გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს 21 საათიდან 8 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა კარგი. ტალღის სიმაღლე 7-12დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა +27 გრადუსი.
ობსერვატორიის ინფორმაციით, 9 აგვისტოს შენარჩუნებული იქნება უმეტესად უნალექო ამინდი, მომდევნო ორ დღეს, 10 და 11 აგვისტოს კი, მოსალოდნელია დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ელექტრონულ აუქციონზე შპს „საზღვაო ტექსერვისის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 100%-იან წილს 2 მილიონ 283 ათას ლარად ყიდის. ბიჯი 5 ათასი ლარია. კომპანიის წილი და ქონება პირობების გარეშე იყიდება.
შპს „საზღვაო ტექსერვისი“ ფლობს ბათუმში [ბარცხანის დასახლება, იოსებ ნონეშვილის ქუჩა N63დ-ში] მდებარე 8 835 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთს და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებს.
საპრივატიზებო საწარმო ასევე ფლობს შპს „Anglo-Georgian Shipping Company L.T.D.“-ს 100% წილსაც. შესაბამისად, „საზღვაო ტექსერვისის“ გაყიდვით სახელმწიფო ამ კომპანიასაც ყიდის.
2019 წლის პირველი იანვრის ბალანსის მდგომარეობით, „საზღვაო ტექსერვისის“ აქტივები 1 786 619 ლარია. აქედან:
[checklist]
ვალდებულებები – 27 769 ლარი;
საკუთარი კაპიტალი – 1 758 850 ლარი.
[/checklist]
აუქციონის მონაცემების მიხედვით, შპს „საზღვაო ტექსერვისს“ გააჩნია ასევე „სერთიფიკატები, მათ შორის: გემის კორპუსის სისქის გაზომვის; სამაშველო და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებების შემოწმების; შემდუღებელთა თეორიული და პრაქტიკული კვალიფიკაციის (საატესტაციო ცენტრი); გემთმშენებლობის, მოდერნიზაციის, რემონტის და სამონტაჟო სამუშაოების; სერვისის სადგურის N757 აღიარების და სხვა.
ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 18 სექტემბერს დასრულდება. მყიდველი ვალდებული იქნება ნასყიდობის ხელშეკრულების გასაფორმებლად მიმართოს „იუსტიციის სახლის“ ნებისმიერ ტერიტორიულ ფილიალს აუქციონის ჩატარებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგი გაუქმდება.
ბათუმის ბულვარის სანაპიროზე, რესტორან „ძველი გემის“ მოპირდაპირედ, 9 აგვისტოს ადაპტირებული პლაჟი გაიხსნება. ბათუმის ბულვარის ინფორმაციით, მიმდინარე ტურისტული სეზონისთვის ბათუმის ბულვარის სანაპიროზე ერთი ადგილი სრულად გახდა ადაპტირებული და საპლაჟო ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებებს მოერგო.
„2019 წლის ადაპტირებული ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, სანაპირო ზოლზე მოეწყო პლაჟზე გადასასვლელი ადაპტირებული ბილიკი, საშხაპე და გამოსაცვლელი. შეძენილია ადაპტირებული ტივტივა ეტლები, რომლითაც სარგებლობა მომხმარებლებისთვის უფასო იქნება. ადაპტირებული პლაჟის გახსნის ღონისძიება 9 აგვისტოს, 11 საათზე, გაიმართება,“ – აცხადებენ ბულვარის ადმინისტრაციაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა,“ „სადახლო“, „ბათუმის პორტი“, „სარფი“, „ყაზბეგი“,„წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლებმა, დარღვევები გამოავლინეს.
„კერძოდ: გერმანული წარმოშობის ხორცპროდუქტები (354.85კგ.), ყველი (1800კგ.), ძეხვი (1942.25კგ.), თურქული წარმოშობის ცხოველთა საკვები (23 000 კგ.), უკრაინული გაყინული საქონლის ხორცი (9000კგ.), ჩინური წარმოშობის მოხალული არაქისი (მიწის თხილი) (17385 კგ.), ინდური წარმოშობის წითელი დაფქვილი წიწაკა (8875 კგ.), ყაზახეთიდან შემოყვანილი 319 სული ცხვარი, არგენტინული წარმოშობის არაქისი (მიწის თხილი) (472.8 კგ.), აზერბაიჯანული წარმოშობის პომიდორი (1152 კგ.), გერმანიიდან შემოტანილი ლიმონი (19 ტონა).
აღნიშნულ საქონელზე, ზოგიერთ შემთხვევაში, საქონელი აღმოჩნდა ვადაგასული და დადგენილი პროცედურების თანახმად, განადგურებას დაექვემდებარა. ხოლო კონკრეტულ საქონელზე, დოკუმენტების მონაცემების ტვირთთან შეუსაბამობის გამო უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის განკარგულებით, „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით“, ქვეყნის ბიუჯეტიდან 893 340 ლარი გამოიყო. აქედან 480 ათასი ლარი განათლებისა და კულტურის სამინისტროს გადაეცა. ეს თანხა მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გასცა, რომელიც, დებულების მიხედვით, გაუთვალისწინებელი ხარჯებისთვის არსებობს.
31 მაისს მთავრობის განკარგულებაში ცვლილება შევიდა, რის საფუძველზეც სამინისტროს 480 ათასი ლარის ნაცვლად 553 ათასი ლარი გადაურიცხეს.
როგორ და რაში დახარჯა სამინისტრომ ნახევარი მილიონი ლარი? – ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან გამოითხოვა.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროსგან 1-ელ აგვისტოს მიღებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით, აღნიშნული თანხიდან 284 852 ლარი შპს „სტუდია 1,2,3“-ს გადაერიცხა. ეს სტუდია ბასა და თამარ ფოცხიშვილებს ეკუთვნით.
„ბათუმელები“ კომპანიის დირექტორს გიორგი ტეტიაშვილს ესაუბრა და გაარკვია, თუ რაში დაიხარჯა ბიუჯეტიდან 284 852 ლარით.
სტუდიის დირექტორის თქმით, ეს თანხა მახათას მთაზე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის კურთხევის ცერემონიას მოხმარდა. ტაძრის კურთხევა, რაზეც სამასი ათასამდე ლარი დაიხარჯა, შემდეგ აქტივობებს მოიცავდა:
„ტაძრის კურთხევაში შედიოდა ოფიციალური პროტოკოლური ნაწილი, ასევე გაფორმება, ყვავილები, კონცერტის ორგანიზება – სცენა, განათება, დეკორაციები და მუსიკოსები“, – გვითხრა გიორგი ტეტიაშვილმა.
მისი თქმით, კონცერტში ნიკა მემანიშვილის მუსიკალური ცენტრი მონაწილეობდა, ასევე, შემსრულებლები: ნატო მეტონიძე, ნატალია ქუთათელაძე, მარიამ როინიშვილი და ანსამბლი „რუსთავი“.
„პატარა კონცერტი იყო, ასე 35-წუთიანი. ეს ყველაფერი ჩვენი ორგანიზებით გაკეთდა, დანარჩენს საპატრიარქო უზრუნველყოფდა“, – ამბობს გიორგი ტეტიაშვილი.
განათლების სამინისტრომ გამოყოფილი თანხიდან 15 230 ლარი გადასცა მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებულ ქრისტიანული კვლევების ცენტრს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვდომილობასთან დაკავშირებული საჯარო ლექციების ჩასატარებლად. ეს ის ლექციებია, რაზეც საჯარო სკოლის პედაგოგები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათი სურვილის წინააღმდეგ, გაუფრთხილებლად დაასწრეს ლექციებს.
დოკუმენტის მიხედვით, ლექციები გათვალისწინებული იყო ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიის და „სხვა საგნის მასწავლებლებისთვის“.
სად ჩატარდა და ვინ დაესწრო ლექციებს, ამის შესახებ ინფორმაცია კვლევების ცენტრში მოვიძიეთ.
„ბათუმელები“ ცენტრის გამგებლის თავმჯდომარის მოადგილეს ალეკო დაუშვილს ესაუბრა, რომელიც ამ პროექტის ხელმძღვანელია და ასევე ჩართული იყო სალექციო პროგრამაშიც.
„მე ლექციები წავიკითხე რუსთავსა და თელავში, ბათუმში მასწავლებლებს ლექციები წაუკითხეს პროფესორმა ნესტან სულავამ და ისტორიკოსმა გიორგი ჭეიშვილმა“, – გვითხრა მან. მისივე თქმით, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის შესახებ ლექციებს, „ასობით მასწავლებელი დაესწრო“.
„როგორც ვიცი, ბათუმში ლექციები შავი ზღვის უნივერსიტეტში იმართებოდა. ისტორიის კუთხით ორი მიმართულება იყო შეთავაზებული, ერთი იყო აუცილებელი, ანუ ღვთისმშობლის წილხვდომილობის, როგორც სახელმწიფო დღესასწაულის მნიშვნელობის აუცილებლობაზე, მისი ისტორიულ-მეცნიერული დასაბუთება.
მეორე თემა იყო თავისუფალი და ლექტორს შეეძლო წაეკითხა წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლამდე როგორი იყო ისტორიული ფონი, როგორ ეწყობოდა ხელი ქრისტიანული რელიგიის გავრცელებას. ანდრია აჭარიდან შემოვიდა და იქ ტაძარი ააშენა. სხვამ არ ვიცი რა როგორ განავითარა, მაგრამ მთავარი თემა იყო ის, რომ აგვეხსნა საზოგადოებისთვის რა არის ღვთისმშობლის წილხვდომილობა და რატომ გამოცხადდა ის ეროვნულ დღესასწაულად“.
კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა მხოლოდ მასწავლებლები ამ ლექციების მოსასმენად, ალეკო დაუშვილი ამბობს: „იმიტომ, რომ მასწავლებლებს აქვთ ყველაზე დიდი ბერკეტი ადამიანის სულიერ სამყაროზე ზემოქმედების. მათ უნდა განუმარტონ საზოგადოებას, თუ რა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა აქვს ამ დღესასწაულს, რატომ ვზეიმობთ“.
„ბათუმელების“ კითხვაზე, არის თუ არა ინფორმირებული პედაგოგების გარკვეული ნაწილის უკმაყოფილების შესახებ, რომელიც მათ საჯარო სივრცეში გამოხატეს, დაუშვილი ამბობს, რომ კი.
„დიახ, იყო შეკითხვები და რომ არ გამოეწვია ეს შეკითხვები, ამიტომ უნდა განგვემარტა საზოგადოებისთვის. ამის ყველაზე დიდი ბერკეტი არის პედაგოგი, რომელიც ასევე არის მშობელი“, – გვეუბნება ალეკო დაუშვილი.
საბოლოოდ, ალეკო დაუშვილი ამ ლექციების ციკლს ასე აფასებს: „მასობრივად იყო საინტერესო. მასწავლებლებმა კარგი ცოდნა გამოავლინეს“. მისი თქმით, „ასეთი მასშტაბური ღონისძიება პედაგოგებისა და მეცნიერებისა ბოლო 30 წელია არ ყოფილა“.
დაუშვილის აზრით, „პედაგოგი არ უნდა მოწყდეს მეცნიერულ ფესვებს“, ამიტომ მსგავსი ლექციების გაგრძელებას ისინი სამომავლოდაც აპირებენ.
რაც შეეხება ბუკლეტებს, რომლებიც ამავე ცენტრმა უნდა დაბეჭდოს ღვთისმშობლობის დღესთან დაკავშირებით, ზუსტი ტირაჟის შესახებ დაუშვილს ინფორმაცია რა აქვს. გვითხრა, რომ ათასობით ტირაჟით დაიბეჭდება და სკოლებსა და მრევლში დარიგდება. ბუკლეტების დარიგებას კი საპატრიარქო უზრუნველყოფს.
„პატარა ბუკლეტებია, სადაც დატანილია დაახლოებით ის ინფორმაცია, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ასევე გაკეთებულია ღვთისმშობლის ხატები“. ამისთვის ცენტრს 63 820 ლარი მისცეს.
თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტი, საქართველოს საპატრიარქოს ა[ა]იპ-ია. ამ უნივერსიტეტს, საქართველოს ღვთისმშობლის წილხვედრობის დღესთან დაკავშირებით ბიუჯეტიდან 29 630 ლარი მისცეს, ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსის ორგანიზება-ჩატარებისთვის.
როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, აღნიშნული ლიტერატურული პერფორმანსი, ამ უნივერსიტეტის რექტორის, არქიმანდრიტ ადამ ახალაძის ლექსების საღამოს მოიცავს.
უნივერსიტეტის ხარისხის სამსახურის ხელმძღვანელი გია სულაბერიძე გვეუბნება, რომ არქიმანდრიტის პოეზიის საღამო წლის ბოლომდე რამდენიმე ქალაქში უნდა გაიმართოს.
„პროექტს ჰქვია, – ქართული მიწაც ზეცაა“, რომელიც ქუთაისში 27 ივნისს უკვე ჩატარდა. ეს არის ლიტერატურულ-მუსიკალური პერფორმანსი, რომელსაც წარმოადგენს არქიმანდრიტი ადამი, თავისი პოეტური და პროზაული ნაწარმოებებით. პერფორმანსში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა თეატრები, მუსიკოსები. სულ შვიდი წარმოდგენა უნდა გაიმართოს“, – გვეუბნება გია სულაბერიძე.
გია სულაბერიძის თქმით, პერფორმანსი გაიმართა თბილისშიც 28 მაისს, წლის ბოლომდე კი დაგეგმილია თელავში, ზუგდიდში, ჭიათურაში, ახალციხესა და ოზურგეთში.
კიდევ ერთი სპექტაკლი, რომელიც ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად დაფინანსდა ბიუჯეტიდან არის „ჭურში“. სპექტაკლისთვის 7 ათასი ლარი გადაეცა „ლიტერატურულ თეატრს“.
თეატრის ხელმძღვანელი კოტე მჟავია გვეუბნება, რომ სპექტაკლი „ჭურში“ ლაგოდეხსა და ჩოხატაურში ითამაშეს.
„ეს არის ერთ საათში ჩატეული საქართველოს ისტორია. კონტექსტი ასეთია, – ქართველები ვიბრძოდით, ვშრომობდით, გვიყვარდა კიდევაც, მაგრამ ყველაფერი მაინც მიდიოდა ჭურში. აი, ეს არის, რომ ჭურში არ გვინდა, თუმცა რეალობა, სამწუხაროდ, ესაა. თუ ზომიერებას ვისწავლით და ჭურთან გავჩერდებით, კაცი არ გვაჯობებს დედამიწაზე“, – გვეუბნება კოტე მჟავია.
საზაფხულო ბანაკის მიზანი იყო ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება ადამიანის უფლებების ძირითადი საკითხების შესახებ, სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობისა და საჭიროების გააზრება; თავისუფალი აზრის გამოხატვისა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება.
პირველ დღეს მშვიდობის კორპუსის მოხალისე ქენდალ დობინსი მონაწილეებს ესაუბრა ადვოკატირებაზე. საღამოს გაიმართა ფილმის – „დამალული ფიგურების“ ჩვენება და დისკუსია.
ფილმის ჩვენება და დისკუსია საზაფხულო ბანაკში
ბანაკის მეორე დღეს ბათუმის ამერიკული კუთხის კოორდინატორი მამუკა საფარიძე უძღვებოდა. მისი ძირითადი სასაუბრო თემები შეეხებოდა ტოლერანტობასა და განსხვავებების პატივისცემას, სემინარი დატვირთული იყო სახალისო აქტივობებით.
მესამე დღის ძირითადი თემა არაფორმალური განათლება და დეზინფორმაციასთან ბრძოლა იყო.
მონაწილეებმა სხვადასხვა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს, გაეცნენ ყალბ ინფორმაციასა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის საკითხებს.
მონაწილეებისთვის შედგენილი იყო მრავალფეროვანი პროგრამა, საგანმანათლებლო კომპონენტის მიღმა მათ ჰქონდათ საშუალება სპორტულ ღონისძიებებში ჩაბმულიყვნენ და ერთმანეთი სხვადასხვა სიტუაციური თამაშებით უკეთ გაეცნოთ. საღამოობით კი ფილმის ჩვენებები იმართებოდა.
საზაფხულო ბანაკის მხარდამჭერები:
„მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტი“; „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამა (PITA); ბიზნესმენი მიხეილ გელაძე; შ.პ.ს. „ბაკურის“ დამფუძნებელი ნონა ბაკურიძე; შ.პ.ს „გალტამი“; ბიზნესმენი გოჩა ირემაძე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს. სასწრაფოს ინფორმაციით, „სასამართლოს შენობაში ერთ-ერთი პატიმარი გახდა ცუდად“.
საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ სასწრაფოს მედპერსონალი „ამ წუთებში საბადრაგო სამსახურში ერთ-ერთ პატიმარს უწევს სამედიცინო დახმარებას. მძიმე მდგომარეობა არ არის. ფილტვების პრობლემა ჰქონია პატიმარს. სასამართლო პროცესი კი, რომელიც ამ პატიმრის საქმეს ეხებოდა, უკვე დასრულებულია“.
შავი ზღვა სახიფათო ქიმიური ნივთიერებებითაა დაბინძურებული. “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესების” ფარგლებში ჩატარებული კვლევის თანახმად, შავი ზღვის დაბინძურებას ხუთი ფაქტორი განაპირობებს.
შავი ზღვა ბინძურდება მუნიციპალური ნარჩენი წყლებით, მაგალითად, ანტიბიოტიკების, ბიოციდების, პლასტიზატორების, აალების საწინააღმდეგო და პირადი ჰიგიენის საშუალებების ზღვაში მოხვედრის შემდეგ.
მეორე დამაბინძურებელი ფაქტორია სამრეწველო ნარჩენი წყლები, რომლებშიც ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრია.
შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს დამაბინძურებლების გავრცელება ჰაერის ნაკადში. მაგალითად, ელექტროსადგურებში ნახშირის წვის შედეგად წარმოქმნილი ვერცხლისწყალი.
მეოთხე დამაბინძურებელი, კვლევის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაა. მაგალითად, პესტიციდები და ვეტერინარული პრეპარატები.
მეხუთე დამაბინძურებელი პორტები და ტვირთების გადაზიდვაა. მაგალითად, შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურებაზე მოქმედებს ნავთობის გაჟონვა და დანაზარდების საწინააღმდეგო ქიმიური ნივთიერებები გემებზე გამოყენებულ საღებავებში.
შავ ზღვაში მობინადრე თევზებსა და მოლუსკებში იპოვეს ისეთი დამაბინძურებლები, როგორიცაა: ვერცხლისწყალი, აალების საწინააღმდეგო ნივთიერებები, დიოქსინი და დიოქსინის მსგავსი ნაერთები. მკვდარ დელფინში, რომელიც გამოიკვლიეს, ასევე იპოვეს რამდენიმე ათეული წლის წინ აკრძალული ქლორორგანული პესტიციდები, დიოქსინის მსგავსი ნაწილები და ვერცხლისწყალი.
შავ ზღვაზე კვლევები სამეცნიერო გემ “Mare Nigrum”-ის საშუალებით განხორციელდა. გემი ზღვის კვლევის უახლესი თანამედროვე აპარატურითა და ლაბორატორიებით არის აღჭურვილი.
ინფოგრაფიკა
ეხება თუ არა შავი ზღვის ქიმიურად დაბინძურება საქართველოს სანაპიროებს?
გარემოს ეროვნულ სააგენტოში, რომელიც ჩართული იყო ამ კვლევაში, ამბობენ, რომ ქიმიური დამაბინძურებლებისგან საქართველოს სანაპირო თავისუფალია.
“ეს კვლევა მოიცავდა რეგიონულ თანამშრომლობას. გვინდოდა, გამოგვერკვია რა არის შავი ზღვის ქვეყნებისთვის საერთო და რა უფრო სპეციფიკური. მძიმე მეტალები არ დაფიქსირებულა საქართველოს ტერიტორიულ წყლებში. იმას, რომ შავი ზღვის საქართველოს ნაწილში დიდი, მნიშვნელოვანი პრობლემა არ გვაქვს, ადასტურებს ისიც, რომ ბიომრავალფეროვნებამ დაიწყო აღდგენა, ისეთი სახეობები დაფიქსირდა, რაც ადრე არ იყო. ზღვას სიცოცხლე უბრუნდება. ქიმიური დაბინძურება არის შავი ზღვის იმ ქვეყნებში, სადაც ძალიან განვითარებულია ქიმიური მრეწველობა,” – განმარტავს მარინა არაბიძე, გარემოს ეროვნული სააგენტოს გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი. ის ასევე არის “შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება – EMBLAS-Plus”-ის პროექტის ეროვნული მენეჯერი საქართველოში.
ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი EMBLAS („შავი ზღვის გარემოსდაცვითი მონიტორინგის გაუმჯობესება“) 2014 წელს დაიწყო. პროექტის მიზანია შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ხელშეწყობა ზღვის ეკოსისტემის დაცვის საქმეში.
განათლებისა და კულტურის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, კულტურის სფეროს რეფორმა დააანონსა და განაცხადა, რომ რეფორმის ფარგლებში იქმნება კულტურის ეროვნული ფონდი, რომელიც 50 მილიონი ლარით დაფინანსდება.
მინისტრის განცხადებით, ფონდის მუშაობა დაფუძნებული იქნება „თანაბარი შესაძლებლობებისა და შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეუხებლობის დაცვის პრინციპებზე. მისი მთავარი დანიშნულება იქნება კულტურის განვითარების, პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა“.
პრესრელიზში, რომელიც სამინისტრომ ჟურნალისტებს მიაწოდა, საუბარია კულტურის ეროვნული ფონდის მიზნებსა და ამოცანებზე, რომლებიც, მინისტრის თქმით, ასეთია:
„კულტურის სფეროს დაფინანსების საჯარო, გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის შექმნა, კულტურის სფეროსთვის განკუთვნილი ფინანსების რაციონალური და სტრატეგიული ხარჯვა, ასევე, კულტურის თანასწორი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საზოგადოების ყველა წევრისთვის, განსაკუთრებით – რეგიონების/მაღალმთიანი სოფლების, საზღვრისპირა მუნიციპალიტეტების,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის, სპეციალური საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, უმცირესობებისთვის, ახალგაზრდებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლებისთვის“.
ფონდის ხელმძღვანელი მინისტრის ბრძანებით, ოთხი წლის ვადით ინიშნება. შეიქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც განსაზღვრავს ფონდის საქმიანობის სტრატეგიულ მიმართულებებს. საბჭოს შემადგენლობაში შევლენ როგორც საჯარო უწყებების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები.
ამავე წყაროს ცნობით, საბჭოს გარდა შეიქმნება საკონკურსო კომისიები, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად გამოცხადებული თემატური კონკურსებისათვის. „კომისიის წევრთა დაკომპლექტება მოხდება ღია კონკურსის წესით“.
ფონდი ფუნქციონირებას 2020 წლიდან დაიწყებს და მას ირმა რატიანი უხელმძღვანელებს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ამ წუთებში მორიგ აქციას მართავენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, არჩილ ვანაძის ახლობლები. არჩილ ვანაძე და კიდევ 6 მაღალჩინოსანი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ დავით მამისეიშვილმა დღეს, 6 აგვისტოს, დაიწყო ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმის განხილვა.
სასამართლო დარბაზში ბევრი ადამიანი შესვლას ვერ ახერხებს უადგილობის გამო, მათ შორის, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი, ცოტნე ანანიძე.
ბრალდებულებს შორის არიან: ბათუმის ყოფილი მერი გია ერმაკოვი, აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე ბაგრატ მანველიძე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე. პროკურატურამ „იაფი სახლის“ პროექტის საქმეზე 30 მაისს შვიდი მაღალჩინოსანი დააკავა.
ბრალდებულები წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ.
დაკავებულებს ბრალის დადასტურების შემთხვევაში 7-დან 11-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
მთავარი ფოტო: აქცია არჩილ ვანაძის მხარდასაჭერად ბათუმის სასამართლოსთან 2019 წლის 24 ივლისს / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
მაჭახელას ხეობის ეთნოსოფლის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის [განვითარების გეგმა-კონცეფცია] შედგენაზე აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსი 2018 წელს გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 423 700 ლარი იყო. დღგ-ს ჩათვლით კი, ხელშეკრულება, კონკურსის ერთადერთ მონაწილე კომპანია „არტსტუდიო-პროექტთან“ 454 300 ლარზე გაფორმდა.
კომპანიას სრული თანხა – 454 300 ლარი, სამინისტრომ ავანსად გადაუხადა. ხელშეკრულებით, „არტსტუდიო-პროექტს“ კონცეფცია [საბოლოო დოკუმენტაცია] სამინისტროსთვის 2019 წლის 21 მაისს უნდა ჩაებარებინა. შესყიდვების პორტალზე საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი დღემდე [6 აგვისტო, 11:00 სთ.] არ არის ატვირთული – დოკუმენტების მიხედვით, სამინისტროს მხოლოდ პირველი ეტაპის სამუშაოები აქვს მიღებული.
„არტსტუდიო-პროექტში“ „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ კონცეფცია მომზადებულია და საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტით ის სამინისტროს 2019 წლის 18 ივლისს ჩაბარდა. თუ რატომ არ არის შესაბამისი დოკუმენტაცია შესყიდვების პორტალზე ატვირთული, კომპანიაში გვითხრეს, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. წესით, მიღება-ჩაბარების აქტი პორტალზე სამინისტროს 2 აგვისტომდე უნდა აეტვირთა.
კომპანიას მაჭახელას ხეობაში „ეთნოსოფლის“ განვითარებისთვის კვლევების ჩატარების ძირითადი მიმართულებები, მიზნები და ხედვა უნდა განესაზღვრა. უნდა განესაზღვრა, ასევე, საპროექტო არეალი; სამინისტროში უნდა წარედგინა წინასაპროექტო კვლევების საფუძველზე შემუშავებული საპროექტო არეალის მიზნობრივი განვითარების კონცეფციის ჩარჩო და სხვა.
მაჭახელას ხეობის განვითარების კონცეფციის ფარგლებში უნდა შემუშავდეს ეთნოსოფლის მართვის გეგმა; საჭიროების შემთხვევაში დადგინდეს გამოსასყიდი მიწის ნაკვეთების კონტურები; უნდა შედგეს დეტალური საპროექტო სამუშაოების ნუსხა, შესასყიდი ობიექტების ტექნიკურ დავალებებთან ერთად, შემდგომში მათი სახელმწიფო შესყიდვის მიზნით.
საჭიროების შემთხვევაში დასაზუსტებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობებისა და მატერიალური ნივთების ნუსხა და პასპორტიზაცია, რომლებსაც შესაძლოა დასჭირდეს გადატანა. უნდა მომზადდეს რეკომენდაციები საკვანძო ადგილებში განთავსებული შენობა-ნაგებობების ვიზუალური აღქმის არეალში ფონური შენობების, ღობეების, არქიტექტურული დეტალების აღდგენის, შეკეთების ან დემონტაჟის შესახებ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი წელს „მაჭახლობის“ აღსანიშნავად ემზადება. „მაჭახლობა 2019“-ის ჩატარება 7 სექტემბრისთვისაა დაგეგმილი, თუმცა, ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით, „სახალხო დღესასწაული შეიძლება გადატანილ იქნას ერთი დღით, 1 კვირით ადრე ან გვიან, ამინდის გათვალისწინებით. ღონისძიების დაწყებისა და დასრულების
დრო: 12:00 სთ – 18:00 სთ“. ღონისძიების ჩატარების ზუსტი თარიღი, როგორც მერიაში ამბობენ, 29 აგვისტომდე ეცოდინებათ.
სახალხო დღესასწაულის „მაჭახლობას“ ორგანიზებაზე ხელვაჩაურის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 23 939 ლარია. რა სამუშაოების შესრულება ევალება ტენდერში გამარჯვებულს, შეგიძლიათ იხილოთ ტექნიკურ დავალებაში.
შენიშვნა:
სტატიის გამოქვეყნების შემდეგ სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით, საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი სამინისტროსა და კომპანიას შორის 18 ივლისს გაფორმდა და ის შესყიდვების პორტალზე დღეს, 6 აგვისტოს აიტვირთა. საიტზე უკვე ატვირთულ მიღება-ჩაბარების აქტში კი აღნიშნულია, რომ კომპანიამ მეორე [საბოლოო] ეტაპით გათვალისწინებული დოკუმენტაცია სამინისტროს 2019 წლის 20 მაისს წარუდგინა. „სამინისტრომ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლისას დაადგინა შენიშვნები და მოსაზრებები… რაც მისაღები იქნა „არტსტუდიო-პროექტისთვის“, – აღნიშნულია ოქმში. ამავე ოქმის მიხედვით, კომპანიამ ითხოვა დრო, რომლის გასვლის შემდეგაც სამინისტრომ ჩაიბარა დოკუმენტაცია, რომელიც შესრულებული იყო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მოთხოვნის შესაბამისად.
მთავარი ფოტო: მაჭახელას ხეობა / ფოტო: თამარ ნერგაძე/„ბათუმელები“
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, 29 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსაახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 435 ფაქტი გამოვლინდა.
„კერძოდ, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ოფიცრების მიერ შემოწმდა 3 168 გადამხდელი, რის შედეგადაც დაფიქსირდა შემდეგი საგადასახადო სამართალდარღვევები: საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 134 შემთხვევა; ეკონომიკური საქმიანობის გადასახადის გადამხდელად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით განხორციელების 35 ფაქტი; მომხმარებელთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის 266 შემთხვევა“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საერთაშორისო საფოსტო კომპანია ინექს გრუპმა 24 ივლისს, კიდევ ერთი, ჩინეთის საწყობი გახსნა. აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, იტალიის, კვიპროსის, ისრაელისა და საბერძნეთის შემდეგ ჩინეთი ინექს გრუპისთვის მერვე ქვეყანაა, სადაც საკუთარი ოფისებისა და საწყობის დახმარებით ოპერირებს. ინექს გრუპის ჩინეთის ოფისის საშუალებით მომხმარებლებს სხვადასხვა სერვისის მიღება, მათ შორის ჩინური საიტებიდან ნივთების გამოწერა, შეუძლიათ. რეისები საქართველოს მიმართულებით კვირაში ორჯერ განხორციელდება.
დღეისათვის კომპანიის მომხმარებელთა რაოდენობა 150 000 აჭარბებს და ყოველთვიურად 40 000-მდე ამანათს ამუშავებს. ჩინეთში საკუთარი საწყობი-ჰაბის გახსნით ინექს გრუპის სერვისი კიდევ უფრო მრავალფეროვანი და კონკურენტებისგან გამორჩეული გახდა. კომპანია ბაზარზე ერთადერთი ქართული გადამზიდია, რომელსაც საკუთარი ფილიალები და საწყობები მსოფლიოს სამ კონტინენტზე – ამერიკაში, ევროპასა და აზიაში აქვს.
ინექს გრუპი ბაზარზე 2010 წლიდან წარმატებით ემსახურება როგორც გამოწერილ გზავნილებს, ისე – პერსონალურად გამოგზავნილ ამანათებსა და კომერციულ ტვირთებს. კომპანია ამანათების ტრანსპორტირებას ამერიკის, ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყნიდან საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით ახდენს. ამანათებს კი საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საკუთარი ფილიალების ქსელის მეშვეობით არიგებს.
ბათუმის მერია მრავალბინიანი სახლების ეზოებისთვის საბავშვო ატრაქციონების შესყიდვას გეგმავს. ელექტრონული ტენდერი 11 ატრაქციონის შესყიდვაზე ბათუმის მერიის ააიპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ გამოაცხადა, შესყიდვის საწყისი ღირებულება 400 000 ლარია.
შეთავაზებულ ფასში უნდა შევიდეს მონტაჟისა და რეაბილიტაციის მომსახურება. ტენდერის პირობების მიხედვით, თითოეულ ატრაქციონში უნდა შედიოდეს შშმ პირებისთვის განკუთვნილი საქანელა. გარდა ამისა, პირობები მიმწოდებელს ავალდებულებს საგარანტიო პერიოდის განმავლობაში ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში შემსყიდველის მიერ დადგენილ ვადაში აღმოფხვრას გამოვლენილი ხარვეზი ისე, რომ შესრულებული სამუშაოები სრულ შესაბამისობაში იყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან.
ახალი ატრაქციონები მიმწოდებელმა უნდა განათავსოს შემდეგ მისამართებზე:
რურუას ქ. №4; ბესიკის ქ. №42; ჭავჭავაძის ქ. №32ა; 4) შ. ხიმშიაშვილის ქ. №41-43; 5) თამარის დასახლება №7-6-5; 6) გორგილაძის ქ. №78; 7) სვიშევსკის ქ. №141; 8) ტბეთის ქ. №18; 9) კაფე მაჭახელას მიმდებარე ტერიტორია; 10) ჯავახიშვილის ქ. №70 11) გოგებაშვილის ქ. №4-ის მიმდებარედ არსებული სკვერის შემოღობვა ლითონის მოაჯირით.
ამ მისამართებზე ატრაქციონები მიმწოდებელმა 2019 წლის 20 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში უნდა განათავსოს.
ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით დასრულდა. „მოედნის ფასადის მოსახვა არქიტექტურული მემბრანით დავასრულეთ“ – წერს შპს „სტადიონი“ თავის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.
საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას [პირველი ეტაპი] კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულებები დღგ-ს ჩათვლით, 117 349 122 და 24 520 400 ლარზეა გაფორმებული.
ბათუმში, ყოფილი მანქანათმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე, 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი და მეორე ეტაპები, ანუ მთლიანად საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა, 2020 წლის 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს.
ბათუმის მშენებარე სტადიონის გადახურვა დასრულდა /5.08.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“ბათუმის მშენებარე სტადიონის გადახურვა დასრულდა /5.08.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“ბათუმის მშენებარე სტადიონის გადახურვა დასრულდა /5.08.2019 / ფოტო: შპს „სტადიონი“
3 აგვისტოს მინსკთან ახლოს როკფესტივალი «Рок за бобров» ჩატარდა, რომლის წამყვანმა, ჟურნალისტმა იური დუდმა, ,,დოჟდის” ცნობით რუსული პანკ-როკ ჯგუფის, „პორნოფილმის“ წარდგენის შემდეგ, მოსკოვის დემონსტრაციების და რუსი არტისტების დამოკიდებულებაზე ისაუბრა.
„გუშინ ჩამოვედი მოსკოვიდან, სადაც ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება. ასეთ დროს რუსი არტისტები ორ კატეგორიად იყოფიან, ერთნი, რომლებსაც გაკმენდილი აქვთ ხმა იმის შიშით, რომ ლუკმა-პურს დაკარგავენ, რომ მაღლა ვინმეს გააბრაზებენ და მეორე კატეგორიის არტისტები, რომლებიც, რა თქმა უნდა, უმცირესობაში არიან, მაგრამ ყველაფერს თავის სახელს არქმევენ – შემოქმედებაშიც და მის მიღმაც,“ – განაცხადა იური დუდმა.
მოსკოვში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც ადამიანები სამართლიან არჩევნებს ითხოვდნენ, 800-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. დარბევისას პოლიციამ ხელკეტები გამოიყენა.
აქციები რუსეთის დედაქალაქში ერთი კვირის წინ დაიწყო. დემონსტრანტები ითხოვენ, არჩევნებზე დამოუკიდებელ კანდიდატებს მისცენ რეგისტრაციის საშუალება.
„დოჟდის“ ცნობით, გასულ კვირას აქციაზე 430-ზე მეტი ადამიანი დააკავეს მოსკოვის მერიასთან. მედიის ცნობით, აქციის დაწყებამდე დააკავეს დამოუკიდებელი კანდიდატები: დმიტრი დურკოვი, იულია გალიამინა, ივან ჟდანოვი, ილია იაშინი და ლუბოვ სობოლი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5 აგვისტოს 21 საათიდან 6 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.
ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 19-24 გრადუსი, დღისით 25-30 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში ღამით 5-10 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი. ტალღის სიმაღლე: 7-12დმ (2-3 ბალი);
ზღვის წყლის ტემპერატურა: +26,5 გრადუსი.
7 და 8 აგვისტოს სინოპტიკოსები აჭარაში უმეტესად უნალექო ამინდს ვარაუდობენ.
მახინჯაურში მაშველებმა დრონის დახმარებით 29 წლის კაცი გადაარჩინეს. მოქალაქე ზღვაში 3-ბალიან შტორმში შევიდა და გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ეს შენიშნა სანაპიროზე მყოფმა სხვა პირმა, რომელმაც სამაშველო დანაყოფს მიმართა.
„გადარჩენის ოპერაციაში დაუყოვნებლივ ჩაერთო მაშველი დრონის ოპერატორი და სამაშველო კატერი. ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველებმა ახალგაზრდა მამაკაცი სანაპიროზე უვნებლად გაიყვანეს“, – აცხადებენ უწყებაში.
ტექნოლოგიური სიახლე – მაშველი დრონი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა წლევანდელ საზღვაო სეზონზე დანერგა. მაშველი დრონი სანაპირო ზოლზე პატრულირებისა და შტორმის დროს სამაშველო ოპერაციისთვის გამოიყენება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები. არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე.
არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.
მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
ხელვაჩაურში რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. აბონენტების ზუსტი რაოდენობა, თუ რამდენი ოჯახია შუქის გარეშე დარჩენილი, „ ენერგო-პრო ჯორჯიამ“ ვერ მოგვაწოდა.
ელექტროენერგია ხელვაჩაურის სოფლებში გუშინ, 4 აგვისტოს, ღამით, წვიმის გაძლიერებისთანავე გაითიშა და აღდგენა მას შემდეგ ვერ ხერხდება.
კომპანიაში შეფერხების მიზეზად უამინდობით გამოწვეულ ავარიებს ასახელებენ. პრესსამსახურის ინფორმაციით, სპეციალისტების ჯგუფი ხარვეზების აღმოფხვრაზე ამ დრომდე მუშაობს. ზოგიერთ სოფელში ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია, დარჩა მხოლოდ ჭარნალის თემის სოფლები. ერთ-ერთი აბონენტის ინფორმაციით, ელექტროენერგია არ მიეწოდება, ასევე, სოფელ ზანაქიძეებს.
ბათუმის ბულვარი და პლაჟი ყოველი შტორმის შემდეგ ზღვიდან გამორიყული ნარჩენებით იფარება. პლასტმასის ბოთლები, თუნუქის ქილები, ერთჯერადი ჭიქები, სიმინდის ნარჩენები – ეს არასრული ჩამონათვალია იმ ნარჩენებისა, რასაც ზღვა უკან, ნაპირზე აბრუნებს.
ნახეთ, როგორ გამოიყურება სანაპირო შტორმის შემდეგ.
ბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიპლაჟზე შეგხვდებათ: გამოყენებული ბოთლებისიმინდის ნარჩენებინაყინის ქაღალდებითუნუქის ქილებიბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელებიბათუმის სანაპირო შტორმის შემდეგ ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
ქობულეთში, პლაჟის გასწვრივ მდებარე მიწის ნაკვეთი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო თავიდან 4 მილიონ 585 ათას ლარად ყიდდა, ბოლო აუქციონზე 75%-იანი ფასდაკლებით – 1 146 250 ლარად იყიდებოდა. ქონება პირობებიან აუქციონზე 30 ივლისს გაიყიდა. ნაკვეთი ერთი ბიჯით – 1 176 250 ლარად იყიდა შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, რომელიც პირველი აუქციონის გამოცხადებამდე თვენახევრით ადრე დაარეგისტრირეს პარტნიორებმა.
შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანი“ თბილისში 2019 წლის 11 თებერვალსაა დარეგისტრირებული. მისი პარტნიორები არიან: შპს „აგენტ პლიუსი“, რუსეთის ფედერაცია [34% წილის მფლობელი], ჟუჟუნა ქავთარაძე და ნელი თათულაშვილი [33-33%-ის მფლობელები].
„ჯორჯიან რიზორთს კომპანის“ დირექტორი კი გიორგი ხურციძეა, რომელიც შპს „ჯეოიმპორტის“ 100% წილის მფლობელი და დირექტორიცაა. ნელი თათულაშვილი კი, კიდევ სამი სხვადასხვა კომპანიის პარტნიორია, აქედან ერთ კომპანიაში წილის 100%-ს ფლობს [შპს „იბერია“]. ნელი თათულაშვილი ფლობდა ასევე შპს „მეგა პროდუქტის“ წილის 10%-ს, რომელიც მან 2011 წელს 20 ლარად გაყიდა.
აუქციონზე გატანილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“ ამბობდა, რომ პირდაპირი მიყიდვა ან 1 ლარად ამ ნაკვეთის გასხვისების საკითხი სამინისტროში არ განიხილებოდა: „ქონება გასხვისდება მხოლოდ აუქციონით, რომელმაც უნდა გამოაჩინოს, არის თუ არა დაინტერესებული პირი, ანუ უღირს თუ არა პირს, ბიზნესს, გადაიხადოს მოცემული პირობებით მოცემული ფასი.“
მინისტრის მოადგილე ასევე აცხადებდა, რომ ნაკვეთით დაინტერესებული მხარეების მიერ „აუქციონამდე შემოთავაზებული იყო თუ რისი განვითარების შესაძლებლობა არსებობდა და არა ფასი. ჩვენ ჩვენი პირობებიც ჩავდეთ და კორექტირებული პირობებით გამოვაცხადეთ აუქციონი“.
აუქციონზე შეძენილი მიწის ნაკვეთის მომავალმა მესაკუთრემ – შპს „ჯორჯიან რიზორთს კომპანიმ“, საბოლოო საპრივატიზებო საფასური ერთი წლის განმავლობაში უნდა გადაიხადოს; ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს ორი თვის ვადაში სამინისტროში უნდა წარადგინოს საინვესტიციო ვალდებულების 2%-ის ოდენობით უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია; ხელშეკრულების გაფორმებიდან ხუთი თვის ვადაში კი – საპროექტო ობიექტის ვიზუალური [მათ შორის ზღვაზე გადასასვლელი ბილიკის] ესკიზი.
ქონების შემძენმა ასევე უნდა უზრუნველყოს:
[checklist]
ხელშეკრულების გაფორმებიდან ათი თვის ვადაში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთზე განსათავსებელი მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება, სადაც მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობა უნდა შეიცავდეს არანაკლებ 100-ნომრიან სასტუმროს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, სარეაბილიტაციო და საბავშვო ცენტრებს, რესტორანს, არანაკლებ 60 ავტომანქანაზე გათვლილ ავტოსადგომს, სკვერს;
ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის მშენებლობის დაწყება; ორი წლის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის ნულოვანი ნიშნულის დასრულება; სამი წლის ვადაში – ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება; ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 თვის ვადაში მრავალფუნქციური შენობა- ნაგებობ(ებ)ის ფასადის სამუშაოების დასრულება; 4 წლის ვადაში კი მრავალფუნქციური შენობანაგებობ(ებ)ის მშენებლობის დასრულება და ექსპლუატაციაში გაშვება;
ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 (სამოცი) თვის ვადაში შენობა-ნაგებობ(ებ)ის ამოქმედება და არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა არანაკლებ 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
[/checklist]
კომპანიამ ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 50 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
„საპარტნიორო ფონდის“ საკუთრებაში არსებულ ნაკვეთს შეკვეთილის მხრიდან ესაზღვრება პლაჟსა და მდინარე ჩოლოქს შორის მდებარე 104 294 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთი, რომელიც შპს „აკვაცენტრის“ საკუთრებაშია [აკვაცენტრი მიწას მდინარის მეორე ნაპირზეც ფლობს].
რეესტრის ბოლო ამონაწერის მიხედვით, „აკვაცენტრის“ დირექტორი კახა კობიაშვილია, ხოლო 100% წილის მფლობელია „ვენითი ოუვერსიზ [Vanity Overseas] ლიმითედი / ვირჯინიის კუნძულები [ბრიტანეთი].
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ კვლევის მიხედვით, Vanity Overseas ერთ-ერთი ოფშორული კომპანიაა, რომლის საშუალებითაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახი საქართველოში სხვადასხვა კომპანიას ფლობს, მათ შორის შპს „აკვაცენტრს“.
ქობულეთის მხრიდან კი, „საპარტნიორო ფონდის“ ნაკვეთს ფიჭვნარში, კიევის ყოფილი მერის, ლეონიდ ჩერნოვეცკის საკუთრებაში არსებული 24 911 კვ.მ. ტერიტორია ესაზღვრება.
შემდეგ 70 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაშია. ამ ნაკვეთიდან, ვიდრე ქობულეთის მოსახლეობამდე [აღმაშენებლის ქუჩის ბოლო] კი, გარკვეული ნაკვეთები უკვე გასხვისებულია. დარჩენილი იყო ერთი ნაკვეთი – 11 235 კვ.მ ფართობი, რომელიც ახლა გაიყიდა
ფაქტობრივად, როცა ჯერ კიდევ გაუსხვისებელი ნაკვეთებიც გასხვისდება, ფიჭვნარის სანაპიროზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული თავისუფალი ნაკვეთი აღარ რჩება. აქ უშუალოდ პლაჟის ვიწრო ზოლი დარჩება ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში.
საქართველოში, ტექნიკური რეგლამენტით, 2019 წლის პირველი აპრილიდან აკრძალული იყო ნებისმიერი სისქის პლასტიკის [ცელოფნის] პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, თუმცა კანონმა არ იმუშავა. საქართველოს მთავრობამ სამი თვის შემდეგ, 2019 წლის ივლისში შეიტანა ცვლილება და ეს რეგლამენტი აღარ ვრცელდება არანაკლებ 50 მიკრონი სისქისა და არანაკლებ 45X70 სმ ზომის პლასტიკის პარკებზე: ამ და მეტი სისქისა და ზომის ცელოფნის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, 2019 წლის 20 ივლისიდან, უკვე დაშვებულია კანონით [ახალი დადგენილება 31 ივლისს შევიდა ძალაში].
2019 წლის აპრილიდან ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოების, იმპორტისა და რეალიზაციიის აკრძალვის ნაცვლად, რეგლამენტში გაჩნდა ჩანაწერი, რომ 2019 წლის 20 ივლისიდან საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, „გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა“.
მთავრობის ახალი დადგენილებით, რეგლამენტის მოთხოვნები ასევე აღარ ვრცელდება:
[checklist]
საქონლის ან/და პროდუქტის შეფუთვისთვის გათვალისწინებულ პლასტიკის პარკებზე, როდესაც პლასტიკის პარკი გამოიყენება მწარმოებლიდან მომხმარებლამდე ჯაჭვში, როგორც ნედლეულის, ასევე დამუშავებული პროდუქტის მოსათავსებლად, დასაცავად, გადასატანად, მისაწოდებლად და მისი მოცილება უშუალოდ ნედლეულის/პროდუქტის მოხმარების დროს ხდება;
პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ექსპორტის მიზნით წარმოებაზე (გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნისა, რომ საქართველოში წარმოებული პლასტიკის პარკები, ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.);
თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში გაყიდული საქონლის მოსათავსებლად განკუთვნილი პლასტიკის პარკების იმპორტსა და რეალიზაციაზე. ამასთან, თითოეულ პარკზე, კომპიუტერული შრიფტით, ქართულ და ინგლისურ ენებზე დაბეჭდილი უნდა იყოს წარწერა − „თავისუფალი ვაჭრობა“ და „DUTY FREE“.
[/checklist]
ახალი დადგენილებით, რეგლამენტში გაჩნდა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ცნებები. ეს არის პლასტიკის მასალისგან დამზადებული პარკები, რომლებიც შეიცავენ დანამატებს, რაც ხელს უწყობს პლასტიკის მასალის მიკროფრაგმენტებად დაშლას.
რეგლამენტით, საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალული იყო ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია; რეგლამენტში შესული ცვლილებით კი აიკრძალა ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკებისა და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი გამონაკლისებისა [საექსპორტოდ წარმოება და სხვა]“.
ამასთან, საქართველოში ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოება და მათი რეალიზაცია დასაშვებია პარკების „საქართველოს სტანდარტთან“ შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, ხოლო 2021 წლის 1 იანვრამდე ასევე დასაშვებია შესაბამისი ლაბორატორიული დასკვნის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს, რომ პარკი არ შეიცავს პლასტიკს.“.
ლაბორატორია, რომელიც პარკებში პლასტიკის შემცველობას დაადგენდა საქართველოში არ არის. ასეთი ლაბორატორიის გახსნის საკითხი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში კვლავ განხილვის სტადიაზეა. სამინისტროში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლაბორატორიის შექმნას მილიონონით ლარი დასჭირდება, კონკრეტული გადაწყვეტილება კი ჯერ მიღებული არ აქვთ. „თუმცა, ჩვენ შეგვიძლია კონტროლის მიზნით პარკების ნიმუშების გადაგზავნა სხვა ქვეყვების შესაბამის ლაბორატორიებში. კონტროლის მხრივ პრობლემა არ შეიქმნება“ – აცხადებენ სამინისტროში.
ახალი რეგლამენტით:
[checklist]
ექსპორტის მიზნით პლასტიკის პარკის, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკის წარმოებისას, მწარმოებელი ვალდებულია, წარმოების დაწყებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას − გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს წერილობით აცნობოს წარმოების დაწყებისა და დამთავრების ვადების, დასამზადებელი პლასტიკის პარკების, ოქსოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების ან/და ოქსობიოდეგრადირებადი პლასტიკის პარკების რაოდენობის, ზომების, ექსპორტის ქვეყნისა და ექსპორტის განხორციელების ვადების შესახებ.
ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების საწარმოებლად გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ის მასალა, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ პირობებს: მის მწარმოებელზე გაცემულია სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების წარმოებისთვის საჭირო მასალა; მწარმოებლის მიერ გაცემულია პარკების წარმოებისათვის საჭირო მასალის სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
საქართველოში დასაშვებია სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტი. ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების იმპორტისას ტვირთს უნდა ახლდეს: შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების მწარმოებელზე გაცემული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს მწარმოებლის უფლებამოსილებას, აწარმოოს სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტის შესაბამისი ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკები; მწარმოებლის მიერ გაცემული, ბიოდეგრადირებადი ან/და კომპოსტირებადი პარკების სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტის EN 13432:2000 სტანდარტთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი.“.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მამაკაცი გონიოში ზღვაში დაახლოებით 12:00 საათზე შევიდა.
როგორც საგანგებოში „ბათუმელებს“ უთხრეს, მაშველებმა კაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, კაცს საავადმყოფოში გადაყვანის დროსაც უტარდებოდა შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით უცნობია, დაღუპული კაცი ადგილობრივია თუ ტურისტი.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო 45 შეტყობინება დაფიქსირდა.
საგანგებოს ინფორმაციით, ბათუმში, რამდენიმე ქუჩაზე სანიაღვრე სისტემამ ვერ გაატარა წყლის ძლიერი ნაკადი, რამაც გზების დატბორვა გამოიწვია.
„აღნიშნული მისამართების შესახებ ინფორმაცია ბათუმის მერიის შესაბამის სამსახურებს უკვე გადაეცა. მაშველებმა მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში იმუშავეს.
გამოძახების უმრავლესობა შენობების პირველი სართულების დატბორვას ეხებოდა,“- ნათქვამია აღნიშნული სამსახურის განცხადებაში.
როგორც „ბათუმელებს“ ბათუმის მერიაში უთხრეს, ზარალთან დაკავშირებით მოქალაქეების მხრიდან განცხადება არ შესულა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, უამინდობის გამო ამ დროისთვის შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ფიქსირდება 3-4-ბალიანი შტორმი. აღმართულია წითელი ალმები და აკრძალულია ცურვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები.
არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში.
სამაშველოს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, გამოიფინება თეთრი ალმები.
ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოს მოქალაქე დაჭრა. შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ [22:00] მოხდა.
თვითმხილველის თქმით, რომელიც საშაურმეს თანამშრომელია, ტერასაზე ერთ მაგიდასთან რამდენიმე ქართველი ბიჭი იჯდა. მათ გვერდით ისხდნენ უცხოელები. მათ შორის სიტყვიერი შელაპარაკება დაიწყო, რაც შემდეგ კონფლიქტში გადაიზარდა. ამ დროს უცხოელმა დანა ამოიღო და ახალგაზრდა კაცი ფეხში დაჭრა.
დაჭრილი პირი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა ფეხში დაზიანებებით. დაზარალებულმა მათ უთხრა, რომ „მშენებლობაზე იყო და შიფერი დაეცა“.
ადგილზე უკვე იმყოფებოდა პოლიცია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 118 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციამ დაადგინა დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა, რომელიც გადაყვანილია პოლიციის განყოფილებაში და აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე, მუნიციპალური ავტობუსი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინეს. მძღოლი, რომელსაც დარღვევა დაუდგინდება, დაჯარიმდება.
„ღრმად შეუფერებელი კომენტარის“ გამო რუმინეთში განათლების მინისტრი – ეკატერინა ანდრონესკუ თანამდებობიდან გადააყენეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რუმინეთის განათლების ყოფილმა მინისტრმა – ეკატერინა ანდრონესკუმ კომენტარი ტელევიზიასთან მას შემდეგ გააკეთა, როცა რუმინეთში 15 წლის გოგო – ალექსანდრა მაკასენუ გაიტაცეს და მოკლეს.
უკვე ყოფილმა განათლების მინისტრმა რუმინულ ტელევიზიასთან მიცემულ კომენტარში თქვა: „მე მასწავლიდნენ, რომ უცხო ადამიანებს მანქანით არ უნდა გავყოლოდი“.
განათლების მინისტრის ეს კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკრიტიკა. „დიდი პრობლემაა. ეს კომენტარი აჩვენებს გაგების ნაკლებობას“, – თქვა მან. ამ შეფასების შემდეგ დატოვა თანამდებობა განათლების მინისტრმა.
ამ შემთხვევამდე, „არასრულწლოვნის გატაცების და მკვლელობის საქმეზე“ თანამდებობიდან გადადგა შინაგან საქმეთა მინისტრი, როცა გამოძიებით დადგინდა, რომ გატაცებულ გოგოს სამჯერ ჰქონდა დარეკილი გადაუდებელი დახმარების ცხელ ხაზზე, პოლიციას კი 18 საათი დასჭირდა მიეგნო იმ ადგილისთვის, სადაც გატაცებული გოგო ჰყავდათ.
გამოძიებამ უკვე დააკავა ბრალდებული, 65 წლის კაცი, რომელმაც 15 წლის ალექსანდრას გარდა, კიდევ 18 წლის გოგოს მკვლელობაც დაადასტურა. ამ პროცესის მიუხედავად, საზოგადოებრივი პროტესტი ბუქარესტში არ წყდებოდა და უფრო მეტი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის დასმას ითხოვდნენ.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ბეშუმში გამართული შუამთობის დროს ოპოზიციის წარმომადგენლებს „უპასუხისმგებლო პარაზიტები“ უწოდა.
„დღეს ოპონენტები შეეცადნენ ეს საზეიმო სახალხო განწყობა გაეფუჭებინათ. მე ამ ადამიანების მიმართ ვერც პოლიტიკოსებს, ვერც ლიდერებს ვერ გამოვიყენებ, ვინაიდან ამასაც დამსახურება უნდა. ჩვეულებრივი უპასუხისმგებლო პარაზიტები, რომლებიც ცდილობენ, როგორც სახალხო ზეიმი ჩაშალონ, ასევე გააფუჭონ განწყობა და ჩვენი ქვეყანა ყოველთვის ამყოფონ უარყოფით დღის წესრიგში. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ამის უფლებას არ მივცემთ,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ. ვიდეოკომენტარი აჭარის მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა.
დღეს, 4 აგვისტოს, ბეშუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ პრემიერ-მინისტრს სლოგანით: „გახარია წადი“.
საპენსიო სააგენტომ დაამტკიცა ინსტრუქცია, რომელიც განსაზღვრავს დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილეთათვის პენსიის დაანგარიშების, დანიშვნის, გაცემისა და გადაანგარიშების, ასევე, გარდაცვლილ მონაწილეთა მემკვიდრეების მიერ საპენსიო აქტივების მიღების წესსა და პროცედურებს. ინსტრუქცია 2019 წლის 31 ივლისს ამოქმედდა.
საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილეს შეუძლია პენსია მიიღოს: პროგრამული გატანით, სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით, ერთიანი გადახდით, შესაძლებლობის შეზღუდვისას, საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას, ხოლო დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები გადაეცემა მის მემკვიდრე(ებ)ს.
ინსტრუქციის მიხედვით, საპენსიო ასაკის მიღწევისას საპენსიო სქემის მონაწილე უფლებამოსილია მიიღოს პენსია:
[checklist]
პროგრამული გატანით, სადაც მონაწილეს უფლება აქვს აირჩიოს პროგრამული გატანის შემდეგი ორი ფორმიდან ერთ-ერთი: პირველი – მოსახლეობის ასაკობრივი განაწილებისა და სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით, პენსიის ყოველწლიური გადაანგარიშებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის პირობით, და მეორე – პენსიის დანიშვნისას განსაზღვრული სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის შეცვლის გარეშე
[/checklist]
პროგრამული გატანის დროს ყოველთვიურად მისაღები თანხის გამოსათვლელად საპენსიო ანგარიშზე არსებული თანხა გაიყოფა პენსიაზე ყოფნის წლების რაოდენობაზე და გაიყოფა 12 თვეზე.
პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა გამოითვლება შემდეგნაირად – სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებელს მინუს მონაწილის მიმდინარე ასაკი. მაგალითად, სიცოცხლის საშუალო სტატისტიკურ მაჩვენებლად ავიღოთ 75 წელი. შესაბამისად, ქალის პენსიაზე ყოფნის ხანგრძლივობა იქნება 15 წელი [75-60(პენსიაზე გასვლის ასაკი)=15], ხოლო კაცის – 10 წელი [75-65=10]. შესაბამისად, თუ პენსიონერს დაუგროვდა ანგარიშზე ვთქვათ, პირობითად, 56 ათასი ლარი. ის პროგრამული გატანით ქალი მიიღებს პენსიას თვეში – 311,1 ლარს, ხოლო კაცი მიიღებს 466,6 ლარს თვეში.
ინსტრუქციას პროგრამული გატანის ორი ფორმის შესაბამისი ფორმულები ახლავს, რომლითაც მოხდება ყოველთვიური პენსიის დაანგარიშება.
მონაწილის მიერ მისაღები ყოველთვიური პენსიის გამოთვლის შემდეგ საპენსიო სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას პენსიის დანიშვნის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მონაწილეს მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით. ამასთან, საპენსიო სააგენტო ელექტრონული სისტემის მეშვეობით მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე ასახავს ინფორმაციას ყოველთვიურად მისაღები პენსიის ოდენობის შესახებ, რომელიც ფიქსირებულია მონაწილის ასაკის შეცვლის თვის ბოლომდე. ასეთი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
პენსიის გაცემა დაიწყება მონაწილის განცხადების საპენსიო სააგენტოს მიერ მიღების დღიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღის ვადაში. ყოველი შემდგომი პენსიის გაცემა საპენსიო სააგენტოს მიერ მოხდება არაუგვიანეს შესაბამისი კალენდარული თვის 25 რიცხვისა.
[checklist]
პენსიის აღება ასევე შესაძლებელია მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივებით, პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენით
[/checklist]
იმ შემთხვევაში, თუ მონაწილეს სურს პენსიის მიღების მიზნით სადაზღვევო ანუიტეტური პროდუქტის შეძენა, სააგენტოს შესაბამისი აქტის საფუძველზე მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
საპენსიო სააგენტო შესაბამისი განცხადებისა და წინამდებარე ინსტრუქციით განსაზღვრული დოკუმენტაციის მიღებიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველყოფს პენსიის მიმღების ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების შესაბამისი თანხის გადარიცხვას, მონაწილის ან მონაწილის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილ სადაზღვევო ან სხვა ფინანსური ინსტიტუტის ანგარიშზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით.
[checklist]
მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით
[/checklist]
აღნიშნული ფორმა შესაძლოა არჩეულ იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: მონაწილემ საპენსიო ასაკს მიაღწია საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღიდან არაუგვიანეს 5 წლისა, ან უკვე იყო საპენსიო ასაკის საპენსიო შენატანების განხორციელების დაწყების თარიღისათვის, ან იმ შემთხვევაში თუ მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების პროგრამული გატანის შემთხვევაში მისი ყოველთვიური პენსია იქნება განცხადების მიღების დროისათვის, სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით, საშუალო თვიური დარიცხული ხელფასის 10%-ის ტოლი ან ნაკლები.
ერთიან გადახდაზე მონაწილის განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 30 დღის ვადაში საპენსიო სააგენტო პენსიის მიმღების საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის გზით გასცემს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულებას შესაბამისი თანხის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით დაბეგვრით. მონაწილეს ეცვლება სტატუსი, ის ტოვებს საპენსიო სქემას და ხდება პენსიის მიმღები.
[checklist]
შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილე უფლებამოსილია საპენსიო ასაკის მიღწევამდე მიიღოს პენსია, კანონისა და წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად.
[/checklist]
[checklist]
ინსტრუქცია ითვალისწინებს ასევე საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას პენსიის მიღების ფორმებს
[/checklist]
დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივები გადაეცემა გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრე(ებ)ს კანონის, წინამდებარე ინსტრუქციისა და საქართველოს სხვა საკანონმდელო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და რეგულაციების შესაბამისად.
თუ გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ განცხადებით მოთხოვნილია გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივების მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანა, განცხადების მიღების შემდეგ საპენსიო სააგენტო შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების მონაწილის მემკვიდრის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე გადატანის თაობაზე და ასეთ გადაწყვეტილებას უგზავნის მემკვიდრეს, მისი ინდივიდუალური საპენსიო გვერდის მეშვეობით.
საპენსიო აქტივების გადატანის შედეგად, გარდაცვლილი მონაწილის საპენსიო აქტივები გახდება გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის საკუთრება და მემკვიდრე უფლებამოსილი იქნება განკარგოს ასეთი აქტივები, როგორც საკუთარი საპენსიო აქტივები, კანონის, საპენსიო სააგენტოს ნორმატიული აქტებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად.
იმ შემთხვევაში, თუ მემკვიდრე უკვე არის საპენსიო ასაკის და იღებს პენსიას წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, მის საპენსიო ანგარიშზე გადატანილი საპენსიო აქტივების გათვალისწინებით, მემკვიდრის პენსიის ხელახლა გადაანგარიშება მოხდება ინსტრუქციის შესაბამისი მუხლით განსაზღვრული წესით.
მემკვიდრის მიერ, ასევე შესაძლებელია გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების ღირებულების ერთიანი გადახდით მიღება ინტრუქციის მიხედვით.
თუ, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარმოდგენილი სამკვიდრო მოწმობის თანახმად, გარდაცვლილ მონაწილეს რამდენიმე მემკვიდრე ჰყავს, ასეთ შემთხვევაში, განცხადების წარმომდგენი მემკვიდრე უფლებამოსილია მიიღოს საპენსიო აქტივების მხოლოდ ნაწილი, რომელიც დაანგარიშებულ იქნება სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად. საპენსიო სააგენტო სამკვიდრო მოწმობაში მითითებული პროპორციის შესაბამისად ანგარიშობს საპენსიო აქტივებიდან განცხადების წარმომდგენი მემკვიდრის წილს და გადასცემს მას ასეთ მემკვიდრეს მის მიერ არჩეული ფორმით. საპენსიო აქტივების ღირებულების დარჩენილი ოდენობა კი რჩება გარდაცვლილი მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე და შესაძლოა გაიცეს წინამდებარე ინსტრუქციის შესაბამისად, სხვა მემკვიდრე(ებ)ის განცხადებ(ებ)ის საფუძველზე.
საპენსიო სააგენტომ ასევე დაამტკიცა საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციაც.
ეს ინსტრუქცია ვრცელდება კანონით გათვალისწინებულ ყველა დამსაქმებელზე, დასაქმებულსა და თვითდასაქმებულზე. ინსტრუქცია ვრცელდება ასევე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურზე საპენსიო შენატანების განხორციელების ნაწილში და საპენსიო სააგენტოს ყველა მმართველობის ორგანოსა თუ სტრუქტურულ ერთეულზე.
საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2019 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია].
სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და 55 728 ორგანიზაცია. აქედან რამდენია საჯარო მოხელე და საჯარო დაწესებულება, ეს მონაცემები ამ ეტაპზე, როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, დაზუსტებული არ აქვთ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 4 აგვისტოს 21 საათიდან 5 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია:
დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. წვიმა, ზოგან შესაძლოა ძლიერი. ელჭექი. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში, ზოგან შესაძლოა გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 18-23 გრადუსი, დღისით 23-28 გრადუსი სითბო;
მთიან რაიონებში ღამით 8-13 გრადუსი, დღისით 18-23 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი: სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ,ზოგან გაძლიერება 17-22 მ/წმ-მდე. წვიმა, ზოგან ძლიერი. ელჭექი. ხილვადობა 4-10 კმ. ტალღის სიმაღლე 15-30 დმ (4-5 ბალი)
ზღვის წყლის ტემპერატურა 26.5 გრადუსი.
6 და 7 აგვისტოს აჭარის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. უნალექო ამინდებია ნავარაუდევი აჭარის მთიანეთში.
„გახარია წადი“ – ამ ლოზუნგით ბეშუმში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია გამართეს. შეკრებილებმა შუამთობის დღესასწაულზე მისულ პრემიერ მამუკა ბახტაძეს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გათავისუფლება მოსთხოვეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიხეილ ბოლქვაძის თქმით, პოლიციელები პრემიერთან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ მოქალაქეებს.
„ჩვენ გვერდი ავუარეთ პოლიციის კორდონს და მივაწვდინეთ ჩვენი ხმა პრემიერს. ის იძულებული გახდა, აქედან მალე წასულიყო. ჩვენ მას ვაიძულებთ, გაათავისუფლოს გახარია“, – გვითხრა ხულოს საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ირაკლი ჯორბენაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, კორდონის გაკეთების დროს პოლიციელებმა ბავშვს ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. ხულოს სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ცნობით, 10 წლის ბიჭს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა და მას ადგილზე გაუწიეს სამედიცინო დახმარება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბეშუმში არავინ დაშავებულა და არც არავინ დაუკავებიათ.
ბათუმის რიგით მეშვიდე შავი ზღვის მუსიკის და ხელოვნების ფესტივალი წელს პირველად ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართება. აქამდე ფესტივალი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში იმარტთებოდა.
ფესტივალი პირველ სექტემბერს გაიხსნება და 10-ში დაიხურება. ფესტივალში ქართველ მუსიკოსებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი უცხოელი მუსიკოსები: კლაუდიო პიასტრა, ჯანკარლო დე ლორენცო, მიშელ სონი და სხვები.
შავი ზღვის ფესტივალის ორგანიზატროი ისევ ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდია – „ლირა“. ფესტივალი საქართველოს პრეზიდენტის პატრონაჟით იმართება. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ წელს ასევე გაიმართება „არტ კამპი“, სადაც რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებს ცნობილი მუსიკოსები მასტერკლასებს ჩაუტარებენ.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი აქცენტი წელსაც ახალგაზრდა ქართველი ტალანტების ხელშეწყობა იქნება, რაც მას აძლევს განსაკუთრებულ იდენტობას და მნიშვნელობას.
„მე ვარ ძალიან დამოუკიდებელი. ცოტა ხნის წინ უვადოდ გადავინიშნე, ამიტომ ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, არ მეშინია პროკურატურის და არც რომელიმე საგამოძიებო ორგანოსი, მით უმეტეს, ხანდაზმული საქმის გამოყენების, ეს არის წარმოუდგენელი რაღაც,“ – ასე უპასუხა მოსამართლემ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილის ერთ-ერთ შეკითხვას. გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა სურს. ნაზი ჯანეზაშვილმა კი მას სამი წლის წინანდელი „გონიოს პლაჟის ინციდენტი“ შეახსენა და ჰკითხა: რატომ არ აწუხებს მოსამართლეს ის ამბავი, რომ პროკურატურას ამ დრომდე საქმე გამოძიებული არ აქვს და, შესაძლოა, ხელისუფლებამ ამ გზით მის დამოუკიდებლობას პრობლემა შეუქმნას.
„უკვე გასულია ხანდაზმულობის ვადა, გამოძიება ისევ მიმდინარეობს დარღვევით. თქვენ რით ახსნით ამას? ეს არ უქმნის საფრთხეს მოსამართლის იმიჯს? ესეც ხომ შეიძლება იყოს ბერკეტი მოსამართლის წინააღმდეგ?… თქვენ არ მოგიმართავთ საბჭოსთვის ამ თემაზე, იქნებ დაცვა სჭირდება მოსამართლეს. იქნებ, ჩვენ უნდა გაგვეკეთებინა რამე საქმეზე, რომელშიც ფიგურანტი არის მოსამართლე? ასე შეიძლება თქვენ 65 წლს გახდეთ და ისევ არ იყოს საქმე გამოძიებული…“, – აღნიშნა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.
„დიახ, თეორიულად ეს შესაძლებელია,“ – დასძინა გიორგი მიქაუტაძემ.
საუბარია 2016 წლის აგვისტოში გონიოს პლაჟზე მომხდარ ინციდენტზე, რომლის შემდეგაც გამოძიება არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე დაიწყო. არასრულწლოვნის მშობლების – თამარ ხაჭაპურიძისა და კახაბერ ხაჩიძის თქმით, სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ, ბავშვს პლაჟზე მოსამართლე გიორგი მიქაუტაძემ სცემა. ბავშვის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას იმავე დღეს პროკურატურამ კვალიფიკაცია შეუცვალა და ძიება მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარით გააგრძელა. იმავე საღამოს დააკავეს არასრულწლოვნის მშობლები. მოგვიანებით პროკურატურამ ცალკე დაიწყო ძიება პლაჟზე არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე. სწორედ ამ საქმის გამოძიების დაუსრულებლობაზე იკითხა ნაზი ჯანეზაშვილმა.
2016 წლის ზაფხულიდან დღემდე გამოძიებას არ უთქვამს, სცემა თუ არა მოსამართლემ არასრულწლოვანს – ოფიციალურად ძიება გრძელდება. სამაგიეროდ, მალევე დასრულდა ძიება და უკვე გაასამართლეს კიდეც ბიჭის მშობლები, რომლებსაც, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის ჩვენების საფუძველზე, პროკურატურა მოსამართლის სიცოცხლის მოსპობის მუქარას ედავებოდა. ხელვაჩაურის სასამართლოს გადაწყვეტილებებით, მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტი საბოლოოდ არ დადასტურდა და ბრალდებულ მშობლებს ხულიგნობის მუხლით შეუფარდეს ჯარიმის გადახდა. მსჯავრდებულები დიდ ბრიტანეთში არიან. მათ უკვე მიიღეს პოლიტიკური თავშესაფარი და მათთან ერთად არასრუწლოვანი ბიჭიც, რომელიც მოსამართლეს პლაჟზე ფიზიკურ ძალადობას ედავება.
გიორგი მიქაუტაძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთან გასაუბრების დროს აღნიშნა, რომ არასრუწლოვანი, რომელიც ამ ეტაპზე გამოძიებას დაზარალებულად მიჩნეული არ ჰყავს, საგამოძიებო ორგანოში არ ცხადდება.
„თუ გაქვთ ეს დოკუმენტი, რომელიც პროკურატურიდან იყო გადმოგზავნილი, იქ არის განმარტებული, რომ არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც რამდენჯერმე იყო გამოძახებული, არ გამოცხადდა ჩვენების მისაცემად და რეალურად დაკითხული არ არის. პირი, რომელიც შეიძლება მოიაზრებოდეს დაზარალებულად, საგამოძიებო ორგანოში არ ცხადდება… რატომ არ იღებენ გადაწყვეტილებას ამა თუ იმ საკითხზე, მე პროკურატურის ორგანოებთან არ მქონია ამ თემაზე არანაირი კომუნიკაცია, არც დავინტერესებულვარ და ეს არასწორი იქნებოდა. მე რომ დავიწყო წერილების გაგზავნა და რეკვა, იმის გარკვევა, არიქა, ჩემს საქმეს ყურადღება მიაქციეთ-მეთქი, ეს შეიძლება აღქმული იყოს სხვაგვარად…“ – უპასუხა გიორგი მიქაუტაძემ ნაზი ჯანეზაშვილს.
მოსამართლემ ასევე თქვა, რომ დაპირისპირებულ მხარესთან, ანუ არასრულწლოვანსა და მის მშობლებთან შერიგება სცადა, თუმცა უშედეგოდ.
„არ ვარ გამოუცდელი იურისტი და ზუსტად ვიცი, რომ ვერავინ ზიანს ვერ მომაყენებს ამ საქმიდან გამომდინარე. მე სწორად მოვიქეცი მაშინაც… დაზარალებული მე ვიყავი რეალურად და მე დიდი სურვილი მქონდა, რომ შერიგების მსგავსი მომხდარიყო… ინტერნეტში დამონტაჟებული ვიდეოებია გამოქვეყნებული. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან არის თხოვნა, ელემენტარული ობიექტურობის შენარჩუნების მიზნით, გაჩვენონ თქვენ სრული ვიდეო, ეს არის მეათედი და არის ამოჭრილი. მე მივიტანე ეს ჩანაწერი და საგამოძიებო ორგანოებს ჩავაბარე, ახლა რომც მთხოვოთ, არც მაქვს… ოდესმე უნდა დასრულდეს ეს საქმე,“ – აღნიშნა გიორგი მიქაუტაძემ [ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა არასრულწლოვნის მშობლების ინტერესებს. მათ გამოძიება მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარას ედავებოდა].
„პროკურატურაც და მიქაუტაძეც ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ გამოძიება ჭიანურდება იმიტომ, რომ ბავშვი არ არის დაკითხული. ბავშვის დაკითხვის ოქმი ორ წელზე მეტია, რაც საქმის მასალებშია. გარდა ამისა, ჩვენმა ადვოკატმა არაერთხელ შეატყობინა, რომ განმეორებითი დაკითხვა შესაძლებელია სკაიპით, ნებისმიერ დროს, მაგრამ არავინ დაგვკავშირებია ამ საკითხზე,“ – ამბობს თამარ ხაჭაპურიძე, რომელიც ახლა დიდ ბრიტანეთშია. ჩვენ მას სოციალური ქსელში დავუკავშირდით.
არასრუწლოვანი, ვიდრე ის ქვეყანას დატოვებდა, ადვოკატმა გამოკითხა. გამოკითხვის ოქმი უკვე არსებობს საქმეში. თამარ ხაჭაპურიძე ეჭვობს, რომ პროკურატურა მიზანმიმართულად არ ასრულებს ამ საქმის გამოძიებას: „იმისთვის, რომ მიქაუტაძეზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდეთ“ .
საია-ს იურისტი, პაატა დიასამიძე იხსენებს, რომ არასრუწლოვნის მშობლების წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების დროს, პროკურატურას სულ 48 საათი დასჭირდა ბრალის წარსადგენად. არასრულწლოვნის ცემის საქმეში კი, სადაც მოსამართლეა ფიგურანტი გმირი, გამოძიებამ ორი წლისთავზე შედეგი ვერ დადო და არც სამი წლისთავზე ამბობს, რომ გამოძიება შეწყდა. საია-ს იურისტი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ ამ შემთხვევაში საპროცესო კანონმდებლობა დაარღვია.
„ფიზიკური ძალადობის მუხლზე დაწყებული გამოძიების შემთხვევაში, პროკურატურას საქმის გამოძიებისთვის 2 წლიანი ვადა აქვს. ამ ვადის გასვლის შემდეგ კი, გამოძიება უნდა შეწყდეს. კანონის ამ მოთხოვნის მიუხედავად, პროკურატურას არც საქმის ძიება შეუწყვეტია… ამ საქმეში არსებობდა არასრულწლოვნის გამოკითხვის ოქმი, მოწმეთა ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნაც. ამის მიუხედავად, პროკურატურას არ დაუწყია სისხლისსამართლებრივი დევნა,“ – გვითხრა საია-ს იურისტმა, პაატა დიასამიძემ.
საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ, 2 აგვისტოს ანტიკონსტუციურად მიიჩნია ადმინისტრაციული პატიმრობის, ან თავისუფლების აღკვეთის შეფარდება იმ პირების მიმართ, რომლებიც ნარკოტიკს მოიხმარენ, მაგრამ იგი არ იწვევს „სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას“. სასამართლოს არ უმსჯელია, რომელ ნარკოტიკულ საშუალებებს შეეხება ეს სიახლე. გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რადგან იგი გუშინვე გამოაქვეყნეს საკონსტიტუციო სასამართლოს ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე.
როგორ უნდა იმოქმედონ ამ შემთხვევაში სამართალდამცველებმა, ვიდრე პარლამენტს არ აქვს შეცვლილი კანონი ამ კუთხით?
გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი: „ვიდრე საკანონმდებლო დონეზე არ გაიწერება ეს ცვლილებები და არ დაკონკრეტდება, რომელი ნარკოტიკი ხდის ადამიანს უფრო აგრესიულს და პირიქით, ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში დაცვის მხარმ უნდა მიუთითოს არგუმენტებზე, რა იწვევს მიჩვევას და ასე შემდეგ….
ამ საქმეეში მნიშვნელოვანია მოსამართლის როლი. მოსამართლემ თითოეულ ინდივიდუალურ საქმეზე უნდა იმსჯელოს, რამდენად იწვევს ესა თუ ის ნარკოტიკული საშუალება სწრაფ მიჩვევას და აგრესიულ ქცევას. ამას დასჭირდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნები.“
გიორგი გოცირიძე თვლის, რომ ერთგვაროვანი პრაქტიკის დასამკვიდრებლად აუცილებელია პარლამენტმა განჭვრეტადი გახადოს კანონის ჩანაწერი ამ კუთხით.
„ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია დასაწყებია. ეს გადაწყვეტილება რომ რეალურად განხორციელდეს პრაქტიკაში, ძირეული რეფორმებია საჭირო. პრინციპში ეს გადაწყვეტილება აიძულებს პარლამენტს, რომ გარკვეული ცვლილებები დაიწყოს,“ – დასძენს გიორგი გოცირიძე.
საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელე სახალხო დამცველი იყო. ომბუდმენი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეფასებას ორშაბათს, 5 აგვისტოს გააკეთებს.