მთავარი,სიახლეები

რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

17.06.2026
რაში დასჭირდა „ოცნებას“ პატიმრებით ციხეების გადავსება? – ინტერვიუ

„რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც ერთგვარ იარაღს,“ – მიიჩნევს ყოფილი ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი პატიმრების რაოდენობის ზრდაზე.

ხელისუფლებაში მოსვლამდე „ქართული ოცნების“ მთავარი დაპირება ციხეებში არსებული მდგომარეობის გამოსწორება იყო – 2025 წელს პატიმრების რაოდენობამ სამ დაწესებულებაში უკვე გადააჭარბა ლიმიტს, ანუ ციხეები გადავსებულია.

„2025 წელს შეინიშნება პატიმართა რაოდენობის ზრდა [22,6%] პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების საერთო ლიმიტი 90.4%- ით იყო შევსებული და 14-დან 5 დაწესებულებაში იყო პატიმრების საერთო [11 153] რაოდენობის 79%  [8 795]. ამასთან, №2, №8 და №15 დაწესებულებებში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატებოდა,“- აღნიშნულია სახალხო დამცველის 2025 წლის ანგარიშში.

რა ტიპის ქვეყნები ხდებიან ლიდერები პატიმრების სიმრავლით? – „ბათუმელები“ უჩა ნანუაშვილს ესაუბრა. ის საქართველოს ყოფილი სახალხო დამცველია და „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი.

  • ბატონო უჩა, ბოლო მონაცემებით, 3 დაწესებულებაში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რაოდენობა დასაშვებ ლიმიტს აღემატება. რაზე მეტყველებს პატიმრების რაოდენობის მკვეთრი ზრდა? 

ყოველთვის, როდესაც იზრდება პატიმართა რაოდენობა, როდესაც გადატვირთულობა ჩნდება, ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ბევრი რამ შეცვლილია. პირველ რიგში, სისხლის სამართლის პოლიტიკა არის რეალურად გამკაცრებული, არაპროპორციული სასჯელებია და ალტერნატიული, ანუ არასაპატიმრო ღონისძიებების ნაკლებობაა.

ეს ნიშნავს იმას, რომ რეპრესიული სისტემა ყალიბდება, რომელიც პირდაპირ არის გადასული პატიმრობის გამოყენებაზე და იყენებს ამას, როგორც იარაღს რეპრესიებისთვის. იყო ადრეც, როდესაც იზრდებოდა რაოდენობა პატიმრების, შემდეგ მცირდებოდა. დღეს ვხედავთ, რომ გადატვირთულობაა რამდენიმე დაწესებულებაში. ამაზე საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ უკვე და ადგილობრივი უფლებადამცველებიც.

ამას არაერთი თანმდევი შედეგი აქვს, მაგალითად, წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობა და ამოცანა იყო ამ გავლენების შემცირება. როდესაც დიდია დაწესებულება და გადატვირთულია, ამ დროს სუბკულტურა ძლიერდება. რეალურად არ ხდება გადასვლა მცირე დაწესებულებებზე, სადაც რისკის მიხედვით არიან პატიმრები გადანაწილებული სხვადასხვა დაწესებულებაში.

მეორე: რადგანაც პატიმრების რაოდენობა გაზრდილია, პერსონალი სიმწირე კიდევ უფრო დიდი პრობლემაა. წლების წინ იყო უკმარისობა მთელი რიგი პროფესიების, მაგალითად, ფსიქოლოგების რაოდენობა ძალიან მცირე იყო. ასევე, საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროგრამები ყოველთვის ცოტა.

პატიმრების რაოდენობა კი გაიზარდა იგივე ბაზაზე, იგივე ინფრასტრუქტურის პირობებში.

არაფორმალური მმართველობის გაძლიერების გარდა, უმნიშვნელოვანესია სანიტარულ-ჰიგიენური პრობლემები. ამ პირობების უზრუნველყოფის საშუალება უკვე აღარ არის: თუ ადრე იყო 500 პატიმარი, დღეს იქ 1000 პატიმარია.

ამ პროცესში მთავარი პრობლემა მაინც არის ხელისუფლების შეცვლილი პოლიტიკა.

უჩა ნანუაშვილი

  • გამოდის, რომ „ოცნება“ ციხეებს ავსებს პატიმრებით. მაშინ, როცა ციხეებში არსებულ პრობლემებზე საუბრით თვითონ მოვიდა ხელისუფლებაში და სამართლიანობის აღდგენის დაპირებით? 

ერთი მხრივ, იზრდება ციხეებში პატიმრების რაოდენობა და მკაცრდება პოლიტიკა, მეორე მხრივ, ხელისუფლება, რომელიც თავის დროზე სწორედ ციხეებში არსებული მდგომარეობის საპროტესტო ტალღაზე მოვიდა ხელისუფლებაში, პირიქით მოქმედებს.

მაგალითად, იგივე ნარკოპოლიტიკა ვხედავთ როგორ შეიცვალა ბოლო წლებში. წარმოიდგინეთ, 5 ათასზე მეტი პატიმარი სწორედ სხვადასხვა ნარკოდანაშაულის საქმეზეა ციხეში. ეს ძალიან დიდი რაოდენობაა. ეს სწორედ იმის გამოა, რომ პოლიტიკა შეიცვალა, როცა მანამდე იყო შედარებით ლიბერალური დამოკიდებულება.

ასევე, იშვიათად ხდება იგივე ეკონომიკურ დანაშაულზე გირაოს, ანუ არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენება.

კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ გათავისუფლების მექანიზმი მოშლილია. ცალკეა შეწყალების კომისია, რომელიც არ მუშაობს – გაუმჭვირვალედ მუშაობს და გაუგებარია, ვის ათავისუფლებენ, არანაირი კომისია აღარ არსებობს: ეს ინსტიტუტი პრაქტიკულად განადგურებულია. თუ ვინმეს იწყალებენ, რა მიზეზით, რის საფუძველზე ხდება შეწყალება – ესეც უცნობია საზოგადოებისთვის.

არსებობს პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმიც, რომელიც წინა წლებში ასე თუ ისე მაინც მუშაობდა. ჩვენ თუ ახლა ვნახავთ ციფრებს, დავინახავთ, როგორ არის ეს მაჩვენებელი შემცირებული. მაგალითად, 2019 წელს პირობით ვადამდე გაათავისუფლეს 1279 პირი, 2025 წელს – 195 ადამიანი. 2019 წლამდე კიდევ უფრო მაღალი იყო ეს მაჩვენებელი.

ეს არის ზუსტად ამ პოლიტიკის შედეგი, მათ შორის, შერჩევითი სამართლის, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნის, რის გამოც ძალიან ბევრი ადამიანია დღეს უკანონოდ ციხეებში. პატიმრობიდან გათავისუფლების ეს მექანიზმი განსაკუთრებით პრობლემური ჩანს იმიტომ, რომ წლების განმავლობაში ეს უწყობდა ხელს განტვირთვას, დროებით ვადამდე გათავისუფლებული პატიმარი, ან შეწყალებული. დღეს ეს ყველაფერი მოშლილია.

  • როცა ამ მექანიზმებს არ იყენებს „ოცნების“ ხელისუფლება, როცა არსებობენ პოლიტიკური პატიმრები და ვხედავთ რეპრესიულ პოლიტიკას, ამ დროს სახალხო დამცველი გამოსავალს ხედავს ახალი ციხეების აშენებაში – სულ მცირე 4-5 ახალი დაწესებულება უნდა აშენდესო… რას ნიშნავს სახალხო დამცველის ამგვარი პოზიცია? 

უფლებადამცველებს უფრო სხვა მიდგომა გვაქვს. ვფიქრობ,  ციხის აშენებით არ გვარდება პრობლემა, პირიქით – მწვავდება. პრობლემა გვარდება კანონის ლიბერალიზაციით, ალტერნატიული სასჯელების გამოყენებით, უფრო მეტი აქცენტით პრევენციაზე, მეტი აქცენტით არა დასჯაზე თუნდაც ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით, არამედ მკურნალობაზე.

აქ საუბარია სახელმწიფოს რესურსების არასწორად გადანაწილებაზე. დღეს ცივილიზებული სამყარო სხვანაირ მიდგომებს ავითარებს. ბოლო პერიოდში, ევროპის ბევრ ქვეყანაში, საპატიმროები გაუქმდა იმის გამო, რომ იყენებენ სხვა ტიპის სასჯელებს: იქ აქცენტია პრევენციაზე, რეაბილიტაციაზე, რესოციალიზაციაზე. ეს ჩვენ შემთხვევაში არ ხდება.

დღეს მზია ამაღლობელი და ელენე ხოშტარია არიან უკანონო პატიმრობაში და კიდევ ბევრი ასეთი ადამიანი, რომელიც არ წარმოადგენენ საზოგადოებისთვის არანაირ საშიშროებას.

კიდევ ერთი საკითხია: ეკონომიკური დანაშაული. ადრე იყო საუბარი დეკრიმინალიზაციასა და სხვა მექანიზმების გამოყენებაზე. სინამდვილეში არაფერი შეცვლილა – რაღაც ჯარიმების გამო ადამიანები ისევ პატიმრობაში არიან.

მთავარი ალბათ ის არის, რომ  ხელისუფლება არ ებრძვის პრობლემებს, არ არის ფოკუსირებული ადრეული პრევენციის პროგრამებზე, არ მუშაობს გამომწვევ მიზეზებზე – სიღარიბეზე, უმუშევრობაზე, სოციალურ გარიყულობაზე.

  • რა ტიპის ქვეყანაში იზრდება პატიმრების რაოდენობა? – 2025 წელს ციხეში გვყავდა 11 ათასზე მეტი პატიმარი [22 767 მსჯავრდებულიდან], 2024 წელს – 9 098. ევროსაბჭოს პენიტენციური სტატისტიკის მიხედვით, რაც 2026 წლის მაისში გამოქვეყნდა, საქართველო პატიმრების სიმრავლით ევროპის 46 ქვეყანას შორის მე-4 ადგილზეა [პირველ ადგილზეა თურქეთი, მეორეზე – აზერბაიჯანი, მესამეზე – მოლდოვა]. 

საქართველო პატიმრების სიმრავლით მოწინავეა საკმაოდ დიდი ხანია. ეს ნიშნავს იმას, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკა არასწორად იყენებს სახელმწიფო. ამ გზით სახელმწიფო ცდილობს რეპრესიული სისტემის მშენებლობას. იმის ნაცვლად, რომ სახელმწიფო უფრო მეტად მუშაობდეს იმ კუთხით, რომ აღარ მოხდეს დანაშაული ქვეყანაში, მოხდეს იგივე დანაშაულის პრევენცია, ან იმუშაონ რეაბილიტაციაზე, სახელმწიფო მხოლოდ ხისტი მეთოდებით ცდილობს ამ პრობლემის მოგვარებას.

ეს უფრო მეტ პრობლემას იწვევს და უფრო მეტ გაუცხოებას… რეალურად მსგავსი პოლიტიკა არ უწყობს ხელს პრობლემის მოგვარებას, პირიქით ხდება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: