მთავარი,სიახლეები

ფსიქიკური აშლილობები ბავშვებში – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს

07.04.2021 • 3593
ფსიქიკური აშლილობები ბავშვებში – როდის უნდა მივმართოთ სპეციალისტს

ფსიქიკური დარღვევები, ზრდასრულების მსგავსად, ბავშვებსაც ხშირად უვითარდებათ. რა გარემოებები იწვევს მოზარდობისა და ბავშვობის ასაკში ამ ტიპის აშლილობებს და რა უნდა ქნას მშობელმა, როგორ აღმოაჩინოს პრობლემა, რა მიიჩნიოს დარღვევად და რა ნორმად, როდის უნდა მიმართოს სპეციალისტს? – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკურ აშლილობებთან დაკავშირებულ ამ და სხვა საკითხებზე „ბათუმელებთან“ საუბრობს ფსიქიატრი ნინო მახაშვილი – ილიაუნის პროფესორი და „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ ფონდის დირექტორი.

  • რა ტიპის ფსიქიკურ აშლილობებს ვხვდებით ბავშვებსა და მოზარდებში, როგორ კლასიფიცირდება ეს დარღვევები?

ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური აშლილობები, ძალიან უხეშად რომ დავყოთ, სამ ნაწილად იყოფა.

პირველი, ეს არის ნეიროგანვითარების დარღვევები, რაც ძალიან აშკარად ჩანს ბავშვობის ასაკში. ამაში შედის აუტისტური სპექტრის აშლილობები, დაუნის სინდრომი, სხვადასხვა ტიპის სპეციალური საჭიროებები.

აუცილებელია აბილიტაცია, დროული ჩარევა, რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ პრობლემას და რაც უფრო მალე ჩაერთვებიან ბავშვები და მშობლები თერაპიულ თუ სხვა ტიპის სარეაბილიტაციო პროგრამებში, მით უფრო მეტია ალბათობა, შეიძინოს ბავშვმა დასწავლადი სოციალური უნარ-ჩვევები.

მინახავს სოფელი ნორვეგიაში, ოსლოსთან ახლოს, სადაც დარღვევების დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები ცხოვრობდნენ მრავლად, ცხადია ინტეგრირებულად, სხვებთან ერთად, ძალიან კარგად. ჰქონდათ სახლები, ბოსტნები, ისეთი საფუნთუშე, მთელ ოსლოს რომ ამარაგებდა უგემრიელესი ფუნთუშებით. ქორწინდებოდნენ, ქმნიდნენ ოჯახებს და ჰქონდათ ყველაფერი ნორმალურად ცხოვრებისთვის, სოციალიზაციისთვის.

მეორე ეს არის ფსიქოზური აშლილობები, როცა აზროვნებითი პროცესები ირევა, იწყება ჰალუცინაციები. სამწუხაროდ, ასეთმა ნიშნებმა შესაძლოა იჩინოს თავი ბავშვებსა და მოზარდებში. ბუნებრივია, აქაც, რაც უფრო სწრაფად ჩავერევით და ვმართავთ პროცესს, მით უკეთესი იქნება შედეგი.

ფსიქოზური აშლილობების მკურნალობა ბავშვებსა და ზრდასრულებში, თანამედროვე მიდგომებით, გულისხმობს არამხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას, როგორც საქართველოშია, სამწუხაროდ, არამედ ბიოფსიქოსოციალურ მიდგომას, ამ დროს არამხოლოდ ფსიქიატრი, არამედ მთელი გუნდი მუშაობს ბავშვის სხვადასხვა ტიპის საჭიროებებზე.

მესამე ჯგუფი, ეს არის ემოციური და ქცევითი აშლილობები. ეს ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური აშლილობებია ბავშვებში. არის შემთხვევები, როცა ქცევითი აშლილობა და ღრმა ემოციური პრობლემები არ ჩანს ხოლმე აშკარად.

მახსოვს, ჩავატარეთ კვლევა ბავშვთა დიდი სახლების დეინსტიტუციონალიზაციის შემდეგ. ბევრი მცირე ზომის საოჯახო სახლი შევისწავლეთ, იქ მცხოვრები ბავშვები და მოზარდები, მათი მომვლელები გამოვკითხეთ, კვლევის სპეციფიკური მეთოდი გამოვიყენეთ პრობლემების გამოსავლენად. ეს ბავშვები დიდი ინსტიტუციებიდან ახალგამოსული იყვნენ მაშინ, თუ არ ვცდები, 2012 წლიდან მოხდა ეს.

დიდი პრობლემები ჰქონდათ. იქ მცხოვრები ბავშვების დაახლოებით 80 %-ს ჰქონდა ფსიქიკური ჯანმრთელობის კლინიკური სპექტრის პრობლემები.

  • ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოზები, დაუნის სინდრომი და აუტისტური სპექტრი ცალკე დიდი თემაა. რით ხასიათდება მესამე – ქცევითი და ემოციური აშლილობები, რაც ბავშვებსა და მოზარდებში ყველაზე გავრცელებული ფსიქიკური დარღვევებია?

ქცევით და ემოციურ აშლილობებში შედის ღრმა შფოთვითი აშლილობა, დეპრესიული აშლილობა, თვითდაზიანება, სუიციდური იდეები, კვებითი აშლილობები, ადიქტური ქცევები, როგორიცაა თამაშდამოკიდებულება, თამბაქოს, ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულება და ა.შ. ეს ძალიან დიდი ჯგუფია.

მოზარდობის პერიოდში იჩენს ხოლმე თავს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშანი. მოზარდობის ასაკი განსაკუთრებით მოწყვლადია. ბოლო ათწლეულია, რაც აქტიურად ვიკვლევთ ჰორმონებს, ტვინს, მომწიფებას, განვითარებას და ვხედავთ, რომ გარდატეხის ასაკი არ მთავრდება 18 წლის ასაკში, არ მთავრდება ხანდახან 20 წლის ასაკშიც კი.

  • რა განაპირობებს და რა უწყობს ხელს ბავშვებსა და მოზარდებში ემოციურ, ქცევით აშლილობებს?

სტუდენტებს ვეკითხები ხოლმე ხშირად, რას ფიქრობენ, რა იწვევს ფსიქიკურ აშლილობებს, ბიოლოგიური, გენეტიკური ფაქტორები, ტემპერამენტი, თვითაღქმა, სოციალური გარემო თუ რა? მსჯელობით მივდივართ დასკვნამდე, რომ ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია: აშლილობებს განაპირობებს ბიოფსიქოსოციალური ფაქტორები.

სხვაგვარად რომ ვთქვათ – მნიშვნელოვანია როგორი ბიოლოგიური წანამძღვრები აქვს ადამიანს, მნიშვნელოვანია პერსონოლოგია – როგორი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს ბავშვს. მოგეხსენებათ, ტყუპებიც კი შეიძლება სხვადასხვა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ფსიქოტიპის ინდივიდები იყვნენ. უმნიშვნელოვანესია გარემო, ოჯახი – ანუ მიკროგარემო, მერე კი დიდი გარემო სოციუმში გასვლის შემდეგ და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ფაქტორს ვაკვირდებით და ვსწავლობთ მკურნალობის, რეაბილიტაციის დროს, ვსწავლობთ თავისი რისკებით და დამცავი ფაქტორებით.

  • როგორ აღიქვამენ თავად ბავშვები თავიანთ პრობლემას, ემოციურ და ქცევით აშლილობებს და რა შედეგს იძლევა მკურნალობა?

ბავშვებს, მოზარდებს დიდი მედეგობა, გამძლეობა ახასიათებთ, აქვთ ასევე პრობლემებთან გამკლავების დასწავლილი მექანიზმები. საუკეთესო ვარიანტია, თუ მოზარდს, ბავშვს, ჰყავს უფროსი მეგობარი ან ოჯახის წევრი, ვისთანაც ღიად შეუძლია საუბარი, ეს ძალიან დიდი დამცავი ფაქტორია. ასევე დამცავი ფაქტორია, როცა ითხოვენ დახმარებას თავად ბავშვები და მოზარდები, თუ ფიქრობენ, რომ პრობლემა აქვთ.

გარდატეხის ასაკი ისეთი მძიმე პერიოდია, არ მგონია იყოს ადამიანი, ვისაც ამ ასაკში სირთულეები არ გამოეცადოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის რაღაც დარღვევამდე მაინც არ მისულიყოს, მეტ-ნაკლები სიმსუბუქითა თუ სიმძიმით.

სრულად დაცული და სტერილური ადამიანი არ არსებობს, როგორი ძლიერი ფსიქიკაც არ უნდა ჰქონდეს ადამიანს. აუცილებლად ყველას აქვს რაღაც ეტაპზე პანიკა, შფოთვები და შიშები, მაგრამ გააჩნია როგორი დამცავი მექანიზმებით ვუმკლავდებით აშლილობებს და რა დამცავი მექანიზმები შეგვიძლია ავამოქმედოთ სწორ დროს, მდგომარეობის დამძიმების თავიდან ასაცილებლად.

ძალიან ბევრი თვითდახმარების რესურსი არსებობს უცხოეთში, როცა ბავშვებმა, მოზარდებმა იციან ვის მიმართონ ცხელ ხაზზე დასახმარებლად, პრობლემების გასაზიარებლად და რჩევის საკითხავად.

ჩვენც ვაკეთებთ ასეთ ვებგვერდს წლებია უკვე, რომ ქართულადაც შეძლონ მოზარდებმა ინფორმაციის მოძიება, რომ გაიგონ რა სჭირთ, რასთან აქვთ საქმე, როცა მძიმედ არიან, როცა ინტერესს კარგავენ, როცა კონცენტრაციის უნარი უქვეითდებათ.

დახმარების ძიების ჩვევა ერთ-ერთი დამცავი ქცევაა, კარგი საშუალებაა გამოჯანმრთელების გზაზე.

ბათუმში მოქმედებს ბავშვების, მოზარდებისა და მშობლების დასახმარებლად ჯგუფი „სინერგია“, სადაც უამრავი ადამიანი გვირეკავს, გვწერს, არამხოლოდ აჭარიდან, მთელი საქართველოდან. პანდემიაში დისტანციურად ვუწევთ მსურველებს კონსულტაციას.

ძალიან ხშირად გვირეკავენ და გვწერენ 13, 14, 15 წლის მოზარდები. გვიყვებიან რა აწუხებთ. ალბათ უამრავი ბავშვი და მოზარდია, ვისაც უჭირს და არ იცის ჩვენ შესახებ, მაგრამ სჭირდება დახმარება.

  • კონსულტაციების, საუბრების შემდეგ რამდენად აცნობიერებენ ბავშვები და მოზარდები საკუთარ პრობლემებს, როგორ ეხმარებათ გამოჯანმრთელების გზაზე მათ პრობლემის რეალურად დანახვა?

სტენსილია ასეთი თბილისის ქუჩებში – „ხსნა ახსნაა“. როცა იგებ რატომ გაქვს სუიციდური აზრები ან იზიანებ თავს, როცა გაქვს პასუხი კითხვებზე, მერე დიდი ალბათობით შეიძლება აღარასდროს მოგინდეს გააკეთო იგივე.

მნიშვნელოვანია მედიაც ჩაერთოს ფსიქიკური პრობლემების საკითხების გაშუქებაში, რადგან ეს თემა აშინებს ხალხს. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და აშლილობების ხსენებისას ფიქრობენ, რომ აუცილებლად მხოლოდ ფსიქოზზეა საუბარი.

ახლა განსაკუთრებით რთული პერიოდი დგას მსოფლიოში პანდემიის გამო. განსაკუთრებით რთულია ეს დრო მოზარდებისა და ბავშვებისათვის.

დიდებისთვისაც შხამიანი გარემოა – როგორი ჯანსაღი ფსიქიკაც არ უნდა გქონდეს, როცა ყოველდღიურად სტრესში ხარ, ნეგატიური ინფორმაციის ველში, უნდა იცოდე, რომ ყოველდღიურ სტრესს აქვს საშინელი მექანიზმები: გფიტავს, კონცენტრაციის უნარს გიკარგავს, ინტელექტუალურ შესაძლებლობებს გიქვეითებს,  ენდოკრინულ სისტემაზე მოქმედებს და ა.შ.

უნდა ვიზრუნოთ გავუმკლავდეთ ყოველდღიურ სტრესს. წელიწადზე მეტია მსოფლიო სრულიად გაურკვეველ რეალობას ეგუება, გარემო ძალიან დახლეჩილი, ფრაგმენტული და მტრულია ჩვენ ირგვლივ.

უნდა ვეცადოთ ამ გარემოში გადავარჩინოთ ბავშვები და მოზარდები, ეს გარემო მათზე ყველაზე მეტად ზემოქმედებს. უნდა ვეცადოთ არ შევეგუოთ სტრესის მიერ მოტანილ დანაკარგებს და უნდა შევძლოთ ამ მძიმე რეალობაში ვიპოვოთ რაღაც, რაც გაგვიხალისებს ცხოვრებას.

თითქოს ერთი შეხედვით სახელმწიფოებრივი პრობლემები არ ეხება მოზარდს, მაგრამ თუ მოზარდი აცნობიერებს, რომ სახელმწიფო არ არის სამართლიანი, არ მოიძებნება ღირსეული ადგილი მისთვის ამ ქვეყანაში, თუ არ არის პერსპექტივა, იმედი, იზრდება სუიციდი და დესტრუქციული ქცევები, ეს რეალობაა, სამწუხაროდ.

ძალიან გახშირებულია ბავშვებსა და მოზარდებში სტრესი, დეპრესიულობა, პანიკური შეტევები, კიდევ ბევრი რამ არის, რასაც ვერც ვამბობ…

  • რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს მოზარდებთან და ბავშვებთან ურთიერთობისას, როდის არის სპეციალისტისთვის მიმართვა აუცილებელი ქცევითი და ემოციური აშლილობების მძიმე ფორმებისგან თავდასაცავად?

ჩვენი, ჯგუფ „სინერგიის“ სერვისი სწორედ იმაზეა დაფუძნებული, რომ პრევენცია უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული აშლილობის მართვა. ანუ დროული ჩარევა მანამ, სანამ მდგომარეობა დამძიმდება.

ხშირად მშობელი იგრძნობს, რომ რაღაც შეიცვალა, ცხადია იმ შემთხვევაში, თუ მშობელი უთმობს შვილს გონივრულ დროს, თუ აკვირდება და ესაუბრება. თუმცა ასეთი მჭიდრო კავშირის დროსაც კი მოზარდებს უჭირთ სიტყვებით გადმოსცენ რა სჭირთ, რას გრძნობენ და რა ხდება მათში, რადგან ისეთი ბობოქარი და ფერადოვანია მათი მდგომარეობა ხშირად, რომ ვერც კი გიყვება, რა ხდება მის თავს, ვერ ჰყვება ზუსტად რას განიცდის, სიტყვებშიც კი ვერ ატევს ამას, ამიტომ მშობელს განსაკუთრებული დაკვირვებულობა მართებს.

დავაკვირდეთ არავერბალურ ქცევებს, ჟესტიკულაციას, ავადმყოფობებსაც ვუთმობთ დიდ ყურადღებას – რადგან ხშირად ბავშვის ტანჯვა ავადმყოფობაში ვლინდება ხოლმე: თავისა თუ მუცლის ტკივილით, ასთმური შეტევით და ა.შ.

აუცილებელია მშობელმა მიმართოს სპეციალისტს, როცა ბავშვს ძილის, კონცენტრაციის, ყურადღების დარღვევა აქვს, როცა უხალისოდაა, ეტირება ხშირად, სწავლის სურვილისა და უნარის შემცირებას უჩივის, ღრმა შფოთვა და მძიმე უხასიათობა აქვს, დაკარგა ინტერესი ძველი საქმიანობებისადმი, რასაც ადრე სიხარულით აკეთებდა, ან როცა ძალიან იმპულსურია და ექსპლოზიური – ანუ სწრაფად ფეთქდება, როცა წონასწორობას კარგავს, აგრესიულია, რაღაცებს ამტვრევს და ა.შ. 

თუ ვიდეოთამაშებსაა მიჯაჭვული ან მოიხმარს  ნარკოტიკს და ექსპერიმენტებს ატარებს ნივთიერებებით, ასეთ დროს შეუძლიათ მშობლებსა და მოზარდებს დარეკონ ჩვენთან, „სინერგიაში“ კონსულტაციისთვის.

ვმუშაობთ ემოციური და ქცევითი აშლილობების პრევენციაზე, რამდენიმე აშლილობაზე ერთად. პოსტტრავმატულ სტრესულ აშლილობებზე.

ხანდახან პირდაპირ შვილის წაყვანა ფსიქიატრთან არ არის აუცილებელი, ხან საკმარისია უბრალოდ მშობელმა თავად მიიღოს კონსულტაცია. ბევრი პრობლემა დაძლევადია სხვისი დახმარებით.

ზოგადად ძალიან დიდი ძალაა სხვა, დამხმარე ადამიანის ცნება, ეს გავრცელებული მიდგომაა, რომ არსებობდეს ვინმე სანდო, ოჯახის მიღმა, ვისაც ბავშვი მოუსმენს, ვისაც აქვს უნარი რაღაცები სხვაგვარად დაანახოს ბავშვს.

ბავშვებს არ ჰყოფნით ძალა და გამოცდილება პერსპექტივაში დაინახონ პრობლემა. მათ სჭირდებათ დახმარება, სხვა რაკურსით რაღაცების საჩვენებლად.

  • თუმცა ხშირად ,,გარე დამხმარის“, როგორც თქვენ აღნიშნავთ, აუცილებელი პერსონის დახმარებასაც ზოგიერთი მშობელი სკეპტიკურად უყურებს და მიიჩნევს, რომ შვილი „გაექცა“, რომ სხვა უკეთ ეხმარება მის შვილს, ვიდრე თავად და ამის გამო ფარულად შეიძლება ბრაზობდეს კიდეც მშობელი…

გარდატეხის ასაკი ხომ „პლაცენტის გადაჭრის“ ასაკია. აუცილებელია მშობელს ჰქონდეს გარკვეული ცოდნა ბავშვის განვითარების ეტაპებზე, მოზარდობის სირთულეებზე და მისი ურთიერთობა შვილთან მხოლოდ დედურ ინტუიციაზე არ იყოს დამყარებული.

თუ მშობელმა იცის რატომ ბრაზობს შვილი, რატომ ზრდის დისტანციას, რატომ ცდილობს მოიპოვოს ავტონომია, თუ მშობელს გაცნობიერებული აქვს, რომ ურთიერთობებში ეს ჩვეულებრივი რამაა და მარტო მის თავს არ ხდება ასე, მაშინ გაცილებით გაგებით ეპყრობა შვილს, გაგებით ეკიდება ამ პროცესს და ეხმარება მოზარდს. გაუცხოების პროცესშიც კი მშობლის დახმარება მნიშვნელოვანია, რადგან მოზარდი სინჯავს ლიმიტებს. თუ მშობლის ლიმიტები არ გაიზარდა და არ მიჰყვა შვილის განვითარებას, მაშინ ბავშვი თავს მოხრჩობილად იგრძნობს და დარჩება ან შეზღუდულობის განცდაში, ან პირიქით, საერთოდ გაიქცევა.

ბავშვთან ურთიერთობა ხელში ჩიტის ყოლას ნიშნავს: თუ ძალიან მოუჭერ დაიხრჩობა, თუ მთლიანად გაუშვებ, გაგიფრინდება. ცოდნასთან ერთად ყველაფერი დამოკიდებულია მშობლის ალღოსა და ინტუიციაზეც. ბავშვს ლიმიტები და ჩარჩოები აუცილებლად სჭირდება, თუნდაც გარბოდეს, მშობელი მაინც იქვე უნდა იყოს რაღაც ფორმით.

რაც უფრო ღრმა, მრავალფეროვანი და საინტერესოა მშობლებისა და შვილების ურთიერთობები, მით უფრო დიდი საყრდენები არიან მშობლები ბავშვისთვის გარდატეხის ასაკში.

მნიშვნელოვანია მოზარდი პოულობდეს ოჯახის გარეთაც სხვა ადამიანებს, ვისაც ის ენდობა, ვისაც ესაუბრება, ჭადრაკს ეთამაშება ან ველოსიპედით მასთან ერთად სეირნობს, ადამიანს ვისთანაც ინტერესს იზიარებს. ეს ჯანსაღი პროცესია.

  • ახსენეთ, რომ მოზარდები ხშირად თვითდახმარებას არჩევენ და თავად ეძებენ ფსიქოლოგებს, როგორ და რა ფორმით ურთიერთობენ ისინი სპეციალისტებთან?

ჩანს, რომ ადამიანები ისეთ პირობებში ცხოვრობენ, ბავშვი ვერც კი გირეკავს ხშირად და მხოლოდ გწერს. მიმოწერით ვუწევთ მათ ხშირად კონსულტაციას. ხშირად მათ საუბარიც არ შეუძლიათ თავისუფლად სახლში.

ხანდახან გვეუბნება მოზარდი, რომ მისი  საცხოვრებელი ძალიან პატარაა და პირად, ინტიმურ თემებზე ვერ გვესაუბრება ტელეფონით, ამიტომ ურჩევნიათ მოგვწერონ და ასე მიიღონ კონსულტაცია. ბევრს უთქვამს, რომ დედა არ იქნება თანახმა, რამე რომ გკითხოთ, ამიტომ მირჩევნია მან არ იცოდეს, რჩევას რომ გთხოვთო. ჩვენ კი, ფსიქოლოგებს, ფსიქიატრებს ბავშვთან ურთიერთობისთვის მშობლის ინფორმირებული თანხმობა გვჭირდება.

მერე უკვე განვიხილავთ რა ვქნათ, ვმსჯელობთ, მშობლის ინფორმირებული თანხმობის გარეშე როგორ დავაკვალიანოთ მოზარდი და ა. შ.

ჩვენი დისტანციური სერვისი პრევენციულ-ინტერვენციულია, ყურადღებას ვაქცევთ აშლილობების პატარა სიმპტომებსაც კი, რადგან ეს პატარა სიმპტომები თოვლის გუნდასავით ზრდადია: უნდა შეაჩერო, შეანელო ან შეარბილო მაინც ეს გუნდა, წინააღმდეგ შემთხვევაში იზრდება.

  • როგორია სტატისტიკა მსოფლიოსა და საქართველოში, რამდენ ბავშვს აღენიშნება ემოციური და ქცევითი აშლილობები?

კვლევა, რომელიც გვაჩვენებდა რამდენ ბავშვს აქვს საქართველოში ემოციური და ქცევითი აშლილობები, სამწუხაროდ არ გვაქვს. ვეყრდნობით ჩვენნაირი ტიპის, დაბალი და საშუალო რესურსების მქონე ქვეყნების მაჩვენებლებს, სადაც  ბავშვთა და მოზარდთა 20%-ს აღენიშნება აშლილობები.

ჩვენთან აღრიცხულია მხოლოდ 0,8%, რაც ნიშნავს, რომ არაერთი ბავშვი და მოზარდია, რომელთა აშლილობები აღრიცხულიც კი არ არის.

დახმარების საჭიროების მქონეთაგან 1 %-იც არ არის აღრიცხული, რაც ნიშნავს, რომ უამრავ ბავშვს უჭირს და მძიმე მდგომარეობაშია, ჩამორჩებიან სწავლაში, ურთიერთობებში, სოციალურ კომუნიკაციებში, უქვეითდებათ  ემოციური ინტელექტი და ა.შ.

ერთი შეხედვით, პრობლემები აქვს ყველას, მაგრამ თუ ბავშვს ბავშვობიდანვე შრომისუნარიანობა, სწავლის, კომუნიკაციის უნარები დაუზიანდება, მერე ეს უდიდეს პრობლემად იქცევა ინდივიდის, ოჯახისა და საზოგადოებისთვისაც, ამიტომაც ვსაუბრობთ, რომ ახლა მაინც, ამ პანდემიის პირობებში, იყოს კრიზისული დახმარების დიდი ქსელი მოზარდებისა და ბავშვებისთვის, ქსელი, სადაც კონსულტაციით დახმარება მაინც იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ეს არის თემა, რის ლობირებასაც ვცდილობთ ჯანდაცვის სამინისტროში.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: