პატიმრებისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ან აკრძალვა რამდენად კანონიერია, ამაზე დღეს, 7 აპრილს, საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობენ. პარლამენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში ომბუდსმენი დავობს.
სარჩელის მიხედვით, ანტიკონსტიტუციურად უნდა მიიჩნიოს სასამართლომ პატიმრობის კოდექსის ის ჩანაწერი, რომელიც დისციპლინური სახდელის ერთ-ერთ სახედ ადგენს სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვას. ტელეფონით საუბრის შესაძლებლობა ამავე კოდექსის მიხედვით შესაძლოა არ მისცენ სამარტოო საკანში მყოფ ბრალდებულს ან მსჯავრდებულსაც.
„ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვის/აკრძალვის ფარგლებში, მათ აგრეთვე ეზღუდებათ სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობის უფლება,“ – ამას ხაზს უსვამს სახალხო დამცველი.
სახალხო დამცველის სარჩელის განხილვა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.