„სამტრედია-გრიგოლეთის მაგისტრალური გზის მე-3 მონაკვეთზე დარჩენილი 6-კილომეტრიანი გზის მშენებლობა დასრულების ეტაპზეა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა უახლოეს პერიოდში გაიხსნება“, – აცხადებს დღეს, 2026 წლის 17 ივნისს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ავტობანის აღნიშნული მონაკვეთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ლესასა და ხაჯალიას შორის მდებარეობს. სამტრედია-გრიგოლეთის ავტომაგისტრალი, მინიმუმ 6 წლის წინ, მთლიანად უნდა ყოფილიყო დასრულებული.
„სამტრედია-გრიგოლეთის გზის მე-3 მონაკვეთი, საერთო ჯამში, მოიცავს 12 კმ-იან, 4 ზოლიან ასფალტ-ბეტონის გზას, 6 სახიდე გადასასვლელს, 2 სატრანსპორტო კვანძს, ასევე საქონლისა და საველე გასასვლელებს.“ – წერს დეპარტამენტი.

სამტრედია-გრიგოლეთის გზა / ფოტო: გზების დეპარტამენტი
სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობა თავის დროზე ოთხ მონაკვეთად [ლოტად] დაიწყო და 2026 წლის 17 ივნისის მდგომარეობით მხოლოდ ორი მონაკვეთია დასრულებული/გახსნილი:
- ლოტი 1 – სამტრედია-ჯაპანა [დაუსრულებელია]
- ლოტი 2 – ჯაპანა-ლანჩხუთი [გახსნილია]
- ლოტი 3 – ლანჩხუთი-ხაჯალია [დაუსრულებელია, გასული წლის დეკემბერში გაიხსნა ლანჩხუთი-ლესას მონაკვეთი / დარჩენილი ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი კი, როგორც დეპარტამენტში აცხადებენ მალე გაიხსნება]
- ლოტი 4 – ხაჯალია-სუფსა [გახსნილია, თუმცა ამ დროისთვის დროებით ჩაკეტილია და შეზღუდვა 2026 წლის 30 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება]
აღსანიშნავია, რომ ამ გზის სამტრედია-ჯაპანის მშენებარე მონაკვეთზე [ლოტი 1] 2023 წლის თებერვალში რიონზე გადასასვლელი ხიდი ჩაინგრა. მანამდე, 2 წლით ადრე კი, ამ მონაკვეთის დასასრულებლად ბიუჯეტიდან 72 მილიონი ლარის გამოყოფა გახდა აუცილებელი, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა დონორების მიერ იყო დაფინანსებული.
შეგახსენებთ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი კომპანია Road Building ALTCOM LLC-ს უნდა აეშენებინა, ხოლო მესამე მონაკვეთი – Todini Costruzioni Generali S.p.A-ს. თუმცა, გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ კომპანიებმა თავის დროზე ვალდებულებები არ შეასრულეს. მაშინ „ბათუმელებს“ დეპარტამენტმა მოგვწერა, რომ მათ ყველა სასამართლო დავა მოიგეს.
ამ თემაზე ვრცლად „ბათუმელების“ არქივიდან: რა ხდება სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულებულიყო

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ლესა-ხაჯალიის მონაკვეთი [მონიშნულია წითელი ხაზით], რომელიც „უახლოეს პერიოდში გაიხსნება“






