მთავარი,სიახლეები

„წარმოიდგინეთ ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს მოსკოვის მდიდრულ რაიონში, რუბლიოვკაზე“ – ინტერვიუ

18.06.2026
„წარმოიდგინეთ ერთი ბომბი რომ ჩამოვარდეს მოსკოვის მდიდრულ რაიონში, რუბლიოვკაზე“ – ინტერვიუ

„რუსებს ომი დაუბრუნდათ სახლში… მოსახლეობაში ძლიერდება განცდა, რომ ეს ომი სადღაც შორს კი არ არის, არამედ მათ თავს ხდება, მათ გარშემოა. წარმოიდგინეთ, ერთი ბომბი რომ ჩავარდეს რომელიმე მდიდრულ რაიონში – რუბლიოვკაზე, ან სადმე, კიდევ უფრო სხვანაირი რეაქცია იქნება…

უკრაინას შეუძლია დღეში 300-400 უპილოტო გაუშვას, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით,“ – ამბობს გადამდგარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მოსკოვში, დღეს, 18 ივნისს, მომხდარ ამბებზე.

18 ივნისს უკრაინელებმა ხუთი ფენით დაცულ მოსკოვში დრონები ჩამოაგდეს.

სამხედრო ანალიტიკოსის აზრით, კიევის ლავრაზე დარტყმა რუსეთის სისუსტის მაჩვენებელია, ეს გამწარებული ადამიანის ქმედებას ჰგავსო – ამბობს გადამდგარი გენერალი და ყურადღებას ფრონტის ხაზზე ამახვილებს: „ურთულესი მდგომარეობა აქვს რუსეთს ზაპოროჟიესა და ყირიმის მიმართულებით. ყირიმის მიმართულებაზე ფაქტობრივად ნახევარკუნძული კუნძულად არის გადაქცეული“.

რა მასშტაბი შეიძლება შეიძინოს უკრაინის წარმატებამ? – „ბათუმელებმა“ ვახტანგ კაპანაძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ის სამხედრო მეცნიერებათა დოქტორია და საქართველოს გენერალური შტაბის უფროსი ორჯერ იყო. ვახტანგ კაპანაძე საზოგადოებრივი ინიციატივის „ჯერ საქართველოს“ თანადამფუძნებელია.

  • ბატონო ვახტანგ, დღეს უკრაინამ მოსკოვს დრონებით შეუტია – ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა დაწვეს. რა სახის წარმატებაა ეს უკრაინისთვის, როცა უტევს რუსეთში სავარაუდოდ ყველაზე დაცულ ქალაქს, მოსკოვს? 

პირველ რიგში, ვთქვათ, რომ უკრაინა მარტო მოსკოვს არ უტევს. მოსკოვის გარდა გამუდმებით ხდება დარტყმები, რომლებიც შეიძლება ნაკლები იყოს თავისი მასშტაბებიდან ან მედია გამოხმაურების გამო, მაგრამ დარტყმებია ყირიმზე, ზაპოროჟიეში, რუსეთის სიღრმეში.

მოსკოვის შემთხვევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ეს არის იმის ჩვენება რუსეთისთვის, რომ დაუსჯელი არავინ დარჩება. ეს ეხება მოსკოვის მიერ განხორციელებულ დარტყმებს იმ სიწმინდეებზე, რომელიც უკრაინაში მდებარეობს.

ფართო სურათში რომ დავინახოთ, ეს მაინც ნაწილია იმ პოლიტიკის, იმ პროექტის, რასაც ჰქვია „ლოგისტიკური ლოკდაუნი“, რომელიც გამოაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, მიხაილ ფიოდოროვმა. ეს ნიშნავს, რომ მაქსიმალური დარტყმები გრძელდება უშუალოდ ნავთობგადამამუშავებელ საწარმოებზე, ან ნავთობსაცავებზე. ეს არის ის ფულადი წყარო, რომლითაც რუსეთი განაგრძობს საომარ მოქმედებებს.

უკრაინელების დარტყმების სიღრმე იზრდება და იზრდება. ე.წ. „დიფ სტრაიკი“ უკვე აისახება ირკუტსკში, ბურიატიაში, ზაბაიკალეთში, მურმანსკში, კრასნოიარსკში, ვოლგოგრადის მხარეში, კარელიაში კი, საერთოდ კანისტრების გამოყენება აიკრძალა – არ იძლევიან საწვავს კანისტრებისთვის. ძალიან ბევრ რეგიონში ლიმიტებია საწვავზე იმ ქვეყანაში, რომელიც საწვავით ცხოვრობდა, საწვავზე აგებდა თავის ეკონომიკურ წინსვლას.

უკრაინელების დარტყმებს გააჩნია კასკადური ეფექტი, ანუ ერთ დარტყმას მოსდევს ეფექტი, რომელიც მოქმედებს სხვა შემადგენელზე: მაგალითად, საწვავის შემცირება, საწვავის ლიმიტირება.

ამის ნიშნები შეიარაღებულ ძალებში უკვე გამოჩნდა – მიწოდება შეფერხებულია. თუნდაც მოსკოვი რომ ავიღოთ, რა თქმა უნდა, მოსკოვში კარგადაა განვითარებული მეტრო, ელექტრომატარებლები, მაგრამ პროდუქტი მაღაზიაში მიაქვს ავტომანქანებს. ფრონტის წინა ხაზთან მომარაგება როგორ ხდება? – ძირითადად სატვირთო ავტომობილებით, ვინაიდან რკინიგზით შეგიძლია მიიტანო ტვირთი საარმიო, კორპუსის, ან დივიზიის ზურგის რაიონში, იქიდან უკვე მაინც სატვირთო ავტომობილებია საჭირო.

მე აღარ ვსაუბრობ იმ ზარალზე, რაც რუსეთის შემოსავლებზე პირდაპირ აისახება. მაგალითად, ივნისში რუსეთში ნავთობის გადამუშავების დღე-ღამის მოცულობა გაუთანაბრდა ყველაზე დაბალ დონეს უკანასკნელი 20 წლის მანძილზე.

სხვათა შორის, ვიდრე ეს ტერმინი – „ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ და შესაბამისი მოქმედებები გააქტიურდებოდა, უკრაინელი სამხედრო ექსპერტები, ყოფილი გენერლები მოუწოდებდნენ სირსკის და ზალუჟნის, რომ აქცენტი უნდა გადაეტანათ რუსეთის ლოჯისტიკის მოშლაზე. მანამდე ამის ტექნიკურ-ტექნოლოგიური შესაძლებლობა უკრაინას შეზღუდული ჰქონდა.

ამჟამად დაიწყო ამის განხორციელება და ეს კარგია. უკრაინას დღეს შეუძლია დღეში 300-400 უპილოტო გაუშვას, მაგალითად, მოსკოვის მიმართულებით – მოსკოვის მერის მონაცემებით 180 ჩამოაგდეს. თავად მოსკოველები ჰყვებიან, რომ დაახლოებით 30-40 აფეთქების ხმა მკაფიოდ გაიგეს. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია არა ჩამოგდებულების რაოდენობა, არამედ შედეგი, რაც სახეზეა მოსკოვის თავზე არსებული შავი კვამლის სახით.

  • „ლოჯისტიკური ლოქდაუნი“ აისახა უკვე ფრონტის ხაზზე, შეფერხდა რუსების შეტევები? ისედაც არ აქვთ რუსებს წარმატება, მაგრამ რა იცვლება? 

რა თქმა უნდა, აისახა. ეს ჩანს ფრონტის ხაზზე, სადაც დიდი ცვლილებები არ არის. ფრონტის ხაზს რომ მივყვეთ, ურთულესი მდგომარეობა აქვს რუსეთს ზაპოროჟიესა და ყირიმის მიმართულებით.

ყირიმის მიმართულებაზე ფაქტობრივად ნახევარკუნძული კუნძულად არის გადაქცეული. ყველა გზატკეცილი, მათ შორის, მთავარი: მარიუპოლი – მელიტოპოლი – ჯანკოი – მუდმივი დარტყმის ქვეშაა. უკრაინელების უპილოტოების სარდალმა, რობერტ [მადიარ] ბროვდიმ განაცხადა: ისეთივე ადვილია ამ ტრასაზე სატვირთოებზე დარტყმა, როგორც მინდორში გნოლებზე ნადირობაო.

ამ გზის აეროსურათები რომ ნახოთ, სავსეა დამწვარი სატვირთო მანქანებით. ბოლო დროს დასტურდება, რომ რუსები სატვირთო მანქანებს სხვადასხვანაირად ნიღბავენ, თითქოს მორები გადააქვთ, შეშა, სინამდვილეში კი, საწვავის ცისტერნებია, მაგრამ უკრაინელებს საკმარისი დაზვერვა ჰყავთ. პარტიზანებიც აწვდიან ინფორმაციას.

უკრაინელების მიზანია დაარტყან ყველა მანქანას, რომელიც პოტენციურად შეიძლება გამოყენებული იყოს სამხედრო მიზნებისთვის. ამ მიმართულებით უკრაინელები ძალიან ეფექტურად იყენებენ ამერიკულ დრონებს – „ჰორნეტებს“, რომელსაც აქვს დამოუკიდებელი, მიზანმიმართვის სისტემა. „ჰორნეტი“ არ არის დამოკიდებული სატელიტურ კავშირზე, გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ, თვითონ გადადის ძიებაზე.

ამან ძალიან დიდი ზიანი მიაყენა რუსების ლოჯისტიკურ მომარაგებას. ჩვეულებრივ, ქვეით ბრიგადას დღეში სჭირდება 1000 ტონა ტვირთი: საკვები, წყალი, საწვავი და ასე შემდეგ. თუ ეს სისტემა მოიშალა, გარკვეული დროის შემდეგ საბრძოლო მზადყოფნა მნიშვნელოვნად ქვეითდება.

  • რა სამხედრო დატვირთვა აქვს ამ ომში ყირიმის იზოლირებას?

რუსებს აკლდებათ მთელი დაჯგუფება. ამ დაჯგუფებას სჭირდება მომარაგება და ის გზაში ნადგურდება. ამ დაჯგუფებას რუსეთი ვეღარ იყენებს სხვა მიმართულებაზე. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია იმ კუთხით, რომ სხვა მიმართულებებზეც შემცირებულია წინსვლა და შეტევითი მოქმედებები.

  • საერთოდ შეწყვიტეს რუსებმა შეტევები? 

ასე მარტივად არ არის საქმე. მაგალითად, კონსტანტინოვკასთან შეძლეს რუსებმა წინსვლა – დაფიქსირდნენ ქალაქის სიღრმეში; ზაპოროჟიეშიც რუსები აცხადებენ, რომ აქვთ წინსვლაა, მაგრამ ეს არაფრით არ მტკიცდება.

ძირითადად მაინც გადასული არიან ურთიერთ დისტანციურ ზემოქმედებაზე. შემოდგომაზე დაიწყება ისევ წვიმები, წარმოიქმნება ე.წ. „რასპუტიცა“, როცა იზილება ტალახი, ნიადაგიდან გამომდინარე, ეს თიხოვანი ტალახია, რაც არ იძლევა საშუალებას, რომ ტექნიკამ იმოძრაოს.

  • თქვენი აზრით, საშემოდგომოდაც აპირებს პუტინი შეტევის გაგრძელებას და საშემოდგომო კამპანიას? 

კიევის ლავრაზე დარტყმა ეს სისუსტის მაჩვენებელია და არა სიძლიერის. ეს არის გამწარებული ადამიანის ქმედება.

ჩემი აზრით, ორივე მხარე ემზადება პოზიციების გასამყარებლად მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია მხარდაჭერა, რომელსაც დასავლეთი უცხადებს უკრაინას.

  • „გაიგო, რომ პუტინს არ უნდა ომის შეწყვეტა და ის ვიღაცამ უნდა შეაჩეროს“ – თქვა ზელენსკიმ ტრამპის შესახებ. პუტინი ხედავს, რომ ომს ვერ იგებს და დონბასსაც კი ვერ იღებს. ასევე ხედავს, რომ დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ძლიერდება. თქვენი დაკვირვებით, რა გათვლით მოქმედებს პუტინი?

მართალია ზელენსკი, როცა ამბობს, პუტინი ვიღაცამ უნდა აიძულოსო. ეს „ვიღაც“ შეიძლება იყოს დასავლეთი, შეიძლება იყოს უკრაინა დასავლეთის დახმარებით. ბრძოლის ხაზზე წარუმატებლობამ უნდა აიძულოს პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან. თავისი ნებით არ დაჯდება, ცხადია.

  • მიდის აქეთკენ საქმე – როგორ მოახერხეს უკრაინელებმა, მაგალითად, მოსკოვის ხუთმაგი დაცვის ფენის გარღვევა? 

დიახ, ხუთი სარტყელია თითქოსდა მოსკოვში. ამას დაუმატეთ საარტილერიო – სარაკეტო სისტემები „პანცირი“, რაც მოსკოვში შენობების სახურავებზე დააყენეს, თუმცა ამ ყველაფრის ეფექტიანობას ვხედავთ. საინტერესო სანახავია კრემლის სახურავზე მოდარაჯე სამხედროები ტყვიამფრქვევებით.

მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა მეთოდურად გამოიყვანეს მწყობრიდან რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები. ამას ასე უცებ ვერ აღადგენ, ეს რთული სისტემაა და მოითხოვს მნიშვნელოვან ფინანსურ დანახარჯს, ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს.

აღმოჩნდა, რომ არ არის შეუღწეველი რუსების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ბარიერები, რაზეც აქამდე გვიყვებოდნენ. ვნახეთ, რომ ბარიერს აქვს ღრიჭოები. უკრაინელებს ძალიან კარგად აქვთ მონიშნული ეს ღრიჭოები, რომლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას შეღწევისთვის. თუნდაც ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის 90% დაზიანების ეფექტიანობის კოეფიციენტით 100 დრონიდან 10 მოხვდეს მიზანს, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ზიანი იქნება.

  • დრონებით თავდასხმას ისევ უნდა ელოდნენ მოსკოვში? კიდევ რა შეიძლება შეძლონ უკრაინელებმა დრონებით? 

რა თქმა უნდა, რუსეთში უნდა ელოდნენ ამას.

G7-ის შეხვედრაზეც ითქვა, რომ დასავლეთი დაეხმარება უკრაინას რაკეტსაწინააღმდეგო საშუალებებით. ამას გარდა, შორი ზემოქმედების სისტემებითაც მოამარაგებენ უკრაინას და დაეხმარებიან მათ წარმოებაში. შორი ზემოქმედების სისტემებია: შორი მანძილის ოპერატიულ-სტრატეგიული დრონები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები.

ბალისტიკური რაკეტა, რომელსაც 1000 კილოგრამი ასაფეთქებელი გადააქვს, ეს არაა დრონი, მას გაცილებით დიდი ზიანის მიყენება შეუძლია. ეს არის რეალობა, საითკენაც მივდივართ: უკრაინა ვითარდება, რუსეთი კი ახალს ვერაფერს აჩვენებს.

რუსეთი სუსტდება ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, სამხედრო თვალსაზრისით. ყოველ 3 თვეში ერთხელ უკრაინას რაღაც სიახლე აქვს ბრძოლის ველზე, გასაგებია, რომ დასავლეთის მხარდაჭერით, მაგრამ რუსეთს არ ჰყავს არავინ ასეთი დამხმარე. რუსეთისგან ტექნოლოგიური და აქედან გამომდინარე ტაქტიკური სიახლე ბრძოლის ველზე მე 2024 წლიდან აღარ მინახავს.

საქმე მიდის მოლაპარაკებისკენ, თუმცა რა დევს პუტინის თავში, ღმერთმა უწყის. თვითონ პუტინის გარშემოც უკმაყოფილება რომ იზრდება, ეს ფაქტია.

  • ერთ-ერთ წინა ინტერვიუში ახსენეთ, რომ რუსეთს ჯერ კიდევ შეუძლია ამ ტემპით 3-4 წელი კიდევ განაგრძოს ომიო. ამ მოცემულობაშიც იმავეს თქმა შეიძლება რუსეთის რესურსზე? 

ფაქტია, რომ რუსების რესურსები ნადგურდება, თუმცა რუსეთს შეუძლია იომოს სტაგნაციურ ომში, პოზიციურ დაპირისპირებაში… რამდენად მოინდომებს ამის გაგრძელებას რუსეთი, სხვა თემაა, რადგან რუსეთი ძალიან ზიანდება. ომი დაუბრუნდათ რუსებს სახლში.

რუსეთში, მოსახლეობაში ძლიერდება განცდა, რომ ეს ომი სადღაც შორს კი არ არის, არამედ მათ თავს ხდება, მათ გარშემოა. წარმოიდგინეთ, ერთი ბომბი რომ ჩავარდეს რომელიმე მდიდრულ რაიონში – რუბლიოვკაზე, ან სადმე, კიდევ უფრო სხვანაირი რეაქცია იქნება.

  • არ გამორიცხავთ, ასეც მოხდეს? 

არაფერი არაა გამორიცხული. უკრაინელები ამას არ აკეთებენ შეგნებულად, მათი მიზანი არის ნავთობგადამამუშავებელი, სტრატეგიული, ან სამხედრო ობიექტები, მაგრამ იმის გამო, რომ რუსები ახშობენ უპილოტოებს, ჩახშობილი უპილოტო საფრენი აპარატი იფრენს მანამ, ვიდრე არ ჩამოვარდება. ასე რომ, ამას ვერ გამორიცხავ.

  • „ლოჯისტიკური ლოკდაუნი“ ამოცანაა, რომ რუსეთი დასუსტდეს იმ დონეზე, რომ ვეღარ შეძლოს შეტევის გაგრძელება? 

არამხოლოდ შეტევა, ზოგადად რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების მნიშვნელოვნად შეზღუდვა.

  • ეს შეიძლება გახდეს ფართომასშტაბიანი კონტრშეტევის წინაპირობა? 

ეს შეიძლება წინაპირობა იყოს, მაგრამ უკრაინა ჯერჯერობით არ არის მზად კონტრშეტევისთვის, უპირველეს ყოვლისა, ადამიანური რესურსების თვალსაზრისით. უკრაინელების უახლოესი სტრატეგიული მიზანია, პუტინი აიძულოს შეწყვიტოს ომი, შემდეგ გამოჩნდება შემდგომი მიზანიც და მისკენ მიმავალი გზებიც.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: