კვირის ამბები,კვირის ამბები,სიახლეები

ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

22.02.2016 • 4149
ბათუმის საკათედრო ტაძრის ფრესკები აღდგენის მოლოდინში

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაზიანებული ფრესკების აღდგენა ჯერჯერობით არ იგეგმება – ამის შესახებ „ბათუმელებს” საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში უთხრეს. მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ერთ-ერთ ღირსშესანიშნაობად მიჩნეულ, მე-20 საუკუნის დასაწყისში აგებულ ტაძარში ფრესკები რამდენიმე წელია დაზიანებულია, მის შესაკეთებლად თანხა ამ დრომდე ვერ გამოიძებნა. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.

„ჩვენთან შემოდის ბევრ, მნიშვნელოვანი ძეგლის დაზიანებებზე ინფორმაცია, მათი იდენტიფიკაცია ხდება ეტაპობრივად. ამ ეტაპზე ბათუმში ეკლესიის ფრესკების საკითხი არ არის დაგეგმილი ბიუჯეტის სიმცირის გამო. წლის შუა პერიოდში ჩვენ ველოდებით დამატებით თანხების მობილიზებას და აუცილებლად იქნება ბათუმის ღვთისმშობლის ტაძარი პრიორიტეტებში ჩასმული. ბათუმში იყვნენ ჩამოსული ჩვენი თანამშრომლები სამხატვრო აკადემიის სპეციალურ დეპარტამენტთან ერთად, არსებობს დასკვნაც,“ – განაცხადა „ბათუმელებთან“ ნიკა ანთიძემ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიაში ფრესკების დაზიანება რამდენიმე წელია გრძელდება. ამ დროის მანძილზე რეგიონში არა ერთი ეკლესია აიგო, ბოლო წლების მანძილზე კი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში კულტურული მემკვიდრეობის ორი ძეგლი იქნა ხელყოფილი, მათ შორის სხალთაში, რომელიც ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. იქ უკანონოდ, კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე, აშენდა მცირე ეკლესია და გალავანი. ასევე ბათუმში, ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლმა, წმ. ბარბარეს ეკლესიამ რეკონსტრუქციის შედეგად სრულად იცვალა სახე – რეკონსტრუქციაზე თანხმობა კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოს არც ამ შემთხვევაში გაუცია. მეტიც, საზოგადოება „ბათომის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, შოთა გუჯაბიძის შეტყობინებაზე პოლიციაში, რომ ძეგლზე მუშაობა უკანონოდ მიმდინარეობდა, ორი წლის შემდეგაც ისევ მოკვლევა მიმდინარეობს.

ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ეკლესია 1897-1902 წლებში ააგეს ბათუმში. ამ ეკლესიის აგება, პირველ რიგში, ქართველი მეცენატის, სტეფანე ზუბალაშვილის სახელს უკავშირდება. სწორედ მას მიმართეს დახმარებისთვის ბათუმელმა კათოლიკეებმა, რადგან კათოლიკე მრევლის შეგროვებული თანხა – ოჯახიდან სამი მანეთი, საკმარისი მხოლოდ საძირკვლის ჩასაყრელად და ჭაობის დასაშრობად აღმოჩნდა, რომელიც იმ ადგილას იყო, სადაც ახლა ტაძარი მდებარეობს.
სტეფანე ზუბალაშვილს ეკლესიის ასაგებად 15 ათასი მანეთი გამოუგზავნია ბათუმში, მშენებლობაზე იტალიელი არქიტექტორები და მხატვრები მუშაობდნენ.

სამი გუმბათითა და ჩუქურთმებით შემკული გოტიკური სტილის ეკლესია 1903 წელს ეპისკოპოსმა როპმა აკურთხა. საბჭოთა წლებში ეკლესია დაიხურა, მასში სხვადასხვა დროს არქივი და მაღალი ძაბვის ლაბორატორიაც იყო განთავსებული.
რესტავრაცია, რომლის დროსაც კედლების მოხატულობა პირვანდელი სახით აღდგა, ტაძარში 80-იანი წლების ბოლოს ჩატარდა.

იმ შემთხვევაში, თუ რესტავრაცია დროულად არ მოხდება, ფრესკები კიდევ უფრო დაზიანდება, მისი რესტავრაცია უფრო დიდ ხარჯებსაც მოითხოვს, ხოლო რესტავრაციის გარეშე ტაძარში კედლის მხატვრობა წაიშლება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: