მთავარი,სიახლეები

რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?

11.08.2021 • 2912
რატომ გახდა საჭირო ბიუჯეტიდან 72 მილიონის გამოყოფა, როცა გზას დონორი აფინანსებს?

ორ სხვადასხვა უცხოურ კომპანიასთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის გზის 11,5-კილომეტრიანი მონაკვეთის [ლოტი I] მშენებლობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ფულით დასრულდება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი აცხადებს, რომ კონტრაქტორებთან ხელშეკრულებები „სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო შეწყდა“.

დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის ამ მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების ნახევარი უკვე შესრულებულია, დარჩენილი სამუშაოების შესასრულებლად კი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ათი თვის ვადა განესაზღვრა.

დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა. სატენდერო თანხა 71 930 108 ლარია, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტიდან გამოიყოფა. წინადადებების მიღება 2021 წლის 2 სექტემბერს დაიწყება და 7 სექტემბერს დასრულდება.

რატომ გახდა საჭირო დონორის სესხით დაფინანსებული პროექტისთვის ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფა? – ამ და სხვა კითხვებზე პასუხის მიღებას „ბათუმელები“ გზების დეპარტამენტისგან შეეცადა. აქ გვითხრეს, რომ ფინანსებთან თუ დავებთან დაკავშირებით ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვოთ.

ახალი ტენდერის პირობის მიხედვით, „მიმწოდებელი ვალდებულია, ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულება უზრუნველყოს სამუშაოების დაწყების შესახებ დეპარტამენტის წერილობითი დავალების გაცემიდან 10 თვეში. მიმწოდებელს არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე“.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ეს მონაკვეთი [ლოტი I] გადის ქალაქ სამტრედიას და სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლები, გორმაღალა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: პირველი მაისი, გაუწყინარი.

გზის ამ მონაკვეთის მშენებლობა 7 წლის წინ, 2014 წლის ივლისში დაიწყო და 2017 წელს უნდა დასრულებულიყო. თუმცა, „ბათუმელებს“ დეპარტამენტში უთხრეს, რომ თავდაპირველად ხელშეკრულება უცხოურ კომპანია „ალტკომთან“ შეწყდა, შემდეგ კი კომპანია „აკორდთან“.

ამ მონაკვეთში აშენდება 11,5 კმ-იანი ოთხზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარიანი გზა, მოეწყობა 27 მიწისქვეშა გასასვლელი და წყალგამტარი მილი, 12 სახიდე გადასასვლელი, მათ შორის 3 მდინარეების გადამკვეთი პარალელური ხიდი და 1 რკინიგზაზე გადასასვლელი პარალელური ხიდი-ესტაკადა.

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზის საერთო სიგრძე 51,5 კილომეტრი იქნება. გზის მშენებლობა 4 ლოტად მიმდინარეობდა.

აქედან მხოლოდ II ლოტია დასრულებული [18.5 კმ – ლანჩხუთის შემოვლითი გზა], სადაც ავტოტრანსპორტი უკვე მოძრაობს. სამშენებლო სამუშაოები შეასრულა კომპანია „სინოჰიდრომ“.

რაც შეეხება III ლოტს [12 კმ.], ამ მონაკვეთზეც სამუშაოები შეწყვეტილია და ტენდერი ამ დროისთვის გამოცხადებული არ არის.

მესამე ლოტის სამუშაოებს კომპანია „ტოდინი“ ასრულებდა, რომელსაც ხულო-ზარზმის ახალი გზაც უნდა აეშენებინა. თუმცა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხელშეკრულება ამ ლოტზეც შეწყვიტა [ ხულო-ზარზმის გზის მშენებელ „ტოდინს“ დეპარტამენტი ასეულ მილიონს ედავება].

მოგვიანებით, „ტოდინთან“, ხულო-ზარზმის გზის მშენებლობაზე გაფორმებული 110-მილიონიანი ხელშეკრულებაც შეწყდა. 

სამტრედია-გრიგოლეთის ახალი გზის ბოლო მონაკვეთის [ლოტი IV] სიგრძე 9,5 კილომეტრია და სამუშაოებს კომპანია „China Railway 23rd“ ასრულებს.

გზის მშენებლობის დონორი – ევროპის საინვესტიციო ბანკია (EIB). როდის დასრულდება მთლიანობაში ეს ჩქაროსნული მაგისტრალი და რა თანხა დაიხარჯება [როგორც აღნიშნული ბანკიდან აღებული სესხი, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის ფული] ამ დროისთვის უცნობია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა [სულ 52 კმ] ზესტაფონი-ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის 42-ე კმ-ზე, მდინარე ოჩოფასთან იწყება და გრიგოლეთის ტერიტორიაზე, მდინარე სუფსასთან მთავრდება.

აქედან ეს გზა მიუერთდება გრიგოლეთი-ჩოლოქის გზის 14-კილომეტრიან მონაკვეთს, რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს.

ჩოლოქიდან [შეკვეთილიდან] კი, ახალი გზა ქობულეთის შემოვლით გზას მიუერთდება. ქობულეთის შემოვლითი გზა – მახინჯაურის გვირაბის მიმდებარედ – ბათუმის შემოვლით გზას [რომელიც გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე უნდა აშენდეს].

ახალი საავტომობილო გზა მდინარე ჭოროხიდან შემდგომში სარფამდე [თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე] გაგრძელდება.

____

ამავე თემაზე:

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით კი, უცნობია, როდის დასრულდება მთლიანად აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291942/

 

მთავარი ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: