განათლება,მთავარი,სიახლეები

ბათუმის მე-16 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – შენობა დაიბზარა

03.04.2021
ბათუმის მე-16 სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა – შენობა დაიბზარა

5 აპრილიდან ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში სწავლა დისტანციური ფორმით გაგრძელდება.  სამინისტრომ გადაწყვეტილება უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით მიიღო.

სამინისტროს ინფორმაციით, შენობის კედლებზე ბზარები გაჩნდა, რომელიც ბოლო პერიოდში გაღრმავდა. შესაბამისად, გადაწყვიტეს, რომ სწავლება დისტანციურად გაგრძელდეს.

აჭარის განათლების მინისტრის მოადგილის, ჯემალ სურმანიძის ინფორმაციით, სპეციალისტები შენობაში არსებულ ვითარებას სწავლობენ და დასკვნას უახლოეს პერიოდში მოამზადებენ. ამის შემდეგ კი სამინის​ტრო მიიღებს გადაწყვეტილებას დაიწყოს ალტერნატიული შენობის მოძებნა სკოლისთვის, თუ გამაგრებითი სამუშაოები.

სკოლის დირექტორის, ცირა ქობულაძის ინფორმაციით, სკოლას გამაგრებითი სამუშაოები ადრეც ჩაუტარდა, თუმცა ბზარები მაინც გაჩნდა, ამიტომაც სკოლაში სასწავლო პროცესის გაგრძელება უსაფრთხო არ იყო.

მე-16 სკოლა ერთერთია იმ 13 სკოლიდან, სადაც საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა მზის მიკროელექტროსისტემები დაამონტაჟა.

მზის მიკროელექტროსისტემა ბათუმის მე-16 საჯარო სკოლის ეზოში / 3.04.2021

გავრცელდა ასევე ინფორმაცია, რომ სკოლის შენობა უნდა დაინგრეს და მის ადგილზე სკოლის ახალი შენობა აშენდება; მე-16 საჯარო სკოლის მოსწავლეები კი, დროებით, სავარაუდოდ გოროდოკის დასახლებაში გადავლენ, სადაც კომაროვის სკოლა აშენდა.

ეს ინფორმაცია აჭარის განათლების სამინისტროში არ დაგვიდასტურეს. „ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას“ – გვითხრეს სამინისტროს პრესსამსახურში.

ბათუმის ავტოსადგურის გვერდით, მაიაკოვსკის ქუჩაზე იმ ტერიტორიის ფართობი, სადაც მე-16 საშუალო სკოლის შენობა დგას, 6 259 კვ/მ-ია და მისი მესაკუთრე სახელმწიფოა. თავად ოთხსართულიანი შენობის საერთო ფართობი კი, არის 3 065.8 კვ/მ.

ბათუმის მე-16 სკოლა

ბათუმის მე-16 სკოლა / 3.04.2021

ამავე თემაზე:

მე-16 საჯარო სკოლის ტერიტორიის გეოლოგიური და შენობის კონსტრუქციული კვლევა ჩატარდება

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.