მთავარი,სიახლეები

ავტომანქანის მყიდველებს ბრალდებულები თაღლითურად არიცხვინებდნენ ფულს | შსს 

15.12.2020 • 1116
ავტომანქანის მყიდველებს ბრალდებულები თაღლითურად არიცხვინებდნენ ფულს | შსს 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,  ჯგუფურად ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით დაკავებულია 3 პირი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულები, მათ მიერ წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით, ავტოპორტალ myauto.ge-ზე ათავსებდნენ ვითომ გასაყიდი ავტომობილების ფოტოებს და საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასს უთითებდნენ, ავტომობილების შეძენის მსურველ პირებს კი ავტომანქანის გადაცემამდე, წინასწარ, მოტყუებით არიცხვინებდნენ მითითებული თანხის ნაწილს სხვადასხვა საბანკო ანგარიშზე, რის შემდეგაც აღნიშნულ თანხებს თაღლითურად ეუფლებოდნენ.

შსს-ს ცნობით, ბრალდებულები კვალის დაფარვის მიზნით, სხვადასხვა მობილურ ტელეფონსა და ნომრებს იყენებდნენ, გამოყენების შემდეგ კი სიმბარათებს ანადგურებდნენ.

სამართალდამცველებმა სამივე პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში დააკავეს. შსს იუწყება, რომ პოლიციამ ნივთმტკიცების სახით ამოიღო მობილური ტელეფონები, რომლებითაც ბრალდებულები დანაშაულის ჩადენის დროს სარგებლობდნენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილ თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: