მთავარი,სიახლეები

ყველა შემთხვევა სკოლებს, ბაღებსა და ნათესაურ მიმოსვლას უკავშირდება – კორონავირუსი

07.04.2021 • 1330
ყველა შემთხვევა სკოლებს, ბაღებსა და ნათესაურ მიმოსვლას უკავშირდება – კორონავირუსი

აჭარაში დღეს, 7 აპრილს, კორონავირუსის 61 ახალი შემთხვევა დადასტურდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის, ნონა ეფაძის თქმით, ეს არ არის მკვეთრი მატების მაჩვენებელი, მაგრამ ნიშანია მოსახლეობისთვის, რომ უნდა გაგრძელდეს ვირუსისგან თავდასაცავად დაწესებული რეგულაციების დაცვა.

„ეს არ არის ნახტომისებური მატება, მაგრამ საყურადღებო მატებაა. ეს ნიშნავს, რომ თუ არ იქნება დაცული შეზღუდვები, არ არის გამორიცხული, რომ მალე, მაგალითად, 2 კვირაში, გვქონდეს მკვეთრი მატება.

პირბადის ტარების წესს მოსახლეობა ხშირად უგულებელყოფს, მნიშვნელოვანია ასევე თავი შევიკავოთ არასამსახურებრივი აქტივობებისგან. ვხედავთ, რომ ეწყობა წვეულებები და მობილობა გაზრდილია.

მოსახლეობაში ცირკულირებს ისევ ვირუსი და გავრცელების ჯაჭვის შესაჩერებლად ვაქცინაციასთან ერთად აუცილებელი წესების დაცვა.

მართალია, არ გვაქვს დიდი და ორგანიზებული კლასტერები რეგიონში, მაგრამ სწორედ ამიტომაა აუცილებელი რეკომენდაციების დაცვა, რომ არ მივიღოთ ეპიდაფეთქებების დიდი კერები“, – განაცხადა დღეს ჟურნალისტებთან ბრიფინგზე ნონა ეფაძემ.

აჭარაში 5 სკოლაა დახურული კორონავირუსის გავრცელების გამო – 4 ქობულეთში, 1 კი – ბათუმში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილის თქმით, უფრო ადრე 4 დახურული სკოლა კი გაივლის გეგმიურ ტესტირებას და ეპიდსიტუაციის შეფასების შემდეგ მოსწავლეები დაბრუნდებიან კლასებში.

ნონა ეფაძის თქმით, ბოლო მონაცემებით აჭარაში გამოვლენილი კორონავირუსის  61 ახალი შემთხვევა ძირითადად უკავშირდება სკოლებს, ბაღებსა და ნათესაურ კავშირებს, ერთმანეთთან მიმოსვლას.

ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველთა რიცხვმა იმატა – როგორც „ფაიზერით“, ასევე „ასტრაზენეკათი“ აცრის მსურველთა რაოდენობამ.

ნონა ეფაძემ 55 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანებს მოუწოდა დროულად დარეგისტრირდნენ აცრაზე, რომ ასევე დროულად დაიწყოს სხვა ჯგუფებისთვისაც ვაქცინაციის პროცესი – ვირუსის გავრცელების საშიშროების მინიმუმამდე დასაყვანად.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 687 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან აჭარაში 61.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს გუშინდელი, 18:00 საათის მონაცემებით, რეგიონში სულ 1314 პირი აიცრა. მათ შორის ფაიზერით 672, ასტრაზენეკათი კი 642.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: