ბათუმი,მოსაზრება,სიახლეები

რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს

23.02.2021 • 2655
რეგიონების მიხედვით კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკას NCDC-ი არ ასაჯაროებს

საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის [NCDC] ინფორმაციით, კორონავირუსით გარდაცვალების ყველა შემთხვევას საქართველოში სპეციალურად შექმნილი კლინიცისტთა ჯგუფი დეტალურად განიხილავს, შედეგები კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

რამდენი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში კორონავირუსით პანდემიის დაწყებიდან დღემდე  რეგიონების მიხედვით, მონაცემებს NCDC-ი ამ ეტაპზე არ ასაჯაროებს.

NCDC-ის ინფორმაციით, „Covid19-ით გამოწვეულ სიკვდილიანობასთან დაკავშირებული ის ინფორმაცია, რომელიც ცხადდება ყოველდღიურად, წარმოადგენს ოპერატიულ, ყოველდღიურ რაოდენობრივ წინასწარ მონაცემებს… ყველა ის მონაცემი, რომელიც ხელმისაწვდომია ცენტრისთვის, ვრცელდება ცენტრის ვებგვერდის და ასევე Covid19-თან დაკაშირებული ხუთივე ანგარიშის მეშვეობით“.

23 თებერვლის დილის მდგომარეობით, ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის შედეგად, ჯამში, 3 457 ადამიანი გარდაიცვალა.

„ბათუმელებმა“ დააჯამა კორონავირუსით გარდაცვლილთა ის მონაცემები, რომლებიც NCDC-ის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული თვეების მიხედვით. მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა – NCDC-ის მონაცემებით, დღემდე საქართველოში კორონავირუსით 3 473 ადამიანია გარდაცვლილი, ანუ 16-ით მეტი იმ რაოდენობაზე, რაც stopcov.ge-ზე არის მითითებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ყველაზე მეტი – 1 225 ადამიანი, 2020 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

გარდაცვალების სტატისტიკა თვეების მიხედვით:

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა საქართველოში –  2020 წლის თებერვლიდან 2021 წლის 23 თებერვლამდე პერიოდში / წყარო: NCDC

გარდაცვალების სტატისტიკა / თებერვალი [1-23], 2021 წ.

კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა / 1 თებერვალი – 23 თებერვალი / წყარო: NSDC

„დღემდე რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსის შედეგად  საქართველოში რეგიონების მიხედვით“, – ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ NCDC-დან 2021 წლის 27 იანვარს ოფიციალურად გამოითხოვა.

„ცენტრი კორექტირებულ მონაცემებს წელიწადში ერთხელ გადასცემს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც დადგენილ ვადებში (მონაცემები სიკვდილის მიზეზების მიხედვით ქვეყნდება 30 ივნისს) აქვეყნებს მათ. შესაბამისად, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის სტატისტიკის მოთხოვნა გეოგრაფიულ, სქესობრივ-ასაკობრივ და სიკვდილის მიზეზების ჭრილში, შესაძლებელი გახდება 2021 წლის 30 ივნისის შემდეგ,“ – მოგვწერეს NCDC-დან 22 თებერვალს.

„აქვე გაცნობებთ, რომ საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, Covid19-ით განპირობებული სიკვდილიანობის იდენტიფიცირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, შექმნილია კლინიცისტთა ჯგუფი, რომელიც მოახდენს ყველა შემთხვევის დეტალურ განხილვას, რის საფუძველზეც მოხდება 2020 წელს Covid19-ით გამოწვეული სიკვდილიანობის ჩაღრმავებული ანალიზი,“ – აღნიშნულია NCDC-ისგან მიღებულ პასუხში.

23 თებერვლის ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა; დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 493 ახალი შემთხვევა:

კოვიდით 10 ადამიანი გარდაიცვალა | ბოლო 24 საათის მონაცემები საქართველოში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: