მთავარი,სიახლეები

„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

14.12.2020
„ოცნებამ“ აჭარის ახალ უმაღლეს საბჭოში თანამდებობები გადაინაწილა

დღეს, 14 დეკემბერს, ბათუმში, „ქართული ოცნების“ ოფისში განცხადება გააკეთა მეხუთე მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“, ტიტე აროშიძემ.

უმაღლეს საბჭოში უმრავლესობამ თანამდებობები გადაინაწილა.

ტიტე აროშიძე

ტიტე აროშიძის განცხადებით, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ ისევ დავით გაბაიძე იქნება წარდგენილი, მისი მოადგილის ანუ ვიცე-სპიკერის პოსტს კი ტიტე აროშიძე დაიკავებს.

რაც შეეხება ფრაქციებსა და კომისიებს, თანამდებობები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ფრაქცია „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი – გიორგი მანველიძე
  • ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჭეიშვილი
  • საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ვლადიმერ მგალობლიშვილი
  • საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე –  მარინე გვიანიძე
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ილია ვერძაძე
  • ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ცოტნე ანანიძე
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – დავით ბაციკაძე
  • აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ფრიდონ ფუტკარაძე
  • გენდერული საბჭოს თავმჯდომარე – ფატი ხალვაში

ტიტე აროშიძის განცხადებით, აღნიშნული თანამდებობები „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული კონსულტაციების შედეგად გადანაწილდა, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძეც ესწრებოდა.

როგორც ტიტე აროშიძე ამბობს, ოპოზიციას, რომელსაც ამ შემთხვევაში მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს, სიები ჯერ არ გამოუთხოვია. ცნობილია, რომ ოპოზიცია უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარს აცხადებს.

„სიების გამოთხოვასთან დაკავშირებით განაცხადის წარდგენისთანავე მოხდება მათი დაკმაყოფილება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი  ჩვეულებრივად გააგრძელებენ მუშაობას უმაღლეს საბჭოში.

თუმცა, რადგან ოპოზიციას ამ დრომდე სიები არ გამოუთხოვია, ჯერ-ჯერობით უმაღლესი საბჭოს წევრის მოქმედი მანდატით სარგებლობენ, თუმცა მათ აირჩიეს, რომ ქუჩიდან გააგრძელონ ოპონირება და ჩვენ ამის საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. არც სიების გამოთხოვის შემთხვევაში და არც მათი უფლებამოსილების გაგრძელების შემთხვევაში“ – განაცხადა ტიტე აროშიძემ.

მისი თქმით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ და მოადგილემ, თინა ზოიძემ დატოვეს უმაღლესი საბჭოს სია. მთავრობის თავმჯდომარედ ამჯერადაც თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურა იქნება წარდგენილი.

მეხუთე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხვალ, 15 დეკემბერს გაიმართება.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: