მთავარი,სიახლეები

რა ხდება მარტვილის ეპარქიაში, სადაც სოსანას მონასტერში არ უშვებენ – ინტერვიუ მონაზონთან

07.04.2021 • 7041
რა ხდება მარტვილის ეპარქიაში, სადაც სოსანას მონასტერში არ უშვებენ – ინტერვიუ მონაზონთან

7 დღეა მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო ღამეს იმ მონასტრის მიღმა ათევენ, რომელიც წლების განმავლობაში მათი სახლი იყო და რომელიც საკუთარი ხელებით ააშენეს.

მონაზონსა და მორჩილს ამ დრომდე არ აძლევენ მონასტერში შესვლის და პირადი ნივთების, მათ შორის, წამლების აღების საშუალებას. მონაზონი სოსანა ამბობს, რომ მას ეპისკოპოსმა სტეფანემ კრიტიკული კითხვების დასმა არ აპატია.

29 მარტს მიტროპოლიტმა ჭყონდიდის ეპარქიის მონაზვნებთან და დედათა მონასტრების წინამძღვრებთან შეხვედრა გამართა. სწორედ ამ შეხვედრაზე დასმულმა კითხვებმა გააღიზიანა ეპისკოპოსი და მონაზონს უთხრა, რომ წინამძღვრობიდან გადაყენებული იყო.

ჭყონდიდის ეპარქიის მიტროპოლიტი ჟურნალისტებთან აღარ საუბრობს. მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ აღდგომამდე კომენტარს არ გააკეთებდა.

რაც შეეხება მონაზონ სოსანას (ბოლქვაძე), ის ვრცლად და დეტალურად საუბრობს იმაზე, თუ როგორ მოვიდა მარტვილის დედათა მონასტერი დღემდე, როგორ ვითარდება ამჟამად სიტუაცია ჭყონდიდის ეპარქიაში და ხსნის მიზეზს, თუ რატომ არ ემორჩილება მიტროპოლიტის გადაწყვეტილებას მისი ლასურიის დედათა მონასტერში გამწესების შესახებ:

მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე):

“14 წელია მონასტერში ვარ. აქ მოვედი ღვთის დიდი წყალობით. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ დამანახა – ჩემი ცხონების გზა არის მონასტერი.

მოვედი მონასტერში, რომელიც იყო პატარა ქოხი. მეუფე პეტრეს რამდენიმე თვის გახსნილი ჰქონდა დედათა მონასტერი.

რამდენიმე წელი ვცხოვრობდით ამ ქოხში. დედები ვლოცულობდით ღმერთო გამოაჩინე ისეთი ადამიანი, რომელიც შექმნის ისეთ ადგილს ჩვენს ეზოში, სადაც მშვიდად და ბედნიერად ვიცხოვრებთო. მრავლდებოდა მონაზონთა რიცხვი, ჩვენ კი სულ ორი ოთახი გვქონდა.

მახსოვს ის დღე, როდესაც პირველად შემოვიდა ტრაქტორი და მონასტრის ეზოში ფუნდამენტის ჩაყრა დაიწყო. ეს იყო ზეიმი მთელი ეპარქიისათვის.

დედები ვემსახურებოდით ტრაპეზის სუფრას.

დღეში სამჯერ ტრაპეზობდნენ მუშები – 60, 80, 120 კაციც ზოგჯერ. ჯარი გვეხმარებოდა, პოლიცია გვეხმარებოდა. დღეში სამჯერ გვიწევდა ამ ადამიანების დაპურება. ამას გარდა, გაჭირვებული ადამიანები მოდიოდნენ და ცალკე მათი დაპურება გვიწევდა. თუკი რამე გვქონდა მონასტერში, უნდა გაგვეტანა და გაჭირვებულებს დავხმარებოდით.

80 გაჭირვებული მოხუცი ცხოვრობდა ჩვენს რაიონში და მათ ყოველდღე სადილს ვუკეთებდით. ბავშვებს, რომლებიც გიმნაზიაში სწავლობდნენ, ფუნთუშებს ვუცხობდით.

მეუფე პეტრეს სულიერი შვილების მიერ შემოწირული თანხით აშენდა ეს მონასტერი.

დედები ჩვენი ხელებით ვარჩენდით მონასტერს. ვამზადებდით სუვენირებს, ვაცხობდით ნამცხვრებს, იმისათვის, რომ არავისზე ვყოფილიყავით დამოკიდებული. ჩვენ ჩვენით გამოვიმუშავებდით ჩვენს საარსებოს და ამას გარდა უამრავ ადამიანს ვეხმარებოდით. მრევლი იყო თუ არ იყო, ყველას ერთნაირად ვემსახურებოდით.

ჩვენ, დედებს რაც შეგვეძლო, ეს იყო.

მადლობა ღმერთს, რომ დაუშვა განსაცდელი და მომცა საშუალება სიმართლის მხარეს დავმდგარიყავი. მეთქვა, რომ დღეს ეკლესიას უჭირს და შველა სჭირდება, რომ გადარჩეს. მე თუ ამაზე დავხუჭავდი თვალს, ეს იქნებოდა ფარისევლობა. ეს იქნებოდა ორი ბატონის მსახურება, რასაც უფალი არ მაპატიებდა. დღეს უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ მომეცა ეს დრო. მე ყველანაირად ვეცადე, რომ ჩემი სინდისის წინაშე, უფლის წინაშე, ვისთანაც უნდა წარვსდგე და პასუხი ჩავაბარო – რომ აი, შენ როდესაც ეკლესიას უჭირდა ეს ყველაფერი არ თქვი და ხელი დააფარე. ეს წუხილი აღარ მაქვს.

ბედნიერი ვარ – ჩემი სიმართლე ვთქვი. ვამხილე. თუ მხილება არის ამ ფორმით და ესენი ასე თვლიან, რომ მე ვამხილე უკეთურება და ბოროტება, რომელიც არის დღეს გამეფებული ეკლესიაში. მადლობა ღმერთს, რომ ამის საშუალება მომეცა.

მონასტერში სულ 4 წევრი ვცხოვრობდით – ორი მონაზონი, ორი მორჩილი. ახლა ექვსნი არიან. ერთი მორჩილი და ერთი მონაზონი დარჩა ჩვენიდან, ორი მონაზონი ცაგერის და ლენტეხის ეპარქიიდან, ლასურიის დედათა მონასტრიდან გადმოიყვანა მეუფე სტეფანემ, მე სადაც მიშვებს, იქიდან. ორი მონაზონიც კახეთიდან ჩამოიყვანა, ნეკრესის ეპარქიიდან. მეუფე სერგი ჩეკურიშვილის მონაზვნები არიან.

მარტვილის დედათა მონასტერი

რა მოხდა პირველი აპრილის საღამოს

ის, რაც მოხდა, ეს არ არის ქრისტიანული საქციელი. ასე არ უნდა იქცეოდეს კეთილი მამა. რაც არ უნდა დანაშაული ჩამედინა, რაც არ უნდა ცუდად მოვქცეულიყავი, მას, როგორც მამას, არ ჰქონდა ამის უფლება. არ ჯდება ქრისტიანულ ჩარჩოში, რომ შვილები გარეთ დაეტოვებინა თავსხმა წვიმაში, კომენდანტის საათის დროს. ჩემთან მოსვლის საშუალება არ ჰქონდათ სხვა ადამიანებს. ძალიან დიდი ჯარიმის ხარჯზე უნდა დამხმარებოდნენ მაშინ. არ უნდა ჩავეგდეთ ასეთ მდგომარეობაში.

ცხრა საათზე ვიყავი მონასტერში და ღამის 12 საათზე გამოსცა ბრძანება, რომ თურმე გამწესებული ვარ ლასურიაში, დედათა მონასტერში. სად უნდა წავსულიყავი? ფეხით უნდა წავსულიყავი ღამის 12 საათზე? ჟურნალისტებისგან და პოლიციისგან გავიგე რა ხდებოდა.

პოლიციელი მოვიდა ჩემთან, განცხადება არის შემოსული პოლიციაში, რომ მონასტერს არბევენო. ორი მონაზონი, ორი დედა დავარბევდით მონასტერს? პოლიცია მეუბნებოდა ტერიტორია უნდა დატოვოთო.

პოლიციელს ვუთხარი – სად უნდა წავიდე ამ შუაღამისას-მეთქი? ისეთ სიტუაციაში აღმოვჩნდი, სადმე უნდა წავსულიყავი. გვერდით მახლდა ისეთი უძლური ადამიანი, რომელსაც წვიმაში ღამე გარეთ ვერ დავტოვებდი.

მხოლოდ ამის გამო, რომ ამ ადამიანს ვეცი პატივი, გადავწყვიტე დამეტოვებინა მონასტრის ტერიტორია.

პოლიციელს ვთხოვე ეშუამდგომლა მეუფე სტეფანესთან, ხუთი წუთით შევეშვით, რომ გამოგვეტანა პირადი ნივთები და წამლები. დედა ნინო წამლებს სვამს და დღემდე არ მოგვეცა საშუალება, რომ წამლების ჩამონათვალი მაინც გამოვიტანოთ მონასტრიდან.

მონასტერში შესვლისთვის წამომიყენეს პირობა, რომ მეუფესთვის უნდა მეთქვა მონასტრის შემომწირველების სახელები. ასევე თურმე პოლიციის თანდასწრებით უნდა ჩავალაგო პირადი ნივთები, თორემ ისე არ მომცემენ პირად ნივთებს.

ეს არის სახელმწიფოს უხეში ჩარევა საეკლესიო ცხოვრებაში. ეს არის ზეწოლა, რომელიც არ შეიძლება, კანონდარღვევაა და ყოველგვარ ზღვარს სცდება ეს ზეწოლა, რაზეც მე არ წავედი. ქონებაზე მევაჭრებიან. საბუთებზე მიმახვილებენ ყურადღებას. აინტერესებთ ქონება. ფული, სეიფის გასაღები, მანქანა. წარმოგიდგენიათ რაზეა საუბარი?

აინტერესებთ ქონება და ადამიანის სული, რომელიც ხვალ და ზეგ რა მოუვა, ამის ბედი მათ არ აინტერესებთ. რა გითხრათ, რომელ ქრისტიანობაზეა, ადამიანობაზეა საუბარი. რა საქციელია ეს – არ ვიცი, ვერ გეტყვით.

მონაზონი სოსანა

რატომ დაიწყო კონფლიქტი

არასწორად ამბობენ, თითქოს პატრიარქის საწინააღმდეგო აქციაზე ვიყავით წასული. ეს არ არის მართალი. სიტუაციის დასაძაბად ამბობენ ამას. პატრიარქთან იმიტომ ვიყავით მისული, რომ ჩვენი გულისტკივილები [გვქონდა].

მეუფე პეტრე ცდილობდა შესულიყო საპატრიარქოში, უნდოდა შეხვედროდა პატრიარქს სხვა სინოდის წევრებთან ერთად. მას ამის საშუალება არ მიეცა.

ჩვენ ირგვლივ დგას ასობით და ათასობით ადამიანი, რომელსაც ეს ტკივილი აწუხებს. ეკლესიაში შექმნილი ის პრობლემები, რომელიც ბოლო დროს ამოტივტივდა და გაჟღერდა. ყველას აინტერესებს სიმართლის გარკვევა.

მივედით იმიტომ, რომ ან მარტო მეუფე შეეშვათ, ან სასულიერო პირები. ყველანაირად ვეცადეთ,  მანამდე წერილობითაც მივმართეთ.

როგორ შეიძლება საქართველოს ეკლესია გამოვიდეს კრიზისიდან? მეუფე პეტრე გვეუბნება, რომ ამას უშველის დიდი გაფართოებული საეკლესიო კრება. საპატრიარქოს დანაშაულია, როცა ცდილობენ, რომ მეუფე პეტრე წარმოაჩინონ, როგორც ეკლესიის მტერი.

[მას შემდეგ, რაც 2019 წელს მეუფე პეტრე ეპარქიას ჩამოაშორეს], მოვიდა მეუფე გრიგოლ კაცია და ჩვენ ანალოგიურად მასთანაც მივედით იმავე კითხვებით. ცალკე დედები, ცალკე მამები, ცალკე მრევლი. მეუფე გრიგოლმა რა პასუხიც გაგვცა, იმის თქმისგან თავს შევიკავებ.

მოვიდა მეუფე სტეფანე და იმავე კითხვებით მივედით მეუფე სტეფანესთან. მეუფე სტეფანემ რა პასუხიც გაგვცა, თვითონ ატვირთა ჭყონდიდელის გვერდზე. მე, როგორც რიგით მონაზონს, არ მქონდა სურვილი მთელი მსოფლიოს წინაშე მეყვირა ამ პრობლემების შესახებ. მეუფე სტეფანესთან მივედი, როგორც ჩვენს ეპისკოპოსთან, რადგან ასე ითვლება. რამდენად კანონიერია მეუფე სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიაში ყოფნა, ეს სხვა საკითხია. იმიტომ, რომ აქაც არის ძალიან დიდი პრობლემები, დიდი დარღვევები რჯულის მიხედვით. თუ ამ ხაზით წავალთ, ამაზე დაყრდნობით შეიძლება გამოიკვეთოს ის, რომ მეუფე სტეფანე არაკანონიკურად მართავს ჭყონდიდის ეპარქიას.

მაგრამ რადგანაც დროებითი მმართველია თუ რაღაც, მივედით იმავე კითხვებით. მეუფე სტეფანემ ჯერ რა პასუხები გაგვცა (არ მქონდა არანაირი სურვილი ეს პასუხები გარეთ გამომეტანა და ამაზე მესაუბრა), ან როგორი ლექსიკით.

ყველაზე სამწუხარო ის ფაქტია, რომ ეს ყველაფერი თვითონ ჩაიწერა, სვანეთიდან ჩამოყვანილი თავისი დედების დახმარებით. თვითონ შეხედა ამ ყველაფერს, უყურა და წარმოიდგინეთ, იმდენად არაქრისტიანულად შეხედა (ვერც წარმოუდგენია, რომ ასეთი ლექსიკა რამე პრობლემა შეიძლება იყოს ეკლესიაში), ეს ატვირთა ჭყონდიდის ეპარქიის გვერდზე.

როდესაც მე კითხვებს მისვამდნენ ჟურნალისტები, ჩემს თავს ვერ მივცემდი უფლებას, იგივე ლექსიკა გამომეყენებინა.

რატომ გადავწყვიტე მელაპარაკა

მას შემდეგ, რაც მეუფემ გაასაჯაროვა ჩვენი შეხვედრის ჩანაწერი, მე ვალდებული ვიყავი ჟურნალისტების კითხვებზე მეპასუხა. წესით, ამ მარხვაში მე უნდა ვლოცულობდე და სულის სიმშვიდეში ვიყო, მაგრამ იძულებული გამხადა მეუფე სტეფანემ, რომ მესაუბრა ამ თემაზე. ამეხსნა, რა ტკივილი მქონდა არამარტო მე, არამედ ჩემ უკან მდგარ ათასობით ადამიანს.

არც არაფერს ვამტკიცებ. არც არანაირი მტკიცებულება არ მაქვს. მე მინდა, რომ გაირკვეს სიმართლე. მე მინდა, რომ გამართლდეს ამ ბრალდების ქვეშ მყოფი პატრიარქი და დაისაჯოს ნებისმიერი ცილისმწამებელი. სწორედ ამ ადამიანების აზრი მივიტანე მეუფემდე. იმათი ტკივილები ვუთხარი, რომ ეს ტკივილები უნდა მოგვარდეს.

ეს ადამიანები [მრევლი] მეკითხებიან – დედაო, თუ პატრიარქი არის მართალი და ეს იცის მთელმა სინოდმა, რატომ არ ხდება გაფართოებული კრება, რატომ არ განიხილავენ ამ საკითხს? ხომ დამტკიცდება მერე, რომ პატრიარქი მართალია და უფრო მეტად განდიდდება მისი სახელი და გამოჩნდება, რომ მეუფე პეტრე ცრუობს და ხომ განიკვეთება ეკლესიიდან ცრუ მღვდელმთავარი?

ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს მეუფე პეტრე იქნება, მეუფე სტეფანე თუ ვინ. ვინც ცილისმწამებელია… არ შეიძლება ეკლესიაში იყოს ცილისმწამებელი ეპისკოპოსი.

აი, ამ კითხვებით ვიყავი მისული, მე არანაირი პრობლემა არ მქონდა.

ძალიან დიდ შეცდომაშია საზოგადოება შეყვანილი, რომ თითქოს მე პატრიარქს ლოცვებში არ ვიხსენიებდი. ეს არის შეცდომა. მეუფე სტეფანეს არასდროს უკითხავს ჩემთვის პირად ლოცვებში ვიხსენიებდი თუ არა პატრიარქს.

მონასტერში საჯანმრთელო პარაკლისს ვატარებდით დედები. დღეში ოთხ პარაკლისს ვკითხულობდით, რომ რაღაცნაირად საჯანმრთელო პარაკლისებით დავხმარებოდით ყველა განსაცდელში მყოფ ადამიანს. მონასტერში მყოფი დედებიც დამეთანხმებიან, რომ მე ვიხსენიებდი კათოლიკოს პატრიარქს.

არ ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქი ლოცვებში არ მომეხსენიებინა. პირიქით განსაცდელში მყოფ ადამიანს უნდა მოხსენიება. მერე მეუფე სტეფანემ თქვა, წირვებში არ იხსენიებდაო. მას დაავიწყდა, რომ მე მღვდელი არ ვარ. შესაბამისად, არც წირვას ვატარებ და როგორ უნდა მოვიხსენიო წირვაში პატრიარქი?

არასწორად აჟღერებს და ეუბნება საზოგადოებას, რომ თითქოს მე არ ვიხსენიებ პატრიარქს.

დაპირისპირება მეუფე სტეფანესთან

როდესაც მეუფე სტეფანე შეურაცხმყოფდა, მე არ დამიწყია თავის მართლება. ღმერთმა იცის, რომ მე მზად ვარ უფრო მეტიც ავიტანო. მაგრამ როდესაც მეუფე სტეფანე მთელ მონაზონთა დასს შეეხო ჩემი სახით, ჩვენი მონასტრისა და ეპარქიის დედების სახით, რომ თურმე მონაზვნები ეპისკოპოსებთან შვილებს აჩენენ, ეს არის უმძიმესი ტრაგედია ეკლესიის. თუ ასე ხდება სხვა ეპარქიებში და ჯვარი წერია, მე არ ვუშვებ, არ მჯერა, რომ ასე ხდება… მეუფე სტეფანემ ამ მხრივ იმხელა ცილისწამება თქვა, რომ თურმე მიტროპოლიტები შვილებს აკეთებენ მონაზვნებთან, ეს არის უდიდესი შეურაცხყოფა საქართველოს ეკლესიისთვის. თუ ვინმეს დღეს საქართველოს ეკლესიის დანგრევა უნდა, ეს არიან ის ადამიანები, ასეთ ბრალდებებს ვინც ავრცელებენ.

მე ვუთხარი მეუფე სტეფანეს – თუ თქვენ ამის მტკიცებულებას არ წარმოადგენთ, რომ მეუფე პეტრე მრუშობს მონაზვნებთან, მე ამას მტკიცებულების გარეშე ვერ ვირწმუნებ, რომ თქვენი ნათქვამი ჭეშმარიტებაა. რაზეც მეუფე სტეფანემ მიპასუხა – მე ეს ისე ვთქვი, ჭორის დონეზე და არც ვაპირებ ამის განხილვასო. წარმოგიდგენიათ, რამხელა ცილი დასწამა მთელი საქართველოს მონაზვნობას და ამაზე პასუხს არ აგებს ეპისკოპოსი.

მე ამას ასე ვერ დავტოვებ. მეუფე სტეფანემ თავისი ბრალდება, ამბავი თუ ჭორი უნდა დაამტკიცოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან ბოდიში უნდა მოუხადოს მთელ ეპარქიას. წინააღმდეგ შემთხვევაში ის გამოდის ცრუ, მატყუარა ეპისკოპოსი და ასეთ ეპისკოპოსს სული არ უნდა ანდო, პირდაპირ ამბობს წმინდა წერილი.

მხარდაჭერა

არ ვუყურებ ამ ამბავს ისე, რომ თითქოს ვიღაცამ დამჩაგრა. ან ისე, რომ ვიღაცამ შეურაცხყოფა მომაყენა. მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. აი, მეტის ღირსი ვარ. არ ვბრაზდები არავისზე.

არ იფიქროთ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რამე ბოღმა მქონდეს მეუფე სტეფანეზე – მეცოდება ის ადამიანი. ჩემი გადმოსახედიდან, საპატრიარქოს ის შეჰყავს შეცდომაში.

თუ ეს ადამიანი რაღაცას არასწორად ფიქრობს, არ ეუბნებიან მღვდელმთავრები და თავისი საძმო იმას, რომ ის არასწორად ფიქრობს. ან თუ საპატრიარქო და მღვდელმთავრები აწვდიან ასეთ ინფორმაციას, რომ მეუფე პეტრეზე ასე თქვას და რაღაცად შეგვრაცხოს ეკლესიის… ესეც არ არის სწორი.

გამოდის, რომ ვერ ეხმარებიან ამ ადამიანს. ვერ შველიან მის მდგომარეობას. როდესაც აღდგება საეკლესიო სასამართლო, როდესაც სჯულის კანონით დაიწყებენ ჩვენი ეპისკოპოსები ცხოვრებას, დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანს [მეუფე სტეფანეს] შეახოცავენ ხელს, ამ ადამიანს დააბრალებს საპატრიარქო ყველაფერს და გაწირავენ ბოლოს – თვითონ განკვეთენ ეკლესიიდან.

მეცოდება მეუფე სტეფანე. ამ ყველაფერს ვერ ხედავს და ვერ აფასებს თვითონ. ძალიან მეცოდება, რომ ვუყურებ და ვუთანაგრძნობ როგორც ადამიანი, როგორც რიგითი მოქალაქე.

საპატრიარქოსგანაა ნებადართული გადაწყვეტილებები 

თუ მეუფე სტეფანე ამ გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებს, მაშინ რატომ არ რეაგირებს საპატრიარქო?

რატომ არ იბარებს ზნეობრივი კომისია მეუფე სტეფანეს, რომ უცებ განიხილონ და გააჩერონ ეს საკითხი, რადგან უამრავი ადამიანი დგას ამ სასულიერო პირების უკან. რა გამოდის, ეკლესიას უპირისპირებენ [ამ ხალხს]?

რადგანაც საპატრიარქო განცხადებას არ აკეთებს, ესეც [მეუფე სტეფანე] ასე თავხედურად და ყოველგვარ ზღვარგადასულად იქცევა, ე.ი. გამოდის, რომ ის ასრულებს საპატრიარქოს დავალებას. შემდეგ უკვე საპატრიარქო ხელებს დაიბანს, როგორც პილატემ დაიბანა და განიკვეთება ბოლოს ეს მიტროპოლიტი. ძალიან მეცოდება. ღვთის წინაშე გეუბნებით, ძალიან მეცოდება. მინდა ამ ადამიანზე ღმერთმა დაუშვას მადლი და მოეგოს გონს, თვითონ თუ უნდა. თვითონ თუ არ მოინდომა, ღმერთი ვერ უშველის, ხო. თვითონ უნდა უნდოდეს, რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან.

რატომ არ წავალ ლასურიაში

მომცეს კურთხევა, რომ სინანულისთვის წავიდე ლასურიაში. სინანული… რა მაქვს შესანანიებელი? ამას ვერ ვხვდები, რა მაქვს შესანანიებელი?

კითხვებს რომ ვსვამ და რომ ვხედავ ეკლესიაში რა პრობლემებია, ეს უნდა შევინანიო? თუ საერთოდ რომ ვაზროვნებ, ეს უნდა შევინანიო. არანაირი კანონი არ დამირღვევია. არაფერი ისეთი არ დამიშავებია, რომ სინანულისთვის გამამწესონ ლასურიაში. არ წავალ, რადგან მე სინანულისთვის მიშვებენ ლასურიაში და მოსანანიებელი არაფერი არ მაქვს. აქედან გამომდინარე არ მივდივარ.

შეიძლება ამასაც მოჰყვეს, რომ აი, არ გვემორჩილება. არაფერს გამოვრიცხავ. მე ამაზეც მაქვს პასუხი – დავემორჩილები ჭეშმარიტ ეპისკოპოსს. მე ვემორჩილები სიმართლის ეპისკოპოსს. სიყვარულის მქადაგებელ ეპისკოპოსს. მე ვემორჩილები წმინდა სახარებას. კანონებს, ეკლესიის სამართალს.

სხვა, რაც ეკლესიის გარეთაა და უკანონოდ ხდება, გინდა ეპისკოპოსი იყოს და გინდა სხვა იერარქი, არ მაძლევს ჩემი მონაზვნური აღთქმა უფლებას, რომ დავემორჩილო.

ახლაც იმიტომ ვცდილობ ეს ყველაფერი გაშუქდეს, მინდა ადამიანებმა დაინახონ – არ შეიძლება ყველა მღვდელს სული მიანდო, ყველა ეპისკოპოსს სული მიანდო. გამოჩნდა, რომ რაღაც პრობლემები ჰქონიათ ეპისკოპოსებსაც, ხომ ხედავთ არა.

ჩვენთან მიმართებაში ამან ფარდა ახადა ამ უსამართლობას, უსიყვარულობას და უმოწყალობას.

მე მეცოდება ყველა, ვინც ასეთ ადამიანებს ენდობა. ჩემი აზრით, ასეთი ეპისკოპოსები ვერ მიიყვანენ ქრისტემდე ადამიანს. იმიტომაც მინდა უშველონ და დაეხმარონ ასეთ ეპისკოპოსებს, რომ მათზე მიბარებული სამწყსო მიიყვანონ ქრისტემდე.

რატომ არ შეეძლო მეუფე სტეფანეს ჩემი გადაყენება

2019 წელს, როდესაც გამოსცეს ბრძანება, რომ მეუფე პეტრეს უნდა დაეტოვებინა ჭყონდიდის ეპარქია, მარტვილის დედათა მონასტრის იღუმენიამ, თამარ გამყრელიძემ, იქვე გააკეთა განცხადება, რომ ისიც ტოვებდა მონასტერს და ისიც მიდიოდა იმ მძიმე გზით, რომელსაც მეუფე პეტრე დაადგა.

შეგვკრიბა დედაომ მონასტრის ყველა წევრი და გვითხრა – „მონასტერს სჭირდება ახალი წინამძღვარი. ამიტომ დედებო თქვენ კანონიკურად გაქვთ უფლება აირჩიოთ თქვენი წინამძღვარი“. ჩემზე უპირატესი მონაზონიც იყო მონასტერში, იქიდან დაიწყო. მან უთხრა, რომ ვერ შეძლებდა წინამძღვრობას და მე დამასახელა. ხმათა უმრავლესობით დედებმა გადაწყვიტეს, რომ მონასტრის წინამძღვარი გავმხდარიყავი მე, დედა სოსანა.

სწორედ ამის გამო, რადგანაც მონასტრის არჩეული წინამძღვარი ვიყავი, არც ერთ ეპისკოპოსს (რამდენი ეპისკოპოსიც არ უნდა გამოეცვალა ჭყონდიდის ეპარქიას), არ ჰქონდა უფლება ერთპიროვნულად გადავეყენებინე მონასტრის წინამძღვრობიდან.

მაგან [მეუფე სტეფანემ] მარტო მე კი არა, მთელი მონასტრების მონაზვნებსა და მორჩილებს მიაყენა დიდი შეურაცხყოფა. რომ აი, თქვენ ვინ ხართ. თქვენს აზრს მე არ ვითვალისწინებ. რასაც უკრძალავს მეუფე სტეფანეს კანონი, რადგან კრებსითულად უნდა გადაწყდეს ეს საკითხი.

სად წავალ

მე ყველაფრისთვის მზად ვარ. არაფერი არ მაშინებს. სიკვდილითაც რომ მომკლან, დარწმუნებული ვარ, ღმერთი ჩამიხუტებს და ამიტომ არ მეშინია. ღია ცის ქვეშაც რომ დავრჩე, ქუჩაშიც რომ მომიწიოს ღამის გათევა, ყველა განსაცდელისთვის მზად ვარ.

ამ წუთას ვარ ნაჯახაოს დედათა მონასტერში, მარტვილის ეპარქიაში. თუ დამტოვებენ ამ მონასტერში, გავაგრძელებ მოღვაწეობას. თუ ამ მონასტერშიც არ დამტოვებენ, მაშინ იძულებული ვიქნები, სადმე წავიდე ოჯახში, ვნახო ისეთი გარემო, სადაც მე შევძლებ მშვიდად შევძლო უფლის დიდება და მის მორჩილებაში ყოფნა.

ჩემი ნათესავები მეხვეწებიან, რომ მათთან წავიდე. დედაჩემი ავადაა. კადრები რომ გავიდა ტელევიზიით, როგორ ვიყავი ღამე წვიმაში, საერთოდ მოკლეს იმ დღეს.

მთელი ოჯახი მეუბნება შეგიქმნით პირობებსო. ამაზე ჯერ არ მიფიქრია, სად შეიძლება, რომ წავიდე.

ჯერ მინდა, რომ ვიყო ამ მონასტერში, სადაც ვარ. იქნება, რაც დრო გავა, უფრო მეტად მიხვდნენ თავის შეცდომებს, როგორ არაქრისტიანულად იქცევიან. იქნებ გაჩერდნენ, შეაკავონ ეს ყველაფერი და შეიცვალოს მდგომარეობა. ამის იმედი მაქვს.

 [red_box]რა ხდება მარტვილის ეპარქიაში[/red_box]

მონაზონი სოსანა (ბოლქვაძე) მარტვილის წმინდა ნინოს დედათა მონასტრის ყოფილი წინამძღვარია. მონასტერი ჭყონდიდის ეპარქიაში მდებარეობს. ჭყონდიდის ეპარქიას წმინდა სინოდის განჩინებით, 2021 წლის 11 თებერვლიდან მიტროპოლიტი სტეფანე (კალაიჯიშვილი) ხელმძღვანელობს. ის ამავდროულად არის ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსიც.

28 მარტს გამოცემული ბრძანებით, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა „საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობისა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო“ ზიარება აუკრძალა 10 სასულიერო პირს. ამ პირებს შორის იყო მონასტრის წინამძღვარი მონაზონი სოსანა და მორჩილი ნინო.

29 მარტს მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიის მონაზვნებთან და დედათა მონასტრების წინამძღვრებთან შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრას მონაზონი სოსანა უკანასკნელად დაესწრო, როგორც წინამძღვარი.

შეხვედრის პირველი ერთი საათი მშვიდად მიმდინარეობდა. მეუფე სტეფანემ ეპარქიის მონაზვნები გაიცნო და საკუთარი თავიც გააცნო. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც შეხვედრაზე დედა სოსანამ კითხვები დასვა.

მონაზვნის კითხვები ეხებოდა ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის მეუფე პეტრეს (ცაავა) ბრალდებებს, რომელიც მან პატრიარქს წაუყენა.

[2019 წლის 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მეუფე პეტრეს მღვდელთმთავრობა ჩამოართვეს. სინოდის სხდომიდან გამოსულმა პეტრე ცაავამ თქვა, რომ პატრიარქმა, მღვდელთმთავრობიდან ეკლესიაში “მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო განაყენა”].

შეხვედრაზე მეუფე სტეფანემ მეუფე პეტრე არა ბრალმდებელად, არამედ ცილისმწამებელად მოიხსენია.

„მაშინ მოიწვიონ მეუფეო სინოდი, განიხილეთ იქ ეს საკითხი სჯულის კანონის მიხედვით და დასაჯეთ, განკვეთეთ…“ – უპასუხა მას მონაზონმა სოსანამ.

შეხვედრა ჯამში ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა და მისი უდიდესი ნაწილი ეპისკოპოს სტეფანესა და მონაზონ სოსანას კითხვა-პასუხს მოიცავდა.

ეპისკოპოსმა სტეფანემ მონაზონ სოსანას შეხვედრაზევე უთხრა, რომ თუ ის ლოცვებში პატრიარქს არ მოიხსენიებდა, ეს იქნებოდა ამბოხი და მას ამის გამო მონასტრის წინამძღვრის თანამდებობას დაატოვებინებდა. მონაზონმა სოსანამ შეხვედრა დამთავრებამდე დატოვა. გასვლამდე მას მეუფე სტეფანემ უთხრა, რომ შეეძლო „კრებაც დაეტოვებინა, წინამძღვრობაც და ის მანქანაც, რომელსაც მართავდა“.

მართლაც, შეხვედრის დასრულებისთანავე ეპისკოპოსმა სტეფანემ ჭყონდიდის ეპარქიაში თავისი მეოთხე ბრძანება გამოსცა. ამ ბრძანებით მონაზონ სოსანას მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრობა ჩამოართვა.

მარტვილის დედათა მონასტერში ამის შემდეგ ქონების გადაბარების პროცესი დაიწყო. 1-ელ აპრილს მონაზონი სოსანა მორჩილ ნინოსთან ერთად თბილისში წავიდა. უკან, მონასტერში დაბრუნებულებს კი, ახალმა წინამძღვარმა კარი აღარ გაუღო. ორივე მათგანი კომენდანტის საათის დროს წვიმაში, ღია ცის ქვეშ დარჩა.

მონაზონ სოსანასა და მორჩილი ნინოს გარდა ჭყონდიდის ეპარქიაში ათობით ადამიანი და სასულიერო პირია მეუფე სტეფანეს მიერ დასჯილი.

4 აპრილს მეუფე სტეფანემ სამღვდელო ხარისხიდან განკვეთა არქიმანდრიტი ათინოგენი (მდივანი). საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ მოწყობლ ამბოხში მონაწილეოიბისათვის და სასულიერო პირთათვის შეუფერებელი საქციელის მოტივით ასევე 4 აპრილს მღვდელმსახურება აუკრძალა იღუმენ დანიელს (გვილავა), მღვდელ მირიან მესხაძეს, მღვდელ-მონაზონ ლუკას (იბრაგიმოვი) და დიაკონ ანანია კალანდიას.

4 აპრილის ბრძანებას წინ უსწრებდა 28 მარტის ბრძანება, რომლითაც ჭყონდიდის ეპარქიის ათ სასულიერო პირს მიტროპოლიტმა სტეფანემ ზიარება აუკრძალა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: