მთავარი,სიახლეები

ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსი ტურისტები შევინარჩუნოთ

25.06.2019 • 1776
ეკონომიკის მინისტრი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რუსი ტურისტები შევინარჩუნოთ

დღეს, 25 ივნისს, ბათუმში სასტუმრო „ჰილტონში“ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და იმ გამოწვევებზე ისაუბრეს, რაც რუსეთიდან ფრენების აკრძალვას მოჰყვა საქართველოში. შეხვედრა დახურულ ფორმატში მიმდინარეოდა, რის შემდეგაც „ბათუმელები“ ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს ესაუბრა.

შეხვედრაზე იმყოფებოდა სასტუმრო „ბესთ ვერტერნ პრემიერის“ წარმომადგენელი, თეონა ზოიძე, რომელმაც განაცხადა, რომ მათი სასტუმრო ძირითადად ევროპელ ტურისტებზე მუშაობს, ასევე არაბეთსა და მეზობელ ქვეყნებზე, რუსი ტურისტების წილი კი მხოლოდ 15 პროცენტია.

„რუსეთის პრეზიდენტის განცხადებების შემდეგ, ბუნებრივია, რუსმა ტურისტებმა დაიწყეს ჯავშნების გაუქმება. თუმცა, ვფიქრობთ, სამომავლოდ როცა დარწმუნდებიან, რომ საქართველო ნამდვილად უსაფრთხო ქვეყნაა, სიტუაცია გამოსწორდება.

ჩვენ გვთხოვეს რუსულმა ტურისტულმა სააგენტოებმა, რომ დაგვეფინანსებინა ტურისტების ტრანსფერი, რადგან რუსეთიდან ფრენების აკრძალვის გამო მათ მგზავრობა უძვირდებათ. ჩვენ ამაზე უარი ვუთხარით და ხელისუფლებას ვთხოვეთ, რომ ტრანსფერი თვითონ დააფინანსოს“, – გვეუბნება თეონა ზოიძე. მისი თქმით, რუსი ტურისტების მიღება სასტუმროსთვის გადამწყვეტი არ არის, „არც ისეთი კატასტროფაა ჩვენთვის, როგორც ამას ხატავენ ხოლმე, თუმცა, თუ იქნება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, კარგი იქნება“, – გვითხრა მან.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და ეკონომიკისა მინისტრი ნათია თურნავა ტურისტული სფეროს წარმომადგენლებს სასტუმრო „ჰილტონში“ შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

ტუროპერატორი „კაპიტალ ჯორჯია თრეველის“ წარმომადგენელი, ზეინაბ კონცელიძე  ამბობს, რომ მისი სააგენტო სხვადასხვა სეგმენტზე მუშაობს, 55-60% კი რუს ტურისტებზე მოდის.

„ნახევარმილიონი დოლარის ჯავშანი გაგვიუქმდა, მაგრამ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ სხვა ბაზრებზე და ვფიქრობთ, რომ სიტუაცია გამოსწორდება. ვთხოვეთ სახელმწიფოს წარმომადგენლებსაც, რომ იმუშაონ საქართველოს იმიჯზე, როგორც უსაფრთხო ქვეყანაზე და ნამდვილად არის საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო. ამის შესახებ ჩვენ პარტნიორებსაც მივწერეთ რუსეთში ოფიციალურად, მცირე კომპანიები ამზადებენ სარეკლმაო რგოლებს და ავრცელებენ, მაგრამ სახელმწიფოს მხარდაჭერაც მნიშვნელოვანია“, – გვეუბნება ზეინაბ კონცელიძე.

„ბათუმელები“ ესაუბრა აჭარა ტურის  წარმომადგენელს ირაკლი თავართქილაძესაც, რომელიც ამბობს, რომ დაახლოებით ერთი მილიონი დოლარის ჯავშანი გაუუქმდა 1-ელი ივლისიდან. თუმცა, მისივე თქმით, არის ტურისტების კატეგორია, ვინც აკრძალვის მიუხედავად მაინც ჩამოდის საქართველოში.

„ემბარგოს შემდეგ ჩამოვიდა 30-კაციანი ჯგუფი რუსეთიდან. არის ნაწილი, ვინც რუსული დეზინფორმაციის ზეგავლენის ქვეშაა, თუმცა ვფიქრობ, ეს კატეგორიაც შემცირდება“, – ამბობს ირაკლი თავართქილაძე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ აღნიშნა, რომ იმუშავებენ იმისთვის, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა გაუმარტივდეთ. „ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ბაზრების დივერსიფიკაციაზე, რომ გვყავდეს უფრო მეტი ტურისტი ევროპიდან და სხვა რეგიონებიდან, მაგრამ ახლა სწრაფად რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის ის, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ რუსი ტურისტი და ამის პერსპექტივას ჩვენ ვხედავთ“.

„ბათუმელების“ კითხვაზე, რუსი ტურისტებისთვის ჩამოსვლის გამარტივებაში იგულისხმება თუ რა მათთვის ტრანსფერის დაფინანსება და უღირს თუ არა ამ თანხის გადახდა საქართველოს ბიუჯეტს, ნათია თურნავა გვპასუხობს: „ეს წინადადება არ არის ჩვენგან წამოსული, ამას გვთხოვს ტურისტული ბიზნესი და ჩვენ არ შეგვიძლია ეს მოთხოვნა უგულვებელვყოთ. გვიღირს თუ არა, ჩვენ ამას აუცილებლად დავთვლით“.

კითხვაზე –  იყო თუ არა საუბარი ბიზნესთან იმაზე, რომ უფრო მეტად იმუშაონ ევროპის ან სხვა ქვენების ბაზარზე, გამომდინარე იქედან, რომ რუსეთი ამ მხრივ არ არის სანდო პარტნიორი, თურნავა ამბობს: „ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, თუ რა მიმართულებით იმუშავებს. რუსი ტურისტი საკმაოდ დიდი დოზით არის წარმოდგენილი ქართულ ბაზარზე, ეს არის 25 პროცენტი ჩვენი ბაზრის და ეს არის ბიზნესის არჩევანი. საქართველო არ ირჩევს ტურისტს, ტურისტი ირჩევს საქართველოს. ჩვენ უნდა გავმიჯნოთ პოლიტიკა“.

„რუსეთი არ მიჯნავს ბიზნესსა და პოლიტიკას“ – ამ რეპლიკაზე ნათია თურნავა ისევ იმეორებს, რომ „სამაგიეროდ ჩვენ უნდა გავმიჯნოთ, რადგან განსხვავებულები ვართ. ჩვენ მივესალმებით ყველა ქვეყნის ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ტურისტულ ბაზარზე რუსი ტურისტიც შევინარჩუნოთ“.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები პუტინის აკრძალვასთან დაკავშირებით მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ფოტო: ლელა დუმბაძის

საერთაშორისო ბიზნესის განვითარების ცენტრის თავმჯდომარე, ზვიად ელიზიანი ამბობს, რომ პუტინის ბრძანებამ რუსეთიდან ფრენების აკრძალვაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დააყენა ტურისტული სექტორი, თუმცა ეს არ არის მოულოდნელი, რადგან რუსეთი წლებია აჩვენებს, რომ ის არ არის სანდო პარტნიორი.

„ამიტომ სახელმწიფოსაც და კერძო სექტორსაც უნდა ჰქონდეს ალტერნატიული სტრატეგია. მიდგომა უნდა იყოს ერთობლივი და კერძო სექტორმაც თავისი ნაბიჯები უნდა გადადგას. თუკი სასტუმროს ნომერი პირობითად ღირს 200 დოლარი და ტურისტს ტრანსფერი სჭირდება ტრაპზონიდან, ამის ღირებულება უნდა გამოაკლოს და ამით სასტუმროს ბევრი არ მოაკლდება. სახელმწიფოსაც შეუძლია უფრო აგრესიულ მარკეტინგში ჩადოს თანხა და იგივე ავიარეისების  სუბსიდირების კუთხითაც. თუკი კარგად გათვლილი ნაბიჯები გადაიდგმება, მოკლევადიან კრიზისს რაღაც დონეზე დაარეგულირებს“, – გვეუბნება ელიზიანი.

მისი თქმით, რუსი ტურისტების ჩამოსვლა მთლიანად არ შეწყვეტილა და „ვინც პუტინის რეჟიმის გავლენის ქვეშ არ არიან, მაინც ჩამოვლენ და დაისვენებენ“.

________________________________________________________________

რა მოხდა?

საქართველოში 20 ივნისს დაიწყო ანტიპუტინური აქციები, სადაც საქართველოს ხელისუფლების არაერთი წარმომადგენლის გადაყენება მოითხოვეს. რუსეთის ხელისუფლებამ აღნიშნული “რუსოფობიურ პროვოკაციად” შეაფასა და “უსაფრთხოების” საბაბით საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლა აუკრძალა როგორც რუსულ, ისე ქართულ ავიაკომპანიებს. გარდა ამისა, რუს ტურისტებს მოუწოდეს, თავი შეიკავონ საქართველოში მოგზაურობისგან და დროულად დატოვონ ქვეყანა.

ავიარეისების გაუქმების გამო ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა რუსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალექსეი ნავალნიმ. მისი თქმით, “პუტინმა გადაწყვიტა ქართველები დასაჯოს, რადგან იქ ქუჩის აქციები იმართება“.

„პუტინმა აკრძალა ავიარეისები საქართველოსთან. ახლა ძალიან ბევრ რუსს არ შეუძლია წავიდეს იქ იაფად და ხარისხიანად დასასვენებლად. კითხვა: რატომ გადაწყვიტა პუტინმა რუსების დასჯა ქართველების პროტესტისთვის?”, – წერს ნავალნი ტვიტერზე.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: