ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია

06.04.2021 • 4925
ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება დაწყებულია

ბათუმი [ჭოროხი]-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალურ პროექტზე უკვე მუშაობენ და ის, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება. ამის შემდეგ გამოაცხადებენ ტენდერს მაგისტრალის მშენებლობაზე. რომელიც 2021 წელს უნდა დაწყებულიყო.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გასული წლის ბოლოს „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ დეტალური პროექტირება ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო გადავადდა. შესაბამისად, გადაიწია გზის მშენებლობის დაწყების თარიღიც.

„2017 წლის 24 ოქტომბრის ხელშეკრულების ფარგლებში ერთობლივი საწარმო „სპეა-აიარდი“-ს მიერ მომზადდა E70 ავტომაგისტრალის ბათუმის შემოსავლელი-სარფის [თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი] საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება [სტადია 1] და ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცედურები [სტადია 2]“, – მოგვწერეს 2021 წლის 5 აპრილს გზების დეპარტამენტიდან.

დეპარტამენტის ინფორმაციით, „საპროექტო სამუშაოების დასრულების სავარაუდო ვადა არის 2021 წლის ბოლო, ხოლო სამშენებლო სამუშაოების დამფინანსებლად განიხილება აზიის განვითარების ბანკი“.

ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს [„სპეა-აიარდი“] შორის 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმებული კონტრაქტის ღირებულებაა 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი.

„ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ 2020 წლის 8 ივნისს მიიღო.

დროულად ვერ დაიწყო და დროში გაიწელა ასევე ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-მშენებლობა. გზის ეს მონაკვეთი  საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია „სინოჰიდრომ“უნდა ააშენოს. ჩინურმა კომპანია „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.

რა ეტაპზეა ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა? – გზების დეპარტამენტისგან 5 აპრილს მიღებული ინფორმაციით:

„შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთზე, კერძოდ, ხულო – გოდერძის უღელტეხილის კმ 5+195 – კმ 29+732 მონაკვეთზე [ლოტი 1] და გოდერძის უღელტეხილი – ზარზმის კმ 0+000 – კმ 17+380 მონაკვეთზე [ლოტი 2] მიმდინარეობს სამშენებლო ბანაკების მოწყობა, მანქანა-მექანიზმების მობილიზება და მოსამზადებელი სამუშაოები“.

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/291942/

ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილებოდა / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: