ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

05.08.2020 •
ხულო-ზარზმის გზის ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც ქობულეთში ავტობანი ააშენა

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის 42 კმ-იან მონაკვეთის სარეკონსტრუქციო სამუშაოს შესრულების მიზნით ჩატარებულ საერთაშორისო ტენდერში კომპანია „სინოჰიდრომ“ გაიმარჯვა და ამ ეტაპზე ხელშეკრულების გაფორმების პროცედურები მიმდინარეობს.

ჩინურმა კომპანია – „სინოჰიდრომ“ აჭარაში ქობულეთის შემოვლითი გზაც ააშენა.

ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთი დაყოფილია 2 ნაწილად (ლოტად) და დეპარტამენტის ინფორმაციით, არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი აფინანსებს 95 მილიონი ლარით.

„სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება ხულო-ზარზმის გზის დარჩენილი 5 კმ-იანი მონაკვეთი, სადაც სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს“, – აცხადებს გზების დეპარტამენტი.

ხულოში, ბათუმი-ახალციხის ავტომაგისტრალის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და შპს „მამისონს“ შორის 2020 წლის 9 ივნისს, გაფორმდა. სახელშეკრულებო თანხა 14 581 880 ლარია. ტენდერი გზების დეპარტამენტს 18 227 349 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

დეპარტამენტის მონაცემებით, ბათუმი (ანგისა) – ახალციხის საავტომობილო გზის პროექტი მთლიანობაში სამ მონაკვეთადაა დაყოფილი და ჯამში რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია 47- კილომეტრიან გზას და 7 ხიდს ჩაუტარდება. დაიგება 2-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.

„ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციაზე საერთაშორისო ტენდერი განმეორებით გამოცხადდა მას შემდეგ, რაც კონტრაქტორ კომპანია „ტოდინთან“ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ხელშეკრულება შეწყდა, ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო  გარანტიების ამოქმედების შედეგად კი სახელმწიფომ დაახლოებით 10 მილიონი ლარი  მიიღო… განახლებული გზით, ბათუმიდან ახალციხემდე მგზავრობის დრო 1.5 სთ-ით შემცირდება. სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხულოდან იწყება, გაივლის გოდერძის უღელტეხილს და ადიგენის სოფელ ზარზმამდე მივა“, – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამ თემაზე:

რა ზიანის ანაზღაურებას ითხოვს მთავრობა კომპანია „ტოდინისგან“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: