„მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს“ – ფრაზა 9 წლის ბიჭის დავალებიდან

„ქვეყნის სადარაჯოზე იქამდე ვიდგები, სანამ სისხლი ბოლომდე არ დამეღვრება და პირში ჰაერი არ ამომელევა“, „ან გავიმარჯვებ, ან გმირულად მოვკდები“, „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს“, – წერს 9 წლის ბიჭი თავის დავალებაში. ბიჭის ნამუშევარი – „ქვეყნის სადარაჯოზე“ სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფურცელს აწერია საკლასო ნამუშევარი, რაც იმას ნიშნავს, რომ დავალება ბავშვმა სკოლაში, მასწავლებლისგან მიიღო.

სოციალურ ქსელში აზრი ორად გაიყო. ნაწილი ამბობს, რომ „ეს არ არის პედაგოგიკა“, რომ ამ იდეოლოგიით არ უნდა იზრდებოდნენ ბავშვები, რომ მსგავსი სიყალბე არ არის პატრიოტიზმი და საბრძოლო რიტორიკით ბავშვების გაზრდაც საშიში პრაქტიკაა. როგორ ასწავლიან სკოლაში პატრიოტიზმს და ვისი გავლენაა ტექსტში – სკოლის თუ გარემოსი?

ასე აფასებს მასწავლებელი ტექსტს, რომელშიც 9 წლის ბიჭი სიკვდილზე საუბრობს

თემაზე „ბათუმელები“ მაია მენაბდეს ესაუბრა, ბათუმის მე-3 საჯარო და კერძო სკოლა „განათლების“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს.

  • ქალბატონო მაია, თქვენ როგორც პედაგოგს, რა განცდა დაგრჩათ, როცა წაიკითხეთ 9 წლის ბავშვის ეს თემა და როგორი იყო თქვენი რეაქცია?

ჩემი რეაქცია იყო ისეთი, როგორიც მაქვს ხოლმე საერთოდ ფსევდოპატრიოტიზმთან დაკავშირებით. მაშინაც იგივე განწყობა მაქვს, როცა ვნახულობ პატარა ბავშვების ვიდეოებს, სადაც დიდების ლექსებს ამბობენ მთელი გულით და ემოციებით. ერთი მხრივ, ეგ არ მომეწონა და მეორე მხრივ, სოციალურ ქსელში ამის ტრიალი, რადგან მაინცადამაინც მისაღები არ იყო – ამ ყველაფრის უკან დგას მოსწავლე.

  • კომენტარებში უფრო მეტი აქცენტი კეთდებოდა მასწავლებლის შეფასებაზე – „საამაყო ვაჟკაცი!“ როგორც ჩანს, პედაგოგი ახალისებს მსგავს რიტორიკას. როგორ უნდა ისწავლებოდეს სკოლაში რა არის ვაჟკაცობა?

ვფიქრობ, ბავშვს პირველ რიგში იმ გარემოს აღქმა უნდა ვასწავლოთ, რაც მისთვის ბუნებრივია, რაც მისი ყოველდღიურობაა და რაც მის გარშემო ხდება. ომსა და სიკვდილზე არ უნდა ვაფიქროთ.

სულ ვამბობ, რომ სამშობლოს სიყვარული გამოიხატება თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაში, რომელსაც უნდა მივყვეთ, რომელსაც უნდა ვგრძნობდეთ ჩვენ გარშემო მყოფი ადამიანების წინაშე, ჩვენი ქვეყნის წინაშე და ვაკეთებდეთ ჩვენს საკეთებელს. ბავშვმაც ასე უნდა გაიაზროს სამშობლოს სიყვარული და მასზე ზრუნვა. ომის და ბრძოლის საკითხზე კი, როცა გაიზრდება, მერე ჰქონდეს საკუთარი არჩევანი.

  • როცა 9 წლის ბავშვი წერს – „მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ჩემმა ქვეყანამ არაკაცად ჩამთვალოს“, რა პრობლემას აჩვენებს?

რა თქმა უნდა, ეს არ არის ბავშვისეული და გარედან მიწოდებული აზრის გავლენაა, რადგან რა არის არაკაცობა, ამ ასაკის ბავშვმა არ იცის. ეს ესმის უფროსებისგან. ცალკე საკითხია, რატომ შემოვიდა ეს სიტყვა მის გონებაში, საერთოდ სიკვდილის თემა რატომ შემოვიდა, რატომ თვლის გმირობად მაინც და მაინც სიკვდილს. რატომ მივიდა მისი ფიქრი აქამდე, რომ თუ მოკვდება, მარტო მაშინ დაეხმარება თავის ქვეყანას. ეს არის ძალიან საინტერესო და პრობლემა.

ალბათ ინდივიდუალურად, მასწავლებლის და კლასის დონეზე შესაძლოა ხდება მსგავსი თემების გაანალიზება, მაგრამ აქ მარტო პედაგოგის პრობლემა არ არის, ეს არის საზოგადოების პრობლემა. საზოგადოებას აქვს ეს სტერეოტიპები და მასწავლებელიც ამ საზოგადოების ნაწილია. ეს გამოჩნდა კომენტარებშიც, ვინც წერდა რომ დიახ, ამ რიტორიკით სწორია ბავშვის აღზრდა.

  • ამ საზოგადოებამ განათლება ხომ სკოლაში მიიღო. ეს ნიშნავს, რომ სკოლაშია, სწავლებაშია პრობლემა?

აუცილებლად უნდა შეიცვალოს მიდგომა სწავლებაშიც, მაგრამ ვინც საწინააღმდეგო აზრი გამოთქვა და გააკრიტიკა პედაგოგი, სწორედ მათი პოზიცია იყო, რომ დიახ ეს არის პატრიოტიზმი და ბავშვმა თავიდანვე უნდა იცოდეს, რომ აფხაზეთი დასაბრუნებელია, ცხინვალი დასაბრუნებელია და ასე შემდეგ და უნდა ჰქონდეს ეს ფიქრები ბავშვს.

  • მაგრამ ფაქტია, რომ მილიტარისტული რიტორიკა ყველაზე ნაკლებად მუშაობს ამ პრობლემის მოსაგვარებლად, რასაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ეხება.

ეს უნდა ვაჩვენოთ ზუსტად ბავშვს, რომ  ხმლის ქნევის დროში გადარჩენაზე იყო  საქმე და მართლა სხვანაირი  მოთხოვნა იყო. იმიტომაც ზრდიდნენ მართლა აკვნიდანვე მებრძოლებად შვილებს, სხვა ასპარეზი არც ჰქონდათ კაცებს. ახლა სხვა რეალობაა, უფრო ფართოა ასპარეზი, სხვა რეალობა არსებობს. ბევრი შესაძლებლობაა იმის, რომ სამშობლოს სიყვარული დაუმტკიცო. თავისი ხალხისთვის ბევრი რამით შეიძლება სარგებლობის მოტანა და არ არის საჭიროება მაინც და მაინც სიკვდილზე იფიქრო. სიკვდილი არ არის ერთადერთი რამ, რითაც შეგვიძლია სამშობლოს სიყვარული დავამტკიცოთ.

როცა ასეთი რამ იწერება, ეს გვაჩვენებს, რომ მოვიკოჭლებთ ამ საკითხში. ერთგვარად ლაკმუსის ქაღალდია ასეთი თემები. ვცდილობთ შევცვალოთ მიდგომები განათლების სისტემაში, მაგრამ  ფაქტია, რომ ისევ რაღაც წრეზე ვტრიალებთ და ვრჩებით ამ რიტორიკაში ფსევდოპატრიოტიზმით. ამის შეცვლა ადვილი არ არის, ერთი და ორი მასწავლებელი ვერ შეცვლის ამას, თუნდაც ქაღალდზე დაწერილი რაღაც დოკუმენტი.

  • იქნებ  სწორედ ცალკეულ მასწავლებელზეა ცვლილებები დამოკიდებული. თუ განიხილავთ ხოლმე პედაგოგები მსგავსი ტიპის თემებს, თუ თანხმდებით რა ღირებულებებს უნდა დაეფუძნოს სწავლება?

რა თქმა უნდა, პროფესიონალურ სივრცეში დისკუსია მისაღებია და მნიშვნელოვანია კიდეც, რადგან ასეთ შეხვედრებს და საუბარს მართლა მოაქვს სასიკეთო ბიძგები. მაგრამ გააჩნია იმასაც, სიმრავლე რომელი აზრისკენაა. სხვა თაობა უნდა წამოვიდეს, რადგან ახალგაზრდები უფრო სხვანაირად ფიქრობენ დღეს და ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ მსგავსი რიტორიკა არის ფსევდოპატრიოტიზმი.

  •  ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძე წერდა, რომ „დღეს დაჩლუნგდა ხმალი, გაუქმდა ვაჟკაცობა“ და რომ ხმალი არაფრის მაქნისია და დღეს ვაჟკაცობა არის არა სისხლის დაღვრის, არამედ „ვაჟკაცობა უნდა შრომისა, რომ ოფლი ჰღვაროს“. რამდენად კარგად ხდება ილიას გააზრება სკოლაში და რას ვსწავლობთ მისგან. ვერაფერს?

თუ რამე ისწავლება სკოლაში, სწორედ ილია ისწავლება, მაგრამ გააჩნია ვინ რა ინტერპრეტაციას მისცემს, რომელი მასწავლებელი როგორ მიაწვდის და ახსნის. ის, რომ ილიას დანატოვარის ფონზე მაინც ძალადობრივი რიტორიკა მძლავრობს, ტრადიციის შედეგია, რადგან ეს ადრე ითვლებოდა ნორმად, მისაღებად. შეიცვალა დრო, გადაფასდა რაღაცები, თუმცა მაინც დარჩა მსგავსი ტრადიცია. ხომ გვაქვს ასეთი სხვა დრომოჭმული ღირებულებები, რომლებსაც ნელ-ნელა ცვლილება სჭირდება.

ყველა ცვლილება იწყება თითო-ოროლა ადამიანის ხმის ამოღებით. თუმცა მიმართება, საერთო გეზი და ხედვა განათლების სისტემაში თუ იქნება საერთო, მაშინ შედეგის მიღებაც უფრო რეალურია. ერთი მასწავლებელი ცვლის თავის მიკროსამყაროს და არა ზოგად ტენდენციასა და დამოკიდებულებას.

10 წლის კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ჭადრაკში

ბათუმელი მოჭადრაკე კესარია მგელაძე საქართველოს ჩემპიონი გახდა ასაკობრივ ჯგუფში. მან 7,5 ქულა დააგროვა საქართველოს ჩემპიონატზე.

კესარია მგელაძის მწვრთნელი ნიკოლოზ მანაგაძეა.

გასულ წელს კესარია 9 წლამდე ასაკის მოსწავლეთა შორის ჭადრაკში ევროპის ჩემპიონი იყო.

ნახეთ „ბათუმელების“ ვიდეო კესარია მგელაძის შესახებ: 

15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში 2020 წელს გამოშვებული 50-ლარიანი ბანკნოტები გამოვა

2020 წლის 15 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გაუშვებენ ამავე წელს გამოშვებულ 50 ლარის ნომინალის ბანკნოტებს.

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, აღნიშნული ბანკნოტები იქნება „გადახდის კანონიერი საშუალება, 2016 წლის გამოშვების იგივე ნომინალის ბანკნოტის იდენტური დიზაინისა და სხვა მახასიათებლების მიხედვით, გამოშვების წლით „2020“, საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერის ცვლილების გათვალისწინებით“.

ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილებით, 2020 წლის გამოშვების 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში იქნება წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად და საქართველოს ტერიტორიაზე ამ ბანკნოტებით ანგარიშსწორება უნდა განხორციელდეს შეუფერხებლად.

 

„სავანეში“ მცხოვრებმა კიდევ 22-მა ხანდაზმულმა დაამარცხა კორონავირუსი

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, COVID 19 ბათუმის სათნოების სავანის კიდევ 22-მა ბენეფიციარმა დაამარცხა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოხუცთა სახლის უკვე გამოჯანმრთელებული ბინადრები მკურნალობის კურსს სამედიცინო დაწესებულებებსა და კოვიდსასტუმროებში გადიოდნენ. ყველა მათგანი უკვე დაუბრუნდა თავშესაფარს. ინფიცირებულთა შორის ყველაზე ხანდაზმული 73 წლის კაცია.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ჯამში კორონავირუსი მოხუცთა თავშესაფრის 33-მა ბენეფიციარმა დაამარცხა. ამჟამად კლინიკებსა და კოვიდსასტუმროებში მკურნალობის კურსს სავანის 15 ბენეფიციარი გადის. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაწესებულებაში პერიოდულად ტარდება ბენეფიციართა PCR ტესტირება და ამ ეტაპზე თავშესაფარში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება,“ – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ულიმიტო ინტერნეტის პირობა და ახალი შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებს

14 ოქტომბერს, სილქფესტი სრულიად ახალ კომბინაციებს და ყველაზე მოთხოვნად პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს:

[checklist]

  • ულიმიტო ინტერნეტი – 19 ლარად – კომბინაციით *019#
  • 20 GB უსწრაფესი ინტერნეტი  – 14 ლარად – კომბინაციით *202#
  • 3 GB + 500 ლოკალური წუთი – 10 ლარად – კომბინაციით *202#

[/checklist]

პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა.

პაკეტების გააქტიურება შესაძლებელია შეუზღუდავად – ერთად და ცალ-ცალკე.
აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის.
ერთზე მეტი პაკეტის შეძენის შემთხვევაში თითოეულს შეუნარჩუნდება ინდივიდუალური ვადა.

აქცია საშუალებას მისცემს აბონენტს მინიმალურ ფასად სასურველი პირობა გაიაქტიუროს, ისარგებლოს უსწრაფესი ინტერნეტით და სასაუბრო წუთებით თბილისსა და რეგიონებში.

პაკეტებში შემავალი მეგაბაიტების ამოწურვისას, პაკეტის ვადის განმავლობაში ინტერნეტით სარგებლობის ტარიფი შეადგენს – 1 MB – 15 თეთრი.

*წუთები არ ვრცელდება გლობალსელის და ასანეტის მიმართულებებზე.

 

ჯანმო არაეთიკურს უწოდებს ჯოგური იმუნიტეტის მეთოდს პანდემიის დასაძლევად

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა 12 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე იმ ადამიანების მიდგომას, რომლებიც ჯოგური იმუნიტეტის გამომუშავების იმედით მიიჩნევენ, რომ COVID19 თავისუფლად უნდა გავრცელდეს, არაეთიკური უწოდა.

„ჯოგური იმუნიტეტი არის ვაქცინაციისთვის გამოყენებული კონცეფცია, რომელშიც მოსახლეობა შეიძლება დაცული იყოს გარკვეული ვირუსისგან, თუ ვაქცინაციის ბარიერი მიიღწევა,“ – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მან აღნიშნა, რომ მაგალითად, წითელასთვის დადგენილია, რომ თუ მოსახლეობის 95 პროცენტი აცრილია, დარჩენილი ხუთი პროცენტიც დაცული იქნება ვირუსის გავრცელებისგან, პოლიომილიტისთვის კი ბარიერი 80 პროცენტით არის შეფასებული.

„ცოტა ხნის წინ იყო საუბარი ვირუსის თავისუფლად გავრცელების გზით ე.წ. „ჯოგური იმუნიტეტის“ მიღწევის კონცეფციის შესახებ.

ჯოგური იმუნიტეტი მიიღწევა ხალხის ვირუსისგან დაცვით და არა მასზე ზემოქმედებით. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ისტორიაში არასოდეს ყოფილა, რომ ჯოგური იმუნიტეტი გამოყენებულიყო როგორც ეპიდაფეთქებაზე რეაგირების სტრატეგია. ეს მეცნიერულად და ეთიკურად პრობლემატურია.

ჩვენ საკმარისი ცოდნა არ გვაქვს COVID19-ის იმუნიტეტის შესახებ. COVID19- ის გამომწვევი ვირუსით ინფიცირებულ ადამიანთა უმეტესობას პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში უვითარდება იმუნური პასუხი, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, რამდენად ძლიერი ან ხანგრძლივია ეს იმუნური პასუხი ან როგორ განსხვავდება ის სხვადასხვა ადამიანისთვის. ჩვენ გვაქვს გარკვეული მიგნებები, მაგრამ არა – სრული სურათი. ასევე, არსებობს რამდენიმე მაგალითი, როცა ადამიანი COVID19-ით განმეორებით დაინფიცირდა,” – განაცხადა ჯანმოს ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უმეტეს ქვეყანში მოსახლეობის 10 პროცენტზე ნაკლები ითვლება დაინფიცირებულად, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი ამ დაავადებისადმი კვლავ მგრძნობიარეა.

„საშიში ვირუსის დაშვება, რომლის არსიც სრულყოფილად არ გვესმის, უბრალოდ არაეთიკურია. ეს არ არის ვარიანტი,“ – განაცხადა მან. 

ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნებს აქვთ კიდევ ბევრი სხვა საშუალება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

„პასუხი არის ყოვლისმომცველი მიდგომა – გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი. ვირუსი ძირითადად გადადის ახლო კონტაქტებს შორის და იწვევს აფეთქებებს, რომელთა კონტროლიც შესაძლებელია მიზანმიმართული ზომების მიღებით. დავიცვათ მოწყვლადები. გავაძლიეროთ, განვანათლოთ და ჩავრთოთ საზოგადოება”, – განაცხადა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

მარიამ ჯაში: „ოცნება“ დავით გარეჯის საქმეს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს

„ქართული ოცნება“ დავით გარეჯის საკითხს იყენებს ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის, წინასაარჩევნოდ“ – მიიჩნევს მარიამ ჯაში, საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი და „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის“ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში. მარიამ ჯაშმა ბრიფინგი დავით გარეჯის თემაზე დღეს, 13 ოქტომბერს, ბათუმში გამართა.

მარიამ ჯაშის თქმით, ბოლო 7 თვის განმავლობაში ფრაქციამ „დამოუკიდებელი დეპუტატები“, რომლის ხელმძღვანელიც თვითონაა, დავით გარეჯის საკითხზე ორჯერ მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს – 17 მარტს და 19 ივნისს.

„ჩვენ ვითხოვდით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებზე ინფორმაციის მოწოდებას, თუმცა არც წერილობითი პასუხი მიგვიღია დღემდე და არც მინისტრი მოსულა საკომიტეტო მოსმენაზე. რეაგირების გარეშე დატოვა ჩვენი 27 მაისის მიმართვაც პარლამენტში პრემიერ-მინისტრმა. სამწუხაროდ, მხოლოდ არჩევნებამდე 1 თვით ადრე ინტერესდება მთავრობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ბედით,“ – აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

მარიამ ჯარი მიიჩნევს, რომ დავით გარეჯის საქმის გააქტიურებამ დაძაბა საქართველოს პოლტიკური გარემო და ამან შესაძლოა დააზიანოს საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობები.

„ვფიქრობთ, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დასრულებამდე უნდა შეჩერდეს საგამოძიებო მოქმედებები და მოიძებნოს სამართლებრივი ფორმა, რომ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ექსპერტები პროცესის დასრულებამდე დაუბრუნდნენ საკუთარ ოჯახებს. არჩევნების შემდეგ კი, გამოძიება რომ არ დარჩეს საარჩევნო პოპულისტურ ნაბიჯად, აუცილებლად უნდა იქნას მიყვანილი ბოლომდე,“ – მიიჩნევს მარიამ ჯაში.

„ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ხელვაჩაურის მერს, ჯუმბერ ვარდმანიძეს თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდებს. მიზეზი ხელვაჩაურის მერის მხრიდან ონლაინგამოცემა „ბათუმელებისთვის“ შეურაცხყოფის მიყენებაა – ხელვაჩაურის მერის აგრესია წინასაარჩევნო კამპანიის დროს სამსახურებრივი ავტომანქანით გადაადგილების შესახებ დასმულმა კითხვამ გამოიწვია. აუდიოჩანაწერი „ბათუმელებმა“ გუშინ, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა.

„წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით კორუფციულ გარიგებებზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, ამას მოწმობს აუდიტის დასკვნებიც, რომლებიც გამოქვეყნდა 2017, 2018 და 2019 წლებში. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ გამოძიებას, დაინტერესებულიყვნენ ამ ფაქტებით, თუმცა უშედეგოდ.

ამავე წლებში ჩვენ არაერთმა მოქალაქემ გვითხრა, რომ ხელვაჩაურის მერი ხმამაღლა ესაუბრა და კაბინეტიდან გამოაგდო, ჩვენ გვიჭირდა ამის დაჯერება, მაგრამ „ბათუმელების“ აუდიოჩანაწერით დადასტურდა, როგორ იქცევა ხელვაჩაურის მერი. ის არ არის ღირსი, რომ იყოს მერი. ჩვენ მას მოვუწოდებთ, დატოვოს ეს თანამდებობა,“ – ამბობს მიშა ბოლქვაძე, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“.

მიშა ბოლქვაძის თქმით, ხელვაჩაურის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობა“ მერის იმპიჩმენტის მომხრეცაა, თუმცა არასაკმარისი ხმების გამო იმპიჩმენტის პროცედურა არ დაწყებულა.

მიშა ბოლქვაძე

ბათუმში 5 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით, მათ შორის ერთი 57 წლის იყო

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 4 პაციენტი გადაიცვალა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი – ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

კორონავირუსით გარდაიცვალა 70 წლის კაცი, რომელსაც აღენიშნებოდა: „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა“.

კოვიდით გარდაცვლილი 78 წლის ქალის დიაგნოზი: „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტოკორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება“.

კორონავირუსით გარდაიცვალა  57 წლის კაცი, რომელსაც კოვიდთან ერთად აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება და არტერიული ჰიპერტენზია.

კორონავირუსით გარდაცვლილი კიდევ ერთი პაციენტი 73 წლის კაცი იყო. მისი დიაგნოზია: „კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია.

ასევე, გასულ 24 საათში ბათუმში კოვიდით გარდაიცვალა 68 წლის ქალი, რომელსაც კორონავირუსთან ერთად აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია და გულის უკმარისობა.

13 დღის განმავლობაში აჭარაში 34 პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით.

აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 5 პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 207 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გასული 24 საათის განმავლობაში 5 პაციენტი გარდაიცვალა – 4 რესპუბლიკურ საავადმყოფოში, ერთი კი ბათუმის სამედიცინო ცენტრში.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 542 პაციენტი, რეანიმაციაშია 51 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 794 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 900-მდე ინფიცირებული.

______________

დადასტურდა კოვიდის 569 ახალი შემთხვევა, 9 პაციენტი გარდაიცვალა

13 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 569 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში  გარდაიცვალა 9 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 329 ადამიანი.

დღეის მონაცემებით სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 12841 შემთხვევა. გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა – 6867. პანდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 102 ადამიანი.

stopcov.ge-ს მონაცემებით, კარანტინში იმყოფება – 5590 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში კი – 1393. 

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ:

“მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების მიმართ აგრესიას.
ქარტია მიიჩნევს, რომ აუცილებელია არჩევად თანამდებობაზე მყოფ ყველა პირს გააზრებული ჰქონდეს ის პასუხისმგებლობა, რაც თანამდებობაზე ყოფნისას აქვს დაკისრებული. ასევე, მნიშვნელოვანია საჯარო პირებმა გააცნობიერონ ჟურნალისტებთან ურთიერთობისა და ამ ფორმით საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს მმართველ გუნდს, შეისწავლოს აღნიშნული შემთხვევა, ვინაიდან, ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხიცაა.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს იფიქრონ ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი დამოკიდებულებით არ გააღრმავონ მედიაზე თავდასხმის რისკები. ქარტია მნიშვნელოვანად მიიჩნევს დაუყოვნებლივ რეაგირებას მსგავს შემთხვევებზე, იმისათვის, რომ დაუსჯელობის სინდრომი არ გახდეს გადამდები სხვა საჯარო პირებისათვის,” – ნათქვამია ქარტიის განცხადებაში.

“ბათუმელებმა” დღეს, 12 ოქტომბერს გამოაქვეყნა ჩანაწერი, რომელშიც ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, “ბათუმელების” ჟურნალისტს აგინებს.

ჩანაწერი, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, როცა გამოცემა მერს წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით  ინტერვიუსთვის დაუკავშირდა. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდებოდა ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, შევახსენეთ,  არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

ამავე თემაზე:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული ავეჯის წარმოება დაიწყო.

საქმიანობის საწყის ეტაპზე ხელოსანს არ გააჩნდა საკმარისი რესურსი მომხმარებელთა დასაკმაყოფილებლად, ამიტომ უწევდა ავეჯის თურქეთიდან იმპორტირება. ყველაფრის მიუხედავად გურამს სურდა, ავეჯი მხოლოდ საქართველოში შეექმნა. მიზნის მისაღწევად იგი 2019 წელს ჩაერთო ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ მობილიზებულ ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც შეძლო ბიზნესის ახალ ეტაპზე გადაყვანა – შეიცვალა საქმიანობის ლოკაცია , მცირე საწარმოდან გადავიდა 3000 კვადრატულ შენობაში, სადაც განთავსდა უახლესი ტიპის დაზგა-დანადგარები. ამ ეტაპზე გურამსა და მის 35 კაციან გუნდს შეუძლია შექმნას თანამედროვე დიზაინის და მაღალი ხარისხის ავეჯი.

ხულოს LAG პროექტებს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მიხედვით აფინანსებს. როგორც LAG-ის წარმომადგენელი ასლან ტუნაძე გვიყვება, მათ სტრატეგიაში ექვსი პრიორიტეტული მიმართულებაა: „მოსახლეობას გრანტის შესახებ განაცხადის შემოტანის წინ მოვუწოდებთ, რომ სტრატეგიულ პრიორიტეტებს მოარგონ იდეა. ამგვარად, მაქსიმალურად ვცდილობთ თანაბარი უპირატესობით დავუჭიროთ მხარი როგორც სოფლად ტურიზმის განვითარებას, აგრეთვე ხელი შევუწყოთ სასოფლო თუ არასასფოლო მეურნეობისა და ბიზნესის განვითარებას. ხულოს LAG-მა საერთო ჯამში დააფინანსა 73 პროექტი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა იქონია მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“.

სწორედ ამ პროექტებიდან იყო ერთ-ერთი გურამ აბულაძის საწარმოს განვითარება, რომლის ფარგლებშიც ოსტატმა მოახერხა ოცნების რეალობად ქცევა – საბოლოოდ უარი თქვა იმპორტზე და სრულად გადაერთო ქართული პროდუქციის წარმოებაზე. უფრო მეტიც, მის მიერ წარმოებული საქონელი ხასიათდება იმპორტირებული საქონლის მიმართ მაღალი კონკურენტუნარიანობით, რის შედეგად ტექნო ჯორჯია წარმატებით იმკვიდრებს ადგილს შიდა ბაზარზე, კერძოდ, სხვადასხვა ქალაქის სავაჭრო ცენტრებში, რაც დიდ უპირატესობას აძლევს უფრო გაფართოვდეს და დაასაქმოს მეტი ადგილობრივი მაცხოვრებელი. ამ მხრივ შედეგი უკვე სახეზეა, კერძოდ 1 წელში გურამმა შეძლო დასაქმებულთა რაოდენობა 8 -დან 35-მდე გაეზარდა.

„ევროკავშირის პროექტმა და ხულოს LAG-მა სულ სხვაგვარად წარმართა ჩვენი საქმიანობა. თუ მანამდე მხოლოდ რბილი ავეჯის კარკასს ვამზადებდით, ახლა შესაძლებლობა მოგვეცა ავეჯი თავიდან ბოლომდე გვეწარმოებინა. ვახორციელებთ ბევრ ისეთ საქმიანობას, რაც მანამდე შეუძლებელი იყო. გარდა ამისა, ირგვლივ არსებული სოფლებიდან დასაქმდა გაცილებით მეტი ადამიანი, მათ შორის ქალბატონები, რომელთა რიცხვის ზრდას უახლოეს მომავალში კიდევ ვგეგმავთ“ – გვიყვება გურამ აბულაძე.

უნდა ითქვას, რომ ხულოს LAG-ის მუშაობის მანძილზე გამოიკვეთა სოფლებში განსხვავებული საქმიანობების განვითარების საჭიროება და დაიწყო ამ კუთხით ადამიანების დახმარება. კერძოდ, სასოფლო და არასასოფლო ბიზნესის ხელშეწყობა, რათა ადგილზე წარმოებული პროდუქცია გაყიდვების მნიშვნელოვანი ნაწილი გამხდარიყო და მოეცვა არამხოლოდ მუნიციპალიტეტი და რეგიონი, არამედ ქვეყანა.

„ტექნო ჯორჯიას არსებობა და მისი წარმოებული პროდუქცია ხულოსთვის დიდი მნიშნველობის მატარებელია. ბატონმა გურამმა, მას შემდეგ რაც პროექტში ჩაერთო, თავისი საქმიანობა საგრძნობლად განავითარა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა მაქსიმალური ძალისხმევა ჩადო ხულოში ბიზნესის განსავითარებლად. ჩვენ გვიხარია, რომ საწარმოს მხრიდან შედეგმაც არ დააყოვნა – მაშინ, როცა კორონავირუსის პირობებში ადამიანთა საქმიანობები შეფერხდა, ტექნო ჯორჯიას არცერთ ეტაპზე არ განუცდია კრახი. ეს სასიხარულო და საამაყოცაა“ – ამბობს ასლან ტუნაძე.

მაღალმთიან აჭარაში დამზადებული ავეჯი მოთხოვნადი საქართველოს რამდენიმე რეგიონშია. ხელოსნის თქმით, ყოფილა შემთხვევა, როცა ერთჯერადად 30-ზე მეტი რაოდენობის ავეჯი მოუთხოვიათ, რაც საწარმომ 1 კვირის განმავლობაში დაამზადა. კერძო შეკვეთების მიღებისას, კი მყიდველებს ლოდინი მხოლოდ 1-2 დღით უწევთ.

„გაზრდილი ადამიანური თუ ტექნიკური რესურსების წყალობით ახლა გაცილებით მეტ შეკვეთას ვიღებთ. ძირითადად დაინტერესებულები არიან სხვადასხვა რეგიონში არსებული ავეჯის მაღაზიები. ისინი გვთავაზობენ უცხოურ მოდელებს და ჩვენ გაცილებით ნაკლებ ფასში ვუმზადებთ იდენტურ ავეჯს. ჩვენი მისიაც ესაა, კონკურენცია გავუწიოთ იმპორტირებულ საქონელს და შევქმნათ ისეთი ხარისხის ქართული ნაწარმი, რომლის მოთხოვნა ბაზარზე ყოველთვის იქნება“ – გვეუბნება გურამ აბულაძე.

ბენეფიციარს სურს, რომ კიდევ უფრო მეტად გააფართოვოს წარმოება, დაიმკვიდროს თავი ქვეყნის შიდა ბაზარზე, რაც ხელს შეუწყობს იმპორტის ჩანაცვლებას ადგილობრივი წარმოებით, ადგილობრივი შრომითი რესურსების მეტ ჩართულობას საქმიანობაში და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას: „ახლა, როცა პროექტში მონაწილეობამ სარგებელი გამოიღო, უკან არ დავიხევთ, პირიქით, მჯერა, რომ ჩვენ ყოველთვის წინ ვივლით, გავიზრდებით, განვითარდებით და კიდევ უფრო ბევრ ადგილობრივს დავასაქმებთ“ – ამბობს გურამ აბულაძე


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ: „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები-ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე: ჩემი სოფელი

72 წლის პირი 9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხონში 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ გარყვნილი ქმედება ჩაიდინა.

წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. თანხის ნაწილი უკვე გადმორიცხულია.

წელს სახელმწიფო დამატებით 75 მილიონ ევროს ოდენობის გრანტზეც აწარმოებს მოლაპარაკებებს.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით, აღნიშნული სესხიდან საქართველოში უკვე ჩამორიცხულია ჯამში 2 მილიარდ 403 მილიონ 532 ათას 997 ლარი.

„ბათუმელებისთვის“ სამინისტროდან მიღებული წერილის მიხედვით, აღნიშნილი თანხა მოხმარდება როგორც პანდემიასთან ბრძოლას ქვეყანაში, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტს.

დონორების მხარდაჭერა 2020 წლისთვის, პროგრამების მიხედვით [წყარო: ფინანსთა სამინისტრო]

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლის აგვისტოს მდგომარებით, სახელმწიფო საგარეო ვალი არის 20,7 მილიარდი ლარი [აქედან 19,4 მილიარდი ლარი არის მთავრობის საგარეო ვალი]; ხოლო მთავრობის საშინაო ვალი ამავე პერიოდისთვის შეადგენდა 5,4 მილიარდ ლარს.

ახალი კორონავირუსის სამართავად და პანდემიის გამო გატარებული სხვადასხვა ღონისძიებისთვის 2020 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მთავრობის გათვლებით, 2 მილიარდზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ამ თემაზე:

პანდემიის საწინააღმდეგო ღონისძიებებში ბიუჯეტიდან წელს 2 მილიარდი ლარი დაიხარჯება

 

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება საქართველოს მთავრობამ გააუქმა. ამასთან, 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

„სასესხო შეთანხმების გაუქმება არ გულისხმობს, რომ პროექტი [„ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“] არ არის პრიორიტეტული. იგი კვლავ რჩება ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტად და კვლავ გაგრძელდება მისი დაფინანსების შესაძლებლობის განხილვა როგორც სხვადასხვა დონორებთან, ასევე გერმანულ მხარესთან, გერმანია-საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის კონტექსტში“, – მოგვწერეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან.

სამინისტროს „ბათუმელები“ მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც ბათუმის მერიამ ჩვენს კითხვებს ამ საკითხზე არ უპასუხა.

რატომ არ ჩაითვალა პრიორიტეტად აღნიშნული პროექტი და რატომ შეწყდა სესხის ხელშეკრულება? არის თუ არა მოძიებული ალტერნატიული წყარო [ან მიმდინარეობს თუ არა დონორ[ებ]თან მოლაპარაკება და კონკრეტულად ვისთან] პროექტის დასაფინანსებლად? როდის იგეგმება ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურის პროექტის დაფინანსება – ანუ, იმ სამუშაოების, რაც ამ სესხით უნდა დაფინანსებულიყო? – ეს და სხვა კითხვები „ბათუმელებმა“ სამინისტროს 11 სექტემბერს გაუგზავნა, პასუხი კი, ერთი თვის შემდეგ, 12 ოქტომბერს მივიღეთ.

„პანდემიით გამოწვეული მდგომარეობიდან გამომდინარე, ქვეყნისთვის სწრაფი ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, საჭირო გახდა ახალი პროგრამის მომზადება. კონსულტაციების შედეგად, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკმა (KFW) გამოხატა მზაობა საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად მოემზადებინა ახალი პროგრამა „საქართველოს ეკონომიკის კონკურენციის გაძლიერება და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება“, რომლის დაფინანსებაც 180 მილიონი ევროა.

გამომდინარე იქიდან, რომ KFW ვერ შეძლებდა მოკლე პერიოდში დამატებითი დაფინანსების გამოყოფას, ბანკის მიერ შემოთავაზებული იქნა არსებული ორი ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხების რეპროგრამირება, კერძოდ: KFW-სა და საქართველოს შორის 2019 წლის 7 ოქტომბერს ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ (გაფორმებული 60 მლნ ევროზე) და 2018 წლის 24 აგვისტოს KFW-სა და სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას შორის ხელმოწერილი სასესხო შეთანხმება „სამგორის სამხრეთ ნაწილის მიწისქვეშა გაზის საცავისთვის“ (გაფორმებული 150 მლნ ევროზე. აღნიშნული დაფინანსებიდან მოხდა 120 მილიონი ევროს რეპროგრამირება).

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პროექტის „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ ფარგლებში დღემდე (სასესხო შეთანხმების გაუქმებამდე) არ განხორციელებულა თანხების ჩამორიცხვა, რამაც გარკვეულწილად ხელი შეუწყო აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას გაუქმებულიყო სასესხო შეთანხმება და რესურსი მოხმარებოდა კრიზისის მიმართ ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას“, – წერია საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან „ბათუმელებისთვის“ გამოგზავნილ საპასუხო წერილში.

სამინისტროს იმ სასესხო შეთანხმებების ჩამონათვალიც მოვთხოვეთ, რომლებიც 2020 წლის იანვრიდან დღემდე პერიოდში ახალი კორონავირუსის პანდემიის [ან სხვა მიზეზის] გამო შეწყდა, შემცირდა სესხის ოდენობა ან შეიცვალა სესხის მიზნობრიობა.

„2020 წლიდან დღემდე ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო (ან სხვა მიზეზით) არ შეწყვეტილა სახელმწიფოს სახელით ფინანსთა სამინისტროს მიერ გაფორმებული არცერთი სასესხო შეთანხმება, გარდა ზემოთხსენებული „ბათუმის კომუნალური წყლის ინფრასტრუქტურა“ სასესხო შეთანხმებისა, ასევე არ შემცირებულა სესხის ოდენობა და მიზნობრიობა“, – მოგვწერეს სამინისტროდან.

სამინისტრომ ასევე არ მოგვაწოდა იმ [1 მილიონი და მეტი ღირებულების] პროექტების ჩამონათვალი, რომელთა დაფინანსება ახალი კორონავირუსის პანდემიის [ან სხვა მიზეზის] გამო შეწყდა ან შემცირდა დაფინანსება.

რაც შეეხება StopCoV ფონდში აკუმულირებულ თანხას, ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ ეტაპზე StopCoV ფონდში მობილიზებულია 134.4 მლნ ლარი… დღეის მდგომარეობით საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, 120 მილიონი ლარი მიმართულია 18 წლამდე ბავშვთა ერთჯერადი სოციალური დახმარების გაცემის უზრუნველსაყოფად, ხოლო 5.7 მილიონი ლარი მიმართულია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხაზით ზოგიერთი სახის საწმენდი და სადეზინფექციო მოწყობილობების შესყიდვისთვის“.

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები წლებია ელოდნენ პროექტის დაწყებას, რომელიც წყლისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობას ითვალისწინებდა.

2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველად ვერსიაში, ბათუმის შემოერთებულ ტერიტორიებზე კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2021 წელს ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის დაწესებულებათა რეაბილიტაციისთვის – IV ფაზა (KfW) – გათვალისწინებულია 40 მილიონი ლარი, ხოლო III ფაზის (EU, KfW) სამუშაოებისთვის – 3 მილიონ 235 ათასი ლარი.

მესამე ფაზა წყლისა და კანალიზაციის მოწყობას ბათუმში გულისხმობს ჯავახიშვილის ქუჩამდე, ხოლო მეოთხე ფაზის სამუშაოები – ჯავახიშვილის ქუჩიდან მდინარე მეჯინისწყლამდე ტერიტორიაზე.

რაც შეეხება დაბა ხელვაჩაურს, ასევე მახინჯაურს, მწვანე კონცხსა და სხვა, ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებს, აქ საკანალიზაციო ქსელი პროექტის მეხუთე ფაზაში უნდა დაწყებულიყო, რომლის დაფინანსებაზე მთავრობამ უარი თქვა და ამჯერად ფული ხელახლა უნდა მოიძიოს. დაფინანსების მოძიების შემთხვევაშიც კი, ამ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის პრობლემის მოსაგვარებლად სამუშაოების დაწყება, მინიმუმ 2 წლით გადაიწევს.

ამ თემაზე: 

რატომ დათანხმდა მერია 60 მლნ ევრო აღარ დაიხარჯოს ბათუმის წყლის სიტემის მოწყობაზე?

 

მთავარი ფოტო: ფრიდონ ხალვაშის გამზირი / „ბათუმელების“ არქივიდან

უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია დღეს, 12 ოქტომბერს, განახლდა. აქციას შეუერთდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“.

უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას. ოქტომბერი ბოლო თვეა, როცა ეს ადამიანები კომპენსაციას მიიღებენ.

გასულ კვირას აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაჰპირდა, რომ მათ პრობლემებს ინდივიდუალურად კვირის ბოლომდე შეისწავლიდნენ.

„კვირა ამოიწურა, დღეს გვითხრეს აჭარის მთავრობაში, რომ ეროვნული ბანკის პასუხს ელოდებიან და ამ კვირის ბოლომდე უნდა დაველოდოთ… აქტივისტების ნაწილი პასუხს ელოდება და აქციაზე არ გამოსულა, ნაწილი კი, აქ ვართ და შიმშილობა დავიწყოთ. ვშიმშილობთ მე, გიორგი გორგილაძე და გია ტურაშვილი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ გიორგი გორგილაძემ.

საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საყვირებით უკვე ჩაიარეს მემედ აბაშიძის გამზირი და აჭარის მთავრობის სახლთან შეიკრიბნენ.

აქცია
აქცია მთავრობის სახლთან

ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა.

გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის ჩვეულ სამუშაო რუტინაში იყო ჩაბმული.

„სამსახურში რომ დავბრუნდი, გააზრებული მქონდა – ადამიანი რომ დამინახავს, კოვიდს გავახსენებ-თქო. კლინიკაში ყველამ იცოდა, რომ მქონდა კოვიდი. არ დამიმალავს. ასე ჩემს ირგვლივ უამრავი ადამიანი გადავარჩინე დაინფიცირებას,“ – გვეუბნება გულო და თავისი ინფიცირების ისტორიას გვიყვება.

„კოვიდის ნიშნები დამეწყო მცირე სურდოთი. შემდეგ ჩემ ირგვლივ ვიღაცებს აღმოაჩნდათ, ვისთანაც შეხებაში ვიყავი. სურდოც დაემთხვა და მაშინვე ეჭვი მივიტანე კოვიდზე. ავიღე ტესტი და გადავედი თვითიზოლაციაში სასწრაფოდ. რომ გავიგე ჩემი ტესტის პასუხი დადებითი იყო, მაგის შემდეგ კიდევ დღენახევარი ვიყავი სახლში, მკაცრ თვითიზოლაციაში, სანამ კლინიკაში გადამიყვანდნენ. შემდეგ, რადგან ორსული ვიყავი, წამიყვანეს სამშობიარო სახლში. ის, რომ კოვიდი დამემართა, ჩემი ბრალია. სადღაც შეცდომა დავუშვი ეტყობა, ან ნიღაბი არ გავიკეთე.

მაგრამ რაც ყველაზე მეტად მიხარია, არის ის, რომ მე გადავარჩინე ჩემი კოლეგები. პირველ რიგში იმიტომ, რომ მცირე საეჭვო სიმპტომის გაჩენისთანავე გადავედი თვითიზოლაციაში და მეორე დღეს აღარ მივსულვარ სამსახურში. ჩემგან არავინ არ დაავადებულა. სანამ პასუხს გავიგებდი, ვფიქრობდი, იქნებ უარყოფითი მოვიდეს-თქო… ვდარდობდი იმ ადამიანებზე, ვისთანაც ურთიერთობა მქონდა. არც ერთ ჩემს კონტაქტს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა,“ –  ამბობს გულო აბაშიძე.

გულო აბაშიძის შემთხვევაში კოვიდინფექცია მსუბუქად წარიმართა. ფეხმძიმე პაციენტი რვა დღე იყო დაკვირვების ქვეშ ბათუმის სამშობიაროში. იმის გამო, რომ არც სიცხე ჰქონდა და არც სხვა, ვირუსისთვის დამახასიათებელი ნიშანი,  არ იღებდა მედიკამენტებს.

„მხოლოდ სამი დღის განმავლობაში მქონდა ყნოსვა დაკარგული – სუნს ვერ ვარჩევდი. მეოთხე დღეს დამიბრუნდა. ყოველდღე მიტარებდნენ მონიტორინგს – ამოწმებდნენ ბავშვის გულისცემა როგორი იყო. სიცხე არ მქონდა, წნევა და პულსი კარგი მქონდა,“ – იხსენებს გულო.

კოვიდზე საუბრისას ამბობს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი წესების დაცვის შემდეგ, არის სიმშვიდე. იმის მიხედვით, რამდენად მშვიდად შეხვდება პაციენტი დაავადებას, მკურნალობა უფრო იოლია.

„ტესტის პასუხს წინასწარ ველოდებოდი, რომ დადებითი იქნებოდა. ცოტა ემოციური არის, რადგან ნებისმიერ დაავადებას ახლავს ღელვა,  მაგრამ მე ვფიქრობდი, რამდენადაც მშვიდად შევხვდებოდი, იმდენად ადვილად გადავიტანდი ამ ყველაფერს. სიცხე არ მქონია, ერთადერთი იმ მომენტში, როცა დამირეკეს და ტესტის პასუხი მითხრეს, ისე ავღელდი, სიცხემ ამიწია. თუმცა ეს სულ რაღაც ნახევარ საათს გაგრძელდა.  სამშობიაროში არ მიგრძვნია სიმარტოვე და უყურადღებობა. ესეც დამეხმარა ვირუსთან გამკლავებაში. ვიყავი დადებითად განწყობილი. ყველა წესს ვიცავდი, სხვასთან მიმართებაშიც და მე თვითონაც. იოლად დავამარცხე ეს დაავადება, ახლა კარგად ვართ, მეც და ბავშვიც,“ – ამბობს გულო.

კითხვაზე, რას ურჩევდა კოვიდდადებითებს და განსაკუთრებით ორსულებს, გულო თავის გამოცდილებას გვიზიარებს:

„ვილაპარაკებ, როგორც მედიცინის მუშაკი და როგორც ყოფილი კოვიდდადებითი.

პირველ რიგში, უნდა მოერიდოთ ამ ვირუსს. ისედაც ყველა ვირუსს ერიდებოდა ორსული ქალი, მაგრამ ეს განსაკუთრებით მოსარიდებელია, რადგან სწრაფად გადადის. აუცილებელია დაიცვათ სისუფთავე. მე ვფიქრობ, იმიტომ დამემართა, რომ სადღაც შეცდომა დავუშვი უსაფრთხოების ნორმების დაცვისას. ალბათ ნიღაბი არ მეკეთა და ისე მქონდა სავარაუდო ინფიცირებულთან შეხება.

მეორე – სიმშვიდე. ორსულებს ისედაც გვაქვს ცუდი ფიქრები, ცუდი აზრები გვაწუხებს, მაგრამ შეეცადეთ და ამ ცუდი აზრიდან გადაიტანეთ სხვა, კარგ, უკეთეს რამეზე ყურადღება. იფიქრეთ კარგზე. იფიქრეთ იმაზე, რომ კოვიდს მალე დაამარცხებთ და წინ დიდი ბედნიერება გელოდებათ, შვილის სახით.

მინდა მივმართო ყველა ადამიანს – ვიზრუნოთ ჩვენს თავზეც  და სხვებზეც. ძალიან ვთხოვ იმ ადამიანებს, ვისაც კოვიდი ექნება, დარჩნენ სახლში, იზოლაციაში. არავინ არ იცის ვინ როგორ გადაიტანს კოვიდს. ამიტომ ნუ გახდებიან იმის მიზეზი, რომ ვიღაცამ ცუდად გადაიტანოს ან ვერ გადაიტანოს ეს დაავადება“.

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე. 

ამბავი 1 – მშენებლობა

ხელვაჩაურის  მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ მახინჯაურში სამსართულიანი ფეშენებელური სახლი აიშენა ზღვის  ხედით. სახლი ტერასულ მიწის ნაკვეთზე ისეა აშენებული, რომ ყველა სართულის ყველა ფანჯრიდან, ასევე ყველა აივნიდან ზღვის და მთის ხედი იშლება. სახლის კარკასი დასრულებულია, დახურულია სახურავიც და ახლა ხელოსნები ფასადის მოპირკეთებაზე მუშაობენ.

მერს თავისი ქონება ჯერჯერობით არ აქვს შეფასებული, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძის მეზობლად მშენებარე კორპუსში ბინების კომერციული ფასის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ [შავი კარკასის საშუალო ღირებულება 950 დოლარი], მერის ახალი სახლი, ყოველგვარი მიწის ნაკვეთის გარეშე, 1.5 მილიონზე მეტი ლარი ღირს.

ჯუმბერ ვარდმანიძის მშენებარე სახლი

მიწის ნაკვეთზე, სადაც მერმა სახლი აიშენა, მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის, რაც ბათუმის მერიაში დაგვიდასტურეს. ეს იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტის არჩეული მერი კანონს არ დაემორჩილა და მშენებლობის ნებართვის მოთხოვნით ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და არქიტექტურის სამსახურს არც კი მიმართა.

რაც შეეხება მიწის ნაკვეთს, მახინჯაურში, თამარ მეფის პირველ შესახვევში, ჯუმბერ ვარდმანიძის ოჯახი მიწის ორ ნაკვეთს, ჯამში 4500 კვადრატულ მეტრს დიდი ხანია ფლობს და მერად არჩევის შემდეგ ეს ნაკვეთები უმნიშვნელოდ გააფართოვა. ამ ნაკვეთების შესახებ ქონებრივ დეკლარაციაში ჯუმბერ ვარდმანიძემ 2014 წელსაც ჩაწერა, როცა ხელვაჩაურის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გახდა.

შემდეგ კი უკვე მერმა ჯუმბერ ვარდმანიძემ ეს ნაკვეთები რამდენიმე ნაწილად დაყო და ოჯახის წევრებზე თანასაკუთრებაში დაარეგისტრირა, ამასთან გაიზარდა ნაკვეთების ფართობიც და ჯამში 4803 კვადრატულ მეტრს მიაღწია.

მშენებლობის და მასთან დაკავშირებული ხარჯების შესახებ მერს ქონებრივ დეკლარაციაში არასდროს ჩაუწერია. თუმცა, მისივე ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, სახლის ფართობი, რომელიც 2014 წლიდან 2017 წლამდე 220 კვადრატული მეტრი იყო, 2018 წელს კი 535,83-მდე გაიზარდა [ამ ეტაპზე სახლის ფასადს აპირკეთებენ]. მერს დეკლარაციაში არ აუხსნია, როგორ მოხდა ეს, როგორ გაორმაგდა საცხოვრებელი სახლის ფართობი, მიუხედავად იმისა, რომ ამის განმარტებას მას კანონი ავალდებულებდა. დეკლარაციაშივე უნდა იყოს ასახული, რა დაუჯდა მერის ოჯახს ახალი სახლის მშენებლობა.

ამ ეტაპზე არჩეული მერი, ჯუმბერ ვარდმანიძე, ოჯახთან ერთად, ახალი მშენებლობის გვერდით მდებარე სახლში ცხოვრობს. ეს სახლიც მერის ოჯახის საკუთრებაა.

რაც შეეხება კიდევ ერთ ბუნდოვანებას თუ უკანონობას – ჯუმბერ ვარდმანიძეს დეკლარაციაში უწერია, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობს 103 კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართობს. ხელვაჩაურის მერის ჩანაწერებით, ეს ქონება მას აჩუქეს, ზეპირი განმარტებით კი, კომერციული ფართობი ეკუთვნის მის სიძეს, რომელსაც თავად ბანკიდან სესხის აღებაში დაეხმარა და ბინაც სწორედ ამიტომ გადაუფორმა.

ბათუმში ქონების გაქირავებით ჯუმბერ ვარდმანიძე წელიწადში 54 ათას ლარს იღებს შემოსავლის სახით. „ყოველთვიურად ქირაში 4 500 ლარს ვიხდით“ – გვითხრეს აქ განთავსებული კომერციული დაწესებულების თანამშრომლებმა. შესაბამისად, მერი ვალდებულია ეს შემოსავალი დაბეგროს და ბიუჯეტში გარკვეული თანხა გადაიხადოს. ჯუმბერ ვარდმანიძე დიდი ალბათობით ამ გადასახადსაც უმალავს ბიუჯეტს, რადგან მის ქონებრივ დეკლარაციაში არაფერია ნათქვამი 5 400 ლარზე, რასაც ის კომერციული ფართობის გაქირავებიდან იღებს.

რასაკვირველია, ჯუმბერ ვარდმანიძეს აქვს თავისი ოფიციალური შემოსავლებიც. ის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელვაჩაურის არჩეული მერია. ამ თანამდებობაზე მისი წლიური შემოსავალი 33 768 ლარია. ამას გარდა, ჯუმბერ ვარდმანიძე ლექციებსაც კითხულობს ბათუმის საზღვაო აკადემიაში. აქ მისი შემოსავლები 6 485 ლარია.

ჯუმბერ ვარდმანიძის დეკლარაციაში კიდევ ერთი დეტალი იქცევს ყურადღებას, მერის მეუღლისთვის 2019 წელს 16463,87 ლარი ძმას უჩუქებია.

ჯუმბერ ვარდმანიძის დეკლარაციების მიხედვით, მისი ოჯახის არც ერთი სხვა წევრი არ არის დასაქმებული და არ იღებს ხელფასს, წინააღმდეგ შემთხვევაში მერს ეს დეკლარაციაში უნდა აესახა.

ამბავი 2 – ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ხელვაჩაურის მერი  ჯუმბერ ვარდმანიძე სამსახურებრივი ავტომანქანით წინასაარჩევნო შეხვედრებზე სოფელ ჩხუტუნეთში დააფიქსირეს. სოფელში ამომრჩეველს შეხვდნენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები – ანზორ ბოლქვაძე და ფრიდონ ფუტკარაძე. სააგიტაციო შეხვედრას ხელვაჩაურის მერი, ჯუმბერ ვარდმანიძეც ესწრებოდა. ამაზე “ბათუმელებმა” სექტემბრის მიწურულს გამოაქვეყნა სტატია:

ხელვაჩაურის მერი სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე

ამბავი 3 – ჯუმბერ ვარდმანიძე ჟურნალისტს აგინებს [ჩანაწერი შეიცავს უცენზურობას]

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი  ჯუმბერ ვარდმანიძის შესახებ – ჩანაწერი, რომელშიც ჯუმბერ ვარდმანიძემ „ბათუმელების“ ჟურნალისტს აგინა, სწორედ მაშინაა ჩაწერილი, როცა წინასაარჩევნო შეხვედრებზე  სამსახურებრივი ავტომობილით გადაადგილებასთან დაკავშირებით  ინტერვიუსთვის დავუკავშირდით. ხელვაჩაურის მერის გაღიზიანება მოჰყვა შეკითხვას, რატომ გადაადგილდება ის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო კამპანიაში მერიის ანუ სახელმწიფოს ავტომანქანით, რასაც კანონი კრძალავს.

კითხვის მოსმენის შემდეგ ჯუმბერ ვარდმანიძე გაღიზიანდა და ჟურნალისტი სიტყვიერად შეურაცხყო. ჟურნალისტის შენიშვნის შემდეგ, რომ მას, როგორც არჩეულ მერს, შევახსენეთ,  არ აქვს უფლება მოქალაქეებს და ჟურნალიტებს ასე ესაუბროს, მერი კიდევ უფრო აგრესიული გახდა და უცენზურო გინებაზე გადავიდა.

____

გაფრთხილება – ჩანაწერი შეიცავს უცენზურო გინებას 

ხელვაჩაურის მერის ჯუმბერ ვარდმანიძის გინება


სტატია მომზადებულია პროექტის ფარგლებში – “სიტყვის თავისუფლების მხარდაჭერა”. პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი“. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ამერიკული ფონდი „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ [NED]. არარის აუცილებელი სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.

15 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება – უეფა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება 18 ნოემბერს საქართველო-ესტონეთის შეხვედრაც.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, „აღმნიშნული მატჩის ჩატარება სტადიონის ოფიციალურ გახსნას არ უკავშირდება. ეს არის პირველადი ინფორმაცია და სტადიონის გახსნის თარიღი ზუსტდება“.

ბათუმში საფეხბურთო სტადიონის გახსნა 12 სექტემბერს იყო დაგეგმილი, თუმცა აჭარაში შექმნილი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო გახსნა გადაიდო. ამავე დღეს ახალ სტადიონზე ბათუმის „დინამოსა“ და თბილისის „დინამოს“ მატჩი უნდა ჩატარებულიყო.

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გახსნა გადაიდო

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე დღეს კი შორენა ბერიძე გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის და, დუდანა ბერიძე „ბათუმელებს“ ეუბნება, შორენას კორონავირუსი 4 ოქტომბერს დაუდასტურდა.

„იმ პერიოდში მეც თვითიზოლაციაში ვიყავი და ჩემს დასთან სატელეფონო კონტაქტი მქონდა. სასწრაფო როცა გამოვიძახეთ, არც იმ ღამეს გადაიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სიცხე ჰქონდა და სუნთქვაც უჭირდა.

მეორე დღეს ისევ დამირეკა, ცუდად ვარო და ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო. ამის შემდეგ გადაიყვანეს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში. როგორც მითხრა, მთელი დღე იყო იქ, გადასხმა გამიკეთეს მეტი არაფერიო და იქედან დღის ბოლოს გადაიყვანეს სასტუმროში. განწირული ხმით მეუბნებოდა, სასტუმროში რა მინდაო. დავამშვიდე, ალბათ ეს არის პროტოკოლი, ნუ გეშინია-მეთქი“, – ამბობს დუდანა ბერიძე.

მისი თქმით, შორენა ბერიძე სასტუმროშიც ცუდად გრძნობდა თავს.

„შაქარი ჰქონდა მაღალი. ამის შემდეგ ისევ გამოვიძახეთ სასწრაფო და იქედან წაიყვანეს ქობულეთის სამედიცინო ცენტრში. ამასობაში ბევრი დრო გავიდა და მდგომარეობა დამძიმდა. 7 ოქტომბერს უკვე გარდაიცვალა. დაგვიანდა ჰოსპიტალიზაცია, ინფექციურიდან პირდაპირ კლინიკაში უნდა გადაეყვანათ და არა სასტუმროში“, – გვითხრა შორენა ბერიძის დამ.

ინფექციური საავადმყოფო დირექტორი, ციური აბულაძე ამბობს, რომ შორენა ბერიძე კლინიკაში 5 ოქტომბერს, 12:05 საათზე სასწრაფომ შეიყვანა. ეს კლინიკა ახლა ცხელების ცენტრია.

„გადავუღეთ რენტგენი და ჰქონდა ფილტვების ანთება, მძიმე შემთხვევა არ იყო და როგორც გვაქვს გაიდლაინებში, გადავიყვანეთ კარანტინში“, – ამბობს საავადმყოფოს დირექტორი.

კითხვაზე, აღენიშნებოდა თუ არა პაციენტს სუნთქვის უკმარისობა, ციური აბულაძე ამბობს, რომ – არა. „ფილტვების ანთება აქვს ნახევარზე მეტს, მაგრამ არიან კარანტინში“.

ის ამბობს, რომ პაციენტისთვის არც შაქარი შეუმოწმებიათ. „შაქარს არ ვუსინჯავთ, თუკი რაიმე განსაკუთრებული შემთხვევა არაა“, – გვითხრა ციური აბულაძემ.- „პირველ რიგში უკეთდება გამოკვლევა, დავიწყეთ ანტიბიოტიკით, გადასხმა გავუკეთეთ, ჟანგბადი არ დასჭირვებია“.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, ავთანდილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ კლინიკაში შეყვანის დროს ინფიცირებული ქალის მდგომარეობა უკვე მძიმე იყო.

„ჩვენთან შემოყვანილი იყო სუნთქვის უკმარისობით, ორმხრივი პნევმონიით. ქრონიკული დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი. შაქარიც ჰქონდა მაღალი და გადავიყვანეთ რეანიმაციაში. ერთი დღე იყო საავადმყოფოში და გარდაიცვალა“, – გვითხრა დირექტორმა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით „ბათუმელები“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა. უწყების განმარტებას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

ამავე თემაზე: 

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა.

პაატა ცივაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ „ლელოს“ კომუნიკატორები ბაზრის ტერიტორიიდან ადმინისტრაციამ გამოაძევა.

„მათ ბაზრის დირექტორმა უთხრა, რომ ბაზარში ყველა „ოცნებას“ აძლევს ხმას… ბაზრის დირექტორმა იგივე განუცხადა ადგილზე მისულ ჩვენი შტაბის ხელმძღვანელის მოადგილეს, გია გოლიაძეს, რომ ბაზარში მარტო „ოცნების“ მხარდამჭერები უნდა იყვნენ… დღეს მივედით რადენიმე ერთად და დავგმეთ ზეწოლის და ჩვენი საქმიანობის შეზღუდვის ფაქტი, რადგან ბაზარი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილია და იგი ვერ იქნება კერძო. გასაგებია კერძო საკუთრება, მაგრამ ბაზარი საჯარო სივრცეა, დაკეტონ და გადააქციონ მაშინ დაკეტილ ზონად,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ პაატა ცივაძე, „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ქობულეთში.

პაატა ცივაძემ გვაჩვენა ვიდეომასალაც, სადაც ბაზრის დირექტორი განმარტავს, რომ ის კერძო მესაკუთრეა და მისი გადასაწყვეტია, ვის შეუშვებს ბაზარში, ხოლო თავად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

„ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის წარმოებაში ხელის შეშლის ფაქტი და შეიცავს დისკრიმინაციის ნიშნებს, რაკი სხვა პარტიას მიეცა იგივე ქმედების, ანუ წინასაარჩევნო შეხვედრის და აგიტაციის წარმოების საშუალება,“ – მიიჩნევს „სამართლიანი არჩევნების“ აჭარა-გურიის კოორდინატორი, მადონა ბერიძე. ის ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ყველა პარტიას და კანდიდატს თანაბარი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ამოჩეველთან წინასაარჩევნო კამპანიის წარმოების.

ამ ფაქტის შესაფასებლად „ბათუმელები“ ზაალ მიქელაძეს დაუკავშირდა, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს ქობულეთში და აჭარის ჯანდაცვის ყოფილ მინისტრს. მან გვითხრა, რომ ამომრჩევლებს ხვდება და ამ დაპირისპირების შესახებ არაფერი იცის. მისთვის მიუღებელია და არ სჯერა ის, რომ აგრარულ ბაზარში ვინმე სააგიტაციო მასალების გასავრცელებლად არ შეუშვან.

„…არ მჯერა, რომ ასე იყო, მე ვიცი, რომ „ლელოს“ აქტივისტები არიგებდნენ მასალებს და არ შეშლიათ აქამდე ხელი, ჩემს ახლობლებთან ერთად ჰქონდათ გადაღებული ფოტო და აქედან ვიცი, ადრე თუ არიგებდნენ უპრობლემოდ, ახლა რატომ შეეშლებოდათ ხელი? არ ვიცი… ჩემთვის მიუღებელია აგრესია და ხელშეშლა, “ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

კორონავირუსი კანზე 7 საათით მეტს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი – კვლევა

SARS-CoV-2 ადამიანის კანზე დაახლოებით 9 საათს ძლებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება A ტიპის გრიპის ვირუსის (IAV) გამძლეობას კანზე, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 2 საათამდეა.

„კანზე SARS-CoV-2-ის ხანგრძლივად დარჩენა ზრდის კონტაქტით გადაცემის რისკს; ამასთან, ხელის ჰიგიენამ შეიძლება საგრძნობლად შეამციროს ეს რისკი”, – ამის შესახებ კიოტოს პრეფექტურის სამედიცინო უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაში წერია, რომელიც 3 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

ადამიანის კანზე SARSCoV-2-ის სტაბილურობის დასადგენად მკვლევარებმა შეაფასეს სპეციალურ სითხეში და ასევე ზედა სასუნთქი გზების ლორწოში შერეული SARS-CoV-2 და A ტიპის გრიპის ვირუსის გამძლეობა ადამიანის კანის ზედაპირზე და თერმული დეზინფექციის ეფექტურობა.

  • „SARS-CoV-2 და A ტიპის გრიპის ვირუსი (IAV) უფრო სწრაფად კარგავენ ძალას კანის ზედაპირზე, ვიდრე სხვა ზედაპირებზე [უჟანგავ მეტალზე/მინაზე/პლასტმასზე];
  • SARS-CoV-2-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად აღემატებოდა A ტიპის გრიპის ვირუსისას (IAV) [9.04 სთ და 1.48 სთ].
  • სხვა ზედაპირებზე A ტიპის გრიპის ვირუსმა ქმედუნარიანობა უფრო სწრაფად დაკარგა როცა ლორწოში იყო, ვიდრე სხვა გარემოებებში, მაშინ როცა SARS-CoV-2-მა მსგავსი სტაბილურობა აჩვენა როგორც ლორწოში, ისე სხვა მედიუმში;
  • SARS-CoV-2-ის სიცოცხლის ხანგრძლივობა  მნიშვნელოვნად აღემატებოდა A ტიპის გრიპის ვირუსის (IAV)-ის სიცოცხლის ხანგრძლივობას [11.09 სთ და  1.41 სთ)” – წერია კვლევაში.

რაც შეეხება პროფილაქტიკას, კვლევაში წერია, რომ ადამიანის კანზე მოხვედრილმა SARS-CoV-2-მა და A ტიპის გრიპის ვირუსმა ლორწოსა თუ სხვა სითხეში სრულად დაკარგეს ძალა 15 წამში ეთანოლის გამოყენების შედეგად. 

ადამიანის კანზე მოხვედრილი SARS-CoV-2-ის 9-საათიანი სიცოხლისუნარიანობა შეიძლება ზრდიდეს კონტაქტით გადაცემის რისკს IAV-თან შედარებით და ამდენად, აჩქარებდეს პანდემიას. SARS-CoV-2 ინფექციების გავრცელების პრევენციისთვის  მნიშვნელოვანია ხელის ჰიგიენის სათანადოდ დაცვა.

თავს შევიკავებთ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება მეწყრის ზონაში მცხოვრებთა შესახებ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიფიქრეს ინფორმაციის გაცემა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს ეხება. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რამდენი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ასევე, რა რისკები არსებობს. ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც ხელვაჩაურში ჩამოწოლილმა მეწყერმა ერთი ოჯახი, მთლიანობაში კი 5 ადამიანი იმსხვერპლა.

უწყება თავდაპირველად სპეციალისტის ჩაწერაზე შეგვითანხმდა – გვითხრეს, რომ „პრობლემა არ იქნებოდა“ და სპეციალისტს ზოგადი წარმოდგენა ჰქონდა კითხვებზე, რადგან საკითხი წინასწარ მოძიებულ და დამუშავებულ ინფორმაციას შეეხებოდა. შეთანხმების პროცესში გვითხრეს რესპონდენტის სახელი და გვარიც – სპეციალისტის, ვინც მეწყერსაშიშ ზონების შესახებ ფლობს ინფორმაციას. „ველზეა ახლა გასული სამუშაოდ, როგორც კი დაბრუნდება დაგიკავშირდებით“, – გვიპასუხეს პრესსამსახურში.

კომუნიკაცია და შესაბამისი თანხმობა გვქონდა რესპონდენტთანაც, რომელმაც მოგვიანებით ჩვენს სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.

რატომ მიმართა „ბათუმელებმა“ აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს? –  საქმე იმაშია, რომ მოქალაქეების განცხადებები მეწყერსაშიშ ვითარებასთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, თავს სოფლის მეურნეობის სამინისტროში იყრის.

სოფელ ქვედა ჯოჭოში 5 ადამიანის დაღუპვის შემდეგ არაერთმა ოჯახმა განაცხადა, რომ სიცოცხლისთვის საშიშ გარემოში ცხოვრობს, მაგრამ ადგილობრივი ხელისუფლება მათ პრობლემას უგულებელყოფს. მოქალაქეები ჩივიან იმაზე, რომ ამ საკითხზე მათ კითხვებს სახელმწიფო არ პასუხობს.

თითქმის ერთკვირიანი კომუნიკაციის შემდეგ უწყებაში „ბათუმელებსაც“ იგივე უთხრეს, რაზეც მოქალაქეები ჩივიან – „კომენტარისგან თავს შევიკავებთ“.

აქვე ერთი საყურადღებო დეტალიც – სამინისტროში არ უთქვამთ, რომ ინფორმაცია არ აქვთ ან დასამუშავებელია. თქვეს, რომ „თავს შეიკავებენ“, ანუ კანონით დაკისრებული მოვალეობის შესრულებაზე განაცხადეს უარი.

საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულება მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვალდებულებაა, რასაც საჯარო უწყებას კანონი ავალდებულებს. ღიაობა და მუდმივად ამომრჩეველთან კონტაქტში ყოფნა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი დაპირებაა 2020 წლის არჩევნებზე. თუმცა, არჩევნების მოახლოებასთან ერთად ხელისუფლებისგან საზოგადოებრივად მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხის მიღება უფრო და უფრო ჭირს.

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს.

კრედიტი სამი მიმართულებით გაიცემა: საბრუნავი/ძირითადი საშუალებებისთვის და მექანიზაციის ქვეკომპონენტისთვის. საბრუნავი საშუალებებისთვის 5000-დან 100 000 ლარამდე სესხის აღებაა შესაძლებელი. სესხის ვადა 36 თვემდეა, თუმცა პროექტის ფარგლებში არსებული თანადაფინანასება 6 თვეს მოიცავს, რის შემდეგაც მომხმარებელი პროცენტს სრულად გადაიხდის.

ძირითადი საშუალებების შემთხვევაში, ფინკა ბანკში კრედიტით სარგებლობა 20 000-დან 150 000 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი. სესხის ვადა 60 თვემდეა, თუმცა თანადაფინანსება პირველ 48 თვეს ეხება.

მექანიზაციის ქვეკომპონენტი მომხმარებლებს 7 000-დან 150 000 ლარამდე სესხით სარგებლობის საშუალებას აძლევს, სადაც თანადაფინანსებით სარგებლობა 48 თვემდეა შესაძლებელი. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ფინკა ბანკს მიკრო დაფინანსების სფეროში ერთ-ერთ- წამყვანი პოზიცია უჭირავს. ბანკის მომხმარებლების 70% სოფლად მცხოვრებია, სადაც პოტენციურად კვალიფიციურ ფინანსურ მომსახურებაზე შეზღუდული წვდომაა. ფინკა ბანკი აქტიურად თანამშრომლობს სერვისის სხვა მომწოდებლებთან, რათა მომხმარებლებს ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და განვითარებისათვის სათანადო პროდუქტები და მომსახურება შესთავაზოს.

შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ ფინკას ბანკის სერვის ცენტრებს საქართველოს 32 ქალაქში, შეავსოთ ელექტრონული განაცხადი ან დაგვირეკოთ *4949.

 

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

აჭარაში პირველი ოქტომბრიდან დღემდე, 12 დღის განმავლობაში, კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის.

დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების  სტატისტიკა ასე გამოიყურება:

  • 12 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი
  • 11 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 10 ოქტომბერი – 4 გარდაცვლილი
  • 9 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 8 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 7 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 6 ოქტომბერი – 3 გარდაცვლილი
  • 5 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 4 ოქტომბერი – 1 გარდაცვლილი
  • 3 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 2 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი
  • 1 ოქტომბერი – 2 გარდაცვლილი

ბოლო დღეებია აჭარაში კოვიდინფიცრების ახალი შემთხვევების რაოდენობა იკლებს, თუმცა ვირუსის შედეგად გარდაცვლილების რაოდენობა არ მცირდება.

გასულ კვირას აჭარაში თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი ლევან რატიანი იმყოფებოდა კონსულტანტების გუნდთან ერთად. მათი აჭარაში ჩამოსვლის მიზანი აჭარის კოვიდკლინიკებში კლინიკური მართვის ხარისხის შეფასება და მძიმე პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის კუთხით გამოცდილების გაზიარება იყო. რატიანმა განაცხადა, რომ ბათუმსა და ქობულეთში ყველა კოვიდკლინიკა სტანდარტს აკმაყოფილებს და კლინიკები პროტოკოლის მიხედვით მუშაობენ.

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით აჭარაში მთავარი გამოწვევა კრიტიკული პაციენტების მართვაა.

ამავე თემაზე: 

აჭარის ინციდენტობის მაჩვენებელი ქვეყნის ზოგად მაჩვენებელზე დაახლოებით 10-ჯერ მეტია — გამყრელიძე

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია.

პროექტში ჩართული არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეები (მათ შორის, მცირემხედველები და უსინათლოები) თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტები და პედაგოგები, რომლებმაც შექმნეს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევრები და ინსტალაციები.

„ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის“ ფეისბუქ გვერდზე, წარმოდგენილი იყო გამოფენა. მოგვიანებით კი გამოფენა თბილისის სამხატვრო აკადემიაში გაგრძელდება. საბოლოოდ, ნამუშევრები გადაეცემა ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტს, სადაც გამოიფინება და ნებისმიერ მსურველს ექნება მათი ნახვის შესაძლებლობა.

პროექტის მიზანია სახვითი, სამუსიკო, სათეატრო შემოქმედების ინოვაციური მეთოდებით, ფორმებითა და საშუალებებით ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების ურთიერთსაკომუნიკაციო პლატფორმის ინკლუზიური მოდელის (შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ტიპური განვითარების ადამიანების ინტეგრირებული შემოქმედებითი სივრცის) შექმნა.

პროექტის ფარგლებში შედგა ონლაინ შეხვედრა, რომელშიც აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, აკაკი ძნელაძე, თბილისის სამხატვრო აკადემიის რექტორი, გიორგი გუგუშვილი, პროექტის ორგანიზატორები მონაწილეობდნენ. მათ ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია ხელი შეუწყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შემოქმედებითი უნარების განვითარებას, მათი შესაძლებლობების მაქსიმალურ გამოვლენას და საზოგადოებაში მათ ეფექტურ ჩართვას.

პროექტის ორგანიზატორები არიან: თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, საქართველოს კულტურის აკადემია, ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტი, ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი

ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

შესაძლებლობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის!

მოიპოვე სკოლა „ნიკეს“ გრანტი და ისწავლე უფასოდ CODING-ი!

[checklist]

  • აჭარის ნებისმიერი სკოლის მოსწავლეს შეუძლია მოიპოვოს გრანტი და ისწავლოს უფასოდ „ნიკეში“ Coding-ი;
  • გრანტის მისაღებად კონკურსში მონაწილეობა მოსწავლეებს მერვე კლასიდან შეუძლიათ;
  • გაკვეთილები ჩატარდება ონლაინ, კვირაში ორჯერ, 3 თვის განმავლობაში;
  • გრანტის მიღება შესაძლებელია შესარჩევი კონკურის მეშვეობით;
  • შეავსე განაცხადი და ისწავლე უფასოდ.

[/checklist]

https://docs.google.com/forms/d/1rplLC-4sLKEw3vnGOLvQlYs4JWy_ZMgBb70-4P4hVSs/edit?usp=sharing

თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერა-კითხვისა თუ გამრავლების ტაბულის. ეს ცოდნა დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება.

სწორედ ამიტომ, მრავალ განვითარებულ ქვეყანაში კოდის წერა ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში ისწავლება, თუმცა საქართველოში მოსწავლეებს ამის საშუალება არ აქვთ.

იმისთვის, რომ მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ პროგრამირების შესწავლა, „ნიკე Coding-ი“ იწყებს კურსებს პროგრამირებასა და მათემატიკაში.

ბათუმში 55 წლის კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა.

„სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო კრიტიკული, აღენიშნებოდა სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი ბრონქოპნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. კლინიკის მიერ გატარდა ყველა საჭირო ღონისძიება, პაციენტი მოთავსდა იზოლირებულად და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. აღებული იქნა ნიმუში PCR კვლევისთვის, დადასტურდა COVID -19. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, მკურნალობა წარიმართა გაიდლაინის შესაბამისად, თუმცა პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – აღნიშნულია დიაგნოზში.

12 ოქტომბრის [13:30 სთ] მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კოვიდით გარდაიცვალა 92 პაციენტი.

კოვიდზე მასწავლებლების ტესტირება მალე დაიწყება – ამირან გამყრელიძე

დღეს, 12 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მალე დაიწყება მასწავლებლების ტესტირება კორონავირუსზე. მასწავლებლების ტესტირება შემთხვევითობის [random] პრინციპით იგეგმება.

ასევე, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ კორონავირუსის გამოვლენის შემთხვევაში არ მოხდება სკოლის სრული იზოლირება.

„თუ ერთი ბავშვი დაინფიცირდა, იმ შემთხვევაში კლასი და მასთან შემხებლობაში მყოფი ბავშვები და მასწავლებლები გადადიან თვითიზოლაციაში. ასეთი წერტილოვანი შეზღუდვები განხორციელდება“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მის თქმით, წერტილოვანი შეზღუდვები იქნება არა მარტო სკოლებში, არამედ დიდ დაწესებულებებშიც. იმავე პრინციპით იგეგმება შეზღუდვები საბავშვო ბაღებშიც.

 

„აჭარაში არ ჩაითვალა საჭიროდ შეზღუდვების მოხსნა“ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ჯერ კიდევ არ იგეგმება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

„აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ იმ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა ამ ეტაპზე, ჯერ კიდევ რამდენიმე ხნის განმავლობაში, სანამ ერთი ინკუბაციური პერიოდი მაინც არ გავა.

იცით, იქ შიდა ტრანსპორტი არ მოძრაობს, სწავლა დისტანციურია, რესტორნები 10 საათის შემდეგ იკეტება და ა.შ.

სანამ გარკვეულ ნიშნულზე არ ჩამოვა სტაბილიზაცია, სანამ არ გვექნება სტაბილურად რამოდენიმე დღის განმავლობაში სულ მცირე ერთი კვირა მაინც, შედარებით მცირე რაოდენობა, მანამდე არ არის რეკომენდებული ამ შემზღუდველი ღონისძიებების მოხსნა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კორონავირუსის ეპიდემიის შესაკავებლად შეზღუდვები აჭარაში 25 სექტემბერს დაწესდა. კერძოდ, აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, საღამოს ათი საათის შემდეგ რეგიონში არ მუშაობს რესტორნები და კაფე-ბარები, არ განახლდა სწავლა სკოლისა და სასწავლებლების შენობებში.

აჭარის მთავრობამ გასული კვირის ბოლოს დაანონსა შეზღუდვების მოხსნა, თუმცა დღეს, 12 ოქტომბერს, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში თუ არ დაფიქსირდა ეპიდსიტუაციის სტაბილიზაცია, შეზღუდვების მოხსნა არ არის რეკომენდებული.

აჭარაში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 521 პაციენტი, რეანიმაციაშია 52 ინფიცირებული.

დღეის მონაცემებით, რეგიონის Covid სასტუმროებში იმყოფება 892 ადამიანი, ხოლო ბინაზე მკურნალობს 1000-მდე ინფიცირებული.

______________

ფოტოზე: თბილისის ინფექციური საავადმყოფოს მედპერსონალი. წყარო: nplg.gov.ge

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 12 272.

stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 6538, გარდაიცვალა 91. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5590, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 1393.

 

 

48 ოჯახმა ხულოში ჟოლოს ბაღი გააშენა ევროკავშირის მხარდაჭერით

ბათუმ-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე მდებარეობს სოფელი დიოკნისი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. დაახლოებით 9 წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ადგილობრივები ჯერ კიდევ წინაპრების მიერ დატოვებულ მეურნეობებს უვლიდნენ, გურამ ძირკვაძემ გადაწყვიტა ვაზის კულტურის პარალელურად (იგი ფლობს 15 ჯიშის ყურძენს), გაეშენებინა კენკროვანი კულტურა. თავდაპირველად მის წამოწყებას ყველა ეჭვის თვალით უყურებდა, რადგან ხულოს მუნიციპალიტეტში არ იყო მსგავსი კულტურის მოვლა-მოყვანის დიდი ტრადიცია, შესაბამისად ეს მიმართულება სიახლეს წარმოადგენდა. გურამმა კი ევროკავშირის პროექტთან თანამშრომლობის შემდეგ გადაწყვიტა გაერისკა. იგი ჩაერთო ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ გამოცხადებულ პროექტში, მიიღო გრანტი, კონსულტაცია და ტექნიკური დახმარება, უამრავი სირთულე შრომით გადალახა და დღეს მას ქვეყანაში ხარისხიანი კენკროვანი კულტურის მწარმოებლად იცნობენ.

„თავდაპირველად უამრავ დაბრკოლებას შევეჩეხეთ, თუმცა მე და ჩემმა მეუღლემ შევძელით ეტაპობრივად გადაგველახა ისინი. ევროკავშირის მხარდაჭერით ჩვენ საწყისი ეტაპიდან მივიღეთ არამხოლოდ თეორიული ცოდნა, არამედ პრაქტიკული გამოცდილება. დავდიოდით სხვადასხვა ტრენინგზე, ვსტუმრობდით აღმოსავლეთ საქართველოში გაშენებულ ბაღებს და ვაგროვებდით ინფორმაციას. შედეგად ამ წლების მანძილზე დაგროვილი ცოდნითა და გამოცდილებით, ჩვენ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რეგიონში ექსპერტებად ვითვლებით, რაც ყველაფერთან ერთად დიდი პასუხისმგებლობაცაა“ – აღნიშნავს გურამი.

 

გურამის ჟოლოს ბაღი ერთ-ერთია ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ამ ეტაპზე დაფინანსებული 73 ინიციატივიდან. LAG-მა ბოლო სამი წლის განმავლობაში რეგიონის ეკონომიკური თუ სოციალური ცხოვრება თავდაყირა დააყენა: „ხულო მეტად გაიზარდა, გაუმჯობესდა სამოქალაქო ცნობიერება, მოქალაქეები უფრო აქტიურად ცდილობენ და ერთვებიან მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესში. ამ ეტაპზე, ხულოს ლაგში 75 ადამიანია გაწევრიანებული, ყველა ცდილობს სარგებელი მოუტანოს მუნიციპალიტეტს თავიანთი ჩართულობით“ – გვიყვება ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრი ასლან ტუნაძე.

ძირკვაძეების ოჯახმა საქმიანობის საწყის ეტაპზევე გააცნობიერა, რომ საჭირო იყო ამ საქმიანობაში სხვა ადამიანების ჩართვა, რადგან მაღალმთიანი აჭარის კლიმატი საშუალებას იძლევა ნაკლები დანახარჯითა და ჩარევით მიეღო ხარისხიანი მოსავალი. შესაბამისად, მათ დაიწყეს ნერგების გაცემა და ამით თანასოფლელებს საქმიანობის წამოწყებაში შეუწყვეს ხელი. დღეს, გურამის და ხულოს LAG-ის მხარდაჭერით ამ ბიზნესში 48 ადგილობრივი ოჯახია დასაქმებული.

„ხულოში მცირე მიწები გვაქვს, შესაბამისად ამ ტერიტორიებზე ვთქვათ კარტოფილის მოყვანას ბევრად სჯობს მარცვლეული კულტურა აწარმოო. გარდა ამისა, აქაური ჰავიდან გამომდინარე ჩვენ არ გვიწევს მოსავლის შეწამვლა, ანუ ჩვენი პროდუქტი ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღია. ეს კი გვიჩენს ამბიციას, რომ ბაზარზე თავი დავიმკვიდროთ, რაც გამოგვიდს – ოქტომბრისთვის აჭარის ბაზრის 100%-იანი მომმარაგებლები ვართ. ევროკავშირის ხელშეწყობით ჩვენ შევძელით პროდუქტის ბრენდირება და მრავალი ათეული კილომეტრის მოშორებით რეალიზაცია, რასაც მაცივარ-მანქანის დახმარებით ვახერხებთ. მანქანა ასევე აუცილებელია პროდუქციის დანაკარგების შესამცირებლად, ასევე მისთვის სასაქონლო სახის შესანარჩუნებლად, საბოლოო ჯამში კი ჰიგიენური და სურსათის უვნებლობის სხვა ნორმების დაცვით საქონლის მომხმარებლამდე მისაწოდებლად“ – გვიყვებიანი ძირკვაძეები.

ევროკავშირის მხარდაჭერით დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩართულობით ნაკვეთზე ასევე მოეწყო სარწყავი სისტემა, რომელიც რესურსების ოპტიმიზაციისთვის აუცილებელია. როგორც ოჯახი ამბობს, წელს მინიმუმ 20 ტონამდე კენკროვანის რეალიზებას მოახდენენ, რითაც მთლიან აჭარას მოამარაგებენ. ძირკვაძეები სიამაყით ამბობენ, რომ მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის კენკროვან კულტურებს სთავაზობენ, რაშიც დიდი როლი ევროკავშირის პროექტს მიუძღვის – ბატონი გურამი დარწმუნებულია, რომ LAG-ის გარეშე საქმიანობა ასე მარტივად ვერ აეწყობოდა, შესაბამისად, საშუალებაც არ ექნებოდა დაესაქმებინა სხვა ადამიანები.

თავის მხრივ, LAG-ში მოხარულები არიან, რომ ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობაში წვლილი მათაც მიუძღვით: „გურამ ძირკვაძე მნიშვნელოვან საქმეს აკეთებდა და აკეთებს მუნიციპალიტეტისთვის. გარკვეულ ეტაპზე ის საჭიროებდა ხელშეწყობას, სწორედ ამ მიზნით ჩაერთო იგი პროექტში, გაიარა საგრანტო კონკურსით გათვალისწინებული ეტაპები და მიიღო დაფინანსება. ჩვენ შედეგად მივიღეთ არამხოლოდ ერთი გაძლიერებული ოჯახი, არამედ უამრავი შემოსავლის მქონე ადამიანი, რომელთაც არ უწევთ სარჩოს საძებნელად მრავალი ათეული თუ ათასეული კილომეტრის გავლა“ – გვიყვება ასლან ტუნაძე.

ძირკვაძეების ოჯახისთვის მნიშვნელოვანია არამხოლოდ წარმოებული პროდუქტი, არამედ ცხოვრების სტილის შეცვლა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერება. როგორც ოჯახში ამბობენ, ევროკავშირის მიერ მრავალწლიანი ხელშეწყობის საფუძველზე, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ შეუძლია საკუთარ ქვეყანაში დასაქმდეს და ღირსეული შემოსავალი მიიღოს.

„ჩვენთან უკვე წამოვიდა ტენდენცია, რომ ახალგაზრდებს სურთ აგრონომიულზე სწავლა, ფიქრობენ, რომ ცოდნა მიიღონ და საკუთარ მიწა-წყალს გამოცდილები დაუბრუნდნენ. ეს მახარებს, რადგან ახალგაზრდების ამ კუთხით დაინტერესება სოფელს გააძლიერებს, ძლიერი სოფელი კი ძლიერი ქალაქი და ქვეყანაა“ – ამბობს გურამ ძირკვაძე.


პროექტის შესახებ დეტალები იხილეთ: „ფაქტები და მონაცემები“.

ევროკავშირის მხარდაჭერით ადგილობრივი განვითარების ჯგუფები უკვე 12 მუნიციპალიტეტშია ჩამოყალიბებული, ესენია: ლაგოდეხი, ბორჯომი, ყაზბეგი, თეთრიწყარო, ახალქალაქი, დედოფლისწყარო, ქედა, ხულო, წალკა, ახმეტა, წყალტუბო და მესტია. საერთო ჯამში, დღემდე, ევროკავშირის მხარდაჭერით LAG-ების მიერ დაფინანსდა სოფლის განვითარების 500-ზე მეტი ინიციატივა სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, სოციალური და სოფლის ინფრასტრუქტურისა და გარემოს დაცვის მიმართულებით. შედეგად, დასაქმების შესაძლებლობები გაუჩნდა სოფლად მცხოვრებ 1000-ზე მეტ ოჯახს, ხოლო საარსებო პირობები სოფლად მცხოვრებ 10,000-ზე მეტ ადამიანს გაუუმჯობესდა. თუმცა, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები ბევრად მეტია ვიდრე კონკრეტული ციფრები-ისინი სოფლად მცხოვრები ადამიანების ხედვას, ენერგიას და ჩანაფიქრებს უყრიან თავს და საზოგადოებას სოფლის განვითარების საერთო მიზნის ქვეშ აერთიანებენ.

კამპანიის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო მასალები, მათ შორის ფოტო და ვიდეოისტორიები სრულად განთავსებულია კამპანიის გვერდზე: ჩემი სოფელი

კაცის საშუალო ხელფასი თითქმის ყველა სექტორში ქალის ხელფასზე მეტია – საქსტატი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის თანახმად, 2019 წელს ქალების საშუალო ხელფასი საქართველოში 869.1 ლარია, ხოლო კაცების – 1 361.8 ლარი.

საქსტატის ინფორმაციით, 2019 წელს ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში – 5.7 პროცენტი, კაცებში – 6.3 პროცენტი შეადგინა. საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების საშუალო თვიური ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების საშუალო თვიურ ხელფასს.

ეს ტენდენცია უცვლელია ბოლო წლების განმავლობაში. დიაგრამის თანახმად, ყველაზე დიდი განსახვავება ქალისა და კაცის ხელფასს შორის 2008 წელს იყო.

მოსახლეობის 14%-ი ეთნიკური უმცირესობაა, მაგრამ მათ გვარებს გამსვლელ სიებში ვერ ნახავთ

„ეს ხელოვნური იქნება“, „ჩვენი პარტიის კარი ღიაა ყველასთვის“ – ძირითადად ამ პოზიციას ამოეფარნენ პარტიები, სადაც საარჩევნო პარტიულ სიებში ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლებზე ვიკითხეთ: რატომ არ არიან პარტიული სიის ათეულში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები? რატომ არ არის ერთი სომეხი, ან აზერბაიჯანელი, ან რუსი, მაგალითად, აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიულ სიებში? აჭარაში, მოსახლეობის ბოლო აღწერის მიხედვით, 5 ათასზე მეტი სომეხი ცხოვრობს და 3 ათასზე მეტი რუსი.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიების ათეულში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს ვერ ნახავთ. პირველ ათეულსა და „გამსვლელ სიაში“ არა, მაგრამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქა-იქ აღმოაჩენთ პოლიტიკური პარტიების საპარლამენტო სიებში. ისინი ძირითადად ამავე პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები არიან მარნეულში, გარდაბანაში ან ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სხვა საარჩევნო ოლქებში. პარტიული საარჩევნო სიებიდან ერთი რამ მარტივად ჩანს – ხელისუფლებაში მყოფ თუ ოპოზიურ პოლიტიკურ პარტიებს ამ საკითხთან მიმართებაში მსგავსი ხედვები აქვთ.

[red_box]ენმ: „ისინი აქტიურობენ, მაგრამ ხელოვნურად სიებში ჩასმა არ მიგვაჩნია სწორად“ [/red_box]

გიორგი კირთაძე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიის პირველი ნომერი და ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატი ვერ ამბობს, რომ ეთნიკური უმცირესობები ბათუმში არ გამოირჩევიან პოლიტიკური აქტიურობით. „სია განუზომლად დიდი ვერ იქნება“, – ამბობს ის, როცა ცდილობს ახსნას, რატომ ვერ მოხდა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიაში ეთნიკური უმცირესობის ერთი წარმომადგენელი მაინც.

„არ მიმაჩნია სწორად, ვიღაც ხელოვნურად იმიტომ ჩასვა, რომ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია… ვერ გეტყვით, რომ კომუნიკაცია არ გვქონდა, გვქონდა და ისინი ყოველთვის არიან ჩართულები პარტიის მუშაობაში, მაგრამ ახლა, უბრალოდ, ეს მოცემულობაა, ასე დალაგდა ეს სია. აქ განსაზღვრულია ადგილები, პარლამენტში ბევრად მეტი ადგილია… ისინი არიან ჩართული სხვადასხვა საუბნო კომისიებში წარმომადგენლებად, წევრებად… სასურველი იქნებოდა, სიებშიც ყოფილიყვნენ,“ – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

საბოლოოდ, ენმ-ს წარმომადგენელმა ეთნიკური უმცირესობების აქტიური პოლიტიკური პროცესის მიღმა დატოვება იმით ახსნა, რომ ეს ეთნიკური ჯგუფები ძირითადად ბათუმში აქტიურობენ, ახლა კი აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებია.

„ეს ადამიანები ძირითადად აქტიურები არიან ბათუმში და იქნებიან იმედია წარმოდგენილი ადგილობრივ თვითმმართველობაში, ეს არის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები,“ – დასძინა გიორგი კირთაძემ „ბათუმელებთან“.

ენმ-ს წარმომადგენელმა აქცენტი გააკეთა იმაზეც, რომ წელს „ნაციონალური მოძრაობას“ მარტოს არ შეუდგენია სია, სიებში ჩასვეს სხვა პოლიტიკური სუბიექტების კანდიდატებიც.

„გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშიას“ არც საპარლამენტო სიის ათეულშია ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. სიაში რამდენიმეა ამ ჯგუფებიდან, თუმცა ყველაზე ახლოს – მე-17 ადგილზე აბდულა ისმაილოვია.

[yellow_box]ლელო: „ხელოვნური ჩარევა, რომ აპრიორი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გყავდეს, არ ვეთანხმები“ [/yellow_box]

„…რატომღაც ჩვენს სივრცეებში არ ჩანდა ისეთი აქტიური პოლიტიკური ფიგურა, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, რომელიც გაწევრიანდებოდა „ლელოში“, – ამბობს „ბათუმელებთან“ ირაკლი კუპრაძე. ის „ლელოს“ საპარლამენტო სიის მეხუთე ნომერია და ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარლამენტში.

ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ პარტიის პოლიტსაბჭო გამოკითხვებით და კვლევებით ხელმძღვანელობდა და მას კონკრეტული კრიტერიუმები ჰქონდა – კვალიფიციურობა, სანდოობა, პატიოსნება, პოზიტიური ნდობის მაჩვენებელი…

„განხილვისთვის მაინც კანდიდატი რომ გვყოლოდა, წაგვეხალისებინა და ამ ტიპის მნიშვნელობის დამატებითი ბენეფიტი მიგვეღო, ამის შესაძლებლობა არ გვქონია, ჩვენდა სამწუხაროდ… ჩვენ უნდა ხელი შევუწყოთ ყველა ტიპის ეთნიკურ ჯგუფს, ყველა ტიპის უმცირესობას, რომ ისინი გაძლიერდნენ, მაგრამ აპრიორი ხელოვნური ჩარევა, რომ ეთნიკური უმცირესობის, ან წარმომავლობის გამო ისინი სხვაზე წინ უნდა იყვნენ, მე ამას არ ვეთანხმები“, – მიიჩნევს ირაკლი კუპრაძე.

„ლელოს“ საპარლამენტო სიაში პარლამენტში მოხვედრის ყველაზე დიდი შანსი გიორგი მორდეხაშვილს აქვს – ის ებრაულ თემს წარმოადგენს და პარტიულ სიაში მე-15 ადგილს იკავებს. ამავე სიის 26-ე ნომერია მურად მურადოვი. ის „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია მარნეულის და გარდაბნის ოლქში.

თუკი მურად მურადოვი აქტიურია და „ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატია, რატომ არ არის ის პარტიულ სიაში „გამსვლელ პოზიციაზე“? [სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, ნაკლებად მოსალოდნელია, „ლელომ“ 26 დეპუტატის შეყვანა შეძლოს პარლამენტში პარტიული სიიდან].

„…როცა ვსაუბრობთ მარნეულის ოლქზე, იქ ყველაზე გამოკვეთილი იყო მურად მურადოვი. თუ იქ შიდა კვლევებით გამოჩნდებოდა, რომ მეტი სანდოობით და კვალიფიციურობის მაჩვენებლით იქნებოდა გამორჩეული ვინმე სომხური წარმომავლობის, ან რა მნიშვნელობა აქვს, მაგალითად, ეკომიგრანტი აჭარიდან, ჩვენ მასზე გავაკეთებდით არჩევანს… შემდეგ უკვე მოხდა ამ კანდიდატების მაჩვენებლების შედარება… შესაბამისად, ამაზე მიუთითებდა კვლევები და არა ჩვენი შინაგანი, ემოციური პრეფერენციები და სურვილები,“ – აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ „ბათუმელებთან“.

[red_box]„პატრიოტთა ალიანსი“: თუკი არ იყო წინა პოზიციაზე, ხელოვნურად ხომ არ მოვიგონებდით? [/red_box]

ეს კითხვა გოჩა თევდორაძემ შემოგვიბრუნა, ის „პატრიოტთა ალიანსის“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო სიის მესამე ნომერია. გოჩა თევდორაძეს თავდაპირველად აჭარის უმაღლესი საბჭოს საარჩევნო სიაზე ვკითხეთ, რომლის ათეულშიც ასევე ვერ ნახავთ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელს.

„პარტია თავისი აქტივისგან წარმოადგენს პარტიულ სიას, ამ ეტაპზე ასე მოხდა. ამ ეტაპზე სიაში ქალები ჭარბობენ – საპარლამენტო სიაში 48 პროცენტი ქალია,“ – გვითხრა გოჩა თევდორაძემ და ფოკუსის გადმოტანა საპარლამენტო სიაზე სცადა, სადაც სხვა პარტიებთან შედარებით, მეტად არიან წარმოდგენილი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები.

„მაგალითად, სიის მე-9 ნომერია ებრაული წარმოშობის ცისანა სეფიაშვილი, მე-14 ადგილზეა სამველ პეტროსიანი, აზერბაიჯანელი მახირ უსუბოვი 24-ე პოზიციაზე, 25-ე ადგილზეა უკრაინელი ტატიანა მარტინენკო, მეტი ვინ გინდათ? ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელს ნახავთ ჩვენს სიაში,“ – დასძინა გოჩა თევდორაძემ.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი არც „ქართულ ოცნებას“ ჰყავს, როგორც საპარლამენტო სიის, ასევე უმაღლესი საბჭოს ათეულში. ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი – სავალან მირზოევი, მაგალითად, „ოცნების“ საპარლამენტო სიაში 35-ე ადგილს იკავებს. ის წინა მოწვევის პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატი იყო გარდაბნის მუნიციპალიტეტიდან. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა და საარჩევნო სიის წევრებმა: მამუკა მდინარაძემ, არჩილ თალაკვაძე და გიორგი ვოლსკიმ ჩვენს სატელეფონო ზარებს და შეტყობინებებს საერთოდ არ უპასუხეს. სწორედ მათგან გვინდოდა მოგვესმინა, რატომ ვერ მოხვდნენ ეთნიკური უმცირესობები მათ სიებში.

არმაზ ახვლედიანი, „ევროპული საქართველო“: არ მომწონს, თუ როგორ გვაქვს ეს გააზრებული მთლიან პოლიტიკურ სპექტრს

„მეტად, თუ ნაკლებად ეს ეხება მთლიან ქართულ პოლიტიკურ სპექტრს, უმრავლესობასაც და ოპოზიციასაც, არ მომწონს, თუ როგორ გვაქვს ეს გააზრებული ყველას ერთად. არასათანადოდ სახელმწიფოებრივია ეს მიდგომა. მე ვისურვებდი, რომ ეს თემა არ იყოს მეორეხარისხოვანი,“ – მიიჩნევს არმაზ ახვლედიანი. ის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია „ევროპული საქართველოდან“. საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს სიების ათეულებში არც ამ პოლიტიკურ პარტიას ჰყავს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. არმაზ ახვლედიანმა გვითხრა, რომ ამ საკითხზე პარტიის ლიდერებთან არ უსაუბრია, „ახლა დაგვიანებულია, მაგრამ მაინც დაელაპარაკება“.

„…სამწუხაროა, რა გითხრათ, მე რომ ვიყო გადაწყვეტილების მიმღები, მე ამ პროცესში არ მიმიღია მონაწილეობა, პირდაპირ გეტყვით, რომ არაერთ ადამიანს გავუწევდი რეკომენდაციას და ვისურვებდი, რომ ისინი ყოფილიყვნენ გამსვლელ სიაში. ვისურვებდი ასევე, რომ ისინი ყოფილიყვნენ მაჟორიტარ კანდიდატებად, მათ შორის, ბათუმში. ჩვენი სიმდიდრეა ჩვენი საზოგადოების ასეთი სასიამოვნო სიჭრელე, მათ შორის, ბათუმში მცხოვრები აფხაზები უფრო აქტიურად უნდა იყვნენ წარმოდგენილი პოლიტიკაში. მე ვიცნობ არაერთ აქტიურ ადამიანს საქართველოს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან, ვისი წარმოდგენაც უბრალოდ დაამშვენებდა პარლამენტს, საქართველოს მთავრობას, აჭარის საკანონმდებლო ორგანოს,“ – აღნიშნა არმაზ ახვლედიანმა „ბათუმელებთან“.

სხვა პოლიტიკური აქტორებისგან განსხვავებით, არმაზ ახვლედიანი მიიჩნევს, რომ მხოლოდ „პარტიის კარის გაღება“ საკმარისი არ არის. არმაზ ახვლედიანი საკუთარი პოლიტიკური გამოცდილებიდან გამომდინარე ყურადღებას ამახვილებს იმ გზავნილზე, რომლითაც ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ მათ მიერვე შემუშავებული პოლიტიკის გამართლებას – „შესაბამისი აქტიურობის გარეშე მათ სიებში ჩასმა ხელოვნური იქნება“.

„ზოგჯერ გადაულახავი ბარიერის წინაშე დგებიან ამ ჯგუფების წარმომადგენლები, ეს ყველამ კარგად ვიცით და თავს ნუ მოვიტყუებთ, მანამდე ბევრი სხვა კარია დახშული…

ხელოვნურად იმიტომ ეჩვენება ეს ბევრს, რომ გაუცხოების ტენდენციას ვამკვიდრებთ… პარტიული პრაგმატიზმის მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს სახელმწიფო ინტერესი. სახელმწიფო ინტერესი  გვკარნახობს, რომ ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენლები უნდა იყვნენ წარმოდგენილი ძალიან ღირსეულად საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. თუკი მე ამას ვაკეთებ იმისთვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მოვაწონო თავი, მაშინ გაქვს განცდა, რომ ეს ხელოვნურია. შინაგანად უნდა გჯეროდეს, რომ ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სიმტკიცისთვის, ჩვენივე მრავალფეროვნებისთვის… სანამ ასეთი მიდგომა ექნებათ პოლიტიკურ პარტიებს, ჩვენი საუკეთესო მოქალაქეები იქნებიან რაღაცნაირად წარმოდგენილები – ხელოვნურად,“ – დაასრულა არმაზ ახვლედიანმა.

რას ამბობენ ეთნიკურ უმცირესობის წარმომადგენლები: მოლოდინი არც გვქონდა, აღარ გვაინტერესებს, საუბარიც არ გვინდა

„ეს უკვე შეურაცხმყოფელია, მეზიზღება ამ თემაზე საუბარი. არცერთ პოლიტიკურ პარტიას პატივს არ ვცემ. ყველა პარტია ამ კუთხით ერთი და იგივეს აკეთებს… რამდენჯერ შეიძლება მოვყვე ერთი და იგივე?“ – კითხულობს არტურ ოგანესიანი. ის ბათუმში სომხურ სათვისტომოს წარმოადგენს. არტურ ოგანესიანი წლების წინ აქტიურად იყო ჩართული ადგილობრივი თვითმმართველობის და პოლიტიკის საკითხებში, საზოგადოებრივ დისკუსიებში. თანდათან, არტურ ოგანესიანი პოლიტიკურ პროცესს ჩამოშორდა და დღეს მას ამ თემებზე საუბარიც კი არ სურს.

ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში ნიჰილიზმის გააქტიურებაზე საუბრობს „ბათუმელებთან“ არნოლდ სტეპანიანი. ის სამოქალაქო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელია.

„ძირითად ნიჰილიზმია, აღარ აინტერესებთ, რაც ძალიან ცუდია, რადგან ადრე თუ გვიან ეს შეივსება სხვა რაღაცით და მეორეა ნეგატიური დამოკიდებულების გაძლიერება, რომ აი, ჩვენ ვართ უმცირესობა და პოლიტიკური ელიტა არ გვთვლის ღირსად, მონაწილეობა მივიღოთ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. როცა პარტიები ამბობენ, რომ სად არიან ისინი, ჩვენი კარი ღიააო, ეს რას ნიშნავს, თავისით მივიდეს? მე არ მჯერა, რომ პარტიის ლიდერები სხედან საკუთარ ოფისებში და ელიან, როდის მივლენ იქ აქტივისტები,“ – გვიყვება არნოლდ სტეპანიანი.

არნოლდი გაკვირვებას არ მალავს იმ კუთხითაც, რომ ლიბერალურად მოაზრებულ ოპოზიციურ პარტიებსაც კი ავიწყდებათ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ეთნიკური უმცირესობების წარმოდგენას პოლიტიკურ პროცესში ლიბერალური პოლიტიკური ძალებიც ფორმალურად ახდენენ.

არნოლდ სტეპანიანის დაკვირვებით, პარტიებს, ზოგადად, გაცილებით მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებათ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მხარდაჭერის მისაღებად, თუმცა აქტიური მუშაობით და მონდომებით, ფინანსების გარეშეც შესაძლებელია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების გულის მოგება., თუკი ისინი დაინახავენ, რომ პოლიტიკოსი მხოლოდ წინასაარჩევნოდ არ ცხადდება მათ ჭიშკრებთან.

„…რეალურად ბევრი ფულია საჭირო, რადგან ენაც კი ბარიერია, აქ მცხოვრები ადამიანების დიდი ნაწილი არ უყურებს ქართულ მედიასაშულებებს, შესაძლოა, საერთოდ არ იცოდნენ, ვინ ხარ და რა გაგიკეთებია. ამიტომაც, ძირითადად პოლიტიკური ელიტები ირჩევენ, ასე ვთქვათ, კლანს… კლანში შედიან ადგილობრივი, გავლენიანი ადამიანები: საჯარო მოხელეც შეიძლება იყოს, ბიზნესმენი, ადგილობრივი ავტორიტეტები და ამ კლანებით ცდილობენ არჩევნების მოგებას…

უკვე გამოჩნდა რამდენიმე ახალი პოლიტიკური ძალა საქართველოში, რომელიც სხვა სტრატეგიით მუშაობს – ამ პარტიებს არ დავასახელებ, მაგრამ ისინი ძირითადად არა კლანებთან, არამედ აქტიურ ახალგაზრდებთან თანამშრომლობენ. ეს ახალი მიდგომაა. პრობლემა ისაა, რომ ეს პარტიები ძირითადად არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე მოდიან, მანამდე არ ჩანან…

მეორე მიზეზი, რატომაც ხდება ასე, არის სტერეოტიპი, რომ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ ადგილებში მაინც მმართველი პარტია იმარჯვებს, მაგრამ ასეა არაა. ბოლო რამდენიმე წლის შედეგები აჩვენებს, რომ, მაგალითად, ქვემო ქართლში იგივე მმართველი პარტიის რეიტინგი შესუსტდა. ადრე დაახლოებით 100-პროცენტიან მხარდაჭერას იღებდა მმართველი პოლიტიკური ძალა.

მე უშუალოდ ვიცნობ რამდენიმე პოლიტიკური პარტიის ლიდერებს, რომ ვთქვა, რომ ისინი ქსენოფოები არიან, ან ეთნოცენტრისტები, მოვიტყუები, მაგრამ არჩევნებზე ეს რეალობაა… სადღაც სიების 45-ე თუ 52-ე ადგილზე ჩაგვსვამენ და ესაა, თითქოს ვიღაცის წინაშე თავს იწონებენ, არ ვიცი,“ – გვითხრა არნოლდ სტეპანიანმა.

როგორ ხდება, რომ ევროპისკენ მომართულ პარტიებს ეთნიკური უმცირესობების პრობლემები და ამ ადამიანების აქტიურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში არ აღელვებთ, ხოლო, მაგალითად, ქსენოფობიით და თურქოფობიით გამორჩეულ „პატრიოტთა ალიანსს“ რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფიდან?

„ამ შემთხვევაში, „პატრიოტთა ალიანსი“ ცდილობს, ერთგვარი საპირწონე შექმნას, თითქოს ფობიები არ აქვს… მეორე მხრივ, სომხურ წარმომადგენლობაში ძალიან აქტუალურია თურქოფობია, ამაზეც აქვს გათვლა ალიანსს, მათ პარტიულ სიაში უმრავლესობა სწორედ სომეხია,“ – აღნიშნა არნოლდ სტეპანიანმა.

სამოქალაქო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ხელმძღვანელის თქმით, პოლიტიკურ პროცესებში ეთნიკური უმცირესობების ჩართულობის საკითხი აინტერესებთ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთშიც.

„ეს არის პირდაპირი გზავნილი აფხაზებსა და ოსებთან. სხვადასხვა შეხვედრაზე უკითხავთ, მართლა შეიცვალა სიტუაციაო? თუ შეიცვალა, გვაჩვენეთ აბა, სად ჩანსო. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, მაგრამ ამაზე საერთოდ არ ვფიქრობთ ჩვენ.

მე არ ვფიქრობ, რომ ეს დამოკიდებულება არის ტოლერანტობის, ან მისი არარსებობის ნიშანი, მაგრამ როცა გაქვს ქვეყნის ხელმძღვანელობის ამბიცია, ან ზოგადად პოლიტიკურ პროცესში ყოფნის სურვილი, ამ დროს უნდა ითვალისწინებდე მოსახლეობის დაახლოებით 20 პროცენტის ინტერესებსაც,“ – უთხრა არნოლდ სტეპანიანმა „ბათუმელებს“.


Exit mobile version