როგორი ამინდი იქნება ორშაბათიდან ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 ივნისის 21 საათიდან 22 ივნისის 21 საათამდე ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა. ელჭექი.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, რაც შესაძლებელია გაძლიერდეს 17-22 მ/წმ-მდე.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 12 – 17 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 3-4 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 23 და 24 ივნისს აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

———-

მთავარი ფოტო: ბათუმი, გონიო-კვარიათის სანაპირო / ივნისი, 2026 წელი.

 

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 21 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 21 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 391 950 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 290. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 049 ერთეული [+8]
  • ჯავშანტექნიკა – 24 797 ერთეული [+10]
  • საარტილერიო სისტემა – 44 479 ერთეული [+93]
  • MLRS – 1 885 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 435 ერთეული [+2]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 364 149 ერთეული [+2 346]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 703 ერთეული [+8]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 109 817 ერთეული [+475]
  • სპეცტექნიკა – 4 316 ერთეული [+2]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

 

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

მხოლოდ ერთ მონაკვეთში 2 კაცი დაიღუპა – ავარიები ხელვაჩაურის გზაზე, რომელსაც „ოცნება“ წლებია აკეთებს

ბოლო 2 თვეში ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე 2 ადამიანი დაიღუპა ზუსტად ერთსა და იმავე ადგილზე: ერთ შემთხვევაში 70 წლის კაცი გადადიოდა ქუჩაზე, როცა მსუბუქი ავტომანქანა დაეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მეორე შემთხვევაში დაღუპული კაცი ავტომანქანაში მყოფი მგზავრი იყო.

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ე.წ. ხელვაჩაურის გზაა – ადგილი, სადაც ადამიანები მოუწესრიგებელი გზის გამო იღუპებიან. „ოცნების“ ხელისუფლება არათუ არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს, პირიქით, ამ ქუჩის მოწესრიგებას წლებია არ ასრულებს.

ხელვაჩაურის გზა „გუთენთრაკენის“ მეთოდით 2021 წლიდან კეთდებოდა, ხოლო 2023 წელს მოძრაობა სრულად განახლდა. სამუშაოების დასრულების და ჩაბარების მიუხედავად, გზაზე ამ დრომდე არაა შესაბამისი საგზაო მონიშვნები, ზებრა გადასასვლელები, შუქნიშნები…

„ამ ეტაპზე ორმული შეკეთება მიმდინარეობს და მისი დასრულების შემდეგ დაიწყება საგზაო მონიშვნის სამუშაოები,“ – უთხრეს „ბათუმელებს“ დღეს, 19 ივნისს, საქართველოს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

2023 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, როცა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ავტომანქანების მოძრაობა განახლდა, „ბათუმელები“ წერდა 13 ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

უფრო კონკრეტულად: ბოლო 3 წელში ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავარიით მინიმუმ 6 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა. საუბარია იმ შემთხვევებზე, რაც ცნობილი გახდა „ბათუმელებისთვის“. ხელვაჩაურის გზაზე მომხდარი ავარიების რეალური მაჩვენებელი შესაძლოა გაცილებით მაღალი იყოს.

კანონის მიხედვით კი, „შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ერთ-ერთი შემდეგი შემთხვევა:

  • ადამიანის  დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა;
  • ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა.
ადგილი ხელვაჩაურის გზაზე, სადაც 2026 წელს მომხდარ ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა

რატომ არ  არის ფრიდონ ხალვაშის გამზირი „შავი წერტილი“, სადაც გადაადგილება საშიშია? – გზების დეპარტამენტში ამ შეკითხვაზე გვიპასუხეს, რომ ამ საკითხზე შსს-ს უნდა მივმართოთ, შსს-ს პრესცენტრმა კი, „შავ წერტილებზე“ ინფორმაცია საერთოდ არ მოგვაწოდა.

  • ავარიების ქრონიკა ხელვაჩაურის გზაზე 

2026 წლის 14 ივნისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. „ბათუმელების“ ინფორმაციით დაღუპული კაცი მგზავრი იყო.

2026 წლის 11 ივნისს  სატვირთო ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა 50 წლამდე ქალი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

2026 წლის 23 მაისს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, დაშავდა ერთი ადამიანი, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2026 წლის 20 აპრილს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.

2025 წლის 30 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ერთი პირი დაშავდა და სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ისინი კლინიკაში გადაიყვანა.

2024 წლის 11 თებერვალს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ავტომანქანა ქვეითს შეეჯახა. თვითმხილველის ინფორმაციით, ის სასწრაფო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

2024 წლის 31 ოქტომბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული ქალი კლინიკაში გადაიყვანეს.

2024 წლის 17 მარტს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ორი ქვეითი დაიღუპა. ერთი ავარია კლინიკა „მედინასთან“ მოხდა – 40 წლის ქალს ჩვილისთვის რძე მიჰქონდა. მას იმ დროს დაეჯახა ავტომანქანა, როცა ის გზაზე გადადიოდა. მეორე ქვეითი სარიტუალო დარბაზ „სამ ძმასთან“ დაიღუპა.

2023 წლის 7 ნოემბერს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა.

2023 წლის 27 სექტემბერს ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. ერთი დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 31 იანვარს ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. შემთხვევის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს.

2023 წლის 24 ნოემბერს ფრიდონ ხალვაშის ქუჩაზე ავტომანქანა ბოძს დაეჯახა

  • სპეციალისტის კომენტარი: „ადამიანები იღუპებიან… ეს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა“ 

„პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, როცა გზა არ არის შესაბამისად მოწესრიგებული და ეს წლობით გრძელდება… ჯერჯერობით „შავი წერტილების“ მიმართულებით მოვიკოჭლებთ,“ – ამბობს ირაკლი იზორია, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარე.

ირაკლი იზორიას თქმით, კანონის მიხედვით, ფრიდონ ხალვაშის გამზირი აუცილებლად უნდა იყოს მონიშნული „შავ წერტილად“, რადგან სამი წელიწადში აქ 10-ზე მეტი ავარია დაფიქსირდა, რომელსაც ადამიანების დაღუპვა, ან ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა.

სპეციალისტი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების მედიაში დაფიქსირებული ციფრი შესაძლოა გაცილებით დიდი იყოს, რადგან მედიის ყურამდე ყველა ამბავი არ აღწევს.

„უნდა მოხდეს ამ არეალის, მონაკვეთის შეფასება, ინსპექტირება, შემოწმება და შემდგომ დაიგეგმოს კონკრეტული ღონისძიებები, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს საგზაო უსაფრთხოების მდგომარეობა ამ მონაკვეთზე. ვფიქრობ და ვშიშობ, რომ ეს უკვე ნამდვილად „შავი წერტილია“ გამომდინარე გამოქვეყნებული ნიუსებიდან… სასწრაფოდ უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული ჩარევები და გამოსწორება.

აუცილებლად უნდა შეფასდეს გზის საფარი, ასევე, არის თუ არა სიჩქარე დადგენილი ლიმიტის ფარგლებში, არის თუ არა გადასასვლელები მოწესრიგებული და აქვთ თუ არა ფეხით მოსიარულეებს წვდომა ორივე მხრიდან?

კანონმდებლობა შეიცვალა და გაზარდეს ჯარიმები, მათ შორის, ქვეითებისთვის, რომელიც არღვევს გადაადგილების წესს: 10 ლარი იყო და ახლა 50 ლარია. თუ ადამიანებს არ აქვთ გადასასვლელი, მაშინ სად უნდა გადავიდნენ? მნიშვნელოვანია, რომ ზებრა გადასასვლელები იყო სპეციალური ურბანული ლიმიტის გათვალისწინებით, თუ ამ მონაკვეთზე არის სასწავლო დაწესებულებები, იქ უნდა არსებობდეს მაქსიმალური ლიმიტი 30 კმ/სთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი იზორია.

ირაკლი იზორია

მიუხედავად იმისა, რომ კანონით 2020 წლიდან განისაზღვრა „შავი წერტილები“, ირაკლი იზორია ამბობს, რომ 2024 წლამდე ფაქტობრივად გზებზე სახიფათო მონაკვეთებს არ ადგენდა სახელმწიფო.

„2025 წლიდან კი, აქვს გზების დეპარტამენტს ამ კუთხით გარკვეული წინსვლა, ევროკავშირის პროექტის ფარგლებში განისაზღვრება „შავი წერტილები“ პირველი ფაზის ფარგლებში. როგორც ჩემთვის ცნობილია, დაახლოებით 40-მდე „შავ წერტილზეა“ საუბარი საქართველოს მასშტაბით, თუმცა ჯერ დაზუსტებული ეს მონაცემები არ არის,“ – ამბობს ირაკლი იზორია.

იგი ხაზს უსვამს იმასაც, რომ ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენთან ჯერ არც ამ საკითხზე საჯაროობაა უზრუნველყოფილი. სპეციალისტის თქმით, ევროპის ქვეყნებში „შავი წერტილების“ შესახებ ინფორმაცია რუკებზე მონიშნული, რომ სიტუაციის გამოსწორებამდე მძღოლებმა თადარიგი დაიჭირონ.

ჩვენთან კი, არც ის ვიცით: ფრიდონ ხალვაშის გამზირზე არსებობს „შავი წერტილი“?

რას უნდა აკეთებდეს სახელმწიფო „შავი წერტილის“ დადგენის შემდეგ?

„შავი წერტილების“ იდენტიფიცირებას ახდენს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. უშუალოდ სამინისტროა უფლებამოსილი, გადაუგზავნოს ეს სტატისტიკური მონაცემები და ინფორმაცია საავტომობილო გზების დეპარტამენტს, როგორც საქართველოს, ასევე აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს და სხვადასხვა მუნიციპალიტეტს, რომ მოახდინონ  „შავი წერტილების“ ადგილზე შეფასება, გაარკვიონ, რა არის პრობლემა, რატომ ხდება საგზაო შემთხვევები და შემდგომ შესაბამისად ჩაერიონ, ანუ მოწესრიგდეს ინფრასტრუქტურა და ის ნაკლოვანებები, რაც არსებობს გზაზე.

ზებრა გადასასვლელი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, რომლის სიგრძეც 7 კილომეტრია, მხოლოდ რამდენიმე ადგილზეა, მაგალითად, საჯარო სკოლასთან, თუმცა მონიშვნაც და ზებრაც გაუფერულებულია.

„შავ წერტილზე“ უნდა მუშაობდეს სპეციალური ჯგუფი, რომელიც ჩაატარებს ინსპექტირებას. მან უნდა დაადგინოს გამომწვევი მიზეზი და დაისახოს შესაბამისი ღონისძიებები. შესწავლას სჭირდება შესაბამისი ექსპერტები, ასევე, შესწავლის შემდგომი რეკომენდაციების შემუშავება და იმპლემენტაციას, რა თქმა უნდა, თავისი ხარჯები აქვს – ინფრასტრუქტურული ჩარევა უნდა მოხდეს“, – გვიყვება ირაკლი იზორია.

საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანია, სამთავრობო უწყებებმა დროულად იმოქმედონ.

„საერთაშორისო რეგულაციებით სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, გზების პროექტების დაფინანსების დროს, ყოველთვის დებენ პირობას, რომ გზის დაგების შემდგომ, სწრაფად უნდა გაკეთდეს მონიშვნები, საგზაო ნიშნები. არ შეიძლება, მაგალითად, გზას ვაგებდეთ ერთი წელი, მერე ერთი წელი ტენდერს ვაცხადებდეთ საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე და მესამე წელი მონიშვნას ვაკეთებდეთ. გზისთვის განუყოფელი ნაწილია ეს მონიშვნები და საგზაო ნიშნები. მოქალაქეებს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეთ კომფორტი და უსაფრთხოების განცდა.

ყველაფერი დროში სწრაფად უნდა გაკეთდეს. ადამიანები იღუპებიან და თითოეული ადამიანის დაღუპვა ადამიანური ტრაგედიის გარდა, ძალიან დიდი რესურსის დაკარგვა ქვეყნისთვის,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ირაკლი იზორიამ, „საგზაო ინფრასტრუქტურის ასოციაციის“ თავმჯდომარემ.

  • ვინ გააკეთა ხელვაჩაურის გზა? 

ფრიდონ ხალვაშის გამზირი ბათუმი-ახალციხის გზის ნაწილია. „ბათუმელები“ 2023 წლის დეკემბერში წერდა, რომ ხალვაშის გამზირზე ახალდაგებული ასფალტი უკვე ამოტეხილია.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხალვაშის გამზირის [ბათუმი(ანგისა)-ახალციხის გზის დასაწყისი] რეაბილიტაციაზე ტენდერი 22,2 მილიონი ლარით გამოაცხადა. ხელშეკრულება კი შპს „ერ ტე დე“-სთან 19 399 999 ლარზე იყო გაფორმებული.

ამავე თემაზე: ფული მიაქვთ ჯიბეში“, ანუ როგორ გააკეთეს ხალვაშის გამზირი – გამოკითხვა ხელვაჩაურში

შპს „ერ ტე დე“ ის კომპანიაა, რომელიც თბილისში, წერეთლის ქუჩის რეაბილიტაციაზე მუშაობდა. ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებით განსაკუთრებით გაითქვა სახელი ამ კომპანიამ, კონკრეტულად კი, ჟურნალისტ ბექა ყორშიას ჟურნალისტური ნამუშევრით „გუთენთრაქენის მეთოდზე“.

კომპანიამ „ერ ტე დე“ ფრიდონ ხალვაშის გამზირზეც ახალდაგებული ასფალტის ნაწილი იმავე 2023 წელს აყარა და ხელახლა დააგო. გზების დეპარტამენტსა და კომპანიას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილება 16-ჯერ შევიდა. 2023 წლის 15 დეკემბრის ცვლილებით კი, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2024 წლის 29 თებერვლის ჩათვლით.

„რამე არ მითხრა, მღალატობს ნერვები“ – რეპორტაჟი ხელვაჩაურის გადათხრილი გზიდან [ვიდეო]

„ერ ტე დე“ 2013 წელს, თბილისში რეგისტრირებული კომპანიაა, რომლის 100% წილის მფლობელი და დირექტორია ლუხუმ ქართლოსიშვილი. ის „ოცნების“ შემწირველია.

___

მთავარი ფოტო: ავარია ფრიდონ ხალვაშის გამზირზე. 14 ივნისი, 2026 წელი

„იმედის საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ“… – მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ელენე ხოშტარიას

უკანონო პატიმრობაში მყოფი სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის მხარდაჭერა პოლიტპატიმარ ელენე ხოშტარიას, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებაზე მიმდინარე კვირას ელენე ხოშტარიას ადვოკატებმა ისაუბრეს.

„იმედის“ საკონტაქტო არ მქონდა, ამიტომ ბათუმელები/ნეტგაზეთს გეტყვით. მიკერძოებაში არ ჩამითვლიან იმედია.

ხუმრობა იქით იყოს და რაღაცნაირი კვირაა, დამძიმებული. ყოველ მომდევნო დღეს კიდევ უფრო სასტიკ რეალობაში შევყავართ. მოულოდნელი ხომ  არაფერია თითქოს, აღარ უნდა ვღელავდე, მაგრამ არ გამოდის. ამ ახალი დაპატიმრებების, ძალადობის, გულგრილობის თუ ათასგვარი რეპრესიების ამბებს ვერ ვიღებ მშვიდად:

როგორი მოსასმენია ელენეს [ხოშტარია] ხელჯოხით სიარული, ან ის, რომ ხელში კალმის დაჭერა უჭირს. კარგია ადვოკატებმა რომ გაამახვილეს ყურადღება ელენეს ჯანმრთელობაზე.

აქ, ჩაკეტილ სივრცეში, უსამართლობის მიმართ მგრძნობელობა ისე მძაფრდება, რომ ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება სიცოცხლისთვის, უმნიშვნელო ხდება.

ჩემთვის ცოტა გაუგებარია, ქვეყანაში, სადაც ექიმების და საავადმყოფოების მფლობელების ჩათვლით, ყველა უცხოეთში დადის არათუ სამკურნალოდ, არამედ დიაგნოზის დასასმელადაც კი, როგორ შეიძლება გწყინდეს კითხვა პატიმრის ჯანმრთელობაზე და ციხის პირობებში მისი მკურნალობის გეგმაზე. თან ელენე იმ ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება, ვინც არა თუ რაც სჭირდება, არამედ რაც ეკუთვნის იმასაც კი არ მოითხოვს აქ, ციხის პირობებში.

მანიპულაციები არაფერში სჭირდება.

მეც კი ვიცი, რომ ელენეც დაპატიმრებამდე ტკივილგამაყუჩებლებით იდგა ფეხზე. ციხეში რომ დამძიმდებოდა და გართულდებოდა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ეს ყველაზე უკეთ რეჟიმმა იცის.

ელენეს მდგომარეობის დაიგნორება გაუჭირდებათ, ის ხომ 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშაა.

არ მგონია ელენეს ვინმესგან, თუნდაც ჩემგან სჭირდებოდეს რამე გამამხნევებელი გზავნილი, მაგრამ მაინც მინდა ვუთხრა, რომ მარტო არ არის – მისგან ერთი გადაძახების მანძილზეა ქალი, ანუ მე, რომელსაც მის მსგავსად სჯერა და მის მსგავსად ბოლომდე იბრძოლებს დემოკრატიული და ევროპული საქართველოსთვის“.

2 მილიონად გაარემონტებენ ბათუმის მერიის შენობას ლერმონტოვის ქუჩაზე

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე მერიის ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაციისთვის 2,2 მილიონი ლარია გამოყოფილი.

მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი 2 255 186 ლარით გამოაცხადა. 

პროექტის რენდერების მიხედვით რეაბილიტაციის შემდეგ შენობაზე წარწერის „ქ. ბათუმის მერია“ ნაცვლად იქნება წარწერა – „ა[ა]იპ – საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო“.

ბათუმის მერიის ადმინისტრაციული შენობა ლერმონტოვის ქუჩაზე / არსებული მდგომარეობა [მარცხნივ] და რენდერი / ფოტოები შენობის სარეაბილიტაციო პროექტიდან
სარეაბილიტაციო პროექტში აღნიშნულია, რომ არსებული ორსართულიანი ორბლოკიანი ქვის შენობა აშენებულია გასული საუკუნის მეორე ნახევარში, შენობა მთლიანად მოქცეულია ცალმხრივ დაბალ ქანობიანი სახურავის [პარაპეტით] ქვეშ.

ამასთან, „საპროექტო ორგანიზაციამ ჩაატარა ვიზუალური მოკვლევა შენობის კონსტრუქციულ მდგრადობაზე, რის შედეგად დადგინდა, რომ შენობაზე არ იკვეთება კონსტრუქციული სისუსტის ნიშნები“.

პროექტის მიხედვით სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს:

„სახურავის ფენილის და არსებული სანივნივე სისტემების [ამორტიზირებული] შეცვლას. გარე ზედაპირებიდან ამორტიზირებული ბათქაშის ჩამოყრას. აგურის წყობაზე ეწყობა არმატურის პერანგი და ისახება ქვიშაცემენტის ხსნარით, დანარჩენი ზედაპირი ილესება ჩვეულებრივ ქვიშაცემენტის ხსნარით.

შიგა ფართში გადაგეგმარების მიზნით დემონტაჟი უტარდება მეტალოპლასმასის და თაბაშირმუყაოს ფილებით შედგენილ ტიხრებს, ახალი ტიხრები ეწყობა თაბაშირმუყაოს ორმაგი ფილებით ლითონის კარკასზე [დათბუნებით] და ბეტონის საკედლე ბლოკებით. იხსნება სხვადასხვა სახეობის მასალის მოპირკეთებები სრულად, ასევე სრულად ჩამოიყრება არსებული ბათქაშები, ხელახლა მოეწყობა ბათქაში ქვიშაცემენტის ხსნარით, ზედაპირების შემდგომი შეღებვით.

სრულად უტარდება დემონტაჟი შეკიდულ ჭერებსა და იატაკების ფენილებს. შეკიდული ჭერების მოსაწყობად გათვალისწინებულია ძირითად „ამსტრონგის“ ტიპის ფილები ლითონის კარკასზე. იატაკის და კიბის უჯრედის მოპირკეთებისათვის გათვალისწინებულია ლამინატის, მეტლახისა და ბუნებრივი გრანიტის მასალები.

სრული დემონტაჟი უტარდება არსებულ ფანჯრებს, კარებს და ვიტრაჟებს. მათ ნაცვლად ეწყობა იზოალუმინის ფანჯრები და ვიტრაჟები, კარები ძირითადად „მდფ“-ის მასალისაა. ფასადის ზედაპირები იმოსება მაღალი წნევის ქვეშ დაწნეხილი ლამინატის [HPL] ფილებით. დემონტაჟი უტარდება არსებულ კომუნიკაციების სისტემებს“.

პროქტით ასევე გათვალისწინებულია საკომუნიკაციო სისტემების მოწყობა [ელექტროობა, სუსტი დენები, სახანძრო სიგნალიზაცია-გახმოვანება, წყალკანალიზაცია, გათბობა-გაგრილება და ვენტილაცია].

ტერიტორიის კეთილმოწყობა კი ითვალისწინებს მხოლოდ შენობის მთავარი ფასადიდან ლერმონტოვის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაციას, შიგა ეზო რჩება ხელუხლებელი. რეაბილიტაცია [გაწმენდა, შეღებვა] ჩაუტარდება ტერიტორიის შემომფარგვლავ ღობეს.

პროექტში ასევე აღნიშნულია, რომ „გათვალისწინებულია [დამკვეთთან შეთანხმებით] საოფისე ავეჯის შეძენა“, თუმცა, ამ ტენდერის ხარჯთაღრიცხვაში ეს ნაწილი არ არის გათვალისწინებული.

ტენდერში წინადადებების მიღება 2026 წლის 4 ივლისს დაიწყება და 9 ივლისს დასრულდება.

პირობის მიხედვით სამუშაოს შესრულების ვადაა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2026 წლის 25 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

 

 

 

რუსეთიდან საქართველოში $528 მილიონის პროდუქცია შემოვიდა, გავიდა $68 მილიონის – 5 თვის სტატისტიკა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის [საქსტატი] მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ [არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე] 10,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.7 პროცენტით მეტია.

აქედან, ექსპორტი 3,1 მილიარდი აშშ დოლარის იყო, ხოლო იმპორტი 7,3 მილიარდი აშშ დოლარის.

საქსტატის მონაცემებით 2026 წლის იანვარ-მაისში უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი. შემდეგ მოდის სომხეთი და რუსეთი.

ამავე პერიოდში უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნების პირველ სამეულში შედის: თურქეთი, რუსეთი და ჩინეთი.

ექსპორტ-იმპორტის გათვალისწინებით კი, 2026 წლის იანვარ-მაისის მონაცემებით ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი [1 387.5 მლნ. აშშ დოლარი], რუსეთი [1 232.1 მლნ. აშშ დოლარი] და ჩინეთი [1 177.2 მლნ. აშშ დოლარი].

2026 წლის იანვარ-მაისში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი მსუბუქმა ავტომობილებმა დაიკავა 734.6 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 23.6
პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 366.6 მლნ. აშშ დოლარით [მთლიანი ექსპორტის 11.8 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 255.6 მლნ. აშშ დოლარით [8.2 პროცენტი].

რაც შეეხება იმპორტს, უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ამავე პერიოდში წარმოდგენილი იყო მსუბუქი ავტომობილების სახით, რომლის იმპორტმა 1 251.4 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 17.1 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილს იკავებს ნავთობი და ნავთობპროდუქტები 635.5 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 8.7 პროცენტი], ხოლო მესამე ადგილზეა სამკურნალო საშუალებები 295.9 მლნ. აშშ დოლარით [იმპორტის 4.0 პროცენტი].

რაც შეეხება ვაჭრობას რუსეთის ფედერაციასთან, 2026 წლის იანვარ-მარტში რუსეთში საქართველოდან 68 მილიონი აშშ დოლარის პროდუქცია გავიდა, ხოლო იგივე პერიოდში საქართველოში რუსეთიდან 528,2 მილიონი დოლარის პროდუქცია შემოვიდა.

2026 წლის პირველი ხუთი თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით რუსეთთან გაზრდილია როგორც ექსპორტი [4,7 მილიონი დოლარით], ასევე იმპორტი [13,1 მილიონით].

საქსტატის მონაცემებით მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში, საქართველოდან რუსეთში გატანილია ყველაზე მეტად ყურძნის ნატურალური ღვინოები, სპირტიანი სასმელები, მინერალური და მტკნარი წყლები, ხილი, კაკალი და ა.შ.

ამავე პერიოდში რუსეთიდან საქართველოში შემოტანილია ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ნედლი ნავთობი, ხორბალი და მესლინი, მზესუმზირის ზეთი და სხვა პროდუქცია.

წყარო: საქსტატი

ამავე თემაზე:

რუსეთი უკვე EU-ში გაწევრიანების გამოც ემუქრება საქართველოს – ინტერვიუ რუსეთში ყოფილ ელჩთან

 

სასკოლო ფორმებს ჩინური კომპანიისგან შეისყიდიან

2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს.

„კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. სკოლებისთვის ფორმების მიწოდების პროცესი სამ ეტაპად განხორციელდება“ – აცხადებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

საჯარო რეესტრის მიხედვით შპს „გლორი ტექსტილ ინდასთრი“ საქართველოში 2026 წლის 10 მარტსაა რეგისტრირებული. კომპანიის 100 პროცენტი წილის მესაკუთრე და დირექტორი ჩინეთის მოქალაქე ლიუ ქსიაოლინია.

სამინისტროს ინფორმაციით, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

„ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს. ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება“ – განაცხადა მინისტრმა გივი მიქანაძემ.

2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.  ახალი სასწავლო წლისთვის სასკოლო ფორმების შეძენის მიზნით, მთავრობის განკარგულებით, „საგანმანათლებლო რესურსებს“ სასკოლო ფორმების გამარტივებული წესით შესყიდვის უფლებამოსილება მიენიჭა.

მანამდე, „საგანმანათლებლო რესურსებს“ ფორმების შესაძენად 45 658 840 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვის თანხმობა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ მისცა.

შესყიდვების პორტალზე გაკეთებული განაცხადის მიხედვით „2026-2027 სასწავლო წლისთვის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების სასკოლო ფორმის ტანსაცმლის მიწოდების ვადა განსაზღვრულია სამ ეტაპად:

  • I ეტაპი – 301 000 ცალი – 2026 წლის 15 ივნისიდან (შესაბამისი მთავრობის განკარგულების მიღებიდან) 2026 წლის 25 აგვისტომდე;
  • II ეტაპი – 600 000 ცალი – 2026 წლის 15 ოქტომბრამდე;
  • III ეტაპი – 900 000 ცალი – 2026 წლის 30 ნოემბრამდე“.

სასკოლო ფორმების შესაძენად საჭირო ბაზრის კვლევა კი „საგანმანათლებლო რესურსებს“ ორჯერ ჰქონდა გამოცხადებული.

ამ თემაზე:

განათლების სამინისტრო სასკოლო ფორმების შესაძენად ბაზრის კვლევას თავიდან გამოაცხადებს

 

9,8 მილიონი ლარი დაიხარჯება უმაღლესი საბჭოს შესანახად 2027 წელს აჭარის ბიუჯეტიდან

აჭარის უმაღლესმა საბჭომ თავისივე დადგენილებით ამავე უწყებისთვის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა.

პროექტის მიხედვით უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტი მომავალი წლისთვის 9,8 მილიონი ლარით განისაზღვრა.

მიმდინარე, 2026 წელს, უმაღლესი საბჭოსთვის აჭარის ბიუჯეტში 10 113 600 ლარია გაწერილი. მიმდინარე წელთან შედარებით კლება კი, ძირითადად, „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში დაფინანსების შემცირებას უკავშირდება.

უმაღლესი საბჭოს „არაფინანსური აქტივების ზრდა“ 2027 წლისთვის განისაზღვრა 272 000 ლარით. მიმდინარე წელს კი ამ მუხლში 1 115 700 ლარი არის გაწერილი. ეს არის ხარჯი უმაღლესი საბჭოს მიერ საკუთარი ქონების [კომპიუტერული და საოფისე ტექნიკა, ავტოპარკი, ინვენტარი და სხვა] შესაძენად, გასაუმჯობესებლად.

2027 წელს, 2026 წელთან შედარებით, აჭარის უმაღლეს საბჭოში 152 920 ლარით იზრდება ხელფასებისთვის საჭირო თანხის ოდენობა.

მიმდინარე წელს, უმაღლესი საბჭოს ბიუჯეტის შრომის ანაზღაურების მუხლში 6 296 600 ლარია გაწერილი, 2027 წლის პროექტით კი – 6 449 520 ლარი იქნება.

უცვლელი რჩება „უმაღლესი საბჭოს მომუშავეთა რიცხოვნობა“ – 117 საშტატო ერთეული.

უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული თანხა, როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, აჭარის 2027 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტში უნდა აისახოს.

 

 

 

 

 

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 20 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 20 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 390 660 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 240. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 041 ერთეული [+1]
  • ჯავშანტექნიკა – 24 787 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 44 386 ერთეული [+88]
  • MLRS – 1 883 ერთეული [+2]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 433 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 361 803 ერთეული [+2 246]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 695 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 109 342 ერთეული [+476]
  • სპეცტექნიკა – 4 314 ერთეული [+5]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

 

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„ვეღარ ვუძლებ“ – შშმ ქალი ბათუმში ნახევრად დანგრეულ ქოხში ცხოვრობს

გულნაზ ფერაძე 49 წლის შშმ ქალია. ის თითქმის დანგრეულ, დაობებულ და ჯანმრთელობისთვის სახიფათო ფიცრულში ცხოვრობს ბათუმში, ფერაძის ქუჩაზე.

ნესტიანი ქოხი უფანჯროა, იატაკი ჩანგრეული, რის გამოც საძინებელ ოთახში დიდი ღრიჭოებია და თავისუფლად შეგიძლია დაინახო ეზო. ქოხი გულნაზის 300 ლარად აქვს ნაქირავები.

უკანა კედელი არ აქვს საპირფარეშოდ გამოყოფილ ადგილს, ჭერიც დაზიანებულია. ადგილი, სადაც წესით აბაზანა უნდა იყოს, ჩახერგილია და კარიც კი არ იღება.

გულნაზი ამბობს, რომ დასაბანად ხან ერთ ნაცნობთან მიდის, ხან – მეორესთან.

ქოხში ელექტროგაყვანილობა კუსტარულია. არ დგას ავეჯი, ამის გამო ტანსაცმელი დაობებულ კედლებზეა ჩამოკიდებული. ნივთების ნაწილი ფუთებშია შენახული და არცერთ ოთახში სივრცე არ არის. შესასვლელიც ვიწრო და ბნელია. ამის გამო, გულნაზის შუქი სულ უნთია.

ამას მეორე მიზეზიც აქვს. გულნაზი ამბობს, რომ ღრიჭოებიდან თაგვები და მორიელები შემოდიან ოთახში.

ჩავარდნილი იატაკი გულნაზ ფერაძის ქოხში, საიდანაც ქუჩა მოჩანს.

„ერთმა მორიელმა მიკბინა კიდეც. სასწრაფო არ გამომიძახებია, დექსამეტაზონი გავიკეთე და ვიფიქრე, – რაც იქნება იქნება“ – გვეუბნება გულნაზი.

ის თავის მძიმე ცხოვრებაზე უყვება „ბათუმელებს“.

ამბობს, რომ თითქმის რვა წელი ლოგინად ჩავარდნილ დედას უვლიდა.

„არც მზე დამინახავს და არც მთვარე. დედის გარდაცვალების შემდეგ, ყოფილმა მეუღლემ დედის დატოვებული ბინა თავის სახელზე გადაიფორმა. ჩემი ბინა ინასარიძის ქუჩაზე იყო და წესით, ახლაც იქ უნდა ვიყო ჩაწერილი.

გულნახის ქოხს ფანჯარა არ აქვს და დღის შუქი ვერ აღწევს.

მითხრა, რომ კომერციული ფართობის გაკეთებას აპირებდა და ფული სჭირდებოდა. მე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ვიღებ მედიკამენტებს. ვფიქრობ, ჩემი მდგომარეობით ისარგებლა და ისე მომაწერინა ხელი. არც კი მახსოვს, რაზე მოვუწერე.

შემდეგ, როცა იპოთეკის ფული აღარ გადაიხადა და ვთხოვდი, რომ ჩემი ბინა დაებრუნებინა, ჩემზე ფიზიკურად იძალადა. სულ მცემდა. შემაკავებელი ორდერიც აქვს გამოწერილი. სამი წელია საქმე სასამართლოშია, მაგრამ პროცესი არ იწყება. მე დავრჩი მარტოდ და უბინაოდ. თაღლითობის საქმეზე არც კი წამომიწყია დავა, რადგან ჯერ ძალადობის საქმის განხილვაც კი არ დაუწყია სასამართლოს. რა აზრი აქვს?!

შერყეული მაქვს ჯანმრთელობა. მაქვს დიაბეტიც. 400 ლარი მაქვს პენსია და აქედან 300 ლარს ამ დაობებულ ოთახში ვიხდი. საჭმლის ფულიც კი აღარ მრჩება“- ამბობს გულნაზ ფერაძე.

იგი გვაჩვენებს მაცივარს, სადაც პოლიეთილენის პარკებში ჩადებული დაობებული მწვანილი და მწირი, ვადაგასული პროდუქტი უდევს.

გულნაზ ფერაძე ამბობს, რომ შშმ პირის პენსია არც წამლისთვის ჰყოფნის და არც საკვებისთვის.

ამბობს, რომ ერთხელ მოითხოვა მერიისგან დახმარება და ამისთვის ბევრი ბარიერის გადალახვა მოუწია.

„კიდევ მიყავი მისული დახმარებაზე და მითხრეს, რაში გჭირდება ფულიო. თავზე მაწვიმს, წამლის ფულიც არ მაქვს, ფსიქოტროპულ მედიკამენტებს ვიღებ, რომელიც აუცილებელია ჩემი ჯანმრთელობისთვის, მაგრამ სახელმწიფო პროგრამით ყველა არ მიფინანსდება.

რადგან სახურავი დაზიანებულია და ჭერიდან წყალი ჩამოდის, გავცივდი. ფილტვებში წყალი მქონდა ჩამდგარი. ახლობელი დამეხმარა წამლების შეძენაში და უკეთ გავხდი, მაგრამ გადასამოწმებელი მაქვს ფილტვები. ექიმთან ვიზიტი არ მიფინანსდება, 80 ლარი სჭირდება და საიდან მოვიტანო?

რადგან დიაბეტი მაქვს, ასევე ყველა სამ თვეში მჭირდება სისხლის საერთო ანალიზი და გადასხმები. ჩემი პენსია კი ჩემს საჭიროებებს ვერ სწვდება.

ქოხში, რომელიც გულნაზ ფერაძეს 300 ლარად აქვს ნაქირავები, წყალი ჩასდის.

მერია მეუბნება თავშესაფარში წადიო, მაგრამ არ წავალ. 4 ძაღლი მყავს და ძაღლებს იქ არ წამაყვანინებენ. მე მათ ვერ მივატოვებ. ახლა ცოტა ხნით ახლობელთან მყავს შეფარებულ, მაგრამ უნდა მოვიყვანო, იქ დიდხანს ვერ გააჩერებენ. ჩემი ერთი ძაღლი 12 წლისაა, მას ვერ მივატოვებ“- გვეუბნება გულნაზი.

ამბობს, რომ თავს დაუცველად გრძნობს, რადგან სახელმწიფო მის პრობლემებს – უსახლკარობას და ჯანდაცვის საკითხებს, გულგრილად ეკიდება.

„ვეღარ ვუძლებ“ – გვეუბნება ის.

გულნაზის ქოხის გარშემო მაღლივი კორპუსები შენდება. ეს რამდენიმე ქოხი კი ამ მშენებლობებს შორისაა მოქცეული. გულნაზი ამბობს, რომ შესაძლოა ეს ქოხიც მალე აიღონ და ის საერთოდ ღია ცის ქვეშ დარჩება.

„უნდა დამეხმაროს მერია და მომცეს თავშესაფარი, რადგან ასეთ პირობებში ცხოვრება შეუძლებელია. მთავრობის რომელიმე წარმომადგენელი იცხოვრებდა ასეთ ქოხში, ასეთ საპირფარეშოში შევიდოდა?

პირველყოფილი ადამიანივით ვცხოვრობ. შეიძლება ის უკეთესად ცხოვრობდა“- ამბობს გულნაზი.

ნახეთ ვიდეო: 

_______________

გულნაზ ფერაძის დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ „ლიბერთი ბანკის“ ანგარიშზე:

GE67LB0211154398260000

მიმღები: გულნაზ ფერაძე.

ზელენსკი აფრთხილებს ლუკაშენკოს, რომ გაანადგურებს „ტექნიკას“ საზღვარზე, თუ მას ერთ კვირაში არ გაიყვანენ 

რუსული მედიის თანახმად, ჰონდურასის პრეზიდენტ, ნასრი ასფურასთან შეხვედრის დროს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბელარუს-უკრაინის საზღვართან ახლოს განთავსებულია რეტრანსლატორები, რომლებიც, მისი თქმით, „ცეცხლის კორექტირებას ახდენენ“. ზელენსკის აზრით, ეს ბელარუსს სამხედრო კონფლიქტში ითრევს.

უკრაინის პრეზიდენტმა მოითხოვა, რომ ეს „ტექნიკა“ ერთ კვირაში გამოირთოს.

„ვფიქრობ, ერთი კვირა საკმარისი იქნება ამის გასაკეთებლად. რატომ ვამბობ ერთ კვირას? იმიტომ, რომ ამის გამო ყოველდღიურად იღუპებიან ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეები. თუ ამას არ გააკეთებს, ჩვენ გავაკეთებთ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ უკრაინული წარმოშობისაა დრონი, რომელმაც ბრიანსკის ოლქში იმ ავტობუსს შეუტია, რომელშიც ბელარუსი ბავშვები ისხდნენ. ამასთან, მისი თქმით, ბელარუსი ჯერ არ ჩქარობს „რაიმე დასკვნის გაკეთებას“.

ლუკაშენკომ ასევე აღნიშნა, რომ დრონის წარმოშობასთან დაკავშირებით არსებობს საკმარისი რაოდენობის „კონსპირაციული ვერსიები“.

მან  დასძინა, რომ თუ ვინმე პროვოკაციას აწყობს და ცდილობს ბელარუსის სამხედრო მოქმედებებში ჩათრევას, ეს „ცუდად დასრულდება მათთვის, ვინც ამას ცდილობს“.

მისი თქმით, ბელარუსის და რუსეთის სამართალდამცავები მომხდარს აუცილებლად გამოიძიებენ.

„მე არაერთხელ გაგაფრთხილეთ (თქვენ ეს გარკვეული შემთხვევეში ჩემზე უკეთაც კი იცით) –  დღეს ომი, უბრალოდ, სადღაც, შორს აღარ არის. ის ჩვენს ღობესთანაა, ზოგჯერ კი უფრო ახლოსაც. ამის დასტურია სხვადასხვა სახის პროვოკაცია. არა მხოლოდ პროვოკაციები, არამედ გარკვეული სახელმწიფოების მხრიდან, როგორც შეთანხმებების, ისე ომის დროს ქცევის წესების პირდაპირი დარღვევა“, – ასე გამოეხმაურა ლუკაშენკო დრონით თავდასხმას.

3 კვ.მეტრი ფართობი ბათუმში, გოგებაშვილის ქუჩაზე, 249 995 ლარად გასხვისდა – აუქციონი

ბათუმში, იაკობ გოგებაშვილის #3-ში, ბათუმის მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი კომერციული დანიშნულებით, აუქციონზე 9 ივნისს გაიტანა. პირობის მიხედვით, მოსარგებლემ, მერიასთან შეთანხმებული ესკიზის შესაბამისად, უნდა მოამზადოს სავაჭრო ჯიხური სუვენირებისთვის. მერია გამარჯვებულთან ხელშეკრულებას აუქციონის დასრულების შემდეგ აფორმებს.

 

ესკიზი

მერიამ 3 კვ.მეტრი ფართობი საიჯარო წესით გასასხვისებლად წლის ბოლომდე გამოიტანა. საწყისი ფასი 620 ლარი, ხოლო ვაჭრობის ბიჯი 19 ლარი იყო. აუქციონი 15 ივნისს დასრულდა.

ელექტრონული ვაჭრობა დაუჯერებელი კონკურენციის პირობებში წარიმართა – ორმა კონკურენტმა სულ 13 125 ბიჯი დადო. ვაჭრობა კი 249 995 ლარზე გაჩერდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებული 3 კვ.მეტრით ისარგებლებს 6 თვის განმავლობაში – 2026 წლის 25 ივნისიდან 2026 წლის 31 დეკემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ აუქციონში გამარჯვებულმა, თუ ის მართლა გააფორმებს მერიასთან ხელშეკრულებას, 3 კვ მეტრში, თვეში 41 ათას ლარზე მეტი უნდა გადაიხადოს. ეს არარეალურია.

როგორც ჩანს, საქმე გვაქვს პრინციპულ მიდგომასთან, როცა შენთვის საინტერესო ადგილის დათმობა სხვისთვის არ გინდა და კონკურენციას ხელოვნურად ქმნი.

ადგილი, რომლისთვისაც ორმა კონკურენტმა 13 125 ბიჯი დადო, ბათუმის საზღვაო ნავსადგურთან ახლოსაა. იქვეა იახტკლუბი. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში გამარჯვებული უარს იტყვის ხელშეკრულების გაფორმებასა და შესაბამისი ვალდებულების აღებაზე, აუქციონის შედეგები გაუქმდება. წინასწარ წარდგენილი საგარანტიო თანხა – 496 ლარი კი ბიუჯეტში ჩაირიცხება. 

გოგებაშვილის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელების მოთხოვნით სუვენირებით მოვაჭრეები ბათუმის მერიასთან და აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციებს მართავდნენ. მათ მერიამ ბულვარის იერ-სახის დამტკიცებულ გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანის არგუმენტით შეაჩერებინა მუშაობა.

საბოლოოდ მერია მათ დაჰპირდა, რომ კონკრეტულ ფართობებს აუქციონზე გაიტანდა.

450 800 ლარი ორდღიანი ფესტივალისთვის ბათუმში

ბათუმში, 20 და 21 ივნისს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, დაგეგმილია ფესტივალის ჩატარება, რომლის სლოგანია – „ზაფხული იწყება აქ“. ფესტივალის ორგანიზებაში, ტექნიკურ უზრუნველყოფასა და მუსიკოს-შემსრულებელთა ჰონორარებში კი ჯამში 450 800 ლარი დაიხარჯება.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვაზე, ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჯითი ჰოლდინგთან“ 137 400 ლარზე აქვს გაფორმებული [ტენდერი 159 740 ლარით იყო გამოცხადებული].

„შესყიდვის ობიექტს წარმოადგენს აჭარაში საზღვაო ტურისტული სეზონის გახსნისა და ანონსის ორდღიანი ფესტივალის „ზაფხული იწყება აქ“ – სცენისთვის საჭირო მომსახურების შესყიდვა, რაც გულისხმობს მასშტაბური სცენის მოწყობას სკაფოლდის სისტემებით, სასცენო განათებას, სასცენო ეფექტებს, ლაზერებით, სასცენო ცეცხლით ე.წ stage flame – ით, CO და კონფეტის დიდი სკალის აპარატით მომსახურებას, გახმოვანების აპარატურას. 213 კვ.მ-ის ლედ ეკრანებს, ლაივ ჩართვების მომსახურებას, სასცენო დაცვასა და ე.წ. ბექ სტეიჯის მომსახურების უზრუნველყოფას.“ – აღნიშნულია სატენდერო განცხადებაში.

ამავე განცხადების მიხედვით, ღონისძიება ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოცრებათა პარკში, დაახლოებით 2 000 კვ.მ. ტერიტორიაზე ჩატარდება. „ღონისძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში მოეწყობა გრანდიოზული სცენა, შიდა და გვერდითა ლედ ეკრანებით, სასცენო ცეცხლებით, ლაზერული განათებებით, ლაივ ჩართვის სპეციალური ტექნიკური აპარატურით.“

  • 120 500 ლარზე იყო გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ტენდერში გამარჯვებულ შპს „ჩვენი თეატრთან“. „შესყიდვის ობიექტი კი თეატრალური და კოსტიუმირებული წარმოდგენების, აკრობატული შოუს, საბავშვო გმირებისა და საბავშვო აქტივობების ორგანიზება“ წარმოადგენდა, თუმცა მოგვიანებით სააგენტოსა და კომპანიას შორის ურთიერთშეთანხმებით ეს ხელშეკრულება შეწყდა. შესაბამისად, როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტში „ბათუმელებს“ უთხრეს, აღნიშნული აქტივობები ფესტივალზე აღარ იქნება.

კიდევ ერთი ხელშეკრულება სააგენტოს შპს „კრეატივ-ჯგუფთან“ აქვს გაფორმებული 168 900 ლარზე – ფესტივალის დეკორაციული ნაწილის ორგანიზებაზე. 

ამ შემთხვევაში მომსახურება მოიცავს სივრცით დეკორაციებისა და მასშტაბური ინსტალაციების მოწყობას, დიდი ზომის მზის ქოლგებს, კვების ნაწილს – ე.წ. ლაუნჯებს, რეწვის ოსტატების გამოფენა-გაყიდვისთვის დახლ-მაგიდების უზრუნველყოფას და სხვა.

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ზაფხულის ფესტივალის ფარგლებში მოწვეულ დიჯეებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰონორარის სახით ჯამში 144 ათას 500 ლარს გადაუხდის.

აქედან „ურსას“ – 30 ათასი ლარი, „კახაბერი და ხანუმები“ – 25 ათასი, „სინთეზი“ – 20 ათასი, „მიქსტურა“ – 16 ათასი, New one – 13 ათასი ლარი და ა.შ.

მოწვეული დიჯეების და ჯგუფების სია სრულად ნახეთ ამ ბმულზე:

ვინ იმღერებს საზღვაო სეზონის გახსნაზე ბათუმში – 144,5 ათასი ლარი ჰონორარებში

 

მთავარი ფოტო: სცენის რენდერი ტენდერიდან

 

„ნაკლებად მირეკავენ, ალბათ ამინდების ბრალია“ – რა ღირს ამ ზაფხულს ბინა და სასტუმრო ბათუმში

„ფასი 50 ლარი მიწერია იმ შემთხვევისთვის, თუ ვინმე დიდი ხნით იქირავებს ბინას, თორემ ისე 120 ლარად ვაქირავებ დღიურად ივლისიდან,“ – ამბობს ერთ-ერთი ბინის მესაკუთრე ბათუმში, რომელსაც კაჩინსკების ქუჩაზე, ახალ ბულვართან ახლოს სტუდიოს ტიპის ბინა აქვს.

თუ ბინის მესაკუთრეებს, ან უძრავი ქონების აგენტებს დაუკავშირდებით, ნახავთ, რომ ბინები ბათუმში ბევრად უფრო ძვირია, ვიდრე საიტებზეა მითითებული. ბინის მესაკუთრეები ამბობენ, რომ „ცხოვრების გაძვირების მიუხედავად, ბინის ფასი არ გაუზრდიათ“, რადგან დამსვენებელი ნაკლებია.

„ბათუმელები“ დაინტერესდა სასტუმროების ბინის ფასებითაც. ამ შემთხვევაში არ გვითხრეს კონკრეტულად რამდენით, მაგრამ დაგვიდასტურეს, რომ ფასები გაიზარდა.

  • ბინის რამდენიმე მესაკუთრესთან, ასევე უძრავის ქონების რამდენიმე აგენტთან გასაუბრების მიხედვით, ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში, ანუ ზღვიდან დაახლოებით 5-10 წუთის სავალზე, ორ პერსონაზე სტუდიოს ტიპის ბინის დასაქირავებლად ივნისში მინიმუმ 100 ლარი დაგჭირდებათ, ივლისში ფასი სავარაუდოდ 150 ლარამდე გაიზრდება, აგვისტოში კი, სტუდიოს ტიპის ბინის დაქირავება დღეში დაახლოებით 180 ლარი დაგიჯდებათ.
  • იგივე სტუდიოს ტიპის ბინა ბათუმის მეორე ზოლში, ანუ ზღვიდან დაახლოებით 20 წუთის სავალზე, ივნისის დღეებში 60-70 ლარია, ივლისში კი, ფასის გაზრდას მესაკუთრეები 100-120 ლარამდე აპირებენ.

„ეს საათის ფასია, 50 ლარად არ ვაქირავებ“ – ეს ხვიჩა მელიქიშვილმა გვითხრა, რომელსაც ბინა გორგილაძის ქუჩაზე აქვს 2 ადამიანზე. ბინის მესაკუთრის თქმით, ივნისში ბინას 80 ლარად აქირავებს, მაგრამ „მსურველი ნაკლებია“.

„გასულ წელსაც იგივე ფასი მქონდა, ჯერ არ ვიცი, დავაკლებ თუ არა ფასს… მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული, გავზრდი თუ არა ფასს ივლისსა და აგვისტოში. წელს ნაკლებად მირეკავენ, ჯერ არანაირი ჯავშანი არ მაქვს,“ – აღნიშნა ხვიჩა მელიქიშვილმა „ბათუმელებთან“.

„თქვენ პირველი ხართ, ვინც ბინაზე დამირეკა, წელს ჯერ ვინმეს არ დაურეკავს“, – გვითხრა ეკა ქართველიშვილმა. მას გასაქირავებელი ბინა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე აქვს. ბინის ფასი დღეში 80 ლარია, თუმცა მესაკუთრე არ გამორიცხავს მნიშვნელოვნად დააკლოს ფასს, თუკი მსურველი ერთი, ან ორი კვირით აიღებს ბინას.

„გასულ წელს ხან 80 ლარად გავაქირავე ბინა, ხან 70 ლარად. მე ბათუმში არ ვარ, დამლაგებელს ვუხდი 30 ლარს, გარდა ამისა, კომუნალური ხარჯებია, ზოგჯერ სანტექნიკა ზიანდება, ამიტომ ამაზე დაბალ ფასად არ ღირს გაქირავება. არ არის ბინის ქონა სარფიანი – ბათუმში უკვე ტურისტზე მეტი ბინაა, იმდენი კორპუსი აშენდა,“ – ამბობს ნინო ქართველიშვილი.

„წელს ნაკლებად მირეკავენ, მაგრამ ალბათ ამინდების ბრალია,“ – ამბობს თამუნა, რომელსაც ბინა ინასარიძის ქუჩაზე აქვს. იგი ბინას ივლისში 120 ლარად, აგვისტოში კი, 150-170 ლარად აქირავებს.

ბინის მესაკუთრე ამბობს, რომ მის ბინაში 3-4 ადამიანი შეძლებს დარჩენას.

„მე წლებია არ გამიზრდია ფასი, არ მინდა დავკარგო კლიენტები, თორემ ცხოვრება გაძვირდა, რა ფასებია უკვე? იმედია, ამინდი გამოსწორდება და დამსვენებლებიც გამოჩნდებიან,“ – გვითხრა თამუნამ. მან გვარის გამხელა არ ისურვა.

„ძირითადად შემოდიან რუსები, ბელარუსები, უკრაინელები. მესაკუთრეებს უკვე აქ დასაქმებული რუსი აგენტები ურჩევნიათ, რუს დამსვენებლებს მოგვიყვანს და მეტს გადაგვიხდიანო, ბოლო პერიოდის ტენდენცია ესაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ უძრავის ქონების ერთ-ერთი აგენტი, ნინა ივანოვი.

უძრავი ქონების აგენტის თქმით, ისევ ძველ ბათუმში ქირავდება ყველაზე ძვირად ბინები:

„ძველ ბათუმში, ივნისში სტუდიოს ტიპის ბინა საშუალოდ 150 ლარიდან იწყება, ივლისში 200 ლარია, აგვისტოში – 250. აგენტის გარეშე, ცხადია, შედარებით იაფად ქირავდება ბინები, რადგან საკომისიოს გადახდა მესაკუთრეს აღარ უწევს.

წელს ბევრი გვაქვს ჯავშანი, ზოგიერთ შემთხვევაში სექტემბერშიც კი, გვაქვს დაჯავშნილი ბინები.

ჩემი დაკვირვებით, ფასები არ გაზრდილა, დაახლოებით იგივე ფასებია, რაც გასულ წელს იყო,“ – გვითხრა ნინა ივანოვამ.

რაც შეეხება სასტუმროებს, „ბათუმელებს“ სამ ყველაზე დიდ სასტუმროში – „შერატონში“, „რადისონსა“ და „ჰილტონში“ უთხრეს, რომ ფასი ცვალებადია და იგი, პირველ რიგში, დატვირთულობაზეა დამოკიდებული. მსხვილ სასტუმროებში ასევე მოქმედებს ფასდაკლებების სხვადასხვა სისტემა.

რა ღირს სტანდარტული ნომერი ორ ადამიანზე საუზმით, დღესვე რომ დავჯავშნოთ, მაგალითად, 25 ივნისს, ასევე 25 ივლისს და 25 აგვისტოს? – „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე შეკითხვით მიმართა სასტუმროების ადმინისტრაციას.

„შერატონში“ გვითხრეს, რომ 25 ივნისს სტანდარტული ნომრის საფასური 354 აშშ დოლარი იქნება [920 ლარი], იგივე ნომერი საუზმის ჩათვლით 25 ივლისს, ასევე 25 აგვისტოს იქნება 340 აშშ დოლარი [884 ლარი].

„საკმაოდ დატვირთული ვართ უკვე, ფასი გაზრდილია გასულ წელთან შედარებით,“ – გვითხრეს „შერატონში“.

სტანდარტული ნომრის ფასი საუზმით „რედისონში“, ივნისში 1239 ლარია, 25 ივლისს – 826 ლარი, 25 აგვისტოს – 1121 ლარი.

„ჰილტონში“ კი, სტანდარტული ნომრის ფასი დამოკიდებულია ზღვის და ქალაქის ხედზე, ასევე, ბევრად უფრო მეტის გადახდა მოგიწევთ, თუ მაღალ სართულიდან მოგწონთ ზღვის ყურება:

25 ივნისს „ჰილტონში“, მაგალითად, ღამის გატარებას სტანდარტულ ნომერში და ზღვის ხედით დაბალ სართულებზე 420 აშშ დოლარად [1092 ლარი] შეძლებთ, მაღალ სართულზე ქალაქის ხედით ერთი ღამის ფასი 450 აშშ დოლარია [1170 ლარი], ზღვის ხედით – 460 აშშ დოლარი [1196 ლარი].

25 ივლისს სტანდარტულ ნომერს საუზმის სერვისით „ჰილტონში“ 450 აშშ დოლარად იქირავებთ, მაღალ სართულებზე 460-490 აშშ დოლარად.

25 აგვისტოს დაბალ სართულზე, მაგრამ ზღვის ხედით სტანდარტულ ნომერს 420 აშშ დოლარად [1092 ლარი] იქირავებთ, მაღალ სართულებზე 430-460 აშშ დოლარად.

„ფასები ცვალებადია, რამდენიმე დღის შემდეგ შესაძლოა იგივე ფასი აღარ იყოს და ამას თავად სისტემა აგენერირებს… ირანში კონფლიქტის მოგვარების შემდეგ ჯავშნებმა იმატა,“ – გვითხრეს „ჰილტონში“.

სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმები შემცირდება – კანონპროექტი

„ქართულმა ოცნებამ“ ჯარიმების შემცირება გადაწყვიტა.

პარლამენტში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ დღეს, 19 ივნისს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იგეგმება ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.

ცვლილებები სიჩქარის გადაჭარბებისთვის დადგენილ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შეეხება.

„მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით გადაჭარბება ისჯება ჯარიმით 100 ლარის ოდენობით, ხოლო 40 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბება – ჯარიმით 300 ლარის ოდენობით.

წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული და პროპორციული.

კერძოდ: 15 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა განისაზღვრება 50 ლარით; 30 კმ/სთ-ზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით.

40 კმ/სთ-დან 50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას, ხოლო 50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება მაღალი სანქცია 300-ლარის ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ ეს მიდგომა უზრუნველყოფს სამართალდარღვევის სიმძიმისა და დაკისრებული პასუხისმგებლობის პროპორციულობას, ხოლო მაღალი საზოგადოებრივი საფრთხის შემცველი ქმედებისთვის (50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის) მკაცრი სანქცია ძალაში დარჩება.

აქვე მსურს აღვნიშნო, რომ ვაგრძელებთ დაკვირვებას პრევენციული მექანიზმების პრაქტიკაში განხორციელების კუთხით, რათა ერთი მხრივ უზრუნველყოფილი იყოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, ხოლო მეორე მხრივ ეს მექანიზმები იყოს პროპორციული.

შესაბამისად, გაგრძელდება მოქმედი კანონმდებლობის სისტემური ანალიზი, რათა გამოვლინდეს ის ნორმები და სანქციები, რომლებიც საჭიროებს დამატებით მსჯელობას. ასეთის გამოვლენის შემთხვევაში, საზოგადოებას ეტაპობრივად ეცნობება ცვლილებების შესახებ“, – თქვა ირაკლი კირცხალიამ.

სიჩქარის გადაჭარბებაზე კანონი საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს გაამკაცრა.

„ოცნება“ გასტრონომიის სააგენტოს ქმნის – დადგენილება

„ქართული ოცნება“ გასტრონომიის ეროვნულ სააგენტოს ქმნის. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

ირაკლი კობახიძის ხელმოწერილ, 18 ივნისით დათარიღებულ დადგენილებაში წერია, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს კონტროლს  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განახორციელებს.

სწორედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა უნდა დანიშნოს გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს უფროსი და დაამტკიცოს სააგენტოს დებულება.

რა თანხა დაუჯდება ბიუჯეტს ახალი სააგენტოს და მისი თანამშრომლების შენახვა, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით საჯარო არაა.

დადგენილების მიხედვით, ფინანსთა სამინისტრომ,  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წინადადების საფუძველზე, უნდა უზრუნველყოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საბიუჯეტო კლასიფიკაციაში შესაბამისი პროგრამული კოდის დამატება.

დადგენილება 20 ივლისიდან ამოქმედდება.

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 19 ივნისის 21 საათიდან 20 ივნისის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა. ზოგან ელჭექის ხასიათის წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო ზოლსა და მთიან მუნიციპალიტეტებში:

  • დღისით: 23 – 28 გრადუსი სითბო
    ღამით: 13 – 18 გრადუსი სითბო

მაღალმთიან ზონაში:

  • დღისით: 18  – 23 გრადუსი სითბო
    ღამით: 3 – 8 გრადუსი სითბო

ზღვის ღელვა 2-3 ბალი იქნება, ზღვის წყლის ტემპერატურა +24 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, 21-22 ივნისს აჭარაში ზოგან მოსალოდნელია უმეტეს რაიონში წვიმა, ელჭექი.

—–

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

უკანონოა კობახიძის განკარგულებები, რომლითაც მთებს შლიან – „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი

ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ქობულეთის სოფელ კვირიკეში მთა დაშალეს. კუნძულის მშენებელი კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ქვებს და ლოდებს აჭარაში სხვა ადგილებშიც მოიპოვებს. კომპანია ქვიშა-ხრეშს მდინარე ჭოროხის კალაპოტიდანაც იღებს.

თითქმის ყველა შემთხვევაში კომპანია სასარგებლო წიაღისეულს ულიცენზიოდ მოიპოვებს – ლიცენზიისგან მას „ოცნების“ მთავრობა ათავისუფლებს განკარგულებებით, რომლებსაც ხელს ირაკლი კობახიძე აწერს.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ანალიტიკოსი ქეთი გუჯარაიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ყველა ეს განკარგულება უკანონოა. აქედან გამომდინარე კი, შეიძლება ვთქვათ, რომ უკანონო განკარგულების საფუძველზე წიაღისეულის მოპოვებაც უკანონოა.

„ეს მიდგომა – ლიცენზიისგან გათავისუფლება [ბევრს ვნახავთ ასეთი ტიპის განკარგულებებს მთავრობის ვებგვერდზე], ჩემი აზრით, არის უკანონო, ანუ არ შეესაბამება კანონს. პრობლემა იმაშია, რომ ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს, რომელსაც მთავრობის ის დადგენილება გვთავაზობს, რომელიც ლიცენზირების საკითხებს არეგულირებს [ვგულისხმობ 2005 წლის N136 დადგენილებას], საერთოდ არ ცნობს ზემდგომი აქტები. ამ შემთხვევაში ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ და „წიაღის შესახებ“ კანონები“, – ამბობს ქეთი გუჯარაიძე.

მაგალითად, კვირიკეს შემთხვევაში კობახიძის 2025 წლის 6 მაისის #762 განკარგულებით, „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ლიცენზიისგან გაათავისუფლა და 21 ჰექტარი ტერიტორია გამოუყო 1,5 მილიონი კუბური მეტრი წიაღისეულის [კვირიკეს ტუფობრექჩიები და ანდეზიტო-ბაზალტები] მოსაპოვებლად. ეს განკარგულება მთავრობის 2005 წლის #136 დადგენილების საფუძველზეა გამოცემული. თავის მხრივ ამ დადგენილების კონკრეტული მუხლი, ქეთი გუჯარაიძის განმარტებით, უკანონოა და შესაბამისად, უკანონოა თავად განკარგულებაც.

  • ქალბატონო ქეთი, აგვიხსენით, რატომ არის ეს განკარგულება უკანონო?

პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ განკარგულებაში ნათლად წერია, რომ მოპოვების არეალი 21 ჰექტარია, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს საქმიანობა პირდაპირ ექცევა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პირველი დანართის საქმიანობაში, სადაც ზღვარი არის „10 ჰექტარი და მეტი“. ანუ, ამ კოდექსით, ეს საქმიანობა უნდა ყოფილიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] საგანი.

გადავამოწმე გარემოსდაცვითი შეფასების პორტალზე და იქ არ არის ასეთი პროექტი დარეგისტრირებული. ვინაიდან არ ჩატარებულა გზშ, მომპოვებელი კომპანია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსს არღვევს და მისი საქმიანობა, ანუ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, უკანონოა.

  • რატომ?

აქტში – რომელსაც მთავრობის განკარგულება ეყრდნობა, ანუ საქართველოს მთავრობის 2005 წლის #136 დადგენილება, რომელიც განსაზღვრავს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესს – არსებობს სპეციალური მუხლი, როდის შეიძლება იყოს გათავისუფლებული მეწარმე ლიცენზიისგან, მაშინ როდესაც ლიცენზიისგან გათავისუფლების მექანიზმს არ ცნობს ზემდგომი აქტები. ეს არის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ კანონი და „წიაღის შესახებ“ კანონი. შესაბამისად, უკანონოა დადგენილების ეს კონკრეტული მუხლი, რომლითაც დადგენილია ეს მექანიზმი.

მთავრობის დადგენილება არ შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს მის ზემდგომ კანონებს, ხომ?! არ შეიძლება მას ჰქონდეს მექანიზმი, რომელსაც არ ითვალისწინებს ზემდგომი კანონი. 136-ე დადგენილებამ შემოიტანა სწორედ ასეთი მექანიზმი, რომელსაც დაარქვეს „ლიცენზიისგან გათავისუფლება“. 

შეიძლება ითქვას, რომ მთავრობამ, თავისივე გამოცემული აქტით – #136 დადგენილებით – თავის თავს მიანიჭა ისეთი უფლებამოსილება, რაც პარლამენტს, კანონის საშუალებით, მისთვის არ მიუნიჭებია. ყურადსაღებია, რომ აღნიშნულ დადგენილებაში ძალზე ხშირად შედის ცვლილებები, სხვადასხვა საჭიროების და ინტერესის დასაკმაყოფილებლად.

ამ დადგენილებაში, მისი მიღებიდან დღემდე, 91-ჯერ შეიტანეს ცვლილება.

სხვათა შორის, ამავე დადგენილებით მთავრობას მინიჭებული აქვს უფლება, ლიცენზიისგან გათავისუფლების შემთხვევაში, თვითონ განსაზღვროს გადასახდელი თანხა, რასაც ასევე არ ითვალისწინებს ზემდგომი კანონები. ანუ, ეს კიდევ ერთი უკანონო მექანიზმია. გამოდის, რომ 20 წელია არსებობს უკანონო ნორმა, რომელსაც მთავრობა უკანონოდ იყენებს.

  • ამ შემთხვევაში ამას იყენებს კერძო კომპანიის პროექტისთვის. ამას როგორ შეაფასებდით?

დიახ, ეს კომერციული პროექტია. ნებისმიერი კერძო პროექტი მომგებიანია უპირველეს ყოვლისა ინვესტორისთვის. ანუ ინვესტორი, მეწარმე თუ რამეს აკეთებს, აკეთებს იმისთვის, რომ მიიღოს მოგება. აქ რომ იყოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროება, მაგალითად: გადიოდეს გზა, რკინიგზა, ელექტროგადამცემი ხაზი, ან პლაჟის გამაგრებითი სამუშაოები ტარდებოდეს, ანუ პროექტი, რომელიც აუცილებელია საზოგადოებისთვის, გადაუდებელია, ასეთ შემთხვევაში ყველა ქვეყნის კანონმდებლობა, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს საგამონაკლისო წესებს.

მაგრამ ეს კონკრეტული პროექტი არის კერძო პროექტი. რატომ შეიძლება იყოს გათავისუფლებული ასეთი პროექტი ლიცენზიისგან? – რომ არ გათავისუფლებულიყო, ასეთ შემთხვევაში, ეს კონკრეტული საბადო გამოვიდოდა აუქციონზე, მოპოვების უფლების ყიდვით დაინტერესებული მეწარმეები შევიდოდნენ კონკურენციაში აუქციონზე და შესაძლოა ბიუჯეტს უფრო მეტი თანხაც კი მიეღო, ვიდრე მთავრობის განკარგულებით იქნა დადგენილი.

  • ეს ერთი და ალბათ გზშ-ს ჩატარების ვალდებულებაც იქნებოდა ამ შემთხვევაში?

21 ჰექტარ ფართობზე საშენი მასალების მოპოვების გარემოზე ზემოქმედებაც აუცილებლად უნდა შეფასებულიყო. ამ შეფასების შედეგად, შეიძლება დადგენილიყო, რომ შერჩეულ ადგილზე (მთავრობის განკარგულებით გამოყოფილ ადგილზე) არ შეიძლება მოპოვება სხვადასხვა მიზეზთა გამო და საჭიროა სხვა საბადოს მოძიება. მხოლოდ ხელმისაწვდომ ინფორმაციაზე დაყრდნობით, უკვე შეიძლება ითქვას, რომ ეს საქმიანობა სერიოზული დარღვევებით მიმდინარეობს. სულ მცირე, ეს არის სასარგებლო წიაღისეულის უკანონო მოპოვება.

სხვათა შორის, მთავრობის ვებგვერდზე იძებნება ამ კომპანიის [„ამბასადორი ბათუმი აილენდი“-ავტ.] სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლების სხვა შემთხვევებიც. ჯამში 130 ჰექტრამდე გამოდის მოსაპოვებელი ფართობი. აქედან ანდეზიტ-ბაზალტისა და ტუფობრექჩიების მოსაპოვებლად დაახლოებით 39 ჰექტარი ჯამში და უფრო მეტია ქვიშა-ხრეში – ჯამში, დაახლოებით 87 ჰექტარი.

ეს მონაცემები შეიძლება არ იყოს ზუსტი, ვინაიდან მთავრობა არ არის თანმიმდევრული თავისი აქტების გამოქვეყნებაში. შესაძლოა, არსებობდეს სხვა განკარგულებებიც, რომელიც არაა გამოქვეყნებული მთავრობის ვებგვერდზე.

გარდა იმისა, რომ ეს განკარგულებები მთავრობის 136-ე დადგენილებას ეყრდნობა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ქვიშა-ხრეშს და სხვა საშენ მასალებს მოიპოვებენ სავალდებულო გზშ-ს გარეშე. ამ განკარგულებებში წიაღისეულის მოპოვებისთვის გამოყოფილია 10 ჰექტარზე მეტი ფართობები, რაც პირდაპირ უნდა ყოფილიყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების საგანი. არის განკარგულებები, სადაც მოსაპოვებელი ფართობი 5 ჰექტარი და მეტია. ასეთ შემთხვევებში, აუცილებელი იყო სკრინინგის პროცედურის გავლა. არაფერი მსგავსი არ მომხდარა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობები უკანონოა.

კიდევ ერთი სურათი გამოიკვეთა – მსხვილი, დიდი ფართობის მქონე საქმიანობის პატარა საქმიანობებად დაქუცმაცება: რეალურად, ერთი და იმავე ტერიტორიაზე, ერთ დიდ არეალზე, მაგალითად, ჭოროხის ხეობაში, მეზობელ უბნებზე, ცალ-ცალკე განკარგულებებია გამოცემული.

ჩემი აზრით, ეს შეიძლება საქმიანობის, მისი გარემოსა და მოსახლეობაზე მავნე ზეგავლენების შენიღბვას ემსახურებოდეს.

  • რა ზიანს აყენებს ასეთი საქმიანობა გარემოს, მოსახლეობას, რა შედეგამდე შეიძლება მივიდეთ?

კვირიკეს შემთხვევაში მე რაც ვნახე – ფოტოები, მოპოვება ხდებოდა ან ახლაც ხდება ხელუხლებელ გარემოში, ტყეში… ანუ გამოდის, ზეგავლენა გარემოზე მნიშვნელოვანია. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს უნდა შეფასდეს.

გზშ რომ ჩატარებოდა ამ საქმიანობას, მეეჭვება დაეშვათ ასეთ ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვება; ან თუ დაუშვებდნენ, მაშინ გზშ-ში გათვალისწინებული იქნებოდა კომპანიის მიერ აღდგენითი და საკომპენსაციო ღონისძიებების გატარების ვალდებულება. გამოდის, რომ კომპანიამ ესეც თავიდან აიცილა.

მდინარე ჭოროხი ხომ ვიცით, როგორი დაგლეჯილი მდინარეა… ნატანის, სანაპიროს, პლაჟების პრობლემაა და ასე შემდეგ… რა გავლენას ახდენს ჭოროხზე ამ რაოდენობის ქვიშა-ხრეშის ამოღება, ბუნებრივია, ესეც გზშ-ს საგანი უნდა ყოფილიყო აუცილებლად.

რაც შეეხება მოსახლეობაზე ზეგავლენას. მოსახლეობამ ამის შესახებ, დიდი ალბათობით, შეიტყო მაშინ, როდესაც კომპანიამ სამუშაოები დაიწყო. გზშ რომ ჩატარებულიყო, მოსახლეობას ექნებოდა დაგეგმილ საქმიანობაზე სახელმწიფო უწყების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობა. მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა ინფორმაცია დაგეგმილი საქმიანობის და შესაძლო შედეგების შესახებ. ასევე, ჩატარდებოდა საჯარო განხილვები, სადაც ისინი შეძლებდნენ თავისი აზრის გამოთქმას მათ გვერდით ასეთი მასშტაბური მოპოვებითი სამუშაოების წარმოებაზე.

ზეგავლენის სახეებზე დღეს ზედაპირულად ვერ ვისაუბრებთ, მაგრამ შეიძლება ვახსენოთ ე.წ. სტანდარტული ზეგავლენები: მიწის და ნიადაგის გაუვარგისება, ტყის მოჭრა… იქ შეიძლება ყოფილიყო წითელი ნუსხის სახეობები. მტვერი, ჰაერის, წყლის დაბინძურება და უამრავი რამ… მათ შორის ეროზიული პროცესების განვითარების რისკი…

კანონით ეს მოსალოდნელი უარყოფითი შედეგები წინასწარ უნდა იყოს შესწავლილი და თავიდან აცილებული. თუ კომპანია შესაძლო შედეგების თავიდან აცილებას ვერ შეძლებდა, მაშინ – შერბილებული, შემცირებული და კომპენსირებული. რა თქმა უნდა, ეს მოითხოვს დროს და თანხას. სწორედ ეს აიცილა თავიდან კომპანიამ.

სამწუხაროდ, ასეთი თავიდან აცილებული ხარჯები, მოგვიანებით (ან საქმიანობის დაწყებისთანავე), გარდაისახება მძიმე ტვირთად, რომელიც საზოგადოებას, ადგილობრივ მოსახლეობას აწვება, დეგრადირებული გარემოსა და ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სახით.

  • ხელოვნურ კუნძულს „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის“ და „განსაკუთრებული რეგულირების ზონის“ სტატუსი მიანიჭეს. ამ სტატუსებით შეუძლია მთავრობას თავისი ქმედება გაამართლოს?

საკითხავია, რის საფუძველზე და რატომ მიანიჭეს? შეიძლება ამ სტატუსით გაამართლონ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლება; მაგრამ ასეთ შემთხვევაშიც კი, ეს სტატუსი არ ათავისუფლებს საქმიანობას გზშ-სგან. ზოგადად, ამ სტატუსების მინიჭება როგორ ხდება, ეს ცალკე საკითხია. სტატუსის მინიჭების აუცილებლობის დასაბუთება, როგორც წესი, ზედაპირულია.

ამ თემაზე:

ხელოვნური კუნძულისთვის ხრეშს „ამბასადორი“ ულიცენზიოდ მოიპოვებს – კობახიძის განკარგულება

შავ ზღვაში მეზღვაური დაიღუპა რუსული დრონების თავდასხმის შედეგად – კულება

შავ ზღვაში პანამის და სენტ-კიტსის დროშის ქვეშ მცურავ სავაჭრო გემებზე რუსული დრონით თავდასხმის შედეგად ერთი მეზღვაური დაიღუპა, ხუთი კი დაშავდა – ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ალექსი კულებამ განაცხადა დღეს, 19 ივნისს.

კულებას განცხადების თანახმად, შავ ზღვაში პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემის ეკიპაჟის წევრი დაიღუპა და ორი ​​მეზღვაური დაშავდა, ერთი მათგანი – მძიმედ.

მისივე თქმით, რუსეთმა ასევე დაბომბა სენტ-კიტსისა და ნევისის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომლის ეკიპაჟის სამმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.

ამ დრომდე არ ვრცელდება ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან დაშავებული.

„ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ რუსეთი ომს აწარმოებს ნავიგაციის თავისუფლების, საერთაშორისო ვაჭრობისა და გლობალური სასურსათო უსაფრთხოების წინააღმდეგ“. „სამოქალაქო ეკიპაჟები, სავაჭრო გემები და ჰუმანიტარული და ექსპორტის მარშრუტების მხარდამჭერი საზღვაო ინფრასტრუქტურა თავდასხმის ქვეშაა“, – წერს კულება.

რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგები ომში – 19 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 19 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 389 420 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 040 ერთეული [+2]
  • ჯავშანტექნიკა – 24 783 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 44 298 ერთეული [+58]
  • MLRS – 1 881 ერთეული [+4]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 432 ერთეული [+1]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 359 557 ერთეული [+1 968]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 688 ერთეული [+4]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 108 866 ერთეული [+441]
  • სპეცტექნიკა – 4 309 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 787 ერთეული [+4]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

„წარმოიდგინეთ ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს მოსკოვის მდიდრულ რაიონში, რუბლიოვკაზე“ – ინტერვიუ

2024 წლის შემდეგ პირველად, უკრაინაზე დასკვნები EU-ის 27-ვე წევრმა მიიღო

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

„წარმოიდგინეთ ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს მოსკოვის მდიდრულ რაიონში, რუბლიოვკაზე“ – ინტერვიუ

„რუსებს ომი დაუბრუნდათ სახლში… მოსახლეობაში ძლიერდება განცდა, რომ ეს ომი სადღაც შორს კი არ არის, არამედ მათ თავს ხდება, მათ გარშემოა. წარმოიდგინეთ, ერთი ბომბი რომ ჩავარდეს რომელიმე მდიდრულ რაიონში – რუბლიოვკაზე, ან სადმე, კიდევ უფრო სხვანაირი რეაქცია იქნება…

უკრაინას შეუძლია დღეში 300-400 უპილოტო გაუშვას, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოსკოვში, დღეს, 18 ივნისს, მომხდარ ამბებზე.

18 ივნისს უკრაინელებმა ხუთი ფენით დაცულ მოსკოვში დრონები ჩამოაგდეს.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, კიევის ლავრაზე დარტყმა რუსეთის სისუსტის მაჩვენებელია, ეს გამწარებული ადამიანის ქმედებას ჰგავსო – ამბობს გადამდგარი გენერალი და ყურადღებას ფრონტის ხაზზე ამახვილებს: „ურთულესი მდგომარეობა აქვს რუსეთს ზაპოროჟიესა და ყირიმის მიმართულებით. ყირიმის მიმართულებაზე ფაქტობრივად ნახევარკუნძული კუნძულად არის გადაქცეული“.

რა მასშტაბი შეიძლება შეიძინოს უკრაინის წარმატებამ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია – ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა დაწვეს. რა სახის წარმატებაა ეს უკრაინისთვის, როცა უტევს რუსეთში სავარაუდოდ ყველაზე დაცულ ქალაქს, მოსკოვს? 

პირველ რიგში, ვთქვათ, რომ უკრაინა მარტო მოსკოვს არ უტევს. მოსკოვის გარდა გამუდმებით ხდება დარტყმები, რომლებიც შეიძლება ნაკლები იყოს თავისი მასშტაბებიდან ან მედია გამოხმაურების გამო, მაგრამ დარტყმებია ყირიმზე, ზაპოროჟიეში, რუსეთის სიღრმეში.

მოსკოვის შემთხვევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის იმის ჩვენება რუსეთისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. ეს ეხება მოსკოვის მიერ განხორციელებულ დარტყმებს იმ სიწმინდეებზე, რომელიც უკრაინაში მდებარეობს.

ფართო სურათში რომ დავინახოთ, ეს მაინც ნაწილია იმ პოლიტიკის, იმ პროექტის, რასაც ჰქვია „ლოგისტიკური ლოკდაუნი“, რომელიც გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური დარტყმები გრძელდება უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, ან ნავთობსაცავებზე. ეს არის ის ფულადი წყარო, რომლითაც რუსეთი განაგრძობს საომარ მოქმედებებს.

უკრაინელების დარტყმების სიღრმე იზრდება და იზრდება. ე.წ. „დიფ სტრაიკი“ უკვე აისახება ირკუტსკში, ბურიატიაში, ზაბაიკალეთში, მურმანსკში, კრასნოიარსკში, ვოლგოგრადის მხარეში, კარელიაში კი, საერთოდ კანისტრების გამოყენება აიკრძალა – არ იძლევიან საწვავს კანისტრებისთვის. ძალიან ბევრ რეგიონში ლიმიტებია საწვავზე იმ ქვეყანაში, რომელიც საწვავით ცხოვრობდა, საწვავზე აგებდა თავის ეკონომიკურ წინსვლას.

უკრაინელების დარტყმებს გააჩნია კასკადური ეფექტი, ანუ ერთ დარტყმას მოსდევს ეფექტი, რომელიც მოქმედებს სხვა შემადგენელზე: მაგალითად, საწვავის შემცირება, საწვავის ლიმიტირება.

ამის ნიშნები შეიარაღებულ ძალებში უკვე გამოჩნდა – მიწოდება შეფერხებულია. თუნდაც მოსკოვი რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, მოსკოვში კარგადაა განვითარებული მეტრო, ელექტრომატარებლები, მაგრამ პროდუქტი მაღაზიაში მიაქვს ავტომანქანებს. ფრონტის წინა ხაზთან მომარაგება როგორ ხდება? – ძირითადად სატვირთო ავტომობილებით, ვინაიდან რკინიგზით შეგიძლია მიიტანო ტვირთი საარმიო, კორპუსის, ან დივიზიის ზურგის რაიონში, იქიდან უკვე მაინც სატვირთო ავტომობილებია საჭირო.

მე აღარ ვსაუბრობ იმ ზარალზე, რაც რუსეთის შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. მაგალითად, ივნისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების დღე-ღამის მოცულობა გაუთანაბრდა ყველაზე დაბალ დონეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.

სხვათა შორის, ვიდრე ეს ტერმინი – „ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ და შესაბამისი მოქმედებები გააქტიურდებოდა, უკრაინელი სამხედრო ექსპერტები, ყოფილი გენერლები მოუწოდებდნენ სირსკის და ზალუჟნის, რომ აქცენტი უნდა გადაეტანათ რუსეთის ლოჯისტიკის მოშლაზე. მანამდე ამის ტექნიკურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობა უკრაინას შეზღუდული ჰქონდა.

ამჟამად დაიწყო ამის განხორციელება და ეს კარგია. უკრაინას დღეს შეუძლია დღეში 300-400 უპილოტო გაუშვას, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით – მოსკოვის მერის მონაცემებით 180 ჩამოაგდეს. თავად მოსკოველები ჰყვებიან, რომ დაახლოებით 30-40 აფეთქების ხმა მკაფიოდ გაიგეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ჩამოგდებულების რაოდენობა, არამედ შედეგი, რაც სახეზეა მოსკოვის თავზე არსებული შავი კვამლის სახით.

  • „ლოჯისტიკური ლოქდაუნი“ აისახა უკვე ფრონტის ხაზზე, შეფერხდა რუსების შეტევები? ისედაც არ აქვთ რუსებს წარმატება, მაგრამ რა იცვლება? 

რა თქმა უნდა, აისახა. ეს ჩანს ფრონტის ხაზზე, სადაც დიდი ცვლილებები არ არის. ფრონტის ხაზს რომ მივყვეთ, ურთულესი მდგომარეობა აქვს რუსეთს ზაპოროჟიესა და ყირიმის მიმართულებით.

ყირიმის მიმართულებაზე ფაქტობრივად ნახევარკუნძული კუნძულად არის გადაქცეული. ყველა გზატკეცილი, მათ შორის, მთავარი: მარიუპოლი – მელიტოპოლი – ჯანკოი – მუდმივი დარტყმის ქვეშაა. უკრაინელების უპილოტოების სარდალმა, რობერტ [მადიარ] ბროვდიმ განაცხადა: ისეთივე ადვილია ამ ტრასაზე სატვირთოებზე დარტყმა, როგორც მინდორში გნოლებზე ნადირობაო.

ამ გზის აეროსურათები რომ ნახოთ, სავსეა დამწვარი სატვირთო მანქანებით. ბოლო დროს დასტურდება, რომ რუსები სატვირთო მანქანებს სხვადასხვანაირად ნიღბავენ, თითქოს მორები გადააქვთ, შეშა, სინამდვილეში კი, საწვავის ცისტერნებია, მაგრამ უკრაინელებს საკმარისი დაზვერვა ჰყავთ. პარტიზანებიც აწვდიან ინფორმაციას.

უკრაინელების მიზანია დაარტყან ყველა მანქანას, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის. ამ მიმართულებით უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ამერიკულ დრონებს – „ჰორნეტებს“, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი, მიზანმიმართვის სისტემა. „ჰორნეტი“ არ არის დამოკიდებული სატელიტურ კავშირზე, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, თვითონ გადადის ძიებაზე.

ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსების ლოჯისტიკურ მომარაგებას. ჩვეულებრივ, ქვეით ბრიგადას დღეში სჭირდება 1000 ტონა ტვირთი: საკვები, წყალი, საწვავი და ასე შემდეგ. თუ ეს სისტემა მოიშალა, გარკვეული დროის შემდეგ საბრძოლო მზადყოფნა მნიშვნელოვნად ქვეითდება.

  • რა სამხედრო დატვირთვა აქვს ამ ომში ყირიმის იზოლირებას?

რუსებს აკლდებათ მთელი დაჯგუფება. ამ დაჯგუფებას სჭირდება მომარაგება და ის გზაში ნადგურდება. ამ დაჯგუფებას რუსეთი ვეღარ იყენებს სხვა მიმართულებაზე. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმ კუთხით, რომ სხვა მიმართულებებზეც შემცირებულია წინსვლა და შეტევითი მოქმედებები.

  • საერთოდ შეწყვიტეს რუსებმა შეტევები? 

ასე მარტივად არ არის საქმე. მაგალითად, კონსტანტინოვკასთან შეძლეს რუსებმა წინსვლა – დაფიქსირდნენ ქალაქის სიღრმეში; ზაპოროჟიეშიც რუსები აცხადებენ, რომ აქვთ წინსვლაა, მაგრამ ეს არაფრით არ მტკიცდება.

ძირითადად მაინც გადასული არიან ურთიერთ დისტანციურ ზემოქმედებაზე. შემოდგომაზე დაიწყება ისევ წვიმები, წარმოიქმნება ე.წ. „რასპუტიცა“, როცა იზილება ტალახი, ნიადაგიდან გამომდინარე, ეს თიხოვანი ტალახია, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ ტექნიკამ იმოძრაოს.

  • თქვენი აზრით, საშემოდგომოდაც აპირებს პუტინი შეტევის გაგრძელებას და საშემოდგომო კამპანიას? 

კიევის ლავრაზე დარტყმა ეს სისუსტის მაჩვენებელია და არა სიძლიერის. ეს არის გამწარებული ადამიანის ქმედება.

ჩემი აზრით, ორივე მხარე ემზადება პოზიციების გასამყარებლად მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც დასავლეთი უცხადებს უკრაინას.

  • „გაიგო, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა და ის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს“ – თქვა ზელენსკიმ ტრამპის შესახებ. პუტინი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და დონბასსაც კი ვერ იღებს. ასევე ხედავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძლიერდება. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს პუტინი?

მართალია ზელენსკი, როცა ამბობს, პუტინი ვიღაცამ უნდა აიძულოსო. ეს „ვიღაც“ შეიძლება იყოს დასავლეთი, შეიძლება იყოს უკრაინა დასავლეთის დახმარებით. ბრძოლის ხაზზე წარუმატებლობამ უნდა აიძულოს პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თავისი ნებით არ დაჯდება, ცხადია.

  • მიდის აქეთკენ საქმე – როგორ მოახერხეს უკრაინელებმა, მაგალითად, მოსკოვის ხუთმაგი დაცვის ფენის გარღვევა? 

დიახ, ხუთი სარტყელია თითქოსდა მოსკოვში. ამას დაუმატეთ საარტილერიო – სარაკეტო სისტემები „პანცირი“, რაც მოსკოვში შენობების სახურავებზე დააყენეს, თუმცა ამ ყველაფრის ეფექტიანობას ვხედავთ. საინტერესო სანახავია კრემლის სახურავზე მოდარაჯე სამხედროები ტყვიამფრქვევებით.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა მეთოდურად გამოიყვანეს მწყობრიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამას ასე უცებ ვერ აღადგენ, ეს რთული სისტემაა და მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

აღმოჩნდა, რომ არ არის შეუღწეველი რუსების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბარიერები, რაზეც აქამდე გვიყვებოდნენ. ვნახეთ, რომ ბარიერს აქვს ღრიჭოები. უკრაინელებს ძალიან კარგად აქვთ მონიშნული ეს ღრიჭოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეღწევისთვის. თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 90% დაზიანების ეფექტიანობის კოეფიციენტით 100 დრონიდან 10 მოხვდეს მიზანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი იქნება.

  • დრონებით თავდასხმას ისევ უნდა ელოდნენ მოსკოვში? კიდევ რა შეიძლება შეძლონ უკრაინელებმა დრონებით? 

რა თქმა უნდა, რუსეთში უნდა ელოდნენ ამას.

G7-ის შეხვედრაზეც ითქვა, რომ დასავლეთი დაეხმარება უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამას გარდა, შორი ზემოქმედების სისტემებითაც მოამარაგებენ უკრაინას და დაეხმარებიან მათ წარმოებაში. შორი ზემოქმედების სისტემებია: შორი მანძილის ოპერატიულ-სტრატეგიული დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.

ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც 1000 კილოგრამი ასაფეთქებელი გადააქვს, ეს არაა დრონი, მას გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ეს არის რეალობა, საითკენაც მივდივართ: უკრაინა ვითარდება, რუსეთი კი ახალს ვერაფერს აჩვენებს.

რუსეთი სუსტდება ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით. ყოველ 3 თვეში ერთხელ უკრაინას რაღაც სიახლე აქვს ბრძოლის ველზე, გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, მაგრამ რუსეთს არ ჰყავს არავინ ასეთი დამხმარე. რუსეთისგან ტექნოლოგიური და აქედან გამომდინარე ტაქტიკური სიახლე ბრძოლის ველზე მე 2024 წლიდან აღარ მინახავს.

საქმე მიდის მოლაპარაკებისკენ, თუმცა რა დევს პუტინის თავში, ღმერთმა უწყის. თვითონ პუტინის გარშემოც უკმაყოფილება რომ იზრდება, ეს ფაქტია.

  • ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ახსენეთ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ამ ტემპით 3-4 წელი კიდევ განაგრძოს ომიო. ამ მოცემულობაშიც იმავეს თქმა შეიძლება რუსეთის რესურსზე? 

ფაქტია, რომ რუსების რესურსები ნადგურდება, თუმცა რუსეთს შეუძლია იომოს სტაგნაციურ ომში, პოზიციურ დაპირისპირებაში… რამდენად მოინდომებს ამის გაგრძელებას რუსეთი, სხვა თემაა, რადგან რუსეთი ძალიან ზიანდება. ომი დაუბრუნდათ რუსებს სახლში.

რუსეთში, მოსახლეობაში ძლიერდება განცდა, რომ ეს ომი სადღაც შორს კი არ არის, არამედ მათ თავს ხდება, მათ გარშემოა. წარმოიდგინეთ, ერთი ბომბი რომ ჩავარდეს რომელიმე მდიდრულ რაიონში – რუბლიოვკაზე, ან სადმე, კიდევ უფრო სხვანაირი რეაქცია იქნება.

  • არ გამორიცხავთ, ასეც მოხდეს? 

არაფერი არაა გამორიცხული. უკრაინელები ამას არ აკეთებენ შეგნებულად, მათი მიზანი არის ნავთობგადამამუშავებელი, სტრატეგიული, ან სამხედრო ობიექტები, მაგრამ იმის გამო, რომ რუსები ახშობენ უპილოტოებს, ჩახშობილი უპილოტო საფრენი აპარატი იფრენს მანამ, ვიდრე არ ჩამოვარდება. ასე რომ, ამას ვერ გამორიცხავ.

  • „ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ ამოცანაა, რომ რუსეთი დასუსტდეს იმ დონეზე, რომ ვეღარ შეძლოს შეტევის გაგრძელება? 

არამხოლოდ შეტევა, ზოგადად რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შეზღუდვა.

  • ეს შეიძლება გახდეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის წინაპირობა? 

ეს შეიძლება წინაპირობა იყოს, მაგრამ უკრაინა ჯერჯერობით არ არის მზად კონტრშეტევისთვის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. უკრაინელების უახლოესი სტრატეგიული მიზანია, პუტინი აიძულოს შეწყვიტოს ომი, შემდეგ გამოჩნდება შემდგომი მიზანიც და მისკენ მიმავალი გზებიც.

ავარია ერგესთან – ადგილზე დაიღუპა ქალი

დღეს, 18 ივნისს, ბათუმი-ახალციხის გზაზე, ხელვაჩაურის სოფელ ერგესთან ავარია მოხდა. ავარიის შედეგად ადგილზე დაიღუპა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი შუახნის ქალი.

ავარიის შედეგად დაშავდა ავტომანქანაში მყოფი ორი კაცი. დაშავებულები კლინიკაში გადაიყვანეს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მსუბუქი ავტომანქანა ბეტონის კონსტრუქციას დაეჯახა.

შსს-ს პრესცენტრის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო სსკ-ის 276-ე მუხლის შესაბამისად, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

ბათუმში მეზღვაურთა დღის აღსანიშნავად ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება

მეზღვაურთა დღის აღსანიშნავ ღონისძიებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და საზღვაო აკადემია ორგანიზებას ერთობლივად გაუწევენ და „ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების“ მიზნით ჯამში 576 164 ლარს ტენდერის გარეშე დახარჯავენ. ასეთ გადაწყვეტილებამდე ღონისძიების ჩატარებას მხოლოდ სააგენტო გეგმავდა 534 239 ლარით.

ღონისძიება 2026 წლის 25 ივნისს ბათუმში გაიმართება.

სააგენტო აღნიშნავს, რომ „საქართველო 21 000-მდე მეზღვაურის სამშობლოა. მეზღვაურები მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს დროშით მცურავ ასობით გემზე არიან დასაქმებულნი.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ღონისძიების მასშტაბი და მნიშვნელობა, ვინაიდან მას დაესწრებიან ქვეყნის მაღალი რანგის თანამდებობის პირები, საზღვაო სექტორის ლიდერები, დარგის ექსპერტები და ადგილობრივი პარტნიორები. მათი მაღალი ინტერესისა და ჩართულობის გათვალისწინებით, ღონისძიების სათანადო დონეზე ორგანიზება და ჩატარება სრულად პასუხობს საქართველოს სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ ინტერესებს, ხელს უწყობს ეროვნული საზღვაო სექტორის გაძლიერებას“ – წერს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.

სააგენტო ასევე წერს, რომ „ღონისძიების ორგანიზების სავარაუდო ღირებულების ობიექტურად დადგენის მიზნით, გამოცხადდა ბაზრის კვლევა. კომერციული წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ერთმა კომპანიამ… სრულყოფილად იქნა წარმოდგენილი ღონისძიების მოწყობის დეტალური კონცეფცია, ვიზუალური და კრეატიული ხედვა, შესაბამისი რენდერები და პროექტის განხორციელებისათვის საჭირო საორიენტაციო ბიუჯეტი. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება განისაზღვრა 409 553 ლარით, დღგ-ს ჩათვლით“.

აქ აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ღონისძიების ორგანიზებას მხოლოდ საზღვაო სააგენტო გეგმავდა და 534 239 ლარის გამარტივებული შესყიდვის შესათანხმებლად სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს 2026 წლის 16 ივნისს მიმართა. მეორე დღეს, 17 ივნისს, საზღვაო სააგენტომ ეს განაცხადი გააუქმა და ხელახლა მიმართა უწყებას – ამჯერად 409 553 ლარის დახარჯვის უფლების მისაღებად.

იმავე დღეს, ანუ 17 ივნისს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამაც ორი განაცხადით: პირველი – ტენდერის გარეშე 141 611 ლარის დახარჯვის ნებართვისთვის [საბავშვო/ახალგაზრდული აქტივობების დასაფინანსებლად] და მეორე – 25 000 ლარის მუსიკოს სალომე კორკოტაშვილისთვის [SALIO] გადასახდელად, რომელსაც „საზეიმო ღონისძიების პროგრამის მუსიკალური უზრუნველყოფა [ცოცხალი შესრულება]“ ევალება.

მომსახურებები, რომელსაც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო შეისყიდის:

  • ღონისძიების კრეატიული კონცეფციის შემუშავება; დიზაინ-მომსახურება და საინფორმაციო/სარეკლამო მასალების [მოსაწვევები, ეკრანების კონტენტი] მომზადება.
  • ოფიციალური ნაწილის კონსტრუქციები და დეკორაციები: ძირითადი სცენის მოწყობა [აშენება, დახალიჩება, ტრიბუნა]; დიდი ლოგო კონსტრუქციით ლეერზე, ბადე ბანერი კონსტრუქციით, ლედ ეკრანის შეფუთვა და ლეერის სიმძიმეების შეფუთვა; საზეიმო დროშები და მეზღვაურების აღლუმის დროშები; სტუმრებისთვის განკუთვნილი სკამები.
  • ტექნიკური უზრუნველყოფა: გახმოვანების და განათების სისტემები; სასცენო კონსტრუქციები; ვიდეო სისტემები [ლედ ეკრანი, პირდაპირი ტრანსლაციის/ლაივის უზრუნველყოფა, პარტიკაბელი ლაივისთვის]; ენერგომომარაგება და დამხმარე ინვენტარი: გენერატორი.

შესყიდვების პორტალზე ატვირთული ინვოისების მიხედვით, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს და აკადემიას შესაბამის მომსახურებას შპს „მოზაიკა პლიუსი“ გაუწევს და აღნიშნულ თანხასაც ამ კომპანიას გადაუხდიან.

საჯარო რეესტრის მიხედვით „მოზაიკა პლიუსი“ თბილისში 2008 წელს რეგისტრირებული კომპანიაა და მის წილებს ფლობენ: სალომე კობალაძე [40%], ანა ჩოდრიშვილი [40%] და ქეთევან ჟორჟოლიანი [20%]. კომპანიის დირექტორი სალომე კობალაძეა.

16 ივნისს შესყიდვების პორტალზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ „მოზაიკის“ ინვოისი ატვირთა ჯამური ღირებულებით 534 238,63 ლარი.

მეორე დღეს, 17 ივნისს, სააგენტომ და აკადემიამ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თამარ იოსელიანის წერილი მიიღეს ღონისძიების უმოკლეს დროში ორგანიზება-ჩატარებაზე. სააგენტომ კი წერილობით აკადემიას მიმართა.

17 ივნისის წერილები / წყარო: შესყიდვების პორტალი

ამ წერილის შემდეგ, სააგენტომ შესყიდვების პორტალზე 16 ივნისის განაცხადი გააუქმა და 17 ივნისს ახალი განაცხადი და „მოზაიკის“ შეცვლილი ინვოისი ატვირთა. პორტალზე იმავე დღეს, 17 ივნისს გააკეთა განაცხადები საზღვაო აკადემიამაც.

16 და 17 ივნისის ინვოისები / დამკვეთი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო / წყარო: შესყიდვების პორტალი
17 ივნისის ინვოისი / დამკვეთი საზღვაო აკადემია / წყარო: შესყიდვების პორტალი

„სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება, რომ 2026 წლის 25 ივნისის საზეიმო ღონისძიებას განსაკუთრებული მასშტაბი და განსხვავებული სტილი შეძენოდა სწორედ საბავშვო/ახალგაზრდული აქტივობების ინტეგრირებით, განაპირობებს შესყიდვის გადაუდებელ აუცილებლობას დროის მცირე მონაკვეთში“ – წერს საზღვაო აკადემია.

„საქართველო, როგორც საზღვაო ტრადიციების მქონე ქვეყანა, 25 ივნისს – მეზღვაურთა საერთაშორისო დღეს მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნავს. 25 ივნისი მეზღვაურთა საერთაშორისო დღედ 2011 წელს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ ოფიციალურად გამოცხადდა.

ღონისძიების მიზანია გლობალურ ეკონომიკასა და საერთაშორისო ვაჭრობაში მეზღვაურთა უდიდესი წვლილის დაფასება, ქართველი მეზღვაურების პროფესიული საქმიანობის აღიარება, საზღვაო სფეროს პოპულარიზაცია და საერთაშორისო არენაზე საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყნის, ავტორიტეტის კიდევ უფრო ამაღლება“ – აღნიშნულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს განაცხადში.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში აღნიშნული განაცხადების განხილვის ბოლო თარიღები 2026 წლის 22 და 23 ივნისია.

______________

მთავარ ფოტოზე: ილუსტრაცია კონცეფციიდან.

როგორ ჩახერგა და დაამახანჯა გონიო-კვარიათის სანაპირო ბათუმის მერიამ – ფოტორეპორტაჟი

„ჩახერგეს და დაამახინჯეს“, „წაართვეს და ვეღარ იბრუნებენ“ – ძირითადად ასეთი რეაქცია აქვთ მოქალაქეებს გონიოში მიმდინარე სამშენებლო პროცესზე საუბრისას. ასეთი რეაქცია აქვთ მათაც, ვინც ადრე ბათუმის მერიას ნებართვების გაცემის გაჭიანურებას საყვედურობდა. 

„დიახ, გვინდოდა, სასტუმროც გვინდოდა და რესტორანიც, მაგრამ ასე არა. ყველაფერი მათთვის? ჰაერიც აღარ გვაქვს, გასავლელი არ დაგვრჩა. მოდიან, კიდევ ეძებენ ადგილებს ასაშენებლად, მერია სულ თანახმაა. სხვა არაფერი აინტერესებთ. ნახა ვინმემ ბულვარი რა დღეშია? გაიარეთ აბა თქვენ და ნახეთ“, – საყვედურნარევი, გაბრაზებული ტონით გვეუბნება მოქალაქე. ის ბათუმის მერიას და მთავრობას საყვედურობს.

მან სახელი არ გვითხრა, არ არის საჭიროო – „კი არ ვმალავ, მე არაფრის არ მეშინია, მაგრამ არაა საჭირო, ხომ გითხარი“.

მოქალაქეს ვთხოვეთ აეხსნა, რას გულისხმობდა სიტყვებში – „ყველაფერი მათთვისაა“.

იგი გვიყვება, რომ დიდი სასტუმროების მფლობელები გონიოსა და კვარიათში მხოლოდ სასტუმროებს არ დასჯერდნენ და სანაპიროს „ბატონ -პატრონობა“ მოინდომეს:

„ვინც სასტუმრო ააშენა, პლაჟიც იმას უნდა, აქ ჩემი სტუმარი გამოვა და მე უნდა მოვემსახუროო. კაფეც მას უნდა, ჩემი სტუმარი სხვასთან რატომ ჭამსო. მალე ტაქსისაც არ გამოაძახებინებენ – ჩვენ წაგიყვანთო. ასე უნდა ექნა მთავრობას? დარეგულირება არ შეიძლებოდა? – ტელევიზორში რომ ლაპარაკობენ ხალხისთვის ვაშენებთო, ვაწყობთო, როგორაა ხალხის, ის კი არა ცოტა ზემოთ ახედეთ აშენებულებს, მაგათაც უნდათ პლაჟი, გააბამენ ალბათ ბაწარს მათი სტუმრები და ჩამოსრიალდებიან“. 

„თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ჩვენი სანაპირო? არ გემახსოვრებათ“, – გვეუბნება სამოც წლამდე კაცი კვარიათის სანაპიროზე. ის შეზლონგებზეა ჩამომჯდარი. „არ გახსოვთ ხომ?“ – გვიყურებს გამომცდელი მზერით და მაღლივი კორპუსების მწკრივზე მიგვითითებს -„ესენი არაფერი არ იყო“.

„აქედან დაგანახებდი ჩემს სახლს, მაგრამ აღარ ჩანს, იქაა, ამ კორპუსის უკან. მაღლა ხომ ხედავ დიდ სახელებს, ასეთი სახლები კი არ გვქონდა, ჩიტის ბუდეებივით იყო, ეზოებიდან ჩანდა მთელი სანაპირო, ნავებიც ჩანდა.

ახალგაზრდებს არ მოგწონდათ, მაგრამ ჩვენ მოგვწონდა“, – გვიყვება ნოდარი, ასე გაგვეცნო. გვარი არ გვითხრა, უცნაური მიზეზით – მეზობლები გადამეკიდებიანო. რატომ, ეს აღარ აგვიხსნა.

სარფი – აქ აქტიურად მუშაობენ ადგილების სამშენებლოდ ათვისებაზე
კვარიათის სანაპირო

თავისი ამბის მოყოლა თითქმის არავის სურს. ყველა, ვინც დაგველაპარაკა, მეზობლის ამბავს გვიყვება და მიმართულებას გვაძლევს: „იქ მიდი, ნინო იკითხე“, „იმ ჯიხურში შეიხედე“…

როგორც ირკვევა, სანაპიროზე ვინც მუშაობს, ან მუშაობდა, ყველამ კარგად იცის ერთმანეთის ამბავი, განსაკუთრებით – თუ ეს ადგილების გადანაწილებას ეხება.

„ბობოლები ცდილობენ ჩაგვყლაპონ, ისე როგორც ჩაყლაპეს „რაკუშკები“. არ ჩაყლაპეს? – აბა მითხარით, სად არის, დაშალეს და მორჩა. ეგონა მოაგვარებდა, მაგას ის კაცი ებრძვის“ – ზემოთკენ მიგვითითებს ნოდარი, სადაც სასტუმრო კომპლექსი „ლიცი“ მდებარეობს.

კომპლექსი „ლიცი“ დიმიტრი ტვილდიანის საკუთრებაა.

„ლიცის მფლობელი?“ – ვთხოვეთ დაზუსტება.  ნოდარი პასუხად ხელებს შლის. ხელის მოძრაობით გვანიშნებს იმასაც, რომ ჩვენთან საუბარი დაასრულა და მეტს არაფერს გვეტყვის.

იქ, სადაც ცნობილი კაფე „რაკუშკები“ იყო, არაფერი დაგხვდა ტალახის გარდა. ადგილზე გვითხრეს, რომ ყოფილი მოიჯარე ხელვაჩაურის მერიისგან პასუხს ამ დრომდე ელის, თუმცა უშედეგოდ – „მერიამ დაუნგრია მაგას, იჯარის ვადა ჰქონდა, ტყუილს არ ვამბობ. გადაამოწმეთ. მაინც დაუნგრიეს, რატომ? – ზემოთ რომ კაცია, იმას უნდა ეს ადგილი, საბაგიროს მოწყობა უნდოდა. მართალია თუ არა არ ვიცი, თქვენ გაარკვიეთ“.

მოქალაქის ნათქვამი საჯარო რეესტრში გადავამოწმეთ: ამონაწერის მიხედვით, ანდრია პირველწოდებულის IX ჩიხის #8-ში მცირე ზომის ადგილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. თუმცა, მისამართის მიხედვით, ის ბათუმია [რეესტრის ამონაწერი]. 2026 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერით, ამ მიწის ნაკვეთის მოიჯარე შპს „ფრიდაა“ 2026 წლის სექტემბრამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ შპს „ფრიდას“, ანუ კაფე „რაკუშკების“ მფლობელს მართლაც მოქმედი ხელშეკრულება ჰქონდა.

„ფრიდას“ მეპატრონემ ამ თემაზე „ბათუმელებთან“ საუბარი არ ისურვა.

მარჯვნივ ადგილი, სადაც კაფე იყო განთავსებული, მარცხნივ კაფე „რაკუშკების“ ფოტო, რომელიც ხელვაჩაურის მერიის მოთხოვნით დაშალა მეპატრონემ, მას შემდეგ, რაც ბათუმის მუნიციპალურმა ინსპექციამ დაშალა პლაჟზე არსებული სხვა ობიექტები.

საინტერესოა, რის საფუძველზე მოსთხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალურმა ინსპექციამ მოქმედ მოიჯარეს კომერციული ობიექტის დაშლა, როცა ბათუმის მერიამ იგივე მიზეზით ბულვართან შეუსაბამო შენობები შეინარჩუნა არგუმენტით – „მოქმედი ხელშეკრულებები აქვთო“.

ხელვაჩაურის მერიას ვკითხეთ, თუ მიმართა „ლიცის“ მეპატრონემ, დიმიტრი ტვილდიანმა საბაგიროს მოწყობის პროექტით – „ლიციდან“ სანაპირომდე. მერიიდან მოგვწერეს, რომ მსგავს პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ.

გონიოში აქტიურად განიხილავენ სასტუმრო „ვინდჰემის“ გაყიდვის ამბავსაც. „რუსებს მიყიდეს და ახლა მთელი პლაჟი მოინდომესო“ – გვიყვებიან გონიოში. ეს ამბავიც გადავამოწმეთ.

აპარტოტელის ტიპის 25-სართულიანი სასტუმრო „ვინდჰემი“ თითქმის დასრულებული პროექტია. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ეს ადგილი 2018 წელს „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა თემურ ბიწაძემ იყიდა „აჭარა რეალ ისთეითისგან“.

2026 წლიდან ამონაწერის მიხედვით კი, ახალი მესაკუთრეები ფიქსირდებიან, მათ შორის მართლაც არიან რუსეთის მოქალაქეები – როგორც ჩანს, გონიოში სწორი ინფორმაცია აქვთ.

„ვინდჰემში“ გონიოს სანაპიროზე ყიდიან როგორც საინვესტიციო, ასევე საცხოვრებელ ბინებს.

„ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე

კომპანიის  ვებგვერდზე მითითებულია, რომ აპარტოტელი კერძო პლაჟს ფლობს, თუმცა, საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანიას საიჯარო ხელშეკრულება არ აქვს. ყოველ შემთხვევაში რეესტრში დაფიქსირებული არ არის.

საქართველოს კანონმდებლობით, პლაჟის გაყიდვა დაუშვებელია: მისი გასხვისება კონკრეტული ვადით და მხოლოდ საიჯარო წესით შეიძლება. თუმცა „კარგმა მომლაპარაკებლებმა“, როგორც საკუთარ თავს ბიზნესის წარმომადგენლები უწოდებენ ხოლმე, მაინც იპოვეს გამოსავალი – 30-50 წლიან ხელშეკრულებებს აფორმებენ.

„ვინდჰემის“ გვერდით 7183 კვ.მეტრზე აპარტოტელს აშენებს შპს „პონტუს გონიო“ – პროექტი მასშტაბურია.

„პონტუს გონიო“ – მარცხნივ მიმდინარე მშენებლობა, მარჯვნივ – პროექტის რენდერი

მის გვერდით კი  შპს „ნექსთ გონიო +“ სასტუმროს მშენებლობას ასრულებს. აქ სასტუმრო „რედისონი“ უნდა განთავსდეს. კომპანიის თანამესაკუთრედ ფიქსირდება შპს „ვამოსი“. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შპს „პონტუსი“ ნათია ვარშალომიძის საკუთრებაა.

კომპლექსი „ვინდჰემი“ გონიოს სანაპიროზე

გონიოში, სანაპიროსთან, თავისივე მშენებარე პროექტის წინ ახალ პროექტის დაწყებას გეგმავს შპს „გუმბათი“. კომპანია აქ ერთ ჰექტრამდე ფართობს აითვისებს სამშენებლოდ. ამ პროექტის გვერდით კი, კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს აშენებს „ნექსთ გარდენი.“

„გუმბათის“ მშენებარე პროექტი მარჯვნივ, მარცხნივ, შემოღობილ ადგილზე კი კომპანია ახალ პროექტს იწყებს
„გუმბათის“ ახალი პროექტის რენდერი

ამ პროექტის გაგრძელებაზე „ნექსთ გარდენის“ პროექტი ორი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი, მშენებლობა დაწყებულია

კიდევ ერთი ამბავი რაზეც გონიოში ბევრს საუბრობენ ე.წ. მდიდრების უბნის მშენებლობაა.

„მდიდრების უბნის“ მშენებლობაზე გიყვებიან, როგორც აუცილებლად სანახავ ადგილზე გონიოში: „ქვემოთკენ იარე, ბათუმისკენ, სასტუმრო „მგზავრებს“ რომ გასცდები, ჩასახვევის შემდეგ, მდიდრების უბანია“ – გვიხსნის ერთი მოქალაქე, მეორე კი გვირჩევს დრო არ დავკარგოთ – „მაინც არ შეგიშვებენ, მოღობილია“.

ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში მართლაც სანახავი ადგილია, ამ პროექტზე „ბათუმელები“ ადრეც წერდა, როგორც „ალიანს ჯგუფის“ ვილების პროექტზე გონიოში, შემდეგ პროექტი შეცვალეს, მიწის ნაკვეთი რამდენიმე საკადასტრო ერთეულად დაარეგისტრირეს და ცვლილების შემდეგ კონკრეტულ მიწის ნაკვეთს და  მშენებარე ვილას თავისი მფლობელი ჰყავს.

აქ სახლების კარკასების მშენებლობა თითქმის დაუსრულებიათ, ვილების წინ ფართობი კუსტარულად შემოუღობავთ და გაუმწვანებიათ.

ტერიტორიას დაცვა იცავს, შესვლის უფლება არ მოგვცეს, თუმცა გარედანაც კარგად ჩანს ყველაფერი. ზოგიერთი სახლის კარკასი შთამბეჭდავად გამოიყურება, როგორც ჩანს, ტყუილად არ უწოდეს გონიოელებმა ამ ადგილს მდიდრების უბანი.

ე.წ. მდიდრების უბანი გონიოში – სამშენებლო ტერიტორია პრომენადამდეა შემოღობილი, ვილების წინ ზღვის ხედი იშლება. მართალია, მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა გამწვანებაზე ზრუნვა უკვე დაუწყიათ.
ხედი „მდიდრების უბნიდან – გამწვანებული ადგილი სამშენებლო ტერიტორიიდან პრომენადამდე კერძო საკუთრება არ არის და მუნიციპალიტეტს ეკუთვნის, შესაძლოა მშენებელ კომპანიას საჯარო ხელშეკრულება ჰქონდეს, თუმცა ასეთ შემთხვევაში ეს საჯარო რეესტრის ამონაწერში უნდა იყოს დაფიქსირებული – ამ ეტაპზე მსგავსი ჩანაწერი არ იძებნება. მოაწყო თუ არა ვილების ეზო მუნიციპალურ საკუთრებაში მერიასთან შეთანხმებით მშენებელმა კომპანიამ, ამაზე „ბათუმელები“ ინფორმაციას მერიიდან გამოითხოვს.

პროექტის მიხედვით საპროექტო გეგმარებითი ერთეული საერთო ფართობით – 20 469 კვ.მ მდებარეობს ბათუმში, წმინდა ანდრია პირველწოდებულის პირველი ჩიხის 18 ნომერში, გონიოს დასახლებაში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, რომელიც ბათუმის ცენტრიდან დაშორებულია 12 კმ-ით. საპროექტო ტერიტორიას დასავლეთის მხრიდან ესაზღვრება  სანაპირო და შავი ზღვა.

აქ საცხოვრებელ სახლებს იშენებენ: „ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის თემურ ბიწაძის მეუღლე მედეა ბოჭორიშვილი; შვილი – თემურ ბიწაძე; აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ბალაძე, რომელიც ახლა „ალიანს ჯგუფის“ ერთ-ერთი დირექტორია; კომპანიის კიდევ ერთი დირექტორი აკაკი სონგულია; ერთ-ერთი ვილის თანამფლობელია ზაქარია ქუცნაშვილი, ყოფილი პარლამენტარი „ოცნებიდან“; შპს „ამბასადორის“ ერთ-ერთი დირექტორი გოჩა კამკია და ა.შ. 

მედეა ბოჭორიშვილის მშენებარე სახლი გონიოს სანაპიროზე

რაც შეეხება ადგილობრივების გულის ტკივილს დაზიანებულ ინფრასტრუქტურაზე – მიუხედავად იმისა, რომ სანაპიროს გასწვრივ ბევრი მაღალბიუჯეტიანი პროექტი ხორციელდება, სანაპირო მაინც მოუვლელი და დაზიანებულია.

მართალია, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია თავს იწონებს, რომ გონიო-კვარიათის სანაპირო უსახური ობიექტებისგან გაწმინდა, თუმცა, როგორც ჩანს ნარჩენების გატანაზე არავის უზრუნია, პლაჟზე იპოვით, როგორც ძველ ჩაიდანს, დამტვრეულ ჭურჭელს, ისე საპირფარეშოს ნარჩენს.

საპირფარეშო გონიოს სანაპიროზე
დაზიანებული პრომენადი
კომერციული ფართობის ნარჩენები

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულია

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ორ ნომინაციაში მოიპოვა: Best Luxury Coastal Masterplan Development და Best Luxury Urban Development in Georgia.

Luxury Lifestyle Awards უძრავი ქონების პრემიუმ კლასის სექტორში გამოარჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი კლასის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან. ყოვლისმომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის საფუძველზე, „ამბასადორი აილენდის“ დაჯილდოვებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ინოვაციურობას, ხარისხს, ხედვას და მის გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებლიანობას.

აღნიშნული მიღწევა ამბასადორის კუნძულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ინოვაციური პროექტის, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას.

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, რომელიც პირველ ხელვნურ კუნძულს წარმოადგენს შავ ზღვაში, ერთიან, ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაში აერთიანებს საცხოვრებელ, სტუმარმასპინძლობის, ბიზნეს, დასასვენებელ, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვება, სათანადოდ ასახავს პროექტის უფრო ფართომასშტაბიან ამბიციას: შეიქმნას ახალი ლოკაცია გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, რომელიც გააფართოებს ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, რაც რეგიონში განვითარების სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

შავ ზღვაში, პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“, მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორისაა: ურბანული დაგეგმარების გლობალური ლიდერი, საინჟინრო კომპანია Arup, წამყვანი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

თაღლითობისთვის დააკავეს პირი, რომელიც მოქალაქეებს იაპონიიდან მანქანის ჩამოყვანას ჰპირდებოდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, რუსთავში დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული სხვადასხვა დროს, მოქალაქეებს იაპონიიდან ავტომანქანის ჩამოყვანას დაჰპირდა, სანაცვლოდ 4900 აშშ დოლარი და 42 110 ლარი გამოართვა, რაც სრულად, მართლსაწინააღმდეგოდ ისე მიისაკუთრა, რომ ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.

გამოძიება სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაანადგურეთ მოსკოველები, რომლებმაც დრონების იერიში გადაიღეს – რუსი პროპაგანდისტების ინიციატივა

რუსი პროპაგანდისტები ითხოვენ იმ მოსკოველების დასჯას, რომლებმაც მოსკოვის ნავთობის ქარხანაზე უკრაინის დრონებით თავდასხმის ვიდეოები გადაიღეს. კრემლის ფავორიტი პროპაგანდისტი, ვლადიმირ სალავიოვი ამ ადამიანების პირდაპირ განადგურების ინიციატივით გამოდის.

„მე კიდევ ერთხელ ვციტირებ გენერალი სინუსის დიდებულ სიტყვებს. აი, რა თქვა 1942 წლის 28 ივლისს იოსებ ბესარიონის ძე სტალინმა, სსრკ-ის თავდაცვის სახალხო კომისარმა: „ჩვენ უნდა დავამყაროთ ჩვენს არმიაში უმკაცრესი წესრიგი და რკინის დისციპლინა. პანიკიორები და ლაჩრები ადგილზევე უნდა განადგურდნენ.“

პანიკიორები და ლაჩრები უნდა… ადგილზე განადგურდნენ. ისტერიკა საჭირო არ არის. ფიქრია საჭირო. ფიქრია საჭირო“, – ეს ინიციატივა სოლოვიოვმა დღეს, 18 ივლისს გამოაცხადა თავის საავტორო გადაცემაში.

უკრაინული დრონები მოსკოვს 18 ივნისის ღამეს დაეხნან თავს.

კიდევ ერთმა რუსმა პროპაგანდისტმა, არმენ გასპარიანმა იმაზე ისაუბრა, რომ„უკრაინულ არხებზე“ მოსკოვში გადაღებული დაახლოებით 100 ვიდეო ნახა. გასპარიანმა თავის საავტორო გადაცემაში სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდა, სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებით მოძებნონ ვიდეოების გადამღები პირები და ორი თვით დააკავონ. შემდეგ კი, დაკითხონ და ღალატისთვის სისხლის სამართლით გაასამართლონ.

სომხური წარმოშობის რუსი პროპაგანდისტი დაჟინებით ითხოვს სისხლის სამართლის დევნის დაწყებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც დრონებით თავდასხმა ვიდეოზე გადაიღეს:

„უმაღლესმა (მთავარსარდალმა) ხომ გითხრათ: „იმუშავეთ, ძმებო“. იპოვეთ ისინი. გარწმუნებთ, პირველივე დაკითხვაზე საჯდომის ნერვამდე გატყდებიან. მაშინვე საპროცესო შეთანხმების დადებას მოინდომებენ. 18 წლის ნაცვლად 15 რომ მისცენ? მე წინააღმდეგი არ ვარ, თხუთმეტიც არაა ურიგო. ამ უსარგებლო ნაბიჭვრებისგან რაიმე სარგებელი მაინც იქნება.

თხოვნა მაქვს სამართალდამცავ ორგანოებთან: გააკეთეთ ეს. გთხოვთ. ყველანი ძალიან გთხოვთ. ახლა თუ არ გამოდის ხოხლებს [დამამცირებელ, შეურაცხმყოფელ რუსული სიტყვა უკრაინელების მიმართ] რაიმე გავუკეთოთ, ხოხლ-არსებების ნებაყოფლობით დამხმარეებს ყოველთვის შეიძლება რამე მოუხერხო. მგონი, ორიოდე პროცედურა სრულიად საკმარისი იქნება. გარწმუნებთ, მომდევნო გადაღებაზე, უკვე ბევრად ნაკლები თვითშემოქმედი რეჟისორი იქნება“.

„ჩვენი ფართომასშტაბიანი სანქციები კვლავ მოსკოვის რეგიონს შეეხო: ამ კვირაში მოულოდნელად დარტყმა მიაყენეს მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას. ასევე, თავდასხმები განხორციელდა როსტოვის ოლქსა და უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე სამიზნეებზე. მადლობას ვუხდი უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს“, – დაწერა დღეს, 18 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

არჩილ ხაბაძე და მისი პარტნიორის კომპანია კვარიათში ახალი კომპლექსის აშენებას გეგმავენ

შპს „გუმბათი რეზიდენსი“ კვარიათში, სანაპიროსთან ახლოს, თავისივე მშენებარე კომპლექსის წინ, ახალი მასშტაბური პროექტის მშენებლობას გეგმავს, კომპანიამ სამშენებლოდ ერთ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი [9454 კვ.მეტრი] კერძო მესაკუთრეებისგან გამოისყიდა და ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა.

ახალი პროექტები დაიწყეს ან გეგმავენ სხვა კომპანიებიც, კვარიათში სანაპიროს პირველ ზოლში მაღლივი მშენებლობებისთვის ადგილების ათვისება გრძელდება. როგორც ჩანს, დაბალ სახლებს აქაც მასშტაბური პროექტებით ჩაანაცვლებენ, რის შემდეგაც სანაპიროს ამ ზოლშიც სიმჭიდროვესთან დაკავშირებული ისეთივე პრობლემები იჩენს თავს, როგორც ეს ბათუმშია.

დღის წესრიგში შესაძლოა დადგეს პარკინგის, საკანალიზაციო სისტემის, მზის სხივის გადანაწილების და სხვა  სახის გამოწვევები.

საპროექტო ტერიტორია
საპროექტო ტერიტორია

არქიტექტურული პროექტი ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ უკვე შეითანხმა.

რენდერი

პროექტი მოიცავს, როგორც საცხოვრებელ, ასევე კომერციულ ფართობს, პარკინგის სივრცეს, ღია საცურაო აუზის მოწყობას მოსასვენებელი სივრცით და ტექნიკურ სართულს.

საპროექტო მიწის ნაკვეთი ანდრია პირველწოდებულის გზატკეცილსა და სვიმონ კანანელის ქუჩის კვეთაზე მდებარეობს. სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ჯამში 1200 საცხოვრებელ ბინას მოიცავს, აქედან 24 ბინა შშმ პირებისთვის არის მისაწვდომი.

სამშენებლოდ მომზადებული მიწის ნაკვეთის წინ კომპანია უკვე ასრულებს კიდევ ერთი კომპლექსის მშენებლობას. რენდერის მიხედვით, ახალი პროექტი სამი ბლოკის მშენებლობას ითვალისწინებს.

„გუმბათის“ მშენებარე პროექტი მარჯვნივ, მარცხნივ შემოღობილ ადგილზე კი ახალ პროექტს იწყებს

შპს „გუმბათი რეზიდენსის“ დირექტორი არჩილ ხაბაძეა, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ის ფლობს ასევე კომპანიის 30 პროცენტს. 70 პროცენტი კი „გუმბათის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დამფუძნებელსა და მფლობელს ლაშა ბალაძეს ეკუთვნის.

ბიზნესმენი ლაშა ბალაძე „ოცნების“ მხარდამჭერი და შემწირველია. 2021 წლიდან დღემდე მან „ოცნებას“ 290 000 ლარი შესწირა.

არჩილ ხაბაძე კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ პარლამენტში „ოცნებას“ წარმოადგენდა.

როგორ გახდა აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე „გუმბათის“ პარტნიორი, ამაზე წაიკითხეთ აქ:

ბათუმის ავტოსადგურის ადგილას 2 ცათამბჯენს ააშენებენ – მფლობელებმა ტერიტორია გაასხვისეს

 

უსკოს თავმჯდომარე პაატა კეშელავა იქნება – მისი ხელფასი 9 600 ლარია

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკოს] თავმჯდომარედ, 13 ხმით და 5 წლის ვადით, აჭარაში „ქართული ოცნების“ უმაღლესმა საბჭომ პაატა კეშელავა აირჩია.

ამ საკითხს დღეს, 18 ივნისს, უყარეს კენჭი უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. გახარიას პარტიის ორმა წევრმა „თავი შეიკავა“ და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

უსკოს თავმჯდომარეობა კიდევ ერთ კანდიდატს – მარიამ გუგუნავასაც სურდა, თუმცა კომისიამ არჩევანი პაატა კეშელავაზე გააკეთა.

უსკოს თავმჯდომარე ბოლო 10 წლის განმავლობაში პარმენ ჯალაღონია იყო, მას უფლებამოსილების ვადა ამოეწურა.

უსკოს თავმჯდომარის ანაზღაურება 9 600 ლარია არასაარჩევნო წელს. ხოლო საარჩევნო პერიოდში, თავმჯდომარეს ეძლევა თანამდებობრივი სარგოს ორმაგი ოდენობა.

ბათუმის ავტობუსებში კონტროლიორებს სამხრე კამერები ექნებათ ბილეთის შემოწმებისას

ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამხრე კამერებით აღჭურვილი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც უბილეთო მგზავრებს გააკონტროლებენ.

„კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს.

ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და  სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“ – წერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.

ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში  საფასურის გარეშე გადაადგილების 5 265 შემთხვევა გამოავლინა.

„მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს“ – აცხადებს ინსპექცია.

მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, რამდენი ლარი დაიხარჯა კონტროლიორების სამხრე კამერებით აღჭურვისთვის, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ თანხებთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.

____________

ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია

ახალი მონაცემები რუსეთის და უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე ომში – 18 ივნისი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დღევანდელი მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 18 ივნისამდე პერიოდში, რუსეთის არმიის საბრძოლო დანაკარგი არის:

  • ცოცხალი ძალა – დაახლოებით 1 388 050 ადამიანი [გასულ დღე-ღამეში +1 370. ამ მონაცემებში შედის როგორც დაღუპულები, ასევე დაჭრილები]
  • ტანკი – 12 038 ერთეული [+5]
  • ჯავშანტექნიკა – 24 779 ერთეული [+4]
  • საარტილერიო სისტემა – 44 240 ერთეული [+71]
  • MLRS – 1 877 ერთეული [+3]
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა – 1 431 ერთეული [+4]
  • თვითმფრინავი – 436 ერთეული [+0]
  • ვერტმფრენი – 353 ერთეული [+0]
  • უპილოტო საფრენი აპარატის ოპერატიულ-ტაქტიკური დონე – 357 589 ერთეული [+1 996]
  • სახმელეთო რობოტიზებული კომპლექსი – 1 684 ერთეული [+7]
  • გემი/ნავი – 33 ერთეული [+0]
  • წყალქვეშა ნავი – 2 ერთეული [+0]
  • მანქანები და საწვავის ავზები – 108 425 ერთეული [+431]
  • სპეცტექნიკა – 4 306 ერთეული [+3]
  • ფრთოსანი რაკეტა [ჩამოაგდეს] – 4 783 ერთეული [+0]

უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, საომარი მოქმედებების მაღალი ინტენსივობის გამო მონაცემები იცვლება.

უკრაინის სამხედრო დანაკარგებზე სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 25 თებერვლის შემდეგ აღარ განუახლებია რუსეთს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ ტელეგრამ არხზე ბოლოს გავრცელებული მონაცემებით, ომის დაწყებიდან 2026 წლის 25 თებერვლამდე პერიოდში სულ განადგურებულია უკრაინის:

  • 670 თვითმფრინავი
  • 283 ვერტმფრენი
  • 117 299 უპილოტო საფრენი აპარატი
  • 651 საზენიტო სარაკეტო სისტემა
  • 27 873 ტანკი და სხვა ჯავშანტექნიკა
  • 1 674 მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები
  • 33 474 საველე არტილერია და ნაღმმტყორცნი
  • 55 252 სპეციალური სამხედრო მანქანა

ეს ის მონაცემებია, რომელსაც უკრაინა და რუსეთი ოფიციალურად ავრცელებენ, თუმცა ომის პირობებში შეუძლებელია ზუსტად გადამოწმება, რამდენად შეესაბამება მხარეების მიერ გავრცელებული ინფორმაცია დანაკარგების შესახებ რეალურ რიცხვებს.

ამასთან, აღნიშნულ მონაცემებთან ერთად რუსეთის თავდაცვა, უკრაინის და რუსეთის არმიის ცოცხალი ძალის საერთო დანაკარგების შესახებ სტატისტიკას არ აქვეყნებს. უკრაინის არმიის ცოცხალი ძალის დანაკარგების შესახებ მონაცემებს არ აქვეყნებს არც უკრაინა.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს გამთენიისას შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

ამავე თემაზე:

უკრაინამ მოსკოვზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა დრონებით [ფოტო/ვიდეო]

„ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

 

ტრამპმა შესაძლოა უკრაინის შესახებ პოზიცია შეიცვალოს: ზელენსკის 2 „კოზირი“

 

 

მთავარი ფოტო: უკრაინის გენშტაბი/facebook

ლანჩხუთში ავტობანის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი მალე გაიხსნება – გზების დეპარტამენტი

„სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, – აცხადებს დღეს, 2026 წლის 17 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლესასა და ხაჯალიას შორის მდებარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი, მინიმუმ 6 წლის წინ, მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული.

„სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი, საერთო ჯამში, მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.“ – წერს დეპარტამენტი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი

სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2026 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:

  • ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
  • ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
  • ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, გასული წლის დეკემბერში გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილი ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი კი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ მალე გაიხსნება]
  • ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია, თუმცა ამ დროისთვის დროებით ჩაკეტილია და შეზღუდვა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება]

აღსანიშნავია, რომ ამ გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.

შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს. თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს.

ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან: რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი [მონიშნულია წითელი ხაზით], რომელიც „უახლოეს პერიოდში გაიხსნება“

„თუ მღვდელი გასწავლის, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ?“ – მასწავლებელი სკოლებში შექმნილ კლუბებზე

„ძალიან მარტივი შეხედულებაა ის, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ მცნებებს. ეს კლუბები ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რაიმე ბოროტებისკენ“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნათია მანია განათლების სამინისტროს პროექტზე, რომელიც საჯარო სკოლებში სასულიერო პირების მიერ კლუბების შექმნას ითვალისწინებს.

რა რისკებს ხედავს პედაგოგი ამ პროექტში? – ნათია მანიას ამ თემაზე ვესაუბრეთ.

  • ქალბატონო ნათია, რას ფიქრობთ იმაზე, რომ საჯარო სკოლებში პატრიოტიზმი და ღირებულებები მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირებმა უნდა ასწავლონ და სპეციალური კლუბები იქმნება ამისთვის. ღირებულებებს სკოლა ვერ ასწავლის დღეს?

ვფიქრობ, გარკვეულწილად ეს არის საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილის დაკვეთა და მოთხოვნა. რატომ ვფიქრობ ასე? მასწავლებელთა რამდენიმე ჯგუფში ვარ გაერთიანებული და იქაც და ზოგადად, სოციალურ ქსელებში ძალიან ხშირად, როცა რაიმე კრიმინალური შემთხვევა მოხდებოდა სკოლაში, ან მოსწავლე თუ ჩაიდენდა რაიმე დანაშაულს, შემხვედრია უამრავი კომენტარები, რომ „დააბრუნეთ რელიგიის გაკვეთილები“, „რელიგია დააბრუნეთ სკოლაში“, „ქრისტიანობა გვჭირდება“ და ასე შემდეგ.

როგორც ჩანს, ლიბერალური ღირებულებების მქონე საჯარო სკოლის იდეა საზოგადოების ნაწილში ნდობას არ იწვევს და უფრო მეტი ნდობა აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. შესაბამისად, საზოგადოების დაკვეთაა ასეთი, რომ ღირებულებებს მასწავლებელი ვერ ასწავლის, სკოლა ვერ ასწავლის და მოდით, ეს ასწავლოს სასულიერო პირმა.

  • რატომ აქვთ ამის განცდა, თქვენი აზრით?

ამას მრავალი მიზეზი აქვს. ჯერ იყო და საბჭოთა კავშირი, რომელიც ეგონათ, რომ არასდროს დაინგრეოდა, დაინგრა და შეირყა ადამიანების აწყობილი ცხოვრება. 90-იან წლებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, მაგრამ ძალიან მალე მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და საზოგადოებას თითქოს მიწა გამოეშალა ფეხქვეშ, ვეღარ ხედავდნენ მომავალს.

ჯერ პუტჩისტები მოვიდნენ, შემდეგ შევარდნაძე და მოკლედ არაფერი არ იყო მყარი, საიმედო. ადამიანებს რაღაცაზე უნდოდათ დაემყარებინათ თავიანთი რწმენა და ეს აღმოჩნდა ეკლესია. თვითონ ეკლესიაც ბევრს მუშაობდა იმისთვის, რომ ეს დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო ადამიანებში. რწმენა მისტიკურ, თვალით უხილავ ცნებებს ეყრდნობა და შესაბამისად, იმედგაცრუებაც უფრო რთულია. თუ რამემ ვერ გაამართლა შენი იმედი რელიგიაში, რაღაცამ დაგწყვიტა გული, ეს შეგიძლია ათასნაირად განმარტო.

ეკლესიის გაძლიერებასა და მისი ავტორიტეტის გამყარებას ჩვენმა მთავრობებმაც ძალიან შეუწყვეს ხელი. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ადანაშაულებენ, სააკაშვილის მთავრობაც ძალიან დაეხმარა ეკლესიას გაძლიერებაში ინსტიტუციურად და ფინანსურადაც.

თუმცა არსებობს საპირისპირო დამოკიდებულებაც: საზოგადოების გარკვეულ ნაწილში პირიქითაა, ეკლესიის ავტორიტეტი დაცემულია.

მასწავლებლების ავტორიტეტს რაც შეეხება, ცხადია ის არ უტოლდება ეკლესიის ავტორიტეტს საზოგადოების ნაწილში და ამისთვისაც მთავრობამ იმუშავა, რადგან მათი რეფორმები იყო გაუთავებელი, არათანმიმდევრული და ვერ მოიტანა შედეგი. მაგალითად, თავიდან იყო საუბარი იმაზე, რომ ვინც ვერ ჩააბარებდა პროფესიულ გამოცდას, წავიდოდა სკოლიდან. მაგრამ გამოცდები გაიწელა უზომოდ დიდხანს და ზოგმა მასწავლებელმა გამოცდის ჩაბარების გარეშეც მშვენივრად მიიღო სტატუსი და შეინარჩუნა ადგილი.

თუ თავის პროფესიაში არ არის მცოდნე მასწავლებელი, ის ვერც ღირებულებებს ასწავლის, ალბათ, ასე ფიქრობს საზოგადოება. ამით სარგებლობს მთავრობა და დაკვეთას ასრულებს – არ გაკმაყოფილებს მასწავლებელი? აგერ, ბატონო, მოგიყვანე სასულიერო პირი და ის ჩაუნერგავს ბავშვებს ღირებულებებს.

  • არაერთი ჟურნალისტური გამოძიება ვნახეთ, თავად სუს-ის ფაილებმაც აჩვენებს, რომ კორუფცია და ადამიანური სისუსტეები არც სასულიერო პირებისთვისაა უცხო.

ვფიქრობ საზოგადოების მოაზროვნე, საკუთარ თავთან გულწრფელი ნაწილი ამას კარგად ხვდება, რაღაც ნაწილი კი თვალს ხუჭავს. რატომ არ უნდა ჰყავდეს ჩვენს მღვდელს და ეპისკოპოსს კარგი მანქანა? – ასე პასუხობენ ისინი კრიტიკას. მესმის, რომ ესეც არის პროპაგანდის ნაწილი, ფაქტია, რომ პროპაგანდა მუშაობს და ჭამს ამას მოსახლეობის ნაწილი.

მე პირადად, არ მიმაჩნია მიზანშეწონილად სასულიერო პირების საჯარო სკოლაში ამ ფორმით შეყვანა, რადგან ნამდვილად არ ვარ დადებითი აზრის სასულიერო პირების უმრავლესობაზე, რადგან თუ ქრისტეს ქადაგებენ, მაშინ ქრისტეს მოძღვრებაში მატერიალურ სიკეთეებს დიდი როლი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ ფუფუნებაში ცხოვრობენ და აშკარად ძალიან დიდ ქონებას ფლობენ პირადადაც და თვითონ ეს ინსტიტუციაც დიდ ქონებას ფლობს.

ამ ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, არ მომწონს იდეოლოგიზაცია და ბავშვების რელიგიური ინდოქტრინიზაცია. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიაა, სკოლებში არ უნდა იყოს რელიგიური ინდოქტრინიზაცია. ეს უნდა იყოს გამორიცხული.

ზოგადად, რელიგიას ვერ გამოვრიცხავთ ადამიანთა ცხოვრებიდან, რადგან ასეთია ადამიანთა საზოგადოება, უმეტესობას სჭირდება სწამდეს ღმერთი და ვერც ავუკრძალავთ ვერავის სწამდეს, როგორც ეს  იყო საბჭოთა კავშირში, მაგრამ სკოლა რელიგიის გარეშე უნდა იყოს.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ინდოქტრინაციის სახეს მიიღებს?

მართალი გითხრათ, მე არ დავსწრებივარ მათ გაკვეთილებს, მაგრამ ვარაუდით შეიძლება ვიფიქრო, რადგან ზოგადად, სასულიერო პირების უმრავლესობა ძალიან რადიკალურია და ზოგადად, ყველა რელიგიური მიმდინარეობა გვიმტკიცებს ხოლმე, რომ თვითონ არის ჭეშმარიტი და მეტი ჭეშმარიტება არ არსებობს.

ესენი საკუთარ თავს ხომ არ უღალატებენ? იგივე უნდა ილაპარაკოს სკოლაშიც. ხომ არ იტყვის – „არა ბავშვებო, მართლმადიდებლობა კარგია, მაგრამ ისლამიც კარგია, აგერ პროტესტანტებიც მშვენიერი ადამიანები არიან, ან რას ვერჩით ბუდისტებს?“ შესაბამისად, ეს თავისთავად ასე იქნება. ამას თავს ვერ აარიდებს რელიგიის მსახური.

  • გამოდის, იდეოლოგიური და პოლიტიკური პროპაგანდის იარაღი შეიძლება გახდეს ეს პროექტი ხელისუფლების ხელში?

შეიძლება გახდეს. არ ვიცი ზუსტად, ეს მიზანი აქვთ თუ არა. მე უფრო მარტივად ვუყურებ, რომ აი, საზოგადოებას უნდა და მოდი გავახაროთ.

  • საზოგადოებას სხვა რამეც უნდა. მაგალითად ის, რომ, მათი შვილები გამოკვებონ სკოლაში. თუმცა არ შეუსრულეს ეს მოთხოვნა. რატომ მაინც და მაინც ეს შესრულდა?

შვილების გამოკვება ფინანსებთან არის დაკავშირებული და ორგანიზებასთან, სასულიერო პირების შეყვანას კი გაცილებით ნაკლები რესურსები სჭირდება. სასულიერო პირებსაც მოსწონთ ეს, მრევლს იმრავლებენ და რატომაც არა.

  • კომენტარებს გადავხედე ფეისბუქში და ასეთ ფრაზებსაც წერდნენ – „ღვთის მცნებებით აღზრდილი ბავშვები აღარ გაიმეტებენ ერთმანეთს მოსაკლავად, დასაბულინგებლად“. ლიბერალიზმიც ხომ იგივე პრინციპებზე დგას, რომ არ უნდა დაჩაგრო სხვა, არ მიიტაცო სხვისი, პატივი სცე ადამიანის უფლებებს. თუ მღვდელი ეტყვის, რომ არ დაჩაგრო ან არ სცემო, ამით ძალადობა შემცირდება სკოლაში?

რელიგია არ დაიყვანება მხოლოდ მცნებებზე „არა იპარო“ ან „არა კაც კლა“. გაცილებით უფრო მრავლისმომცველია და რაც მთავარია, რელიგიაში არის დოგმატიკა. ის სასულიერო პირებიც კი, რომლებიც ცდილობენ რომ უფრო ლიბერალურები და თანამედროვეები იყვნენ, მრევლისგან იმსახურებენ ხოლმე რისხვას და ხდებიან კრიტიკის ობიექტები.

სასულიერო პირების სკოლაში შემოსვლით დანაშაული რომ მოიკლებს, მკვლელობები და ქურდობა რომ შემცირდება, ამის მოლოდინი არ მაქვს. მთელი შუა საუკუნეები ქრისტიანობა იყო გაბატონებული საქართველოში, თუნდაც ევროპაში, ფაქტობრივად რელიგიის გარშემო ტრიალებდა მთელი საზოგადოების ცნობიერება, სასწავლებლებშიც სწავლობდნენ კატეხიზმოს და ბიბლიას, და რა, არ ხდებოდა მკვლელობები?

ძალიან პრიმიტიულია მოსაზრება, რომ თუ რელიგიური პირი გასწავლის, მორჩა, დანაშაულისკენ აღარ გაიხედავ. თვითონ ეკლესიის შიგნით სჩადიან სასულიერო პირები დანაშაულს და არღვევენ ამ მცნებებს. ამიტომ ეს ნამდვილად ვერ იქნება გარანტი იმისა, რომ მოსწავლეებს აღარ წაუცდებათ ხელი რამე ბოროტებისკენ.

  • სხვადასხვა კვლევებში ვკითხულობთ, რომ ეკლესიას 90%-იანი ნდობა აქვს, რომ ქართველები მართლმადიდებელი ერი ვართ და ასე შემდეგ. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ძალიან მაღალია კორუფცია ამ ქვეყანაში, აღზევებულია კრიმინალური მენტალიტეტი. ეს როგორ უნდა ავხსნათ მაშინ?

არ ვიცი, მე არ მესმის ეს ლოგიკა. მაგრამ ჩემთვის ძალიან გასაოცარია ის, როცა ადამიანი ამბობს, რომ ძალიან მორწმუნეა, მაგრამ აქვს „ქურდული მენტალიტეტი“, მოსწონს საბჭოთა კავშირი და უყვარს სტალინი, რომელსაც მილიონები ჰყავს დახვრეტილი. როგორ ახერხებენ ამას არ ვიცი, გაოცებული ვარ.

როგორ შეიძლება მორწმუნე იყო და ამავდროულად ქურდული მენტალიტეტის მატარებელი. ანუ არსებობს ხალხი, რომელიც არ მუშაობს, არ ხნავს, არც თესავს, არაფერს აწარმოებს და ისე უნდა მისცეს ვიღაცამ ფული. როგორ არის ეს რელიგიასთან კავშირში, ვერ გეტყვით.

  • ვაჟა-ფშაველათი ვერ ასწავლიან ღირებულებებს, ან „ვეფხისტყაოსნით“? ძალიან ბევრი ნაწარმოებია, რომელიც საუბრობს პატრიოტიზმზე, მეგობრობაზე და ეს არ არის საკმარისი?

როგორც ჩანს, საზოგადოება თვლის, რომ არ არის საკმარისი. მხატვრული ლიტერატურა უბრალოდ გაჩვენებს: რა არის სწორი, რა არასწორი, დაგაფიქრებს, გიღვიძებს ემპათიას და არ წერია არსად, რომ თუ ცუდს ჩაიდენ, დაისჯები. ეს არ არის წარმმართველი მხატვრულ ლიტერატურაში. კარგი ლიტერატურა უბრალოდ იმას გაჩვენებს, რომ ადამიანი უნდა შეიყვარო და სხვას ტკივილი არ უნდა მიაყენო, რადგან ისიც შენნაირი ადამიანია. რელიგია კი ამას სხვა მხრივ უყურებს, რომ თუ შესცოდავ, ღმერთი დაგსჯის, ჯოჯოხეთში მოხვდები. როგორც ჩანს, საზოგადოება ფიქრობს, რომ ჯოჯოხეთის შიში თუ არ ექნებათ ბავშვებს, საჭირო ღირებულებების ჩანერგვისთვის ლიტერატურა არ ეყოფათ.

  • ჯოჯოხეთის შიშით რომ აღზრდი თაობებს, ის იაზროვნებს კრიტიკულად?

ჩემთვის არ არის ეს ნორმალური, მაგრამ ვიღაც თვლის, რომ სხვაგვარად არ გამოდის, თუ არ დააშინებ.

  • თუმცა ისტორიული გამოცდილება და რეალობა გვაჩვენებს, რომ ქვეყნები სადაც თეოკრატიული მმართველობაა (ირანის, ავღანეთის მაგალითი ავიღოთ თუნდაც), მიმართულია ადამიანების ჩაგვრაზე. ხომ არ შემოგვიბრუნდება საზიანოდ ეს ყველაფერი?

თეოკრატია კი არა, რელიგიური ელემენტების გადაჭარბებული მოძლიერებაც კი მაშინვე პრობლემას ქმნის ქვეყნებში. მაგრამ საქმე ის არის, რომ თვითონ საზოგადოება ამას სხვანაირად უყურებს.

ალბათ ასე ფიქრობენ, რომ ირანული თეოკრატია იმიტომ არ ვარგა, რომ მუსლიმურია და მართლმადიდებლური თეოკრატია კარგი იქნება. დღეს არ გვაქვს ასეთი მაგალითი წინ, რომ ამით იმსჯელონ, მაგრამ თუ გადახედავენ შუა საუკუნეების ისტორიას, თუნდაც მე-18, მე-19 საუკუნეს, რა დადებითი როლი ჰქონდა ჩვენს რელიგიას და რა – უარყოფითი, ამას ჩვენ არავინ გვასწავლის.

მსჯელობა მიდის მხოლოდ იქითკენ, რომ თუ ცუდები ვართ, იმიტომ ვართ, რომ საკმარისად რელიგიურები არ ვართ და საკმარისად არ გვწამს ღმერთი.

  • „ქართულმა ოცნებამ“ საქართველო ისევ მოაქცია რუსული გავლენების ქვეშ და ხალხის ევროპულ არჩევანს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. ანტიდასავლურ რიტორიკაში მას ხშირად ეხმარება ეკლესიაც. ვიცით მათი ბმა რუსულ ეკლესიასთან. არსებობს იმის რისკი, რომ „პატრიოტიზმის“ სახელით სკოლებშიც დაიწყონ ანტიდასავლური განწყობების გაძლიერება?

გარანტია რა თქმა უნდა, არ არსებობს. ესეც დამოკიდებული იქნება პიროვნებებზე, თვითონ იმ სასულიერო პირებზე, ვინც შევა სკოლაში.

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ზოგადად ჩვენი ეკლესია ძალიან დამოკიდებულია რუსეთის ეკლესიაზე და პირდაპირ თანამშრომლობენ მათთან, არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მიმართ სიმპათიები ჩაგვინერგონ ამ ღონისძიებებით. თუმცა, ზუსტად ასე მოხდება-მეთქი, ამასაც ვერ ვიტყვი.

  • რეპრესიული კანონების მეშვეობით ფაქტობრივად სამოქალაქო სექტორი გამოდევნეს სკოლებიდან, ამიტომ რამდენად რეალურია, რომ „ოცნება“ სკოლაში ისეთ ხალხს შეუშვებს, ვინც მათ იდეოლოგიას შეეწინააღმდეგება?

არა მგონია, ისეთი ვინმე შეუშვან სკოლაში, მათთვის არასასურველ პოლიტიკას რომ გაატარებს ან გააჩერონ იქ. აქ სხვა რამეც არის გასათვალისწინებელი. საკმაოდ მრავალეთნიკური, მრავალრელიგიური და მულტიკულტურული საზოგადოება ვართ და ამ მხრივაც ასეთი პოლიტიკა არ არის სწორი.

ისეთებიც არიან, ვინც ამბობს, რომ „ეს მართლმადიდებლური ქვეყანაა“, „ჩვენ უმრავლესობა ვართ და სხვამ რაც უნდა ის ქნას“, სხვებს უფლება არ აქვთ პროტესტი გამოხატონ, მაგრამ როცა ბავშვებთან გვაქვს ურთიერთობა, ასეთი მიდგომა არ შეიძლება.

არასწორია, რომ ღირებულებებზე გელაპარაკება მაინცდამაინც მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი. თუ მართლმადიდებელი არ ვარ, გამოდის, რომ არ ვარ ღირებულებების მატარებელი?!

  • თანაც ამბობენ, რომ ეს ყველაფერი არჩევითია. ანუ ვიღაც შევა ამ კლუბში და ვიღაც არა. გამოდის, ბავშვების ნაწილს ასწავლიან პატრიოტიზმს და ღირებულებებს და ნაწილს არა? მაშინ როგორ გაუგებენ ეს ბავშვები ერთმანეთს?

ესეც საინტერესოა. ზოგადად, ინდოქტრინაციის მიზნით არა, მაგრამ სასულიერო პირების შესვლა სკოლაში იმ მხრივ, რომ გააცნო რელიგიური მრავალფეროვნება, გააცნო შენი რელიგიის ძირითადი პოსტულატები, რა არის კარგი ამ რელიგიაში და თან ბავშვებს ერთმანეთის რელიგიების მიმართ შიშისა და უცხოობის გრძნობა ჩაუქრო, ამ მხრივ ცუდი არ იქნებოდა. აქ ვგულისხმობ სხვა რელიგიების წარმომადგენლების შესვლასაც სკოლაში.

ამ შემთხვევაში არც სეკულარიზმის პრინციპი დაირღვეოდა და ბავშვებსაც აღარ ექნებოდათ შიშები განსხვავებულის მიმართ.

თუ რამეს ვაშავებთ რელიგიის სახელით, ეს არ უნდა მოვუთმინოთ ერთმანეთს მაგრამ, თუ მშვიდობიანი ხალხი ვართ და არაფერს ვაშავებთ, უნდა შეგვეძლოს თანაცხოვრება განსხვავებული რელიგიის, კულტურის მქონე ადამიანებთან და მეტ-ნაკლებად უნდა ვიცნობდეთ ერთმანეთის რელიგიას და განხორციელებულა კიდეც მსგავსი პროექტები სკოლებში (ქართულ სკოლებში არ ვიცი) როცა მაგალითად კათოლიკე, პროტესტანტი, მართლმადიდებელი, მუსლიმი, იუდაისტი სასულიერო პირები თავიანთ რელიგიურ სიმბოლოებს აცნობდნენ ბავშვებს, რომ იცოდეს ვთქვათ ბავშვმა რა ნიშნავს ჯვარი, დავითის ვარსკვლავი თუ ნახევარმთვარე … უყვებოდნენ მოკლედ რელიგიაზე და ასე შემდეგ.

  • ჩვენ ვიცით, რომ ზოგადი განათლების შესახებ კანონით სკოლა თავისუფალი უნდა იყოს რელიგიური გავლენებისგან, აკრძალულია რელიგიური ატრიბუტიკის გამოყენება. ეს კლუბები არ მოდის ამ კანონთან წინააღმდეგობაში?

საჯარო სკოლის კონცეფციას როგორც უნდათ ისე შეცვლიან, როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ ახლა. შესაძლოა ცვლიან კიდეც, საბოლოოდ მშვენივრად მოიყვანენ შესაბამისობაში.

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით 5-დან 19 ივლისის ჩათვლით თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალი გაიმართება.

საერთაშორისო საბალეტო ფესტივალი თბილისში 2017 წელს დაფუძნდა. ფესტივალი ოპერისა და ბალეტის თეატრში იმართება, მისი სამხატვრო ხელმძღვანელია ნინო ანანიაშვილი.

წელს ფესტივალი მეშვიდედ ტარდება. წინა წლების მსგავსად, საქართველოს სახელმწიფო ბალეტის დასთან ერთად ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიო ბალეტის ვარსკვლავები, საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მოცეკვავეები და მსოფლიოში სახელგანთქმული საბალეტო დასი.

5 ივლისი | ფესტივალის გახსნა – პიოტრ ჩაიკოვსკის „გედების ტბა“. მთავარ პარტიებს მარიამ ლომჯარია და ავსტრალიის ბალეტის წამყვანი სოლისტი დავი რამოსი შეასრულებენ.

7-8 ივლისი | პ. ჩაიკოვსკის „მძინარე მზეთუნახავი“. სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ინგლისის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტები ემა ჰოუსი და აიტორ არიეტა, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი სოლისტები მარიამ ელოშვილი და მასააკი გოტო.

10 ივლისი | ალექსანდრ კრეინის „ლაურენსია“, ვახტანგ ჭაბუკიანის ლეგენდარული ქორეოგრაფიით, ნინო სამადაშვილისა და ჰოლანდიის ნაციონალური ბალეტის წამყვანი სოლისტის გიორგი ფოცხიშვილის მონაწილეობით.

12 ივლისი | საქართველოს სახელმწიფო ბალეტის პროგრამა საბალეტო გალათი დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და საერთაშორისო ვარსკვლავები.

17-19 ივლისი | ფესტივალი დახურვა – პინა ბაუშის ლეგენდარული დასი Tanztheater Wuppertal Pina Bausch  სპექტაკლით „Masurca Fogo“.

თიბისი მრავალი წელია ქართული კულტურისა და ხელოვნების განვითარების ერთგული მხარდამჭერია. ბრენდი ხელს უწყობს ისეთ კულტურულ ინიციატივებსა და ღონისძიებებს, რომლებიც საზოგადოებას მსოფლიო დონის ხელოვნებასთან აკავშირებს და ქვეყნის კულტურული ცხოვრების მრავალფეროვნებას ემსახურება. სწორედ ამ მიზანს ეხმიანება თბილისის საერთაშორისო ბალეტის ფესტივალის მხარდაჭერაც.

რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე.

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია.

„2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო [11 153] რაოდენობის 79%  [8 795]. ამასთან, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა,“- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

რა ტიპის ქვეყნები ხდებიან ლიდერები პატიმრების სიმრავლით? – „ბათუმელები“ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ის საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

  • ბატონო უჩა, ბოლო მონაცემებით, 3 დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა დასაშვებ ლიმიტს აღემატება. რაზე მეტყველებს პატიმრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა? 

ყოველთვის, როდესაც იზრდება პატიმართა რაოდენობა, როდესაც გადატვირთულობა ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლილია. პირველ რიგში, სისხლის სამართლის პოლიტიკა არის რეალურად გამკაცრებული, არაპროპორციული სასჯელებია და ალტერნატიული, ანუ არასაპატიმრო ღონისძიებების ნაკლებობაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც იარაღს რეპრესიებისთვის. იყო ადრეც, როდესაც იზრდებოდა რაოდენობა პატიმრების, შემდეგ მცირდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ გადატვირთულობაა რამდენიმე დაწესებულებაში. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ უკვე და ადგილობრივი უფლებადამცველებიც.

ამას არაერთი თანმდევი შედეგი აქვს, მაგალითად, წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობა და ამოცანა იყო ამ გავლენების შემცირება. როდესაც დიდია დაწესებულება და გადატვირთულია, ამ დროს სუბკულტურა ძლიერდება. რეალურად არ ხდება გადასვლა მცირე დაწესებულებებზე, სადაც რისკის მიხედვით არიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებაში.

მეორე: რადგანაც პატიმრების რაოდენობა გაზრდილია, პერსონალი სიმწირე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. წლების წინ იყო უკმარისობა მთელი რიგი პროფესიების, მაგალითად, ფსიქოლოგების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. ასევე, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამები ყოველთვის ცოტა.

პატიმრების რაოდენობა კი გაიზარდა იგივე ბაზაზე, იგივე ინფრასტრუქტურის პირობებში.

არაფორმალური მმართველობის გაძლიერების გარდა, უმნიშვნელოვანესია სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები. ამ პირობების უზრუნველყოფის საშუალება უკვე აღარ არის: თუ ადრე იყო 500 პატიმარი, დღეს იქ 1000 პატიმარია.

ამ პროცესში მთავარი პრობლემა მაინც არის ხელისუფლების შეცვლილი პოლიტიკა.

უჩა ნანუაშვილი
  • გამოდის, რომ „ოცნება“ ციხეებს ავსებს პატიმრებით. მაშინ, როცა ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბრით თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით? 

ერთი მხრივ, იზრდება ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მკაცრდება პოლიტიკა, მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც თავის დროზე სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობის საპროტესტო ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში, პირიქით მოქმედებს.

მაგალითად, იგივე ნარკოპოლიტიკა ვხედავთ როგორ შეიცვალა ბოლო წლებში. წარმოიდგინეთ, 5 ათასზე მეტი პატიმარი სწორედ სხვადასხვა ნარკოდანაშაულის საქმეზეა ციხეში. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს სწორედ იმის გამოა, რომ პოლიტიკა შეიცვალა, როცა მანამდე იყო შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება.

ასევე, იშვიათად ხდება იგივე ეკონომიკურ დანაშაულზე გირაოს, ანუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ გათავისუფლების მექანიზმი მოშლილია. ცალკეა შეწყალების კომისია, რომელიც არ მუშაობს – გაუმჭვირვალედ მუშაობს და გაუგებარია, ვის ათავისუფლებენ, არანაირი კომისია აღარ არსებობს: ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად განადგურებულია. თუ ვინმეს იწყალებენ, რა მიზეზით, რის საფუძველზე ხდება შეწყალება – ესეც უცნობია საზოგადოებისთვის.

არსებობს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმიც, რომელიც წინა წლებში ასე თუ ისე მაინც მუშაობდა. ჩვენ თუ ახლა ვნახავთ ციფრებს, დავინახავთ, როგორ არის ეს მაჩვენებელი შემცირებული. მაგალითად, 2019 წელს პირობით ვადამდე გაათავისუფლეს 1279 პირი, 2025 წელს – 195 ადამიანი. 2019 წლამდე კიდევ უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებელი.

ეს არის ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგი, მათ შორის, შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანია დღეს უკანონოდ ციხეებში. პატიმრობიდან გათავისუფლების ეს მექანიზმი განსაკუთრებით პრობლემური ჩანს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს უწყობდა ხელს განტვირთვას, დროებით ვადამდე გათავისუფლებული პატიმარი, ან შეწყალებული. დღეს ეს ყველაფერი მოშლილია.

  • როცა ამ მექანიზმებს არ იყენებს „ოცნების“ ხელისუფლება, როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ვხედავთ რეპრესიულ პოლიტიკას, ამ დროს სახალხო დამცველი გამოსავალს ხედავს ახალი ციხეების აშენებაში – სულ მცირე 4-5 ახალი დაწესებულება უნდა აშენდესო… რას ნიშნავს სახალხო დამცველის ამგვარი პოზიცია? 

უფლებადამცველებს უფრო სხვა მიდგომა გვაქვს. ვფიქრობ,  ციხის აშენებით არ გვარდება პრობლემა, პირიქით – მწვავდება. პრობლემა გვარდება კანონის ლიბერალიზაციით, ალტერნატიული სასჯელების გამოყენებით, უფრო მეტი აქცენტით პრევენციაზე, მეტი აქცენტით არა დასჯაზე თუნდაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, არამედ მკურნალობაზე.

აქ საუბარია სახელმწიფოს რესურსების არასწორად გადანაწილებაზე. დღეს ცივილიზებული სამყარო სხვანაირ მიდგომებს ავითარებს. ბოლო პერიოდში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, საპატიმროები გაუქმდა იმის გამო, რომ იყენებენ სხვა ტიპის სასჯელებს: იქ აქცენტია პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე. ეს ჩვენ შემთხვევაში არ ხდება.

დღეს მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია არიან უკანონო პატიმრობაში და კიდევ ბევრი ასეთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის არანაირ საშიშროებას.

კიდევ ერთი საკითხია: ეკონომიკური დანაშაული. ადრე იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა – რაღაც ჯარიმების გამო ადამიანები ისევ პატიმრობაში არიან.

მთავარი ალბათ ის არის, რომ  ხელისუფლება არ ებრძვის პრობლემებს, არ არის ფოკუსირებული ადრეული პრევენციის პროგრამებზე, არ მუშაობს გამომწვევ მიზეზებზე – სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სოციალურ გარიყულობაზე.

  • რა ტიპის ქვეყანაში იზრდება პატიმრების რაოდენობა? – 2025 წელს ციხეში გვყავდა 11 ათასზე მეტი პატიმარი [22 767 მსჯავრდებულიდან], 2024 წელს – 9 098. ევროსაბჭოს პენიტენციური სტატისტიკის მიხედვით, რაც 2026 წლის მაისში გამოქვეყნდა, საქართველო პატიმრების სიმრავლით ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა [პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – აზერბაიჯანი, მესამეზე – მოლდოვა]. 

საქართველო პატიმრების სიმრავლით მოწინავეა საკმაოდ დიდი ხანია. ეს ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა არასწორად იყენებს სახელმწიფო. ამ გზით სახელმწიფო ცდილობს რეპრესიული სისტემის მშენებლობას. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უფრო მეტად მუშაობდეს იმ კუთხით, რომ აღარ მოხდეს დანაშაული ქვეყანაში, მოხდეს იგივე დანაშაულის პრევენცია, ან იმუშაონ რეაბილიტაციაზე, სახელმწიფო მხოლოდ ხისტი მეთოდებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ეს უფრო მეტ პრობლემას იწვევს და უფრო მეტ გაუცხოებას… რეალურად მსგავსი პოლიტიკა არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას, პირიქით ხდება.

„ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება“ – უკრაინის თავდაცვის მინისტრი

უკრაინის თავდაცვის მინისტრმა მიხაილ ფედოროვმა YouTube არხ PRESSING-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული მალე იზოლირებული აღმოჩნდება დრონებით განხორციელებული თავდასხმების გამო.

„ყირიმის იზოლირება ხდება დრონების გამოყენებით და უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, ყირიმი კუნძულად გადაიქცევა. ამან შეიძლება რუსებისთვის ძალიან მოულოდნელი შედეგები გამოიწვიოს. მეტს ვერაფერს ვიტყვი“.

ფედოროვმა თქვა, რომ 2026 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში უკრაინამ გასულ წელთან შედარებით 300%-ით მეტი დრონი შეიძინა, რომლებსაც უკრაინა რეგულარულად იყენებს აზოვის რეგიონზე თავდასხმებისთვის.

„ჩვენ გამოვაცხადეთ ლოჯისტიკური ლოკდაუნი. ეს ნიშნავს დამატებით პირდაპირ დაფინანსებას იმ დანაყოფებისთვის, რომლებიც Middle Strike დრონებს იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ასობით ათას Middle Strike დრონს ვყიდულობთ, ჩვენ ასევე ვანაწილებთ თანხებს იმ დანაყოფებისთვის, რომლებსაც შეუძლიათ მათი სწრაფად განლაგება და შეძენა.

ასე რომ, რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება, რომელთან გამკლავება ძალიან რთულია. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა. ლოჯისტიკა გადაიჭრება, ყირიმი იზოლირებული გახდება და ეს გავლენას ახდენს აღმოსავლეთზე. არსებობს პირდაპირი კორელაცია იმას შორის, თუ რამდენად ძლიერად ვურტყამთ ლოჯისტიკას და რამდენი თავდასხმა ხდება ფრონტის ხაზზე“.

„ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ არის გამოთქმა, რომელსაც უკრაინის თავდაცვის მინისტრი მიხაილ ფიოდოროვი იყენებს. 27 მაისს მან გამოაცხადა ე.წ. შუალედური დარტყმების შესახებ – ესაა დარტყმები მტრის პოზიციებზე 150-300 კილომეტრის რადიუსში, რომლის მიზანია რუსული ლოჯისტიკური და სამხედრო პოტენციალის სისტემატურად განადგურება ოპერატიულ სიღრმეზე.

ყირიმისკენ მიმავალი სახმელეთო დერეფანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც თავდასხმის ქვეშ მოექცა. უკრაინის დრონებმა სამხედრო და სატვირთო მანქანებს, განსაკუთრებით საწვავის ავზებს შეუტიეს.

ასევე, უკრაინულმა ძალებმა დაარტყეს ყირიმისკენ მიმავალ რკინიგზასა და ხიდებს. ივნისის დასაწყისში თავდაცვის ძალები თავს დაესხნენ ჩონჰარის ხიდს – ნახევარკუნძულსა და უკრაინის მატერიკულ ნაწილს შორის ერთ-ერთ მთავარ გადასასვლელს. ამის შემდეგ, ამ მონაკვეთზე ტვირთის გადაზიდვა პონტონური ხიდით ან გადამისამართებით გახდა საჭირო.

ბოლო კვირების განმავლობაში ოკუპირებული ყირიმი საწვავის სერიოზულ კრიზისს განიცდის. ბენზინგასამართ სადგურებთან რიგები დადგა, ყირიმში დაიწყეს საწვავის ლიმიტირებულად გაყიდვა, საწვავის დეფიციტი აისახა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობაზეც – მედიის ცნობით გაჩერდა დაახლოებით 400 ავტობუსი. კრიზისი აისახა საკვებ პროდუქტზეც და ტურისტულ სეზონზე სპეციალისტების თქმით, ეს სულ უფრო შესამჩნევი იქნება.

Exit mobile version