ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება

07.10.2020 •
ბათუმი-სარფის ახალი გზის მშენებლობა 2021 წელს არ დაიწყება

ბათუმი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის თანხა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გათვალისწინებული არ არის. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ამ დრომდე „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციებით კი, აღნიშნული გზის მშენებლობის დაწყება 2021 წლიდან იგეგმებოდა.

„ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო, გადავადდა დეტალური პროექტირება, შესაბამისად, გადაიწია გზის აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის დაწყების თარიღიც. აქედან გამომდინარე, მშენებლობისთვის თანხა ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული“, – გვითხრეს დეპარტამენტში 6 ოქტომბერს.

ამონარიდი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წერილიდან, რომელიც „ბათუმელებმა“ 2020 წლის 13 იანვარს მიიღო. გზის მშენებლობის დაწყების თარიღთან დაკავშირებით იგივე მოგვწერეს დეპარტამენტიდან 2020 წლის 8 ივნისს

დეპარტამენტის ინფორმაციით, ბათუმი-სარფის გზის „ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების, დეტალური პროექტის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების, მიწის შესყიდვისა და განსახლების დეტალური გეგმის და სატენდერო დოკუმენტაციის მომზადებაზე“, დეპარტამენტსა და Spea Engineering S.p.A. & IRD Engineering S.R.L-ს შორის, კონტრაქტი, 2017 წლის 24 ოქტომბერს გაფორმდა. კონტრაქტის ღირებულებაა 2 306 310 აშშ დოლარი და 2 642 998 ლარი.

„ვინაიდან მათი სათავო ოფისი მდებარეობს ქალაქ მილანში, იტალიაში, ახალი კორონავირუსის პანდემიამ დიდი ზეგავლენა იქონია საველე-საკვლევაძიებო სამუშაოების დაგეგმვა-განხორციელებაში და საპროექტო ჯგუფის საქართველოში მობილიზაციაში, რაც თავის მხრივ, სავარაუდოდ, იმოქმედებს საპროექტო დოკუმენტაციის დამუშავების ვადებზე,“ – აღნიშნული იყო დეპარტამენტის მიერ გამოგზავნილ წერილში, რომელიც „ბათუმელებმა“ 8 ივნისს მიიღო.

რაც შეეხება საერთაშორისო და სახელმწიფო მნიშვნელობის სხვა გზებს აჭარაში – 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვერსიით, რომელიც მთავრობამ პარლამენტში წარადგინა, ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 80 მილიონი ლარია გათვალისწინებული; ამავე პროექტისთვის 2022 წელს კი – 55 მილიონი ლარი.

ბათუმის შემოვლითი ახალი გზის 13-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, კონტრაქტით, 2020 წლის აგვისტოში უნდა დასრულებულიყო, თუმცა, როგორც ბიუჯეტის პროექტიდან ჩანს, ამ გზის მშენებლობა 2022 წელშიც გაგრძელდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, მშენებლობა პანდემიის გამო „მნიშვნელოვნად შეფერხდა“.

ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეკონსტრუქციის სამუშაოების დაწყება კი, მთავრობამ ვერც პანდემიამდე უზრუნველყო. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კონტრაქტი შეუწყვიტეს და ხელახლა ტენდერი ორ ნაწილად გამოაცხადეს.

დაბა ხულოდან გოდერძის მიმართულებით 5-კილომეტრიანი მონაკვეთი სახელმწიფომ დააფინანსა [ხელშეკრულება შპს „მამისონთან“, 2020 წლის 9 ივნისს, 14 581 880 ლარზე გაფორმდა], გზის დანარჩენ მონაკვეთს კი, 95 მილიონი ლარით, ქუვეითის ფონდი აფინანსებს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობისთვის 2021 წელს 30 მილიონი ლარია გაწერილი, 2022 წელს – 50 მილიონი ლარი, ხოლო 2023 წელს – 15 მილიონი ლარი.

დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ – ეს „ქართული ოცნების“  ერთ-ერთი დაპირება იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, რომელიც პარტიამ თავის საარჩევნო პროგრამაში შეიტანა. ამ დაპირებით, ავტობანის მშენებლობა მინიმუმ 2020 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

ამ თემაზე:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

 

მთავარი ფოტო: „გონიოს ხიდი“ მდინარე ჭოროხზე / ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: