როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 ოქტომბრის 21 საათიდან 17 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25 – 30 გრადუსი
  • ღამით: 15 – 20 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 5 – 10 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 20 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 18-19 ოქტომბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

აჭარაში ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, რესტორნები კი ისევ 22 საათამდე იმუშავებენ – 19 ოქტომბრიდან

აჭარაში 19 ოქტომბრიდან აღდგება მუნიციპალური, ასევე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა როგორც რეგიონის შიგნით, ასევე აჭარის მიმართულებით. თუმცა რესტორნებისთვის დაწესებული შეზღუდვები ძალაში დარჩება.

შესაბამისი ცვლილება, მთავრობის დადგენილებით, იზოლაციისა და კარანტინის წესებში შევიდა. ამ წესების მიხედვით, 19 ოქტომბრიდან აჭარის ტერიტორიაზე რესტორნები/ბარები/კაფეები მუშაობას კვლავ 07:00 საათიდან დაიწყებენ და 22:00 საათამდე გააგრძელებენ.

[red_box]ამ თემაზე: „შეიძლება ზამთარში საერთოდ დავიკეტოთ“ – სარესტორნო ბიზნესის კრიზისი[/red_box]

მთავრობის დადგენილებით, 16 ოქტომბრის საღამოს 10 საათიდან ამოქმედდება შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც „თბილისის მუნიციპალიტეტისა და იმერეთის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე რესტორნები/ბარები/კაფეები ფუნქციონირებენ 07:00 საათიდან 22:00 საათამდე.“.

მთავრობის დადგენილების გამოქვეყნებამდე, გარკვეული შეზღუდვების მოხსნასა და ახლის შემოღებაზე, პრემიერ-მინისტრმა 15 ოქტომბერს განაცხადა:

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

უმუშევრად დარჩენილები: ხვალ აჭარის მთავრობასთან მდუმარე აქციას გავმართავთ

„ხვალიდან აჭარის მთავრობის სახლთან მდუმარე საპროტესტო აქციას ვიწყებთ, სათქმელი არაფერია,“ – ამბობს ქეთი ქუთათელაძე. ის ერთ-ერთია მათ შორის, ვინც პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა. უკვე მეოთხე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან ასევე უმუშევრად დარჩენილი გიორგი გორგილაძე შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

უმუშევრად დარჩენილები ამბობენ, რომ ხვალ ისინი აღარ დაიშლებიან, ვიდრე საბოლოო პასუხს არ მიიღებენ.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

ღორჯომი ზამთრისთვის ემზადება [ფოტო]

ღორჯომი ზღვის დონიდან 1200 მეტრზე მაღლა მდებარე ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თემია აჭარის მაღალმთიანეთში ხისგან ნაშენი ძველი სახლებით, უძველესი ტრადიციებით, ადგილობრივი კერძებით და შთამბეჭდავი პეიზაჟებით წელიწადის ნებისმიერ დროს, თუმცა ზამთრობით ღორჯომში ბარიდან ასვლა დიდთოვლობის გამო რთულია.

აქ მცხოვრები ადამიანები მესაქონლეობით, მიწათმოქმედებით ირჩენენ თავს. შემოდგომა ღორჯომელებისთვის ჭირნახულის დაბინავებისა და გრძელი ზამთრისთვის მზადების დროა.

 

  • ღორჯომის ხედი ბახმაროსკენ მიმავალი გზიდან

 

  • ღორჯომის ხეობა, სოფელი გორგაძეები

 

  • გორგაძეების ოჯახი ზამთრისთვის სარჩოს იმარაგებს. მოცვისგან სურნელოვან ჩაის დაამზადებენ ზამთარში, ოჯახის წევრები ლობიოს ერთად არჩევენ.

 

  • 80 წლის გრიგოლ გორგაძე შვილიშვილთან ერთად, საკუთარ ეზოში.

 

  • ბავშვები ღორჯომის ხეობიდან.

 

  • მზეზე ტკბილ-მჟავე ვაშლის ტყლაპი შრება.

 

  • ღორჯომში ახალ სახლებსაც კი ხისგან აგებენ. ამბობენ, რომ ასეთი სახლები სუნთქავს – ზამთარში თბილია, ზაფხულში კი გრილი.

 

  • ეს ლელის ყიშლაა. ყიშლებს მემთეურთა ხის სახლებს ეძახიან აჭარაში. აქ მყოფები ოქტომბრის შუა რიცხვებიდან აიყრებიან და ბარში დაბრუნდებიან. ყიშლები მომავალ ზაფხულამდე ჩაიკეტება.

 

  • ხის ქოხი, იგივე ყიშლა, პატარა სოფელ ლელში.

 

  • სოფელი ლელი

კოვიდის ახალი შემთხვევები მატულობს, სიკვდილიანობის მაჩვენებელი დაბალია – რატომ?

ბოლო დღეებში COVID 19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების მატება დაფიქსირდა როგორც საქართველოში, ისე მთელს ევროპის რეგიონში. ამის მიუხედავად, კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი კვლავ დაბალია.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა ორ-სამჯერ მაღალია, ვიდრე პირველი პიკის დროს იყო აპრილში. თუმცა სიკვდილიანობის მაჩვენებელი ხუთჯერ უფრო დაბალია, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებიც ორ-სამჯერ დაბალია, ვიდრე მაშინ”, – ამბობს ჯანმოს ევროპის რეგიონის ოფისის ხელმძღვანელი ჰანს კლუგე.

მისივე თქმით, კოვიდი ახლა სიკვდილიანობის მეხუთე მიზეზია ევროპაში.

ჰანს კლუგეს განცხადებით, ჯანმოს ევროპის ოფისის 53 წევრ ქვეყანაში დადასტურებული შემთხვევები მხოლოდ 10 დღეში 6 მილიონიდან 7 მილიონს გადასცდა. გარდა ამისა, 9 და 10 ოქტომბერს ევროპის რეგიონში ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა, როცა დღეში ინფიცირებულთა ჯამურმა რიცხვმა 120 000-ს გადააჭარბა.

კლუგე მიიჩნევს, რომ ოპტიმიზმის საფუძველი არსებობს, რადგან სიტუაცია ისეთივე მძიმე არ არის, როგორც აპრილში პანდემიის პირველი ტალღის დროს. თუმცა, მისივე განცხადებით, ეფექტური საწინააღმდეგო ზომების გარეშე ყოველდღიური სიკვდილიანობის მაჩვენებელმა შესაძლოა რამდენიმე თვეში აპრილის პიკს ოთხჯერ ან ხუთჯერ გადააჭარბოს.

ამავდროულად ჯანმოს სამედიცინო კვლევების საბჭოს გენერალურმა დირექტორმა, სომია სვამინათანმა გუშინ, 14 ოქტომბერს, ჯანმოს მორიგი ვიდეოჩართვისას თქვა, რომ “სიკვდილიანობის მაჩვენებელი მატულობს ახალი შემთხვევების მატებიდან რამდენიმე კვირაში. ასე, რომ თუ ვხედავთ ახალი შემთხვევების უზარმაზარ მატებას ისე, როგორც ახლა, სამწუხაროდ, ამას შეიძლება მოჰყვეს სიკვდილიანობის მატებაც რამდენიმე კვირაში“.

სომია სვამინათანმა სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა:

„პანდემიის დასაწყისიდან დღემდე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია და ამას ბევრი მიზეზი აქვს, ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ექიმებმა მსოფლიოს მასშტაბით ისწავლეს, როგორ უმკურნალონ ამ დაავადებას უკეთესად; ადამიანების დიაგნოსტირება ხდება დაავადების ადრეულ ეტაპზე, რადგან თავიდან ჩვენ არ გვქონდა საკმარისი სადიაგნოსტიკო ტესტები და ადამიანები ჰოსპიტალში ხვდებოდნენ მაშინ, როცა უკვე ძალიან ავად იყვნენ, ახლა ტესტირება უფრო ფართოდ ხდება…

შეიძლება სიკვდილიანობის მაჩვენებლის კლება იმანაც გამოიწვია, რომ ახლა გარეთ უფრო მეტად ახალგაზრდა ადამიანები გამოდიან, ხანდაზმულები კი შინ რჩებიან და ცდილობენ თავი დაიცვან ვირუსისგან, მაგრამ ამ დაავადებით ჩვენ მაინც ძალიან ბევრ ადამიანს ვკარგავთ – დაახლოებით 5 000 ადამიანს დღეში და ეს ყველა შემთხვევა შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა, ამიტომ არ უნდა ვიყოთ თვითკმაყოფილები, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელი იკლებს”.

ბათუმში კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში, კოვიდსასტუმროში 41 წლის ქალი გარდაიცვალა. მას კორონავირუსი 10 ოქტომბერს დაუდასტურდა.

სამინისტროს განმარტებით, ინფიცირებული ქალი იმავე დღეს გადაიყვანა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში. მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, დაავადება მიმდინარეობდა უსიმპტომოდ.

„პაციენტი იმყოფებოდა სამედიცინო პერსონალის მხრიდან მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზია თრომბოემბოლია“, – აცხადებს მინისტრი.

რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა ასევე 55 წლის ქალი, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი და ფილტვების ანთება ჰქონდა და ის კლინიკის ნაცვლად, ასევე კოვიდსასტუმროში იყო გადაყვანილი. ქალის მდგომარეობა 24 საათში დამძიმდა, კლინიკაში გადაყვანის შემდეგ კი მალევე გარდაიცვალა.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ არ გადაჰყავთ მაღალი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები კლინიკებში და რატომ ტოვებენ მათ სასტუმროებში, ნინო ნიჟარაძე ამბობს, რომ გარდაცვლილი პაციენტების მდგომარეობა არ იყო შეფასებული როგორც კრიტიკული.

„ბათუმელების“ კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ აღნიშნული გარდაცვლილი პირების კოვიდსასტუმროში გადაყვანა იყო შეცდომა, რადგან მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებები და გადაიხედება თუ არა ამ მიმართულებით პროტოკოლი, ნინო ნიჟარაძე ამბობს: „ამ ეტაპზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდება არ შეგვიძლია“.

15 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბათუმში, გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი იყო გარდაცვლილი კორონავირუსით:

ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

 

 

 

ზღვის პირას 12506 კვ.მ მიწის ნაკვეთს აუქციონზე გაყიდიან

ქობულეთში ზღვის პირას, პირდაპირ პლაჟის გასწვრივ ბათუმის მერია მიწის ნაკვეთს პირობიანი აუქციონის წესით გაყიდის, ნაკვეთი ბათუმის საკუთრებაა. რეესტრის მონაცემებით მომიჯნავედ  კიდევ ორი თავისუფალი ნაკვეთია, მათგან ერთი – ქობულეთის მუნიციპალიტეტის, მეორე კი ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს საკუთრებაშია.

ამ დროისთვის  უცნობია ვინ არის დაინტერესებული ამ ნაკვეთის შესყიდვით და ან იგეგმება თუ არა მომიჯნავედ არსებული ნაკვეთების გასხვისება მომავალში, რადგან მერიაში, ასევე აჭარის მთავრობაში, ასეთ ინფორმაციას არ ასაჯაროვებენ.

განკარგულების პროექტის მიხედვით, რომელიც ბათუმის მერიამ საკრებულოში განსახილველად გადააგზავნა, გასაყიდი ნაკვეთი 12 506 კვადრატული მეტრია, აქ რამდენიმე ძველი შენობაცაა განთავსებული, რომელთა საერთო ფართობი 9 127,07 კვადრატული მეტრია.

პროექტის მიხედვით ნაკვეთს მერია პირობიან აუქციოზე გაიტანს, საწყისი ფასი 5 მილიონ 215 000 ლარი იქნება, კვადარატული მეტრის ფასი – დაახლოებით 416 ლარი.

რაც შეეხება პირობას, ამ შემთხვევაში მერია მყიდველს რაიმე განსაკუთრებულ პირობებს არ დაუწესებს, პირობა მხოლოდ საპრივატიზებო საფასურის 12 თვეში გადახდა იქნება.

საკითხის განხილვას ბათუმის საკრებულო ხვალ, 16 ოქტომბერს რიგგარეშე სხდომაზე გეგმავს.

როგორ შეცვლის ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების მოძრაობას ახალი სქემა

ბათუმის მერიის მიერ საკრებულოში შეტანილი პროექტის მიხედვით, ქალაქში რამდენიმე სამარშრუტო მიკროავტობუსის გადაადგილების მარშრუტი იცვლება. საკრებულოს მიერ საკითხის დამტკიცების შემთხვევაში მიკროავტობუსები ახალი მარშრუტით 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან ივლიან. საკრებულოს სხდომა 16 ოქტომბერსაა ჩანიშნული.

სამარშრუტო ხაზებში ცვლილებები იმ ახალ სქემას უკავშირდება, რომლითაც ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის რამდენიმე ქუჩის ზოგიერთ მონაკვეთში იცვლება. ახალი სქემის ამოქმედება 15 ოქტომბრიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ამ ვადამ გადაიწია [როგორც ჩანს, 1-ელ დეკემბრამდე].

ახალი სქემით ცალმხრივი გახდება გორგილაძის, ჭავჭავაძის, გრიბოედოვისა და პუშკინის ქუჩების გარკვეული მონაკვეთები, ხოლო მოძრაობის მიმართულება საპირისპიროდ შეიცვლება გორგასლის ქუჩის ნაწილზე.

ეპიდემიის გამო ბათუმში ამ დროისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ მოძრაობს. ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა 19 ოქტომბრიდან იგეგმება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა:

მერიის პროექტის მიხედვით, მოძრაობის მარშრუტის ცვლილება არაერთ სამარშრუტო ხაზს შეეხება. მაგალითად:

N20 სამარშრუტო მიკროავტობუსი, რომელიც თამარ მეფის გამზირიდან ე.წ. „ხოფის“ ბაზრობისკენ ჭავჭავაძის ქუჩით მოძრაობს, ის „ხოფადან“ უკან მიმართულებით – ჭავჭავაძის ქუჩის ნაცვლად გაივლის გორგასლის ქუჩას;

N23 სამარშრუტო მიკროავტობუსი კი, რომელიც ავტოსადგურ „მეტროდან” მოძრაობს „ხოფისკენ“, ის ბაზრობიდან გამოსული აბუსერიძის ქუჩიდან ჭავჭავაძის ქუჩაზე ვეღარ გავა, არამედ, ჩაუხვევს გრიბოედოვის ქუჩაზე, შემდეგ გააგრძელებს სვლას პუშკინის ქუჩაზე და 26 მაისის ქუჩით გადავა ისევ ჭავჭავაძის ქუჩაზე და ა.შ.

როგორ იმოძრავებენ სამარშრუტო მიკროავტობუსები ახალი სქემის ამოქმედების შემდეგ ბათუმში – დეტალურად იხილეთ ცხრილი:

 

მოთხრობა „იგის” მიხედვით შექმნილი ანიმაცია აღმოსავლეთ ევროპის ფორუმის გამარჯვებულია

ქართული ანიმაციური ფილმის პროექტი – „იგი“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმის გამარჯვებული გახდა სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმებს შორის. ფილმი ჯემალ ქარჩხაძის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ანიმაციის ფორუმი დისტანციურად, ონლაინრეჟიმში ჩატარდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟიურიმ გამარჯვებული ფილმები ოთხ კატეგორიაში გამოავლინა, რისთვისაც 28 ანიმაციურ პროექტს შორის აარჩიეს საუკეთესოები.

ქართული ანიმაცია „იგი“ რეჟისორმა ნათია ნიკოლაშვილმა გადაიღო, პროდიუსერი კომპანია „20 Steps Productions“-ი და ვლადიმერ კაჭარავაა.

ამბავი პრეისტორიულ ეპოქაში ხდება. მთავარი პერსონაჟი ჩვეულებრივად ცხოვრობს წელში მოხრილ ტომელებთან ერთად. მისი ცხოვრება უცნაური და მშფოთვარე მას შემდეგ ხდება, რაც „იგი“ ფიქრს და აზროვნებას იწყებს, ბოლოს კი ტომის სხვა წევრებისგან განსხვავებით ნელ-ნელა წელშიც იმართება.

ანიმაცია „იგი“ 2021 წელს ნაჩვენები იქნება საფრანგეთში, გაცილებით დიდი მასშტაბისა და მნიშვნელობის  ანიმაციურ ფორუმზე.

კადრი ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობის მიხედვით გადაღებული ანიმაციური ფილმიდან „იგი”.

მათი შრომა ხშირად უხილავია – სოფლად მცხოვრები ქალების დღე

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების დღეა. სხვადასხვა კვლევის თანახმად,  საქართველოში, ისე როგორც მთელ მსოფლიოში, სოფლად მცხოვრები ქალები ერთდროულად  რამდენიმე უმნიშვნელოვანეს როლს ითავსებენ, ეწევიან სასოფლო-სამეურნეო, საოჯახო, ზრუნვასთან დაკავშირებულ და სათემო საქმიანობებს. მიუხედავად ამისა, ხშირად ქალების შრომა აუნაზღაურებელი და უხილავია.

გაეროს  ქალთა ორგანიზაციის რამდენიმე კვლევის  მიხედვით სოფლად მცხოვრებ ქალებს თითქმის ერთპიროვნულად აწევთ ისეთი ვალდებულებები, როგორიცაა: ბავშვზე ზრუნვა, ოჯახისთვის საკვების მომზადება, სახლის დალაგება და სხვა.

საქართველოში გამოკითხული ქალების 94% ამბობს, რომ, ოჯახში ჩვეულებრივ ან ყოველთვის, სწორედ ის რეცხავს. ამასვე ადასტურებს
კაცების 89%, რომლებიც ამბობენ, რომ სარეცხს, ჩვეულებრივ ან ყოველთვის, მათი პარტნიორები რეცხავენ. ქალები საოჯახო და ზრუნვით საქმიანობაზე კვირაში საშუალოდ 45 საათს ხარჯავენ, ხოლო კაცები – 15 საათს.

ამგვარი საქმიანობა როგორც წესი აუნაზღაურებელი და უხილავია. ამ საქმიანობაშია ჩართული სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა.

ამავდროულად, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო საქმეებთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები, გენდერული ნიშნით, საკმაოდ მკაცრად სეგრეგირებულია, რაც გულისხმობს, რომ ქალები ასრულებენ საქმეებს, რომლებიც ტრადიციულად მათ ძირითად მოვალეობად მიიჩნევა.

ასე მაგალითად: სოფლად მცხოვრებ ქალებს, ხშირად უწევთ ხელით ისეთი სამუშაოების შესრულება, როგორიცაა: მოსავლის აღება,  გადარჩევა და დახარისხება, მიწათმოქმედების პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კონსერვი, სუნელები, ფქვილი), ფრინველების მოვლა, ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, რძისა და რძის პროდუქტების წარმოება, კვერცხის წარმოება, მეცხოველეობით მიღებული პროდუქციის გადამუშავება (მაგ. კუპატი,კონსერვი, სანთელი და ა.შ.).

სტატისტიკის თანახმად, მარცვლეული კულტურების მიღება-გადამუშავებაში ქალები წელიწადში 84.3 დღეს არიან ჩართულნი, ხოლო კაცები – 98.1 დღეს. მეცხოველეობაში ქალები 259.9 დღე საქმიანობენ, კაცები – 165.8 დღე. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ქალები უმეტესად საარსებო სოფლის მეურნეობაში არიან ჩართულნი, რაც გულისხმობს მოსავლის მოყვანას შინამეურნეობის გადარჩენისათვის და ბაზარზე პროდუქციის გატანას – ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

მიუხედავად იმისა, რომ ქალები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებენ შინამეურნეობებში, გამოკითხულთა უმრავლესობა, 71.1%, ოჯახის უფროსად კაცს მიიჩნევს. ამასთან საყურადღებოა ისიც, რომ ქალები იშვიათად ითხოვენ სამემკვიდრეო უფლებას, რადგან ტრადიციისამებ მიიჩნევა, რომ ის ოჯახის კაც წევრს ეკუთვნის.

ჯუმბერ ვარდმანიძემ კაბინეტი დატოვა და წავიდა – პროტესტი ხელვაჩაურის მერიასთან

ხელვაჩაურის მერიაში დღეს, 15 ოქტომბრის დილიდან, აქციას მართავენ სოფელ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები.

ხელვაჩაურის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე ერთი საათის განმავლობაში იჯდა კაბინეტში, მასთან ერთად იმყოფებოდნენ ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრები. ისინი მოითხოვდნენ ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და მისი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას.

აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჯუმბერ ვარდმანიძემ პასუხი უნდა აგოს ჯოჭოს ტრაგედიაზე, რადგან არ გაითვალისწინა მოსახლეობის მიმართვა. აქციის მონაწილეები ასევე აყენებენ გეოლოგების პასუხისმგებლობის საკითხს, რომლებმაც არ მიიჩნიეს ეს ადგილი საცხოვრებლად საშიშად.

„ან დაწერთ განცხადებას და გადადგებით, ან აგიჭედავთ კაბინეტს და აქედან გაგიყვანთ,“ –  მიმართავდნენ მერს აქციის მონაწილეები.

დაახლოებით ერთი საათის შემდეგ ვარდმანიძემ კაბინეტი დატოვა და შეეცადა ავტომანქანით დაეტოვებინა მერიის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა მას ამის საშუალებას დაღუპული ოჯახის ახლობლები არ აძლევდნენ.

ხელვაჩაურის მერმა საბოლოოდ შეძლო ავტომანქანით ტერიტორიის დატოვება.

აქციის მონაწილეები არ აძლევენ ხელვაჩაურის მერს მანქანაში ჩაჯდომის და  წასვლის საშუალებას

ამავე თემაზე:

ჯოჭოში მეწყრით დაღუპული ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვენ [LIVE]

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება – გახარია

19 ოქტომბრიდან აჭარაში საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგება, მათ შორის საქალაქთაშორისოც. ამის შესახებ დღეს, 15 ოქტომბერს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი თქმით, შეზღუდვების მოხსნა ეპიდსიტუაციის სტაბილურობას უკავშირდება.

სამაგიეროდ, როგორც გახარია ამბობს, ხვალიდან თბილისსა და ქუთაისში 22:00 საათის შემდეგ შეიზღუდება რესტორნების და ყველა გასართობი ცენტრების მუშაობ,.  „ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ვირუსის გავრცელების სისწრაფე შევანელოთ,“- ამბობს ის.

სატრანსპორტო შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, აჭარაში ძალაში რჩება შეზღუდვები საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სადაც სწავლა დისტანციურად მიმდინარეობს. შეზღუდვა არ ვრცელდება თბილისზე და გახარიას თქმით, ეპიდსიტუაციის გაუარესების მიუხედავად, თბილისში აუდიტორიებში მაინც განახლდება სწავლა 19 ოქტომბერს. თუმცა, სასწავლებლებს შეუძლიათ სასწავლო პროცესი დისტანციურადაც წარმართონ.

ამავე დროს, პრემიერი ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა მოხდეს სამუშაო ადგილების შენარჩუნება. „წესების დაცვა, პირდაბის ტარება და დისტანციის დაცვა მოგვცემს საშუალებას, სწრაფად აღვადგინოთ ეკონომიკა“.

გახარიამ ბრიფინგზე ევროპის მიმართულებით ავიარეისების რაოდენობის გაზრდაზეც ისაუბრა.

დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა გამოვლინდა ქვეყანაში.

ჯოჭოში მეწყრით დაღუპული ოჯახის წევრები ხელვაჩაურის მერის გადადგომას ითხოვენ [LIVE]

ხელვაჩაურის მერიასთან ჯოჭოში მეწყრის შედეგად დაღუპული ოჯახის წევრები და სოფლის მცხოვრებლები მივიდნენ. ისინი ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის გადადგომას და პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ხელვაჩაურის მერიის შენობაში, მერის კაბინეტში შევიდნენ. დასხდნენ და ამბობენ, რომ არ აპირებენ კაბინეტის დატოვებას, სანამ მერი გადადგომის შესახებ განცხადებას არ დაწერს.

„მოვითხოვთ მერის გადადგომას და დასჯას“, – აცხადებენ გარდაცვლილთა ოჯახის წევრები, რომლებიც მერის კაბინეტში იმყოფებიან. ისინი ამბობენ, რომ არ დატოვებენ მერიას, სანამ მათი მოთხოვნა არ იქნება დაკმაყოფილებული.

„ვერ გაგვაჩერებთ ჭირისუფალს, სხვა ოჯახებიც არიან საფრთხის ზონაში, მათ განცხადებებს ვერ გააქრობთ,“ – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

აქცია ხელვაჩაურის მერის კაბინეტში

კაბინეტში იმყოფება ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ სხვა ჟურნალისტებთან უკვე გააკეთა კომენტარი და ჩვენს გამოცემასთან არ ისაუბრებს.

პირველ ოქტომბერს განვითარებულმა მეწყერმა სოფელ ქვედა ჯოჭოში სახლი მოიყოლა და ოჯახის სამი წევრი დაიღუპა. ამავე სტიქიას ემსხვერპლა სახლთან ახლოს მყოფი ავტომობილის ორი მგზავრი.

 

ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი შემოვიდა

დღეს, 15  ოქტომბერს, ბათუმის პორტში ბრიტანული სამხედრო გემი HMS DRAGON-ი შემოვიდა. გემი პორტში სამ დღეს დარჩება.

“HMS DRAGON-ი ყველაზე თანამედროვე საჰაერო თავდაცვის გამანადგურებელია მსოფლიოში. საჰაერო სივრცეში ნებისმიერი მიმართულებით მას ბადალი არ ჰყავს,” – ნათქვამია საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე.

საქართველოში შემოსვლამდე სამხედრო გემი უკრაინაში იმყოფებოდა.

HMS DRAGON – ბრიტანული სამხედრო გემი ბათუმში / 15.10.2020

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა

15 ოქტომბერი ხელების დაბანის საერთაშორისო დღეა. როგორც „იუნისეფი“ აღნიშნავს, COVID19-ის პანდემიამ კარგად აჩვენა, როგორი მნიშვნელოვანი როლი აქვს ხელის ჰიგიენას დაავადებათა გადაცემის შემცირებაში.

„ხელების დაბანა ერთ-ერთი მთავარი პრევენციული ღონისძიებაა პირბადის გამოყენებასა და ფიზიკური დისტანციის დაცვასთან ერთად“, – ამბობს იუნისეფი.

რესპირატორული ვირუსები, მათ შორის, კორონავირუსი ვრცელდება მაშინ, როდესაც ვირუსით დაინფიცირებული ლორწო ან წვეთოვანი ნაწილაკები ხვდება ადამიანის ორგანიზმში თვალების, ცხვირის ან ყელის გზით. ყველაზე ხშირად ვირუსი დაბინძურებული ხელების მეშვეობით გადადის ადამიანიდან ადამიანზე.

პანდემიის პერიოდში არაერთი ვიდეორგოლი გავრცელდა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დავიბანოთ ხელები სწორად, რომ ავიცილოთ ვირუსით დაბინძურების რისკი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია მოსახლეობას მარტივ ინსტრუქციებსაც სთავაზობდა ანტიბაქტერიული ხსნარის სწორად გამოყენებაზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ასევე საუბრობს იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე  ხელების დაბანა.

„ადრეულ ასაკში მძიმე დიარეა და ნაწლავური პარაზიტები აფერხებენ ბავშვის განვითარებას. თუმცა ხელების დაბანით საკვების მიღების წინ და ტუალეტით სარგებლობის შემდეგ მცირდება მიკრობებით ინფიცირების რისკი და შესაბამისად კლებულობს რიგი დაავადებებისა და ქრონიკული ანთებების განვითარების შანსიც. შედეგად, ორგანიზმი საკვებს სრულფასოვნად ითვისებს, მეტი ენერგია გამოიყოფა ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის და ავადმყოფობის გამო იშვიათია სკოლის გაცდენის შემთხევევებიც“, – ნათქვამია დაავადების კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) 2007-2009 წლების კვლევაში.

კვლევების მიხედვით მსოფლიოში ყოველწლიურად 5 წლამდე ასაკის 3.5 მილიონზე მეტი ბავშვი იღუპება დიარეისა და ქვემო სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების გამო.

სხვადასხვა კვლევის მიხედვით, 2025 წლისთვის მსოფლიოს მოსახლეობის 2/3-ს სასმელი წყლის დეფიციტი შეექმნება, რაც ასევე ზრდის დაავადებების გავრცელების რისკს.

ბათუმში ორი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში გასული 24 საათის განმავლობაში 2 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

გარდაცვლილია 87 წლის ქალი და 65 წლის კაცი.

87 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა შეიყვანა 8 ოქტომბერს. მისი დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია“. ქალი 14 ოქტომბერს გარდაიცვალა.

65 წლის კაცი გარდაიცვალა კლინიკა “მედცენტრში”. მისი დიაგნოზი: „კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიაბატი – ტიპი 2, ქრ. ლიმოციტური ლეიკემია“.

ბოლო 24 საათში საქართველოში 4 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით.

აჭარაში კოვიდის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 286 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 2 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინიკებში მკურნალობს 548 პაციენტი, რეანიმაციაშია 53 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 765 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-ზე მეტი ინფიცირებული.

დადასტურდა კოვიდის 919 ახალი შემთხვევა – 15 ოქტომბრის მონაცემები

15 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 4 პაციენტი.

დღემდე სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 14440 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7367. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 113 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი – 1042

პჯრ აპარატი დაზიანების პირასაა, 24 საათში 200-მდე ანალიზს აკეთებენ – ბათუმის ინფექციური 

ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით, მათი ლაბორატორიის აპარატი გათვლილია 50 ანალიზის გაკეთებაზე, თუმცა 24 საათის განმავლობაში ამუშავებენ და ამ დროში 200-მდე ანალიზს აკეთებენ. აქედან გამომდინარე „პჯრ ბოქსი დაზიანების პირასაა, სხვა ალტერნატივა კი ბათუმის ინფექციურს არ გააჩნია.“

ინფექციურში მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარებიდან გამომდინარე სასწრაფოდაა შესაძენი შესაბამისი აპარატურა, რასაც 270 ათას 300 ლარი დასჭირდება. აპარატურის გამარტივებული წესით შესაძენად თანხმობისთვის ბათუმის ინფექციურმა შესყიდვების სააგენტოს 14 ოქტომბერს მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ აჭარის რეგიონი გამოცხადდა წითელ ზონად, რაც გამოწვეული იყო ეპიდსიტუაციის გართულებით. შესაბამისად, გაიზარდა პაციენტთა მომართვიანობა PCR ტესტირების ჩატარებაზე, რაც ბუნებრივია წინასწარ გათვლილი ვერ იქნებოდა.
გაზრდილმა მომართვიანობამ დატვირთა აპარატის მუშაობა და მაშინ, როდესაც ჩვენი აპარატი გათვლილი იყო 50 ანალიზის გაკეთებაზე, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დღეის მდგომარეობით ახდენს 150-200 ანალიზის გაკეთებას, რაც გვაყენებს იმის საშიშროების წინაშე, რომ აპარატი ვერ შეძლებს ამ რაოდენობის ანალიზის გაკეთებას, რაც თავისთავად გაართულებს მდგომარეობას. სწორედ ეს არის საფუძველი გადაუდებელი აუცილებლობის მოთხოვნისა“, – აღნიშნულია სალიხ აბაშიძის ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის [ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს] განცხადებაში.

შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტაციით ირკვევა, რომ „დღითი დღე იზრდება ლაბორატორიაში PCR ტესტის ბიოლოგიური ნიმუშების შემოდინება, რაც ბუნებრივია შეუძლებელს ხდის დროულად ანალიზის პასუხების მომზადებას… ჩვენი პჯრ ლაბორატორიის ტექნიკური შესაძლებლობები არ არის გათვლილი ასეთ გაზრდილ დატვირთვაზე [დღეში 100-150 ნიმუში]. არის საშიშროება, რომ შესასრულებელმა სამუშაოებმა, რაც ფაქტობრივად განუწყვეტლივ მიმდინარეობს, დააზიანოს ცენტრის პჯრ ბოქსი… შესაბამისად, არის საშიშროება, რომ ამ ბოქსის [რომელიც 20 წელია მუშაობს] გარეშე ლაბორატორია დარჩეს უფუნქციოდ“.

აღნიშნული ლაბორატორია ემსახურება არა მარტო თავად ინფექციურ საავადმყოფოს, არამედ ბათუმისა და ქობულეთის ცხელების ცენტრებსა და კოვიდსივრცეებს.

„საფრთხე ექმნება ინფექციურის გამართულ ფუნქციონირებას, ამასთან, აღნიშნული ლაბორატორიული აპარატურის არქონა გამოიწვევს არამარტო შემსყიდველი ორგანიზაციის ფუნქციონირების, არამედ მთლიანი რეგიონის პარალიზებას“, – აღნიშნულია ბათუმის ინფექციური საავადმყოფოს განაცხადში.

ინფექციური საავადმყოფოს ინფორმაციით: „2020 წლის 25 სექტემბერს ლაბორატორიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოგვმართა მოხსენებითი ბარათით, აპარატურის გადაუდებელი წესით შესყიდვის თაობაზე. ყოველივე ამის შემდეგ ჩატარდა ბაზრის კვლევა, კვლევაში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ერთმა კომპანიამ. მივმართეთ ზემდგომ ორგანოს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს, მივიღეთ თანხმობა შესყიდვის განხორციელების თაობაზე და ამის შემდეგ მოვითხოვეთ გადაუდებელი აუცილებლობით შესყიდვის ნებართვა“.

ინფექციური აპირებს შეისყიდოს ავტომატური ექსტრაქტორი, ბიოუსაფრთხოების ბოქსის მანქანა, ულტრასწრაფი ცენტრი ფუგის მანქანა, ვორტექსის აპარატი, თერმობლოკის და პჯრ RT მანქანა, რის შემდეგაც მაქსიმუმ 45 დღეში პრობლემა მოგვარდება.

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207.

 

უმაღლესი საბჭოს ავტომანქანა სოფელ ჭარნალში, სადაც დღეს „ნაცმოძრაობა“ ამომრჩეველს

სამსახურებრივი ავტომანქანით „ნაცმოძრაობის“ პარტიულ შეკრებაზე შესაძლო მისვლის ამსახველი ფოტოები ხელვაჩაურში ამჯერად „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გადაიღო – მანუჩარ რიჟვაძის მტკიცებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები დღეს, 14 ოქტომბერს, წინასაარჩევნო შეხვედრაზე სოფელ ჭარნალში უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით მივიდნენ. „ნაცმოძრაობაში“ ამას უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ დეპუტატის – ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა სოფელ ჭარნალში ხელოსანს მიაკითხა.

მანუჩარ რიჟვაძე „ქართული ოცნების“ ის აქტივისტია, ვის შესახებაც „ბათუმელები“ 8 ოქტომბერს წერდა. ამ დღეს მანუჩარ რიჟვაძე ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს დეპუტატობის კანდიდატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“, მიშა ბოლქვაძემ ხელვაჩაურის მერის მოადგილის ავტომანქანის საჭესთან დააფიქსირა. ხელვაჩაურის მერის მოადგილემ მაშინ „ბათუმელებს“ უთხრა, რომ მანუჩარ რიჟვაძე რიგითი მოქალაქეა და იგი, როცა შუა თითს აჩვენებს ფოტოს გადამღებს, მერის მოადგილის „ავტომანქანის საჭესთან საწვავის ავზის გასახსნელად დაჯდა“.

ამ შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე კი, 25 სექტემბერს, ხელვაჩაურში ამომრჩეველთან „ქართული ოცნების“ შეხვედრაზე სამსახურებრივი ავტომანქანით ხელვაჩაურის მერი – ჯუმბერ ვარდმანიძე მივიდა. ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენებაზე დასმულმა კითხვამ ჯუმბერ ვარდმანიძე გააღიზიანა და მან „ბათუმელების“ ჟურნალისტს პასუხის გაცემის ნაცვლად, აგინა.

სამსახურებრივი ავტომანქანით პარტიულ შეხვედრებზე გადაადგილება კანონდარღვევაა და 2 ათასი ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს. ჯუმბერ ვარდმანიძე ამ დრომდე არ დაუჯარიმებიათ.

„…მე განმიკითხავს და ამ დროს ჭარნალის ცენტრში არის უმაღლესი საბჭოს მანქანა, რომლითაც ის ბატონი გადაადგილდება, ვინც ერთი კვირის წინ ფოტოები გამივრცელა. ბრავო! ბატონო მიშა, ბრავო! თქვენი საქციელი დანაშაული არ არის?“ – კითხულობს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აქტივისტი, მინდია რიჟვაძე. მინდია რიჟვაძე განმარტავს, რომ უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით ჭარნალში არა ელგუჯა ბაგრატიონი, ან მიშა ბოლქვაძე, არამედ „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები ავიდნენ.

„ბათუმელებთან“ მიშა ბოლქვაძემ უარყო უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით პარტიულ შეკრებაზე მისვლა. მიშა ბოლქვაძის თქმით, ის დღეს ნამდვილად შეხვდა სოფელ ჭარნალში ამომრჩეველს, თუმცა ის საკუთარი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

ფოტოზე დაფიქსირებული ავტომანქანა უმაღლესი საბჭოს წევრის – ელგუჯა ბაგრატიონის სამსახურებრივი ავტომანქანაა. ელგუჯა ბაგრატიონი უმაღლეს საბჭოში „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენს. ავტომანქანა რომ ჭარნალის ადმინისტრაციულ ცენტრშია გაჩერებული, ეს სოფლის რწმუნებულმა, ნუგზარ აბაშიძემ დაგვიდასტურა. მას ფეისბუქში მანუჩარ რიჟვაძის მიერ გადაღებული ფოტო ვაჩვენეთ და გვითხრა, რომ „სახლი ჭარნალის ცენტრში მცხოვრებ მამუკა ქავთარაძეს ეკუთვნის.“

ელგუჯა ბაგრატიონი ამბობს, რომ დღეს, 14 ოქტომბერს, ის ამომრჩეველთან შეხვედრებს ქობულეთში მართავდა და პირადი ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

„სამსახურებრივი ავტომანქანა მძღოლმა წაიყვანა მოხელესთან, გამორიცხულია, ჭარნალში და პარტიულ შეკრებაზე რა უნდოდა… “ – გვითხრა ელგუჯა ბაგრატიონმა. მოგვიანებით ელგუჯა ბაგრატიონმა დაგვიდასტურა, რომ მძღოლი ნამდვილად იყო დღეს სოფელ ჭარნალში, თუმცა მან ვერ დაგვიზუსტა, რის გამო ავიდა ჭარნალში მძღოლი უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით – ავტომანქანის შესაკეთებლად თუ ხელოსნის წამოსაყვანად. დეპუტატმა ისევ გამორიცხა უმაღლესი საბჭოს ავტომანქანით პარტიული აქტივის ტრანსპორტირება.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლსაც – თემურ დავითაძემ გვითხრა, რომ სოფელ ჭარნალში ხელოსანს ააკითხა და აეროპორტთან ახლოს მდებარე საწარმოში ჩამოიყვანა.

„…მატორისტია დათო წითელაძე, ავაკითხე, რადგან დასვენების დღე იყო და ჩამოვიყვანე აეროპორტთან ახლოს საწარმოში, მანქანა ჭარნალში იქვე, ასასვლელთან გავაჩერე და მას ველოდებოდი, ფოტო როდის გადამიღეს, არ ვიცი, მე ავტომანქანაში მარტო ვიყავი,“ – გვიპასუხა ელგუჯა ბაგრატიონის მძღოლმა, თემურ დავითაძემ. მას ვთხოვეთ დათო წითელაძესთან დაკავშირებაში დაგვხმარებოდა, თუმცა გვითხრა, რომ მისი საკონტაქტო აღარ აქვს.

ბათუმში ჰაერი მყარი ნაწილაკებითაა დაბინძურებული

ბათუმში ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობა მეორე დღეა დამაკმაყოფილებელ ნორმას აჭარბებს.

ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებით, 14 ოქტომბრის დღის 3 საათისთვის ბათუმში, ჰაერში მყარი ნაწილაკების [PM10] მაჩვენებელმა 63,41 შეადგინა, რაც ცუდი მაჩვენებელია. ცუდია, ასევე მყარი ნაწილაკების [PM2,5] შემცველობაც – 27,26.

PM – ეს არის ჰაერში არსებული მცირე ნაწილაკები, მტვერი ან სხვა მყარი ნაწილაკები, უმცირესი ზომის წვეთების ჩათვლით. მყარი ნაწილაკები ზომის მიხედვით ძირითადად ორ ჯგუფად იყოფა PM10 და PM2.5.

PM2.5 – ჰაერში ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 20-მდე არის კარგი, 20-ს ზემოთ კი – საშუალო და ცუდი.

PM10 – ამ ნაწილაკების შემცველობის მაჩვენებელი 0-დან 35-მდე არის ძალიან კარგი და კარგი, 35-დან-50-მდე არის „საშუალო“, ხოლო 50-ს ზემოთ – ცუდი.

ამ ნაწილაკების ჰაერში გაფრქვევის ძირითადი წყაროა: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი და სხვ.

PM2.5 და PM10 ნაწილაკების გავლენა ჯანმრთელობაზე: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

მონიტორინგის ავტომატური სადგურის მონაცემებით, ჰაერის მტვრის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების მაჩვენებელი – „ცუდი“ ბოლოს ბათუმში ივლისში დაფიქსირდა.

გაზაფხულზე კი, პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფონზე ჰაერის ხარისხი მნიშვნელოვნად იყო გაუმჯობესებული.

ამ თემაზე:

როგორი იყო ჰაერის ხარისხი უმანქანო ბათუმში და როგორია ახლა

 

მთავარი ფოტო არქივიდან: კარანტინი ბათუმში / 2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 

116 თანამშრომელს სამკერვალო ფაბრიკაში კოვიდი დაუდასტურდა – ფოთის მერია

ბოლო მონაცემებით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში – ,,აჭარა” 116 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაცია ამის შესახებ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიამ დაგვიდასტურა. სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა” კომპანია „აჭარა ტექსტილეს” ეკუთვნის. კომპანიის დირექტორის, დათო ჯაიანის თქმით, მან არ იცის ზუსტად რამდენ ადამიანს დაუდასტურდა კორონავირუსი სამკერვალო ფაბრიკაში, თუმცა გვითხრა, რომ ეს ციფრი 50-ს არ უნდა სცდებოდეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაცემები ჯერ ისევ დგინდება რეგიონის მასშტაბით და ზუსტ ინფორმაციას ვერ გასცემენ, რამდენი ადამიანია ინფიცირებული უშუალოდ ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში.

დირექტორის ინფორმაციით, ფოთის სამკერვალო ფაბრიკაში 1200 ადამიანია დასაქმებული. ფაბრიკა დღეს დაიკეტა, კორონავირუსზე ტესტირების შემდეგ დღეს, როცა იქ დასაქმებულებს კოვიდ 19 დაუდასტურდათ.

საქართველოში დღევანდელი მონაცემებით კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 7159,  გარდაიცვალა 109 ინფიცირებული. 

ხულოში, კურორტ გოდერძიზე, მიწის 10 ნაკვეთს პირობიან აუქციონზე ყიდიან

ხულოში, რიყეთის თემში, კურორტ გოდერძიზე მდებარე მიწის 10 ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ყიდის.

ჯამში 5 567  კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთების საწყისი გასაყიდი ფასი 1 მილიონ 72 ათასი ლარია. გამოცხადებულია 8 აუქციონი. მომავალ მესაკუთრეებს შეძენილ მიწის ნაკვეთებზე კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების აშენება და ამოქმედება ევალებათ.

შვიდ აუქციონში, ამდენივე ნაკვეთის შეძენის შემთხვევაში, პირობები იდენტურია:

[checklist]

  • „საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრამდე;
  • ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება;
  • აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 300 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“.

[/checklist]

ამ პირობებით იყიდება 7 ნაკვეთი: 495 კვ/მ – საწყისი ფასი – 96 000 ლარი; 637 კვ/მ – 123 000 ლარი; 421 კვ/მ – 81 000 ლარი; 631 კვ/მ – 122 000 ლარი; 604 კვ/მ – 116 000 ლარი; 559 კვ/მ – 108 000 ლარი და 393 კვ/მ მიწის ნაკვეთი – საწყისი გასაყიდი ფასი 76 000 ლარი.

ცალკე, ერთ ლოტად იყიდება 3 ნაკვეთი [631, 605 და 591 კვ/მ ფართობის], რომელთა საწყისი გასაყიდი ფასია 350 000 ლარი. აღნიშნული აუქციონის პირობის მიხედვით, გამარჯვებული ვალდებული იქნება:

[checklist]

  • საბოლოო საპრივატიზებო საფასურის (“ბე“-ს გამოკლებით) გადახდა აუქციონის დასრულებიდან არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრამდე.
  • შესაბამისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუგვიანეს 2 თვის ვადაში უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტიის წარმოდგენა არანაკლებ 10 000 ლარის ოდენობით, რომლის ვადაც არანაკლებ 2 თვით უნდა აღემატებოდეს საინვესტიციო ვალდებულების შესრულების ვადას;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის (ყოველი ნაკვეთისათვის ცალ-ცალკე) ვიზუალური ესკიზის (4 მხრიდან ხედი მოცულობაში, საპროექტო ობიექტ(ებ)ის გაბარიტების, ფასადის მოსაპირკეთებელი მასალების ჩვენებით) სამინისტროში შესათანხმებლად წარმოდგენა;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავება და მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 30 ნოემბრისა საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე განსათავსებელი კოტეჯების ტიპის შენობა-ნაგებობების მზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2023 წლის 30 ნოემბრისა კოტეჯის ტიპის შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში გაშვება/ამოქმედება;
  • აღნიშნულ პროექტში არანაკლებ 1 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება.

[/checklist]

რვავე აუქციონი 2020 წლის 13 ოქტომბერს დაიწყო და 2 ნოემბერს დასრულდება.

აუქციონზე გამოტანილი 10 ნაკვეთის მდებარეობა კურორტ გოდერძიზე

 

მთავარი ფოტო: გოდერძი / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

 

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით“ – რესან კონცელიძე ხელვაჩაურის მერის სკანდალზე

„როცა ჩავთვლი საჭიროდ, გეტყვით… შეგკრიბავთ ყველას და გამოვხატავ ჩემს აზრს,“ – უთხრა TV25 – ის ჟურნალისტს რესან კონცელიძემ ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ შეკითხვას. რესან კონცელიძე „ქართული ოცნების“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია პარლამენტში. მან უარი უთხრა ჟურნალისტს, ეპასუხა ჯუმბერ ვარდმანიძის სკანდალზე.

რესან კონცელიძეს TV25-ის ჟურნალისტმა ასევე ჰკითხა ხელვაჩაურის მერის მიერ ბათუმში უკანონო მშენებლობაზეც – ხელვაჩაურის მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ფეშენებელური სახლი ზღვის პირას უკანონოდ ისე ააშენა, რომ ამ დრომდე არავის დაუჯარიმებია.

Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“   სადაც, გამოყენებულია აუდიოჩანაწერი . ჩანაწერში ისმის, თუ როგორ აგინებს ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტს.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

გუშინ, 13 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა სოლიდარობის აქცია, სადაც მოქალაქეებმა ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

ამ დრომდე აღნიშნულ თემას „ქართული ოცნებიდან“ მხოლოდ თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. „ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში“, – თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

200-ლარიანი კომპენსაცია არ შეუწყდება საარჩევნო კომისიის წევრს

საუბნო საარჩევნო ან საოლქო კომისიის წევრს, რომელიც 200-ლარიან კომპენსაციას იღებს, კომპენსაცია არ შეუწყდება იმ შემთხვევაშიც, როცა ის აიღებს ხელფასს, როგორც კომისიის წევრი.

ანუ 200 ლარს – კომპენსაციას და ხელფასს ერთდროულად მიიღებენ როგორც საარჩევნო პერიოდში დაქირავებული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები, ასევე, ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა [პარტიების] წარმომადგენლები [თუ, რა თქმა უნდა, ისინი საარჩევნო კომისიებში დასაქმებამდე იღებდნენ ამ კომპენსაციას].

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 13 ოქტომბრის დადგენილებით:

„კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირის შემთხვევაში, კომპენსაციის გაცემა არ შეწყდება, თუ:

[checklist]

  • ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის დაქირავებულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრზე, დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;
  • ამ პირზე, როგორც საარჩევნო პერიოდში ამავე პერიოდისთვის საოლქო ან/და საუბნო საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტთა წარმომადგენელზე დაფიქსირდა ხელფასის გაცემა;

[/checklist]

ასეთ პირებზე ხელფასის გაცემის შესახებ და სხვა ინფორმაციას შემოსავლების სამსახურს მიაწვდის ცენტრალური საარჩევნო კომისია, ასევე შესაბამისი პარტია [წარმომადგენლის შემთხვევაში] – შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ პორტალზე განაცხადის შევსების გზით.

მთავრობის დადგენილებით: „ცენტრალური საარჩევნო კომისია და შესაბამისი პოლიტიკური გაერთიანება (პარტია)/საარჩევნო სუბიექტი უფლებამოსილნი არიან, 2020 წლის 25 დეკემბრამდე დააზუსტონ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი ინფორმაცია – თუ ამ ინფორმაციაში მონაცემები არასწორად/შეცდომით არის მითითებული და აღნიშნული იწვევს კომპენსაციის მიღების უფლების მქონე პირისთვის კომპენსაციის გაცემის შეწყვეტას.“

„ოცნება“ – 3, „ნაციონალური მოძრაობა“ – 1, „ევროპული საქართველო“ – 1, „პატრიოტთა ალიანსი“ – 1, საოლქო-საარჩევნო კომისიის მიერ შერჩეული – 6, ანუ ერთ უბანზე სულ 12 პირი დათვლის ჩვენს ხმებს 2020 წლის 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დღეს, კენჭისყრის დასრულების შემდეგ.

ბათუმის საარჩევნო ოლქის წარმომადგენლებად კომისიებში წელსაც ის პირები იმუშავებენ, რომლებიც ამ არჩევნებამდე სახელისუფლებო პარტიასთან თანამშრომლობდნენ სხვადასხვა ფორმით – აქამდე ჩატარებულ არჩევნებზე კომისიებში „ოცნების“ ინტერესებს იცავდნენ. მათ შორის, არიან ისეთებიც, რომლებიც ღიად აფიქსირებენ საკუთარ სიმპათიას მმართველი პარტიის მიმართ.

ამ თემაზე ვრცლად:

ჩვენს ხმებს „ოცნებასთან“ დაახლოებული პირები დაითვლიან

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

რატომ ვისვრით ქვებს არჩევნების დროს და ვის აზარალებს ეს 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად იმატა შემთხვევებმა, როცა სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიების მომხრეები ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან, იყო ოპოზიციური პარტიების ოფისების დარბევის და ქვების სროლის ფაქტებიც. ხელისუფლება ამ ყველაფერს ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პროვოკაციად აფასებს. გასულ კვირას ამ რიტორიკას საქართველოს პრემიერი გიორგი გახარიაც შეუერთდა და „ოცნების“ მხარდამჭერებს მოუწოდა „არ აჰყვენ“ პროვოკაციას.

ამ პროცესში რა როლი და პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას და რა – ოპოზიციას? – ამ თემაზე ჩვენ საქართველოს იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელს, სულხან სალაძეს ვკითხეთ. ეს ორგანიზაცია საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსა და საარჩევნო პროცესს წლებია აკვირდება.

  • სულხან, არჩევნებამდე სამ კვირაზე ნაკლები დარჩა. უკვე ვნახეთ ფიზიკურ დაპირისპირება სახელისუფლო და ოპოზიციური პარტიების მომხრეებს შორის. როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნო გარემოს საქართველოში, შეიძლება ითქვას, რომ ძალადობრივი გარემო გვაქვს?

ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე და მათ შორის ერთ-ერთი, რაც არასდროს არც ერთი სხვა ქვეყნის წინასაარჩევნო კამპანიის პროცესში არ ყოფილა, ეს არის  კორონავირუსით გამოწვეული რეალობა, რომელშიც გვიწევს ყველას ყოფნა. რაც შეეხება ძალადობრივ შემთხვევებს და მუქარის შემცველ განცხადებებს, ეს არ არის ახალი წინასაარჩევნო კამპანიისთვის. უფრო მეტიც, ქართული არჩევნები ამ ყველაფრის გარეშე უფრო გაგვიკვირდებოდა. რა თქმა უნდა, იმის თქმა არ მინდა, რომ ეს მომწონს, პირიქით – ცხადია, ეს აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს და ამომრჩეველს უქმნის დისკომფორტს, რომ გადაწყვეტილება მიიღოს მშვიდი საარჩევნო გარემოს ფონზე. თუმცა ფაქტია, რომ ეს ქართული წინასაარჩევნო გარემოს ნაწილია და ამას ვერსად გავექცევით, ვერც მომავალ არჩევნებში, დიდი ალბათობით და არა ერთი ან ორი არჩევნების შემთხვევაში, ალბათ, სამწუხაროდ.

მთავარი კითხვა ალბათ მაინც უკავშირდება იმას, თუ ვის რა ვალდებულება აკისრია ამ დროს. ჩემთვის გასაგებია, რომ შეიძლება პოლიტიკურ პარტიებს დუღილის ტემპერატურის აწევა სურდეთ, შეიძლება რომელიმე პოლიტიკურ პარტიას საკუთარი ძალის დემონსტრირება სურდეს, მაგრამ აქ მთავარი და მნიშვნელოვანია სად არიან, რას აკეთებენ საგამოძიებო ორგანოები – ეს არის პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, ვისაც უნდა ჰქონდეს რეაგირება ასეთ შემთხვევებზე, რას აკეთებს ცენტრალური საარჩევნო კომისია, როგორ იქცევა ამ პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ანუ ის ორგანოები, ვისაც ყველაზე მეტი შეხება აქვს საარჩევნო პროცესთან, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მე ვერ ვიტყვი, რომ საარჩევნო გარემო და წინასაარჩევნო კამპანია რაიმეთი განსაკუთრებულია ძალადობრივი თვალსაზრისით, ვიდრე აქამდე გვინახავს. ჩემი აზრით, ბოლო წლების არჩევნების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი წინასაარჩევნო პერიოდი, კამპანიის წარმოების კუთხით, გვქონდა ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებზე პირველი ტურის დასრულებიდან მეორე ტურის კენჭისყრის დღემდე, ეს იყო პრაქტიკულად ერთგვარი პიკი.

თუ შევადარებთ ამ არჩევნებს, ივნისი-ივლისი-აგვისტოში სულ ექვს შემთხვევაზე ვსაუბრობდით, რომლებიც ძალადობრივი ან მუქარის შემცველია, მაგრამ მხოლოდ სექტემბერში უკვე 11 ასეთი შემთხვევა გვაქვს. ეს აჩვენებს მზარდ დინამიკას.

  •  ანუ არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაიზარდა შემთხვევები, ვითარება უფრო დაიძაბა?

დიახ, სამწუხაროდ უნდა ვივარაუდოთ, რომ კენჭისყრის დღის მოახლოებასთან ერთად ეს ტენდენცია თუ არ გაიზრდება, ახლოს იქნება იმ მაჩვენებელთან, რაც სექტემბერში იყო. ეს არაფერ დადებითზე არ მიანიშნებს და ეს მაჩვენებელი კიდევ შეიძლება გაიზარდოს. ამის ალბათობა გაიზრდება, თუ მაჟორიტარული ოლქების ნაწილში იქნება მეორე ტურები საჭირო.

გადამწყვეტი იქნება მეორე ტურები მაჟორიტარულ ოლქებში, მათ შორის როგორ წარიმართება წინასაარჩევნო კამპანია მეორე ტურების წინ. თუ იქნება მოცემულობა, როცა ერთი კონკრეტული პარტია იღებს  40% – ზე მეტს, იგებს მნიშვნელოვან რაოდენობას მაჟორიტარული ოლქების, პირობითად მეორე ტური ტარდება ორ ან სამ ოლქში და უმრავლესობის ფორმირებაზე შეიძლება იმხელა დატვირთვა აღარ ჰქონდეს ამას და დუღილის ტემპერატურაც აღარ აწიოს, მაგრამ შეიძლება პირიქითაც იყოს, რადგან ვსაუბრობთ 30 მაჟორიტარულ ოლქზე, ოლქების ნაწილში დიდი ალბათობით იქნება მეორე ტური, განსაკუთრებით ურბანულ გარემოში, სადაც ქალაქის ტიპის დასახლებებია.

ვერ ვიტყვი, რომ ისეთი ძალადობრივი შემთხვევები გვაქვს, რომ ეს ამ დროისთვის გავლენას ახდენდეს წინასაარჩევნო კამპანიაზე და ეს აისახება არჩევნების შედეგებზე, თუმცა თითოეული ასეთი შემთხვევა, რომელსაც აქვს ადგილი წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა იყოს შესწავლილი, გამოძიებული და კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ პასუხი. გამოძიების დაწყება და ვინმეს პასუხისგებაში მიცემა ეს არის მხოლოდ ნახევარი საქმე.

  • სახელისუფლებო გუნდის რეაქცია და პასუხი რომ შეგვიფასოთ ამ პროცესებზე – რაზე მიგვანიშნებს შემთხვევების ცალსახად ოპოზიციური პარტიების პროვოკაციად შეფასება და იმის ხაზგასმა, რომ ყველა დაისჯება?

მომისმენია ისეთი განცხადებები, როცა ამბობენ, რომ მათთვის ძალადობა მიუღებელია, მაგრამ იქვე აცხადებენ, რომ ეს იყო პროვოკაცია. არ ვიცი, ეს რომელ ამომრჩეველზეა მიმართული – „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან ეს მესიჯი არ მუშაობს, გასაგებია ისედაც, რომ ყველაფერი მათთვის პროვოკაციაა. ამით ცდილობენ პასუხისმგებლობა გადაიტანონ სხვაზე და ეს არ არის სწორი მიდგომა. სწორი მიდგომა იქნებოდა, რომ თითოეული ასეთი შემთხვევა იყოს გამოძიებული და კანონის წინაშე ყველამ აგოს პასუხი. ეს ნიშნავს იმას, რომ კი, შეიძლება ჩვენმა წარმომადგენელმა რაღაცა დააშავა პირობითად, მაგრამ არც მეორე მხარეა სუფთა და ორივემ უნდა აგოს პასუხი. საბოლოოდ ვიღებთ იმას, რომ არც ერთი და არც მეორე აგებს პასუხს.

ხელისუფლებამ მმართველი პარტიის სახელით გადაწყვიტა, რომ გამკაცრებულიყო რეგულაციები საარჩევნო კანონმდებლობასთან მიმართებაში. ჩვენ მაშინ ვიკითხეთ, ამ ცვლილებების მიზანი რა არის – ის, რომ არსებული არ მუშაობს, არაეფექტურია პასუხისმგებლობის ზომები? – არ არის ამაზე პასუხი ცალსახა, ნორმებს, რომლებსაც არ იყენებ პრაქტიკაში, რა მნიშვნელობა აქვს გაამკაცრებ თუ არა, არ გამოიყენებ არც იმას და არც ახალს.

მთავარი ამოსავალია, ხელისუფლება იქნება ეს თუ ოპოზიცია, როცა ისინი გმობენ ძალადობას, მართლა დაგმონ და გაემიჯნონ ასეთ შემთხვევებს და აღარ მიაყოლონ იქვე საუბარი პროვოკაციაზე. ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ შენ პროცესის მონაწილე ხარ. ჩემთვის გასაგებია, რომ დღევანდელი მოცემულობით ორი პარტია, მმართველი პარტია და აქეთ „ნაციონალური მოძრაობა“… შეიძლება მათთვის ყველაზე უფრო მომგებიანია ეს მოცემულობა, მაგრამ ეს არ არის ამ ქვეყნის მოქალაქეების, ამომრჩეველთა ძალიან დიდი ნაწილის დაკვეთა. ამ ქვეყნის მოქალაქეებს, ამომრჩევლის დიდ ნაწილს სურს განსხვავებული პარლამენტი და არა ორპოლუსიანი, რასაც ჩვენ ვხედავთ უკვე დიდი ხანია საქართველოში.

  • წინასაარჩევნოდ ჩნდებიან ჯგუფები, რომლებიც გამოირჩევიან აგრესიით და ძალადობით. მათ იციან, რომ არავინ დასჯის, პირიქით ისინი ამ ძალადობის შედეგად იღებენ სარგებელს. ასეთი ჯგუფებისთვის, რომ მათ „უფრო მეტად გამოიჩინონ თავი“, ხომ არ არის წამახალისებელი ხელისუფლების მსგავსი განცხადებები?  

მოდით ახლა ცოტა უკან დავბრუნდეთ, გავიხსენოთ კორცხელის შემთხვევა, რა გვასწავლა ჩვენ კორცხელის შემთხვევამ? – პრაქტიკულად „ქართული ოცნება“ არც მოსულია ხელისუფლებაში, ჯერ კიდევ აქტიური რიტორიკის ნაწილია, რომ წინა ხელისუფლება, „ნაციონალური მოძრაობა“ იყო ცუდი, ჩადიოდა საშინელებებს. ის, რომ ცუდი იყო და საშინელებებს ჩადიოდა, ამაზე გადაწყვეტილება მიიღო 2012 წელს საქართველოს მოსახლეობამ. იმის თქმა მინდა, რომ კორცხელის შემდეგ ჩვენ არ გვინახავს, რომ კონკრეტულმა პირებმა კანონის თანახმად აგეს პასუხი.

  • ეს ერთგვარი პასუხია ალბათ არა?

დიახ, ეს ერთგვარი მოცემულობაა – შენ თუ ჩემთან ერთად ხარ, ყველაფერი გეპატიება, შეიძლება ფორმალურად შენ პასუხი აგო რაღაცისთვის, მაგრამ არა იმ სახით, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, როდესაც შენ ამ შეტყობინებას უგზავნი შენს მხარდამჭერებს, ან გარკვეულ ჯგუფებს, რომლებისთვისაც ვთქვათ სულერთია, ვის დაუჭერენ მხარს, მთავარია ვინ შეუკვეთავს, ვინ გადაუხდის. გასაგებია, რომ ხვალ და ზეგ უფრო მეტი შემთხვევა გექნება ასეთი. როცა ხელისუფლება ლაპარაკობს იმაზე, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა იყო პროვოკაცია, მაშინ კითხვა უნდა დავსვათ – თუ შენ პარტია მელაპარაკები პროვოკაციაზე, როგორ შეიძლება ეს პროვოკაცია ვერ აღკვეთო, როგორ შეიძლება ამის დოკუმენტურობა ვერ მოახდინო ისე, რომ დამაჯერებელი იყოს ეს ყველაფერი, ამიტომაც მგონია, რომ ხანდახან ეს დაძაბულობა, პოლიტიკური პარტიების რაღაც ნაწილისთვის მისაღებია და ჩვეულებრივ მათი საქმიანობის შემადგენელი ელემენტია. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს არ მოგვწონს ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს. ვთვლით, რომ საარჩევნო გარემო უნდა იყოს მშვიდი და ამომრჩეველზე გავლენა არ უნდა ხდებოდეს ფიზიკური ანგარიშსწორებით ან მუქარის შემცველი ფაქტებით, მაგრამ რეალობა არის მეორე. ამიტომაც ვთქვი მე დასაწყისში, რომ არაფერი ისეთი არ ხდება წინასაარჩევნო კამპანიაში, რაც არ გვინახავს, არ მოგვისმენია. რა თქმა უნდა, თუ სურვილი გვაქვს, რომ უკეთესი წინასაარჩევნო გარემო იყოს და უკეთესი კამპანიის ფონზე მიდიოდეს ეს ყველაფერი, ყველას ძალისხმევაა საჭირო და განსაკუთრებით მმართველი პარტიის.

  • რა ზიანს აყენებს ამ პროცესის ასე უმართავად მიტოვება ხელისუფლებას?

ნაკლებად სამწუხარო იქნებოდა, რომ მხოლოდ მმართველ პარტიას აყენებდეს ზიანს დაძაბული წინასაარჩევნო გარემო. ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა მინიმუმ ჩვენს რეგიონში და უფრო დიდ სურათს თუ შევხედავთ აღმოსავლეთ პარტნიორობაში, სადაც განსაკუთრებული ყურადღება არის მოპყრობილი, რადგანაც  ბევრ სხვა ქვეყანასთან შედარებით, ჩვენთან დემოკრატიული პროცესები უფრო მაღალ დონეზეა. ამიტომაც ჩვენს მიმართ თხოვნა და დაკვირვებაც არის განსხვავებული. შესაბამისად, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც დააზიანებს დემოკრატიულად წინასაარჩევნო გარემოს ან მთლიანობაში არჩევნების ჩატარებას, ეს აზიანებს სახელმწიფოს და ჩვენს გაცხადებულ ინტერესებს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე და არა ცალკე აღებულს მმართველ პარტიას ან ხელისუფლებას. თუ მივაქცევთ ყურადღებას ბოლოდროინდელ განცხადებებს ევროკავშირის ან ნატოს მაღალჩინოსნების მხრიდან, მუდმივად უსვამენ ხაზს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. არ არის შემთხვევითი, რომ საარჩევნო სისტემას – 120/ 30-ზე როცა ამტკიცებდა პარლამენტი, მოლაპარაკების პროცესში ჩართული იყო აშშ-ის ელჩი, ევროკავშირის ელჩი და ევროკავშირის ქვეყნების არაერთი ელჩი. არ ხდება ყველა ქვეყანაში პროცესის ამ ტიპის ფასილიტაცია და მათი მონაწილეობა. ისინი ხედავენ, რომ რაღაც ცუდი თუ ხდება ამ ქვეყანაში, ეს არ არის ცალკე მმართველი პარტიის/ ხელისუფლების, ან ოპოზიციური პარტიის პრობლემა.  ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, მათ წლების განმავლობაში ათეულობით მილიონი ევრო და დოლარი დახარჯეს ამ ქვეყანაში მოდერნიზაციისათვის. როდესაც ქვეყანა ერთ ადგილზე  დგას და ამ წრეზე უწევს მუდმივად სიარული, ბუნებრივია, ეს არავის მოსწონს, ეს პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ ამ ორგანიზაციებმა, ამ ქვეყნებმა უნდა გადააფასონ რა და როგორ ხდება ჩვენთან. ასე, რომ მგონი ამ კონკრეტული შემთხვევების გამოუძიებლობა, დაძაბული ფონის შექმნა, ამომრჩევლისთვის ისეთი წინასაარჩევნო გარემოს შეთავაზება, როდესაც ის დამოუკიდებლად და მშვიდად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას, ეს არ აზიანებს არც მმართველ პარტიას და არც ოპოზიციას. ეს, პირველ რიგში, აზიანებს სახელმწიფოს.

  • ახლა რაზეც ვისაუბრეთ, ეს ყველაფერი ხდება ღიად. თქვენი დაკვირვებით, გვაქვს თუ არა ისეთი ფაქტები არჩევნების წინ, როგორიც არის თვალთვალი, დაშინება, მუქარა თუ ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ძალადობის სხვა ფორმები, რაც არ გახმაურებულა?

ჩვენი გამოწვევა იყო სწორედ ის, რომ პოლიტიკური პროცესები სადღაც ფარდის მიღმა ვითარდება და ეს არ არის ღია. ძალადობას ვხედავთ და ეს იმითაცაა გამორჩეული, რომ თუ ვინმემ ვინმეს სცემა, ამის შესახებ მუდმივად იგებს მედია და ამაზე იწყება საუბარი, მაგრამ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანია სიღარიბის ზღვარს მიღმა, ბევრია სოციალურად დაუცველი და უამრავი ადამიანი ყოველდღე ელის სახელმწიფოს მხრიდან მოწყალებას. რა თქმა უნდა, ეს ამ ადამიანების ბრალი არ არის, ეს არის იმ პოლიტიკური კულტურის და იმ კლასის ბრალი, რაც წლების განმავლობაში ამ ქვეყანაში იყო და დღემდე გრძელდება. მანიპულირება მათით ძალიან მარტივია. ცხადია, ჩემთან არასდროს არ მივა ვინმე და არ მეტყვის, შენ თუ ახლა ამ კონკრეტულ კაცს არ მისცემ ხმას, ამის გამო დაკარგავ სამსახურს ან ამის გამო შენი ნათესავი დაკარგავს სამსახურს.

  • მაგრამ ეს ირიბად არ გამოსდით სახელისუფლებო პარტიას ან მის აგიტატორებს?

დიახ. საჯაროდ ამას არც იტყვის ამას მმართველი პარტიის წარმომადგენელი ან სხვა, ეს პროცესი ფარდის მიღმა ვითარდება.

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 14 ოქტომბრის 21 საათიდან 15 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით – უმეტესად უნალექოდ, დღისით ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 22 – 27 გრადუსი
  • ღამით: 13 – 18 გრადუსი

შიდამთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:

  • დღისით: 20 – 25 გრადუსი
  • ღამით: 7 – 12 გრადუსი

ზღვის წყლის ტემპერატურა 21 გრადუსია.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 15-17 ოქტომბერს, მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 14 ოქტომბერი

14 ოქტომბრის მონაცემებით, აჭარაში კორონავირუსის 189 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით გარდაიცვალა 4 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 207.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 550 პაციენტი, მათ შორის, 15 არასრულწლოვანია და 26 ორსული, რეანიმაციულ განყოფილებაშია 53 პაციენტი. ამ დროისთვის თავისუფალია 47 საწოლი.

კოვიდსასტუმროებში 14 ოქტომბრის მდგომარეობით არის 763 პაციოენტი, მათ შორის, 65 არასრულწლოვანია. აჭარაში ბინაზე მკურნალობს 900-მდე პირი.

ქვეყნის მასშტაბით, 14 ოქტომბერს, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

კორონავირუსი კიდევ 680 პირს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

14 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამავე პერიოდში გარდაიცვალა 7 და გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი.

ახალი შემთხვევების რეგიონული განაწილება 14 ოქტომბრის დილის 11 საათის მდგომარეობით ასეთია:

  • თბილისი – 297;
  • აჭარა – 189;
  • იმერეთი – 150;
  • შიდა ქართლი – 12;
  • ქვემო ქართლი – 11;
  • მცხეთა-მთიანეთი – 9;
  • გურია – 6;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3;
  • კახეთი – 2;
  • სამცხე-ჯავახეთი – 1

stopcov.ge-ის მონაცემებით,  14 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 13 521  შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 7 159. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა სულ 109 ადამიანი.

“ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში”- რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე

“ერთმნიშვნელოვნად შეეშალა აღნიშნულ თანამდებობის პირს და ვნახოთ, რამდენად უშველის ბოდიში. ეს არის ჩემი პასუხი,” – ასე უპასუხა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ დასმულ კითხვას. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში გააკეთა.

Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნდა სტატია – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“   სადაც, გამოყენებულია აუდიოჩანაწერი . ჩანაწერში ისმის, თუ როგორ აგინებს ხელვაჩაურის მერი ჟურნალისტს.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალიტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში გაიმართა სოლიდარობის აქცია, სადაც მოქალაქეებმა ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

ამ დრომდე აღნიშნულ თემას არ გამოხმაურებია „ქართული ოცნება“. ვარდმანიძე სწორედ „ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

აქცია „ბათუმელების“ მხარდასაჭერად

დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში, ევროპის მოედანზე ხელვაჩაურის მერის – ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“ ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტი გააპროტესტეს.

სოლიდარობის აქციაზე შეიკრიბნენ ჟურნალისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

სოლიდარობის აქცია Batumelebi.ge-ზე 12 ოქტომბერს გამოქვეყნებულ სტატიაში – „მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე“ გამოყენებულ აუდიოჩანაწერს მოჰყვა, რომელშიც ისმის ჟურნალისტის მისამართით ხელვაჩაურის მერის გინება.

ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიის დროს მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს. ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო, შენიშვნის შემდეგ კი, რომ მას, როგორც არჩეულ მერს და უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს, არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

შემთხვევას გამოეხმაურა „ჟურნალიტური ეთიკის ქარტია“, სადაც მიიჩნევენ, რომ ხელვაჩაურის მერმა ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო პასუხი უნდა აგოს.

ამ დრომდე აღნიშნულ თემას არ გამოხმაურებია „ქართული ოცნება“. ვარდმანიძე სწორედ „ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი იყო 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე.

სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში
სოლიდარობის აქცია ბათუმში

 

რას ნანობს პეტრე ზამბახიძე პოლიტიკური წარსულიდან – „ევროპული საქართველოს“ კანდიდატი

„ახალი სტილის მმართველობაზე“ აქცენტი პეტრე ზამბახიძემ ინტერვიუს დასაწყისშივე გააკეთა, თუმცა შემდეგ კითხვებზე პასუხით ნათლად გამოჩნდა, რომ პეტრე ზამბახიძეს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლესი საბჭო მოსწონს და უმაღლეს საბჭოს არ ეხებოდა ის, რაც „ევროპული საქართველოს“ ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა – არმაზ ახვლედიანმა თქვა, „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა ყველაზე უკეთ გაიაზრეს წარსულის შეცდომებიო.

პეტრე ზამბახიძე არაფერს ნანობს სააკაშვილის ხელისუფლების დროინდელი უმაღლეს საბჭოში მუშაობით, როცა იგი იურიდიულ კომისიას ხელმძღვანელობდა და აჭარის კონსტიტუცია მიიღო. პირიქით, მიიჩნევს, რომ ეფექტური და საქმიანიც კი იყო მაშინდელი უმაღლესი საბჭო, რომელსაც გარედან ხშირად მოიხსენიებდნენ სააკაშვილის ან ვარშალომიძის „სანოტარო კანტორად“.

პეტრე ზამბახიძე „ევროპული საქართველოს“ უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის პირველი ნომერია. მას „ბათუმელებმა“ რამდენიმე კითხვა დაუსვა.

  • ბატონო პეტრე, რატომ არის თქვენი და „ევროპული საქართველოს“ უმაღლეს საბჭოში შესვლა მნიშვნელოვანი? 

„ევროპული საქართველო“ საზოგადოებას სთავაზობს გარდამტეხ ცვლილებას, ევროპულ კოალიციას, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის და რეგიონის კრიზისიდან გამოყვანას. ეს ახალი სტილის მმართველობა იქნება, არა ერთპარტიული, ოლიგარქიული, არამედ გუნდური და კოალიციურ პრინციპზე დაფუძნებული.

  • თქვენი მაჟორიტარობის კანდიდატი პარლამენტში არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ „ევროპულმა საქართველომ“ ყველაზე უკეთ გაიაზრა წარსულის შეცდომები. თქვენ რას ნანობთ წარსული პოლიტიკური გამოცდილებიდან? 2004 წლიდან უმაღლესი საბჭოს წევრი ხართ და 2017 წელს გაემიჯნეთ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“. 

აბსოლუტურად ვეთანხმები არმაზ ახვლედიანს. „ევროპული საქართველო“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც სრულად გაიზიარა და აიღო გარკვეულწილად პასუხისმგებლობა, აღიარა ის პრობლემები და შეცდომები, რაც იყო წინა ხელისუფლების პერიოდში, მათ შორის, სასამართლოს სისტემაში, ზოგჯერ და ხშირად ნაჩქარევი რეფორმების გამო დაზარალებული ადამიანების ნაწილში. „ევროპული საქართველო“ არის ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ხვდება წარსულ შეცდომებს და იცის, როგორ აღარ დაუშვას ეს შეცდომა, როგორ გამოიყვანოს ქვეყანა კრიზისიდან, რომ წავიდეთ წინ და არა „ქართული ოცნების“ მსგავსად ვისაუბროთ მხოლოდ წარსულზე და არა მომავალზე. ეს არის პოლიტიკური გუნდი, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, პატიოსნებით და ქვეყნის სიყვარულით შეძლებს ყველა იმ პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას, რომელიც, სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ დაატეხა ჩვენს ქვეყანას.

  • კონკრეტულად უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში რა იყო შეცდომა, რაც გაიაზრეთ და ნანობთ? 

შეუმცდარი არავინაა, თუმცა რეგიონის საკანონმდებლო ორგანოს დონეზე მე ასეთი არ მახსენდება, ეს შეაფასოს საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა… შეცდომები ძირითადად იყო ქვეყანაში ძალოვანი სამინისტროების კუთხით, აჭარას ასეთი არ გააჩნია… თუმცა, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ბევრია გასაკეთებელი და „ევროპული საქართველო“ 2020 წლის არჩევნებზე საზოგადოებას სთავაზობს ბევრ სიახლეს, მათ შორის, ნაფიცი მსაჯულების შემოღებას უფრო მეტი სისხლის სამართლის საქმეზე, სასამართლოს რეფორმის კუთხით მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც მთავარია, „ჩადების ინსტიტუტის“ საბოლოოდ ამოძირკვას. ეს ცვლილება ითვალისწინებს იმას, რომ უწყვეტი ვიდეოკადრის არარსებობის შემთხვევაში ამოღებული ნივთი რომელიმე ადამიანისგან, რაც შეიძლება იყოს მათთვის ბრალის წაყენების საფუძველი, არ ჩაითვლება მტკიცებულებად…

  • ამბობთ, რომ შეცდომების გააზრება ეხება ძირითადად სამართალდამცველებს, მაგრამ ყველა ინსტიტუციას ხომ თავისი წილი პასუხისმგებლობა აქვს? თქვენ იყავით იურიდიული კომისიის თავმჯდომარე, როცა უმაღლესმა საბჭომ 2008 წელს აჭარის კონსტიტუცია მიიღო. მაშინ იყო შეფასებები, რომ ამ კონსტიტუციამ უმაღლესი საბჭო კიდევ უფრო უმოქმედო და უუნარო გახადა. იმ წლებში თქვენ ამ კრიტიკას არ იზიარებდით. ახლა რას ფიქრობთ? 

ახლაც არ ვეთანხმები ამ მოსაზრებას. ეს იყო სამწუხაროდ უპასუხისმგებლო ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლის შეფასება, ისინი შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს იყო აბსოლუტურად არასერიოზული, რადგან რეგიონის კონსტიტუცია იყო ერთ-ერთი ძალიან დემოკრატიული და პირველი კონსტიტუცია, რომელიც მიიღეს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში. 2008 წელს მიღებული აჭარის კონსტიტუცია იყო მთავარი დოკუმენტი, რომლითაც ჩამოყალიბდა რეგიონის ძალიან ბევრი სახელისუფლებო სტრუქტურა.

  • ჩამოყალიბდა ფორმალურად, მაგრამ ეფექტური იყო? იმ პერიოდის უმაღლეს საბჭოს მოიხსენიებდნენ სააკაშვილის ან ვარშალომიძის სანოტარო ბიუროდ.

ეს იყო უპასუხისმგებლო ოპოზიციონერების მიერ გაკეთებული განცხადებები. ნებისმიერი კონსტიტუციონალისტი გეტყვით, რომ აჭარის კონსტიტუცია არის სრულყოფილი და თანხვედრილი საქართველოს კონსტიტუციასთან, მასში არის ყველა ის ნორმა და დებულება გაწერილი, რომელიც საკმარისზე მეტია ნებისმიერი ავტონომიური წარმონაქმნისთვის.

  • რატომ იყო და არის არაეფექტური უმაღლესი საბჭო?

ეს ერთგვარი პოლიტიკური ხრიკია, რომ პოლიტიკურ ოპონენტს დააბრალო ის, რაც ტყუილია. უმაღლესი საბჭო იყო ეფექტური და ყველაზე საქმიანი 2004 – 2008 წლებში, რომელმაც რეგიონის განვითარებას ჩაუყარა საფუძველი. უმაღლეს საბჭოში მიმდინარე დებატები, მიღებული ბიუჯეტი, საკანონმდებლო აქტები იყო ის მთავარი დოკუმენტი, რომელმაც მოიტანა განვითარება. არაეფექტური და უუნარო იყო 2012 – 2016 წლების უმაღლესი საბჭო, რომელიც ერთპარტიული „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მიერ იყო დაკომპლექტებული და, სამწუხაროდ, არაფერი გააკეთეს ჩვენი რეგიონის განვითარებისთვის. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ 2012 წელს უმაღლეს საბჭოში მოსული ადამიანები საუბრობდნენ ასე, როცა თავად იყვნენ უსაქმურობის და უუნარობის მაგალითები ჩვენს რეგიონში.

  • 2012 წლამდეც  არ გვახსოვს ისეთი უმაღლესი საბჭო, რომელიც ახერხებდა მთავრობის კონტროლს, თუნდაც კრიტიკული კითხვების დასმას ლევან ვარშალომიძისთვის.

ცუდია, რომ არ გახსენდებათ, ცუდია, რომ ეს არ ახსენდებათ ოპონენტებს. ეტყობა, ისინი ეფექტურად არ აკვირდებოდნენ უმაღლესი საბჭოს საქმიანობას, რამდენჯერმე ბიუჯეტის წინააღმდეგ იქნა მიღებული გადაწყვეტილება და ბიუჯეტს, მათ შორის, უმრავლესობიდან არ დაუჭირეს მხარი. რამდენიმე ძალიან გახმაურებული საქმე იყო, რომელიც ეხებოდა ბიუჯეტის დამტკიცებას და სამინისტროებში ცალკეული ხარჯების გამოთავისუფლებას, რომ შექმნილიყო ახალი სტრუქტურული ერთეულები, მაგალითად, ორგანო, რომელიც უზრუნველყოფდა გზების კეთილმოწყობას და სოციალური პრობლების მოგვარებას. ხშირი იყო კამათი სწორედ უმრავლესობის წევრებს შორის. იმ დროს უმაღლესი საბჭო იყო ქმედითი და ეფექტური, რომელმაც სათავე დაუდო რეგიონის განვითარებას.

  • თქვენი ეს პოზიცია ხომ არ აფიქრებინებს ამომრჩეველს იმას, რომ რეალურად იმავე ტიპის უმაღლეს საბჭოს გვთავაზობთ, რაც 2012 წლამდე ვნახეთ. აქვე საინტერესოა თქვენი აზრი, რამდენად აქვს „ევროპულ საქართველოს“ პოლიტიკური იდენტობის პრობლემა. 

„ევროპული საქართველო“ არჩევნების გამოცხადებამდე და მის შემდეგ აფიქსირებს, რომ ის არ შეუქმნის ხელისუფლებას კოალიციას, ის იქნება მხოლოდ ევროპული კოალიციის მომხრე. ევროპული კოალიციის ჩამოყალიბების პირობებში ჩვენ წინასწარ პრემიერობის კანდიდატს არ ვასახელებთ, ეს იქნება მსჯელობის და კონსულტაციის საგანი. ეს ყველაფერი არის მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ, ოპოზიციურმა პარტიებმა, შევძლოთ ხალხის მხარდაჭერის შემთხვევაში მივიღოთ ისეთი ნდობა, ჩამოყალიბდეს ისეთი მოქნილი და ეფექტური მთავრობა, რომელიც ამ უმძიმესი მდგომარეობიდან ქვეყანას გამოიყვანს.

  • თქვენ აპირებთ 20-დან 10 პროცენტამდე შეამციროთ საშემოსავლო გადასახადი, ხოლო პენსია გააორმაგოთ. რა გათვლები არსებობს კონკრეტულად, რომ საშემოსავლოს შემცირება მოიტანს შედეგს? 

ჩვენი გეგმა და ხედვა ეხება ცენტრალურ ბიუჯეტს და, რა თქმა უნდა, რეგიონის ბიუჯეტსაც, თუმცა გადასახადების შემცირება, პირველ რიგში, აისახება ცენტრის დონეზე. ჩვენი გეგმის  მიხედვით 2 მილიარდამდე თანხა გამოთავისუფლდება ჯამში ეფექტური და მცირე მთავრობის პირობებში ყოველწლიურად. ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას ეფექტური და მცირე მთავრობის ჩამოყალიბებას, სადაც არ იქნება ბევრი სამინისტრო, არ იქნება ფუფუნებასა და კომფორტისთვის გათვალისწინებული თანხები და ეს საკმაოდ დიდი თანხაა. ჩვენი მიზანია დავზოგოთ ის თანხები, რაზეც ტენდერი ცხადდება და უაზროდ გაბერილი ხარჯები ქმნის კორუფციის საფრთხეს, ხალხის ფული ვიღაცების ჯიბეში მიდის, მათ შორის, ვინც წინასაარჩევნოდ არის შემომწირველი… ჩვენ შევძლებთ, როგორც პენსიის, ასევე სოციალური დახმარებების გაორმაგებას. საშემოსავლოს შემცირებით დაახლოებით 2 ათასი ლარი მინიმუმ დაეზოგება ოჯახს წლიურად და ეს იქნება შეღავაით, საწვავის აქციზი აძვირებს ასევე ყველა პროდუქტს….

ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ახალი ინვესტიციების შემოსვლა და არსებული ინფრასტრუქტურული, მასშტაბური საინვესტიციო პროექტების დასრულება, მათ შორის, ანაკლიის პორტი, გონიოს და ბათუმის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლბლობა…

  • კარგად კი ჟღერს საშუალო ხელფასი 2 ათასი ლარი, რასაც თქვენ ჰპირდებით ამომრჩეველს, მაგრამ რა გათვლებით აპირებთ მის შესრულებას? 

ქვეყნის მასშტაბით ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელება ბუნებრივად იწვევს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას. ინვესტიციები, ბიუროკრატიული ხარჯების გამოთავისუფლება, გადასახადების შემცირება – მთლიანობაში შევძლებთ მივიღოთ ის უმნიშვნელოვანესი პაკეტი, რომელიც იქნება ეფექტური და მოკლე დროში მოგვცემს შედეგს…

ეს ყველაფერი გათვალეს ეკონომისტებმა და ჩვენ მალე გვექნება ამ პროგრამის წარმოდგენა, მათ შორის, ბათუმში. ჩვენს გეგმას განახორციელებს ის გუნდი, რომელიც წლების განმავლობაში რეფორმატორულ ინიციატივებს იჩენდა… ჩვენ უნდა შევძლოთ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა. ასე თუ გაგრძელდა, ჩვენ ვნახავთ ურთულეს 2021 წელს, როცა ქ ხელისუფლება ჩამოიშლება, რადგან ეკონომიკის ამ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს შეუძლებელია.

ტკივილი მენსტრუაციის დროს – ნორმა თუ პათოლოგია

არაერთ ქალს უწევს ძლიერი ტკივილგამაყუჩებლების მიღება მენსტრუალურ ტკივილთან გასამკლავებლად, ამის მიზეზი დიდწილად ისიც არის, რომ მცდარი წარმოდგენის გამო მენსტრუალური ტკივილი ნორმად მიიჩნევა.  მტკივნეული მენსტრუაცია არ არის ნორმალური. რატომ ახლავს მენსტრუაციას ტკივილი, რას შეიძლება მიანიშნებდეს ძლიერი მენსტრუალური ტკივილი და რა აქტივობები ამცირებს ტკივილის ინტენსივობას? – ამ თემაზე “ბათუმელების” კითხვებს, მეან-გინეკოლოგი ქეთევან ფარტენაძე პასუხობს. 

  • რამდენად ხშირია მენსტრუალური ტკივილი?

მტკივნეული მენსტრუაცია – ალგოდისმენორეა საკმაოდ გავრცელებულია. იგი ვლინდება პულსირებადი ან სპაზმური ხასიათის ტკივილით უპირატესად მუცლის ქვედა ან/და წელის არეში. ის 14-დან 44 წლამდე ასაკის ქალების 31-52%-ს აწუხებს. ამასთანავე, ასიდან 10 შემთხვევაში ტკივილი ისეთი ძლიერია, რომ ქალი შრომისუუნარო ხდება.

საყურადღებოა, რომ ბევრი ქალი აღნიშნავს სწორედ ამგვარი ტკივილის არსებობას მენსტრუაციის დროს ან მის წინა პერიოდში. აღნიშნული სიმპტომები შესაძლოა იყოს მსუბუქი და მხოლოდ მცირედ დისკომფორტს უქმნიდეს ქალს, მაშინ, როცა ზოგ შემთხვევაში მენსტრუალური ტკივილის ხასიათი და ინტენსივობა იმდენად მძიმეა, რომ გავლენას ახდენს ქალის ყოველდღიურ აქტივობაზე და მისი ცხოვრების ჩვეულ რიტმზე ყოველთვიურად, თვეში რამდენიმე დღის განმავლობაში.

  • რა იწვევს ზოგადად მენსტრუალურ ტკივილს?

მენსტრუაციის დროს საშვილოსნო იკუმშება, რათა დაეხმაროს ჩამოფცქვნილ ენდომეტრიუმს საშვილოსნოს ღრუდან გამოდევნაში. ჰორმონის მსგავსი ნივთიერებებიპროსტაგლანდინები ტკივილის და ანთების მედიატორებია და იწვევენ საშვილოსნოს კუნთების შეკუმშვებს. საშვილოსნოს კუნთების ძლიერმა შეკუმშვებმა შესაძლოა გამოიწვიოს საშვილოსნოს მკვებავი სისხლძარღვების შევიწროება, შესაბამისად, პროსტაგლანდინების მაღალი დონე ასოცირებულია უფრო მძიმედ გამოხატული მენსტრუალური ტკივილის განვითარებასთან.

  • რა ახასიათებს ალგოდისმენორეას?

ალგოდისმენორეას ახასიათებს მუცლის ქვედა ნაწილის, გავისა და წელის მიდამოს სპაზმური, მოპულსირე, მღრღნელი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ბარძაყსა და სწორ ნაწლავში გადაეცემა. ტკივილი მსუბუქიდან გაუსაძლისამდე ვარირებს და ზოგჯერ ისე აქვეითებს შრომის უნარს, რომ ყოველგვარ საქმიანობას შეუძლებელს ხდის. ზოგი თავის ტკივილს, თავბრუხვევას, გულისრევას და ფაღარათსაც კი უჩივის. 

  • როდის მივმართოთ ექიმს?

თუ მენარქე [პირველი მენსტრუაცია] რამდენიმე წლის წინ გქონდათ, მტკივნეული მენსტრუაცია საშიში არ არის, მაგრამ ექიმის კონსულტაცია აუცილებელია, თუ:

  • გადააბიჯეთ 25 წელს;
  •  გაქვთ ძლიერი მენსტრუალური ტკივილის შეტევები;
  •  მენსტრუაცია ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში.
  • შეიძლება ძლიერი მენსტრუალური ტკივილი სხვა დარღვევების მანიშნებელი იყოს?

დიახ და ყველაზე ხშირ შემთხვევაში, ძლიერი მენსტრუალური ტკივილი მიანიშნებს შემდეგ დაავადებებზე:

საშვილოსნოს მიომა – კუნთის უჯრედების წარმონაქმნი, რომელიც იზრდება საშვილოსნოზე ან საშვილოსნოში;
ქალის მენჯის ღრუს ორგანოების ანთება – ძირითადად წარმოიქმნება ბაქტერიებისაგან, რომლებიც სქესობრივი გზით გადადის; 
ადენომიოზი – დაავადება, რომლის დროსაც ენდომეტრიუმი საშვილოსნოს კედელში შეიზრდება;
ენდომეტრიოზი – ამ დაავადების დროს ქსოვილი, რომელიც ენდომეტრიუმს ჰგავს სხვა ორგანოებზე იზრდება: ხშირად საშვილოსნოს მილებზე, საკვერცხეებზე, ქსოვილებზე, რომლებიც მუცლის ღრუს ფარავს, ნაწლავზე და იშვიათადკიდევ სხვაგან. ენდომეტრიოზის გამო წარმოიქმნება ანთება, შემდეგ – ნაწიბურები. მენსტრუაციის დროს ეს კერები სისხლმდენია, რაც იწვევს ტკივილს. 

  • როგორია დიაგნოსტიკა?

დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანია ანამნეზის შეკრება და ფიზიკური გამოკვლევა. მენჯის ღრუს გამოკვლევისას მოწმდება რეპროდუქციული ორგანოები ანომალიის აღმოსაჩენად და ფასდება ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები ინფექციური პროცესის გამოსარიცხად.

თუ ექიმი ეჭვობს, რომ მენსტრუალური ტკივილი რომელიმე დაავადებით არის გამოწვეული, აუცილებლად შემოგთავაზებთ სხვა კვლევებს, მათ შორის, ექოსკოპიას, რომელიც იძლევა საშვილოსნოს, საშვილოსნოს ყელის, ფალოპის მილებისა და საკვერცხეების დათვალიერების საშუალებას; კომპიუტერულ ტომოგრაფიას (RT) ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას (MRI) – ამ დროს გამოკვლევა უფრო დეტალურად ხდება და ექიმს დიაგნოზის დასმა უადვილდება. ორივე კვლევა არაინვაზიური და უმტკივნეულოა, ასევე – ლაპაროსკოპიას. მენსტრუალური ტკივილის დროს ეს რუტინულ კვლევად არ მიიჩნევა, მაგრამ გვეხმარება ფონური და თანმხლები პრობლემების, მათ შორის – ენდომეტრიოზის, შეხორცებების, საკვერცის ცისტების, ექტოპიური ორსულობის დიაგნოსტირებაში. ექიმი პაციენტის მუცელს ოდნავ კვეთს და განაკვეთიდან მუცლის ღრუში წვრილი ოპტიკური მილი შეჰყავს. მილის თავზე მოთავსებულია პატარა კამერა, რომლითაც ექიმი მუცლის ღრუსა და რეპროდუქციულ ორგანოებს ათვალიერებს

  • რა ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს?

იმისთვის, რომ თავად მართოთ თქვენი სიმპტომები, რამდენიმე რჩევა და გარემოება უნდა გაითვალისწინოთ:

ვარჯიში: ფიზიკური აქტივობა დადებით გავლენას ახდენს მენსტრუალური ტკივილის შემცირებაზე;

სითბო: ცხელი აბაზანის მიღება, ასევე სათბურის ან ხცელი წყლით სავსე ბოთლის მოთავსება მუცლის ქვედა არის პროექციაზე, გამათბობელი საბნის გამოყენება ხელს უწყობს მენსტრუალური ტკივილის შემცირებას;

დიეტური რეკომენდაციები: ჩატარებული უამრავი კვლევის შედეგებიჩვენებს, რომ E ვიტამინის, ომეგა 3 ცხიმოვანი მჟავების , ვიტამინ B1-ის, ვიტამინ B6-ის და მაგნიუმის დანამატები ეფექტურად ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.

თამბაქოს და ალკოჰოლისთვის თავის არიდება: მათში შემავალი ნივთიერებები დადასტურებულად აუარესებს დისმენორეის ხარისხს.

სტრესის შემცირება: ფსიქოლოგიური სტრესი შესაძლოა იყოს როგორც დიმენორეის გამომწვევი, ასევე უკვე არსებული მდგომარეობის ხარისხის გაუარესების მიზეზი.

  • როგორ მკურნალობენ?

გამოხატული სიმპტომების, დაავადების სიმძიმის, გამომწვევი მიზეზების და მომავალში შვილოსნობის ფუნქციის განხორციელების სურვილის გათვალისწინებით, ექიმმა შესაძლოა შეგირჩიოთ როგორც სხვადასხვა სახის მედიკამენტოზური, ასევე მკურნალობის ქირურგიული მეთოდებიც:

ტკივილგამაყუჩებელი საშუალებებიანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებები; ტკვილგამაყუჩებელი საშუალებების მიღება მენსტრუაციამდე ერთიორი დღით ადრე ან მისი დაწყებისთანავეა რეკომენდებული. შეიძლება, სიმპტომების გამომჟღავნების შემდეგაც მიიღოთ და მანამდე განაგრძოთ, ვიდრე სიმპტომები სრულიად არ ალაგდება.

ასევე, ეს შეიძლება იყოს ორალური კონტრაცეპტივები. ეს პრეპარატები შეიცავს ჰორმონებს, რომლებიც თრგუნავს ოვულაციას და ამცირებს მენსტრუალურ ტკივილს.

რაც შეეხება ქირურგიულ მკურნალობას, ეს უკანასკნელი შედეგიანია, როცა მენსტრუალური ტკივილი ენდომეტრიოზით, ფიბრომით ან სხვა ქირურგიული გზით მოგვარებადი პათოლოგიით არის გამოწვეული.

მასწავლებლებისთვის სამინისტრო 12,5 მილიონის ლეპტოპებს და პროექტორებს იყიდის

საქართველოს განათლების სამინისტრომ 6 350 ცალი ლეპტოპისა და 898 პროექტორის შესყიდვაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება ჯამში 12 მილიონ 537 ათასი ლარია. სამინისტრო აღნიშნულ ტექნიკას დონორის – მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეიძენს.

განათლების სამინისტროს შესყიდვების სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ ლეპტოპები და პროექტორები გათვალისწინებულია პედაგოგებისთვის და ისინი გადანაწილდება საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით:

„სკოლების სია არის, ის გადაცემულია საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთვის (ESIDA) და შემდგომში შეძენილი ტექნიკის სკოლებისთვის მიწოდებასაც აღნიშნული სააგენტო უზრუნველყოფს.“

ESIDA-სთვის საქონლის მიწოდების ვადა, ტენდერის პირობის მიხედვით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეა. ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს კი, ერთ-ერთი პირობით „უნდა ჰქონდეს მინიმალური საშუალო წლიური ბრუნვა 6 მილიონი აშშ დოლარი, ან ექვივალენტი ლარში –  ბოლო სამი წლის განმავლობაში (2017-2018-2019 წწ)“.

წინადადებების მიღება იწყება 2020 წლის 12 ნოემბერს და მთავრდება 16 ნოემბერს. სატენდერო დოკუმენტაციის ნებისმიერი ცვლილების შესახებ შიდა შეტყობინება კი გაეგზავნება მხოლოდ იმ მიმწოდებელს, რომელიც დოკუმენტის ნახვის წინ გაივლის ავტორიზაციას შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.

“თითქმის დაგვხურეს” – დაბრუნდება თუ არა ჰეშთეგი ეთერში?

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა „ჰეშთეგის“ გუნდი განცხადებას ავრცელებს. გადაცემის წამყვანები და პროდიუსერები ამბობენ, რომ გადაცემა, რომელიც ტელევიზიის საეთერო ბადეს კვირაში ხუთი დღის განმავლობაში, 45 წუთით იკავებდა, თითქმის დახურეს. ტელევიზიის მენეჯმენტმა საეთერო ბადეში #ჰეშთეგისთვის განკუთვნილი დრო კვირაში ხუთი გადაცემიდან ერთ გადაცემამდე შეამცირა.

„ვფიქრობთ, რომ მაუწყებლის მენეჯმენტი აგრძელებს კრიტიკულად განწყობილი თანამშრომლების მიმართ რეპრესიული პოლიტიკის გატარებას. მაუწყებლის დირექტორი გვსჯის თავისუფლებისთვის და იმისთვის, რომ არ შევეგუეთ ძალმომრეობაზე დაფუძნებულ საკადრო პოლიტიკას და დღემდე მაქსიმალურად ვცდილობთ საჯარო გავხადოთ მის მმართველობასთან, სარედაქციო დამოუკიდებლობასა და შელახულ შრომით უფლებებთან დაკავშირებული საკითხები.

დაბალი რეიტინგი და სხვა მსგავსი საკითხები, ფორმალური და მოჩვენებითი მოტივია. რეალურად ის ემსახურება სულ სხვა მიზნებს და ეს მიზნები – [განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ] კრიტიკული კონტენტისთვის დროისა და რესურსების მაქსიმალური შემცირებაა. მაუწყებლის მენეჯმენტი გაურბის სოციალური პრობლემების არსებობის აღიარებას და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ყოველდღიურობის შესახებ მრუდე წარმოდგენების შესაქმნელად“, – ნათქვამია გადაცემა #ჰეშთეგის  გუნდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

#ჰეშთეგის გუნდი საკუთარ განცხადებაში პუნქტობრივად განიხილავს, თუ რა პროცესი უძღოდა წინ გადაცემის ეთერში გასვლის რაოდენობის შემცირებას.

[checklist]

  • #ჰეშთეგი მოექცა დარგობრივი გადაცემების მიმართულებაში, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად: [პირობითად] ორშაბათს 19:00-20:00 საეთერო ზოლი დაეთმობა გადაცემას, რომლის სამუშაო პროფილი ეხება ეკონომიკას, ოთხშაბათს – აგრომიმართულებას, ხუთშაბათს – ეკოლოგიას, პარასკევს – განათლებას და ა.შ. თავად ის ფაქტი, რომ #ჰეშთეგი დარგობრივ გადაცემად შეფასდა, სრულიად გაუგებარია ჩვენთვის. ჩვენი სამუშაო პროფილი, თემატიკა და ფორმატი აბსოლუტურად განსხვავდება დარგობრივი გადაცემის სპეციფიკისგან. #ჰეშთეგი მუდმივად ეხმიანებოდა ყოველდღიურ სოციალურ საკითხებს და ცდილობდა საზოგადოებრივი დღის წესრიგში მათ დაყენებას. რადიკალურად შემცირებული საეთერო დროის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში – მსგავსი მიზნის განხორციელება შეუძლებელია.
  • როგორც აღმოჩნდა, შემოქმედებითი სამსახურის გადაცემები [გარკვეულმა] კომისიამ ახალი სეზონის დაწყებამდე შეაფასა და შესაბამისი დასკვნაც მოამზადა. მაუწყებლის შემოქმედებითი სამსახურის უფროსსა და ე.წ “ლაივ ზოლის“ გადაცემების მიმართულების ხელმძღვანელთან შეხვედრისას პირველადი ინფორმაციით ირკვევა, რომ შესაბამისი კომისიის დასკვნით ჰეშთეგის რეიტინგი და გადაცემაზე დახარჯული ფინანსური თუ სხვა სახის რესურსი, ვერ ამართლებს მაუწყებლის მოლოდინს და საეთერო ბადეში ჩვენთვის განკუთვნილი დროის რადიკალური შემცირება სწორედ ამ არგუმენტაციითაა გამოწვეული.
  • 7 ოქტომბერს, მაუწყებლის დირექტორს ოფიციალური წერილით, აღნიშნული კომისიის შეკრების, დაკომპლექტების, გადაცემათა შეფასების კრიტერიუმებისა და სხვა მსგავსი საკითხების შესახებ ინფორმაციის მოწოდების მოთხოვნით მივმართეთ. ამ ეტაპისთვის, შესაბამისი ინფორმაცია ჯერჯერობით არ მიგვიღია. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ მაუწყებელმა უკვე ნახევარ წელზე მეტია რაც ოფიციალურად შეწყვიტა რეიტინგების მთვლელ კომპანიასთან ურთიერთობა და შესაბამისად, რა სახის რეიტინგების შეფასებას დაეყრდნო კომისია ესეც უცნობია.
  • რატომ არ ვართ ეთერში? მაუწყებლის მენეჯმენტმა, შესაბამისი სატენდერო შესყიდვის საფუძველზე დაიწყო შემოქმედებითი გადაცემებისთვის ახალი სტუდიების მოწყობის პროცესი, რომელიც ჯერჯერობით აქტიურ ფაზაშიც კი არ შესულა. ამასთანავე, გადაცემის გუნდის სამუშაო სივრცე შეიცვალა. ახალი სამუშაო სივრცე კი კეთილმოუწყობელია და არ იძლევა სამუშაო რეჟიმში ყოფნის შესაძლებლობას.

[/checklist]

მთავარი ფოტო: სქრინი ჰეშთეგის ერთ-ერთი ბოლო გადაცემიდან

ბათუმში ახალშობილი კოვიდისგან განიკურნა

ბათუმის სამშობიარო სახლიდან ახალშობილი გაწერეს. როგორც სამშობიარო სახლის დირექტორი ნუგზარ პაპავა ამბობს, ჩვილი კორონავირუსზე დაბადებიდან მალევე გაიტესტა და პასუხი დადებითი აღმოჩნდა. დირექტორის თქმით, რთულია იმაზე საუბარი, გადადის თუ არა ვირუსი ჩვილზე მუცლადყოფნის პერიოდში, თუმცა ტესტირებამ ამ შემთხვევაში დადებითი პასუხი აჩვენა.

„ამ ჩვილის გარდა შვიდი ბავშვი დაიბადა კიდევ, თუმცა მათ კორონავირუსი არ დაუდასტურდათ. ბავშვის დედაც იყო კოვიდინფიცირებული და მკურნალობდა კლინიკაში. კოვიდზე დადებითი პასუხი ჰქონდა კიდევ ერთ ჩვილს, რომელიც მანამდე სხვა კლინიკიდან გადმოიყვანეს. ორივე ჩვილი განიკურნა და გავწერეთ. პირველი უფრო ადრე გაიწერა,“- ამბობს ნუგზარ პაპავა.

ამჟამად ბათუმის სამშობიარო სახლში 29 ორსული მკურნალობს კორონავირუსზე და ერთ პაციენტს კიდევ ელოდებიან. „ცხელების ცენტრშია პაციენტი და იქედან აპირებენ გადმოყვანას,“ – გვითხრა სამშობიარო სახლის დირექტორმა.

მისი თქმით, სამი პაციენტის მდგომარეობა შედარებით რთულია, რადგან მათ პნევმონია აქვთ.

 

Exit mobile version