მთავარი,სიახლეები

როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

10.03.2026
როდის აშენდება რიონზე ხიდები, რომლებიც წლების წინ უნდა გახსნილიყო

მდინარე რიონზე, სამტრედიასთან და ფოთთან ორი მნიშვნელოვანი ხიდის მშენებლობა დღემდე გრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხიდები კარგა ხნის გახსნილი უნდა იყოს.

ამათგან ერთი ხიდი – სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე, მშენებლობის დროს ჩაინგრა, ხოლო მეორე – ქალაქ ფოთთან, ორი წლის წინ უნდა გახსნილიყო.

რატომ არ აშენდა აღნიშნული ხიდები დაგეგმილ დროში, როდის დასრულდება მშენებლობა და როდის გაიხსნება? – ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაუკავშირდა.

  • ახალი ხიდი ფოთთან

საავტომობილო გზების დეპარტამენტის 2026 წლის 20 თებერვლის ინფორმაციით, ფოთის ახალი საავტომობილო ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.

არადა, ამავე დეპარტამენტის 2021 წლის 30 ნოემბრის ინფორმაციით, ამ ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობა ორ წელში [ანუ 2023 წლის ბოლოს] უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე: ფოთთან, მდინარე რიონზე, 436 მეტრი სიგრძის ახალი ხიდი აშენდება

ფოთთან, დეპარტამენტის ინფორმაციით, „შენდება ფოლად-რკინა-ბეტონის 8-მალიანი ხიდი, რომლის სიგრძე 436 მეტრია.

პროექტი ასევე ითვალისწინებს 2 კილომეტრი სიგრძის მისასვლელი გზების მოწყობას. სამშენებლო სამუშაოების საერთო ღირებულება 60.8 მილიონ ლარს შეადგენს და ფინანსდება აზიის განვითარების ბანკის სესხითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით. სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია MIRBUD-CS ასრულებს“.

რატომ არ დასრულდა აღნიშნული ხიდის მშენებლობა დაგეგმილ ორ წელში? დღევანდელი ინფორმაციით, როდის უნდა დასრულდეს ამ ხიდის/მისასვლელი გზების მშენებლობა და როდის უნდა შევიდეს ექსპლუატაციაში? – მივწერეთ დეპარტამენტს.

„დეპარტამენტმა კომპეტენციის ფარგლებში განიხილა თქვენი განცხადება და გაცნობებთ, რომ ფოთის ხიდისა და მისასვლელი გზების მშენებლობის დასრულება იგეგმება 2026 წლის მეორე ნახევარში“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2026 წლის 5 მარტს. 

დეპარტამენტმა ხიდის და მისასვლელი გზების მშენებლობის გაჭიანურების მიზეზებზე არაფერი მოგვწერა.

მშენებარე საავტომობილო ხიდი მდინარე რიონზე, რომელიც 2023 წლის ბოლოს მაინც უნდა დასრულებულიყო / ფოტო: 20.02.2026 / გზების დეპარტამენტი

  • ჩანგრეული ხიდი სამტრედიასთან

სამტრედია-გრიგოლეთის მშენებარე ავტობანზე რიონზე გადასასვლელი ხიდი 2023 წლის თებერვალში ჩაინგრა.

იმავე წლის დეკემბერში დეპარტამენტმა სამხარაულის დასკვნა გამოაქვეყნა, რომ „ხიდის მე-8 ბურჯის ჩავარდნის მიზეზი იყო პროექტთან შეუსაბამოდ და უხარისხოდ მოწყობილი როსტვერკი [ხიმინჯოვანი საძირკვლის ზედა ნაწილის კონსტრუქცია]“.

ჩანგრეული მშენებარე ხიდის აღსადგენად კი, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, საპროექტო კვლევებისთვის ევროპელი სპეციალისტები მოიწვია.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის ამ მონაკვეთის [ლოტი 1] მშენებლობა 2014 წლის ივლისში დაიწყო და თავდაპირველი გათვლებით 2017 წელს, შემდეგი მონაცემებით კი, მთლიანად ეს გზა, 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო. ამ მონაკვეთშია აღნიშნული ხიდიც რიონზე.

გვაინტერესებს, დასრულდა თუ არა მდინარე რიონზე ჩანგრეული ხიდის აღდგენა/მშენებლობა სამტრედია-გრიგოლეთის პირველ ლოტზე? თუ არა, როდის უნდა დასრულდეს? – ამ კითხვებზე პასუხად დეპარტამენტიდან მოგვწერეს, რომ გრძელდება აღდგენითი სამუშაოები:

„რაც შეეხება სამტრედია-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ0+000-კმ11+500 [ლოტი I] მონაკვეთის ფარგლებში მდინარე რიონის სახიდე გადასასვლელს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები“ – მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2026 წლის 5 მარტს.

2025 წლის ნოემბერში საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვის ბრალდებით 5 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, რომელიც უკავშირდება 2023 წლის 21 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ხიდის ჩანგრევის საქმეს. მათ შორის დაკავებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის იმჟამინდელი მოადგილე ლევან კუპატაშვილი.

ამ თემაზე: გზების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე დააკავეს

საქართველოს პროკურატურის მაშინდელი განცხადებით, ხიდის „აღდგენითი სამუშაოებისთვის დამატებით დაიხარჯა 12 მილიონ ლარზე მეტი თანხა, საერთო ჯამში კი, აღნიშნულით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა 16 მილიონ ლარზე მეტი მატერიალური ზიანი“.

მშენებარე ხიდი მდინარე რიონზე [სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე], რომელიც 2023 წელს ჩაინგრა / ფოტო: 18.10.2025 / გზების დეპარტამენტი

მთავარ ფოტოზე: მშენებარე ხიდები მდინარე რიონზე – ფოთთან და ჩანგრეული ხიდი სამტრედია-გრიგოლეთის ავტობანზე / გზების დეპარტამენტის ფოტოები.

გადაბეჭდვის წესი