გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, აჭარის სანაპიროზე დღეს, 7 აპრილს, საღამოს 21 საათამდე შესაძლოა ქარი გაძლიერდეს.
ობსერვატორიაში აცხადებენ, რომ საქართველოს მახლობლად, თურქეთის ტერიტორიაზე, ქარის სიჩქარემ 18 მ/წამს უკვე გადააჭარბა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შესაძლოა ქარი აჭარის ტერიტორიაზეც 18-23 მ/წმ-მდე გაძლიერდეს.
აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, 7 აპრილის 21 საათიდან 8 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ, მთებში ზვავსაშიშროება, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წ-ში;
ჰაერის ტემპერატურა:
სანაპირო რაიონებში ღამით 5-10გრადუსი, დღისით 15-20 გრადუსი სითბო,
მთაში ღამით 1-6 გრადუსი, დღისით 7-12 გრადუსი სითბო.
ზღვის პროგნოზი:
სამხრეთ-დასავლეთის ქარი 7-12 მ/წმ-ში, უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა: კარგი, ტალღის სიმაღლე:
7-12 დმ (2-3ბალი); ზღვის წყლის ტემპერატურა: +11 გრადუსი.
მომდევნო 2 დღეს, 9 და 10 აპრილს, ბათუმსა და მთლიანად აჭარაში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა.
ფსიქიკური დარღვევები, ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებსაც ხშირად უვითარდებათ. რა გარემოებები იწვევს მოზარდობისა და ბავშვობის ასაკში ამ ტიპის აშლილობებს და რა უნდა ქნას მშობელმა, როგორ აღმოაჩინოს პრობლემა, რა მიიჩნიოს დარღვევად და რა ნორმად, როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს? – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი – ილიაუნის პროფესორი და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ფონდის დირექტორი.
რა ტიპის ფსიქიკურ აშლილობებს ვხვდებით ბავშვებსა და მოზარდებში, როგორ კლასიფიცირდება ეს დარღვევები?
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური აშლილობები, ძალიან უხეშად რომ დავყოთ, სამ ნაწილად იყოფა.
პირველი, ეს არის ნეიროგანვითარების დარღვევები, რაც ძალიან აშკარად ჩანს ბავშვობის ასაკში. ამაში შედის აუტისტური სპექტრის აშლილობები, დაუნის სინდრომი, სხვადასხვა ტიპის სპეციალური საჭიროებები.
აუცილებელია აბილიტაცია, დროული ჩარევა, რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ პრობლემას და რაც უფრო მალე ჩაერთვებიან ბავშვები და მშობლები თერაპიულ თუ სხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროგრამებში, მით უფრო მეტია ალბათობა, შეიძინოს ბავშვმა დასწავლადი სოციალური უნარ-ჩვევები.
მინახავს სოფელი ნორვეგიაში, ოსლოსთან ახლოს, სადაც დარღვევების დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ მრავლად, ცხადია ინტეგრირებულად, სხვებთან ერთად, ძალიან კარგად. ჰქონდათ სახლები, ბოსტნები, ისეთი საფუნთუშე, მთელ ოსლოს რომ ამარაგებდა უგემრიელესი ფუნთუშებით. ქორწინდებოდნენ, ქმნიდნენ ოჯახებს და ჰქონდათ ყველაფერი ნორმალურად ცხოვრებისთვის, სოციალიზაციისთვის.
მეორე ეს არის ფსიქოზური აშლილობები, როცა აზროვნებითი პროცესები ირევა, იწყება ჰალუცინაციები. სამწუხაროდ, ასეთმა ნიშნებმა შესაძლოა იჩინოს თავი ბავშვებსა და მოზარდებში. ბუნებრივია, აქაც, რაც უფრო სწრაფად ჩავერევით და ვმართავთ პროცესს, მით უკეთესი იქნება შედეგი.
ფსიქოზური აშლილობების მკურნალობა ბავშვებსა და ზრდასრულებში, თანამედროვე მიდგომებით, გულისხმობს არამხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას, როგორც საქართველოშია, სამწუხაროდ, არამედ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, ამ დროს არამხოლოდ ფსიქიატრი, არამედ მთელი გუნდი მუშაობს ბავშვის სხვადასხვა ტიპის საჭიროებებზე.
მესამე ჯგუფი, ეს არის ემოციური და ქცევითი აშლილობები. ეს ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობებია ბავშვებში. არის შემთხვევები, როცა ქცევითი აშლილობა და ღრმა ემოციური პრობლემები არ ჩანს ხოლმე აშკარად.
მახსოვს, ჩავატარეთ კვლევა ბავშვთა დიდი სახლების დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ. ბევრი მცირე ზომის საოჯახო სახლი შევისწავლეთ, იქ მცხოვრები ბავშვები და მოზარდები, მათი მომვლელები გამოვკითხეთ, კვლევის სპეციფიკური მეთოდი გამოვიყენეთ პრობლემების გამოსავლენად. ეს ბავშვები დიდი ინსტიტუციებიდან ახალგამოსული იყვნენ მაშინ, თუ არ ვცდები, 2012 წლიდან მოხდა ეს.
დიდი პრობლემები ჰქონდათ. იქ მცხოვრები ბავშვების დაახლოებით 80 %-ს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკური სპექტრის პრობლემები.
ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოზები, დაუნის სინდრომი და აუტისტური სპექტრი ცალკე დიდი თემაა. რით ხასიათდება მესამე – ქცევითი და ემოციური აშლილობები, რაც ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევებია?
ქცევით და ემოციურ აშლილობებში შედის ღრმა შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული აშლილობა, თვითდაზიანება, სუიციდური იდეები, კვებითი აშლილობები, ადიქტური ქცევები, როგორიცაა თამაშდამოკიდებულება, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ა.შ. ეს ძალიან დიდი ჯგუფია.
მოზარდობის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი. მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მოწყვლადია. ბოლო ათწლეულია, რაც აქტიურად ვიკვლევთ ჰორმონებს, ტვინს, მომწიფებას, განვითარებას და ვხედავთ, რომ გარდატეხის ასაკი არ მთავრდება 18 წლის ასაკში, არ მთავრდება ხანდახან 20 წლის ასაკშიც კი.
რა განაპირობებს და რა უწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებში ემოციურ, ქცევით აშლილობებს?
სტუდენტებს ვეკითხები ხოლმე ხშირად, რას ფიქრობენ, რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს, ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორები, ტემპერამენტი, თვითაღქმა, სოციალური გარემო თუ რა? მსჯელობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია: აშლილობებს განაპირობებს ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები.
სხვაგვარად რომ ვთქვათ – მნიშვნელოვანია როგორი ბიოლოგიური წანამძღვრები აქვს ადამიანს, მნიშვნელოვანია პერსონოლოგია – როგორი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს ბავშვს. მოგეხსენებათ, ტყუპებიც კი შეიძლება სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფსიქოტიპის ინდივიდები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია გარემო, ოჯახი – ანუ მიკროგარემო, მერე კი დიდი გარემო სოციუმში გასვლის შემდეგ და ა.შ.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს ვაკვირდებით და ვსწავლობთ მკურნალობის, რეაბილიტაციის დროს, ვსწავლობთ თავისი რისკებით და დამცავი ფაქტორებით.
როგორ აღიქვამენ თავად ბავშვები თავიანთ პრობლემას, ემოციურ და ქცევით აშლილობებს და რა შედეგს იძლევა მკურნალობა?
ბავშვებს, მოზარდებს დიდი მედეგობა, გამძლეობა ახასიათებთ, აქვთ ასევე პრობლემებთან გამკლავების დასწავლილი მექანიზმები. საუკეთესო ვარიანტია, თუ მოზარდს, ბავშვს, ჰყავს უფროსი მეგობარი ან ოჯახის წევრი, ვისთანაც ღიად შეუძლია საუბარი, ეს ძალიან დიდი დამცავი ფაქტორია. ასევე დამცავი ფაქტორია, როცა ითხოვენ დახმარებას თავად ბავშვები და მოზარდები, თუ ფიქრობენ, რომ პრობლემა აქვთ.
გარდატეხის ასაკი ისეთი მძიმე პერიოდია, არ მგონია იყოს ადამიანი, ვისაც ამ ასაკში სირთულეები არ გამოეცადოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის რაღაც დარღვევამდე მაინც არ მისულიყოს, მეტ-ნაკლები სიმსუბუქითა თუ სიმძიმით.
სრულად დაცული და სტერილური ადამიანი არ არსებობს, როგორი ძლიერი ფსიქიკაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. აუცილებლად ყველას აქვს რაღაც ეტაპზე პანიკა, შფოთვები და შიშები, მაგრამ გააჩნია როგორი დამცავი მექანიზმებით ვუმკლავდებით აშლილობებს და რა დამცავი მექანიზმები შეგვიძლია ავამოქმედოთ სწორ დროს, მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად.
ძალიან ბევრი თვითდახმარების რესურსი არსებობს უცხოეთში, როცა ბავშვებმა, მოზარდებმა იციან ვის მიმართონ ცხელ ხაზზე დასახმარებლად, პრობლემების გასაზიარებლად და რჩევის საკითხავად.
ჩვენც ვაკეთებთ ასეთ ვებგვერდს წლებია უკვე, რომ ქართულადაც შეძლონ მოზარდებმა ინფორმაციის მოძიება, რომ გაიგონ რა სჭირთ, რასთან აქვთ საქმე, როცა მძიმედ არიან, როცა ინტერესს კარგავენ, როცა კონცენტრაციის უნარი უქვეითდებათ.
დახმარების ძიების ჩვევა ერთ-ერთი დამცავი ქცევაა, კარგი საშუალებაა გამოჯანმრთელების გზაზე.
ბათუმში მოქმედებს ბავშვების, მოზარდებისა და მშობლების დასახმარებლად ჯგუფი „სინერგია“, სადაც უამრავი ადამიანი გვირეკავს, გვწერს, არამხოლოდ აჭარიდან, მთელი საქართველოდან. პანდემიაში დისტანციურად ვუწევთ მსურველებს კონსულტაციას.
ძალიან ხშირად გვირეკავენ და გვწერენ 13, 14, 15 წლის მოზარდები. გვიყვებიან რა აწუხებთ. ალბათ უამრავი ბავშვი და მოზარდია, ვისაც უჭირს და არ იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ სჭირდება დახმარება.
კონსულტაციების, საუბრების შემდეგ რამდენად აცნობიერებენ ბავშვები და მოზარდები საკუთარ პრობლემებს, როგორ ეხმარებათ გამოჯანმრთელების გზაზე მათ პრობლემის რეალურად დანახვა?
სტენსილია ასეთი თბილისის ქუჩებში – „ხსნა ახსნაა“. როცა იგებ რატომ გაქვს სუიციდური აზრები ან იზიანებ თავს, როცა გაქვს პასუხი კითხვებზე, მერე დიდი ალბათობით შეიძლება აღარასდროს მოგინდეს გააკეთო იგივე.
მნიშვნელოვანია მედიაც ჩაერთოს ფსიქიკური პრობლემების საკითხების გაშუქებაში, რადგან ეს თემა აშინებს ხალხს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აშლილობების ხსენებისას ფიქრობენ, რომ აუცილებლად მხოლოდ ფსიქოზზეა საუბარი.
ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდი დგას მსოფლიოში პანდემიის გამო. განსაკუთრებით რთულია ეს დრო მოზარდებისა და ბავშვებისათვის.
დიდებისთვისაც შხამიანი გარემოა – როგორი ჯანსაღი ფსიქიკაც არ უნდა გქონდეს, როცა ყოველდღიურად სტრესში ხარ, ნეგატიური ინფორმაციის ველში, უნდა იცოდე, რომ ყოველდღიურ სტრესს აქვს საშინელი მექანიზმები: გფიტავს, კონცენტრაციის უნარს გიკარგავს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გიქვეითებს, ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედებს და ა.შ.
უნდა ვიზრუნოთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს. წელიწადზე მეტია მსოფლიო სრულიად გაურკვეველ რეალობას ეგუება, გარემო ძალიან დახლეჩილი, ფრაგმენტული და მტრულია ჩვენ ირგვლივ.
უნდა ვეცადოთ ამ გარემოში გადავარჩინოთ ბავშვები და მოზარდები, ეს გარემო მათზე ყველაზე მეტად ზემოქმედებს. უნდა ვეცადოთ არ შევეგუოთ სტრესის მიერ მოტანილ დანაკარგებს და უნდა შევძლოთ ამ მძიმე რეალობაში ვიპოვოთ რაღაც, რაც გაგვიხალისებს ცხოვრებას.
თითქოს ერთი შეხედვით სახელმწიფოებრივი პრობლემები არ ეხება მოზარდს, მაგრამ თუ მოზარდი აცნობიერებს, რომ სახელმწიფო არ არის სამართლიანი, არ მოიძებნება ღირსეული ადგილი მისთვის ამ ქვეყანაში, თუ არ არის პერსპექტივა, იმედი, იზრდება სუიციდი და დესტრუქციული ქცევები, ეს რეალობაა, სამწუხაროდ.
ძალიან გახშირებულია ბავშვებსა და მოზარდებში სტრესი, დეპრესიულობა, პანიკური შეტევები, კიდევ ბევრი რამ არის, რასაც ვერც ვამბობ…
რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს მოზარდებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას, როდის არის სპეციალისტისთვის მიმართვა აუცილებელი ქცევითი და ემოციური აშლილობების მძიმე ფორმებისგან თავდასაცავად?
ჩვენი, ჯგუფ „სინერგიის“ სერვისი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული აშლილობის მართვა. ანუ დროული ჩარევა მანამ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება.
ხშირად მშობელი იგრძნობს, რომ რაღაც შეიცვალა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უთმობს შვილს გონივრულ დროს, თუ აკვირდება და ესაუბრება. თუმცა ასეთი მჭიდრო კავშირის დროსაც კი მოზარდებს უჭირთ სიტყვებით გადმოსცენ რა სჭირთ, რას გრძნობენ და რა ხდება მათში, რადგან ისეთი ბობოქარი და ფერადოვანია მათი მდგომარეობა ხშირად, რომ ვერც კი გიყვება, რა ხდება მის თავს, ვერ ჰყვება ზუსტად რას განიცდის, სიტყვებშიც კი ვერ ატევს ამას, ამიტომ მშობელს განსაკუთრებული დაკვირვებულობა მართებს.
დავაკვირდეთ არავერბალურ ქცევებს, ჟესტიკულაციას, ავადმყოფობებსაც ვუთმობთ დიდ ყურადღებას – რადგან ხშირად ბავშვის ტანჯვა ავადმყოფობაში ვლინდება ხოლმე: თავისა თუ მუცლის ტკივილით, ასთმური შეტევით და ა.შ.
აუცილებელია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს, როცა ბავშვს ძილის, კონცენტრაციის, ყურადღების დარღვევა აქვს, როცა უხალისოდაა, ეტირება ხშირად, სწავლის სურვილისა და უნარის შემცირებას უჩივის, ღრმა შფოთვა და მძიმე უხასიათობა აქვს, დაკარგა ინტერესი ძველი საქმიანობებისადმი, რასაც ადრე სიხარულით აკეთებდა, ან როცა ძალიან იმპულსურია და ექსპლოზიური – ანუ სწრაფად ფეთქდება, როცა წონასწორობას კარგავს, აგრესიულია, რაღაცებს ამტვრევს და ა.შ.
თუ ვიდეოთამაშებსაა მიჯაჭვული ან მოიხმარს ნარკოტიკს და ექსპერიმენტებს ატარებს ნივთიერებებით, ასეთ დროს შეუძლიათ მშობლებსა და მოზარდებს დარეკონ ჩვენთან, „სინერგიაში“ კონსულტაციისთვის.
ვმუშაობთ ემოციური და ქცევითი აშლილობების პრევენციაზე, რამდენიმე აშლილობაზე ერთად. პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობებზე.
ხანდახან პირდაპირ შვილის წაყვანა ფსიქიატრთან არ არის აუცილებელი, ხან საკმარისია უბრალოდ მშობელმა თავად მიიღოს კონსულტაცია. ბევრი პრობლემა დაძლევადია სხვისი დახმარებით.
ზოგადად ძალიან დიდი ძალაა სხვა, დამხმარე ადამიანის ცნება, ეს გავრცელებული მიდგომაა, რომ არსებობდეს ვინმე სანდო, ოჯახის მიღმა, ვისაც ბავშვი მოუსმენს, ვისაც აქვს უნარი რაღაცები სხვაგვარად დაანახოს ბავშვს.
ბავშვებს არ ჰყოფნით ძალა და გამოცდილება პერსპექტივაში დაინახონ პრობლემა. მათ სჭირდებათ დახმარება, სხვა რაკურსით რაღაცების საჩვენებლად.
თუმცა ხშირად ,,გარე დამხმარის“, როგორც თქვენ აღნიშნავთ, აუცილებელი პერსონის დახმარებასაც ზოგიერთი მშობელი სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ შვილი „გაექცა“, რომ სხვა უკეთ ეხმარება მის შვილს, ვიდრე თავად და ამის გამო ფარულად შეიძლება ბრაზობდეს კიდეც მშობელი…
გარდატეხის ასაკი ხომ „პლაცენტის გადაჭრის“ ასაკია. აუცილებელია მშობელს ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ბავშვის განვითარების ეტაპებზე, მოზარდობის სირთულეებზე და მისი ურთიერთობა შვილთან მხოლოდ დედურ ინტუიციაზე არ იყოს დამყარებული.
თუ მშობელმა იცის რატომ ბრაზობს შვილი, რატომ ზრდის დისტანციას, რატომ ცდილობს მოიპოვოს ავტონომია, თუ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ ურთიერთობებში ეს ჩვეულებრივი რამაა და მარტო მის თავს არ ხდება ასე, მაშინ გაცილებით გაგებით ეპყრობა შვილს, გაგებით ეკიდება ამ პროცესს და ეხმარება მოზარდს. გაუცხოების პროცესშიც კი მშობლის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდი სინჯავს ლიმიტებს. თუ მშობლის ლიმიტები არ გაიზარდა და არ მიჰყვა შვილის განვითარებას, მაშინ ბავშვი თავს მოხრჩობილად იგრძნობს და დარჩება ან შეზღუდულობის განცდაში, ან პირიქით, საერთოდ გაიქცევა.
ბავშვთან ურთიერთობა ხელში ჩიტის ყოლას ნიშნავს: თუ ძალიან მოუჭერ დაიხრჩობა, თუ მთლიანად გაუშვებ, გაგიფრინდება. ცოდნასთან ერთად ყველაფერი დამოკიდებულია მშობლის ალღოსა და ინტუიციაზეც. ბავშვს ლიმიტები და ჩარჩოები აუცილებლად სჭირდება, თუნდაც გარბოდეს, მშობელი მაინც იქვე უნდა იყოს რაღაც ფორმით.
რაც უფრო ღრმა, მრავალფეროვანი და საინტერესოა მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, მით უფრო დიდი საყრდენები არიან მშობლები ბავშვისთვის გარდატეხის ასაკში.
მნიშვნელოვანია მოზარდი პოულობდეს ოჯახის გარეთაც სხვა ადამიანებს, ვისაც ის ენდობა, ვისაც ესაუბრება, ჭადრაკს ეთამაშება ან ველოსიპედით მასთან ერთად სეირნობს, ადამიანს ვისთანაც ინტერესს იზიარებს. ეს ჯანსაღი პროცესია.
ახსენეთ, რომ მოზარდები ხშირად თვითდახმარებას არჩევენ და თავად ეძებენ ფსიქოლოგებს, როგორ და რა ფორმით ურთიერთობენ ისინი სპეციალისტებთან?
ჩანს, რომ ადამიანები ისეთ პირობებში ცხოვრობენ, ბავშვი ვერც კი გირეკავს ხშირად და მხოლოდ გწერს. მიმოწერით ვუწევთ მათ ხშირად კონსულტაციას. ხშირად მათ საუბარიც არ შეუძლიათ თავისუფლად სახლში.
ხანდახან გვეუბნება მოზარდი, რომ მისი საცხოვრებელი ძალიან პატარაა და პირად, ინტიმურ თემებზე ვერ გვესაუბრება ტელეფონით, ამიტომ ურჩევნიათ მოგვწერონ და ასე მიიღონ კონსულტაცია. ბევრს უთქვამს, რომ დედა არ იქნება თანახმა, რამე რომ გკითხოთ, ამიტომ მირჩევნია მან არ იცოდეს, რჩევას რომ გთხოვთო. ჩვენ კი, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს ბავშვთან ურთიერთობისთვის მშობლის ინფორმირებული თანხმობა გვჭირდება.
მერე უკვე განვიხილავთ რა ვქნათ, ვმსჯელობთ, მშობლის ინფორმირებული თანხმობის გარეშე როგორ დავაკვალიანოთ მოზარდი და ა. შ.
ჩვენი დისტანციური სერვისი პრევენციულ-ინტერვენციულია, ყურადღებას ვაქცევთ აშლილობების პატარა სიმპტომებსაც კი, რადგან ეს პატარა სიმპტომები თოვლის გუნდასავით ზრდადია: უნდა შეაჩერო, შეანელო ან შეარბილო მაინც ეს გუნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება.
როგორია სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში, რამდენ ბავშვს აღენიშნება ემოციური და ქცევითი აშლილობები?
კვლევა, რომელიც გვაჩვენებდა რამდენ ბავშვს აქვს საქართველოში ემოციური და ქცევითი აშლილობები, სამწუხაროდ არ გვაქვს. ვეყრდნობით ჩვენნაირი ტიპის, დაბალი და საშუალო რესურსების მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს, სადაც ბავშვთა და მოზარდთა 20%-ს აღენიშნება აშლილობები.
ჩვენთან აღრიცხულია მხოლოდ 0,8%, რაც ნიშნავს, რომ არაერთი ბავშვი და მოზარდია, რომელთა აშლილობები აღრიცხულიც კი არ არის.
დახმარების საჭიროების მქონეთაგან 1 %-იც არ არის აღრიცხული, რაც ნიშნავს, რომ უამრავ ბავშვს უჭირს და მძიმე მდგომარეობაშია, ჩამორჩებიან სწავლაში, ურთიერთობებში, სოციალურ კომუნიკაციებში, უქვეითდებათ ემოციური ინტელექტი და ა.შ.
ერთი შეხედვით, პრობლემები აქვს ყველას, მაგრამ თუ ბავშვს ბავშვობიდანვე შრომისუნარიანობა, სწავლის, კომუნიკაციის უნარები დაუზიანდება, მერე ეს უდიდეს პრობლემად იქცევა ინდივიდის, ოჯახისა და საზოგადოებისთვისაც, ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ახლა მაინც, ამ პანდემიის პირობებში, იყოს კრიზისული დახმარების დიდი ქსელი მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ქსელი, სადაც კონსულტაციით დახმარება მაინც იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.
ეს არის თემა, რის ლობირებასაც ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტროში.
ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ტაილანდური მასაჟის სალონთან -,,ლოტუს ტაი მასაჟი” ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს. ადგილზე საგამოძიებო სამუშაოები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მუშაობდა ათამდე პოლიციელი.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, ნარკოდანაშაულის მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას.
შუქი დროებით გაეთიშება ასევე ქობულეთის რამდენიმე სოფელსა და ქალაქ ქობულეთის ზოგიერთ ქუჩას:
ხალას, ჩაიუსუბანს, კვირიკეს, ბობოყვათსა და მიმდებარე სოფლებს; ასევე ქალაქ ქობულეთში დენის მიწოდება შეუწყდება თავისუფლების, რუსთაველის, კლდიაშვილის, გურამიშვილისა და მიმდებარე ქუჩებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, იუსტიციის სახლში დაცვის თანამშრომელმა მოქალაქეს ე.წ. „რაცია“ ჩაარტყა თავში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროს ინსპექტორს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა თბილისის იუსტიციის სახლის ტერიტორიაზე, შელაპარაკება მოუვიდა იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მისულ მოქალაქესთან.
ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსმა ინსპექტორმა, სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხელის რადიოსადგური (ე.წ. „რაცია“) რამდენჯერმე ჩაარტყა მოქალაქეს თავის არეში. აღნიშნულის შედეგად ამ უკანასკნელმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში.
შემთხვევა 2020 წლის 4 დეკემბერს მოხდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო – სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით.
„დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 20-მდე მოწმე, ამოღებულ იქნა დანაშაულის იარაღი, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა სამედიცინო და სხვა სახის ექსპერტიზები“ – წერს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 7 აპრილს გამოიტანა დადგენილება შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის უმცროსი ინსპექტორის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. აღნიშნული ბრალდება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ წარედგინა.
როგორ ვიყიდოთ წამალი? რა ვჭამოთ? – ბოლო დღეებია ცოლ-ქმარი, მედგარ და ხათუნა აბესაძეები ამ კითხვებზე ეძებენ პასუხს.
აბესაძეების ორსულიანი ოჯახი ბათუმში, კერძო სახლის პატარა, ნაგირავებ ოთახში ცხოვრობს. ოჯახის შემოსავალი ზუსტად 240 ლარია: 50-50 ლარი სოციალური დახმარება და 140 ლარი – მედგარ აბესაძის დროებითი პენსია.
ამ თანხიდან 200 ლარი მედგარს წამლებისთვის სჭირდება, თუმცა ახლა ესეც კი არ არის საკმარისი. საკვებისთვის კი თანხა ოჯახს თითქმის არ რჩება და უკვე წელზე მეტია ამაოდ ითხოვენ უფასო სასადილოს პროგრამაში ჩასმას, რომ მინიმალური საკვები მაინც ჰქონდეთ.
ახლა სიღარიბესთან გამკლავება კიდევ უფრო რთული გახდა. მედგარ აბესაძეს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს. ოპერაციის თანხა საყოველთაო დაზღვევის პროგრამამ დაფარა, თუმცა წამლების ფული ოჯახს თვითონ უნდა ეშოვა.
ხათუნა გვიყვება, რომ ბათუმის მერიასაც მიმართა თხოვნით, ჩაესვათ 200-ლარის ღირებულების მედიკამენტებით დახმარების პროგრამაში. უარი უთხრეს – ბათუმში არ ხართ ჩაწერილიო.
„კინაღამ გულის შეტევა მომივიდა, უარი რომ მითხრა მერიამ წამლებზე. წავედი, ვესესხე ხალხს და ისე ავაგროვე ფული, რომ ანტიბიოტიკი მეყიდა. არ შეიძლებოდა წამლის გარეშე, ექიმმა გამაფრთხილა, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, მაგრამ წამლების გარეშე სითხე ჩადგება და მე ვერაფერს ვერ ვიზამო“, – გვიყვება ხათუნა.
ქალი ამბობს, რომ ამ დღეებში ისევ მიდიან ექიმთან და წინასწარ ეშინია: „მეშინია კი, კიდევ წამალი რომ დაუნიშნოს ექიმმა, რით უნდა ვიყიდოთ? რა ვქნათ?“ – კითხულობს ხათუნა.
მედგარ აბესაძეს დროებითი სახელმწიფო პენსია მშენებლობაზე მიღებული ტრავმის გამო დაუნიშნეს. 2012 წელს იგი სიმაღლიდან გადმოვარდა და ფეხი დაიზიანა.
„სახსარში მომტყდა ფეხი. კომპანია არაფერში არ დამეხმარა, არც საჩივარი დამიწერია, 300 ლარის წამლები მომიტანეს და მერე აღარ გამოჩენილა არავინ.
აქედან დაიწყო ჩემი პრობლემები. სამი თვე გირებზე ვიყავი დაკიდებული, გიფსში, წელიწადნახევარი ყავარჯნებით ძლივს დავდიოდი. ასეთ დღეში რომ ხარ, მერე უცებ შეძლებ მუშაობას? მაგრამ რაღაც შევძელი, ვწვალობდი, ვმკურნალობდი…
მაშინ იყო საშუალება, ჩემი ცოლი მუშაობდა“ – გვიყვება მედგარი.
მას ფეხზე ახლაც ღია ჭრილობა აქვს, სიარულისას ფეხს ითრევს, მაგრამ, მიუხედავად მტკივანი ფეხისა, მაინც ცდილობდა მშენებლობებზე მუშაობას. პანდემიის დროს დროებითი სამუშაო და შესაბამისად – შემოსავალი, შეწყდა. ახლა კი, თიაქარის ოპერაციის შემდეგ, მედგარი კიდევ დიდხანს ვერ შეძლებს მუშაობას.
„ასეთი რთული პერიოდი არასოდეს მქონია. თან ყველაფერი გაძვირდა.
ხორცს თუ ვერ შეჭამ, ხორცის ნახარში მაინც უნდა დალიო ადამიანმა. რით უნდა იყიდო ხორცი, 20-25 ლარი ღირს. რომ იძახიან წინსვლააო, რაშია წინსვლა, დამანახეთ“, – ამბობს მედგარი.
21 წლის წინ მედგარი და ხათუნა უკეთესი ცხოვრების შესაქმნელად ზესტაფონიდან ბათუმში ჩამოვიდნენ. თუმცა უკეთესი ცხოვრება ჯერ არ ჩანს, სიღარიბით გამოწვეული პრობლემები კი კორონავირუსის პანდემიამ კიდევ უფრო გაამწვავა.
ხათუნა ამბობს, რომ პანდემიამდე თურქეთში გადადიოდა და მუშაობდა, რაც მათ თავის გატანის საშუალებას აძლევდა, საზღვრის დაკეტვის შემდეგ კი ოჯახი მშიერი დარჩა.
„რომ არა მეზობლების დახმარება, რომლებიც თვითონაც სოციალურად დაუცველები არიან და სასადილოდან მოაქვთ საკვები, შიმშილით მოვკვდებოდით ალბათ. თითქმის ერთი წელია ვითხოვ უფასო სასადილოს პროგრამაში ჩასმას. როგორ გამაქვს თავი, ღმერთმა არავის გამოაცდევინოს.
კითხვას ვუსვამ ნებისმიერს, ადამიანი თვეში 50 ლარით იარსებებს? წამლები რა ვქნა? როგორ ვუყიდო მეუღლეს წამლები? რა გააკეთოს ჩვენნაირმა ხალხმა? გავძლებ მშიერი, ჯანდაბას, მაგრამ წამლებს რა ვუყოთ? რისთვის არის მთავრობა, ასეთ გაჭირვებულ ხალხს თუ არ დაეხმარა?
შემიძლია მუშაობა, მაგრამ სად ვიმუშაო? კაფე-ბარებში 20-30 წლის ახალგაზრდები უნდათ. გამოდით ბატონებო ქუჩაში და ნახეთ რა დღეში ვართ ჩვენნაირი ადამიანები. წამლები მინდა და მუშაობა, მეტს არაფერს ვითხოვ და ესეც არ არის“, – ამბობს ხათუნა.
აჭარის განათლების სამინისტრომ 4 საჯარო სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. ეს სკოლებია ბათუმის N16, N22, ასევე საჩინოსა და ოჩხამურის საჯარო სკოლები. ტენდერი 58 ათასი ლარითაა გამოცხადებული, საიდანაც 20 ათასი ლარი მე-16 საშუალო სკოლას უნდა მოხმარდეს.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, მე-16 სკოლის ტერიტორიაზე ამ ეტაპზე ჩატარდება დეტალური გეოლოგიური კვლევა, ასევე ჩატარდება განაშენიანების კვლევა და შეადგენენ ტექნიკურ დავალებას, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს ახალი შენობის მშენებლობას (სავარაუდოდ 3 ან 4 სართულზე).
ამ დოკუმენტების საფუძველზე კი [რომელიც ხელშეკრულების დადებიდან 1 თვის ვადაში უნდა იყოს მზად], ახალი შენობისთვის საჭირო ძირითად საპროექტო დოკუმენტაციას სამინისტრო ცალკე შეისყიდის.
„შენიშვნა: გეოლოგიური კვლევის და ტექნიკური დავალების შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნას ის გარემოება, რომ არსებულ შენობას გააჩნია ბზარები, შესაბამისად საჭიროა საფუძვლიანი და სიღრმისეული გამოკვლევა მსგავსი ფაქტების სრულად თავიდან აცილების მიზნით“ – აღნიშნულია ტენდერის პირობაში.
სამინისტროს ინფორმაციით, ამ ტენდერის ფარგლებში მომზადდება ბათუმის N22 სკოლის და დაბა ოჩხამურის სკოლის სრული რეაბილიტაციის პროექტები; ასევე, საჩინოს სკოლის სრული რეაბილიტაციის და ახალი სპორტული დარბაზის მშენებლობის პროექტი.
5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა.
მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა სამინისტროს 2019 წელს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა შესაბამისი ტენდერი სამინისტრომ მაშინ შეწყვიტა.
აჭარის მთავრობის ინფორმაციით, მე-16 სკოლის ადგილზე აშენდება, „1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა“:
პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა რამდენად კანონიერია, ამაზე დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობენ. პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენი დავობს.
სარჩელის მიხედვით, ანტიკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ პატიმრობის კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ ადგენს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას. ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა ამავე კოდექსის მიხედვით შესაძლოა არ მისცენ სამარტოო საკანში მყოფ ბრალდებულს ან მსჯავრდებულსაც.
„ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის/აკრძალვის ფარგლებში, მათ აგრეთვე ეზღუდებათ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება,“ – ამას ხაზს უსვამს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ხელისუფლების მხარდამჭერების მიერ ბათუმში ცოცხებით გამართული კონტრაქციის თაობაზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს, 7 აპრილს, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. მან თქვა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს თავისი პროტესტი დემოკრატიული ფორმით.
კითხვას, რომ კონტრაქცია შეაფასეს როგორც მის მიერ წახალისებული, მთავრობის თავმჯდომარე პასუხობს, რომ ურთიერთბრალდებები არაფრის მომცემია, მაშინ, როცა როგორც ქვეყანაში, ასევე რეგიონში ეპიდვითარება დამძიმებულია.
კვირას, 4 აპრილს, საღამოს, აქცია ცოცხებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გამართეს.
ეს იყო ერთგვარი კონტრაქცია ბათუმში 3 აპრილს გამართულ აქციაზე, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენიმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.
რიჟვაძე, ერთი მხრივ, აქციის ორგანიზატორების ქცევას დემოკრატიული გამოხატვის ფორმად მიიჩნევს, მეორე მხრივ კი, მოუწოდებს აქციის მონაწილეებს გაითვალისწინონ რეგიონში არსებული ეპიდვითარება და არ აირჩიონ პარტნიორად კოვიდი.
„ის, ვინც აწყობს ამ ტიპის აქციებს, მათ შორის დესტრუქციული „ნაცმოძრაობა“, რომელიც არის პრაქტიკულად გაკოტრებული პოლიტიკურად, მართლა ირჩევენ კოვიდს მათ მთავარ პარტნიორად. მინდა მოვუწოდო, რომ ყველამ გაითვალისწინოს არსებული ეპიდსიტუაცია.“
რიჟვაძის თქმით, ხელისუფლებას გააზრებული აქვს პასუხისმგებლობა რეგიონში პროცესების რადიკალიზაციაზე.
„რა თქმა უნდა, ნებისმიერი რადიკალიაზაცია არის ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელი. ბევრი გამოწვევა აქვს როგორც ქვეყანას, ასევე რეგიონს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გამოწვევების მიმართ ერთობლივი მუშაობა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ჩვენ ყოველდღიურად ვაკეთებთ ყველაფერს. სხვა პოლიტიკური სუბიექტები ირჩევენ აბსოლუტურად სხვა გზას…“
რიჟვაძემ ასევე უარყო პარტიის კავშირი კონტრაქციასთან, მიუხედვად იმისა, რომ ამ აქციაში პარტიის აქტივისტები და საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
„ჩვენს პარტიას არანაირი კონტრაქცია არ მოუწყვია, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, კვირა დღეს, არასამუშაო დღეს, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს [პროტესტი] დემოკრატიული ფორმით და ასევე არ დაგავიწყდეთ, რომ მათ შორის წინა ხელისუფლებას ძალიან ბევრი გამწარებული ადამიანი ჰყავს და ეს შეიძლება იყოს მიზეზი, რატომაც ირჩევენ ამ ფორმას.“
___
„სირცხვილიამ“ 2 აპრილს, ღამით, ბათუმში გამართა საპროტესტო აქცია კომენდანტის საათის გაუქმების მოთხოვნით. აქციის დასრულების შემდეგ, პოლიცია „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში შუაღამისას შევიდა და 3 პირი დააკავა. ოფისში მყოფების თქმით, პოლიცია ზოგიერთ მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა.
სწორედ „სირცხვილიას“ ამ აქციის საპასუხოდ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს ცოცხებით მიადგნენ.
6 აპრილს The Humane Society of the United States-ის იუთუბგვერდზე გაიმართა მოკლე ანიმაციური ფილმის “Save Ralph”-ის პრეზენტაცია. ანიმაცია დოკუმენტური მეთოდებით აჩვენებს სატესტო კურდღლის ცხოვრებას, სავსეს ექსპერიმენტებით, ქიმიკატებით, მჟავებით, სხეულის დაზიანებით.
რალფი უჩვეულო უდარდელობით ყვება, რომ მთელი მისი ოჯახი ტესტირების პროცესში დაიხოცა და მასაც იგივე ელის. #SaveRalph კამპანიის მთავარი მესიჯია, რომ შეწყდეს სხვადასხვა ტიპის კოსმეტიკისა და თავის მოვლის საშუალებების ცხოველებზე ტესტირება.
ანიმაციის სცენარის ავტორი და რეჟისორია სპენსერ სასერი, რალფს კი ახმოვანებს ცნობილი ახალ-ზელანდიელი რეჟისორი და მსახიობი ტაიკა ვაიტიტი.
ცხოველთა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაცია PETA-ს მონაცემებით, ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტი ცხოველი – მათ შორის თაგვები, ვირთხები, ბაყაყები, ძაღლები, კატები, კურდღლები, ზაზუნები, მაიმუნები, თევზები და ფრინველები იხოცებიან მხოლოდ აშშ-ის ლაბორატორიებში ბიოლოგიის გაკვეთილების, სამედიცინო ტრენინგების, უბრალო ცნობისმოყვარეობის გამო ჩატარებული ექსპერიმენტებისთვის, ასევე ქიმიკატების, წამლების, საკვებისა და კოსმეტიკის ტესტირებისთვის. როგორც წესი, ასეთ ცხოველებს ექსპერიმენტის ბოლოს კლავენ – „სიკვდილამდე ზოგ ცხოველს აიძულებენ შეისუნთქოს ტოქსიკური ორთქლი, ზოგს თავის ქალაქში ნახვრეტებს უკეთებენ, ზოგს კი ტყავს უწვავენ“.
ბოლო ინფორმაციით, ურეხში სახლის ჩამონგრევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 6 პირი კი ნანგრევებიდან მაშველებმა ამოიყვანეს. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან – ბიძა უშენებდა სახლს ძმისშვილს. აქვე იყვნენ ბიძაშვილებიც.
დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა კლინიკაში გადაიყვანა. კლინიკა BMC-ის ინფორმაციით, მათთან სამი დაშავებული შეიყვანეს და სამივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა უტარდებათ შესაბამისი კვლევები.
კლინიკა მედინას მდგომარეობით ერთს დაუფიქსირდა თავის ტვინის შერყევა, ის სტაციონარში დარცება,ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია.
ბათუმში, ურეხის დასახლებაში, 2014 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა ექვსი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სახლის მეპატრონეა: „მიმდინარეიბს დამატებითი კვლევები და დინამიკაში ვაკვირდებით“ – გვიპასუხეს კლინიკაში.
ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე – ხის.
„დღეს სახლის ხის ნაწილის შეცვლის სამუშაოებს აწარმოებდნენ. დაგეგმილი ჰქონდათ ბეტონით ჩანაცვლება“, – გვითხრა არჩილ კონცელიძემ.
ბათუმში, ურეხის დასახლებაში, 2014 წელს აშენებული საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. დაშავდა ოთხი ადამიანი, მათ შორის ერთ-ერთი სახლის მეპატრონეა.
დაზარალებულთაგან სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთს კი, რომელიც ნანგრევებში მოყვა, სამაშველო სამსახური ამ წუთებშიც ეძებს.
ადგილზე იმყოფება მუნიციპალური ინსპექციაც.
ინსპექციის უფროსის, არჩილ კონცელიძის ინფორმაციით, რომელიც ადგილზე იმყოფება, ორსართულიანი სახლის პირველი სართული ბეტონის ნაგებობაა, ხოლო მეორე სართული – ხის.
„დღეს სახლის ხის ნაწილის შეცვლის სამუშაოებს აწარმოებდნენ. დაგეგმილი ჰქონდათ ბეტონით ჩანაცვლება“, – გვითხრა არჩილ კონცელიძემ.
დღეს, 7 აპრილს, ბათუმის სკოლებში ისევ გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, რის გამოც მე-3 და მე-8 საჯარო სკოლების ორი კლასი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, კოვიდი დაუდასტურდა ორ მოსწავლეს.
გუშინ, 6 აპრილს, კორონავირუსის შემთხვევების გამო ხუთი საჯარო სკოლა დაიხურა ქობულეთში, ბათუმში კი – ერთი კერძო სკოლა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო მაჩვენებლით კორონავირუსი სკოლის მასწავლებლების 0.2, მოსწავლეების კი 0.3 პროცენტს აქვს დადასტურებული.
სოფლად დაფინანსების მისაღებად წელს ყველაზე მეტი პროექტი ქობულეთელებს დაუწერიათ. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში საპროექტო განაცხადების მიღება „საოჯახო მეურნეობების განვითარების პროგრამაზე“ დასრულდა. სამინისტროში სულ 2949 ფერმერის განაცხადი შევიდა.
ქობულეთიდან სოფლად დაფინანსების მიღება 1093-მა ფერმერმა ისურვა, ხელვაჩაურში – 665-მა, ქედაში – 483-მა, შუახევში – 206-მა, ხულოში – 355-მა, ხოლო ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე – 148-მა ფერმერმა დაწერა საპროექტო განაცხადი.
ფერმერები წელს თავად იღებენ გადაწყვეტილებას რისი შეძენა სურთ: მოტობლოკის, რომელიმე სხვა სასოფლო ტექნიკის, სათბურის, ნერგის თუ სხვა რამის, რაც საოჯახო მეურნეობის განვითარებას შეუწყოს ხელს. მინიმალური თანხა 500 ლარია, მაქსიმალური – 40 ათასი. პროექტის 20 პროცენტი თავად ფერმერმა უნდა დაფაროს.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგრარული პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელების განყოფილების ხელმძღვანელის, კარლო კეკელიძის ინფორმაციით, გამოყოფილია 4 პრიორიტეტული მიმართულება. განაცხადების უმრავლესობა მექანიზაციის საშუალებების შეძენაზეა.
„მემცენარეობის კუთხით შემოსულია 420 განაცხადი, მეცხოველეობაზე – 107, სასათბურე მეურნეობაზე – 186, ხოლო სოფლის მეურნეობის მექანიზაციის საშუალებებზე – 2235… ყველა ეს განაცხადი გავა კომისიაზე,“ – გვითხრა კარლო კეკელიძემ.
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომისიის შემადგენლობის შესახებ ბრძანება ჯერ არ გამოუცია. სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, კომისია 15 აპრილს შეიკრიბება და ყველა ფერმერი, ვინც პროექტით სამინისტროს მიმართა, მოკლე ტექსტურ შეტყობინებას მიიღებს – მათ ან გასაუბრებაზე მისვლას სთხოვენ, ან ეტყვიან, რომ ტექნიკური შეუსაბამობაა და შემდეგ ეტაპზე ვერ გადავიდნენ.
ამ პროექტისთვის წელს დაახლოებით მილიონი ლარი დაიხარჯება.
სესხი შენთვის – თიბისის ახალი პროდუქტია, რომელიც თვითდასაქმებულებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ სპეციალურად მათზე მორგებული სესხი, გამარტივებული და გაუმჯობესებული პირობებით.
პროცესის კიდევ უფრო გამარტივებისთვის, თიბისიმ თვითდასაქმებულ პირებს შემოსავლის დადასტურების კიდევ ერთი არხი – ვიდეო ვიზიტი შესთავა. რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს სესხის განაცხადის დაფიქსირება და მისი მიღება ონლაინ რეჟიმში, რამდენიმე წუთში შეუძლია. განაცხადის დაფიქსირება შესაძლებელია ვებ-გვერდზე – www.tbccredit.ge ან თიბისის ცხელი ხაზის საშუალებით. მომხმარებლებს, რომლებსაც არ სურთ ვიდეო ზარის სერვისით სარგებლობა, თიბისის წარმომადგენლები სამუშაო გარემოში ესტუმრებიან და მათ შემოსავალს ადგილზე შეისწავლიან.
„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მნიშვნელოვანია, აქ და ახლა შევქმნათ ისეთი მოქნილი საბანკო პროდუქტები, რომლებიც მომხმარებლების ყოველდღიურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაუზოგავს დროს. სესხი თვითდასაქმებულებისთვის ზუსტად ასეთი პროდუქტია,“ – გიორგი სალია, თიბისის საცალო ბიზნესის ლიგის ლიდერი.
გამარტივებული პირობების სესხის ლიმიტი 15 000 ლარია. იმ შემთხვევაში, თუ თვითდასაქმებული პირის ფინანსური საჭიროება არსებულ ლიმიტს სცდება, მას შესაძლებლობა აქვს, თიბისის ფილიალს ესტუმროს, სადაც საკრედიტო ექსპერტი მის ფინანსურ მდგომარეობას და შემოსავლებს დეტალურად გაანალიზებს და ლიმიტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს.
პროდუქტით სარგებლობისთვის, ასევე დეტალური ინფორმაციისთვის, მომხმარებელს შეუძლია ეწვიოს ვებ-გვერდს – www.tbccredit.ge ან დაუკავშირდეს სატელეფონო ცენტრს – *2727.
7 დღეა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ღამეს იმ მონასტრის მიღმა ათევენ, რომელიც წლების განმავლობაში მათი სახლი იყო და რომელიც საკუთარი ხელებით ააშენეს.
მონაზონსა და მორჩილს ამ დრომდე არ აძლევენ მონასტერში შესვლის და პირადი ნივთების, მათ შორის, წამლების აღების საშუალებას. მონაზონი სოსანა ამბობს, რომ მას ეპისკოპოსმა სტეფანემ კრიტიკული კითხვების დასმა არ აპატია.
29 მარტს მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის მონაზვნებთან და დედათა მონასტრების წინამძღვრებთან შეხვედრა გამართა. სწორედ ამ შეხვედრაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა ეპისკოპოსი და მონაზონს უთხრა, რომ წინამძღვრობიდან გადაყენებული იყო.
ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი ჟურნალისტებთან აღარ საუბრობს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აღდგომამდე კომენტარს არ გააკეთებდა.
რაც შეეხება მონაზონ სოსანას (ბოლქვაძე), ის ვრცლად და დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოვიდა მარტვილის დედათა მონასტერი დღემდე, როგორ ვითარდება ამჟამად სიტუაცია ჭყონდიდის ეპარქიაში და ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ ემორჩილება მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას მისი ლასურიის დედათა მონასტერში გამწესების შესახებ:
მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე):
“14 წელია მონასტერში ვარ. აქ მოვედი ღვთის დიდი წყალობით. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დამანახა – ჩემი ცხონების გზა არის მონასტერი.
მოვედი მონასტერში, რომელიც იყო პატარა ქოხი. მეუფე პეტრეს რამდენიმე თვის გახსნილი ჰქონდა დედათა მონასტერი.
რამდენიმე წელი ვცხოვრობდით ამ ქოხში. დედები ვლოცულობდით ღმერთო გამოაჩინე ისეთი ადამიანი, რომელიც შექმნის ისეთ ადგილს ჩვენს ეზოში, სადაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთო. მრავლდებოდა მონაზონთა რიცხვი, ჩვენ კი სულ ორი ოთახი გვქონდა.
მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შემოვიდა ტრაქტორი და მონასტრის ეზოში ფუნდამენტის ჩაყრა დაიწყო. ეს იყო ზეიმი მთელი ეპარქიისათვის.
დედები ვემსახურებოდით ტრაპეზის სუფრას.
დღეში სამჯერ ტრაპეზობდნენ მუშები – 60, 80, 120 კაციც ზოგჯერ. ჯარი გვეხმარებოდა, პოლიცია გვეხმარებოდა. დღეში სამჯერ გვიწევდა ამ ადამიანების დაპურება. ამას გარდა, გაჭირვებული ადამიანები მოდიოდნენ და ცალკე მათი დაპურება გვიწევდა. თუკი რამე გვქონდა მონასტერში, უნდა გაგვეტანა და გაჭირვებულებს დავხმარებოდით.
80 გაჭირვებული მოხუცი ცხოვრობდა ჩვენს რაიონში და მათ ყოველდღე სადილს ვუკეთებდით. ბავშვებს, რომლებიც გიმნაზიაში სწავლობდნენ, ფუნთუშებს ვუცხობდით.
მეუფე პეტრეს სულიერი შვილების მიერ შემოწირული თანხით აშენდა ეს მონასტერი.
დედები ჩვენი ხელებით ვარჩენდით მონასტერს. ვამზადებდით სუვენირებს, ვაცხობდით ნამცხვრებს, იმისათვის, რომ არავისზე ვყოფილიყავით დამოკიდებული. ჩვენ ჩვენით გამოვიმუშავებდით ჩვენს საარსებოს და ამას გარდა უამრავ ადამიანს ვეხმარებოდით. მრევლი იყო თუ არ იყო, ყველას ერთნაირად ვემსახურებოდით.
ჩვენ, დედებს რაც შეგვეძლო, ეს იყო.
მადლობა ღმერთს, რომ დაუშვა განსაცდელი და მომცა საშუალება სიმართლის მხარეს დავმდგარიყავი. მეთქვა, რომ დღეს ეკლესიას უჭირს და შველა სჭირდება, რომ გადარჩეს. მე თუ ამაზე დავხუჭავდი თვალს, ეს იქნებოდა ფარისევლობა. ეს იქნებოდა ორი ბატონის მსახურება, რასაც უფალი არ მაპატიებდა. დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა ეს დრო. მე ყველანაირად ვეცადე, რომ ჩემი სინდისის წინაშე, უფლის წინაშე, ვისთანაც უნდა წარვსდგე და პასუხი ჩავაბარო – რომ აი, შენ როდესაც ეკლესიას უჭირდა ეს ყველაფერი არ თქვი და ხელი დააფარე. ეს წუხილი აღარ მაქვს.
ბედნიერი ვარ – ჩემი სიმართლე ვთქვი. ვამხილე. თუ მხილება არის ამ ფორმით და ესენი ასე თვლიან, რომ მე ვამხილე უკეთურება და ბოროტება, რომელიც არის დღეს გამეფებული ეკლესიაში. მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მომეცა.
მონასტერში სულ 4 წევრი ვცხოვრობდით – ორი მონაზონი, ორი მორჩილი. ახლა ექვსნი არიან. ერთი მორჩილი და ერთი მონაზონი დარჩა ჩვენიდან, ორი მონაზონი ცაგერის და ლენტეხის ეპარქიიდან, ლასურიის დედათა მონასტრიდან გადმოიყვანა მეუფე სტეფანემ, მე სადაც მიშვებს, იქიდან. ორი მონაზონიც კახეთიდან ჩამოიყვანა, ნეკრესის ეპარქიიდან. მეუფე სერგი ჩეკურიშვილის მონაზვნები არიან.
მარტვილის დედათა მონასტერი
რა მოხდა პირველი აპრილის საღამოს
ის, რაც მოხდა, ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. ასე არ უნდა იქცეოდეს კეთილი მამა. რაც არ უნდა დანაშაული ჩამედინა, რაც არ უნდა ცუდად მოვქცეულიყავი, მას, როგორც მამას, არ ჰქონდა ამის უფლება. არ ჯდება ქრისტიანულ ჩარჩოში, რომ შვილები გარეთ დაეტოვებინა თავსხმა წვიმაში, კომენდანტის საათის დროს. ჩემთან მოსვლის საშუალება არ ჰქონდათ სხვა ადამიანებს. ძალიან დიდი ჯარიმის ხარჯზე უნდა დამხმარებოდნენ მაშინ. არ უნდა ჩავეგდეთ ასეთ მდგომარეობაში.
ცხრა საათზე ვიყავი მონასტერში და ღამის 12 საათზე გამოსცა ბრძანება, რომ თურმე გამწესებული ვარ ლასურიაში, დედათა მონასტერში. სად უნდა წავსულიყავი? ფეხით უნდა წავსულიყავი ღამის 12 საათზე? ჟურნალისტებისგან და პოლიციისგან გავიგე რა ხდებოდა.
პოლიციელი მოვიდა ჩემთან, განცხადება არის შემოსული პოლიციაში, რომ მონასტერს არბევენო. ორი მონაზონი, ორი დედა დავარბევდით მონასტერს? პოლიცია მეუბნებოდა ტერიტორია უნდა დატოვოთო.
პოლიციელს ვუთხარი – სად უნდა წავიდე ამ შუაღამისას-მეთქი? ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადმე უნდა წავსულიყავი. გვერდით მახლდა ისეთი უძლური ადამიანი, რომელსაც წვიმაში ღამე გარეთ ვერ დავტოვებდი.
მხოლოდ ამის გამო, რომ ამ ადამიანს ვეცი პატივი, გადავწყვიტე დამეტოვებინა მონასტრის ტერიტორია.
პოლიციელს ვთხოვე ეშუამდგომლა მეუფე სტეფანესთან, ხუთი წუთით შევეშვით, რომ გამოგვეტანა პირადი ნივთები და წამლები. დედა ნინო წამლებს სვამს და დღემდე არ მოგვეცა საშუალება, რომ წამლების ჩამონათვალი მაინც გამოვიტანოთ მონასტრიდან.
მონასტერში შესვლისთვის წამომიყენეს პირობა, რომ მეუფესთვის უნდა მეთქვა მონასტრის შემომწირველების სახელები. ასევე თურმე პოლიციის თანდასწრებით უნდა ჩავალაგო პირადი ნივთები, თორემ ისე არ მომცემენ პირად ნივთებს.
ეს არის სახელმწიფოს უხეში ჩარევა საეკლესიო ცხოვრებაში. ეს არის ზეწოლა, რომელიც არ შეიძლება, კანონდარღვევაა და ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს ზეწოლა, რაზეც მე არ წავედი. ქონებაზე მევაჭრებიან. საბუთებზე მიმახვილებენ ყურადღებას. აინტერესებთ ქონება. ფული, სეიფის გასაღები, მანქანა. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?
აინტერესებთ ქონება და ადამიანის სული, რომელიც ხვალ და ზეგ რა მოუვა, ამის ბედი მათ არ აინტერესებთ. რა გითხრათ, რომელ ქრისტიანობაზეა, ადამიანობაზეა საუბარი. რა საქციელია ეს – არ ვიცი, ვერ გეტყვით.
მონაზონი სოსანა
რატომ დაიწყო კონფლიქტი
არასწორად ამბობენ, თითქოს პატრიარქის საწინააღმდეგო აქციაზე ვიყავით წასული. ეს არ არის მართალი. სიტუაციის დასაძაბად ამბობენ ამას. პატრიარქთან იმიტომ ვიყავით მისული, რომ ჩვენი გულისტკივილები [გვქონდა].
მეუფე პეტრე ცდილობდა შესულიყო საპატრიარქოში, უნდოდა შეხვედროდა პატრიარქს სხვა სინოდის წევრებთან ერთად. მას ამის საშუალება არ მიეცა.
ჩვენ ირგვლივ დგას ასობით და ათასობით ადამიანი, რომელსაც ეს ტკივილი აწუხებს. ეკლესიაში შექმნილი ის პრობლემები, რომელიც ბოლო დროს ამოტივტივდა და გაჟღერდა. ყველას აინტერესებს სიმართლის გარკვევა.
მივედით იმიტომ, რომ ან მარტო მეუფე შეეშვათ, ან სასულიერო პირები. ყველანაირად ვეცადეთ, მანამდე წერილობითაც მივმართეთ.
როგორ შეიძლება საქართველოს ეკლესია გამოვიდეს კრიზისიდან? მეუფე პეტრე გვეუბნება, რომ ამას უშველის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება. საპატრიარქოს დანაშაულია, როცა ცდილობენ, რომ მეუფე პეტრე წარმოაჩინონ, როგორც ეკლესიის მტერი.
[მას შემდეგ, რაც 2019 წელს მეუფე პეტრე ეპარქიას ჩამოაშორეს], მოვიდა მეუფე გრიგოლ კაცია და ჩვენ ანალოგიურად მასთანაც მივედით იმავე კითხვებით. ცალკე დედები, ცალკე მამები, ცალკე მრევლი. მეუფე გრიგოლმა რა პასუხიც გაგვცა, იმის თქმისგან თავს შევიკავებ.
მოვიდა მეუფე სტეფანე და იმავე კითხვებით მივედით მეუფე სტეფანესთან. მეუფე სტეფანემ რა პასუხიც გაგვცა, თვითონ ატვირთა ჭყონდიდელის გვერდზე. მე, როგორც რიგით მონაზონს, არ მქონდა სურვილი მთელი მსოფლიოს წინაშე მეყვირა ამ პრობლემების შესახებ. მეუფე სტეფანესთან მივედი, როგორც ჩვენს ეპისკოპოსთან, რადგან ასე ითვლება. რამდენად კანონიერია მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში ყოფნა, ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ აქაც არის ძალიან დიდი პრობლემები, დიდი დარღვევები რჯულის მიხედვით. თუ ამ ხაზით წავალთ, ამაზე დაყრდნობით შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ მეუფე სტეფანე არაკანონიკურად მართავს ჭყონდიდის ეპარქიას.
მაგრამ რადგანაც დროებითი მმართველია თუ რაღაც, მივედით იმავე კითხვებით. მეუფე სტეფანემ ჯერ რა პასუხები გაგვცა (არ მქონდა არანაირი სურვილი ეს პასუხები გარეთ გამომეტანა და ამაზე მესაუბრა), ან როგორი ლექსიკით.
ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ეს ყველაფერი თვითონ ჩაიწერა, სვანეთიდან ჩამოყვანილი თავისი დედების დახმარებით. თვითონ შეხედა ამ ყველაფერს, უყურა და წარმოიდგინეთ, იმდენად არაქრისტიანულად შეხედა (ვერც წარმოუდგენია, რომ ასეთი ლექსიკა რამე პრობლემა შეიძლება იყოს ეკლესიაში), ეს ატვირთა ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე.
როდესაც მე კითხვებს მისვამდნენ ჟურნალისტები, ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას, იგივე ლექსიკა გამომეყენებინა.
რატომ გადავწყვიტე მელაპარაკა
მას შემდეგ, რაც მეუფემ გაასაჯაროვა ჩვენი შეხვედრის ჩანაწერი, მე ვალდებული ვიყავი ჟურნალისტების კითხვებზე მეპასუხა. წესით, ამ მარხვაში მე უნდა ვლოცულობდე და სულის სიმშვიდეში ვიყო, მაგრამ იძულებული გამხადა მეუფე სტეფანემ, რომ მესაუბრა ამ თემაზე. ამეხსნა, რა ტკივილი მქონდა არამარტო მე, არამედ ჩემ უკან მდგარ ათასობით ადამიანს.
არც არაფერს ვამტკიცებ. არც არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. მე მინდა, რომ გაირკვეს სიმართლე. მე მინდა, რომ გამართლდეს ამ ბრალდების ქვეშ მყოფი პატრიარქი და დაისაჯოს ნებისმიერი ცილისმწამებელი. სწორედ ამ ადამიანების აზრი მივიტანე მეუფემდე. იმათი ტკივილები ვუთხარი, რომ ეს ტკივილები უნდა მოგვარდეს.
ეს ადამიანები [მრევლი] მეკითხებიან – დედაო, თუ პატრიარქი არის მართალი და ეს იცის მთელმა სინოდმა, რატომ არ ხდება გაფართოებული კრება, რატომ არ განიხილავენ ამ საკითხს? ხომ დამტკიცდება მერე, რომ პატრიარქი მართალია და უფრო მეტად განდიდდება მისი სახელი და გამოჩნდება, რომ მეუფე პეტრე ცრუობს და ხომ განიკვეთება ეკლესიიდან ცრუ მღვდელმთავარი?
ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს მეუფე პეტრე იქნება, მეუფე სტეფანე თუ ვინ. ვინც ცილისმწამებელია… არ შეიძლება ეკლესიაში იყოს ცილისმწამებელი ეპისკოპოსი.
აი, ამ კითხვებით ვიყავი მისული, მე არანაირი პრობლემა არ მქონდა.
ძალიან დიდ შეცდომაშია საზოგადოება შეყვანილი, რომ თითქოს მე პატრიარქს ლოცვებში არ ვიხსენიებდი. ეს არის შეცდომა. მეუფე სტეფანეს არასდროს უკითხავს ჩემთვის პირად ლოცვებში ვიხსენიებდი თუ არა პატრიარქს.
მონასტერში საჯანმრთელო პარაკლისს ვატარებდით დედები. დღეში ოთხ პარაკლისს ვკითხულობდით, რომ რაღაცნაირად საჯანმრთელო პარაკლისებით დავხმარებოდით ყველა განსაცდელში მყოფ ადამიანს. მონასტერში მყოფი დედებიც დამეთანხმებიან, რომ მე ვიხსენიებდი კათოლიკოს პატრიარქს.
არ ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქი ლოცვებში არ მომეხსენიებინა. პირიქით განსაცდელში მყოფ ადამიანს უნდა მოხსენიება. მერე მეუფე სტეფანემ თქვა, წირვებში არ იხსენიებდაო. მას დაავიწყდა, რომ მე მღვდელი არ ვარ. შესაბამისად, არც წირვას ვატარებ და როგორ უნდა მოვიხსენიო წირვაში პატრიარქი?
არასწორად აჟღერებს და ეუბნება საზოგადოებას, რომ თითქოს მე არ ვიხსენიებ პატრიარქს.
დაპირისპირება მეუფე სტეფანესთან
როდესაც მეუფე სტეფანე შეურაცხმყოფდა, მე არ დამიწყია თავის მართლება. ღმერთმა იცის, რომ მე მზად ვარ უფრო მეტიც ავიტანო. მაგრამ როდესაც მეუფე სტეფანე მთელ მონაზონთა დასს შეეხო ჩემი სახით, ჩვენი მონასტრისა და ეპარქიის დედების სახით, რომ თურმე მონაზვნები ეპისკოპოსებთან შვილებს აჩენენ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ეკლესიის. თუ ასე ხდება სხვა ეპარქიებში და ჯვარი წერია, მე არ ვუშვებ, არ მჯერა, რომ ასე ხდება… მეუფე სტეფანემ ამ მხრივ იმხელა ცილისწამება თქვა, რომ თურმე მიტროპოლიტები შვილებს აკეთებენ მონაზვნებთან, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიისთვის. თუ ვინმეს დღეს საქართველოს ეკლესიის დანგრევა უნდა, ეს არიან ის ადამიანები, ასეთ ბრალდებებს ვინც ავრცელებენ.
მე ვუთხარი მეუფე სტეფანეს – თუ თქვენ ამის მტკიცებულებას არ წარმოადგენთ, რომ მეუფე პეტრე მრუშობს მონაზვნებთან, მე ამას მტკიცებულების გარეშე ვერ ვირწმუნებ, რომ თქვენი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. რაზეც მეუფე სტეფანემ მიპასუხა – მე ეს ისე ვთქვი, ჭორის დონეზე და არც ვაპირებ ამის განხილვასო. წარმოგიდგენიათ, რამხელა ცილი დასწამა მთელი საქართველოს მონაზვნობას და ამაზე პასუხს არ აგებს ეპისკოპოსი.
მე ამას ასე ვერ დავტოვებ. მეუფე სტეფანემ თავისი ბრალდება, ამბავი თუ ჭორი უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ბოდიში უნდა მოუხადოს მთელ ეპარქიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოდის ცრუ, მატყუარა ეპისკოპოსი და ასეთ ეპისკოპოსს სული არ უნდა ანდო, პირდაპირ ამბობს წმინდა წერილი.
მხარდაჭერა
არ ვუყურებ ამ ამბავს ისე, რომ თითქოს ვიღაცამ დამჩაგრა. ან ისე, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. აი, მეტის ღირსი ვარ. არ ვბრაზდები არავისზე.
არ იფიქროთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რამე ბოღმა მქონდეს მეუფე სტეფანეზე – მეცოდება ის ადამიანი. ჩემი გადმოსახედიდან, საპატრიარქოს ის შეჰყავს შეცდომაში.
თუ ეს ადამიანი რაღაცას არასწორად ფიქრობს, არ ეუბნებიან მღვდელმთავრები და თავისი საძმო იმას, რომ ის არასწორად ფიქრობს. ან თუ საპატრიარქო და მღვდელმთავრები აწვდიან ასეთ ინფორმაციას, რომ მეუფე პეტრეზე ასე თქვას და რაღაცად შეგვრაცხოს ეკლესიის… ესეც არ არის სწორი.
გამოდის, რომ ვერ ეხმარებიან ამ ადამიანს. ვერ შველიან მის მდგომარეობას. როდესაც აღდგება საეკლესიო სასამართლო, როდესაც სჯულის კანონით დაიწყებენ ჩვენი ეპისკოპოსები ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანს [მეუფე სტეფანეს] შეახოცავენ ხელს, ამ ადამიანს დააბრალებს საპატრიარქო ყველაფერს და გაწირავენ ბოლოს – თვითონ განკვეთენ ეკლესიიდან.
მეცოდება მეუფე სტეფანე. ამ ყველაფერს ვერ ხედავს და ვერ აფასებს თვითონ. ძალიან მეცოდება, რომ ვუყურებ და ვუთანაგრძნობ როგორც ადამიანი, როგორც რიგითი მოქალაქე.
საპატრიარქოსგანაა ნებადართული გადაწყვეტილებები
თუ მეუფე სტეფანე ამ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, მაშინ რატომ არ რეაგირებს საპატრიარქო?
რატომ არ იბარებს ზნეობრივი კომისია მეუფე სტეფანეს, რომ უცებ განიხილონ და გააჩერონ ეს საკითხი, რადგან უამრავი ადამიანი დგას ამ სასულიერო პირების უკან. რა გამოდის, ეკლესიას უპირისპირებენ [ამ ხალხს]?
რადგანაც საპატრიარქო განცხადებას არ აკეთებს, ესეც [მეუფე სტეფანე] ასე თავხედურად და ყოველგვარ ზღვარგადასულად იქცევა, ე.ი. გამოდის, რომ ის ასრულებს საპატრიარქოს დავალებას. შემდეგ უკვე საპატრიარქო ხელებს დაიბანს, როგორც პილატემ დაიბანა და განიკვეთება ბოლოს ეს მიტროპოლიტი. ძალიან მეცოდება. ღვთის წინაშე გეუბნებით, ძალიან მეცოდება. მინდა ამ ადამიანზე ღმერთმა დაუშვას მადლი და მოეგოს გონს, თვითონ თუ უნდა. თვითონ თუ არ მოინდომა, ღმერთი ვერ უშველის, ხო. თვითონ უნდა უნდოდეს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.
რატომ არ წავალ ლასურიაში
მომცეს კურთხევა, რომ სინანულისთვის წავიდე ლასურიაში. სინანული… რა მაქვს შესანანიებელი? ამას ვერ ვხვდები, რა მაქვს შესანანიებელი?
კითხვებს რომ ვსვამ და რომ ვხედავ ეკლესიაში რა პრობლემებია, ეს უნდა შევინანიო? თუ საერთოდ რომ ვაზროვნებ, ეს უნდა შევინანიო. არანაირი კანონი არ დამირღვევია. არაფერი ისეთი არ დამიშავებია, რომ სინანულისთვის გამამწესონ ლასურიაში. არ წავალ, რადგან მე სინანულისთვის მიშვებენ ლასურიაში და მოსანანიებელი არაფერი არ მაქვს. აქედან გამომდინარე არ მივდივარ.
შეიძლება ამასაც მოჰყვეს, რომ აი, არ გვემორჩილება. არაფერს გამოვრიცხავ. მე ამაზეც მაქვს პასუხი – დავემორჩილები ჭეშმარიტ ეპისკოპოსს. მე ვემორჩილები სიმართლის ეპისკოპოსს. სიყვარულის მქადაგებელ ეპისკოპოსს. მე ვემორჩილები წმინდა სახარებას. კანონებს, ეკლესიის სამართალს.
სხვა, რაც ეკლესიის გარეთაა და უკანონოდ ხდება, გინდა ეპისკოპოსი იყოს და გინდა სხვა იერარქი, არ მაძლევს ჩემი მონაზვნური აღთქმა უფლებას, რომ დავემორჩილო.
ახლაც იმიტომ ვცდილობ ეს ყველაფერი გაშუქდეს, მინდა ადამიანებმა დაინახონ – არ შეიძლება ყველა მღვდელს სული მიანდო, ყველა ეპისკოპოსს სული მიანდო. გამოჩნდა, რომ რაღაც პრობლემები ჰქონიათ ეპისკოპოსებსაც, ხომ ხედავთ არა.
ჩვენთან მიმართებაში ამან ფარდა ახადა ამ უსამართლობას, უსიყვარულობას და უმოწყალობას.
მე მეცოდება ყველა, ვინც ასეთ ადამიანებს ენდობა. ჩემი აზრით, ასეთი ეპისკოპოსები ვერ მიიყვანენ ქრისტემდე ადამიანს. იმიტომაც მინდა უშველონ და დაეხმარონ ასეთ ეპისკოპოსებს, რომ მათზე მიბარებული სამწყსო მიიყვანონ ქრისტემდე.
რატომ არ შეეძლო მეუფე სტეფანეს ჩემი გადაყენება
2019 წელს, როდესაც გამოსცეს ბრძანება, რომ მეუფე პეტრეს უნდა დაეტოვებინა ჭყონდიდის ეპარქია, მარტვილის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ, იქვე გააკეთა განცხადება, რომ ისიც ტოვებდა მონასტერს და ისიც მიდიოდა იმ მძიმე გზით, რომელსაც მეუფე პეტრე დაადგა.
შეგვკრიბა დედაომ მონასტრის ყველა წევრი და გვითხრა – „მონასტერს სჭირდება ახალი წინამძღვარი. ამიტომ დედებო თქვენ კანონიკურად გაქვთ უფლება აირჩიოთ თქვენი წინამძღვარი“. ჩემზე უპირატესი მონაზონიც იყო მონასტერში, იქიდან დაიწყო. მან უთხრა, რომ ვერ შეძლებდა წინამძღვრობას და მე დამასახელა. ხმათა უმრავლესობით დედებმა გადაწყვიტეს, რომ მონასტრის წინამძღვარი გავმხდარიყავი მე, დედა სოსანა.
სწორედ ამის გამო, რადგანაც მონასტრის არჩეული წინამძღვარი ვიყავი, არც ერთ ეპისკოპოსს (რამდენი ეპისკოპოსიც არ უნდა გამოეცვალა ჭყონდიდის ეპარქიას), არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად გადავეყენებინე მონასტრის წინამძღვრობიდან.
მაგან [მეუფე სტეფანემ] მარტო მე კი არა, მთელი მონასტრების მონაზვნებსა და მორჩილებს მიაყენა დიდი შეურაცხყოფა. რომ აი, თქვენ ვინ ხართ. თქვენს აზრს მე არ ვითვალისწინებ. რასაც უკრძალავს მეუფე სტეფანეს კანონი, რადგან კრებსითულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.
სად წავალ
მე ყველაფრისთვის მზად ვარ. არაფერი არ მაშინებს. სიკვდილითაც რომ მომკლან, დარწმუნებული ვარ, ღმერთი ჩამიხუტებს და ამიტომ არ მეშინია. ღია ცის ქვეშაც რომ დავრჩე, ქუჩაშიც რომ მომიწიოს ღამის გათევა, ყველა განსაცდელისთვის მზად ვარ.
ამ წუთას ვარ ნაჯახაოს დედათა მონასტერში, მარტვილის ეპარქიაში. თუ დამტოვებენ ამ მონასტერში, გავაგრძელებ მოღვაწეობას. თუ ამ მონასტერშიც არ დამტოვებენ, მაშინ იძულებული ვიქნები, სადმე წავიდე ოჯახში, ვნახო ისეთი გარემო, სადაც მე შევძლებ მშვიდად შევძლო უფლის დიდება და მის მორჩილებაში ყოფნა.
ჩემი ნათესავები მეხვეწებიან, რომ მათთან წავიდე. დედაჩემი ავადაა. კადრები რომ გავიდა ტელევიზიით, როგორ ვიყავი ღამე წვიმაში, საერთოდ მოკლეს იმ დღეს.
მთელი ოჯახი მეუბნება შეგიქმნით პირობებსო. ამაზე ჯერ არ მიფიქრია, სად შეიძლება, რომ წავიდე.
ჯერ მინდა, რომ ვიყო ამ მონასტერში, სადაც ვარ. იქნება, რაც დრო გავა, უფრო მეტად მიხვდნენ თავის შეცდომებს, როგორ არაქრისტიანულად იქცევიან. იქნებ გაჩერდნენ, შეაკავონ ეს ყველაფერი და შეიცვალოს მდგომარეობა. ამის იმედი მაქვს.
[red_box]რა ხდება მარტვილის ეპარქიაში[/red_box]
მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარია. მონასტერი ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარეობს. ჭყონდიდის ეპარქიას წმინდა სინოდის განჩინებით, 2021 წლის 11 თებერვლიდან მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ხელმძღვანელობს. ის ამავდროულად არის ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსიც.
28 მარტს გამოცემული ბრძანებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობისა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ ზიარება აუკრძალა 10 სასულიერო პირს. ამ პირებს შორის იყო მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო.
29 მარტს მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის მონაზვნებთან და დედათა მონასტრების წინამძღვრებთან შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრას მონაზონი სოსანა უკანასკნელად დაესწრო, როგორც წინამძღვარი.
შეხვედრის პირველი ერთი საათი მშვიდად მიმდინარეობდა. მეუფე სტეფანემ ეპარქიის მონაზვნები გაიცნო და საკუთარი თავიც გააცნო. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც შეხვედრაზე დედა სოსანამ კითხვები დასვა.
მონაზვნის კითხვები ეხებოდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ბრალდებებს, რომელიც მან პატრიარქს წაუყენა.
შეხვედრაზე მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრე არა ბრალმდებელად, არამედ ცილისმწამებელად მოიხსენია.
„მაშინ მოიწვიონ მეუფეო სინოდი, განიხილეთ იქ ეს საკითხი სჯულის კანონის მიხედვით და დასაჯეთ, განკვეთეთ…“ – უპასუხა მას მონაზონმა სოსანამ.
შეხვედრა ჯამში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მისი უდიდესი ნაწილი ეპისკოპოს სტეფანესა და მონაზონ სოსანას კითხვა-პასუხს მოიცავდა.
ეპისკოპოსმა სტეფანემ მონაზონ სოსანას შეხვედრაზევე უთხრა, რომ თუ ის ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებდა, ეს იქნებოდა ამბოხი და მას ამის გამო მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას დაატოვებინებდა. მონაზონმა სოსანამ შეხვედრა დამთავრებამდე დატოვა. გასვლამდე მას მეუფე სტეფანემ უთხრა, რომ შეეძლო „კრებაც დაეტოვებინა, წინამძღვრობაც და ის მანქანაც, რომელსაც მართავდა“.
მართლაც, შეხვედრის დასრულებისთანავე ეპისკოპოსმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში თავისი მეოთხე ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებით მონაზონ სოსანას მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობა ჩამოართვა.
მარტვილის დედათა მონასტერში ამის შემდეგ ქონების გადაბარების პროცესი დაიწყო. 1-ელ აპრილს მონაზონი სოსანა მორჩილ ნინოსთან ერთად თბილისში წავიდა. უკან, მონასტერში დაბრუნებულებს კი, ახალმა წინამძღვარმა კარი აღარ გაუღო. ორივე მათგანი კომენდანტის საათის დროს წვიმაში, ღია ცის ქვეშ დარჩა.
მონაზონ სოსანასა და მორჩილი ნინოს გარდა ჭყონდიდის ეპარქიაში ათობით ადამიანი და სასულიერო პირია მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილი.
4 აპრილს მეუფე სტეფანემ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობლ ამბოხში მონაწილეოიბისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელის მოტივით ასევე 4 აპრილს მღვდელმსახურება აუკრძალა იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და დიაკონ ანანია კალანდიას.
4 აპრილის ბრძანებას წინ უსწრებდა 28 მარტის ბრძანება, რომლითაც ჭყონდიდის ეპარქიის ათ სასულიერო პირს მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება აუკრძალა.
აჭარაში დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ეს არ არის მკვეთრი მატების მაჩვენებელი, მაგრამ ნიშანია მოსახლეობისთვის, რომ უნდა გაგრძელდეს ვირუსისგან თავდასაცავად დაწესებული რეგულაციების დაცვა.
„ეს არ არის ნახტომისებური მატება, მაგრამ საყურადღებო მატებაა. ეს ნიშნავს, რომ თუ არ იქნება დაცული შეზღუდვები, არ არის გამორიცხული, რომ მალე, მაგალითად, 2 კვირაში, გვქონდეს მკვეთრი მატება.
პირბადის ტარების წესს მოსახლეობა ხშირად უგულებელყოფს, მნიშვნელოვანია ასევე თავი შევიკავოთ არასამსახურებრივი აქტივობებისგან. ვხედავთ, რომ ეწყობა წვეულებები და მობილობა გაზრდილია.
მოსახლეობაში ცირკულირებს ისევ ვირუსი და გავრცელების ჯაჭვის შესაჩერებლად ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელი წესების დაცვა.
მართალია, არ გვაქვს დიდი და ორგანიზებული კლასტერები რეგიონში, მაგრამ სწორედ ამიტომაა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა, რომ არ მივიღოთ ეპიდაფეთქებების დიდი კერები“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ნონა ეფაძემ.
აჭარაში 5 სკოლაა დახურული კორონავირუსის გავრცელების გამო – 4 ქობულეთში, 1 კი – ბათუმში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, უფრო ადრე 4 დახურული სკოლა კი გაივლის გეგმიურ ტესტირებას და ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდებიან კლასებში.
ნონა ეფაძის თქმით, ბოლო მონაცემებით აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა ძირითადად უკავშირდება სკოლებს, ბაღებსა და ნათესაურ კავშირებს, ერთმანეთთან მიმოსვლას.
ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველთა რიცხვმა იმატა – როგორც „ფაიზერით“, ასევე „ასტრაზენეკათი“ აცრის მსურველთა რაოდენობამ.
ნონა ეფაძემ 55 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებს მოუწოდა დროულად დარეგისტრირდნენ აცრაზე, რომ ასევე დროულად დაიწყოს სხვა ჯგუფებისთვისაც ვაქცინაციის პროცესი – ვირუსის გავრცელების საშიშროების მინიმუმამდე დასაყვანად.
საქართველოში დღეს კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 61.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელი, 18:00 საათის მონაცემებით, რეგიონში სულ 1314 პირი აიცრა. მათ შორის ფაიზერით 672, ასტრაზენეკათი კი 642.
ბათუმში, ტბელ აბუსერიძის #29ა-ში ოთხსართულიანი კორპუსის მეოთხე სართული ჩამოინგრა. ნგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, როგორც ადგილზე გვითხრეს, სახლი საცხოვრებლად უვარგისია და ამას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაც ადასტურებს. კორპუსში 50-მდე ოჯახი ცხოვრობს.
აქ მცხოვრებლების ინფორმაციით, მერია მათ ბინების დაქირავებას დაჰპირდა.
რას უპირებს მერია ავარიულ სახლს, ნამდვილად დაუქირავებს თუ არა ბინებს ოჯახებს და რამდენი ხნით? – ამ კითხვაზე მერიიდან პასუხს ველოდებით.
ბათუმში სიცოცხლისთვის საშიში ავარიული სახლების შესწავლა და შესაბამისი დასკვნების მომზადება მერიამ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს 2019 წელს დაუკვეთა.
მერიის თანამშრომლებმა, ზედაპირული დათვალიერების შემდეგ, ექპერტიზის ბიუროს 34 სახლის მონაცემები მიაწოდეს. ამ სახლებიდან ექსპერტებმა მიზანშეწონილად არ მიიჩნიეს 19 სახლის აღდგენა-გამაგრება: „ავარიულია და სახლის ან მისი ცალკეული ზონების ექსპლუატაცია საფრთხისშემცველია.“
სამხარაულის დასკვნის მიხედვით, რომელიც 2019 წელს მოამზადეს:
„ვიზუალური დათვალიერებით, ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე შენობის მიშენებული ნაწილის საძირკვლის ფუძის ჯდენის გამო, მიშენებული ნაწილი გადაიხარა ვერტიკალური სიბრტყიდან ეზოს მიმართულებით და, ძირითადი შენობის ღია აივნებთან მიშენებული ნაწილის ხისტად შეერთების გამო, თან წაიყოლა ძირითადი შენობის მზიდი კონსტრუქციები, რაც განსაკუთრებით შესამჩნევია შენობის ტორსულ კედლებთან მდებარე ბინებში. უნდა აღინიშნოს, რომ საძირკვლის ფუძის ჯდენის დინამიკური პროცესი კვლავ მიმდინარეობს, რადგან გარემონტებულ ბინებში ბზართა წარმოქმნა გრძელდება. შენობის ამ
ნაწილის ტექნიკური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ვერ უზუნველყოფს მობინადრეთა უსაფრთხოებას და მისი შემდგომში ექსპლუატაცია დაუშვებელია. ქ. ბათუმში, ტბ. აბუსერიძის ქ. #29ა-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემდგომი
ნორმალური ექსპლუატაციისათვის აუცილებელია დაუყოვნებლივ ჩატარდეს შენობის უკანა მხარეს მოგვიანებით განხორციელებული მიშენების ტექნიკური მდგომარეობის დეტალების გამოკვლევა და მიღებული შედეგების საფუძველზე დაუყოვნებლივ განხორციელდეს
შენობის მიშენებული ნაწილის გამაგრება ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული გაძლიერების პროექტის მიხედვით, ან დემონტაჟი ამ მიზნით სპეციალურად დამუშავებული დემონტაჟის პროექტის მიხედვით. ოჯახების რაოდენობა – 50.“
დასკვნის მომზადებიდან ორი წელი გავიდა, თუმცა ამ 34 სახლთან დაკავშირებით მერიას გადაწყვეტილება ჯერჯერობით არ მიუღია. მოქალაქეები ისევ სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველ გარემოში ცხოვრობენ.
Stopcov.ge-ს ცნობით, ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდის 687 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჩატარდა 27 713 კვლევა ტესტით.
6 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.48 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.98%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 2.42 %.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაიცვალა 8 პაციენტი.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 687 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 351 შემთხვევა, აჭარაში – 61, იმერეთში – 68, ქვემო ქართლში – 22, შიდა ქართლში – 41, გურიაში – 14, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 84, კახეთში – 18, მცხეთა-მთიანეთში – 20, სამცხე-ჯავახეთში – 4, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 232, საიდანაც 1 984 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 63 პირი.
3 957 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში იმყოფება 10 468 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 788 პირი, აჭარაში – 1 552, იმერეთში – 918.
„ხომ გავხდი ოთხი წლის, ბაღში რატომ არ მიგყავარ?“ – ამ კითხვას ხშირად უსვამს დედას 4 წლის ენრიკე, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავს, როგორ მიჰყავთ ან მოჰყავთ ბაღიდან მშობლებს მეზობელი ბავშვები. ენრიკე ისევ თავის რიგს ელის. ის ოჯახთან ერთად ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ენრიკეს მსგავსად თავის რიგს საბავშვო ბაღში ბათუმში 1659 ბავშვი ელოდება.
ენრიკეს დედამ, ნათია ხმალაძემ, ბავშვი ბაღის ასაკამდე რამდენიმე თვით ადრე დაარეგისტრირა, მაგრამ ის მაინც ბაღის გარეშე დარჩა. ახლა ენრიკე რიგში 58-ეა.
შეიძლება გაგიკვირდეთ და არ დაიჯეროთ, მაგრამ ბავშვი მეკითხება, ბაღში რატომ არ მიგყავარო. ერთხელ მითხრა, დედა, ამ ბაღში თუ არ არის ადგილი, სხვა ბაღში წამიყვანეო. რა უნდა ვუთხრა – ვუხსნი ბაღებში დიდი რიგებია, დაველოდოთ და ჩვენც მოგვიწევს-მეთქი. მაგრამ იმედი აღარ მაქვს, რომ ენრიკეს რიგიც მალე მოვა.
გარდა იმისა, რომ 4 წლის ენრიკეს უჭირს იმის გაგება, რატომ ვერ მიდის ბაღში მაშინ, როცა მისი თანატოლები დადიან, ნათია წუხს, რომ ის სათანადოდ მომზადებული ვერც სკოლაში შევა:
„ბავშვს არ ეცოდინება თანატოლებთან ურთიერთობა ერთ სივრცეში. გარდა ამისა, ბაღში ფერების გარჩევას, ლექსებს, ნახატებით ამბების მოყოლას, მასწავლებელთან ურთიერთობას, ყელაფერს ასწავლიან და ის სკოლაში უკვე მომზადებული შედის. ჩემს შვილს ამის შესაძლებლობა არ მიეცა. არ ვიცი, მომავალში შეიცვლება თუ არა რამე, მაგრამ წელს ამის იმედი აღარ მაქვს.“
ბავშვის სამ ბაღში დარეგისტრირება სცადა ლაურა მალაყმაძემაც. საბოლოოდ კი გადაწყვიტა ბავშვი კერძო ბაღში წაეყვანა, თუმცა რიგს მაინც ელოდება:
პირველივე ბაღში, რომელიც ჩვენს უბანშია, 86-ეა ბავშვი რიგში. კიდევ ორ უახლოეს ბაღში დავარეგისტრირე. ერთ-ერთში, სადაც ვფიქრობთ, რომ შანსი გვაქვს, 41-ე ვართ რიგში. გამოდის, რომ წელს ბავშვს ბაღში ვერ წავიყვანდი. სამსახურში უნდა მევლო, ვერც ვერავისთან დავტოვებდი და კერძო ბაღში წავიყვანე. არ მოსწონს, მეუბნება, ეს ბაღი კი არა სახლია, მე ბაღი მინდოდაო. კერძო ბაღი მართლაც საცხოვრებელი სახლის შენობაშია განთავსებული.
მშობლები, რომლებსაც ბავშვები ვერც მუნიციპალურ ბაღებში მიჰყავთ და ფინანსური პრობლემების გამო ვერც კერძო ბაღებით სარგებლობენ, ამბობენ, რომ ბავშვების სკოლისთვის მომზადება უჭირთ: „ვცდილობ, მაგრამ ისე ვერ მოვამზადებ ბავშვს, როგორც ბაღში ამზადებენ“.
2021 წელს ბათუმში ბაღის გარეშე 1659 ბავშვი დარჩა. მათ შორის ისეთებიც, რომლებიც საბავშვო ბაღში მოხვედრას წინა წელსაც ცდილობდნენ, თუმცა უადგილობის გამო ისევ ბაღს მიღმა აღმოჩნდნენ.
ამ ეტაპზე ბათუმში 33 მოქმედი ბაღია, აღსაზრდელების საერთო ლიმიტი კი- 8 105. ბათუმის ბაღების გაერთიანების ვებგვერდის მონაცემებით, თითოეულ ბაღში, სხვადასხვა ჯგუფში, მინიმუმ ასამდე ბავშვი ელის თავის რიგს, ზოგიერთ ბაღში კი კონკრეტულ ჯგუფში 180-ზე მეტი ბავშვია მოლოდინის რეჟიმში. რიგს ელიან როგორც 4-წლიანების, ისე 5-წლიანების ჯგუფებში. თუმცა წელს ბაღის გარეშე დარჩენილი ბავშვების უმეტესობა სკოლის ასაკამდე ისე მივა, რომ ბაღში წასვლას ვერ შეძლებს.
ბათუმის მერია 2021 წელს მხოლოდ ერთი ბაღის გახსნას გეგმავს ლერმონტოვის ქუჩაზე. ამ ბაღის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო. მერიაში კარგად იციან, რომ ერთი ბაღის გახსნა პრობლემას ვერ მოაგვარებს.
ამ ყველაფერს ისიც ემატება, რომ მუნიციპალურ ბაღებში ბავშვების გადაყვანის სურვილი აქვთ იმ მშობლებსაც, რომლებმაც ადგილის არარსებობის გამო ბავშვები კერძო ბაღებში მიიყვანეს. მით უმეტეს, რომ ბოლო პერიოდში კერძო ბაღების მომსახურება კიდევ უფრო გაძვირდა.
ბათუმში ერთ ბაღში საშუალოდ 250 აღსაზრდელია, თავის რიგს კი 1659 ბავშვი ელის. შესაბამისად, ბათუმში ბაღების მისაწვდომობის პრობლემის მოსაგვარებლად სულ მცირე 6 საბავშვო ბაღი კიდევ არის საჭირო.
გასულ წლებში ბაღების მშენებლობისთვის გაწეული ხარჯების მიხედვით, ერთი ბაღის მშენებლობაზე მინიმუმ 2 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს იმას ნიშნავს, რომ ბაღების დეფიციტის შესავსებად მერიას 12 მილიონზე მეტი ლარი და რამდენიმე წელი დასჭირდება.
ბაღებთან დაკავშირებულ პრობლემებზე ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელს, არჩილ ჩიქოვანს, საკრებულოს სხდომაზე ჰკითხეს. მან თქვა, რომ განიხილავდნენ ერთი ბაღის აშენებას ჩაქვში, თუმცა ნაკვეთი სტანდარტული ბაღის ასაშენებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. მან დაამატა, რომ ამ საკითხზე დეტალები დასაზუსტებელი ჰქონდა. ამ განმარტებიდან ორი თვის შემდეგ მერიას იგივე პასუხი აქვს – ჯერ კიდევ აზუსტებს, შეძლებს თუ არა ჩაქვში სტანდარტული ბაღის აშენებას.
უცნობია, როგორ ფიქრობს მერია მომავალში ამ პრობლემის გადაჭრას. მერიიდან ამ საკითხზე სრულყოფილი პასუხი ვერც დღეს მივიღეთ. მხოლოდ ის გვითხრეს, რომ „ამ საკითხებზე მუშაობენ“.
აჭარის მთავრობამ კი ბაღების მისაწვდომობის პრობლემაზე ჩვენს კითხვებს ასე უპასუხა:
„აჭარის მთავრობა ბათუმის მერიასთან ერთად აქტიურად მუშაობს ახალი ბაღების მშენებლობისთვის შესაბამისი ლოკაციების შერჩევის საკითხზე“.
ბაღებისთვის ადგილების შესარჩევად მერიას განსაკუთრებული ძალისხმევა დასჭირდება, რადგან ბათუმში, მჭიდროდ დასახლებულ უბნებში, თავისუფალი ტერიტორების უმეტესობა გაყიდულია. კანონით გათვალისწინებული რეგულაციების შესაბამისად კი, ბაღს უნდა ჰქონდეს საკმარისი ადგილი უსაფრთხო შენობისთვის, რომელსაც ორი გასავლელი, ორი კიბე, გამართული სახანძრო სისტემა და შემოსაზღვრული ეზო ექნება.
6 აპრილის 19:00 საათის მდგომარეობით, აჭარაში 5 საჯარო და 1 კერძო სკოლა დაიხურა. დღეს კოვიდის გავრცელების გამო ასევე დაიხურა 3 საბავშვო ბაღი.
აჭარის განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დაიხურა ქობულეთის პირველი საჯარო სკოლა, სოფლების – ლეღვას, ნაკაიძეების, მუხაესტატეს და ხუცუბნის სკოლები.
ბათუმში კი მხოლოდ ერთი კერძო სკოლაა დახურული. სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის აჭარაში ონლაინსწავლებაზე ასევე გადასულია 15 კლასი. ქვეყნის მასშტაბით კი 52 სკოლა.
საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო ერთი კვირაში მასწავლებელთა და
სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეების 0,03%-ს დაუდასტურდა კოვიდი.
ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 80 მასწავლებელი იმყოფება.
სამინისტრის განცხადებით, კოვიდის შიდა გავრცელების შემთხვევები არ ფიქსირდება.
საქართველოს მთავრობამ ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობის რეგლამენტირების წესი დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც „ლაქ-საღებავები არ უნდა შეიცავდეს 90 ppm-ზე [ანუ 0.009%] მეტ ტყვიას [მეტალურ ტყვიაზე გადაანგარიშებით] საღებავის საერთო არააქროლადი ნაწილის წონიდან ან საღებავის გამშრალი აპკის წონიდან“.
ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ლაქ-საღებავებში ტყვიის შემცველობას არეგულირებს, მთავრობის დადგენილებით, მხოლოდ 2023 წლის 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ, იმპორტიორი ვალდებული იქნება შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის მეშვეობით ამ სამსახურსა და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს ელექტრონული ფორმით წარუდგინოს „ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“.
შემოსავლების სამსახური კი ვალდებული იქნება, შეაჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი ლაქ-საღებავების საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნება წარდგენილი ასეთი შეტყობინება.
შეტყობინების ფორმა, შევსებისა და დადასტურების წესი, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებმა ერთობლივი ბრძანებით, 2023 წლის პირველ ივლისამდე უნდა განსაზღვრონ.
„ლაქ-საღებავების იმპორტის წინასწარი შეტყობინება“ აუცილებელია მხოლოდ სამშენებლო გამოყენებისთვის განკუთვნილ ლაქ-საღებავებზე, გარდა ფიზიკური პირის მიერ 30 კალენდარულ დღეში ერთხელ, ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის ლაქ-საღებავებისა, რომლებიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.
„სახელმწიფო ორგანოების მიერ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ობიექტებად განსაზღვრული არქიტექტურის უძველესი ძეგლების, ხელოვნების ნიმუშების, სატრანსპორტო საშუალებების რესტავრაციის მიზნით აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად დასაშვებია ზღვრული ნორმის დარღვევით ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ბაზარზე განთავსება შესაბამისი შემცვლელების არ ქონის ან/და გადაუდებელი აუცილებლობის დასაბუთებით. ასეთი ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტის ბაზარზე განთავსება დასაშვებია ამ პუნქტით გათვალისწინებული მიზნის დადასტურებისა და პროდუქციის ეტიკეტზე გამაფრთხილებელი ფრაზის: „ფრთხილად! შეიცავს ტყვიას!“ დატანის შემთხვევაში“, – აღნიშნულია რეგლამენტში.
რეგლამენტის მიხედვით, „მწარმოებელი ვალდებულია, უზრუნველყოს ბაზარზე მხოლოდ ისეთი ლაქ-საღებავის განთავსება, რომელიც დამზადებულია ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად. ამასთან, მწარმოებელი ვალდებულია შეადგინოს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული დოკუმენტაცია ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებამდე, ხოლო ეს დოკუმენტაცია შეინახოს ლაქ-საღებავის ბაზარზე განთავსებიდან 10 წლის განმავლობაში.“
რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ იმპორტიორი ვალდებული იქნება „არ განათავსოს ლაქ-საღებავი ბაზარზე, თუ მიიჩნევს ან აქვს ეჭვის საფუძველი, რომ ლაქ-საღებავი არ შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს, სანამ ლაქ-საღებავი შესაბამისობაში არ იქნება მოყვანილი დადგენილ მოთხოვნებთან. თუ ლაქ-საღებავი ქმნის რისკს, იმპორტიორი ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მწარმოებელს და ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს“.
იმპორტიორი ვალდებული იქნება ასევე „ლაქ-საღებავის შეფუთვაზე ან თანმხლებ დოკუმენტაციაში მიუთითოს საკუთარი დასახელება, რეგისტრირებული სავაჭრო სახელი ან რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი და მისამართი, კონკრეტული ადგილის მითითებით, სადაც შესაძლებელია იმპორტიორთან დაკავშირება“.
ტექნიკურ რეგლამენტში ასევე აღნიშნულია, რომ „დასაშვები ზღვრული ოდენობის დარღვევით წარმოებული ლაქ-საღებავების შემცველი პროდუქტების გამოვლენისას, ტყვიაშემცველი ლაქ-საღებავების ტრანსპორტირება, დროებით შენახვა, ნარჩენების მართვა და გადამუშავება პროდუქტის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მოთხოვნების შესაბამისად, მათივე ხარჯით“.
ყოველი წლის ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ტყვიის შემცველი საღებავების ელიმინაციის გლობალური ალიანსის ინიციატივით, ტყვიით მოშხამვის პრევენციის საერთაშორისო კვირეული აღინიშნება. ასეთი კვირეული აღინიშნება საქართველოშიც. მაგალითად, 2019 წელს კვირეულის სლოგანი იყო – „აკრძალე ტყვია საღებავებში“.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის გამგეობის გადაწყვეტილებით, საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს პაატა დიასამიძე.
საიას აჭარის ფილიალის დებულების თანახმად, თავმჯდომარე ყოველწლიურად აირჩევა გამგეობის შემადგენლობიდან.
ასევე საიას ცნობით, განახლდა ორგანიზაციის აჭარის ფილიალის გამგეობის შემადგენლობაც.
საიას აჭარის ფილიალის გამგეობა დაკომპლექტდა შემდეგი შემადგენლობით: ილონა დიასამიძე; პაატა დიასამიძე; რაჟდენ ხიმშიაშვილი; რუსლან წულუკიძე; ნათია აფხაზავა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 5 ათასი ლარის გადახდა დააკისრა „მეხუთე კლინიკურ საავადმყოფოს“. მორალური ზიანის ასანაზღაურებლად კლინიკამ ფული ი.მ.-ს უნდა გადაუხადოს. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ქალი „ფსიქიატრიული დახმარების მიზნით სტაციონარში უკანონოდ მოათავსეს.“
ი.მ. 55 წლის ქალია და თბილისში ცხოვრობს. მას მემკვიდრეობაზე დავა საკუთარ დასთან ჰქონდა, რომლის წინააღმდეგაც პოლიციას შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. ოჯახში ძალადობიდან ორი კვირის თავზე კი, ერთ დილას, სახლში დაბრუნებული ქალი პოლიციელებმა ფსიქიატრიულში გადაიყვანეს.
ი.მ.-ს ჩვენების მიხედვით, ის დილით საყიდლებზე წავიდა, ბოსტნეული და სახლისთვის საჭირო პროდუქტები იყიდა და შინ დაბრუნდა. ი.მ.-ს საცხოვრებელ სახლში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა. პოლიციის ეკიპაჟმა მას უთხრა, რომ სამედიცინო შემოწმების მიზნით მისი კლინიკაში გადაყვანა იყო საჭირო. სრულ გაურკვევლობაში მყოფი ი.მ. ვერ მიხვდა რა მოემოქმედებინა და ნებაყოფლობით გაჰყვა მათ კლინიკაში. თან გზაში პოლიციელს უყვებოდა, რომ ოჯახის წევრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასზე, როგორც ფიზიკურ, ასევე ფსიქოლოგიურ ძალადობას. მოუყვა, რომ მისი ოჯახის წევრის მიმართ რამდენიმე დღის წინ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის გამო გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერიც მის დასაცავად.
დეტალების გარკვევის ნაცვლად პოლიციელებმა და სასწრაფოს ექიმებმა ქალის ფსიქიატრიულში მიყვანა ამჯობინეს, როგორც ეს ი.მ.-ს დამ მოითხოვა, ვის წინააღმდეგაც პოლიციელებს შემაკავებელი ორდერი ჰქონდათ გამოწერილი.
„აღნიშნულ საქმეში ი.მ-ს მოთავსებისას არ მომხდარა ფაქტების სრული და ობიექტური გამოკვლევა. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის მხრიდან არ მომხდარა ფაქტების გადამოწმება: იყო თუ არა ქალი ოჯახში ძალადობის მსხვერპლი. ექიმ-ფსიქიატრებმა გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში არ მიიღეს ის ფაქტორები, რომლებიც წინ უსწრებდა მის სტაციონარში მოთავსებას, კერძოდ, ოჯახში ძალადობის ფაქტი,“ – აღნიშნავს „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ [PHR], რომელიც სასამართლოში ი.მ.-ს ინტერესებს იცავდა.
როგორ დადასტურდა, რომ ფსიქიატრიულის გადაწყვეტილება უკანონო იყო?
„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი სოფო მენაბდიშვილი განმარტავს, რომ კანონი ადგენს ფსიქიატრიულში არანებაყოფლობით მოთავსების წესს: განსაზღვრულია კრიტერიუმები – რის გამო შეიძლება დაგტოვონ სტაციონარში. იურისტის თქმით, ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა კლინიკის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
„კანონი ამბობს, რომ ამ დროს ადამიანი საფრთხეს უნდა უქმნიდეს საკუთარ ან სხვის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს… ეს არ დასტურდებოდა. იქ იყო ძირითადად დის მონაყოლი. ბენეფიციარი კი მიიჩნევს, რომ ეს იყო გამიზნული ქმედება, რადგან მას ჰქონდა სამკვიდრო დავა. არგუმენტად იყო დასახელებული ისიც, რომ ი.მ. იზოლირებულად, ცალკე ცხოვრობს და მას კონფლიქტი ჰქონდა მეზობლებთან,“ – გვიყვება ადვოკატი სოფო მენაბდიშვილი.
საბოლოოდ, ი.მ. 14 დღე იყო ფსიქიატრიულში, ვიდრე სასამართლო დაადგენდა, რომ მისი სტაციონარში მოთავსება უკანონოა. ამჯერად სასამართლომ კომპენსაციის ნაწილში დააკმაყოფილა ი.მ.-ს სარჩელი.
ი.მ. სასამართლოში დავობს შსს-ს წინააღმდეგაც და აქაც ზიანის ანაზღაურებას ითხოვს. იურისტი სოფო მენაბდიშვილი განმარტავს, რომ პოლიციელების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასმა არ მოუთხოვიათ, რადგან კანონით არ არის განსაზღვრული ადამიანის ფსიქიატრიულში მოთავსების დროს რა პროცედურაა საჭირო და რთულია პასუხისმგებლობის გამოკვეთა.
„შსს-დან მოგვწერეს, რომ მათი ვალდებულებაა ამ დროს მხოლოდ უსაფრთხოდ გადაყვანა, არადა, წესით, მათ აქვთ სხვა ვალდებულებაც, როცა ცნობილი იყო ამ შემთხვევაშიც, რომ შემაკავებელი ორდერი იყო გამოწერილი,“ – დასძინა სოფო მენაბდიშვილმა.
ერთი კვირის წინ Youtube-ზე გამოჩნდა „ბეჭდების მბრძანებლის“ საბჭოთა დროინდელი სატელევიზიო ფილმი, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.
სატელევიზიო ფილმი სახელწოდებით – „მცველები“ 1991 წელსაა გადაღებული ჯონ ტოლკინის რომანის – „ბეჭდების საძმოს“ მიხედვით და ერთადერთი ადაპტაციაა „ბეჭდების მბრძანებლის“ ტრილოგიისა საბჭოთა ეპოქაში.
სამოსი, დეკორაცია და სპეცეფექტები ფილმში თეატრალური დადგმის მსგავსია.
ფილმისთვის მუსიკა რუსული როკ-ჯგუფის, Аквариум-ის წევრმა ანდრეი რომანოვმა დაწერა. სატელევიზიო ეთერში ტოლკინის რომანის მიხედვით გადაღებული „მცველები“ ერთადერთხელ აჩვენეს, მერე კი ჩანაწერი პეტერბურგის [მაშინდელი ლენინგრადის] ტელევიზიის არქივში გაუჩინარდა.
ამ ფილმის შესახებ არავის არაფერი ახსოვდა მანამ, სანამ ერთი კვირის წინ პეტერბურგის ტელევიზია 5ТВ-ს თანამშრომელმა ჩანაწერი არ გააციფრულა და YouTube-ზე ატვირთა. ფილმი ამ ხნის განმავლობაში 800 000-მდე მაყურებელმა ნახა.
ტოლკინის უფრო ადრეული ადაპტაციები და თარგმანები საბჭოთა კავშირის დროს რთულად საპოვნელი იყო. ცენზურა ბლოკავდა ისტორიებს ელფების, გნომების, ადამიანების კავშირზე, რომლებიც ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ იბრძოდნენ.
1985 წელს პეტერბურგის ტელევიზიამ აჩვენა ტოლკინის კიდევ ერთი რომანის – „ჰობიტის“ მიხედვით გადაღებული ანიმაცია, რომელსაც „ჰობიტ ბილბო ბეგინსის არაჩვეულებრივი თავგადასავალი“ ერქვა.
აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 6 აპრილს, აჭარაში ორი სკოლა დაიხურა.
ერთ-ერთი კერძო სკოლა „მასტერკლასია“, სადაც კორონავირუსი მოსწავლეს და პედაგოგს დაუდასტურდა.
კორონავირუსის შემთხვევის გამო დაიხურა სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლაც ქობულეთში.
კორონავირუსი დაუდასტურდა ბათუმის მე-19 საბავშვო ბაღის ერთ-ერთ მასწავლებელს, რომელიც მე-5 საჯარო სკოლაშიც ასწავლის. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მე-19 ბაღი არ დაიხურება. სკოლასთან დაკავშირებით კი, როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, ეპიდჯგუფის დასკვნას დაელოდებიან.
ჯანდაცვის ცენტრში ბათუმში მე-10 საბავშვო ბაღის დახურვის შესახებაც დაგვიდასტურეს ინფორმაცია. კოვიდი ორ ბავშვს დაუდასტურდა.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის [ EMC] ინფორმაციით, 16-სართულიანი კომპლექსის [დამატებით 3 სართული მიწის ქვეშ] მშენებლობა ბათუმის ბულვარში არც სასამართლომ შეაჩერა.
ორგანიზაცია ითხოვდა მშენებლობის შეჩერებას სასამართლოს საქმის განხილვამდე.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოსაზრება, რომ მშენებლობის დაუყოვნებლივ შეუჩერებლობით შეუქცევადი ზიანი ადგება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რომლის მნიშვნელობა და ღირებულება ქალაქისთვის შეუფასებელია.
ორგანიზაციის შეფასებით, „ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ ვერ შეძლო საჯარო ინტერესის დაცვის სადარაჯოზე დადგომა და აღმასრულებელი ხელისუფლების თვითნებური გადაწყვეტილებების რეალური შეკავება და კონტროლი“.
ბათუმის ბულვარში „ამბასადორი ბათუმი“ უკვე მე-9 სართულს აშენებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამჟამად ძეგლისთვის კანონით დასაშვებ პარამეტრებზე უკვე 6 სართულით მეტია აშენებული.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჯერ კიდევ არ დაუწყია სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც სამშენებლო ნებართვის ბათილად ცნობაა მოთხოვნილი.
„ამ პირობებში ჩვენ მოვუწოდებთ ბათუმის საქალაქო სასამართლოს საქმის არსებითი განხილვა დროულად, გაჭიანურების გარეშე უზრუნველყოს და სასამართლოს კონტროლი მშენებლობის პროცესის მიმართ რეალური და ეფექტიანი გახადოს,“ – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
„სასამართლო განჩინებაში საერთოდ არ არის მოცემული არგუმენტები და დასაბუთება, თუ რატომ იქნა მიჩნეული, რომ არ არსებობს სადავო აქტების შეჩერების საფუძველი. განჩინება იმდენად დაუსაბუთებელია, რომ სრულიად გაუგებარი ხდება, რატომ არ იზიარებს სასამართლო მოსარჩელეთა პოზიციასა და წარდგენილ მტკიცებულებებს.“
სოციალური სამართლიანობის ცენტრი [ყოფილი EMC] უკიდურესად პრობლემურად მიიჩნევს იმასაც, რომ საზოგადოების ლეგიტიმური პროტესტის მიუხედავად, აჭარის მთავრობის წარმომადგენლები, „ამბასადორი ბათუმის“ უკანონო მშენებლობის უგულებელყოფის პარალელურად განაგრძობენ საჯარო ინტერესის დათმობას კერძო კომპანიების სასარგებლოდ სხვა სასტუმროების შემთხვევაშიც.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ბათუმში 6 ქუჩაზე ელექტროენერგიის მიწოდება დაახლოებით ნახევარ საათში აღდგება. ესენია: ჯავახიშვილის, ლერმონტოვის, აღმაშენებლის, გორგილაძის, ბაგრატიონისა და ჭავჭავაძის ქუჩები.
ენერგოკომპანიაში განმარტავენ, რომ ეს სამუშაოები გეგმიურია და მომხმარებლებს ინფორმაცია მიაწოდეს 10 საათიდან დღის 2 საათამდე შუქის გათიშვის შესახებ, თუმცა ელექტროენერგია 11 საათზე გაითიშა.
უშუქოდაა დარჩენილი ასევე ურეხის დასახლების ნაწილი, სადაც დენს გეგმიური სამუშაოს დასრულებისთანავე ჩართავენ.
დღეს, 6 აპრილს, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ღამის 9 საათიდან დილის 5 საათამდე მოძრაობის შეზღუდვის შენარჩუნება მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად.
„დღეს ეპიდემიური მდგომარეობა არის უკიდურესად სარისკო. ღამით მოძრაობის შეზღუდვა არის ერთ-ერთი ქმედითი მექანიზმი, რომელიც ჩვენ შემთხვევების უკონტროლო მატების და მობილობის კონტროლის საშუალებას გვაძლევს.
წმინდა ეპიდემიოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე, ამ შეზღუდვის მოხსნა არის აბსოლუტურად გაუმართლებელი და ვფიქრობ, სამოქალაქო საზოგადოება უნდა იყოს პირველი, რომელიც თავად დაუჭერს საზოგადოებაში ეპიდემიის გავრცელების რისკების შემცირებას,“ – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
საქართველოში ღამით გადაადგილება 2020 წლის 26 ნოემბრიდან შეზღუდულია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის [სუს] ანტიკორუფციულმა სამსახურმა „აჭარის სატყეო სააგენტოს“ ხულოს სატყეო ადმინისტრაციის თანამშრომელი და კიდევ ერთი პირი დააკავა.
„გამოძიებით დგინდება, რომ აღნიშნულმა პირებმა, ხე-ტყის ჭრის კანონიერების დამადასტურებელი მონაცემების გადაცემის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 1 280 ლარი, რა დროსაც მოხდა მათი დაკავება,“ – აღნიშნულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, რაც გულისხმობს ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 7-დან 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მაგისტრალის მშენებლობაზე. რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალური პროექტირება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. შესაბამისად, გადაიწია გზის მშენებლობის დაწყების თარიღიც.
„2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივი საწარმო „სპეა-აიარდი“-ს მიერ მომზადდა E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება [სტადია 1] და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები [სტადია 2]“, – მოგვწერეს 2021 წლის 5 აპრილს გზების დეპარტამენტიდან.
დეპარტამენტის ინფორმაციით, „საპროექტო სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა არის 2021 წლის ბოლო, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დამფინანსებლად განიხილება აზიის განვითარების ბანკი“.
ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს [„სპეა-აიარდი“] შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულებაა 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი.
„ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ 2020 წლის 8 ივნისს მიიღო.
დროულად ვერ დაიწყო და დროში გაიწელა ასევე ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა. გზის ეს მონაკვეთი საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სინოჰიდრომ“უნდა ააშენოს. ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.
რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა? – გზების დეპარტამენტისგან 5 აპრილს მიღებული ინფორმაციით:
„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, კერძოდ, ხულო – გოდერძის უღელტეხილის კმ 5+195 – კმ 29+732 მონაკვეთზე [ლოტი 1] და გოდერძის უღელტეხილი – ზარზმის კმ 0+000 – კმ 17+380 მონაკვეთზე [ლოტი 2] მიმდინარეობს სამშენებლო ბანაკების მოწყობა, მანქანა-მექანიზმების მობილიზება და მოსამზადებელი სამუშაოები“.
ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო და სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი [NCDC] არ ასაჯაროებენ, თუ რამდენი გადაიხადეს ქვეყნის ბიუჯეტიდან კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში.
რამდენი ვაქცინა შეიძინა საქართველომ და რა ფასად? – ამ კითხვით „ბათუმელებმა“ სამინისტროს და ეროვნულ ცენტრს ერთდროულად, წერილობით, 31 მარტს მიმართა.
პასუხი მხოლოდ ცენტრისგან მივიღეთ, ისიც, მხოლოდ ვაქცინების რაოდენობაზე და არა მათ ღირებულებაზე.
„რაც შეეხება, განცხადებით მოთხოვნილ Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ღირებულებას, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. „Covax Facility shareholders council confidentiality agreement“ [კონფიდენციალურობის ხელშეკრულება – ავტ.]. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს“, – მოგვწერა NCDC-მ.
ეროვნულ ცენტრს ვკითხეთ ასევე, თუ რა თანხა გადაიხადა ქვეყანამ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში ჯამურად, თუმცა, პასუხი ამ დრომდე ვერც ამ კითხვაზე მივიღეთ.
NCDC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2021 წლის 5 აპრილის მდგომარეობით, ქვეყანაში შემოტანილია შემდეგი ვაქცინები:
[checklist]
AstraZeneca – 43 200 დოზა (10-დოზიანი)
Pfizer – 29 250 დოზა (6-დოზიანი)
„სინოფარმი“ – 100 000 დოზა (1-დოზიანი)
[/checklist]
ვაქცინაცია საქართველოში ნელი ტემპით მიმდინარეობს. 6 აპრილის 12:00 საათისთვის საქართველოში სულ 12 846 ადამიანი იყო აცრილი.
საქართველოში ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტს მედპერსონალის აცრით დაიწყო. მანამდე კი, 13 მარტს, ამოქმედდა ონლაინპორტალი, სადაც აცრის გაკეთების მსურველ ჯანდაცვის მუშაკებს ვაქცინის მისაღებად დარეგისტრირება შეეძლოთ. Covid-19 ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმის მიხედვით, 2021 წელს ჯანდაცვის სექტორის მუშაკების 65%-ის ანუ 46 420 მედპერსონალის აცრა იგეგმება. რაც შეეხება ქვეყნის სრულ მოსახლეობას, გეგმის მიხედვით უნდა აიცრას მოსახლეობის 60%, ანუ 1 691 214 ადამიანი.
stopcov.ge-ის მონაცემებით, 2021 წლის 6 აპრილის მდგომარეობით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 284 958 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის 3 832 გარდაიცვალა.
„ეპიდსიტუაცია საკმაოდ დაძაბულია ქვეყანაში, სულ უფრო და უფრო უარესდება. მივდივართ იქითკენ, რომ მესამე ტალღა იყოს ქვეყანაში… თუ ეპიდსიტუაცია კიდევ უფრო გაუარესდა, ვიმსჯელებთ გამკაცრებაზე“, – განაცხადა 6 აპრილს ამირან გამყრელიძემ.
NCDC-ი არ ასაჯაროებს ასევე იმ ინფორმაციასაც, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით საქართველოში რეგიონების მიხედვით.
„Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 2021 წლის 22 თებერვალს.
განახლება:ვაქცინის ფასებთან დაკავშირებით „ბათუმელების“ წერილზე პასუხი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან 14 აპრილს მივიღეთ:
„COVAX პლატფორმის ფარგლებში მარტის თვეში შემოვიდა ასტრაზენეკას წარმოების 43 200 ვაქცინა და ფაიზერის წარმოების 29 250 ვაქცინა. აპრილის დასაწყისში ქვეყანამ მიიღო ჩინური წარმოების სინოფარმის 100 000 დოზა ვაქცინა. მაისის დასაწყისში ქვეყანა COVAX-ის ფარგლებში კვლავ მიიღებს 83 000 დოზა ფაიზერის წარმოების ვაქცინას. ამჟამად მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა მწარმოებელთან და ევროკავშირის ქვეყნებთან, ვაქცინების დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით.
რაც შეეხება, ვაქცინების ფასებს, გაცნობებთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ვაქცინების გლობალურ ალიანსთან გაფორმებული აქვს ე.წ. “Covax Facility shareholders council confidentiality agreement”. ასევე, როგორც მოგეხსენებათ, მწარმოებელ კომპანიებთან კომუნიკაციის დოკუმენტაცია წარმოადგენს მათ კომერციულ საიდუმლოს.“ – აღნიშნულია სამინისტროდან მიღებულ წერილში.
1-ელ აპრილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალურ ბრიფინგზე, ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საქართველოში შემოტანილი ვაქცინების ფასებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ყველაზე ძვირი, ამ ეტაპზე, ჩინური ვაქცინა უჯდება, რადგან „ფაიზერი“ და „ასტრაზენეკა“კოვაქსის პროექტის ფარგლებში არასაბაზრო ფასით არის შეძენილი:
გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ცნობით, 6 აპრილის 21 საათიდან 7 აპრილის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
დღისით: 20 – 25 გრადუსი სითბო
ღამით: 7 – 12 გრადუსი სითბო
მთიან მუნიციპალიტეტებში მოსალოდნელია:
დღისით: 15 – 20 გრადუსი სითბო
ღამით: 0 – 5 გრადუსი სითბო
სინოპტიკოსების ცნობით, 8 აპრილს ბათუმში მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს, 9-10 აპრილს კი დროგამოშვებით იწვიმებს.
კერძო სკოლა „ნიკე“, 2006 წელს, იზო ტაკიძის ხელმძღვანელობით დაარსდა. 2014 წელს სკოლამ ააშენა საკუთარი, ოთხ სართულიანი შენობა.
ჩვენი სკოლის მიზანია, ვიყოთ მრავალმხრივი და ინოვაციური, რომელიც დღევანდელ თაობას აღზრდის მომავლის ლიდერებად. შესაბამისად, სკოლა ნიკე მოსწავლეზე ორიენტირებულ, მაღალი ხარისხის განათლებას აძლევს მოსწავლეებს.
სკოლა ნიკე
სკოლის თანამედროვე ინფრასტრუქტურა ქმნის პირობებს მოსწავლის განწყობის, კომფორტისა და უსაფრთხოებისთვის. სკოლის ტერიტორია იზოლირებულია, სადაც ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო გარემოა. გაკვეთილები ხშირად სუფთა ჰაერზე, სკვერში ტარდება.
სკოლა „ნიკე“
სკოლა ნიკეს გააჩნია:
[checklist]
2 სპორტული მოედანი
ლაბორატორია
სააქტო დარბაზი
საზაფხულო სკვერი
ინგლისურის სასწავლო პროგრამები კემბრიჯის საგანმათლებლო ცენტრთან.
საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა.
ამის შესახებ ღარიბაშვილმა თავად განაცხადა.
„ტესტირების შედეგად დამიდასტურდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ, ვიმყოფები თვითიზოლაციაში და ვაგრძელებ მუშაობას დისტანციურ რეჟიმში,“ – წერს ღარიბაშვილი ფეისბუქზე.