე წიგნი, 1970-იანი წლებიდან მოღვაწეობს თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით მრავალფეროვან ტექნიკაში (ტუში, პასტელი, ზეთი)“.
„ჩემს ხელოვნებაში მე ვარ თავისუფალი, ვხატავ იმას, რაც მინდა, მაგრამ ჩემი ინტერესის ძირითადი ობიექტი ადამიანია და ვცდილობ, მისი შინაგანი სამყაროს გადმოცემას,“ – ამბობს მხატვარი თავის შემოქმედებაზე.