მთავარი,სიახლეები

ბათუმში კონტრაქციის მონაწილეები ისევ ცოცხებით გამოჩნდნენ

04.04.2021
ბათუმში კონტრაქციის მონაწილეები ისევ ცოცხებით გამოჩნდნენ

დღეს, 4 აპრილს, საღამოს, ბათუმში ცოცხებით გამართეს აქცია „ ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა.

ეს იყო ერთგვარი კონტრაქცია, პასუხი ბათუმში გუშინ გამართულ აქციაზე, როცა „სირცხვილიას“ აქტივისტმა გააპროტესტეს კომენდანტის საათი, „ქართული ოცნების“ ოფისთან მივიდნენ და დეპუტატ გია ვოლსკის 2 აპრილის უცენზურო ჟესტს გამოეხმაურნენ იმავე შინაარსის შემცველი სტიკერების გაკვრით.

კითხვაზე, ვისი ორგანიზებულია აქცია, დღეს გამართული აქციის მონაწილეებმა გვიპასუხეს, რომ „ხალხის“ და „აქციის თითოეული მონაწილის“, თუმცა ამ აქციას დღეს წინ უძღოდა შეკრება „ქართული ოცნების“ ოფისში, ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე.

აქცია ბათუმში

„აქ ვიმყოფებით იმიტომ, რომ რაც მათ გუშინ იკადრეს, ეს არის ამორალური საქციელი. ვერავინ იტყვის თუნდაც ერთ ფაქტს, რომ ქართული ოცნების წევრი კი არა, თუნდაც ამომრჩეველი მივიდა და მათ ოფისს შეეხენ, გაუკრეს სტიკერები. მათ ამ საქციელით პატივი არ სცეს არა მარტო „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებს, არამედ ქალაქს. ჩვენ მათ ვაჩვენებთ, რომ ამ ქალაქში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ღირსებაზე შეხებას არ პატიობენ.

გუშინ ჩაიარეს გინებით, აგინებდნენ გრიგოლ ვოლსკის ოჯახს, გრიგოლ ვოლსკის, რომელმაც ქართული იდეოლოგიისთვის იომა ბოლო სისხლის წვეთამდე“, – გვითხრა გიორგი გიორგაძემ, რომელმაც დასძინა, რომ პირადად თვითონ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია.

გიორგი გიორგაძე ხშირად ჩნდება „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა აქციებზე. იგი „ბათუმის წყლის“ თანამშრომელია.

აქციის მონაწილეები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა კაცი იყო, ჯერ „ევროპული საქართველოს“ ოფისთან მივიდნენ შეძახილებით და სტიკერები გააკრეს, შემდეგ კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისისკენ გაემართნენ.

აქცია ბათუმში

„ბათუმელები“ დაუკავშირდა გიორგი კირთაძეს, ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელს. მან გვითხრა, რომ დღეს ოფისთან მობილიზებული იყო პოლიცია.

„დღეს ოფისში არავინაა, ცოტა ხნის წინ დაგვირეკეს და გვითხრეს, პოლიციაა მისულიო, მივიდა ჩვენი მეგობარი და არავინ დაგვხვდა იქ. როგორც ჩანს, პოლიცია წინასწარ გაუშვეს, მერე ალბათ სხვაგან შეჩერდნენ და პოლიცია დროებით სხვაგან გავიდა. ალბათ ისევ მიიყვანენ პოლიციას“, – გვითხრა გიორგი კირთაძემ.

კონტრაქციის ენმ-ის ოფისთან დაწყებისთანავე ადგილზე ნამდვილად გამოჩნდა პოლიცია.

კონტრაქცია ბათუმში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან ამ წუთებშიც [19:40 სთ] გრძელდება.

წუხელ, გვიან ღამით, პოლიცია „სირცხვილიას“ ბათუმის ოფისში შეიჭრა და 3 პირი დააკავა. ოფისში მყოფები აცხადებდნენ, რომ პოლიცია ზოგიერთ მათგანს სასტიკად გაუსწორდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: