ბათუმის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალურ ტრანსპორტში სამხრე კამერებით აღჭურვილი კონტროლიორები იქნებიან, რომლებიც უბილეთო მგზავრებს გააკონტროლებენ.
„კონკრეტულ ლოკაციაზე მომუშავე კონტროლიორების ჯგუფიდან კამერით აღიჭურვება ერთი თანამშრომელი, რომელიც პროცესის ვიდეოფიქსაციას განახორციელებს.
ახალი სისტემა უზრუნველყოფს მგზავრთა უფლებების დაცვასა და სპეციალისტების საქმიანობის მეტ გამჭვირვალობას“ – წერს ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია.
ინსპექციის ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადების ზედამხედველობის განყოფილებამ, მიმდინარე წელს მუნიციპალურ ტრანსპორტში საფასურის გარეშე გადაადგილების 5 265 შემთხვევა გამოავლინა.
„მგზავრი ვალდებულია მგზავრობის საფასური ტრანსპორტში ასვლისთანავე გადაიხადოს“ – აცხადებს ინსპექცია.
მუნიციპალურ ინსპექციას ვკითხეთ, რამდენი ლარი დაიხარჯა კონტროლიორების სამხრე კამერებით აღჭურვისთვის, თუმცა უწყებაში გვითხრეს, რომ თანხებთან დაკავშირებული ინფორმაცია წერილობით უნდა გამოვითხოვოთ.
____________
ფოტო: ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია






